ინტერვიუ

თანამედროვე სომხური პროზა ენის და თემების ძიებაში – ინტერვიუ არმენ ოჰანიანთან

სომეხი პროზაიკოსი, პუბლიცისტი და მთარგმნელი არმენ ოჰანიანი დაიბადა 1979 წელს, მისი ლიტერატურული ფსევდონიმია – არმენ ჰაიასტანცი. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ასევე ერევნის ამერიკული უნივერსიტეტის მთარგმნელობითი სკოლა. იგი არის მოთხრობების კრებულის „კიკოსის დაბრუნება“ და ტრილოგიის  „მაირენიქ“ ავტორი. არმენ ოჰანიანი თანამედროვე სომხური პროზის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მას განუწყვეტლივ შემოაქვს ინოვაცია სომხურ პროზაში, როგორც თემატურად, მაგალითად, ტაბუების დარღვევით და ლგბტ ადამიანების საკითხების წამოჭრით, ასევე ლიტერატურული ექსპერიმენტების თვალსაზრისით, არღვევს სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულ ორმებს. 2010-იანი წლების დასაწყისში მა აღიარება მოიპოვა თავისი ინტერაქტიული მოთხრობებით, სადაც კითხვის გამოცდილება თამაშად იქცეოდა, მისი ზოგიერთი თამაში-მოთხრობა ასევე შევიდა 2012 წელს მოთხრობების კრებულში „კიკოსის დაბრუნება“, რომელიც ბესტსელერად იქცა.

არმენ ოჰანიანი ასევე არის მთარგმნელი,  2020 წელს გამოიცა მისი თარგმანი მაიკლ კანინგემის კრებულის „ველური გედი და სხვა ზღაპრები“. არმენმა საბავშვო მწერლადაც მოსინჯა ძალები, 2022 წელს გამოიცა მისი პირველი საბავშვო წიგნი „უნო, ბენო და თავისუფლების ფრთები“, თანაავტორის ჰარუიუნ უმაღიანის ილუსტრაციებით. იგი ასევე არის არაერთი პიესისა და ერთი ანიმაციის სცენარის ავტორი.

არმენ ოჰანიანი ასევე ცნობილია თავისი საზოგადოებრივი აქტივიზმით, ის ამჟამად არის PEN სომხეთის პრეზიდენტი, ასევე Transperance International სომხეთის საბჭოს პრეზიდენტი და ადამიანის უფლებათა სახლის ერევნის საბჭოს წევრი.

,,კიკოსის დაბრუნება’’ ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჰოვანეს თუმანიანის ,,კიკოსის სიკვდილი’’ ზღაპრის ალუზიაა.

არმენ ოჰანიანის ,,კიკოსის დაბრუნება’’ პირველად ჟურნალ ,,არმაღანში (2019წ.) დაიბეჭდა.

ესაუბრა ეკა ქევანიშვილი

არმენ, როგორ დაახასიათებდით ლიტერატურულ პროცესს სომხეთში –  განსაკუთრებით მაინტერესებს, რა ხდება თანამედროვე სომხურ პროზაში?

– ჩემი აზრით, თანამედროვე სომხური ლიტერატურა დღეს თემების, ამბების და ენის ძიების პროცესშია. სომხური პროზისთვის დღეს რაღაც ახლის მოხელთების მცდელობის აქტიური პერიოდია, რადგან აქამდე თითქოს ეს პროცესი ჩიხში იყო შესული.

ამ სფეროში ცენზურა არ გვაქვს და გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს – რაც გინდა, დაწერე, თუმცა, ცხადია, სხვა საკითხია, რამდენად წარმატებულია ის, რაც იბეჭდება. შეზღუდვით კი მწერლებს არავინ ზღუდავს.

თუმცა ჩვენი საზოგადოება, ალბათ, ისევე როგორც საქართველოში, საკმაოდ ტრადიციულია და არსებობს თემები, რომლებზე წერაც და წიგნის სახით წარდგენა, დღესაც არ არის მარტივი. წარმომიდგენია, რა მოხდება, ვინმემ რამე დადებით კონტექსტში რომ დაწეროს თურქებზე ან თურქი გმირის პერსპექტივიდან – ამას საზოგადოება არ მიიღებს.

