
ისდოროვიჩმა დაგვტოვაო, – მათემ მოიწერა „საჯიმალოს“ ჩათში. ისედაც გადადებული იყო ბაბუამისი, ბოლო წლები იწვა, ვერ დგებოდა, სიბერემ ყველაზე ულმობელი ფანდებით მოუხაზა, მაგრამ კეთილი მოხუცის სიკვდილი ყველას ძალიან გვეწყინა მაინც. ეს ჩათი მე შევქმენი, კვირაში ერთხელ გრიალები რომ შეწყდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა და მზრუნველი მამის პროფესია აირჩია, ზოგი კი შაბათ-კვირასაც ვერ გამოდიოდა სამსახურიდან, მე და გულიტი შემოვრჩით პარასკევის ღამისმთევლები. ეს რომ დაიწერა, კიდე კაი, ყველა აქ ვიყავით და ხაზზე, „გამიტყდა, ვერ ჩამოვდივარ“ და „მორდება, ჯიმა“ – ასეთების დაწერას და მათეს მამის ყბაში ჩავარდნას გადავურჩით ყველანი. „ცაშკიბულიდან არის ხომ გამოსვენება?“ – იკითხა კახუნამ. „ბაბუაშენივით ახლა სამებიდან ვერ გამოასვენებენ, მაგრამ მკვდარი მკვდარია. ცაშკიბულის სასაფლაოც მიიღებს“ – კახუნამ გადმომიმესიჯა, ეს მაგარი დაგრუზულია ჩემზე, მოცვის პლანტაციისთვის სესხი რომ ვერ დავუმტკიცეო, ჩათში კი დაწერა: „მათეოს, ყველა ჩამოვალთ პარასკევს, ღამე გავუთიოთ ისდოროვიჩს, მაგის ხელში ვართ გაზრდილები“.
ხანდაშ ამბე (შრომის ამბავი)
შრომაში უნდა გაწყდე – ასე უქნია სოფელს. მიწა შეგიწირავს და მიწა მიგიღებს მერე. ოფლი, სისხლი და თოხის გალესილი პირი არ უნდა მოაკლო მიწას, თორემ სოფელში არც ქალი გამოგყვება და კაციც არ გენდობა. ერთი – ბოზის ქვაბს ვერ ამოავსებ და მეორე – ოჯახს ვერ დააკმაყოფილებ, სულ რომ სული ამოგძვრეს, უკმაყოფილი ვიღაც მაინც დაგრჩება. სამივე შვილის სამივე სახლი ჩემი აშენებულია. ჩემი ხელით. რომ გათხოვდნენ, არაფრისმაქნისი სიძეების იმედზე ჭერი არ ექნებოდათ. იმათი სახლების ხარაჩოზე ვიდექი, ყრუ კედლებში ლურსმნები შემყავდა, ნაგავი მე გამქონდა და შეღებვაზეც არ შეიწუხეს თავი, ეგეც ჩემი გასაკეთებელი გახდა. მადლობელი მაინც არავინ არაა. წამოვედი, ტყეში ჩავდგი ფიცრული, სიმინდი მოვიწიე, ეს ჩემი ცოლი მაინც სხვა ოთახში იძინებს და სხვაგან რომ ვიყო, უფრო მოვუნდები-თქო, ასე ვიფიქრე. დილაობით ერთგული ძაღლის ყეფა მაღვიძებს, ღამით – ჭრიჭინების გაბმული გნიასი. ჩავალ ღელეზე, ჩე ჩხომს და კიბოიას წამოვიღებ, პური მომინდება, შეშით დავტვირთავ კაჭკას და ქალაქში ჩამოვცლი: შრომაში ფულს იხდიან. ლარისას ცხენ-კაჭკით ვერ მივადგები, მაგრამ ჟორჟის გასვენებაზე რომ ეცვა იმ კაბის თარგს ჩემი ფიცრულის ხის საწოლზეც აიღებდა კაცი.
