ესე (თარგმანი),  თარგმანი,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოლემიკა

ელიფ ბატუმანი – იმპერიის რომანები – რუსი კლასიკოსების გადაკითხვა

უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ[1]

თარგმნა და შესავალი დაურთო თინათინ ხომერიკმა

ელიფ ბატუმანი ამერიკელი მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი და ჟურნალისტია. ის 1977 წელს, ქალაქ ნიუ-იორკში, თურქი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება ჰარვარდის კოლეჯში მიიღო, დოქტორის ხარისხი კი – სტენფორდის უნივერსიტეტში. 2018 წელს ბატუმანის რომანი, სახელწოდებით „იდიოტი“, „პულიტცერის“ პრემიისა და  „მხატვრული ლიტერატურის ავტორ ქალთა პრემიის“[2] ფინალისტი გახდა. 2010 წლიდან ის ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ მუდმივი ავტორია.

ამ სტატიაში, რომელიც „ნიუ-იორკერში“ 2023 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა, ელიფ ბატუმანი უკრაინასა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. თხრობისას ის გამუდმებით მოძრაობს აწმყოსა და წარსულის სხვადასხვა შრეს შორის და იგონებს, კრიტიკულად იაზრებს და ახალ ადგილს უჩენს პირად გამოცდილებებს. ბატუმანის ცხოვრებისეული გამოცდილება კი გადახლართულია მის პროფესიასა და მთავარ გატაცებასთან – ლიტერატურასთან, კერძოდ – რუსულ კლასიკურ ლიტერატურასთან, რომელიც ადრეული ახალგაზრდობიდან მის მუდმივ თანამგზავრად, შემდეგ კი – მთავარ საკვლევ საკითხად იქცა. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული კულტურის და პოლიტიკის შესახებ მსოფლიოში წამოწყებული დებატების ფონზე ბატუმანი თავისებურად ცდილობს, უპასუხოს კითხვას: „უნდა გავაგრძელოთ თუ არა რუსი კლასიკოსების კითხვა?“. ამისათვის, საკუთარი ბავშვობის, რუსული იმპერიალიზმის, სიყვარულისა და სექსუალობის, ცენტრისა და პერიფერიის, თბილისის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულისა და უკრაინელი პოსტკოლონიური ავტორების შუქზე, ბატუმანი ხელახლა უბრუნდება „დიდ რუსულ რომანებს“, რომლებიც ოდესღაც „უნივერსალურად“ წარმოედგინა და ნაცნობ ტექსტებში ყოველ ნაბიჯზე ახალ მნიშვნელობას ამოიკითხავს. ქართველი მკითხველი წინამდებარე ტექსტში ბევრ ნაცნობ შინაარსსა და ადგილს შეხვდება, რომლებსაც ზოგჯერ მისთვის უჩვეულო, დისტანცირებული მზერით დაინახავს, რაც საკუთარ განცდებსა და ნაიარევებზე რეფლექსიისკენ უბიძგებს.

უკრაინას პირველად და უკანასკნელად 2019 წელს ვეწვიე. ჩემი მოგონებების წიგნი – სახელწოდებით „ეშმაკნი” – იმის შესახებ, თუ როგორ ვსწავლობდი რუსულ ლიტერატურას – რუსულ ენაზე ამ მოგზაურობამდე ცოტა ხნით ადრე ეთარგმნათ. მის კვალდაკვალ რუსულად ჩემი ავტობიოგრაფიული რომანი, „იდიოტიც“ გადმოეღოთ. მე კი, „პენ ამერიკისა“[3] და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარგზავნილი კულტურის დესპანის რანგში, რუსეთისაკენ მივემართებოდი. გზად კიევსა და ლვოვში შევჩერდი. ამ ქალაქების შესახებ იქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ჯერ რუსულ რომანებში, შემდეგ კი – მსოფლიოს ახალ ამბებში ამომეკითხა. 2014 წელს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის ასი მონაწილე მოკლეს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კი დონბასში ორი მინირესპუბლიკის დაარსება გამოაცხადეს. თითქმის ყველა, ვისაც უკრაინაში შევხვდი – ჟურნალისტი იქნებოდა, სტუდენტი თუ კულტურის განყოფილების თანამშრომელი – საპროტესტო აქციაზე დაშავებულ, დაღუპულ ან აღმოსავლეთში სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა არმიაში გაწევრიანებულ ერთ პირს მაინც იცნობდა.

უკრაინელების წინაშე მიწვეულ ავტორად წარვდექი და რამდენადაც ჩემი ორი წიგნიდან ერთს „ეშმაკნი“ ერქვა, მეორეს კი – „იდიოტი“, შესაძლებლობა მომეცა, გამეგო, რას ფიქრობდა ხალხი დოსტოევსკის შესახებ. ამიხსნეს, რომ უკრაინაში ახლა დოსტოევსკიზე ფიქრი არავის ეპიტნავებოდა, რადგან მისი რომანები შეიცავდა სწორედ ისეთ ექსპანსიონისტურ რიტორიკას, როგორსაც რუსული სამხედრო აგრესიის გამამართლებელი პროპაგანდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი მოსაზრება ომის ბუნებრივი გვერდითი ეფექტი იყო და გადავწყვიტე, ეს „არაობიექტური“ ხედვა სათვალავში არ ჩამეგდო.

ამგვარ დისტანცირებაში წლობით ვიბრძმედებოდი. სტუდენტობაში ხშირად უკითხავთ, რუსი ნათესავები ხომ არ მყავდა და თუ არა, აბა, ამ რუსებს რას გადავკიდებოდი? მსგავსებას ხომ არ ვეძებდი რუსეთის ვესტერნიზაციის შემოქმედ პეტრე დიდსა და ათათურქს შორის, რომელმაც ჩემი წინაპრების მშობლიური თურქეთი მოაქცია დასავლურ ყაიდაზე? ეს კითხვები სწორხაზოვნად მეჩვენებოდა. წინაპრებისეული ლიტერატურის სწავლას რად ვაქნევდი. რუსულ ლიტერატურასაც ხომ ადამიანური პერსპექტივიდან ვუყურებდი და არა – ნაციონალურიდან. ეს წიგნები ოდესღაც სწორედ იმ უნივერსალური მახასიათებლების გამო ავირჩიე, მათი სათაურებიდან რომ გამოსჭვიოდა: „მამები და შვილები“, „დანაშაული და სასჯელი“ თუ „მკვდარი სულები“.

ცხადია, მესმოდა – შეუძლებელი იყო, კიევში ხალხს წიგნები ნაციონალური პერსპექტივიდან არ  წაეკითხა. ამაზე ფიქრისას დოსტოევსკის ბიოგრაფიიდან ცნობილი ეპიზოდები მომაგონდა. უტოპიურ-სოციალისტური მოსაზრებების გამო ახალგაზრდობაში მწერალს ჯერ სიკვდილით დასჯის იმიტაცია მოუწყვეს, შემდეგ კი – ციმბირში გადაასახლეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ, ათას რვაას სამოციან წლებში, „დანაშაული და სასჯელი“ და „იდიოტი“ დაწერა, რითაც ფსიქოლოგიური რომანის ჟანრის განვითარებაში შეიტანა დიდი წვლილი. მახსოვდა, რომ მისი გვიანდელი ნაშრომი, „მწერლის დღიური“, მართლმადიდებლური რუსეთის ბედისწერის შესახებ ავბედითი ტირადებით იყო სავსე. დოსტოევსკის თანახმად, რუსეთს სლავი ხალხი უნდა გაეერთიანებინა და ქვეყნად ქრისტეს სუფევა ხელახლა დაემყარებინა. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდასთან ამ წარმოდგენის კავშირი კი მაშინღა დავინახე, როცა საკითხის რეტროსპექტიულად გააზრება დავიწყე.

კი მაგრამ, დოსტოევსკის მისი პოლიტიკურ წიაღსვლების გამო ხომ არ ვცემდით პატივს? თუკი რამე გვარიანად გამოსდიოდა, ეს რომანები იყო.  დოსტოევსკის რომანში რომელიმე გმირის ბრტყელ-ბრტყელ ტირადას რამდენიმე გვერდის შემდეგ აუცილებლად მეორე, საპირისპირო შეხედულების მქონე პერსონაჟის სიტყვა ეწინააღმდეგება. ამ ტექნიკას „დიალოგურობა“ ეწოდება და ჩემი გონება მისით ისევე იყო მუდამ გამსჭვალული, როგორც რუსული რომანები. 2019 წლის მოგზაურობის მომდევნო თვეებში დოსტოევსკის უკრაინელებისეული კრიტიკა ხშირად მაგონდებოდა. ასეთ დროს ჩემს ძველ „მე“-სთან კამათს ვიწყებდი და ვცდილობდი,  რუსული რომანებისადმი ბოლოხანს აღძრულ ეჭვებს გავმკლავებოდი.

შარშან, თებერვლის ბოლოს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს კითხვები მთელი სიმძაფრით მეცა სახეში. ფხიზელი თვალით, რუსულ ლიტერატურას ახლა უკვე იოლად დავლანდავდი ხოლმე ომის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში.  განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ვლადიმირ პუტინის გამუდმებულ მინიშნებებში ჩანდა „რუსული სამყაროს“ („რუსსკიი მირ“) ცნების შესახებ, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომ კრემლთან დაახლოებულმა „ფილოსოფოსებმა“ შესძინეს პოპულარობა. „რუსული სამყარო“ წარმოსახვითი ტრანსნაციონალური რუსული ცივილიზაციაა, რომელიც „დიდი რუსეთის“ (რუსეთი), „მცირე რუსეთის“ (უკრაინა) და „თეთრი რუსეთისგან“ (ბელარუსი) შემდგარი „სამწახნაგა რუსული ერის“ საზღვრებს სცდება. ამ სამყაროს აღმოსავლური მართლმადიდებლობა, რუსული ენა, ალექსანდრ პუშკინის, ლევ ტოლსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკისეული „კულტურა“ აერთიანებს და თუ საჭირო გახდა, ამისთვის საჰაერო სამხედრო თავდასხმებიც შეიძლება კაცმა გამოიყენოს.  

მარტის დასაწყისში შევიტყვე და სრულებით არ გამკვირვებია, რომ უკრაინელ ლიტერატორთა ჯგუფებს – მათ შორის, უკრაინის პენცენტრს –  „რუსული წარმოშობის წიგნებისადმი სრული ბოიკოტის“ მოთხოვნით პეტიცია გაევრცელებინათ. ეს არამხოლოდ გამომცემლებთან ფინანსური კავშირების გაწყვეტას ნიშნავდა, არამედ რუსი ავტორების მიერ დაწერილი წიგნების გავრცელებისა და პოპულარიზაციის შეწყვეტასაც. პეტიციის ტექსტმა ის მსჯელობა მომაგონა, უკრაინაში 2019 წელს რომ შევესწარი: „რუსული პროპაგანდა მრავალ წიგნშია ჩაქსოვილი. ეს კი წიგნებს იარაღად და ომის საბაბად აქცევს“. ბოიკოტი პენცენტრის წესდებას ბოლომდე არ შეესატყვისებოდა (ამ წესდების თანახმად, „ომის ჟამს ხელოვნების ნიმუშები, როგორც საკაცობრიო მემკვიდრეობა, ეროვნული თუ პოლიტიკური ვნებათაღელვისგან ხელშეუხებლად უნდა დარჩეს“). გერმანიის პენცენტრმა მალევე გამოაქვეყნა პრესრელიზი იმის შესახებ, რომ არ ღირს, ოცდამეერთე საუკუნის შეშლილ პოლიტიკოსებს  გადავაყოლოთ დიდი მწერლები, რომლებიც, უბრალო დამთხვევის ძალით, იმავე ქვეყნიდან არიან. პრესრელიზის სათაური ასეთი იყო: „მტერი პუტინია და არა – პუშკინი“.