სულ ვფიქრობდი, რომ აზერბაიჯანს, სადაც დღეს ცენზურაც არსებობს და, საერთოდ, დიქტატორული მმართველობაა, ჰყავს მწერალი აკრამ აილისლი, რომელმაც დაწერა წიგნი, სადაც სომხები დადებით კონტექსტში არიან მოხსენიებულნი. მას, მართალია, შინა პატიმრობა მიუსაჯეს და დღემდე ასეა, თუმცა თავად წიგნი მაშინვე ითარგმნა სომხურად. ასეთი ავტორები ჩვენ დღეს არ გვყავს.

ჩემი აზრით, დღეს სომხური ლიტერატურა ძალიან არმენოცენტრულია. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ მისი ენა – სომხურია, ქვეყანა ძალიან მონოეთნიკურია, საზოგადოების მოთხოვნაც საკმაოდ ტრადიციულია – ხალხი ელის ამბებს ისევ სომხეთზე, სომხურ ამბებს. თუმც კი გვყავს ახალგაზრდა ავტორები, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ ეს ზღვარი. ზოგი ასეთი მწერალი დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და წერს, მაგრამ მათი წიგნები სომხეთში არ არის პოპულარული.

ერთი დადებითი ტენდენცია, რაც ბოლო დროს შეინიშნება, მეტი პროზაიკოსი ქალის გამოჩენაა, რომლებიც წერენ კარგ რომანებს. მაგალითად, ასეთია ანა დავითიანის რომანი „ხანა“, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაწარმოები, რომელიც მკითხველმაც დადებითად მიიღო. ქალი ავტორები წარსულშიც გვყავდა, ცხადია, თუმცა მათი რიცხვი იზრდება და წიგნის მაღაზიის თაროებზეც სულ უფრო მეტი ქალი მწერლის წიგნს შეხვდებით.

სომხეთშიც რომანის ჟანრი უფრო პოპულარულია, ვიდრე, მაგალითად, მცირე პროზა, მოთხრობების კრებულები?

– ვერ ვიტყოდი ასე. პირიქით, სომეხი მკითხველი რატომღაც უფრო სწყალობს მცირე პროზის ჟანრს. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყანაც პატარაა, პატარა რამეები უფრო გვიზიდავს. 700 გვერდიანი რომანები ჩვენთან ძალიან იშვიათია. თუმცა ხანდახან ჩვენთანაც იწერება ე. წ. საოჯახო საგები. როცა რამდენიმე თაობის ამბავია მოთხრობილი. ასი წლის განმავლობაში მიმდინარე ამბები, მაგალითად, სუსანა ჰარუთუნიანის ახალი რომანი „ანდრანიკის ცხენი“, რომელშიც ამბავი მეოცე საუკუნეში იწყება და კოვიდის პერიოდამდე გრძელდება.

კიდევ ერთი ტრენდი, რომელსაც თანამედროვე სომხურ პროზაში გამოვყოფდი, არის ის, რომ ავტორები სულ უფრო ხშირად ცდილობენ წარსულზე რეფლექსიას და რაღაცნაირად მთელი ეპოქის შეჯამებას – ეხებიან საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდს, დამოუკიდებლობის პერიოდს. ყველას აქვს შეგრძნება, რომ მომავალში რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ მომავლის სომხეთი სულ სხვა ქვეყანა იქნება. დაბოლოს, მეტაფორულად რომ ვთქვათ, დღეს ლიტერატურა არის პოზიციაში, როცა შიშველი ხარ, ახალი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა, მაგრამ არ იცი – რომელი.

საბჭოთა წარსულის გააზრების მცდელობები თუ ჩანს სომხურ ლიტერატურაში, თუ წერენ იმ ეპოქაზე? თუ არა, მაშინ რა არის თანამედროვე სომხური პროზის „მთავარი თემა“?

