პროზა

დავით ქართველიშვილი – უფროსი კაფკა ანუ ფალსიფიკაციის ესთეტიკური მხარე

პროლოგი

1934 წ.

ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს ის ხშირად ერეოდათ პოეტში და ამ ფაქტს ის საკმაოდ მძაფრად განიცდიდა.

1.მამა

1919 წ.

ძვირფასო შვილო,

ზუსტად 45 წუთი მივეცი საკუთარ თავს იმისათვის, რომ ჩემი სათქმელი გითხრა; რასაც მოვასწრებ, მოვასწრებ, რასაც ვერ, იქნებ ხვალ გავაგრძელო ამ წერილის წერა, თუმცა ვერ დაგპირდები, რომ მართლაც გავაგრძელებ, ვერც იმას დაგპირდები, რომ ოდესმე ამ წერილს გამოგიგზავნი, თუნდაც ფრაგმენტის სახით.

ასე რომ, ეს “იქნებ ხვალ გავაგრძელო” სათუო დაპირებად ჟღერს.

სინამდვილეში შენთან დალაპარაკება უშენოდ უფრო მინდა, ვიდრე შენი თანდასწრებით. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ჩემ წარმოსახვაშია შესაძლებელი. წარმოსახვას კი, ჩემგან არ გესწვლება, პოეტო, დიდი ძალა აქვს, რადგან ის გონებაში აღმოცენებული უსხეულო სამყაროა.

ხედავ, მეც შემიძლია ფიქრი, მაგრამ ფიქრი ჩემი სტიქია არ არის.

ჩემი სტიქია მოქმედებაა.

მაგრამ დროა შევეშვათ უნაყოფო სიბრძნისმოყვარეობას.

შენდამი ამ წერილის მოწერა სრულიად მოულოდნელად, ერთი შეხედვით, უცნაური მიზეზის გამოც კი გადავწყვიტე, უფრო სწორად, შენდამი ამ წერილის მოწერა უცნაურმა მიზეზმა მაიძულა – დამესიზმრე.

(ზოგადად, წერილების წერა არ არის ჩემი საქმე და, სიმართლე რომ გითხრა, უკვე ზუსტად ვიცი, რომ იქნებ ხვალ გავაგრძელო ფუჭი დაპირებაა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან).

როგორც უკვე გითხარი, დამესიზმრე: ვითომ – სიზმარი ხომ მძინარე ადამიანის თავში გათამაშებული სპექტაკლია – საწერ მაგიდასთან იჯექი და წერილს მწერდი. მე შენ გედექი გვერდზე, მაგრამ როგორც სიზმარში ხშირად ხდება ხოლმე, შენ მე ვერ მხედავდი. ჩემი თვალი მიჩვეულია შენ არასიმეტრიულ კალიგრაფიას და ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამო სიზმარში არ გამჭირვებია შენი ხელნაწერის გარჩევა.

წერილი სულ ახალი დაწყებული გქონდა. წერდი აღელვებულად და შეუჩერებლად. უკვე დაწერილი პარაგრაფიდან ირკვეოდა, რომ შენ ჩემთვის წერილში ცდილობდი იმის ახსნას, თუ რატომ, რა მიზეზებით გეცემა თავზარი ჩემს დანახვაზე, ჩემთან ყოფნის დროს. ზოგადად ჩემ წინაშე.

დაუფარავად გეტყვი: ეს არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო საკითხავი ჩემთვის. მე ყოველთვის ვგრძნობდი და ერთხელ – იქნებ არაერთხელაც კი – გითხარი, რომ მე შენ უცნაურ, არაბუნებრივ ღელვას გატყობ ჩემთან ურთიერთობისას და გთხოვე – თუმცა შენი მამა ვარ და შემეძლო, პირდაპირ მომეთხოვა – რომ აგეხსნა შენი, ჩემი აზრით, მაინც არაბუნებრივი დაძაბულობის მიზეზი.

შენი დაძაბულობა ყოველთვის მედებოდა მე, როგორც ემოციური ინფექცია.

ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა სასიამოვნო და თავშესაქცევი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენ ყოველთვის მიყვარდი. შენ ხომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, მაგრამ მოდი, ნუ შევჩერდებით ამ თემაზე მაინც და მაინც დიდხანს. ვამჯობინებ: ვიყო საქმიანი და არა სენტიმენტალური. თუ ყოველთვის ვერ, ძირითადად მაინც.

გამოღვიძებული ერთხანს საწოლში გაუნძრევლად ვიწექი. მიუხედავად იმისა, რომ – ეს შენ მშვენივრად იცი – მე საკუთარ თავს საღად მოაზროვნე, პრაქტიკულ ადამიანად მივჩნევ, სიზმარმა მაინც მძლავრად იმოქმედა ჩემზე. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.

ბრაზნარევადგაოგნებული ვფიქრობდი და თან სიზმარს ვიხსენებდი. ჩემებურად განვმარტავდი მას. განვმარტავდი ისე, როგორც შემეძლო ან იქნებ ისე, როგორც მაწყობა.

შენ (ესეც როგორც სხვა ბევრი რამ ჩემზე) მშვენივრად მოგეხსენება, რომ მე, შენგან განსხვავებით, არ ვარ პოეტური სულის პიროვნება და ამიტომ სიტყვებს ჩემთვის მხოლოდ ყოველდღიური, ცხოვრებისეული მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ შენთვის ხომ ეს ასე არ არის?!

ამ წერილში მე არ ვაპირებ არც შენზე და არც შენს პიროვნებაზე საუბარს, ხანდახან გაკვრით შეიძლება გახსენო, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი შენთვის ჩემი თავის გაცნობაა.

აღიარებით უნდა დავიწყო: მე არასდროს მქონია საკმარისი დრო და იქნებ არც სურვილი – ყოველ შემთხვევაში საკმარისი მაინც – საკუთარი თავის შეცნობის, მისი გაგების, მისი (თუნდაც მცირე ხნით) გვერდიდან დანახვის. მე ჩემი ცხოვრება შრომას, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებასა და ოჯახს მივუძღვენი. პირდაპირ გეტყვი: სხვანაირად არ ვიცი და ვერ ვხვდები, როგორ უნდა მეცხოვრა.

მე არ მჯერა სხვანაირი ცხოვრების არსებობის.

რომც ვცდებოდე, გვიანია და უკვე ვეღარაფერს შევცვლი, მით უმეტეს, რომ ცვლილებების გულწრფელი სურვილი საერთოდ არ მაქვს და, რა დასამალია, რომ არასდროს მქონია წარსულში.

არ დაგიმალავ: ადრეული ასაკიდანვე მეუცხოებოდი, არა როგორც ჩემი შვილი, უკვე გითხარი, რომ ჩემი მამობრივი სიყვარულის ეჭვქვეშ დაყენება არასწორი სვლა იქნება, რადგან მე ზუსტად ვიცი (და შენ ესეც კარგად მოგეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის სიზუსტე), რომ როგორც შვილი, ყოველთვის მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ. მინდა იცოდე, რომ ჩემი გარეგნული სიცივის მიუხედავად, მე არ ვარ უგულო ან გულქვა ადამიანი და ჩემი გული სავსეა სხვადასხვა სახის გრძნობებით.

მე შენთან თავიდანვე ხასიათობრივი უთანხმოება მქონდა. ჩემი გადმოსახედიდან, შენ ზედმეტად სიცოცხლის მოყვარული ბუნება გაქვს, ხოლო ჩემთვის მთავარი არა სიცოცხლე, არამედ ყოველდღიური ცხოვრებაა.

ზოგად, არაფრისმომცემ მსჯელობას მირჩევნია შეგახსენო ერთი ეპიზოდი ჩვენი მამა-შვილური ურთიერთობიდან, როდესაც მე შენ ზუსტად შენივე სიცოცხლისმოყვარული ბუნების გამო დაგსაჯე, როგორც დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ვხვდები – ზედმეტად მკაცრად.