*
– არა, შენ ყოველთვის არტისტი იყავი, მაგრამ ახლა ვისი მონოლოგი მოიტანე, ჯიმა? – ეუბნება მათე სოსიკოს, რომელიც „საჯიმალოს“ ჩათში „ბოსხიშ ბოშის“ სახელითაა დარეგისტრირებული.
– მესამე ნაფაზმა უფრო მოიტანა, – სიცილს ძლივს იკავებს გულიტი.
– ბარნობა ხომ გახსოვთ, მეხუთე კლასში ვიყავი, თავის კაჭკაზე რომ შემომისვა ჩემი პატარა ურიკიანად. წისქვილში გამაგზავნეს და უკანა გზაზე გამომიყოლა. დაღლილი და სიბრაზისგან სახეწაშლილი იჯდა, მოსაუბრე უნდოდა. დაფქვა, მარა რა დაფქვა! სანამ სახლამდე მივედით, ამოწყვიტა მთელი სოფელი და ისევ დაასახლა, თავისი უხანო ცხოვრების ამბავი მე გადამაყლაპა.
– მერე შენც რა ბარნობას ნათქვამი გახსოვს, აგერ ჯეი ჯეის მარიანა ბაჩილავა მაინც შეხვდა მეხუთე კლასში, – გადმომხედა გულიტმა, – ძაან გიყვარდა ხო?
ჯვეშ ჸოროფაშ ამბე (ძველი სიყვარულის ამბავი)
– ჩვენ ერთი გზა გვქონდა სახლისკენ. უმამოდ გაზრდილ ბიჭს, მივხვდი, რაღაცები აკლდა ხასიათში. მე კიდე სულ პატარაობიდან მამის გვერდში დგომას ვგრძნობდი, მასზე უკეთესი კაცი არ მეგონა. სოფელში, კი იცი, ბიჭს და გოგოს რომ დაინახავენ ერთად, ლაპარაკი მერე იწყება. სულ ცალ ფეხზე მეკიდა მაგათი უწუპუწუ, თუნდაც მამაჩემის ყურამდე მისულიყო. ან მამაჩემთან რა მიტანა უნდოდა, შენც კი იცნობდი მამაჩემს, მენცარ კაცს… ახლა არ მომაყოლო, სულ მაგაზე ვფიქრობ, ავდგები, დავწვები… ხოდა, ვიღაც გოგოსთან დავინახე, თითქოს ისე, ჩვეულებრივად, არც არაფერი იყო და არც არაფერს ჰგავდნენ, მაგრამ ჩემი ავარდნის ამბავი ხომ იცი, სისხლი ამემღვრა, წაიშალა ყველაფერი. ტვინის ბნელი აზრები აიშალნენ, მთელი ღამე არ მიძინია. ტირილით გავსკდიო, გოგოები რომ ამბობენ, იმ ორი ჩათლახის გამო როგორ ვიტირებდი, მაგრამ ჯავრით გამევსო გული და ეს მგონი კიდევ უფრო ცუდი იყო, მივადექი მესამე დღეს და ამ ჩემს ლამაზ, ნაფერებ, ავი თვალისგან დაცულ სიყვარულს მკვდარ-ცოცხალი ვაგინე. გზაში ისიც გამახსენდა, მამაჩემზე რაღაც გადაკრული რომ ჰქონდა ერთხელ უხეშად და მისი სიყვარულის გამო გადავყლაპე, ეგ დამახსოვრებულიც არ ჩამიტოვებია… მაგის მერე? კი, ვნახავ ხოლმე შორიდან ათასში ერთხელ, ორივე ვცდილობთ, გზა ერთმანეთზე არ გვქონდეს. კაცია, იმაზე უკეთესი და შესახედავი, მე რომ მყავდა, მაგრამ ახლა ასი რომ მომცეს, ერთს არ მივცემ.
*
– მესაფლავეები ვინ არიან?
– ხუთი უნდა იყოს ხო მესაფლავე?
– ოთხიც შეიძლება.
მათე აივნიდან ოთახში შედის, კუბოში ჩასვენებულ ბაბუამისს დაჰყურებს.