– სომხური ლიტერატურის ყველაზე აქტუალური თემა, ალბათ, მაინც ომია. ბევრი იწერება ომზე და ეს ბუნებრივიცაა, ომის შემდგომი უამრავი ტრავმა არსებობს, ახლაც, ფაქტობრივად, ომის ვითარებაა და მწერლებს სურთ რეაქცია ჰქონდეთ აქტუალურ თემებზე. ვერ ვიტყვი, რომ შედევრები იწერება, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდა ავტორები ინტერესდებიან ამით და ცდილობენ დასვან კითხვები. რა მოხდა. რა ხდება. ზოგი სათქმელს დოკუმენტური პროზის ჟანრში ამბობს, ზოგი სრულად მხატვრული ტექსტის ფორმას ამჯობინებს. ხანდახან ძალიან შაბლონურ ტექსტებსაც ვხვდებით, მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ ავტორები არიან პასუხების ძიებაში.

რაც შეეხება საბჭოთა წარსულს – ეს ტენდენციაც იყო სომხურ ლიტერატურაში, ისევე როგორც 90-იან წლებზე წერის ტალღაც.

ბესტსელერები თუ იწერება და თუ კი, როგორი წიგნი ხდება პოპულარული სომხეთში?

– ყოველთვის სასაცილოა ბესტსელერზე ლაპარაკი სომხურ რეალობაში, წიგნის ასეთ მცირე ბაზარზე. რამდენიმე ასეული წიგნის გაყიდვა უკვე ნიშნავს ხოლმე, რომ წიგნი ბესტსელერია, მაგრამ ცხადია, ჩვენებურ ბესტსელერს არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო ბესტსელერებთან. თუმცა მაინც გვაქვს პოპულარული წიგნები, არსებობენ პოპულარული ავტორებიც, რომელთა ცნობადობაზე გამომცემლები ზრუნავენ ხოლმე. როგორც წესი, ამ გამომცემლებს აქვთ წიგნის მაღაზიებიც და ახალი წიგნის დაბეჭდვიდან მის გაყიდვამდე მთელი პროცესი მათ ხელში გადის – რაც დიდია გამომცემლობა, რესურსიც მეტი აქვს და ეს, ცხადია, სხვა ავტორებს არათანაბარ პირობებში აყენებს. წიგნის ბაზარზე ეს პრობლემა არსებობს.

ზემოთ რამდენიმე თანამედროვე ავტორი ახსენეთ. მაინც რომ გვითხრათ იმ მწერლების სახელები, ვინც თანამედროვე სომხურ პროზაში გამორჩეულად მიგაჩნიათ?

ანა დავთიანი უკვე ვახსენე. ასევე უნდა ვახსენო ლუსინე ვაიჩიანი, რომელიც ახლა აღარ წერს, ის საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა ძალიან კარგი რომანი დაწერა – „ბალაგოე“. ეს იყო პირველი რომანი სომხურ ლიტერატურაში, სადაც ქალი ღიად ჰყვებოდა სხეულზე, სექსუალობაზე და თან მთელი ეპოქის სურათს აღწერდა. ასე 90-იანი წლების პერიოდის ამბები არავის მოუყოლია. სუსანა არუთნიანიც უნდა ვახსენოთ, ის უფრო ტრადიციული სტილის ავტორია, მაგრამ ძალიან ძლიერი. არამ პაჩიანი ასევე ერთ-ერთი წარმატებული სომეხი ავტორია, რომელმაც მიიღო ევროკავშირის ლიტერატურული პრემია. ჰრაჩ სარბეკიანი, რომელიც ასევე გამორჩეული ავტორია. თან, ეს მწერლები არიან ძალიან კარგი მკითხველებიც…ამბარცუმ ამბარცუმიანია საინტერესო ავტორი – ის მცირე პროზას წერს. ასევე, ვარამ მარტიროსიანი. მისი რომანებიც გამორჩეულია. არფი ვოსკანიანი, პოეტი და პროზაიკოსი. სარქის სეფიანი, რომელმაც დაწერა რომანი „სიმშვიდე“… კიდევ მეტის ჩამოთვლაც შეიძლება.

ლიტერატურული პრემიები თუ არსებობს სომხეთში და როგორ განსაზღვრავს ისინი ლიტერატურულ პროცესს?