დარწმუნებული ვარ, ეს ეპიზოდი შენც მკაფიოდ გახსოვს და იქნებ შენ ბავშვობისდროინდელ მოგონებებს შორის ის ყველაზე მძაფრი და საშინელიც კი არის.

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვვარაუდობ.

არ მახსოვს ზუსტად, რამდენი წლის იყავი, ალბათ 6 ან 7.

სამსახურში რთული და არასასიამოვნო დღე მქონდა და სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდი. არ იფიქრო, რომ თავს ვიმართლებ. სხვა შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი, რაც მაშინ გავაკეთე. იმას ვამბობ, რომ ცუდი ხასიათი მხოლოდ დამამძიმებელი გარემოება იყო და მან ჩემი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლდ დააჩქარა.

მახსოვს: სახლში დაბრუნებისთანავე მომესმა შენი სიცოცხლით სავსე ხმა და იმ წამსვე მივხვდი, რომ ჩვენი განწყობები ერთმანეთს ოდნავადაც კი არ ემთხვეოდა. შენ გიხაროდა ცხოვრება, მე კი მისით უკვე დაღლილი ვიყავი.

ხშირად ვფიქრობ, რომ ეს თანდაყოლილი დაღლილობაა. უბრალოდ, ასეთად დავიბადე. ბავშვობიდან (მხოლოდ შენ არ ყოფილხარ ბავშვი) ცხოვრება ჩემთვის იყო რაღაც მოსაწყენი, გამეორებებით სავსე პროცესი.

დიახ, ჩემი აზრით, ცხოვრება პროცესია. არ ვიცი, რას ამბობენ ამაზე მეცნიერები ან შენი კოლეგა პოეტები, მაგრამ ჩემთვის ასეა. პროცესი გულისხმობს დაბადებასა და გარდაცვალებას. მე, სხვათა შორის, მსგავსი დაუნდობელი სიზუსტეც მხიბლავს.

ახლაც – ამ წერილის წერისას – ჩამესმის შენი აღფრთოვანებული, თითქმის უწყვეტი სიცილი და აღტყინება. გაგაფრთხილე, მოგიწოდე, გიბრძანე, რომ გაჩუმებულიყავი, მაგრამ არ დამმორჩილდი, თითქოს რაღაც ბოროტი ძალა დაგეპატრონა. მე მჯერა ბოროტი ძალების არსებობის. არ ვიცი, ზუსტად რა სახე აქვთ მათ და აქვთ თუ არა საერთოდ. მე არ ვარ მსგავს შეკითხვებით მოცული ადამიანი და ადამიანები, რომლებიც მსგავს შეკითხვებს სვამენ, ჩემში უნდობლობას იწვევენ.

მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ხელი ჩაგავლე და გარეთ გაგსვი.

ის ღამე ასე დასჯილმა გაატარე გარეთ.

მთელი ღამე არ მძინებია.

რამდენჯერმე დავაპირე ადგომა, გარეთ გამოსვლა და შენი უკან შემოყვანა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ასე შენ ვერაფერს ისწავლიდი, გარდა იმისა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი თავისთავად შეიძლება გეპატიოს.

ჩემი მიზანი კი სრულიად საპირისპირო იყო. მე მსურდა შეგესისხლხორცებინა, რომ ჩვენს სახლში და, ზოგადად, ცხოვრებაში თვითნებობა და დაუმორჩილებლობა დასჯადია.

შენ დაკვირვებული თვალი გაქვს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, – არ გამოგეპარებოდა, რომ მე არ ვგავარ ჩემ დედმამიშვილებს. ისინი, ჩემგან განსხვავებით, სიცოცხლისმოყვარე ადამიანები არიან, მაგრამ შენი დაკვირვებული თვალი, წესით, იმასაც უნდა ამჩნევდეს, რომ მე მათზე – ცალ-ცალკე და ერთად აღებული – გაცილებით მეტს მივაღწიე ცხოვრებაში და მათზე მეტად წარმატებული ადამიანი ვარ.