პუშკინი ქარცეცხლის შუაგულში მოექცა. რუსული ლიტერატურის ამ ღვაწლმოსილმა ფუძემდებელმა მრავალი კრიტიკოსის მიერ „პირველ დიდ რუსულ რომანად“ აღიარებული „ევგენი ონეგინის“ ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება 1820-იანებიდან დაიწყო, როცა რუსული არისტოკრატიული ცხოვრება დიდწილად ფრანგულ ენაზე წარიმართებოდა. თავად პუშკინს რუსეთის სახელმწიფოსთან სულ შეხმატკბილებული ურთიერთობა როდი ჰქონდა. 1820 წელს ოცი წლის პოეტი ავტორიტარიზმის მგმობელი ლექსების ავტორობისათვის სანქტ-პეტერბურგიდან გააძევეს (ნიშანდობლივია, რომ მისი ერთ-ერთი ასეთი ლექსი, „ოდა თავისუფლებისადმი“ მოგვიანებით აჯანყებულ დეკაბრისტებს უპოვეს). 1826 წელს პუშკინს მოსკოვში დაბრუნების ნება დართეს, მეფე ნიკოლაი I კი მის პირად ცენზორად იქცა. შემდგომში პოეტი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა საცხოვრებლად. ოცდაჩვიდმეტი წლის პუშკინი ემსხვერპლა ამავე ქალაქში გამართულ საბედისწერო დუელს, რომლის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. რუსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ბრინჯაოს პუშკინებით მოფინეს მთელი მსოფლიო  ვილნიუსიდან ჰავანამდე და ჰავანიდან – ტაშკენტამდე. ბევრი ასეთი ძეგლი სტალინისეული რეპრესიების მწვერვალზე, 1937 წელს, პუშკინის გარდაცვალებიდან ასი წლისთავზე აღიმართა.

აპრილში უკრაინა „პუშკინოპადის“ („პუშკინთცვენის“) სახელით ცნობილმა მოძრაობამ მოიცვა, რომლის ფარგლებში აქტივისტებმა პუშკინის ათეულობით ძეგლი ჩამოაგდეს კვარცხლბეკებიდან. იმ რუსი მწერლების ვინაობის დასადგენად, რომლებიც არ იმსახურებენ, რომ უკრაინაში მათი სახელები რამეს ერქვას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ორმა უკრაინელმა სპეციალისტმა „ტელეგრამზე“ ჩეტბოტი შექმნა (@cancel_pushkin_bot). პუშკინსა და დოსტოევსკის ეს ჩეტბოტი რუსი შოვინისტების კატეგორიაში ათავსებს (სამაგიეროდ, ტოლსტოი, რომელიც ცხოვრების ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ღიად გამოთქვამდა პაციფისტურ მოსაზრებებს, ჩეტბოტს „დაუძვრა“).  

დაახლოებით ამავე დროს რუსული ლიტერატურის შესახებ მოხსენებით გამოსასვლელად საქართველოში, ქალაქ თბილისში მიმიწვიეს. იქ რუსული გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მეპატიჟებოდნენ, რომელიც თავის დროზე სანქტ-პეტერბურგში იმართებოდა, ახლა კი თავის დამაარსებელთან, განათლების ბრიტანელ სპეციალისტ ბენ მერედიტთან ერთად, თბილისში დაედო ბინა. მიწვევა რომ მივიღე, ცოტა შევყოყმანდი. უხვი გეოგრაფიული და ისტორიული ნაკადების გადაკვეთის ამ წერტილში, რა თქმა უნდა, უამრავი ახალი რამის სწავლის შანსი მეძლეოდა. მაგრამ რამდენად სწორი იქნებოდა, ჩემი პერსონა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მორიგი ყოფილი ტერიტორიისათვის მომეხვია თავს რუსული ლიტერატურის მარადიული მოწაფის რანგში?

რუსეთთან საქართველოს ჩახლართული ურთიერთობების ისტორია ჩემ წინაშე გადაშლილი მორიგი ლაბირინთის უსასრულოდ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს ჰგავდა. 1783 წელს მეფე ერეკლე II-მ და ეკატერინე დიდმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის თანახმად, რუსეთი საქართველოს მიწების სპარსეთის იმპერიისგან (ასევე, ოტომანთა იმპერიისა და სხვადასხვა მეზობელი ტომისა თუ სახანოსაგან) დაცვის აღთქმას დებდა. რუსეთმა ტრაქტატით დათქმული ვალდებულება არ შეასრულა და 1801 წლიდან საქართველოს ანექსიას შეუდგა. ტფილისი – როგორც მაშინ თბილისს უწოდებდნენ – თავისი სტამბებით, სკოლებითა და ოპერით, კოლონიის დედაქალაქად ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ის ჩეჩნეთსა და დაღესტანში რუსეთის ექსპანსიის სასტარტო მოედნადაც იქცა. რუსების შემოსევათა საპასუხოდ, ჩრდილო კავკასიის მთიელებმა მუსლიმთა წინააღმდეგობის საერთო ჯარი შეკრიბეს. ამ გაერთიანებას მონაცვლეობით მეთაურობდნენ დაღესტნის იმამები, რომელთაგან უკანასკნელი – იმამი შამილი – მტერს 1859 წელს დანებდა. ომის დროს კავკასიაში რუს ლიტერატორ ახალგაზრდათა მთელი თაობები – მათ შორის, პუშკინი და ტოლსტოი – ჩამოდიოდნენ და განცდილსა თუ ნანახს თავიანთ ნაწარმოებებში აღწერდნენ. ასე შეიქმნა „რუსული ლიტერატურა კავკასიის შესახებ“. კოლეჯში ძალიან მიხაროდა ამ ნაწარმოებების გაცნობა – მათ ფურცლებზე ხომ ასე ხშირად ვაწყდებოდი თურქულენოვან სიტყვებს.

            მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ახალგაზრდა ქართველმა ლიტერატორებმა სანქტ-პეტერბურგში დაიწყეს სწავლა-განათლების მიღება, პუშკინს კითხულობდნენ და რუსული რომანტიკული რიტორიკული ფორმების მეშვეობით ქართულ ეროვნულ იდენტობას გამოხატავდნენ. საქართველო წითელმა არმიამ 1921 წელს დაიპყრო, საბჭოთა კავშირს კი ის 1991 წელს გამოეყო. ქვეყანა ყოველ წელს გლოვობს 1989 წლის 9 აპრილს, როცა დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში გამოსულ მოქალაქეთა დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. ყოველი წლის დეკემბერში სტალინის დაბადების დღეს კვლავაც აღნიშნავენ მის მშობლიურ ქალაქ გორში. 2008 წელს რუსეთმა საქართველოში ჯარები გაგზავნა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკების მხარდასაჭერად. ამ ომის მოგონებებმა უკრაინისადმი ქართველთა სახალხო მხარდაჭერის განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, რუსეთში მილიარდერად ქცეული ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს არ შეერთებია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვარი სხვადასხვა იდეოლოგიური თუ პრაგმატული მიზეზით, რუსეთის ასობით ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა. როგორც ამბობენ, ათობით ათასი მათგანი დედაქალაქში დასახლდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას ისტორიული მოგონებები აღუძრა, ბინების ფასმა კი ქალაქში მკვეთრად იმატა. ამასობაში, რადგანაც რუსეთში უამრავი გაცვლითი სასწავლო პროგრამა გააუქმეს, მერედიტის პაწაწინა პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობამ გეომეტრიული პროგრესიით იმატა და, საბოლოოდ, ოთხმოცი მონაწილე შეგროვდა. მოწვევაზე რომ ვფიქრობდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნეტავ რა განწყობით შეხვდებიან თბილისელები საკუთარი ქალაქის რუსული ფილოლოგიური კვლევის სივრცედ ქცევას-მეთქი.

პირველი რუსული რომანი, რომელმაც 90-იანებში მომაჯადოვა, „ანა კარენინა“ იყო. დედისერთა ვიყავი, სასწავლო წლის განმავლობაში ჩემი განქორწინებული, მეცნიერი მშობლებიდან ხან ერთთან ვრჩებოდი, ხან – მეორესთან, ზაფხულს კი ნათესავებთან, თურქეთში ვატარებდი. ასეთ გარემოში გაზრდილი, მუდამ განსხვავებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებითა და მსოფლმხედველობებით ვიყავი გარშემორტყმული. ბოლოს ვირწმუნე, რომ ობიექტურობის, თითოეული მხარის საღი არგუმენტის გააზრებისა და კრიტიკისთვის ჯეროვანი მნიშვნელობის მინიჭების განსაკუთრებული უნარი ჩამომიყალიბდა და ამით ძალიანაც ვამაყობდი. „ანა კარენინაც“ სწორედ ამიტომ შემიყვარდა – ის ხომ ნათლად აჩვენებდა, რომ თავისებურად, ყველა პერსონაჟი მართალი იყო; რომ, ერთი შეხედვით, არაკეთილგონიერი ადამიანებიც კი იმას აკეთებდნენ, რაც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მართებულად მიაჩნდათ. რადგანაც პერსონაჟებს სხვადასხვაგვარი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ, მათ შორის უთანხმოება ისადგურებდა და ერთმანეთს უბედურებას უქადდნენ. მიუხედავად ამისა, ყველა ეს ურთიერთდაპირისპირებული ხმა და პერსპექტივა ქაოსსა და უაზრობას კი არ ქმნიდა, არამედ მთლიანობაში, რაღაცნაირად, უფრო დიდ საზრისს ასახავდა.

როცა შევიტყვე, რომ „ანა კარენინას“ ზოგიერთი კრიტიკოსი პუშკინის პოეტური რომანის, „ევგენი ონეგინის“ გაგრძელებად მიიჩნევდა, „კარენინას“ შემდეგ სწორედ ამ ნაწარმოების წაკითხვა დავისახე მიზნად. რომანის დასაწყისში სატიტულო გმირს – ცხოვრების ამაოებით გაბეზრებულ კოსმოპოლიტს – სოფლად მდებარე მოზრდილ მამულს უანდერძებენ. მამულში ის ტატიანას ხვდება – რომანების კითხვით გატაცებულ პროვინციელ ყმაწვილქალს, რომელიც ონეგინს წერილით სიყვარულში გამოუტყდება. ონეგინი ქალს უარს ეუბნება, სამი წლის შემდეგ კი კვლავ ხვდება სანქტ-პეტერბურგში, სადაც ტატიანა უკვე დიდი გენერლის უაღრესად დახვეწილი ცოლია. რადგან თავადაც პროვინციელი, რომანებით მოჯადოებული მოზარდი ვიყავი, მოვლენათა ასეთმა განვითარებამ უცნაური ძალით მიმიზიდა.

უკრაინაში რომ გავემგზავრე, ამ წიგნებთან ურთიერთობის გადასინჯვა უკვე დაწყებული მქონდა. მაშინ მეგონა, რომ ამას სულ სხვა, გეოპოლიტიკისგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზები ედო საფუძვლად. გადაფასების ეს პროცესი 2017 წელს დაიწყო, როცა ორმოცი წლისა შევსრულდი, თავის ქვიარად[4] იდენტიფიკაცია დავიწყე, „იდიოტი“ გამოვაქვეყნე და #MeToo-სეულ მხილებათა ქარტეხილის შუაგულში, წიგნის მხარდასაჭერი სამოგზაურო კამპანიის გზას დავადექი. ბევრი ქალის მსგავსად, 2017 წელი დიდწილად საკუთარი რომანტიკული და სექსუალური ფორმირების ისტორიის გადააზრებას დავუთმე. ჰეტეროსექსუალური სიყვარულისა და ემოციური ტანჯვის უნივერსალობის შესახებ წინასწარი დასკვნების აღნუსხვის მცდელობისას ედრიენ რიჩის მიერ 1980 წელს გამოქვეყნებულ ესეის გადავაწყდი, სახელწოდებით „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური ყოფა“. ამ ტექსტში რიჩი დასავლურ ლიტერატურაში გავრცელებულ ტენდენციას აღწერს, რომელიც იმ დასკვნას ეფუძნება, რომ  „ქალები უგუნურად და ტრაგიკულად, მაგრამ მაინც გარდაუვალად ილტვიან კაცებისაკენ; და მაშინაც კი, როცა ეს მიზიდულობა თვითმკვლელობით სრულდება … ის ორგანულ იმპერატივად წარმოჩნდება“. გონებაში „ანა კარენინასა“ და „ევგენი ონეგინს“ მივუბრუნდი. რა ნათლად ეჩვენებინათ ტოლსტოისა და პუშკინს, რომ როცა ანამ და ტატიანამ მამაკაცები შეიყვარეს, საკუთარ, ისედაც უკიდურესად შეზღუდულ ცხოვრებისეულ არჩევანს საბოლოოდ დაუსვეს წერტილი. მიუხედავად ამისა, ამ მსახვრალ, თვითგამანადგურებელ სიყვარულს ავტორები საბედისწეროდ და გლამურულად წარმოგვიჩენენ. ანა კვდება, მაგრამ ამავე დროს, ბრწყინვალედ გამოიყურება, მისი გონება კი სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ღრმა ფიქრში დანთქმულა. ტატიანას მიერ ევგენი ონეგინისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილს ავტორისათვის გულისტკივილის მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ ო, რა ბრწყინვალე წერილია! ნუთუ ამ რომანებმა მიბიძგა, კაცების გამო ქალების ტანჯვა ადამიანის გამოცდილების განუყოფელ, ლამის სასურველ ნაწილად, უპირობოდ მისაღებ და არა – საკამათო მოვლენად დამენახა?