– ისდოროვიჩი დაუმშვიდებია სიკვდილს, – ამბობს ბოსხის ბოში, – ან მამა სერაპიონის ლოცვებმა იმოქმედა.
– ეს სერაპიონი დიდი ხანია დინამიტს აღარ ისვრის წვერას ამოსაყრელად?
– კურთხევა არ ექნება.
– რეინჯ როვერ ევოუქი რომ იჩუქოს, მაგის კურთხევა პავლე მოციქულმა მისცა ალბათ.
– მესაფლავეები დილით მოვლენ, – ამბობს მათე, – მახუნჯია, გიგიშა ზარანდია, ოჩიგავების სიძე მალხაზი და ის პატარა ბიჭი ვატული, აიფონ ექვსის მოპარვაზე რომ იჯდა.
– ოოო, კაი კამანდა შეკრებილა.
– გიგიშა ზარანდია ისეთ უდარზეა, მეც დამმარხავს, რამე რო იყოს, – გულიტმა მეორედ შეაკეთა, – ვერგ თე ზღვაიაშ პლან! (არ ვარგა ზღვაიას პლანი)
– ისდოროვიჩმა დამიბარა, შენ უნდა დამაყარო მიწაო, ასე ამბობდა გიგიშა გუშინ, ჩქიმ მაჭაბაკალ სი რექია. (ჩემი საფლავის დამტკეპნი შენ ხარო)
– ქონება არ მოითხოვოს მაგან, – ჩაურთო კახუნამ, – სპასობნია.
მათემ ჩაიცინა, თავი გააქნია.
– ისე, საფლავის მიწა თუ ნახა ვინმემ? – ამბობს კახუნა, – ბაბუაჩემის ქეისი მოყოლილი მაქვს მგონი და სანამ იგივე მოხდება, შეამოწმოს ვინმემ.
მიდაღალირიშ ამბე (წართმეულის ამბავი)
თავის საგვარეულო სასაფლაოდ მიჩნეულ ადგილას სხვა რომ დამარხეს, ეს გირშელ ფეტელავამ შემთხვევით, იმ კაცის გასვენების დღეს შეიტყო. უკანა გზაზე სასაფლაო უნდა გამოევლო და შემთხვევით თვალი მოჰკრა, მისგან ადრე მონიშნულ ადგილას საფლავს რომ თხრიდნენ. იმ წუთიდან დაიწყო ის, რაც გირშელის უკანასკნელ ტრაგედიად იქცა. თავისნათქვამა კაცი იყო და ყველა, ვინც კი მასთან ამ განხეთქილების ჩაწყნარება მოიწადინა, მოიკვეთა. აღარ ელაპარაკებოდა, არ ესალმებოდა, არც იმათ ლხინის და ჭირის დღეებზე მისულა და თავისი ძმა – ბარნობა რომ მოკვდა, სამძიმარზე მისულებს ზურგი აქცია ყველას.
ბოლომდე არც ერთს არ გვესმოდა მისი. ახლა ვხვდებით, რომ მის თავდაჯერებას, თვითრწმენას სწორედ მაშინ შეუდგა წყალი, როცა საფლავი დაკარგა. ეს კი სიკვდილს აადვილებს. სიცოცხლესაც აადვილებს – იტოვებ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მოხუცი გასასრესად არ გაიმეტა.
*
მიყვარდა ქვია ალბათ მაგას, – მესიზმრებოდა როცა დავშორდით, სადაც მივდიოდი, მასზე ფიქრი ამეკიდებოდა ხოლმე.
„ჯეი ჯეი“ მათემ შემარქვა. ერთ კურსზე ვიყავით, ერთ ჯგუფში. სულ რაღაცებს ვიგონებდი – ფრაზებს, ორსიტყვიან გამოთქმებს – და მერე მაგიდაზე დანით ვფხაჭნიდი. ქვეშ ინიციალებს ვუტოვებდი: JJ ან James Joyce.