მე შენ საკმაოდ უმადურ ადამიანად მიგიჩნევ და ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, შენი თვთნებობაა, რომელიც შენი პოეტური ბუნებიდან მოდის.

შენ ერთხელ მითხარი და მე ეს დღემდე ნათლად მახსოვს, რომ მე შენ ცხოვრებაში მოგაცილე ფინანსური სადარდებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგაცილე ყველანაირი სადარდებელი. ხანდახან მგონია, რომ ეს დაცინვით მითხარი და ამით ჩემ, შენი აზრით, გამოუსწორებელ სწორხაზოვნებას გაუსვი ხაზი.

მე ბევრჯერ შევწუხებულვარ შენი პიროვნების არსით, შენი თავისებურებებით.

წლების მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო გაუგებარი ხდებოდა ჩემთვის: თუ ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში.

გარდატეხის ასაკში შენ უკვე სრულიად მიუღებელი გახდი ჩემთვის, სრულ იმედგაცრუებად იქეცი, თუმცა მომავალში ძალისხმევა არ დავაკელი, მაგრამ დიდი და ყველაზე სამართლიანი ანგარიშით უკვე ამ დროს ვიცოდი, რომ შენ ჩემი საქმის გამგრძელებლად, ჩემს მემკვიდრედ ვერ ივარგებდი.

მიუხედავად ამისა – გახსოვდეს – როგორც შვილი ყოველთვის ბუნებრივად და თავისთავად მიყვარდი.

2. სასიძო

1882 წ.

შენ 30 წლის ხარ. ოთახში დადიხარ, დადიხარ იმიტომ, რომ ვერ ისვენებ, ღელავ. გინდა, რომ იარო. შენ ღელავ შენს მომავალზე და არცთუ უმიზეზოდ, რადგან ეს ღამე შენი, როგორც მარტოხელა მამაკაცის, უკანასკნელი ღამეა.

ხვალიდან შენ დაქორწინებული მამაკაცი იქნები. ხვალიდან შენ ახალ ცხოვრებას იწყებ. გჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. გჯერა, რომ ხვალინდელი ქორწინება შენთვის გამოსავალია.

შენი მომავალი ცოლი, თუმცა ის შენ უკვე ცოლადაც შეგიძლია მოიხსენიო, რადგან ყველაფერი უკვე საბოლოოდ შეთანხმებულია, დაზუსტებული და გადაწყვეტილი.

მაგრამ შენ ფრთხილი ადამიანი ხარ და ამიტომ მაინც ხვალინდელ დღეს დაელოდები და მხოლოდ ქორწინების გაფორმების შემდეგ უწოდებ შენ მას შენს ცოლს.

ის შენზე მდიდარია და ეს ფაქტი, უფროს სწორად, მოცემულობა ცეცხლს ანთებს შენს გულში და, ამავდროულად, ამშვიდებს შენს გონებას. როგორც იქნა, შენი სიღარიბე სრულდება. შენი მომავალი ცოლი არ არის მსოფლიოში უმდიდრესი სარძლო, მაგრამ შენთვის ის ნამდვილად მდიდარია, ასევე აშკარაა, რომ სახლში ვერ დაჯდები და ფეოდალივით ვერ იცხოვრებ, მუშაობა მოგიწევს, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ხვალიდან ცხოვრების კიბის უფრო მაღალ საფეხურზე დადგები.