– ბევრი ლიტერატურული პრემია გვაქვს, მაგრამ არც ერთია ისეთი, როგორიც მაგალითად თქვენი „საბა“ – თუ შევადარებთ, ეს არის სახელმწიფო პრემიები, კერძო პრემიებიც გვაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ეს არის პრემიები, რომელთაც ერთ კონკრეტულ წრეში გადასცემენ ერთმანეთს. ჩვენთან დაყოფილია ლიტერატურული წრე ერთგვარ კლანებად და ეს ჯილდოებიც ამ კლანებში ნაწილდება. ან ისეც ხდება, რომ პრემიას რაღაც სოციალური შინაარს აქვს – ამა და ამ მწერალს დედა უკვდება ან სიმსივნე აქვს და ამ მიზეზით გადასცემენ ხოლმე. ცხადია, ეს არ არის ლიტერატურის შეფასება. მოკლედ, სომხეთში ჯერ არ არის ასეთი პრემია, რომელიც ლიტერატურულ პროცესზე რაიმე გავლენას მოახდენდა და მისი გადაცემის შემდეგ ხალხი წავიდოდა დაჯილდოებული ავტორის წიგნის საყიდლად. ალბათ მოვა ეს დროც, რადგან სომხეთში ნელ-ნელა ვითარდება წიგნის ბაზარი. თუმცა დღეს, მაგალითად ჩემთვის, არ არსებობს ისეთი ლიტერატურული ჯილდო, რომლის მიღებაც მე, როგორც მწერალს მენდომებოდა.

რას გვეტყვით თარგმანებზე, ითარგმნება სომხური ლიტერატურა უცხოურ ენებზე?

– სამწუხაროდ, ძალიან მცირე ნაწილი. ბევრი ფიქრობს, რომ სომხებს ამხელა დიასპორა ჰყავთ მთელ მსოფლიოში, ამხელა რესურსი, ალბათ ბევრ ენაზე ითარგმნება მათი წიგნები. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ბევრმა ამ დიასპორიდან საერთოდ არ იცის სომხური ენა. და თუ იციან, ეს არის სულ სხვა, დასავლეთ სომხური ენა, რომელიც განსხვავდება აღმოსავლური სომხური ენისგან, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ვწერთ. მოკლედ, თარგმანში დიასპორის იმედზე ვერ ვიქნებით.

არც ბაზარია დიდად თარგმანზე ორიენტირებული. გვყავს ცნობილი მთარგმნელები, ვინც სომხურად თარგმნის წიგნებს – ეს პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ, პირიქით – ნაკლებად. შედარებით მეტი თარგმანი არსებობს ინგლისურად. რასაც ვერ ვიტყვით გერმანულზე ან სხვა ენებზე.

სხვათა შორის, ჩემი ახალი წიგნი, პირველად სხვა ენაზე ახლა ითარგმნება, მას ასია დარბინიანი თარგმნის და ის იქნება ქართულად! მოთხრობების კრებულია, რომელიც, წესით, მომავალ წელს გამოვა. და მე ძალიან მიხარია ეს, რომ პირველად სწორედ ქართულად ითარგმნება ჩემი წიგნი. ეს სიმბოლური ფაქტია, ჩვენ, მეზობლებმა უნდა ვთარგმნოთ ერთმანეთი. აქ იმედი და შანსი მაქვს, რომ ჩამოვალ, ხალხს შევხვდები, გავიცნობ, დიალოგი გაიმართება. რაღაც ნაცნობი იქნება მათთვის და ჩემს წიგნს წიგნის მაღაზიაში მტვერი არ დაედება.

რა ადგილი უჭირავს ენას თანამედროვე სომხურ ლიტერატურაში? თანამედროვე ავტორებს უყვართ ექსპერიმენტები ენაში? თუ უფრო ამბებს აქცევენ ყურადღებას, შინაარსს?