2019 წელს, უკრაინაში, როცა დოსტოევსკის საწინააღმდეგო, ჩემთვის ჯერ კიდევ უჩვეულო კრიტიკას ვპასუხობდი, ინსტინქტურად იმ პირველად წარმოდგენას მივუბრუნდი, რომ რომანები ობიექტურად უნდა წავიკითხოთ. თუმცა, როგორი უნდა ყოფილიყო დოსტოევსკისადმი ობიექტური მიდგომა? „მტერი პუტინია და არა – პუშკინი?“ – განა ეს ობიექტურობა იყო? ასეთ ფიქრებს ჩემს გონებაში კარგა ხნის წინ დაედოთ ბინა. პუტინი მთავრობის სათავეში იმ წელს მოვიდა, როცა შედარებითი (უმეტესად, რუსული) ლიტერატურის დარგში ჩემს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას შევუდექი. ეს დაახლოებით ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისს ემთხვევა. რვა წლის შემდეგ, დისერტაციის ხელნაწერს ფაკულტეტს რომ ვაბარებდი, ომი ჯერაც არ დასრულებულიყო. რამდენადაც მახსოვს, ჩემს კვლევასა და ომს შორის ცხადი კავშირის არსებობა აზრადაც არ მომსვლია. პუტინის მოქმედებების რუსული ლიტერატურით ახსნა, რა თქმა უნდა, ხელოვნურად მეჩვენებოდა. თუ ასე იყო, ბარემ დონალდ რამსფელდის პიროვნების ანალიზიც ჩაგვეტარებინა ჯეიმზ ფენიმორ კუპერის შემოქმედებაზე დაყრდნობით (ნეტავ მართლა როგორ წაიკითხავდნენ „უკანასკნელ მოჰიკანს“ ბაღდადში)? იმ წარმოდგენას, რომ დიდი რომანები უნივერსალურ ადამიანურ ჭეშმარიტებას გვიმხელს, პირწმინდად ლიტერატურული მნიშვნელობით არის გაჯერებული და ეროვნულ პოლიტიკაზე მაღლა დგას, მსოფლიოში ყველა თანაბრად როდი იზიარებდა. კიევში მსგავსს არაფერს ფიქრობდნენ. თუმცა, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს მოსაზრება დასავლური ჯგუფებისგანაც (მაგალითად, გერმანიის პენცენტრისგან) გაისმა და რუსული საინფორმაციო წყაროებიდანაც. „მწერლებს ომი არ უნდათ. მათ არ სურთ პოლიტიკაში ჩართვა“ – წერია ომის მხარდამჭერ ღია წერილში, რომელსაც გასული წლის თებერვალში ასობით თვითიდენტიფიცირებულმა „მწერალმა“ მოაწერა ხელი. წერილი „ლიტერატურნაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა – გაზეთში, რომლის სატიტულო გვერდზე პუშკინის პორტრეტია გამოსახული.

ამან დამაფიქრა – თუკი წიგნები, რომლებიც ასე ობიექტურად მიყვარდა, სინამდვილეში პატრიარქალური იდეოლოგიის მანქანები იყო, რატომ არ შეიძლებოდა, ექსპანსიონიზმის იდეოლოგიითაც ყოფილიყო გაჯერებული? იქნებ თბილისში მყოფს ეს უკეთ დამენახა?

სწორედ ტფილისში დაიწყო პირველი რომანის წერა ოცდასამი წლის ლევ ტოლსტოიმ, რომელმაც თითქმის მთელი ახალგაზრდობა ყომარბაზობასა და იმაში გაფლანგა, რასაც ზოგჯერ „ქალებს“ უწოდებენ. ტფილისში ის სამხედრო სამსახურში ჩასაწერად გაემგზავრა და საბოლოოდ, ამჟამინდელ ჩეჩნეთსა და ყირიმში იმსახურა. ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებში, სახელწოდებით „ჰაჯი მურატი“, ტოლსტოი 1851 წლის ტფილისს უბრუნდება. აქ ის ნამდვილ ჰაჯი მურატს შეხვდა – აჯანყებულ მეთაურს, რომელსაც იმამ შამილთან ურთიერთობა გაუფუჭდა და რუსეთს აღუთქვა მსახურება. თუმცა, საბოლოოდ, ჰაჯი მურატი ბრძოლაში დაიღუპა, მის უსულო ცხედარს კი თავი მოჰკვეთეს. მისი მოკვეთილი თავი სანქტ-პეტერბურგის მუზეუმ „კუნსტკამერას“ გაუგზავნეს (ჰაჯი მურატის შთამომავლები და დაღესტნელი პოლიტიკოსები რა ხანია, მის უკან დაბრუნებას ითხოვენ). მოთხრობაში ტოლსტოი ჰაჯი მურატის მოკვეთილ თავს მშვენიერ თათრულ ნარშავს ამსგავსებს, ოდესღაც თხრილში რომ მოწყვიტა.

            ჩემი კოლეჯისდროინდელი აღფრთოვანება კავკასიის შესახებ დაწერილი რუსული ლიტერატურით დიდხანს არ გაგრძელებულა. მე რომ მომწონდა, იმ წიგნების შინაარსი, უფრო ხშირად, ცენტრში ვითარდებოდა და არა – პერიფერიაში. თუმცა ერთხელ შუალედური ესეი დავწერე, სადაც „ჰაჯი მურატის“ დასასრულს აღწერილ ჰაჯი მურატის თავს „ანა კარენინას“ ბოლოსკენ აღწერილ ანა კარენინას თავს ვადარებდი. ანა, რომელსაც ეტლით მგზავრობისას ცნობიერების ნაკადმა თვალი აუხილა და ადამიანური ურთიერთობების სიცარიელე თუ ვრონსკისადმი თავისი სიყვარულის  ამაოება  გააცნობიერებინა, მატარებელს ბორბლებში უხტება. მისი სხეული სახიჩრდება, თუმცა, „მძიმე ნაწნავებითა და საფეთქლებთან კულულებად დახვეული თმით შემკული მისი უცვლელი თავი“ ძველებურ მიმზიდველობას ასხივებს. „მშვენიერ სახეზე კი, რომელსაც წითელი ბაგეები ოდნავ გაპობია“, საზარელი გამომეტყველება აქვს აღბეჭდილი. ორივე შემთხვევაში, ჩვეულ ფუნქციასა და ალაგს მოწყვეტილი ადამიანის თავი საჭვრეტ სტატიკურ ხატად არის წარმოჩენილი და არა – ადამიანის უფლებების შემლახავი იმ ინციდენტის სიმბოლოდ, რომლის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო.

„ჰაჯი მურატის“ ჩემი ძველი გამოცემა რომ ამოვქექე, ის გვერდები გადავიკითხე, სადაც ტფილისში ახლად გახსნილ თეატრში მყოფი ჰაჯი მურატი მედგრად ცდილობს, იტალიური ოპერის პირველ აქტს გაუძლოს. თეატრში ჩალმიანი ჰაჯი-მურატის კოჭლობ-კოჭლობით შესვლა იმ სცენას მოგვაგონებს, სანქტ-პეტერბურგის ოპერაში  მაქმანის მდიდრული თავსაბურავით მოსილი ანა კარენინა რომ შედის და ამით სოციალურ ნორმებს არღვევს. დაიცავს კი რუსეთის მეფისნაცვალი ჰაჯი მურატის ოჯახს? დასთანხმდება თუ არა კარენინი ანას განქორწინებაზე? ერთმანეთის გვერდიგვერდ წარმოდგენილი ტფილისისა და სანქტ-პეტერბურგის ოპერები თითქოს მათი ნაწილაკების მექანიკურ ჯამზე მეტია. ეს იმას ჰგავს, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოები სტერეოსკოპულ ლინზაში ფურცლიდან ამომხტარ სამგანზომილებიან გამოსახულებად რომ გარდაისახება ხოლმე. გამოსახულება უცებ მკაფიოვდება, პატრიარქალურობისა და ექსპანსიონიზმის ფარულ მექანიზმებს ააშკარავებს და გვიჩვენებს, რომ ეს ორი, სინამდვილეში,  ერთი და იმავე უზარმაზარი აპარატის ორი ბერკეტია. „უნივერსალური“ რუსული რომანის კიდევ რა ასპექტები შეიძლება ცხადყოს ყოფილი იმპერიის პერიფერიებში მოგზაურობამ?

სტამბოლიდან მომავალი ჩემი რეისი ხალხით გადაჭედილი იყო და თანაც, დაიგვიანა. აეროპორტიდან პირდაპირ ძველი თბილისის ერთ-ერთი ეზოსკენ გავეშურე, სადაც პროგრამის საორიენტაციო შეხვედრა ტარდებოდა. ზუსტად იმ დროს მივედი, როცა ოცდაათიოდე პირისგან შემდგარ აუდიტორიას (უმეტესად, ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს) ინსტრუქციას უტარებდნენ, როგორ ევარჯიშათ რუსულში ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ. იქვე რუსული ენისადმი მეგობრულად განწყობილი ბარების სიაც ჩამოარიგეს (ბარებიდან გამოძევებული რუსულენოვანი ხალხის შემთხვევებიც ახსენეს). სტუდენტებს ჩემი თავი მოწვეულ ლექტორად წარუდგინეს. ამასობაში შევიტყვე, რომ ლექციების შემდეგ რაღაც „(რეფ)ლექციები“ უნდა გამართულიყო.

„საშინელი სახელია, ყოვლად ქაჯური!“ – ასე მხიარულად შეაფასა მერედიტმა თავის მიერვე გამოგონილი სახელწოდება. ლექციების კოორდინატორის, კატია კორაბლიოვას უკმაყოფილების მიუხედავად, მერედიტი აპირებდა, პროგრამისთვის „დაე, გვწამდეს რომ გაზაფხულდება“ დაერქმია. კორაბლიოვას სახელის შესახებ რომ ვკითხე, თავი გააქნია, თვალები დახარა და ბოლოს მითხრა, მე მგონი, მეტისმეტად ოპტიმისტურიაო (მოგვიანებით, ხელჩაქნეულობა ომის მოწინააღმდეგე სხვა რუსებსაც შევატყვე. ერთხელ თელავის ერთ უბრალო ეზოში შევესწარი, როგორ ჩაიბურტყუნა მოსკოველმა ექსპატრირებულმა პოდკასტერმა: „ფუჰ, შენი!“ – და როგორ შეაქცია ზურგი ხის კოხტა დარაბას. დარაბაზე ზიგზაგისებურად აკრული ფიცრები პუტინის მიერ გაჩაღებული ომის სიმბოლოს – ასო Z-ს წააგავდა).

მეორე დილას, საუზმეზე, დაძაბულობისგან რუსულად საუბარი ვერ გავბედე და შესაბამისად, ვერც იმ ხალხს გავუცვალე ორიოდე სიტყვა, სამზარეულოში მაჭკატებს რომ აცხობდა. სტრესის ფონზე რამდენიმე მაჭკატი გადავსანსლე და ვცდილობდი, გადამეწყვიტა, რა სჯობდა – რუსული რომანები გადამეკითხა თუ ქართული და უკრაინული რომანები? ქართველებს შევხვედროდი, რუსებს, თუ ისტორიული ადგილები მენახა? როგორ უნდა გამომერკვია, რა აკავშირებდა ერთმანეთთან საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ექსპანსიონიზმის წინამორბედ რუსულ იმპერიალიზმსა და ჩემი ბავშვობის საყვარელ რომანებს?

