ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა
MUSEE DES BEAUX ARTS (1)
რა კარგად იცნობდნენ ტანჯვას
ისინი, ძველი ოსტატები; როგორ ესმოდათ
მათი, ვინც უკვე იტანჯება, როცა ირგვლივ უმეტესობა
მშვიდად სადილობს ან სეირნობს, ან ფანჯრიდან იხედება და ასე ხარჯავს
დროს. ხოლო როცა მოხუცები დგანან, ელიან
ბრწყინვალე შობას, მათ ესმოდათ, რომ იქვე უნდა
ჩანდეს ტყისპირი და ბავშვები, რომლებიც გუნდად
მოყინულ ტბორზე სრიალებენ.
ახსოვდათ მუდამ,
რომ ტანჯვა მთელი სისასტიკით იქ აღწევს ზენიტს,
სადაც ვერავის ააღელვებს: ძაღლები კვლავაც
ძაღლურ ცხოვრებას განაგრძობენ, ჯალათის ცხენი
ხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას.
ავიღოთ თუნდაც ბრეიგელის “იკაროსი”. ვერ ამჩნევს ვითომ
უბედურებას ვერაფერი; ვერც ის მხვნელი, რომელსაც თვითონ
ნათლად ჩაესმა კივილის ხმა სადღაც უკნიდან
და მაინც, ვითომც არაფერი, არც გაუკვირდა.
მზეც კვლავ აბრწყინებს მწვანე ტალღას, რომელმაც შთანთქა
თეთრი წვივები. ხალხი მოჩანს გემბანზე, მათგან
როგორ იქნება, რომ ვერავის მოეკრა თვალი
ციდან მომწყდარი ბიჭისათვის? მაინც გულგრილად
მიცურავს გემი, ლივლივებს წყალი.
აქილევსის ფარი (2)
ის ტვიფრავს, ქალი ელის
ზეთისხილებს და ყურძენს,
და მარმარილოს ქალაქს,
წყალში ჩაშვებულ ღუზებს,
მაგრამ ელვარე ფარზე
ტვიფრავს ოსტატის ხელი
ტყვიისფერ ცას და ხედებს
უკაცრიელი ველის.
მოტიტვლებული ადგილია, უმზეო, რუხი,
არსად ბალახი ან სიცოცხლის რამე ნიშანი
და არსად კუნძი, რომ ჩამოჯდე, მოხარო მუხლი,
მაგრამ უეცრად, როგორც მტვერი, წამოიშალნენ
ლეგიონები, და ჩამწკრივდნენ; თითქოს სიშავე
აკლდა მიდამოს – მილიონი აბჯარი იშვა
და მილიონი უტყვი სახე ელოდა ნიშანს.
იყო ხმა, სახე არსად ჩანდა, ხმა იყო ციდან,
ის აცხადებდა, რომ მიზანი მუდამ ამართლებს
და ასე შემდეგ; და ბრძანებებს კბილებში სცრიდა,
არც მოდასტურე სჭირდებოდა, არც მოკამათე.
ჯარი დაიძრა, სულერთია, რასაც დამართებს
მას ეს ბრძანება, მთავარია, მორჩილად მიყვეს;
წამოშლილ მტვერში ადვილია, ბრმად ენდო სიტყვებს.
ის ტვიფრავს, ქალი ელის
მსხვერპლად შესაწირ ნახირს,
თეთრი ვარდებით მორთულს,
როგორ მიდენის ხალხი,
მაგრამ ელვარე ფარზე
ის საკუთრხევლის ნაცვლად
სულ სხვა სურათებს ხედავს,
ხედავს ცეცხლსა და ნაცარს.
მავთულხლართებით მოერაგათ მიდამო, იქ კი
დაღლილ მსაჯულებს მორეოდათ უკვე მთქნარება,
ცხელი დღე იყო და გუშაგებს სდიოდათ ხვითქი,
აქეთ ბრბო იდგა, შეყრილიყო აუარება
მოცლილი ხალხი, დანატრული დროის ტარებას;
ბოლოს ის სამიც გაუყენეს მტვრიან აღმართებს,
მერე კი ჯვრები მათიანად ცისკენ აღმართეს.
ძილიც, დიდებაც, რაც სამყაროს ამკობს და შვენის,
რაც ძვირფასია და არასდროს ეცვლება ფასი,
სხვის ხელში იყო მოქცეული, იმ სამს კი შველის
ვერ ექნებოდა იმედი და, მითუფრო, შანსი.