– სომეხი ავტორები ლიტერატურული სომხურით წერენ, ენით, რომელსაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ და ეს ენა საკმაოდ განსხვავებულია სალაპარაკო ენისგან. მაგალითი რომ მოვიყვანო, ისეთი მარტივი სიტყვებიც კი, როგორც არის „კი“ და „არა“ – ლიტერატურულ სომხურში სხვანაირად ჟღერს. ბევრი ავტორი არჩევს წეროს სწორედ ამ, ლიტერატურულ ენაზე, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთში ურევენ ამ ენას, სლენგს, ყოველდღიურ სასაუბრო ენას. მე თუ მკითხავთ, ესეც ძიების პროცესია, თუმცა ექსპერიმენტული ენა შემდგომ მთარგმნელებისთვის ხდება თავისტკივილი. მაგალითად, ჩემს ტექსტებში, თითქმის 90 პროცენტი უფრო ენასა და ფორმაზეა აქცენტი, ვიდრე ამბავზე.

ზოგადად, ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი სცადა ამ მხრივ. რადგან არის თემები, რომლებზეც მხოლოდ იმიტომ ვერ დაწერ, რომ მის აღსაწერად შესაბამისი სიტყვები არ გაქვს. მაგალითად სექსი რომ ავიღოთ – ან ძალიან უხეში სლენგი არსებობს ან სამედიცინო ტერმინები. ამიტომ ამ ძიებაში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ სომეხი მწერლები.

დღეს, მგონია, რომ ახალგაზრდა ავტორები ამ მხრივ შედარებით გაკვალულ გზაზე დგანან, რადგან ჩემმა თაობამ ეს საქმე ნაწილობრივ უკვე გააკეთა.

თქვენზეც გვითხარით ცოტა რამ, თქვენ სად ხედავთ საკუთარ ადგილს თანამედროვე სომხური ლიტერატურის სივრცეში, რა არის თქვენთვის საინტერესო თემები, რაზეც წერთ?

– მე პენ სომხეთის პრეზიდენტიც ვარ და ამიტომ, სხვა მისიაც მაქვს სომხეთში. ვცდილობ ხალხი ერთმანეთს შევახვედრო, მათ შორის დიალოგი შედგეს. ამავე დროს, მე ვარ მწერალი, რომელსაც აქვს ძალიან მტკიცე პოზიცია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მიმართ. ჩემი შემოქმედებაც ამ ღირებულებებზე დგას. ეს იშვიათია სომხეთში, რადგან, როგორც წესი, მწერლებს ეს თემები ნაკლებად აღელვებთ ჩვენთან. ბევრს აქვს პოზიცია, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, მას „არ ეხება“ და თითქოს განყენებულად დგას. სჯერათ, რომ თითქოს ხელოვნება უფრო მაღლა დგას და ა.შ. ესეც პოზიციაა, მესმის, მაგრამ მე არ ვიზიარებ მას.

ჩვენ არ ვცხოვრობთ დღეს მთვარეზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრობლემები, ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი და არა რაღაც პრივილეგირებული ფენა.

მე არასოდეს მქონია ეს გრძნობა, რომ ჩემი მწერლობის გამო პრივილეგირებული ვიყავი. პირიქით, მთელი ცხოვრება მარგინალიზებული ვიყავი როგორც ავტორი და როგორც ადამიანი ჩემი არჩევანის გამო. თუმცა კი, უმცირესობაში ყოფნის გამო, მე მქონია განცდა, რომ მსხვერპლი ვარ. ყოველთვის მჯეროდა, რომ რასაც ვაკეთებ, ეს უნივერსალური საქმეა და ერთ დღეს ეს დაგვეხმარება, გვქონდეს დიალოგი ისეთ ჰომოფობიურ და არატოლერანტულ საზოგადოებაშიც, როგორიც სომხეთია.

რაც შეეხება წერას, ჩემი მოთხრობების კრებულის შემდეგ, რაღაც ხანი აღარ ვწერდი, მაგრამ არ გავჩერებულვარ. უსაფრთხო სივრცე ვიპოვე ლიტერატურაში, და ეს სივრცე საბავშვო ლიტერატურა აღმოჩნდა. მე მგონია, რომ თუ გადამწვარი ხარ, თუ რაღაც კრიზისი გაქვს, უბრალოდ, შეგიძლია სხვა სცენაზე გადაინაცვლო და წერა მაინც გააგრძელო. ლიტერატურაში ეს შესაძლებელია.

© არილი

Facebook Comments Box