ცხოვრებას შენ ყოველთვის როგორც კიბეს ისე ხედავდი. ეს თავისთავად მოხდა, შენ არ აგირჩევია. ძალიან ადრეულ ასაკში მიხვდი, რომ ამ კიბის ძალიან დაბალ, ერთ-ერთ ყველაზე ქვედა საფეხურზე იმყოფებოდი და ერთადერთი ნამდვილი სურვილი, რომელიც შენ ოდესმე გქონდა, სწორედ ამ კიბეზე ზევით აჩოჩება იყო, არა, ეს ტყუილია, აჩოჩება არა, არამედ – აფრენა, თუმცა სურვილი ერთია და ცხოვრება თავისი მკაცრი კანონებით – მეორე. აფრენა არ მოხერხდა, ნაბიჯ-ნაბიჯ იარე. შენი ხვალინდელი ქორწინებაც ნაბიჯია, მაგრამ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ცოტა დაწყნარდი და ოთახში სიარული შეწყვიტე. სკამზე ჩამოჯექი და წუთით შენს ბავშვობაში დაბრუნდი. ბავშვობა ის ტერიტორიაა, სადაც ვერაფერს შეცვლი, მისდამი დამოკიდებულების გარდა, მაგრამ შენ არ ეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, ვინც დამოკიდებულებებსა და პოზიციებს მარტივად და უმტკივნეულოდ იცვლის.

ოჯახის შექმნას აუცილებლად მოჰყვება შვილები. შენ ეს იცი. გამონაკლისი მხოლოდ ის ოჯახებია, რომლებშიც ერთ-ერთი მეუღლე უნაყოფოა ან ორივე. შენ არ გინდა, რომ შენი ოჯახი უნაყოფო ოჯახთა რიცხვს განეკუთვნებოდეს, მაგრამ ზუსტად არ იცი, პირადად რაში გჭირდება შვილები, ეს პატარა მუქთამჭამელები. გეღიმება და ოდნავ გულიც კი გითბება ახალშობილის წარმოდგენაზე და ამით საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უდასტურებ, რომ უგულო არ ხარ, უბრალოდ განვლილმა ცხოვრებამ გასწავლა, რომ თუ გინდა, რომ დალაგებული ცხოვრება გქონდეს, მაშინ გული არაფერ შუაშია, რადგან გული ამძაფრებს აღქმას და გაშორებს შენს მიერ აღიარებულ ერთადერთ სინამდვილეს – ყოველდღიურობას.

დგები და ფანჯარასთან მიდიხარ. შენ უკან დარჩა – სკამი. კიდევ რამდენიმე საათი და შენ უკან ასევე დარჩება შენი ძველი ცხოვრება.

ფარდას მარჯვენა ხელით ოდნავ განზე წევ და თვალს ფანჯრის მიღმა არსებულ სამყაროში აპარებ. ქუჩა, როგორც ყოველთვის, ოდნავ განათებულია. შენ ღარიბების დასახლებაში ცხოვრობ და რა გასაკვირია, რომ აქაურობაზე თითქმის არავინ ზრუნავს: არც იმპერატორი, არც რომელიმე აღმასრულებელი და არც კერძო პირი. თუ ოდესმე გამდიდრდები, აუცილებლად წახვალ სამოგზაუროდ და დაათვალიერებ მსოფლიოს, პირველ რიგში, იმპერიის სხვა, შენთვის უცნობ მხარეებს.

შენ 30 წლის ხარ და უკვე მთლად ახალგაზრდა აღარ გეთქმის.

ფანჯარას ოდნავ აღებ და გარედან შემოსულ ღამის, სუფთა ჰაერს ისუნთქავ. ფიქრობ, გახვიდე თუ არა გარეთ, ერთი მხრივ, გინდა გარეთ გაბოდიალება, მაგრამ დროისა და ადგილმდებარეობის გამო თავს იკავებ. შენც, ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, საკმაოდ მშიშარა ხარ, თუმცა შენ შიშს სიფრთხილედ მოიხსენიებ. ადრეული ასაკიდანვე მიხვდი: უნდა გეფრთხილა, რადგან ცხოვრება, ზოგადად, მკაცრია, ხოლო ღარიბებისადმი კი – ასმაგად მკაცრი.

ერთხელ, ბავშვობაში დაგესიზმრა, რომ იმპერატორი იყავი და, როგორც მის უდიდებულესობას შეეფერება, სასახლეში ცხოვრობდი.

თავს დაკარგულად გრძნობდი.

ფანჯარა დაკეტე და ხელის მსუბუქი მოძრაობით ფარდა საწყის პოზიციაზე დააბრუნე.

