პოეზია

ნატალი დარასელია – თამამი თამაში და სხვა ლექსები

***

რა დარჩა შენი ძველი მესაგან?

ჭურჭლის ნამსხვრევებს, ქინძისთავებს, ყვავილის ეკლებს, კანიდან ათლილ ხორბლისფერ ხორკლს ბუმბულის ნაცვლად ჩურთავ ბალიშში და ყოველღამ ზედ თავს ასვენებ.

ვინ გაგიზიდავს შენს ნეშტს შენივე

ჭრილობებიდან, როგორც ლუსკუმას?!

შენს წმინდა წყლებში ვინ შემოცურავს

ანდა ვის მხარზე ამოიკვნესებ?

შენს თავს ათასი ჭინჭით გატენილს,

სუსხავს ცხელება – მწვანე ჭინჭარი.

ჩემო ძვირფასო, ჩემო მწველო, ჩემო ისმენე,

არ მოგისმენენ!

ნუ დაატარებ თვალებს კაცებზე,

რომლებიც – ცეცხლზე მდგარი ქვაბივით – გამოგადენენ წმინდა ოხშივარს.

როგორ დამზრალხარ, დამჭკნარხარ და წელშიც მოხრილხარ…

რა დარჩა შენი ძველი მესაგან?

რა მოგცა უცხო ხალხმა, ქალაქმა?

როდესაც დგახარ – კლდეებს შორისი,

უმწეო,

უღვთო,

უშნო,

უბირი…

ამოჩურთული ჯვარი უბიდან…

თითები – ცვილის ქანდაკებები…

შენს წარსულს ახლა რასღა უპირებ,

კართან ბოლოჯერ რომ მოგესარჩლა,

სახლში ბოლოჯერ რომ მოგეგება?

ფერგადასულო ლოდის ქარაგმავ …

გზა. ავტობუსში ბუზი გაჭყლიტეს.

და შენც დაფიქრდი, იქნებ, ბუზი ხარ?

ნუ ფიქრობ შენზე ძლიერ კაცებზე,

მათ მამებივით ნუ მოიზიდავ,

ნურც ამოხვრეპილ მუხლზე უზიხარ…

აქ არ იციან წმინდა მამობა.

გამოგაბამენ ყელზე ლაგამს და

გადაგიჭერენ გავას მათრახზე,

რომ ბავშვობის წვენს გამოგასალმონ…

უფრთხილდი კაცებს, ოინბაზებს და მატრაბაზებს.

რა დარჩა შენი ძველი მესაგან?

იქნებ, არც რაა ამონარჩენი,

რომ ვინმემ სხვისგან გამოგარჩიოს და ამ ლაბირინთს გადაგარჩინოს…

***

ვათვალიერებ ჩემს მკვდარ სხეულს.

ყველა ნაწილი

ერთმნიშვნელოვნად საჭიროა.

ნუთუ გავწბილდი?

როდესაც ხელი მოვიჭერი, როდესაც გული –

მარციპანისგან დაძერწილი ტორტის გულსართი – ამოვიგლიჯე სხეულიდან.

მივდივარ ახლა დახუნძლული სადღაც სადგურში,

სადაც ჩვეული ხალხმრავლობა სულს შემიხუთავს.

მოვა გამვლელი, გამყიდველი, გადამყიდველი

და მეტყვის:

– იმ წითელ გულსართს სასაჩუქრედ თუ შემიფუთავ?

რა გაეწყობა. ძუძუს ირგვლივ სიცარიელით

დაშინებული, დამწვარი და უკვე უგულო

ვფუთავ მარციპნის მარწყვისფერ გულს და სწრაფად ვყიდი.

ეს არის ჩემი ჯანმრთელობის ყანყალა ხიდი,

როცა ჯიბეში საერთოდაც არა მაქვს ფული.

გულს ვინღა ჩივის, ვინღა დარდობს, ვისღა აშინებს?

მერე კი შენი უგულობა მარცვლებით ქვიშის, ნიჟარებით და ზღვის კენჭებით ამოაშენო –

მთავარი არის.

შენ შვილო მგლისა, ცვარო მინდვრის და მთვარის ხარჭავ,

რაში დახარჯავ ამ მცირე ფულს?

რაში დახარჯავ?

ან ხვალ რომელი ნაწილებით აავსებ კალათს?

მოიჭრი ყურებს, ფეხისთითებს, დუნდულებს, თირკმელს…

– ახალი ხორცი!

დაიყვირებ, დაჯდები იქვე

ათას სახეში, ათას ფეხში და ათას ტანში.

არის სულმცირე რომანტიკა ასეთი ყოფის

გაძლებაში და ატანაში.

როდესაც ითმენ და შიგნით იღვრი ოქროს ცრემლებს,

როდესაც გშია,

როდესაც ტუჩი წყურვილისგან კვლავაც დაგისკდა.

ჩაივლის მღვდელი, შეყოვნდება და გეკითხება:

– შენ, შვილო ჩემო, რა ჯიშის ხარ, რა ასაკის ხარ?

შენ კი უბირი გაეცლები. ბრაკონიერი.

რომ სწავლობ ხრიკებს, საკუთარი მლაშე ხორცისთვის,

რომელსაც ჯამში ისე აწყობ – როგორც ყველს წათხში,

რომელიც ისე იბერება ამგვარი წათხით, რომ მერე ხელში ვეღარ იტევ ვერც კითხვისნიშანს:

ქვეყანა წახდა თუ ამ ტანჯვით თავადვე წახდი?