ბრბო ითრობოდა მათი ტანჯვით, არ ქონდა აზრი
შიშის დაფარვას, სიამაყეს, აღარც მორცხვობას,
და ისე მოკვდნენ, მათი ხორცი ჯერაც ცოცხლობდა.
ის ტვიფრავს, ქალი ელის
ან ათლეტების შეჯიბრს,
ან მოცეკვავე წყვილებს,
წრეში ცეცხლივით შეჭრილთ,
ელის ვნებიან როკვას,
მაგრამ ელვარე ფარზე
ტვიფრავს ოსტატის ხელი
ხაზებს, ეკლოვან ხაზებს.
ეს აგზნებული მოზარდია, ქვას იღებს, ესვრის
გაფრენილ ჩიტს და გზას განაგრძობს. სულ მალე მორიგ
მსხვერპლსაც დალანდავს. ის დიდია, მას უკვე ესმის,
რომ ქალზე უნდა იძალადო, იცის, რომ ორი
ადვილად მოკლავს ერთს – მესამეს. არ სჯერა ჭორის,
თითქოს ამქვეყნად ვიღაც მართლა იცავს პირობებს
ან თითქოს ვინმე შეიძლება სხვისთვის ტიროდეს.
და მესაჭურჭლე ღმერთი,
ჰეფესტო, დგება განზე,
ქალი კი კივის, მისი
შვილისთვის ნაჭედ ფარზე
ამოუტვიფრავს ღმერთკაცს
გმირი, რომელიც კვდება,
ქალი უმზერს და ტირის,
აქილევსია, ხვდება.
ეპიტაფია ტირანს
სრულყოფილება იყო მისი საბოლოო მიზანი; იყვნენ
მისი ლექსები იმდენადვე გასაგებნი, როგორც მდორენი.
კარგად იცნობდა ყოველგვარი ყაიდის ბრიყვებს
და თავის ხელში მოექცია სადავენი ფლოტის, მხედრობის.
თუ იცინოდა, მასთან ერთად იცინოდნენ გამაძღალი სენატორები.
თუკი ტიროდა, ივსებოდნენ ქალაქები ჩვილთა ცხედრებით.
უილიამ ბათლერ იეიტსის მოსაგონარი
მოკვდა იანვარში, 1939
I
ის მკვდარ ზამთარში გაუჩინარდა.
მოყინული არხები და სანახევროდ ცარიელი აეროპორტი,
თოვაში ფორმადაკარგული ქანდაკებები,
ვერცხლისწყალი, მომაკვდავი დღის ხახაში დაგუბებული.
ყველა დანადგარი, თუკი რამ არსებობს, ერთხმად ამტკიცებდა,
რომ დღე, როცა ის მიიცვალა, იყო ბნელი, და იყო ცივი.
შორს მისი სამკვდრო სარეცლიდან
მარადმწვანე ტყის სიღრმეში მირბოდნენ მგლები,
სოფლის მდინარე დაებნია ახალმოდურ ხიდსა და ჯებირს,
მტირალი ხმები
პოეტის სიკვდილს უმალავდნენ მისივე ლექსებს.
მისთვის კი იდგა თავისთავის ბოლო შუადღე,
სანიტრებისა და ფუსფუსის შუადღე;
შეთქმულება მზადდებოდა მისი ტანის განაპირა პროვინციებში,
მისი გონების მოედნები დაცარიელდნენ,
საეჭვოდ სდუმდნენ არტერიები,
გრძნობის რუები დამშრალიყვნენ; ის გარდაისახა თავის მკითხველებში.
ის განიფინა ათასობით ქალაქთა თავზე,
მიცემული უცხო შეგრძნებებს,
ბედნიერების მაძებარი უცხო სივრცეში,
უცხო სინდისის კანონებით რათა ეზღო ძველი ცოდვები.
ხოლო სიტყვები, მკვდრის სიტყვები,
თავს აფარებდნენ ცოცხლების გულებს.
და რომელიღაც მნიშვნელოვნად მოზუზუნე ხვალინდელ დღეში,
სადაც ჭიანჭველებივით ირევიან ბროკერები ბირჟის ჰოლებში,
ღარიბები კი, თუკი რამით სულდგმულობენ, ისევ ტანჯვებით,
და, თავისთავის გალიაში მომწყვდეული, ყველა ტკბება საკუთარი თავისუფლებით,
მოიძებნება რამდენიმე ათასი გული,
რომელიც იმ დღეს არ დაივიწყებს,
ვერ ივიწყებენ როგორც დღეებს, როცა რაღაც უჩვეულო აქვთ ჩადენილი
ყველა დანადგარი, თუკი რამ არსებობს, ერთხმად ამტკიცებდა,
რომ დღე, როცა ის მიიცვალა, იყო ბნელი, და იყო ცივი.