როდესაც ფიქრობ, რომ ხვალ უნდა გაშიშვლდე, წითლდები და გრძნობ, რომ ქვედა ტუჩი გითრთის.

წლების შემდეგ, როდესაც შენი უფროსი შვილის ცხოვრების წესით შეშფოთებული მისი საუკეთესო მეგობარი გესტუმრება და გეტყვის, რომ პოეტი ბორდელების ხშირი სტუმარია, შენ – ფარული კმაყოფილებით – გაიფიქრებ: ამაში მაინც დამემსგავსა.

მაგრამ ჯერ ამ დღემდე კიდევ შორია.

შენ ბორდელში უკანასკნელად გუშინ იყავი. გარეთ გამოსულმა საკუთარი თავი მკაცრად გააფრთხილე, რომ ეს შენი უკანასკნელი ვიზიტი იყო.

დარწმუნებული ხარ – დადებულ პირობას შეასრულებ, თან სრულიად უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულებებისა და ცდუნებების გარეშე, რადგან შენ ბორდელებში ყოველთვის უფრო ქალის ბუნების შესასწავლად დადიოდი, ვიდრე თავად სერვისისთვის.

ზუსტი პასუხი დღემდე არ გაქვს, თუ რატომ ელტვიან ადამიანები ასე მძლავრად და უსასრულოდ ამ, მართლაც, წუთიერ ცოდვას.

ვარაუდობ, რომ სიმარტოვის დასაძლევად.

საქმე თუ კარგად წავა, იქნებ მალე გამდიდრდე და მოიპოვო ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად გინდოდა – პატივისცემა საზოგადოებაში, რომ ვიღაც რიგითი მოკვდავი კი არ ხარ, არამედ ხარ რჩეული პიროვნება. შენ გსურს, რომ შენს დანახვაზე ადამიანები ერთდროულად იძაბებოდნენ და იბადრებოდნენ, როგორც ეს შენს მშობლებს ემართებოდათ ბოჰემიის მთავრის სახელის ხსენებაზე.

ახლა უკვე ძილის დროა.

საწოლთან მიდიხარ და გაუხდელად წვები.

3. გამარჯვებული

1924 წ.

გამთენიისას ახალშობილი ბავშვი დაესიზმრა. ახალშობილს მისი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუის მოხუცი, დანაოჭებული სახე ჰქონდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდებოდა იმ დღეს, რადგან, როგორც წესი, ამ სიზმრის დასიზმრების შემდეგ აუცილებლად ხდებოდა რაღაც ცუდი. სულ რამდენიმეჯერ – უფრო ზუსტად კი: ოთხჯერ ესიზმრა მას სიცოცხლის მანძილზე ეს სიზმარი და ოთხივეჯერ რაღაც ცუდი ამბავი მოხდა.

ამჯერადაც.

საღამოს მას აცნობეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა.

ეს არ ყოფილა მოულოდნელი ამბავი, რადგან პოეტი (როგორც ის მოიხსენიებდა შვილს საკუთარ ფიქრებში) მძიმე, უკურნებელი სენით იყო დაავადებული.

ცნობა ისე მიიღო, როგორც მისი ყაიდის, ბუნებისა და პრინციპების მქონე ადამიანს შეეფერებოდა.

ამ შემთხვევაშიც მისთვის ირგვლივ მყოფთა აზრი მის ნამდვილ განცდებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.

სიმართლე რომ ითქვას, ჯერჯერობით მხოლოდ უცნობი ადამიანების სიახლოვისგან გამოწვეულ უხერხულობას გრძნობდა და ცდილობდა მათთვის ეჩვენებინა ყველაფერი ის, რასაც მისგან ქცევის კოდექსი ითხოვდა: დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, დაბნეულობა, ასევე მტკიცე, მამაკაცური ხასიათი, რაც, მისი აზრით, შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილისა და დაბნეულობის სწრაფ განეიტრალებასა და საქმიანად მოქცევაში უნდა გამოხატულიყო.