„მოულოდნელი უნდა იყო. შენი ყოფნითაც მეტი მიემატება და შენი არყოფნითაც ბევრი დააკლდება სამყაროს, თუ მოულოდნელი იქნები“ – JJ, ავკრიფე, დავაკოპირე და სანამ მასთან გაგზავნას დავაჭერდი, მესენჯერი აინთო.
გესიზმარაფილიშ ამბე (დასიზმრებულის ამბავი)
ორი წლის მკვდარი იყო მამაჩემი, ჯერ ქალაქში არც ვიყავით გადასულები, – დედაჩემს რომ შევატყვე, საქციელი გამოეცვალა. ადრე თუ დაუბანლად, დაქანცული მიწვებოდა დასაძინებლად, ახლა წყალსაც შედგამდა ასადუღებლად, ახალ საცვლებს და საღამურს გადმოიღებდა, სურნელოვანი საპონიც გამოჰქონდა. მერე შუქს აქრობდა და ვიძინებდით. დილას ისევ ფეხზე მხვდებოდა, ცოცხალი, ლამაზი, თითქოს ღამეს წაეღო მისი დარდი და წუხილი. პატარა არ ვიყავი, მაგრამ მაინც რაღაც მაკავებდა, დედაჩემისთვის ის სიზმარი მომეყოლა. მისი ბიჭობის ფოტო რომაა, იმ ტანსაცმელში მოსულიყო მამაჩემი, ეზოში იდგა და მეძახდა, – მარია, მარია, ჭურჭელი წამოიღე, ახალი წყალი ამოვიღოთ ჭიდან, შორი გზიდან მოვედი და ჩემი ეზოს წყურგილით მინდა გავიგრილო გულიო. თვალს ვახელდი, ძილი თავისკენ მექაჩებოდა და ძლივს გახელილი თვალიდან ვხედავდი გამოღებულ კარში ჩამდგარ შიშველ აწოწილ ბიჭს. სახე წაშლილი ჰქონდა, მაგრამ სუსტი, ჩავარდნილი მკერდი ჩემს მეზობელ ტიპს ამსგავსებდა, რომელმაც ერთხელ ქუჩა გადაკეტა და უცნაური ნახატების გამოფენა მოაწყო. ბოსხის რეპროდუქციებში თქვენი თავები ჩავხატეო, – გამოგვიცხადა ყველას და პატრულის ეკიპაჟის გამოძახება დასჭირდათ, ას მანქანას ჩვენი ჩახერგილი ქუჩიდან რომ გაეღწია. ამას ჩემს სიზმარში და ჩვენს სახლში რა უნდა-მეთქი, ვიფიქრე და მკერდს ქვემოთ მაინც გამექცა თვალი. დედაჩემმა მითხრა დილით, ასეთი სიზმრები გარდატეხის ასაკში ჩვეულებრივი ამბავიაო.
*
– როდის გახსენდები?
– დილით, ბოლო სიზმარზე.
– რატომ დილით?
– კუჭი მტკივდება, სიზმარიც ცხელია.
– მერე რატო არ მწერ?
– რა ვიცი რას იფიქრებ.
– რა უნდა ვიფიქრო?
– მოვენატრეო და ეგეთები.
– და თუ მოგენატრე?
– ისეც შემიძლია გითხრა, როცა გნახავ.
– შენ მერე როდის მნახავ.
– როცა მეტყვი, მნახეო.
– მე უნდა გითხრა?
– ხო, რა ვიცი, ალბათ…
– არ შეცვლილხარ.
– ანუ?
– ისევ გაუბედავი ბანძი ტიპი ხარ.
– და შენ ისევ ბებიაშენს ბაძავ.
– მართლა?
– მაგასაც ხო უყვარდა ოქროს საყურე ცალ ყურზე…
– კი, ტოპაზით და ბრილიანტებით. მეც ვიკეთებ.
– გიხდება ძაან, ლამასო. ვინ გაჩუქა?
– ვინ მაჩუქებდა?
– ქმარი ჩვენი მწყალობელი.
– იეს.
– მე გულს გჩუქნი.
– ეგ ვიცით.
– მართლა?