II
სულელი იყავი, ჩვენსავით სულელი, მაგრამ შენმა ნიჭმა გაუძლო
ფიზიკურ ხრწნას და ფულიანი ქალების ოხვრას,
შენც გაგიძლო და გადაგლახა. შენ შეშლილმა ირლანდიამ გატკინა ლექსი,
რომელიც ახლაც შეშლილია, თვითონაც და მისი ამინდიც,
პოეზიით არაფერი არ იცვლება, ის მხოლოდ ცოცხლობს
თქმადი სიტყვების ტრამალებში, ჭკვიანი ხალხი
მასთან საქმეს არ დაიჭერს; სამხრეთისკენ მიცოცავს იგი
განმარტოების სევდიანი ქოხებიდან, საქმიანი ტკივილებიდან,
იპყრობს ქალაქებს, სადაც გვწამს და სადაც ვკვდებით; ჩვენც გადაგვლახავს,
თვითონ იქნება ამბავიც და ამ ამბის მთქმელიც.
III
ძვირფასი სტუმარი მიიღე, მიწავ,
უილიამ იეიტსი, დაღლილი, მიწვა
განსასვენებლად. ლექსისგან დაცლილი
მიწვა ირლანდიის ჭურჭელი; აძინე.
ჟამი კი, რომელსაც ყოველთვის სძულდა
ძალა და სიმტკიცე უმანკო სულთა,
რომელიც მშვიდად და გულგრილად გახრწნის
უზადო სხეულის თითეულ ნაწილს,
ეთაყვანება ერთადერთს – ენას,
როგორღაც ძალუძს იმათი თმენაც,
რომლებიც ენას ღამეს უთევენ,
მათ ნებისმიერ ცოდვას უტევებს
და კი არ დასჯის, გაუწვდის გვირგვინს.
ჟამი შეუნდობს რედიარდ კიპლინგს.
მხოლოდ იმიტომ შეუნდობს კლოდელს,
რომ იგი სხვებზე სარწმუნოდ გოდებს.
ახლა ევროპის წყვდიად ღამეში
ისმის ერთურთის ხორცზე დაგეშილ
ძაღლების ყეფა. ყოველი ერი
სიძულვილს თესს და იგივეს ელის.
ყოველი სახე – სირცხვილის დამღით,
რამდენიც ტვინი, იმდენი ნაღმი,
გამშრალი ცრემლის იმდენი კვალი,
ან გაყინულის, რამდენიც თვალი.
შენ კი, პოეტო, უმღერე დიადს,
თუნდაც ფსკერამდე ჩასდიო წყვდიადს,
მაინც უმღერე! შენი თავხედი
ხმით გვანუგეშე: კმარა, გამხნევდით.
ისე უმღერე ტკივილებს ჩვენსას,
რომ შეგვიცოდოს კაცმაც და ლექსმაც,
ჩვენი პატარა ტანჯვა გაზარდე
და აამაღლე მწიფე ვაზამდე.
დაე, ამოსკდეს ხრიოკ გულებში
მკურნალი წყალი, როგორც ნუგეში,
და დროის ვიწრო დილეგში ნაგვემთ
გვასწავლე ქება, გჯეროდეს, ვაქებთ.
———————————————————————-
1. – ნატიფი ხელოვნების მუზეუმი (ფრანგ.).
2. – “აქილევსის ფარი” 1952 წელს დაიწერა და ოდენის ერთ-ერთ საპროგრამო ლექსს წარმოადგენს.
ლექსი ეყრდნობა მითოლოგიურ სიუჟეტს: ჰექტორის მიერ მოკლულმა პატროკლემ ბრძოლაში დაკარგა აქილევსის ფარი, რის შემდეგ აქილევსის დედა, თეტიდა, მესაჭურჭლე ღმერთ ჰეფესტოს სთხოვს, მისი შვილისათვის ახალი ფარი გამოჭედოს. ჰეფესტომ თხოვნა შეასრულა, მაგრამ, თეტიდას მოლოდინის საპირისპიროდ, მან ფარზე ამოტვიფრა არა ტრადიციული იდეალისტური სცენები, არამედ რეალური და სასტიკი სურათები, რომლებიც თეტიდამ თავისი შვილის მომავალი უბედურების ნიშნად აღიქვა.