თბილისში „საქართველოს მწერალთა სახლში“ ვცხოვრობდი. არტ-ნუვოს სტილის ამ სასახლეში, როგორც ამბობდნენ, პოეტ პაოლო იაშვილის სული დაბუდებულიყო – ქართველ „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის წევრისა, რომელმაც 1937 წელს ამ შენობაში ტყვიით მოიკლა თავი. სტალინისეული რეპრესიების ადგილობრივი თავკაცი ლავრენტი ბერია მწერლებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა. პუშკინის ძეგლი „მწერალთა სახლიდან“ ფეხით სავალ მანძილზე იყო და გადავწყვიტე, მომენახულებინა. იმ ყაიდის ადამიანი ვარ, ნებისმიერ ადგილას რომ იოლად იკარგება და სანამ გასასვლელს ვეძებდი, „მწერალთა სახლში“ ბევრი ვიბორიალე. ერთ-ერთი დერეფნის ბოლოს ხის კარს მივადექი. ზედგამოკრულ დაფაზე ეწერა: „რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი“. სახელური ჩამოვქაჩე. დაკეტილი იყო.

შენობიდან რის ვაი-ვაგლახით გამოვაღწიე და მარჯვნივ, მიხაილ ლერმონტოვის სახელობის ქუჩისკენ შევუხვიე. ლერმონტოვი თბილისის მიდამოებში 1837 წელს, სამხედრო ოფიცრის სტატუსით გადაასახლეს. ბრალად პუშკინის დუელისადმი მიძღვნილი ლექსის დაწერა ედებოდა, რომელიც პოეტის სიკვდილის საქმეში ცილისმწამებლების კვალზე მიუთითებდა. კავკასიაში სამსახურმა ლერმონტოვი იმ მასალით მოამარაგა, რომელზეც შემდეგ ირონიული სახელწოდების მქონე რომანი, „ჩვენი დროის გმირი“ ააგო (რომანი ასე იწყება: „საფოსტო ეტლით მივემგზავრებოდი ტფილისიდან …“). თავდაპირველად, 1820 წელს, ამ რეგიონს პუშკინიც პოლიტიკური დევნილის რანგში ეწვია და ადგილობრივი გარემოთი შთაგონებულმა, „კავკასიელი ტყვე“ დაწერა. ამ ნარატიულ პოემაში ჩერქეზ ქალს რუსი ტყვე უყვარდება – „ბაირონისეული“ მამაკაცი, რომელიც მეტისმეტად გულჩათხრობილია საიმისოდ, რომ ქალის გრძნობებს გრძნობითვე უპასუხოს. მას შემდეგ, რაც ქალი მის გასათავისუფლებლად სიცოცხლეს გაწირავს, კაცი ევედრება, რუსეთში წამომყევიო. ქალი, რომელსაც ბედნიერების ძალი აღარ შესწევს, წყალში გადავარდება და თავს იხრჩობს. „კავკასიელი ტყვე“ რუსულ ლიტერატურაში კავკასიის შესახებ დაწერილ პირველ დიდ ნაწარმოებად მიიჩნევა და მოგზაურობის სამზადისში ეს წიგნი საგულდაგულოდ გადავიკითხე.

ეპილოგში პუშკინი ჩერქეზი გოგოს ბედს ჩრდილოკავკასიელი ხალხის ბედისწერას ადარებს. მისი ყველაზე ავისმომასწავებელი სტრიქონი: „დამორჩილდი, კავკასიავ, ერმოლოვი მოდის!“ – ამასწინათ „ტელეგრამის“ უკრაინულმა ბოტმა მომაგება ციტატის სახით. რუსეთის სარდალმა, გენერალმა ალექსეი ერმოლოვმა, რომლის დაუნდობელ ტაქტიკას მთიანი ჩერქეზეთის მოსახლეობის ცხრა მეათედის ამოჟლეტაში დიდი წვლილი მიუძღვის, ერთხელ განაცხადა: „ჩემი სახელის წინაშე ძრწოლამ უფრო საიმედოდ მინდა დაიცვას ჩვენი საზღვრები, ვიდრე – ჯაჭვებმა და ციხე-სიმაგრეებმაო“. ამ ამბიციის ხორცშესხმაში მას, სავარაუდოდ, პუშკინიც დაეხმარა.

პუშკინის სკვერისკენ მიმავალი პუშკინის ქუჩისკენ რომ გავუხვიე, პუშკინიც იქ დამხვდა – კერძოდ კი, მისი ბიუსტი, რომელიც ვარდისფერი მარმარილოს კვარცხლბეკზე წამომართულიყო. დავინახე თუ არა, ცოტა არ იყოს, გულზე მომეშვა. მერე შემრცხვა, რომ მომეშვა. გავიფიქრე, ნეტავ თავად პუშკინი რას განიცდიდა და  ყმაწვილკაცობაში დაწერილი ლექსისათვის ოცი წლისა იმპერატორმა სამშობლოდან რომ გააძევა, მაშინ თუ აწუხებდა სირცხვილი-მეთქი. „გადასახლებიდან სანქტ-პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ პუშკინმა რუსეთის ტახტის კრიტიკა შეწყვიტა და ხელი მიჰყო დიადი იმპერიისადმი მიძღვნილი ოდების წერას, რომლებშიც  მეზობელი ხალხებისადმი ცარისტული რეჟიმის იმპერიულ აგრესიას ასხამდა ხოტბას“ – ეს უკრაინული ჩეტბოტის მიერ შემოთავაზებული, ქრონოლოგიურად რედუქციული, თუმცა, არცთუ უზუსტო ინტერპრეტაციაა. ცხოვრების ბოლომდე პუშკინი ხან ინდივიდუალური თავისუფლების ქომაგი იყო და ხანაც – იმპერიის მეხოტბე.

პუშკინის პოემაში „ბრინჯაოს მხედარი“ (1837) პეტრე დიდი „უბადრუკ ფინელთა“ გამურული ქოხებით მოფენილ ჭაობს დასცქერის და ამ ადგილას სანქტ-პეტერბურგის დაარსების გეგმას სახავს (სწორედ დასავლეთისკენ მიმართული, ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მქონე დედაქალაქის დაარსებისა (1703) და სამხედრო და სამოქალაქო ინსტიტუტების რადიკალური ვესტერნიზაციის გზით გარდაქმნა პეტრემ რუსეთი მსხვილ ევროპულ სახელმწიფოდ). „აქედან შვედეთს დავემუქრებით“, ფიქრობს პეტრე. ამ სურათში პუტინს არაფერი მომაგონებსო, ნამდვილად ვერ იტყოდი. ამავე დროს, „ბრინჯაოს მხედარი“ კოშმარული ფანტაზიაა, რომელშიც სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ცნობილი ძეგლი, ცხენოსანი პეტრე, კვარცხლბეკიდან ჩამობრძანდება და მავან წვრილ მოხელეს შიშით გულს უხეთქავს. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ნაწარმოები ძეგლებისადმი პუშკინის ამბივალენტურ დამოკიდებულებასაც მოწმობს. ამავე დროს, ეს არის პოემა ძეგლზე, რომელიც კვარცხლბეკიდან საკუთარი ფეხით ჩამოქვეითდება. ნეტავ, რას იტყოდა პუშკინი უკრაინულ მოძრაობა „პუშკინთცვენაზე”? ალბათ, გააჩნია, მაინც რომელ პუშკინს შევეკითხებოდით.

„მწერალთა სახლისკენ“ კიდევ ერთი ცისფერყანწელის – გალაკტიონ ტაბიძის[5] ქუჩის გავლით გავბრუნდი. ტაბიძემ, რომლის ცოლი და ბიძაშვილი რეპრესიებმა იმსხვერპლა, ბოლოს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომით მოისწრაფა სიცოცხლე. გავიფიქრე, ნეტავ ისედაც რეპრესირებული მწერლების მუზეუმში ხომ არ ვიმყოფები-მეთქი. იქნებ, ის დაკეტილი კარი მუზეუმს გარეთ კი არა, მასში გამომწყვდეულებს გვტოვებდა?

თბილისის ერთ-ერთი დაწესებულება, რომლის ნახვაც მთელი გულით მინდოდა, თბილისის საიმპერატორო თეატრი იყო. 1851 წელს ის, ერთი მხრივ, რუსული კულტურის პოპულარიზაციისათვის, მეორე მხრივ კი, ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული ომიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად გახსნეს. ახალგაზრდა ტოლსტოი აქ იტალიურ საოპერო წარმოდგენას დაესწრო და ეჭვიც არ მეპარებოდა, ეს სწორედ ის თეატრი იყო, მის მოთხრობაში ჰაჯი მურატი რომ ესტუმრა. როგორც აღმოჩნდა, თეატრი, საუბედუროდ, 1874 წელს დამწვარიყო. ავდექი და იმ ადგილას მივედი, სადაც ოდესღაც თეატრი იდგა – თავისუფლების მოედანზე, ანუ პუშკინის ქუჩისა და თბილისის მთავარი არტერიის – რუსთაველის გამზირის გადაკვეთაზე. ხალხმრავალ მოედანზე ვიდექი. მეცხრამეტე საუკუნის ფსევდომავრიტანულ სტილში ნაგები ქალაქის საკრებულოს შენობიდან მზერა სასტუმრო „კორტიარდისკენ“ გადავიტანე, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისიდან „მერიოტის“ ჩვეულ სტილში გადაეკეთებინათ და ვიგრძენი, თანდათანობით როგორ კარგავდა მნიშვნელობას სიტყვები „ცენტრი“ და „პერიფერია“. როგორი როლი შეასრულა ტოლსტოის კარიერაში თბილისმა – პერიფერიული თუ ცენტრალური? პირველი რომანი – „ბავშვობა“ – ტოლსტოიმ თბილისში დაწერა, თუმცა მისი მოქმედება რუსეთში მიმდინარეობს. თბილისში სტუმრობიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ შექმნილი „ჰაჯი მურატი“ კი რუსეთში დაიწერა, თუმცა, მისი მოქმედების ნაწილი თბილისში ვითარდება.

ხშირად ამბობენ, რომ „რევოლუციისა“ და „მოდერნულობის“ მსგავსი ისტორიული ფენომენები ცენტრში იწყება, შემდეგ კი პერიფერიებისკენ ვრცელდება.  თუმცა, ეს იერარქია თუ ქრონოლოგია – ჯერ ცენტრი, მერე პერიფერია – შესაძლოა, კვალს გვიბნევდეს. ფორმალური თვალსაზრისით, კაპიტალიზმი თვითკმარ დასავლეთ ევროპაში არ დაბადებულა და შემდეგ დანარჩენ სამყაროზე არ განვრცობილა. მისი ჩამოყალიბება თავიდანვე იმ დოვლათმა განაპირობა, დასავლეთ ევროპაში არაევროპული კოლონიებიდან რომ შეედინებოდა. სინამდვილეში, პერიფერიების როლი მუდამ ცენტრალური იყო.

ამან ედვარდ საიდის „კულტურა და იმპერიალიზმი“ (1993) მომაგონა – კლასიკური ტექსტი, რომელიც პირველად მხოლოდ უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ წავიკითხე. რომანებს საიდიც ამავე პერსპექტივიდან აკვირდება. ის აღნიშნავს, რომ რომანები ლიტერატურის გაბატონებულ ფორმად მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთსა და საფრანგეთში იქცა – სწორედ იმ ხანაში, როცა ბრიტანეთი მსოფლიო ისტორიაში უდიდეს იმპერიად ყალიბდებოდა, საფრანგეთი კი – მის მეტოქედ. რომანები და იმპერიები სიმბიოზურად ვითარდებოდა, ერთმანეთს განსაზღვრავდა და ასულდგმულებდა. ერთ-ერთი პირველი ბრიტანული რომანი – „რობინზონ კრუზო“ – გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილ ინგლისელზე მოგვითხრობს, რომელიც არაევროპული კუნძულის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ექსპლუატაციაში ოსტატდება. „მენსფილდ-პარკის“[6] ცნობილ ანალიზში საიდი რამდენიმე მონაკვეთს უღრმავდება, სადაც კიდევ ერთ, ანტიგუაზე მდებარე მამულს ახსენებენ – ეს მენსფილდის მემამულის კუთვნილი შაქრის პლანტაციაა. აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ინგლისური სოფლის მემამულეები მონათა შრომის ხარჯზე ცხოვრობენ, არამედ ისიც, რომ რომანის შინაარსი კოლონიური მეწარმეობის პირდაპირი ანარეკლია. მენსფილდში უცხოდ მოსული ფანი პრაისი არაერთხელ გადალახავს რთულ საზოგადოებრივ გამოცდას და ბოლოს, ბარონეტის ვაჟზე ქორწინდება. რაციონალური სუბიექტი უგუნური ხალხით დასახლებულ, საშიშ ახალ ადგილას მიდის და მისი კანონიერი მესაკუთრე ხდება. რას გეუბნებათ ეს ამბავი მსოფლიოს მოწყობის პრინციპების შესახებ?