– აქამდე ეგრე იყო.
– კი, იყო.
– რამე შეიცვალა?
– ქმარი გყავს.
– არა, ჯეიმზჯოის, შენთან შეიცვალა რამე?
– ვანძრევ, არაფერი ისეთი.
– ეგრე ცოლიანებიც ან…
– დღეგამოშვებით.
– შენ რა იცი?
– ეტყობათ. მაგათ ცოლებსაც.
– ისე, ბებიაჩემის საყურე მაშინ დაიკარგა, სახლი რომ გადაგვიწვეს.
მინოკათაფაშ ამბე (შევარდნის/ძარცვის ამბავი)
ბაჩილავების სახლს რომ წაეკიდა, მთელი სოფელი ძილში იყო მაშინ. წკონდა რულიო, ბებიაჩემი რომ იტყოდა, მასეთში, როცა ძაღლს, მამალს და ადამიანს ფხიზელი სმენა წართმეული აქვს. ავარდა ცეცხლი თუ არა, მოვწყდი საწოლს. ბაბუაჩემი ძველი სამხედრო იყო, ასაკში მყოფსაც კი ჩაცმას ვერავინ დაასწრებდა. ჭიშკართან მისულებმა ცეცხლის შუქით განათებულ ქუჩაზე გამოცვენილი მეზობლები შევნიშნეთ. ისდოროვიჩი დამფრთხალი აცეცებდა თვალებს, ცდილობდა შიში არ შეტყობოდა, მაგრამ გაუაზრებელი ბოლთისცემა მასაც სტიქიის ტყვედ აქცევდა.
ბაბუაჩემმა გასძახა ისდოროვიჩს, – ავთა, შენ ხომ იცი, სამედიცინო ტეხნიკუმში ვსწავლობდი, და მწვანე კვამლი რომ აუვიდა ცეცხლს, შიგნით ვიღაც უნდა იწვოდეს, წყალი არ გაუვაო.
ბაჩილავებისგან კაცი არ დარჩა ამ სახლში – თვითონ მერაბი გულმა მოკლა, მისი სახელგატეხილი ცოლი ორი წლისთავზე ქალაქში გადავიდა ერთადერთ ქალიშვილთან ერთად და აქაურობა რომ არ გამოკეტილიყო, მეორე რძალთან ნაჩხუბარი ქსენია შამუგია-ბაჩილავასი დაბრუნდა იქ, სადაც ნახევარი საუკუნე გაეტარებინა. ქმრისა და ორი ვაჟის მსახურს და გამკერპებელს რძლებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა: ჯერ ერთთან ცხოვრობდა, მერე მეორესთან გაიქცეოდა ნაწყენი და გაბრაზებული და ასე მიმოწყდომაში იყო, სანამ უფროსი შვილი მოულოდნელად არ გამოეცალა და ლამაზ (მაგრამ თავისნათქვამა) რძალთან მარტო დარჩენაზე გადაჭრით თქვა უარი.
მეზობლებს უყვარდათ და მისი დაბრუნება გაუხარდათ, რძალზე უთქმელად შენახული ბრაზი მასთან დაცალეს. ქსენიამ თითქოს ახალი ძალა მოიცა მუხლებში: დილაუთენია შვილის საფლავზე ადიოდა, მთელი დღე კი ხელშეუვლებ კუნჭულს არ ტოვებდა ეზო-მიდამოში. სოფელში ებრალებათ დაცემული ადამიანი და პატივს მიაგებენ გამდიდრებულს, მაგრამ როცა განსაცდელში ჩავარდნილი მოხუცი ფეხზე წამოდგომას მოინდომებს, მას ხელს შეუშვებენ და მარტო დატოვებენ სტიქიებთან.
