თარგმანი,  ინტერვიუ

ფილიპ როთი: “უკვე რამდენიმე წელიწადია, მართლა არაფერი დამიწერია.”

philip roth 3455

ფილიპ როთი  80

ფილიპ როთის 80 წლისთავს მთელს ამერიკაში აღნიშნავენ, მაგრამ ყველაზე გულის ამაჩუყებელი ალბათ ის დღე იქნებოდა, როცა მწერალს ზეიმი მშობლიური ნიუარკის მაცხოვრებლებმა მოუწყვეს და მარშით მოსიარულე  კამერული ორკესტრი და წიგნების გროვად გამომცხვარი უზრმაზარი ტორტი დაახვედრეს. როთი, კარგა ხანია, ხან კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ხანაც ნიუ-იორკში, ზედა უესტ საიდზე, მაგრამ მაინცდამაინც ნიუარკია ის ადგილი, რომლისკენაც ცოცხალთა შორის ამერიკის ყველაზე დიდ პროზაკოსად აღიარებული მწერლის ფანებისა და ,,მომლოცველების” ნაკადი არასდროს წყდება. ეს ის ქალაქია, რომელიც როთმა დიდი ხნის წინ დატოვა, და რომელშიც დაუსრულებლად ბრუნდებოდა საკუთარ რომანებში. აქ დაიბადა თავად როთიცა და მისი სახელგანთქმული პერსონაჟიც, ფსიქოთერპავტებთან მოსიარულე კინო თუ ლიტერატურულ გმირთაგან უდავოდ უდიდესი ალექს პორტნოი (,,პორტნოის სინდრომი”), ებრაულ ტრადიციას, დემოკრატიის იდეალებსა და ძირითად ინსტინქტს შორის ,,გაჭედილი’” ებრაელი ლიბერალი. იუბილარი ფილიპ როთი დღეს ჩვენი ნომრის გმირია, ,,პორტნოის სინდრომი” კი ამიერიდან ქართველი მკითხველის კუთვნილებაც გახდა –  ერთი კვირის წინ, აპრილში, ქეთი ქანთარიას მიერ თარგმნილი რომანი გამომცემლობა ,,დიოგენემ” გამოსცა.

ფილიპ როთი ის ერთადერთი მწერალია, რომელსაც ამერიკის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ განსაკუთრებული პატივი არგუნა, და 1959 წელს დაწერილი ,,მშვიდობით, კოლამბუსიდან” 2010 წელს გამოცემულ ,,ნემეზიდამდე” უკლებლივ ყველა რომანი გამოუცა. გასულ წელს მწერალმა განაცხადა, რომ ლიტერატურასთან სამოცდახუთწლიან ,,ჭიდილზე” უარს ამბობს და ამიერიდან აღარაფრის დაწერას აღარ აპირებს. ჯერჯერობით მწერალი სიტყვას არ გადასულა.

დიდი ამერიკელი მწერლის იუბილეს აღსანიშნავად დღევანდელ ნომერში გთავაზობთ NPR-ის (National Public Radio) მიერ 2013 წლის მარტში ჩაწერილ ინტერვიუს, რომელშიც ფილიპ როთს სკოტ საიმონი ესაუბრება. ასევე გთავაზობთ დევიდ რემნიკის მიერ 2000 წელს დაწერილ ვრცელ ესეს.

 

საიმონი: დაბადების დღეს გილოცავთ, მისტერ როთ. როგორ იგრძენით თავი, როცა ნახეთ, როგორ იზეიმა ეს დღე მთელმა ნიუარკმა, და ვთქვათ სიმართლე, არამარტო ნიუარკმა?

როთი: არაჩვეულებრივი იყო. დარბაზი ერთიანად გაივსო, მოსულთა შორის ბევრი იყო ისეთი, ვისთან ერთადაც სკოლაში ვსწავლობდი. იყვნენ გოგონები, რომლებსაც მაშინ ვხვდებოდი ხოლმე. გადასარევი იყო, დიახ.