კოლეჯში საიდის ადრინდელ, უფრო ცნობილ წიგნს – „ორიენტალიზმს“ გავდიოდით, რომელსაც სტუდენტებს კავკასიის შესახებ არსებული რუსული ლიტერატურის პარალელურად აკითხებენ ხოლმე (წიგნი იმაზეა, თუ როგორ განამტკიცებს დასავლეთის გაბატონებულ პოზიციას აღმოსავლეთის დასავლური სამეცნიერო და სახელოვნებო პერსპექტივიდან აღწერა). თუმცა, „კულტურასა და იმპერიალიზმს“ მაშინ არ ვიცნობდი და არც იმაზე დავფიქრებულვარ, თუ რა როლს ასრულებდა „ანა კარენინას“ მსგავს რომანებში იმპერიალიზმი. პოსტკოლონიური კრიტიკა, რომელსაც საიდმა გზა გაუკაფა, თავდაპირველად ბრიტანული და ფრანგული კოლონიალიზმის შედეგებზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო რუსეთის, თურქეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მსგავსი ადგილები ფოკუსს მიღმა რჩებოდა. თავად საიდს „ორიენტალიზმში“ რუსეთის მაგალითი როდი მოუყვანია. მისი თქმით, ერთი მხრივ, ეს მეტისმეტად ვრცელი საკითხი იყო. მეორე მხრივ კი, რადგან რუსეთი მეზობელი ტერიტორიების ათვისების ხარჯზე იზრდებოდა და არა – ზღვისგადაღმა მდებარე სივრცეების დაპყრობით, ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, მის შემთხვევაში წარმოსახვითი პროექცია არცთუ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა (აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ, რუსული ლიტერატურის პროგრამათა კურიკულუმები უკვე იცვლება. ერთ-ერთმა გავლენიანმა პროფესიონალურმა ორგანიზაციამ – „სლავური კულტურების, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევის ასოციაციამ“ – 2023 წლის კონფერენცია სწორედ დეკოლონიზაციის საკითხს მიუძღვნა).

თბილისში ცხადად ჩანდა, რომ კოლონიის აშენებასა და შენარჩუნებაზე რუსეთის იმპერიას დიდძალი შემოქმედებითი რესურსი დაეხარჯა და რომ შესაძლოა, ამ საქმეში როლი ჩემს საყვარელ რომანებსაც ეთამაშა. „ევგენი ონეგინში“ არაერთხელ მივბრუნებივარ ტატიანას ქმარს, „ბრძოლაში დაშავებულ“ ომის გმირს. ამ პერსონაჟს ნაწარმოებში გაკვრით ახსენებენ, თუმცა ის ტატიანას ტრანსფორმაციის კატალიზატორია, რომელიც პერსონაჟებს ადგილებს უცვლის და ახლა უკვე ონეგინის გულს განგმირავს ტატიანასადმი სიყვარულით. თვით გენერალს ვინ შეიძლებოდა დაესახიჩრებინა, ამაზე „ევგენი ონეგინში“ არაფერია ნათქვამი. ამის ნაცვლად, სულ სხვანაირი მოწყვლის მოწმენი ვხდებით – ტატიანა ონეგინს უგრძნობლად უმზერს. მის ფერხთით მიცვალებულივით ფერმიხდილი ონეგინი განრთხმულა, დერეფანში კი გენერლის დეზების წკარუნი გაისმის. ამ სცენაში ტატიანა „კავკასიელი ტყვის“ პერსონაჟ ჩერქეზ გოგონას ჰგავს, რომელიც იქამდეა უნუგეშოდ შეყვარებული, სანამ რუსეთის იმპერიისათვის ხეირისმომტან ნაბიჯს არ გადადგამს და ამით თავს არ გაინადგურებს. განა პუშკინის ბედიც ასე არ წარიმართა? ტატიანა წინდაუხედავი წერილით გამოუტყდა ონეგინს სიყვარულში. პუშკინმაც წინდაუხედავად მიუძღვნა ოდა თავისუფლებას. ტატიანა სანქტ-პეტერბურგის საზოგადოების დედოფლად იქცა; პუშკინი კი – მის მთავარ პოეტად.

რაც შეეხება „ანა კარენინას“, ის მართლაც იქ იწყება, სადაც „ონეგინი“ დამთავრდა – უნაკლოდ გამოწყობილი ქალი-პერსონაჟი გავლენიან იმპერიალისტზეა დაქორწინებული. ცენტრსა და პერიფერიას შორის დაძაბულობა ნაწარმოების საფუძველშივეა ჩაქსოვილი. როგორც ცნობილია, კარენინის პერსონაჟი – სახელმწიფო მოხელე, რომელიც „ქვეშევრდომი ხალხების“ გადასახლების საქმეში მონაწილეობს – ტოლსტოის გარკვეულწილად 1861-1868 წლებში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიოტრ ვალუევის ფიგურამ შთააგონა. ვალუევი  რუსეთის მიერ ურალის მთების მიმდებარე ბაშკირული მიწების მითვისების საქმეს ხელმძღვანელობდა. მანვე გამოსცა ცნობილი დეკრეტი, რომელიც რუსეთის იმპერიაში უკრაინულ ენაზე შედგენილი საგანმანათლებლო და რელიგიური ტექსტების გავრცელებას კრძალავდა (დეკრეტში ვკითხულობთ: „განცალკევებულ მცირერუსულ ენას არასდროს უარსებია, არც არსებობს და არც იარსებებს“).

ტატიანასგან განსხვავებით, ანა იმპერიის მშენებელი ქმრის ერთგული როდი რჩება. ის კარენინს ვრონსკის გამო მიატოვებს, რომელიც ტაშკენტში შეთავაზებულ პრესტიჟულ სამხედრო თანამდებობაზე ამბობს უარს, რათა ანასთან ერთად იტალიაში გამგზავრება შეძლოს. თუმცა, საბოლოოდ, იმპერიის არმია ვრონსკის უკან იბრუნებს. სწორედ ანას უსიცოცხლო თავის უკანასკნელი ხატი გაუელვებს გონებაში ვრონსკის, როცა ის ოტომანთა წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა პან-სლავურ დანაყოფში გასაწევრიანებლად სერბეთისკენ მიემგზავრება. რადგანაც ანა მკვდარია, სასიყვარულო გეგმებს კი წერტილი დაესვა, ვრონსკის განუზრახავს, სიცოცხლე მოისწრაფოს და გზად რაც შეიძლება, მეტი თურქი გაისტუმროს საიქიოს. აქ  უკრაინელი კრიტიკოსის, ლიუბოვ ტერეხოვას მიერ ახლახან გამოქვეყნებული წერილი მაგონდება, სათაურით „დიდი რუსული რომანის მისტიკური სულისკვეთების დეკოლონიზაცია“.[7] როცა რუსეთი ტერეხოვას მშობლიურ კიევს ბომბავდა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მყოფი კრიტიკოსი „ანა კარენინას“ კრიტიკულად გადააზრებას ცდილობდა. „რუსეთი გამუდმებით აჩაღებს ომს, სადაც კაცი სიკვდილის საძებნელად გაქცევას შეძლებს“ – წერს ტერეხოვა ამ წერილში.

            მოკლედ, ლიტერატურა სულ სხვადასხვაგვარად შეიძლება იკითხებოდეს – გააჩნია, სად კითხულობ. აი, ამ საკითხზე ვესაუბრებოდი ერთ ნაშუადღევს თბილისის თავზე გადმოკიდებულ ბაღში სადილობისას ანა კატსს –  საქართველოში დაბადებულ რუსულენოვან მკვლევარს, რომელიც ბავშვობაში ლოს-ანჯელესში ემიგრირდა და ამჟამად, სოციალისტური არქიტექტურის სპეციალისტია. მადინა ტლოსტანოვას ესეის განვიხილავდით, სახელწოდებით „შეუძლია თუ არა პოსტსაბჭოთას, იფიქროს?“.[8] ტლოსტანოვა ლათინურ ამერიკაში ორიათასიანი წლების გარიჟრაჟზე ჩამოყალიბებული დეკოლონიალობის თეორიის უზბეკ-ჩერქეზი მხარდამჭერია. ამ თეორიის საკვანძო იდეა ის არის, რომ „ფიქრი“ არც უალაგოა და არც – უსხეულო. ამასთან, ფიქრის უმთავრესი პრინციპი დეკარტისეული „ვფიქრობ, მაშასადამე – ვარ“ კი არ არის, არამედ „სადაც ვფიქრობ, ის ვარ“.

            გამახსენდა, პირველად როგორ წავიკითხე პუშკინის „მოგზაურობა არზრუმში“ იმ ზაფხულს, ოცი წლის რომ გავხდი და როგორ ვცდილობდი, თავადაც დამეწერა სამოგზაურო ჟანრის ჩემი პირველი თხზულება სტუდენტური გზამკვლევისათვის. რუსეთში მივლინება ვითხოვე, მაგრამ რუსული საკმარისად კარგად არ ვიცოდი და ამის ნაცვლად, თურქეთში გამიშვეს. რუსული უკეთ რომ მესწავლა, ღამის ავტობუსებში პუშკინს ვკითხულობდი და საქალაქთაშორისო სადგურების სამარშრუტო განრიგის დაფებზე ერზურუმს (პუშკინის არზრუმს) რომ მოვკრავდი თვალს, გული სიხარულით მიფანცქალებდა.

            თურქეთში გამგზავრება არც პუშკინის პირველადი არჩევანი ყოფილა. თავდაპირველად, პარიზში სდომებია წასვლა, მაგრამ ოფიციალურ ნებართვაზე უარი რომ მიიღო, ქვეყნიდან გასასვლელად იმ ერთადერთ გზას მიმართა, რომელიც თავში აზრად მოუვიდა და 1828-29 წელს გაჩაღებულ რუსეთ-თურქეთის ომში მიმავალ სამხედროებს გაჰყვა თან. ამ თავგადასავლის შედეგად დაწერილი სამოგზაურო დღიურის ტონი მსუბუქი ყბედობიდან შემზარავ მოვლენათა გულგრილ აღწერამდე მერყეობს და მკითხველს სულიერ წონასწორობას ურღვევს: „ჩერქეზებს ვძულვართ“, წერს პუშკინი ერთგან. „ჩვენ ხომ ისინი საკუთარი იალაღებიდან გამოვყარეთ. მათი აულები [სოფლები – ავტ.] გაპარტახებულია, მთელი ტომებია განადგურებული“. კავკასიაში პირველი მოგზაურობიდან ცხრა წლის შემდეგ, პუშკინმა, როგორც ჩანს, ჩერქეზთა სავალალო მდგომარეობა უკეთ გაიაზრა (2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ჩერქეზეთში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარების შესახებ). თუმცა, მომდევნო წინადადებაში ის დაუსაბუთებლად შენიშნავს, რომ ჩერქეზი ჩვილი ბავშვები ხმლის ქნევას ლაპარაკზე ადრე სწავლობენ. ამის შემდეგ პუშკინი სამხედროებთან ერთად სადილობას აღწერს. მოსადილე ჯარისკაცები შენიშნავენ, როგორ მოემართება მოპირდაპირე მთის ფერდობზე მდებარე რუს კაზაკთა მაშველი ჯარის სადგომიდან ოტომანთა არმია, რომელიც გზად კაზაკის „თავმოკვეთილ და დასახიჩრებულ“ გვამს ტოვებს. ამ სცენიდან პუშკინი სწრაფად და მოქნილად გადადის ბანაკის ცხოვრების სიამეთა აღწერაზე: „ვახშმად აზიურ მწვადს გეახელით, რომელსაც ინგლისური ლუდი და ტავრიდის თოვლში ჩაციებული შამპანური დავაყოლეთ“.