პატარავდები სირცხვილისგან, როგორც ლიფსიტა

რომელსაც, იცი, უეჭველად სხვა თევზი შეჭამს,

ვინმე რომ იყოს გულს ტირილით ამოიფსკვნიდი.

ვინმე რომ იყოს…

ხალხი, რომელიც მიდი-მოდის და სულს გიხუთავს…

გაწბილებული, გაყიდული.

კითხვა შორიდან:

– ამ მარციპნის გულს სასაჩუქრედ თუ შემიფუთავ?

***

შენ ხარ ტომარა კარამელის კანფეტით სავსე,

რომელსაც ირგვლივ მყარი გარსი თხელ ფენად მოსავს

და როცა თრთოლით კაცების წინ გაიხდი საცვლებს,

ნუ გეგონება დაშენილი მუშტები კოცნა.

როდესაც მინის ნამსხვრევების მსგავსად დაფშვნილი

შიში, ფიქრები, თვითგვემები, კრძალვა, სიმორცხვე

შემოერტყმება შენს წვრილ გავას, აღარ დაშინდე

და გაიხსენე, რომ პეპლები ამოგიხოცეს

მუცელში. შენი მუცელია ჭრელი პეპლების

ფიტულებით და ფრთებით სავსე, ცრემლებით სავსე

და მაინც, თუკი მშვიდი სახე აგიჭრელდება

სიმორცხვისაგან, როს პირველად გაიხდი საცვლებს,

ჩამოიფერთხე ყველა სახე და ყველა თვალი,

რომელიც ასე თავდაჭერით გბოჭავს და გამხელს,

ვინც უნდა იყოს, დედა, მამა თუ ნათესავი

დაივიწყე და საყვარელ კაცს მიაყრდენ სახე,

რომელიც მუცლის თეთრ რელიეფს აგივსებს ნერწყვით

და თაფლით მოსვრილ წითელ მარწყვებს მკერდზე დაგიწყობს,

რომ შენც სხვებივით ნეტარების ქარიშხალს ეცვა

და ქვიშით სავსე ჯართის გროვა გადაგავიწყდეს.

შენ ხარ ტომარა, კარამელის კანფეტით სავსე,

რომელსაც ირგვლივ მყარი გარსი თხელ ფენად მოსავს

და როცა თრთოლით კაცების წინ გაიხდი საცვლებს,

ნუ გეგონება დაშენილი მუშტები კოცნა.

თამამი თამაში

იხსნება ხავერდის გრძელი ფარდა

და თეთრი დროშებით მოფენილ სცენაზე

ვდგავართ და ვთამაშობთ.

მე ვწვები შენს ბასრ და წვეტიან ენაზე.

სადღაც კი დერვიში,

ხელში საბელით,

იშვება შიშზე

თავის ჩონჩხის გამოსაბმელად.

სცენის ირგვლივ კი ცეცხლი ანთია და

არ არის გასაქცევი.

ცეცხლია ქვევითაც,

სადაც დაღუპული ფესვებით მივდიოდი.

თვალები გამჭვირვალე და იის ამეთვისტო,

დადიხარ წინ და უკან,

მშიერო მოქანდაკევ,

ცდილობ ალიზივით დამწვა და ამითვისო.

ჩვენს თავზე დაფრინავენ უძრავო ყარყატები,

ყარყატებს ნისკარტით დააქვთ თოჯინები

და ეს თოჯინები მკვდარივით გვაძინებენ.

აჩრდილთა ტაშით კი დარბაზი ყანყალებს.

დგას ქვაბი, ცხელი წყლით, მინდვრებით.

ქვაბის ქვეშ ეშმაკთა ღუმელი ინთება

და შენი თითები

იპოვეს თითებმა.

მე გავა მითბება.

ბარძაყი მითბება

და ვლღვები.

ძუძუს ეხეთქება შენი ცისფერი

დგაფუნი, ტალღები.

ისევ უყვავილოდ ინაყოფა,

ისევ მოვმწიფდი

(და ლეღვიც

მომწიფდა).

დაწექი.

დაგტკეპნი.

ხერხემალს ხიდივით

ფეხებთან გავიდებ,

რომ შენით გავიდე

მიღმა. შორს.

მე მინდა ვიბავშვო

და შენ მზრდი.

გაშეშდი.

ფეხები გაშლილი – გამხდარი ფარგალი.

შენ ირგვლივ (ეს ფაზა

გიყვარს და გაცოფებს)

რომ შემოიფარგლოს,

სისხლიან წრეს ხაზავს

და ჩემს ბოთლს,

მტვრიან ბოთლს,

ეხსნება საცობი.

დაჭრილი ფურცლები იყრება ჭერიდან.

ხელში დაჭერილი

ღრუბელი დაიფშვნა.

ურევ კუპრს, ჭიქაში ალესილ დარიშხანს

და ჭიქას მაწოდებ,

რომ ირგვლივ ეს სცენა მოვრწყოთ და მოვახმოთ.

მე სხვა გზით მივდივარ.

შენ სხვა გზით წადი და

არ ვიცი, მოხვალ თუ

არ მოხვალ.

დასრულდა თამაში.

ხავერდის ფარდა კი

ჩემი სისხლი იყო,

შენს ტანზე დასხმული,

როდესაც ნაპირთან

ნაპოვნი ვეშაპივით

მფატრავდი.

ჩვენ კი სისხლის ფარდის ქვეშაგებს

ვალაგებთ. დავრეცხავთ.

და სხვა მსახიობებს

დავუთმობთ ამ სცენას,

უბიწო სარეცლად.

© არილი

Facebook Comments Box