– წავიკითხე, თითქოს მანჰეტენზე, თქვენს ბინაში, წარწერა გაგიკრავთ, სადაც წერია, რომ მწერლობასთან ჭიდილი დაამთავრეთ.

– დიახ, დიახ, დიახ.

კი ბატონო, მაგრამ ეს სიმართლეა?

– დიახ, დიახ, დიახ. მანამდე არ ვიცოდი, რომ თურმე წერა შემიწყვეტია, ეს აზრი თავისით მომიმწიფდა. კაცმა რომ თქვას, უკვე სამი წელია, რაც ,,ნემეზიდა” დავასრულე. არც ის ვიცოდი, რომ ,,ნემეზიდა” ჩემი უკანასკნელი რომანი იქნებოდა, თვეების განმავლობაში ვცდილობდი რაღაც ახლის დაწყებას და არაფერი გამომდიოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ვალდებული არ ვიყავი, რამე დამეწერა. 1955 წლის შემდეგ ვწერ. მაშინ 22 თუ 23 წლის ვიყავი. თანდათანობით ამ საქმეს თავი ვანებე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ძალიან სასიამოვნო ყოფილა. უკვე რამდენიმე წელიწადია, მართლაც არაფერი დამიწერია.

         – ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცხოვრებას აღარ აკვირდებით, რომ  ისეთს ვერაფერს ხედავთ, რაზეც წერა ღირს? ალბათ, რომ წერდეთ, რაღაცას უნდა მოეჭიდოთ ცხოვრებაში, ამბავი იქნება ეს, პერსონაჟი თუ სახეები?

– დიახ, სწორედ ამას ნიშნავს. უფრო ხშირად ასე ხდებოდა. ვიღაც ამბავს მიამბობდა თუ არა, ადრე მაშინვე მასზე ვიწყებდი ფიქრს, ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, თუ საინტერესო ამბავი იყო, მაშინვე ვუღრმავდებოდი, რა იყო მასში ყურადღების ღირსი. შინ მივიდოდი, ჩავიწერდი და შევინახავდი, შევეთამაშებოდი, გონებაში მის ტრიალს დავიწყებდი. ეს მართლა დაუსრულებლივი გონებრივი მუშაობის პროცესი იყო. ახლა კი მთხრობელს უბრალოდ ვუსმენ და ეს შესანიშნავია. მერე შინ მივდივარ და ვიძინებ.

გაქვთ იმის შეგრძნება, რომ რაღაც ტვირთი მხრებიდან მოიშორეთ? თუ...

– ძალიან ჰგავს ამას, ძალიან. იცით, ზოგიერთი საქმიანობა ძალიან მძიმე სამუშაოს გულისხმობს. წერა ერთ-ერთი მათ შორის. მე ისეთ მწერალს არ ვიცნობ, ვისაც ეს საქმე თამაშ-თამაშით გამოსდის. შესაძლოა, მხოლოდ ჯონ აპდაიკი – აპდაიკს ამბავი ერთიანად, მთლიანად მოსდიოდა თავში, პირადი გამოცდილებიდან უტივტივდებოდა, მაგრამ ჩვენ, დანარჩენები, ასეთი იღბლიანები ვერ ვართ და დიახ, მე წერა მძიმე სამუშაოს ფასად მიჯდებოდა.

როგორი გავლენა მოახიდნა თქვენზე  იმ წარმატებამ და ყურადღებამ, რომელიც 1969 წელს ,,პორტნოის სინდრომის გამოსვლამ მოიტანა?