            რისი დანახვის უფლება შეუძლია თავს მისცეს მწერალმა ან მკითხველმა? შეეძლო თუ არა პუშკინს, საკუთარი თავისთვის იმის დანახვის უფლება მიეცა, რომ ჩერქეზთა „გადასახლებით“ პირად სარგებელს იღებდა? რამდენად მკაფიოდ ხედავდა ამას? და თუკი ხედავდა, რამდენ ხანს შეეძლო თვალხილული დარჩენილიყო?

            სადილის შემდეგ კატსი და მე ფუნიკულიორით მთაწმინდის წვერზე ავედით, სადაც, მისი მტკიცებით, თბილისის ყველაზე გემრიელ კრემიან ფუნთუშებს აცხობდნენ. ხეთა კენწეროების თავზე მოქცეული, ჩემს საკუთარ ეროვნულ და გლობალურ პრივილეგიებზე ვფიქრობდი, რომელთა მასშტაბს წლიდან წლამდე სულ უფრო მკაფიოდ ვიაზრებდი და დავასკვენი, რომ სულაც არ მიჭირდა იმის გაგება, როგორ შეიძლებოდა, პუშკინს სიმართლე თან აღექვა და თან – ვერა.

            ლიტერატურაში დამსახურებასა და სამხედრო ძალაუფლებას შორის მიმართება ფიქრთა საამოდ გასართველი საკითხი როდია. მინდა ვიფიქრო, რომ პუშკინი მაშინაც მეყვარებოდა, პეტრესა და ეკატერინე დიდს ვრცელი გარე და შინაომები რომ არ გაეჩაღებინათ, რომლებითაც რუსეთი ძალთა ევროპული წონასწორობის ველში შეათრიეს. თუმცა, ეს ომები რომ არა, ნეტავ მაინც თარგმნიდნენ პუშკინის ნაწარმოებებს ინგლისურად? ნეტავ, მაინც თუ დააწყობდნენ მის წიგნებს ნიუ-ჯერსის ჩრდილოეთ ნაწილში, 22-ე გზატკეცილზე მდებარე „ბარნს ენდ ნოუბლის“ მაღაზიაში? მოხვდებოდა კი ეს წიგნები მსოფლიოს იმ ზესახელმწიფოში, სადაც 70-იან წლებში ჩემმა მშობლებმა საუკეთესო სამეცნიერო აღჭურვილობის ძიებაში ამოჰყვეს თავი? რომც ეთარგმნათ და რომც წამეკითხა, შესაძლოა, მათ სიკარგეს ვერც კი მივმხვდარიყავი. კარგი იქნებოდა კი?

            თბილისში ოქსანა ზაბუჟკოს 1996 წლის კლასიკური რომანი, „უკრაინული სექსის საველე კვლევა“ გამახსენდა, რომელიც კიევში 2019 წლის მოგზაურობისას წავიკითხე. „რაღაც სასწაულით, ამ ენაზე ისეთი ნაწარმოებიც რომ შექმნა, „გოეთეს ფაუსტს თავში რომ ჩაუკაკუნებს“, წერს ზაბუჟკო უკრაინული ენის შესახებ, „მას ბიბლიოთეკის თაროზე შემოდებდნენ და არავინ წაიკითხავდა“. მისი მთხრობელი, უსახელო უკრაინულენოვანი პოეტი ქალი, რომელიც ჰარვარდს სტუმრობს, არაერთხელ გრძნობს თავს დამცირებულად. ჯიბე გამოფხეკილი აქვს, მის შემოქმედებას კი იშვიათად თუ თარგმნის ვინმე. მიუხედავად ამისა, ქალი ინგლისურად ან რუსულად წერაზე უარს ამბობს. ეს, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, „ნაციონალისტ-მაზოხისტი“ პერსონაჟი წინაპრებს უნახავს ერთგულებას – იმ პოეტებს, რომლებმაც „უკრაინული ენის მიმქრალ ნაღვერდალს საკუთარი თავები ფიჩხივით შეუკეთეს, ამის საბუთად კი გამწარებული ბედისა და წაუკითხავად მიგდებული წიგნების მეტი ხელთ არაფერი შერჩათ“.

            რატომ დარჩა ეს წიგნები წაუკითხავად? იმიტომ, რომ პუშკინის ნაწარმოებებს ვერ შეედრებოდა? თუ – პირიქით? თუკი წიგნს არავინ კითხულობს და ის სხვა წიგნებზე არ ახდენს გავლენას, ამის გამო მომავალი მკითხველებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და რეზონანსული იქნება? მეორე მხრივ, რამდენად შეიძლება „კარგი“ წიგნი დაიწეროს ძლიერი ლიტერატურული ინსტიტუციების გარეშე? „ევგენი ონეგინი“ პუშკინმა უდავოდ იმ გამომცემლებთან, მეგობრებთან, მეტოქეებთან, კრიტიკოსებთან და მკითხველებთან მუდმივი დიალოგის შედეგად შექმნა, რომელთა გამოხმაურება გადასახლებაშიც კი არ მოჰკლებია. ნიკოლაი გოგოლი, რომელიც 1809 წელს უკრაინაში დაიბადა და პუშკინის ბადალი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ცნობილ მწერლად მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში გადასვლის შემდეგ იქცა.

            გოგოლმა, რომელიც 2022 წლიდან რუსული ლიტერატურის შესახებ წამოწყებული დისკუსიის ცენტრალურ ფიგურად იქცა, კრიტიკოსებს შორის აღიარებას რუსეთის დედაქალაქში მას შემდეგ მიაღწია, რაც უკრაინულ საკითხებზე რუსულად დაიწყო წერა. თუმცა, მაქებარი კრიტიკოსები მოუწოდებდნენ, უფრო უნივერსალურ – ე.ი. – უფრო რუსულ – საკითხებზეც ეწერა. მართლაც, მალე გოგოლმა „პეტერბურგული მოთხრობები“ და „მკვდარი სულების“ პირველი ნაწილი დაწერა. ერთხელ  ლიტერატურული სალონის განთქმულმა მასპინძელმა ქალმა გოგოლს ჰკითხა, გულის სიღრმეში თავს რუსად გრძნობთ თუ უკრაინელადო. „ნუთუ წმინდანი გგონივართ, რომ ჩემი ყველა საძაგელი მანკიერების დანახვა შემეძლოს?“, კითხვას კითხვითვე უპასუხა გოგოლმა და შემდეგ ვრცელ ტირადას მოჰყვა თავისი და სხვების ნაკლოვანებათა შესახებ. ცხოვრების ბოლოს მწერალს სულიერი კრიზისი დაეწყო, გადაწყვიტა, რომ მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ცოდვით იყო აღბეჭდილი, საკუთარი ხელნაწერები (სავარაუდოდ, მათ შორის „მკვდარი სულების“ მეორე ნაწილიც) დაწვა, ჭამა შეწყვიტა და ორმოცდაორი წლის ასაკში ტანჯვით დალია სული.

            ახლა კრემლი გოგოლის ნაწარმოებებს იმის საბუთად იშველიებს, რომ უკრაინასა და რუსეთს საერთო კულტურა აქვთ (ესეი გოგოლის რუსობის შესახებ განთავსებულია ფონდ „რუსკი მირის“ ვებსაიტზე, რომელიც პუტინმა 2007 წელს დააარსა). პუტინის 2021 წლის სტატიის თანახმად, გოგოლის წიგნები „რუსულად არის დაწერილი და გაჟღენთილია მალორუსული [ე.ი. „მცირერუსული“ – ავტორის შენიშვნა] სიტყვა-თქმებითა და მოტივებით. განა შეიძლება, რუსეთმა და უკრაინამ ამ მემკვიდრეობის გაყოფაზე იდავონ?“.

            თბილისში გამუდმებით ვუბრუნდებოდი გოგოლის „ცხვირს“, რომლის მთავარი პერსონაჟი – საშუალო რანგის ჩინოსანი, მაიორი კოვალიოვი – ერთ დილას უცხვიროდ გაიღვიძებს. სამსახურებრივ და საქორწინო ასპარეზზე საკუთარი სამომავლო პერსპექტივით შეშფოთებული კოვალიოვი სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში დაეხეტება და თავის დაკარგულ ხორთუმს დაეძებს. უცებ მის სიახლოვეს ეტლი ჩერდება. იქიდან გადმოდის უნიფორმასა და ბუმბულით შემკობილ ქუდში გამოწყობილი პერსონაჟი, რომლის ჩაცმულობაც გვკარნახობს, რომ ის კოვალიოვზე უფრო მაღალჩინოსანია. ეს კოვალიოვის ცხვირია. „შენ რა, საკუთარი ადგილი არ იცი?“, მიმართავს კოვალიოვი, „ნუთუ ვერ შეგიგნია, რომ ჩემი ცხვირი ხარ!“.

            ცხვირი კი გულცივად პასუხობს: „ცდებით, ჩემო ბატონო. მე დამოუკიდებელი პიროვნება გახლავართ“.

            თუკი პუტინის საჯარო გამოსვლებს საკმარისად გაეცნობით, საკუთარი ცხვირისადმი კოვალიოვის დამოკიდებულება რაღაც კარგად ნაცნობს მოგაგონებთ. როგორ ბედავს სხეულის წანაზარდი თავის დამოუკიდებელ ორგანიზმად გასაღებას? ამ მცირერუსული ცხვირის დიდრუსული სახისგან განცალკევება ხომ სისასტიკეა! როგორც მრავალ სხვა რუსულ ნაწარმოებში, რომლებიც ხელახლა წავიკითხე, „ცხვირშიც“ იმპერიის ინტერესებია წინწამოწეული. პოლიცია კოვალიოვის სხეულის გაქცეულ ნაწილს მაშინ დააკავებს, როცა ცხვირი „ის-ისაა, რიგისკენ მიმავალ დილიჟანსში აპირებს ჩაჯდომას“. მაინც რა ნიშანდობლივია, რომ ცხვირს გეზი დასავლეთისკენ უჭირავს.

            იმ დილას, როცა ლექცია მქონდა დანიშნული, რუსთაველის გამზირზე გავისეირნე. ფართო, სამმწკრივიანი ტროტუარის გასწვრივ ნახმარი წიგნებით სავაჭრო დახლები ჩაემწკრივებინათ. ქართული წიგნების გვერდით, რომელთა წაკითხვაც არ შემეძლო, ტოლსტოისა და ტურგენევის ეული ტომები იმზირებოდნენ. ერთ დახლზე საბჭოთა ეპოქის სასკოლო რუკები ელაგა დასტებად. ერთ-ერთი მეთვრამეტე საუკუნის რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების ცვალებად საზღვრებს ასახავდა. დახლზე გაშლილი რუკა აქეთ-იქიდან ლატვიური სამზარეულოს რეცეპტების წიგნითა და დოსტოევსკის რჩეულ თხზულებათა კრებულით გაემაგრებინათ.

            დოსტოევსკის სალამი! – როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს. კრებულის გამოცემა „დანაშაულსა და სასჯელზე“ გადავშალე – ღარიბი სტუდენტის, რასკოლნიკოვის ამბავზე, რომელიც სწავლის ფულის გადასახდელად მოხუცი მევახშის მოკვლას განიზრახავს. გაყვითლებულ ფურცლებს რომ ვშლიდი, თვალში რამდენჯერმე ნაპოლეონის სახელი მომხვდა. მერე რასკოლნიკოვის იდეა მომაგონდა, რომლის თანახმად, „განსაკუთრებულ“ ინდივიდებს „იდეის ხორცშესხმის“ სახელით სხვა ადამიანების ხოცვის უფლება ენიჭებათ. ნაპოლეონს, რომელმაც ათასობით ეგვიპტელი დახოცა და არქეოლოგიური საგანძური მოიპარა, ხოტბას ასხამენ, როგორც ეგვიპტოლოგიის დარგის ფუძემდებელს. მაშ, რატომ არ უნდა ჰქონდეს სტუდენტს სწავლის გასაგრძელებლად ერთი პირის მოკვლის უფლება? აქ გავიაზრე, რომ რასკოლნიკოვის დანაშაულის ლოგიკა იმპერიალიზმის ლოგიკა იყო.