ოდენი ორიგინალურად იყენებს ამ სიუჟეტს. ლექსში ერთმანეთს ენაცვლება ორი სიბრტყე, პირველი – ჰეფესტო თეტიდას თანდასწრებით ტვიფრავს აქილევსის ფარს, და მეორე – ფარზე ამოტვიფრული სურათების აღწერა. ეს ორი ერთმანეთის მონაცვლე სიბრტყე სხვადასხვა სალექსო საზომითაც არის გამიჯნული.
ლექსში აქილევსის ფარი ერთგვარი ეკრანია, რომელშიც კალეიდოსკოპურად ჩნდებიან განსხვავებული სურათები, შეიძლება ითქვას, ფარი-ეკრანი თანმიმდევრულად (ქრონოლოგიურად) მოგვიძღვის თანამედროვე რეალიებისაგან.
პირველი სურათია უდაბურ ველზე მტვერივით წამოშლილი ლეგიონი, რომელიც დაუფიქრებლად ემოჩილება უჩინარი მხედართმთავრის ბრძანებას; ეს არის მარადიული ლეგიონი, მარადიული ბრბო, იგივე ფაშისტური არმია, რადგან ეს უკანასკნელი თემა – ფაშიზმის კრიტიკა – ორი ათეული წლის მანძილზე ერთ-ერთი წამყვანი იყო ოდენის შემოქმედებაში.
მეორე სურათზე ჯვარცმის სცენაა გამოსახული, თუმცა არ კონკრეტდება ქრისტე, საუბარია მხოლოდ სამ მსჯავრდებულზე, და ამ სურათშიც მთავარი დატვირთვა ენიჭება ბრბოს, სასეიროდ შეკრებილ ხალხს; ესეც ლეგიონია, უიარაღო და უაბჯრო ლეგიონი (ლეგიონია მისი სახელი).
“ბრბო ითრობოდა მათი ტანჯვით”, – წერს პოეტი და შეგნებულად არ ყოფს სამ მსჯავრდებულს ორ ავაზაკად და ერთ მაცხოვრად, რადგან ამას ბრბოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის სულერთია, ვისი ტანჯვით შეიქცევს თავს – მაცხოვრის თუ ავაზაკების. აქ კიდევ ერთი დეტალია ნიშანდობლივი: სასჯელის აღსრულების ადგილი მავთულხლართებით არის შემორაგული, შესაბამისად, ხდება ამ სცენის განზოგადება დროში: მარადიულია არამარტო ბრბო, არამედ ჯვარზე ცმის პროცესიც, რომელიც ერთხელ კი არ მოხდა, არამედ მუდმივად ხდება.
მესამე და ბოლო სურათში მხოლოდ ერთი ფიგურა ჩანს, აგზნებული მოზარდი, რომელიც ჩიტს ქვას ესვრის და გზას განაგრძობს მორიგი მსხვერპლისაკენ; ბრბოსთან და ლეგიონთან შედარებით, მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს – ის მარტოა, შესაბამისად, აზროვნებს კიდეც: “არ სჯერა ჭორის, თითქოს ამქვეყნად ვიღაც მართლა იცავს პირობებს ან თითქოს ვინმე შეიძლება სხვისთვის ტიროდეს”. სავარაუდოდ, ეს მოზარდი მომავალი ტირანია, ის უჩინარი მბრძანებელია, რომელიც დასძრავს მორჩილ ლეგიონებს.
ახლა კი, რაც შეეხება თეტიდასა და ჰეფესტოს სცენას, ლექსის მეორე სიბრტყეს, თუ შეიძლება ასე ითქვას – უკანა პლანს. დედა ელის, რომ შვილის ფარზე ღმერთკაცი ამოტვიფრავს მშვენიერ და ამაღლებულ სურათებს, მაგრამ ოსტატის ხელი სასტიკი სცენების ხატვით გართულა. ეს სამი კონკრეტული მითოლოგიური პერსონაჟი, მარადიული ბრბო-ლეგიონისა არ იყოს, განზოგადებულ ფიგურებს წარმოადგენენ: მარადიული დედა ლამაზი სურვილებით, მარადიული ბედისმწერალი, რომელიც ამ სურვილებს არად დაგიდევს, და აქილევსი – მარად განწირული შვილი.
© “არილი”