– ამ რომანმა მკვეთრად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ძალიან საფუძვლიანად. მგონი ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ფული. საკმაო სახელიც მომიტანა და თან სახელი გამიფუჭა. ვერ გეტყვით, ქუჩაში ყველა გამვლელ-გამომვლელი მაჩერებდა-მეთქი, მაგრამ თვეების განმავლობაში რომანი ბესტსელერების სიის თავში იყო მოქცეული, ცნობილი ხომ იმით გახდა, რომ ,,ბინძური” წიგნი იყო, და უამრავი ადამიანი ცდილობდა ქუჩაში ჩემთან მასზე გამოლაპარაკებას. ხანდახან მანქანებიდან მიყვიროდნენ, ,,პორტნოი, შეეშვი მას საქმეს…”

(იცინიან)

– მოკლედ, ამ ხუმრობების ობიექტი მე ვიყავი. და ეს ნორმალურია. ესეც ამ ყველაფრის ნაწილია, ალბათ გესმით. მაგრამ ბოლოს, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა და საცხოვრებლად სოფელში გადავედი.

ნება მომეცით, ნათან ცუკერმანზე შეგეკითხოთ, პერსონაჟზე, რომელიც მგონი თქვენს ცხრა რომანში ჩნდება. რა გაქვთ საერთო თქვენ ორს?

– ნათან ცუკერმანმა ბევრი რამ მასწავლა. სასარგებლო ინსტრუმენტი გამოდგა ჩემთვის. მისი აზროვნება გამოდგა სასარგებლო. ბევრ ჩემს რომანში ის იყო გონიერების ხმა, გონიერი მთხრობელი.

– რამდენად გონივრული გეჩვენებათ ზოგიერთის აზრი, თითქოს თქვენ და ნათან ცუკერმანი ლამის ერთი და იგივე პიროვნება იყოთ?

– ჩემი აზრით, ეგ უგუნურებაა, მაგრამ როგორც ჩანს, მე მანდ ვერაფერს გავაწყობ. ადამიანი, რა თქმა უნდა, საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ყოველდღიურად შეგემთხვევა, ყველაფერზე წერდე.   მაშინ მწერალიც აღარ გქვია. მაგრამ გამოცდილება გასწავლის, მისი მეშვეობით იგებ, როგორია ცხოვრება. და მერე აწონ-დაწონი, არჩევ შენს გამონაგონსა და აქტუალობის განცდას შორის. მაგალითად, ხანდახან ისეთი რამ შეგემთხვევა, რაც ინტერესს იმსახურებს, მაგრამ მე ასე ვიტყვი, ვიღაცის თავს გადამხდარი შემთხვევების 80 პროცენტი მაინც ვიღაცას საინტერესო ეჩვენება.

მგონი არსებობს ადამიანი, სახელად ბლეიქ ბეილი, რომელიც თქვენი ბიოგრაფა. ეხმარებით მას მუშაობაში?

– გამოიცანით. რასაც ახლა ვწერ, სწორედ მისთვისაა განკუთვნილი. მგონი დღეში ორი საათი მაინც მიხდება მუშაობა, რომ მის ყველა კითხვას პასუხი გავცე.

         – როგორ გრძნობთ თავს, როცა ეს ადამიანი, ამაში დარწმუნებული ვარ, თქვენი ცხოვრების ყველაზე პირად მომენტებში ცდილობს გარკვევას?

– ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ხვდებით ალბათ, არსებობს შეთანხმება, რომლის პირობებსაც იღებ, ან არ იღებ. მაინცდამაინც დიდი საიდუმლოებები არც მაქვს. თქვენ გაქვთ დიდი საიდუმლო? მე, სიმართლე გითხრათ, არა.

         – რამდენადაც ვიცი, ამერიკის ბიბლიოთეკამ თქვენი ნაწერების სრული გამოცემა ათი წლის წინ დაიწყო, მერე, შესაძლოა, ისინი გააკვირვეთ კიდეც, როცა, სამოცდაათ წელს გადაცილებულმა, მხოლოდ ახალ-ახალი რომანები კი არა, თქვენს ნაწერებს შორის საუკეთესოებიც კი დაწერეთ.