ფიქრის საგანი თანდათან ბუნებრივად შეიცვალა და რამდენიმე წუთის შემდეგ ის უკვე ფიქრობდა, შეეხებოდა თუ არა გარდაცვლილ შვილს. შეიგრძნობდა თუ არა მის გაქვავებას.

ზოგადად, ის მიცვალებულებთან სიახლოვეს ერიდებოდა. მას ის შორეული დღე გაახსენდა, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ბაბუა პირველი ადამიანი გამოდგა, რომელიც მან გარდაცვლილი ნახა.

გამომდინარე იქიდან, რომ ღარიბები იყვნენ და სიღარიბის გამო მოცუცქნულ სახლში ცხოვრობდნენ, ყველაფერი მისი თანდასწრებით მოხდა: გარდაცვლილი ბაბუის გაშიშვლება, მისი ფერდაკარგული სხეულის სველი ტილოებით გასუფთავება და ამის შემდეგ მისი შედარებით შეულახავი ტანსაცმლით შემოსვა.

 ეს ყოველივე მამამ გააკეთა (ღარიბები იყვნენ და იმიტომ!).

“მოდი, დაემშვიდობე ბაბუას…” – უთხრა მამამ მას.

მამის ნათქვამი მან ბრძანებად მიიღო და რადგან ჯერ კიდევ პატარა იყო, გარდაცვლილ ბაბუას შიშისაგან აკანკალებული ხელით შეეხო.

ბაბუა გაქვავებული იყო.

მას შემდეგ ბევრი მკვდარი ნახა, განსაკუთრებით დიდი ომის დროს.

ამბის მომტანებმა მას სიმხნევე უსურვეს, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.

ის საკუთარი შრომისა და ფინანსური სიმტკიცის ჭეშმარიტ ფასს ცხოვრების სწორედ ასეთ გადამწყვეტ და საბედისწერო მომენტებში გრძნობდა. მამამისივით ღარიბი რომ ყოფილიყო, მაშინ თავად მას მოუწევდა გარდაცვლილი შვილის გაქვავებულ სხეულზე ზრუნვა. ამიტომ ბედნიერია, რომ მეტ-ნაკლებად შეძლებული ადამიანია. ეს მეტ-ნაკლებად მას ჩუმად კი უფუჭებს ხასიათს და ხანდახან ცხოვრებასაც კი უწამლავს, მაგრამ სრულიად უპატრონო კაცისათვის კიდევ ბევრს მიაღწია.

პოეტის გარდაცვალება უკვე ოჯახის ყველა წევრმა იცოდა. მას ამ წუთას არავისთან არ სურდა არათუ დალაპარაკება, არამედ მზერით გადაყრაც კი და ამიტომ გარეთ გავიდა.

რამდენიმე დღით საქმის შეჩერება მოუწევდა. ეს, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებდა და რომ არა საზოგადოებრივი შეხედულებები, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ოჯახი (განსაკუთრებით კი პოეტის დედა), ფინანსურ დანაკარგზე არ წავიდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ხანდახან ფიქრობდა, რომ ერთ დღეს მთელ ქონებას გაიტაცებდა და სადმე შორს გაიქცეოდა და დაიწყებდა ახალ ცხოვრებას, მაგრამ ეს სურვილი რამდენადაც მიმზიდველი იყო, იმდენადვე საშიშიც და ამიტომ განუხორციელებელი.

ქუჩაში ნელა მიდიოდა და გრძნობდა, რომ გამარჯვებული იყო, თუმცა ამის შესახებ ვერავის ვერაფერს ეტყოდა. გულის სიღრმეში უხაროდა, რომ ცხოვრებისადმი მისი ფხიზელი და გონიერი დამოკიდებულება პოეტის ოცნებების სამყაროზე მყარი აღმოჩნდა.

ის ცოცხალია, პოეტი კი აღარ.

უცებ ეჭვით ახედა ცას, თითქოს ცა რამენაირად მართლაც მონაწილეობდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეპილოგი

1933წ.