            „პუტინის 24 თებერვლის იერიშში დოსტოევსკიზმს დიდი წვლილი მიუძღოდა“, წერს ბუჩის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, გასული წლის აპრილში გამოქვეყნებულ ესეიში ოქსანა ზაბუჟკო. ამ შეჭრას ის „წმინდა წყლის ბოროტებისა და დიდი ხნის დაგუბებული ზიზღისა და შურის ამოფრქვევას“ უწოდებს და ამატებს: „რატომ უნდა ცხოვრობდეთ ჩვენზე უკეთესად? – ეუბნებიან რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს“. „დანაშაულსა და სასჯელში“ ეს გზავნილი იოლად იკითხება. რატომ უნდა ჰქონდეს ფული „ვიღაც უგვან ბებერ კუდიანს“, როცა რასკოლნიკოვი ღატაკია?

            დოსტოევსკი რასკოლნიკოვის მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, არ მიესალმებოდა (ამაზე სათაურიც მიგვითითებს. ნაწარმოები კი, საბოლოოდ, ციმბირის საპყრობილეში მთავრდება). თუმცა, მისი იდეები წიგნში გადმოსაცემად საკმარისად საინტერესოდ მიიჩნია. უნდა წავიკითხოთ თუ არა ეს წიგნი ამ ყველაფრის მიუხედავად?             „კულტურასა და იმპერიალიზმში“ ედვარდ საიდი ჯეინ ოსტინის შემოქმედების შესახებ სვამს მსგავს შეკითხვას. საიდის თქმით, თუკი „მენსფილდ პარკს“ „სანაგვეზე გადავუძახებთ“, ამით იმის შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, რომ ლიტერატურა მსხვერპლებისა და დამნაშავეების იზოლირებულ გამოცდილებათა გროვად კი არ დავინახოთ, არამედ – დინამიკურ ქსლად. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ ოსტინის რომანის გეოპოლიტიკურ ვაკუუმში კითხვა გამოსავალი არ არის. ამის ნაცვლად, კითხვის ახალი, „პოლიფონიური“ გზები უნდა გამოვნახოთ. ამ გადმოსახედიდან, „მენსფილდ პარკი“ ორი გეოგრაფიული განზომილების მქონე წიგნად უნდა დავინახოთ. პირველი განზომილება – ინგლისი – რომანში უხვად და გამოწვლილვით არის აღწერილი. მეორეს – ანტიგუას – კი წიგნი თითქოს რაც ძალი და ღონე აქვს, ავიწროებს და განდევნის თავისი გვერდებიდან, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ტექსტში მაინც ილანდება.

            პოლიფონიური ან სტერეოსკოპული წაკითხვა ძალზე საინტერესოდ მიემართება რუსულ მხატვრულ-ესთეტიკურ ნორმებს, სადაც „მსხვერპლისა“ და „დამნაშავის“ ან „ცენტრისა“ და „პერიფერიის“ მსგავსი კატეგორიები განსაკუთრებით მოქნილია. მადინა ტლოსტანოვა, დეკოლონიური პერსპექტივიდან მოსაუბრე კრიტიკოსი, იმპერიულ რუსეთსა და ოტომანთა სასულთნოს სპეციფიკური ტიპის, „მეორად“ იმპერიებად ახასიათებს. ევროპის კიდეზე ჩამოყალიბებული ასეთი იმპერია გარიყულობით გამოწვეული არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაციას ქვეშევრდომი ხალხების „მოდერნიზაციის“ მეშვეობით ცდილობს. პეტრე დიდის მიერ რუსეთის ვესტერნიზაცია არაღიარებული ტრავმის გამოვლინებად შეგვიძლია დავინახოთ. მკვლევარ ბორის გროისის სიტყვებით, ამ „მტკივნეულმა აცრამ“ რუსეთი „მასზე როგორც ტექნიკური, ისე – სამხედრო თვალსაზრისით აღმატებული დასავლეთის მიერ ნამდვილი კოლონიზაციისაგან დაიცვა“.

            კონტრაპუნქტული მიდგომა რუსი კლასიკოსების ზაბუჟკოს, ტლოსტანოვას, დათო ტურაშვილის, ნანა ექვთიმიშვილის, ნინო ხარატიშვილის, ტარას შევჩენკოს, ანდრეი კურკოვის, ევგენია ბელორუსეცისა თუ სერჰი ჟადანის ტექსტებთან ერთად წაკითხვას ნიშნავს. ეს ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართველი და უკრაინელი მწერალია, რომელთა ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე მოგვეპოვება. თუკი ასე მოვიქცევით, რომანის ავტორების პოლიტიკურ შეხედულებებს ფრჩხილებს გარეთ როდი გავიტანთ, როგორც ამას ადრე დოსტოევსკის შემთხვევაში ვცდილობდი.

            „სპექტეიტორის“[9] ერთ-ერთ სარედაქციო სვეტში, რომელიც მილანში დოსტოევსკის შესახებ დაგეგმილი ლექციების კურსის გაუქმების წინადადებას ეხმაურებოდა, ავტორმა ბედის ირონიად მიიჩნია იმ მწერლის „ცენზურაში გატარება“, რომელიც თავად „გაგზავნეს ციმბირის შრომით-გამასწორებელ ბანაკში ცარისტული რეჟიმის საწინააღმდეგო აკრძალული წიგნების კითხვისათვის“. როგორც ჩანს, იმპერიისეული რეპრესიის მსხვერპლობა კაცს რეპრესიული იდეების უკვდავყოფის უნარს როდი ართმევს. ციმბირში დოსტოევსკის თანამესაკნე პოლონელი ნაციონალისტი თავის მოგონებებში აღნიშნავს, როგორი დაჟინებით ამტკიცებდა დოსტოევსკი, რომ უკრაინა, ლიეტუვა და პოლონეთი „მუდამ რუსეთს ეკუთვნოდნენ“ და რუსეთის გარეშე „ბნელ უწიგნურობაში, ბარბაროსობასა და სიღატაკეში“ ჩაეფლობოდნენ.

            1880 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პუშკინის ძეგლის საზეიმო გახსნაზე იმ ადგილას, სადაც ახლა მოსკოვის პუშკინის მოედანია, დოსტოევსკიმ ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. ამ გამოსვლაში დოსტოევსკიმ პუშკინს ხოტბა შეასხა, როგორც ყველაზე რუს და, ამასთანავე, ყველაზე უნივერსალურ მწერალს. პუშკინის მიღწევები მან პეტრეს რეფორმებს დაუკავშირა, რომელთა მეშვეობით რუსეთმა არამხოლოდ „ევროპული ტანისამოსი, წეს-ჩვეულებები, გამოგონებები და მეცნიერება“ შეითვისა, არამედ სულში „სხვა ერების გენიაც“ ჩაინერგა. პუშკინის მსგავსად, რუსეთმაც იცოდა, როგორ გასცილებოდა ეროვნულ საზღვრებს და „ევროპულ შეუსაბამობათა ერთმანეთთან შეწყობას“ იწყებდა, რითაც ქრისტეს მოძღვრება უნდა აღესრულებინა. დოსტოევსკის ამ სიტყვას საზოგადოება ისტერიკით, ქვითინითა და ყვირილით შეხვდა. „თქვენ ის ამოხსენით!“ – ისმოდა ხალხში შეძახილი (იგულისხმებოდა, რომ დოსტოევსკიმ პუშკინის მარადიული ამოცანა ამოხსნა). დოსტოევსკის „სიტყვა პუშკინისადმი“ ფონდ „რუსსკი მირის“ ვებსაიტზეა ციტირებული.

            დოსტოევსკისა და პუტინს შორის პარალელის გავლების მიზანი არა დოსტოევსკის „ცენზურაში გატარებაა“, არამედ ტრავმისა და რეპრესიის მექანიკის გაგება. ერთ-ერთი მოვლენა, რომელმაც მწერლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ის შემთხვევა იყო, სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი თხუთმეტი წლის დოსტოევსკი ფოსტის სადგურთან რომ შეესწრო. მის თვალწინ უნიფორმაში გამოწყობილი კურიერი სადგურიდან გამოიჭრა, „ტროიკაში“[10] ჩახტა და მეეტლეს კისერში მუშტები დაუშინა. მეეტლე კი, თავის მხრივ, ცხენებისათვის მოჰყვა შოლტის გააფთრებით ცემას. „ტროიკა“ კისრისტეხით მოსწყდა ადგილს. დოსტოევსკიმ წარმოიდგინა, როგორ სცემდა იმ ღამით ცოლს თავის სოფელში დაბრუნებული მეეტლე.

            შემდგომში მწერალმა ეს მოგონება „დანაშაულსა და სასჯელში“ გამოიყენა და რასკოლნიკოვის კოშმარულ სიზმრად აქცია. სიზმარში რასკოლნიკოვი ხედავს, რომ პატარა ბავშვია და უყურებს, როგორ კლავს გლეხი ცხენს ცემით. გამოღვიძებული რასკოლნიკოვი ამ სიზმარს პირდაპირ უკავშირებს საკუთარ გეგმას, რომლის მიხედვითაც, მალე ნაჯახით ადამიანი უნდა მოკლას. შემდეგ ლოგინიდან დგება და მართლაც კლავს ადამიანს ნაჯახით. სხვაგვარად რომ ვთქვათ – ის, რომ ძალადობის გრძელი ჯაჭვის შუა რგოლი ხარ – იმის ცოდნაც კი, რომ ძალადობის გრძელი ჯაჭვის შუა რგოლი ხარ – ამ ჯაჭვიდან სასწაულებრივად როდი ჩაგხსნის. ეს ცოდნა დოსტოევსკის ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოუყენებია, თუმცა, როგორც ყველა კარგმა რომანისტმა, მომავალ მკითხველს მანაც იმაზე შორს ჭვრეტის საშუალება მისცა, ვიდრე საკუთარ ეპოქაში თავად შეეძლო დაენახა.  

რუსული ენის შემსწავლელი სტუდენტებისა და განათლების სპეციალისტებისგან შემდგარი აუდიტორია გულთბილად შეეგება ჩემს მოხსენებას იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა შევწყვიტოთ რუსული ლიტერატურის კითხვა. ერთმა სტუდენტმა „პუშკინთცვენა“ ახსენა და მკითხა, იდეალური იქნებოდა თუ არა ჩემთვის სამყარო, სადაც პუშკინის ძეგლებს ძირს ყრია. ხმამაღლა გავიფიქრე, ნეტავ იდეალურ სამყაროში ის თუ იქნებოდა შესაძლებელი, ლიტერატურული მიღწევისათვის პატივი ზევიდან მომზირალი ბრინჯაოს გიგანტური კაცების დადგმის ნაცვლად, რაიმე სხვა ფორმით მიგვეგო-მეთქი.

            საღამოს შევიტყვე, რომ ჩვენი ლაივსტრიმის[11] ერთ-ერთი მაყურებელი ჩვენ მიერ რუსული ლიტერატურის შესახებ მოხსენების ტრანსლაციას აპროტესტებდა. „მწერალთა სახლში“ დაბრუნებისას გზად ბარს ჩავუარე, რომლის დაფაზეც ცარცით წაეწერათ: „ufaso Rvino putinis sikvdilis აღსანიშნავად“. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა უშველებელი განსხვავებაა იდეალურ და რეალურ სამყაროებს შორის-მეთქი. პესიმიზმშემოწოლილს ის ესე გამახსენდა, სადაც ზაბუჟკო ციტირებს ტოლსტოის ფრაზას: „სამყაროში დამნაშავე ადამიანები არ არიან“. ზაბუჟკოს პერსპექტივიდან, ეს ფრაზა რუსულ ლიტერატურას მსხვერპლთა ნაცვლად, დამნაშავეებისკენ მიმართული თანაგრძნობის ორასწლიან დღესასწაულად აგვიწერს. ეს გზასაცდენილი თანაგრძნობა კი დანაშაულს – მათ შორის, ომის დანაშაულს – ასულდგმულებს.