– უბრალოდ იმის კეთებას ვაგრძელებდი, რაც მანამდე მიკეთებია. ძალ-ღონე და ენერგია მყოფნის, კარგად ვარ ნავარჯიშევი. და ამ საქმის მიმართ თავდადება გამაჩნდა. მთელი ჩემი ცხოვრება წერას მივუძღვენი. ჩემი დიდი პრობლემა ეს იყო ხოლმე – როგორ დამეწერა წიგნი. ერთ წიგნს რომ დაწერ, მერე მეორე უნდა დაწერო, საკუთარ თავს ხომ უნდა დაუმტკიცო, რომ ამის გაკეთება ხელახლა შეგიძლია. ასე რომ, ჩემი 70 და მას მოყოლებული წლები 60 და 50 წლის ასაკისგან დიდად არც განსხვავდებოდა. მძიმე პერიოდი ერთადერთხელ მქონდა, 60-იანი წლების დასაწყისში, იმიტომ კი არა, რომ ცხოვრება გამიჭირდა, სწორედ მაშინ ვიმაგრებდი ფეხს ამ სარბიელზე, და ჯერ არ ვიცოდი, როგორი მწერალი ვიყავი. დავწერე ერთი წიგნი, ,,ნახვამდის, კოლამბუს”, და ეს ერთი ტიპის რომანი იყო. მერე დავწერე უზარმაზარი “Letting Go” – დიდი, სერიოზული რომანი. მესამე ყაიდის რომანი, ჩემი განსხვავებული ხმა ,,როცა ის კარგი და კეთილი იყო” (“When She Was Good”) გახლდათ,  ,,პორტნოის სინდრომი” კი ამათგან განსხვავებული, მეოთხენაირი რომანი იყო. ხვდებით ალბათ: ვერ გავერკვიე, რომელი ხმა იყო ჩემეული. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველი ათი თუ თხუთმეტი წელი გზას შენი ტიპის ლიტერატურაში იკაფავ, მაგრამ წინასწარ ვერ გეცოდინება, რანაირი ლიტერატურაა ეს. ახლა ვფიქრობ, რომ თავიდან ბევრი ცრუ სტარტიც შეიძლება იყოს, ასეთი რამ ხომ მეც გამოვიარე. ნახევარ-რომანებიც დამიწერია, შეკვეცილი ფორმის რომანებიც და ასე შემდეგ. მაგრამ დრო გადიოდა, და თანდათანობით ცოტა უკეთ გავერკვიე, როგორი იყო ჩემი საკუთარი ტერიტორია და როგორი ჟღერადობა უნდა მქონოდა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა მოხდა ახალი მას შემდეგ, რაც 70 წლის გავხდი. საუზმედ იმავე ფაფას ვჭამ, რომელსაც ადრეც გეახლებოდით.

– ალბათ უჩემოდაც კარგად გეცოდინებათ: ზოგი მკითხველი, უმეტესად ქალები, ამბობენ ხოლმე, თითქოს ზოგიერთი თქვენი რომანი უსიამოვნო განცდას უჩენს; ბრალად იმას გიყენებენ, რომ თქვენი ქალი პერსონაჟების უმეტესობა უსიმპათიოდ, კარიკატურულადაა შექმნილი.

– ეს დაუფიქრებელი განზოგადებებია და ამგვარი მკითხველის არსებობას დიდად არ ვუღრმავდები.

მაშასადამე, პრობლემა მათეულ წაკითხვაშია, თქვენ ასე ფიქრობთ?

– აბსოლუტურად. რასაკვირველია.

– საკმარისია, წიგნს თქვენი სახელი ეწეროს – თქვენ კი შეიძლება შემეწინააღმდეგოთ, მაგრამ ასეა  – რომ მას მკითხველი დიდი პატივით იღებს, და თქვენც იცით, რომ ასე იქნება, როცა მომდევნო რომანს დაწერთ. მაგრამ როგორც თავადვე თქვით, როცა წერას იწყებდით, უფრო ძნელი იყო იმის თქმა, რომ თავს საკუთარი ნაწერები გაგატანინებდათ.