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა სრულიად მარტო. ამაღლებულ განწყობაზე იყო. დროდადრო საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი თუ არც ისე მნიშვნელოვანი (მისთვის სრულიად უმნიშვნელო არაფერი იყო) ფრაგმენტები უდგებოდა თვალწინ. ეს ხდებოდა თავისთავად, საკუთარ თავზე დაუძალებლად. ზოგადად, ასეთ თავისუფლებას ახლად არჩეული კანცლერი იშვიათად გრძნობდა. ძირითადად, მისი ცხოვრება, სწორედაც რომ, საკუთარ თავზე და სხვებზე დაუნდობელი ძალადობა იყო.

სავარძელში იჯდა. თვალწინ 1908 წლის ის დღე ედგა, როდესაც სამხატვრო აკადემიამ ის მეორეჯერ დაიწუნა და ამის გამო სრულიად სასოწარკვეთილი ვენის ქუჩებში დაბოდიალობდა. ერთადერთი, რაც იცოდა, ის იყო, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შურს იძიებდა აკადემიაზე, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ, რა გზით და რა ხერხებით, მაგრამ იცოდა, რომ ეს ასე მოხდებოდა.

ერთ-ერთ არტისტულ კაფეში გაჩერდა. ზოგადად, ვერ გრძნობდა ამ ყაიდის ადამიანების წრეში თავს მაინცდამაინც კარგად, მაგრამ სხვა არჩევანი არ იყო, მასებს ხელოვნება ნაკლებად აინტერესებდათ. მისი აზრით, რომელიც მისსავე გამოცდილებასა და დაკვირვებაზე იყო დაფუძნებული, ადამიანების უმრავლესობისათვის ხელოვნება სრულიად გაუგებარი რამ იყო. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ ადამიანებს განათლების მიღების საშუალება მიეცემოდათ, მდგომარეობა შეიცვლებოდა, მაგრამ მას ამის არ სჯეროდა. ამ საკითხის დამუშავებისას ყოველთვის თვალწინ საკუთარი მშობლები და მათი წრე უდგებოდა. ყოველდღიურ ყოფაში მთლიანად ჩაძირული ხალხი.

კაფეში სიხალვათე იყო. ერთ-ერთ მაგიდაზე ახალი და ძველი ჟურნალ-გაზეთები ეწყო. მაგიდას მიუახლოვდა და ერთ-ერთი ჟურნალი აიღო. ამ ჟურნალის არსებობა აქამდე არც იცოდა. ჟურნალის სახელწოდებამ – “ჰიპეირონი” – მას გერმანელი პოეტი ჰიოლდერლინი გაახსენა.

“დროა, ეს ყრუ ქალაქი დავტოვო და ბერლინში წავიდე. ხმაური მჭირდება” – გაიფიქრა და ჟურნალით ხელში მაგიდას მიუჯდა.

ჟურნალს უფრო ათვალიერებდა, ვიდრე კითხულობდა. თუ რამეს კითხულობდა, ისიც მხოლოდ ცალი თავლით.

ერთი სიტყვით, ჟურნალს ათვალიერებდა…

ამასობაში ოფიციანტი წამოადგა თავზე.

ფული ცოტა ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ ლუდი შეუკვეთა.

ოფიციანტი წავიდა.

ის აშკარად უკმაყოფილო იყო შეკვეთის მოცულობით.

ამასობაში ის ჟურნალში დაბეჭდილ მომცრო მოთხრობების ციკლს გადააწყდა.

სულ რვა მოთხრობა იყო.

რვავე წაიკითხა.

მოთხრობის პერსონაჟები მასავით ცხოვრებაში დაკარგული და სასოწარკვეთილი ადამიანები იყვნენ.

ლუდს არ მიკარებია, ისე დატოვა კაფე.

გზაზე ავტორის უცნაურ გვარს იმეორებდა – კაფკა.

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი წამოდგა და თვალი თავის უზარმაზარ კაბინეტს მოავლო.

ხვალ თავის მთავარ პროპაგანდისტსა და კულტურულ მრჩეველს შეეკითხება, სმენია რამე ამ ავტორის შესახებ თუ არა?!

© არილი

Facebook Comments Box