            ზაბუჟკოს არგუმენტი რაღაცით ჩემს განცდებს დავუკავშირე. ნუთუ, არ შეგვეძლო, შებრალების, „ყველა მხარის დანახვისა“ და სიტუაციის „ობიექტურად“ გააზრების უნარებისთვის ფართო გზა მიგვეცა და მტკივნეული შედეგები, საბოლოოდ, კომპლექსურ, საინტერესო და უცვლელ მოვლენებად დაგვენახა? „კარგი“ რომანების საქმე ხომ თითქოს სწორედ ის იყო, რომ ადამიანთა ურთიერთობები ამოუხსნელ, საორჭოფო ფენომენად ეჩვენებინა. თუკი რომანში წამოჭრილი პრობლემა მეტისმეტად ცხადი იყო – მაგალითად, დამნაშავის ვინაობის მისახვედრად თავის მტვრევა არ გჭირდებოდა – ამას ცუდ ხელოვნებას ვუწოდებდით. ამ საკითხზე ფიქრი კარგა ხანია დამეწყო და ვჭოჭმანობდი, რამდენად სწორად მოვიქეცი, რომანების წერა რომ გადავწყვიტე-მეთქი. როგორც ჩანს, ეს დარდი ტოლსტოისაც აწუხებდა. „ანა კარენინას“ გამოქვეყნების შემდეგ მწერალმა „სულიერი კრიზისი“ თუ „ფერისცვალება“ განიცადა, საკუთარი რომანები ამორალურად შერაცხა და რელიგიური ტექსტების წერას მიჰყო ხელი. თუმცა, შემდგომში რომანებს კვლავ მიუბრუნდა და სხვა ნაწარმოებებს შორის, „ჰაჯი მურატიც“ დაწერა.

            ტოლსტოის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული „ჰაჯი მურატი“ ამ მწერლის შემოქმედების ჭრილშიცა და მეცხრამეტე საუკუნის რუსული მხატვრულ-ესთეტიკური კანონის თვალსაზრისითაც უნიკალურ ნაწარმოებად მიიჩნევა. ამ უნიკალურობას განაპირობებს ის საგულდაგულო სიღრმე, რომლითაც რომანი იმპერიის ქვეშევრდომის მსოფლხედვაში აღწევს. რომანის თავებში ტოლსტოი თანმიმდევრულად აღწერს ჩეჩნური სოფლის განადგურებას. ავტორი ამბავს ჯერ ახალგაზრდა რუსი ოფიცრის პერსპექტივიდან მოგვითხრობს, რომელიც სანქტ-პეტერბურგის კვამლით გაბუღული ოთახის ნაცვლად, „ამ დიდებულ მხარეში, მამაც კავკასიელებს შორის“ ყოფნით წარმოუდგენლად ბედნიერია. ამის შემდეგ კი ტოლსტოი ვითარებას აღწერს სოფლის მცხოვრებთა პერსპექტივიდან, რომელთა ცხოვრებაც „ასე დაუფიქრებლად და უგუნურად გაანადგურეს“. შედარებისთვის, მკითხველს პუშკინის „მოგზაურობა არზრუმში“ მოაგონდება – გამოშიგნული სოფელი, ჩაციებული შამპანური. მაგრამ ტოლსტოი, რომლის ცხოვრებაც პუშკინისაზე მრავალი ათწლეულით უფრო ხანგრძლივი გამოდგა, სოფლის მოსახლეთა წინაშე მდგარ საზარელ არჩევანს ააშკარავებს. მათ ხომ საკუთარ ღირებულებებზე უნდა აიღონ ხელი და ან რუსეთის იმპერიას შეუერთდნენ, ან – იმამ შამილის მიმდევართა წინააღმდეგობის მოძრაობას. იმამი სისასტიკით მეფე ნიკოლოზს ტოლს არ უდებს. როგორც დოსტოევსკისეული „ტროიკის“ ვითარებაში, ძალადობის ჯაჭვიცა და მისი წყვეტის შესაძლებლობაც აშკარაა.

            მრავალწახნაგოვნება „ჰაჯი მურატის“ ტექსტში იმთავითვეა ჩაქსოვილი. ამ რომანის ათი ვერსია არსებობს და მათგან საბოლოო არცერთი არ არის. მისი შავი ვერსია ტოლსტოის სიკვდილამდე – ანუ 1910 წლამდე – თან დაჰქონდა. 1898 წლის ჩანაწერში ტოლსტოი ახსენებს „ინგლისურ სათამაშოს“ – ერთგვარ სტერეოსკოპულ მოწყობილობას – რომლის შუშის ხუფის მიღმა ხან ერთი რამ გამოკრთება, ხან – მეორე. მწერლის თქმით, ჰაჯი მურატის პერსონაჟი სწორედ ამგვარად უნდა წარმოჩნდეს – როგორც „ქმარი, როგორც ფანატიკოსი და ა.შ.“. აზრად გამიელვა, რომ თავად რომანი „ჰაჯი მურატი“ იყო ის „ინგლისური სათამაშო“, რომლის შექმნის ტექნოლოგია ტოლსტოიმ მემკვიდრეობით ოსტინისა და დეფოსგან მიიღო. მას დროისა და სივრცის სხვადასხვა წერტილიდან სხვადასხვაგვარი სიმართლე უნდა ეჩვენებინა. ამით კი, შესაძლოა, საფუძველი შეერყია იმ სტრუქტურებისთვის, რომელთაც ოდესღაც თავადვე უმაგრებდა ზურგს.

            „ჰაჯი მურატის“ სიუჟეტი დიდწილად რუსეთს მიღმა, ჩრდილო კავკასიასა და საქართველოში ვითარდება – იმ ადგილებში, სადაც მხოლოდ რუსეთი როდია მართალი. ეს ის ადგილებია, სადაც სანქტ-პეტერბურგის კვამლით გაბუღულ ოთახებს გაქცეული ტოლსტოი მწერლად იქცა. „ჰაჯი მურატს“ თბილისიდან რომ ვაანალიზებდი, აღმოვაჩინე, რომ „ანა კარენინაც“ სწორედ ამდენადვე სტერეოსკოპული რომანია. ჩემს აღქმაში, ის წინანდებურზე უფრო მოქნილ და პირობით ტექსტად იქცა – თითქოს თავად რომანის არსის მსგავსად, ანას ბედისწერასაც მუდმივი გარდასახვის უნარი შეეძინა.

            თბილისში ყოფნისას ერთ საღამოს რეჟისორ სალომე ჯაშს შევხვდი. ჩვენი შეხვედრა იმ სახლის მეზობლად მდებარე რესტორანში შედგა, ოდესღაც ტოლსტოი რომ ცხოვრობდა. ჯაშის 2021 წლის ფილმმა, სახელად „მოთვინიერება“, სრულიად მომნუსხა. სურათი გვიჩვენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმართულ პროექტს, რომლის განსახორციელებლადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ასობით ხეს თხრიან ძირფესვიანად და შავი ზღვის პირას მდებარე, კერძო დაფინანსებით მოწყობილ „დენდროლოგიურ პარკში“ გადააქვთ.

            ფილმში, რომელსაც ნარატივი არ გასდევს, ჯაში არსად ჩანს. კამერა ჩუმად დაჰყვება მუშებს, რომლებიც უზარმაზარი მანქანების მეშვეობით ხეებს თხრიან. ადგილობრივები, რომლებმაც ხეების მესაკუთრეობის უფლება არნახულ თანხებზე გაცვალეს, დაცარიელებულ მიწას, სატვირთო მანქანებისთვის გზის გასათავისუფლებლად გაკაფული ხეების გადანაჭრებსა და მოსხეპილ ტოტებს დასცქერიან. ხალხი ტირის, პირჯვარს იწერს, იცინის და მობილური ტელეფონებით ვიდეოებს იღებს. ზოგი სხვადასხვა ემოციას სინჯავს და აკვირდება, ვითარებას

უკეთ რომელი შეეფერება.

            ჯაშმა მითხრა, რომ ბავშვობაში, 1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს (აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებული, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფოა, რომელსაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის ისტორიულ ნაწილად მიიჩნევს) პატრიოტულ ლექსებს წერდა და ოცნებობდა, თავი სამშობლოსათვის მიეძღვნა. რუსული იცის, თუმცა გარდამავალ ასაკში რუსული წიგნების კითხვა შეწყვიტა. დოსტოევსკის რომანი დღემდე არ წაუკითხავს. არა პრინციპულობის გამოო, მითხრა.  უბრალოდ, რუსულ ენაზე კითხვა არ უნდოდა, თარგმნილი დოსტოევსკი კი აბა, რატომ უნდა წაეკითხა?

            ჩვენი ღვინის ჭიქები რომ შევავსე – ბოთლს ვიყოფდით – ჯაშის ფილმიდან ვეებერთელა ხეების გადატანის დაუვიწყარი კადრები მაგონდებოდა. სატვირთო მანქანის საბარგულზე მოთავსებული ერთი-ერთი მათგანი დინჯად მიირწევა სოფლის გზაზე. მეორე შავ ზღვაზე მცურავ ბარჟაზე შემოდებული მილივლივებს. მცურავი ხის ხატი, ფოთლებს ზღვის ნიავქარი რომ უქოჩრავს, იმდენად არამიწიერი სანახაობაა, რომ მისი გადახარშვა გიჭირს. თითქოს მეტაფორა უფროა, ვიდრე სამყაროში რეალურად არსებული რამ. ამ სურათში თითქოს აჩრდილივით გამოკრთოდა ივანიშვილის პიროვნება, რომელსაც ბევრი ქვეყნის ფარულ მმართველად მიიჩნევს. ამის შემდეგ დავინახე რობინზონ კრუზოს ღუზამოგლეჯილი კუნძული, რომელიც ჰორიზონტისკენ მიცურავდა. მერე ის ნარშავი დამიდგა თვალწინ, ტოლსტოიმ ოდესღაც მიწიდან რომ ამოგლიჯა, ახლა კი მასზე უფრო დიდი გამხდარიყო. სულ ბოლოს კი თვით დიდი რუსული რომანები დავინახე, ახლად გაშიშვლებული ფესვებითა და ცისკენ აწვდილი ვარჯით.


[1] სტატიის ორიგინალური ვერსია ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ 2023 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა. იხ.: Elif Batuman, “Novels of Empire,” The New Yorker, January 30, 2023. https://www.newyorker.com/magazine/2023/01/30/rereading-russian-classics-in-the-shadow-of-the-ukraine-war

[2] ამ ჯილდოსა და მისი გამცემი ორგანიზაციის შესახებ აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ: https://womensprizeforfiction.co.uk.

[3] „პენ ამერიკა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1922 წელს დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ლიტერატურისა და ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობს და მიზნად გამოხატვის უფლების მხარდაჭერას ისახავს.

[4] ქვიარი (ინგლ. queer) – ქოლგა-ტერმინი, რომლის ქვეშ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და სხვა არაჰეტეროსექსუალური/არასისგენდერული იდენტობის ადამიანები ერთიანდებიან.  

[5] გალაკტიონ ტაბიძე ავტორს აქ ალბათ ცისფერყანწელ ტიციან ტაბიძეში ეშლება (მთარგმნელის შენიშვნა).

[6] იგულისხმება ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანი, „მენსფილდ-პარკი“, რომელიც 1814 წელს გამოქვეყნდა.

[7] Lyubov Terekhova and Natalia Slipenko [translation], “Decolonizing the Mysterious Soul of the Great Russian Novel,” Heinrich Böll Stiftung | Kyiv – Ukraine, 29.03.2022. https://ua.boell.org/en/2022/03/28/dekolonizatsiya-zahadkovoyi-dushi-velykoho-rosiyskoho-romanu

[8] Madina Tlostanova, “Can the Post-Soviet Think? On Coloniality of Knowledge, External Imperial and Double Colonial Difference.” Intersections 1, no. 2 (22 June 2015). https://doi.org/10.17356/ieejsp.v1i2.38.

[9] „სპექტეიტორი“ ბრიტანული ყოველკვირეული ახალი ამბების ჟურნალია, რომელიც პოლიტიკას, კულტურასა და მიმდინარე სიახლეებს მიმოიხილავს. 

[10] „ტროიკა“ (რუს. тройка) – ფოსტის სამცხენა ეტლი რუსეთის იმპერიაში.

[11] ლაივსტრიმი – ღონისძიების პირდაპირი გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით.

© არილი

Facebook Comments Box