– ამისგან სამუშაოს სირთულე არ დაკლებია. ახლაც ისეთივე სამუშაო მაქვს შესასრულებელი, როგორიც უწინ. თავშიც ვთქვი: როცა დამწყები მწერალი ხარ, გარკვეულ პრობლემათა ერთობლიობა აუცილებლად იჩენს თავს. მაგრამ საქმე არც მერე იოლდება. შეიძლება, იმ წიგნის მთვარი პრობლემატიკა, რომელსაც წერ, მოხელთებული გქონდეს, მაგრამ მძიმე სამუშაო მძიმე სამუშაოდვე რჩება. შეიძლება წიგნი ორი წელი წერო. ხანდახან დღეში თითო გვერდს წერ, ხანდახან – არც ერთს; შეიძლება, სამი გვერდი დაწერო, მაგრამ მერე მოისროლო. ყოველი წინადადება ახალ პრობლემას წამოჭრის. შენი ამოცანა ისაა, ერთი წინადადება მომდევნოს გადააბა. წერ ამ წინადადებას, და მერე უნდა გაიაზრო, რა შეიძლება მოსდევდეს მას, და რა არ უნდა მოსდევდეს.

ყველა იმ პრემიას არ ჩამოვთვლი, რაც წლების განმავლობაში გაქვთ მიღებული, მაგრამ მაინტერესებს, იყო თუ არა აღიარების ფორმა, რომელიც თქვენთვის ახლაც ბევრს ნიშნავს.

– რა გითხრათ, ასეთი ბევრი იყო და ალბათ უკვე საკმარისია. ბოლოს და ბოლოს, ისე ხდება, რომ პრემიები ბევრს აღარაფერს ნიშნავს შენს ცხოვრებაში. თუმცა ზოგი ჯილდო უფრო მნიშვნელოვანი გეჩვენება, ასეც არის. და როცა ჯილდოთი იმ წიგნს გამოარჩევენ, რომელიც განსაკუთრებით მოგწონს – უნდა გითხრათ, ეს არაჩვეულებრივია. იცით, ჯილდოს მიღება ადამიანში ბავშვს აღვიძებს. და მეორე დღეს სამუშაოს ახალი ძალით უბრუნდები.

არის თუ არა ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, რასაც ახლა მეტ დროს უთმობთ?

– დიახ, ხანმოკლე წაძინებებს. მოდი, ორიოდ სიტყვას გეტყვით ამაზე. ეს სრულიად ფანტასტიკური რამეა. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემი სულ ცდილობდა, ჩემთვის კაცად ყოფნა ესწავლებინა. და ერთხელ მითხრა – მაშინ ალბათ ცხრა წლის ვიქნებოდი – ფილიპ, წაძინება რომ მოგინდება, ტანზე გაიხადე, პლედი ან საბანი დაიფარე და უკეთ დაგეძინებაო. ახლა სწორედ ასე ვიქცევი. როგორც სხვა დანარჩენში, მამაჩემი აქაც მართალი იყო. წამოვწვები, წავუძინებ ხოლმე,  აუზიდან რომ ამოვდივარ, წავიხემსებ, გაზეთს წავიკითხავ და ისევ ამ შესანიშავ რამეს ვაკეთებ – თვალს ვატყუებ. თვალს რომ ახელ, პირველი თხუთმეტი წამის განმავლობაში ვერც ხვდები, სად ხარ. უბრალოდ ცოცხალი ხარ, სული გიდგას. ნეტარება სხვა კი არაფერია. აი ესაა აბსოლუტური ნეტარება. თქვენ ალბათ ჯერ კარგა ხანს იმუშავებთ, მაგრამ მერე ამის დროც დაგიდგებათ.

მგონი არაჩვეულებრივი რჩევა მომეცით.

– და ტანზე გახდა არ დაგავიწყდეთ.

მისტერ როთ, ძალზე სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა.

– გმადლობთ, სკოტ.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box