გამომძიებელმა მოგვიანებით თქვა, რომ სულ მცირე სამმა კაცმა გაიგო, როგორ გადაძვრნენ მძარცველები ქსენია შამუგია-ბაჩილავას ჭიშკარზე. ერთი მძარცველის ხმა ეცნოთ კიდეც, მაგრამ მერე სამივემ გადათქვა, ალბათ მოგვეჩვენა, თორემ ვისზეც ჩვენ ვფიქრობთ, ის იშვიათად ჩამოდის სოფელში, დედაქალაქში სწავლობს და აგვისტოში თუ მოიცლის აქაურობისთვისო.
ალბათ ოთხნი იქნებოდნენ, – გამომძიებელს დაზუსტებაც უჭირდა. ერთი გარეთ დარჩა, დანარჩენები შეიპარნენ. ცოტა გასაკვირი იყო, ასე რამ დაადუმა წინკარში, აივანზე და ლაფაროში ჩაწოლილი ძაღლები, რომლებსაც დილაუთენია თავისი ხელით აპურებდა ქსენია და ყველა მათგანი ქუჩაში დასმული – დოხუნაფილ – და ტყეში უპატრონოდ მიყრილი სახლში წამოიყვანა.
მოხუცი ტანზე იცვამდა, როცა კარის ჭრილა გააყოლა სმენა, სწრაფად წამოდგა და სასთუმალქვეშ დამალული იასამნისფერი ბოხჩა ხალათის ჯიბეში ჩაიგდო.
„ზალაში“ ელოდა სტუმრებს, მაგრამ იქ შესულს არავინ დახვედრია. ივლისის ცხელი დილა ფანჯრიდან ჯერ არ შემოპარულიყო, მხოლოდ ოდნავ, მკრთალად გაეღავებინა სიბნელე. ქსენიას ესეც ყოფნიდა. შიდა კიბით დაეშვა და სანამ ბოლო საფეხურზე დადგამდა ფეხს, იგრძნო, ზურგსუკან ვიღაც გახშირებული სუნთქვის შეკავებას ცდილობდა. ფეხშიშველი იყო, თვალებით დაიწყო იმ საგნის ძებნა, რომელიც გამოადგებოდა და ბოლო წამს მიხვდა, რომ უნდა ეყვირა. ხმა მხოლოდ მაშინ ამოსცდა ყელიდან, როცა ბიძგი და კბილებში წიხლი უკვე ნაგემი ჰქონდა. ხალათის ჯიბეში ხელის წაღება მოასწრო და რომელიღაცამ გინებით დაუშვა ნაჯახის ტარი კეფაზე.
ისდოროვიჩი ამბობდა, – მძარცველები დაფეთდნენ და მაგიტომ წაუკიდეს სახლს ცეცხლი, უნდოდათ თავიანთი კვალი წაეშალათო. გამომძიებელმა ბაბუაჩემიც დაკითხა. არა მგონია, ქსენიას ფული და ოქროულობა ჰქონოდა, ასეთები არ იმალებაო. თან შვილის უბედურების დროს მაგათ გაუჭირდათ და გაყიდეს რაღაცეები, ესეც იცოდა აქ და ახლომახლო ყველამო.
ვინც იმ ღამით ქუჩაში არ გამოცვენილა, ისინიც დაკითხეს, მაგრამ ხელმოსაჭიდი მიზეზი არც იმათ მიუციათ გამოძიებისთვის. სოფელში იმასაც ამბობდნენ, – შონიების გაკეთებულია, დუურთიაშია რომ იყვნენ ხელოსანი ძმები რამინ ბუსკანძესთან, მოითავეს საქმე და იმ ღამის ნაძარცვიც გადაიტანეს ნაბაკევში, მაგათ იქ ვინ მიაკითხავთ, ფეხს ვერ მოჭამს აქაური პოლიციაო.
ქსენიას უმცროსი შვილი თამაზი პირველ დღეებში იმუქრებოდა, – ვინც ეს ქნა, ვიპოვი და ცხელ ტყვიას დავაჭედებ შუბლშიო, მაგრამ ორმოცზე ჩამოსული პირგაპარსული იდგა თურმე სასაფლაოზე და ბაბუაჩემს ელაპარაკებოდა საბჭოთა კავშირის ომის აბსურდულობაზე ავღანეთში.
საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ისდოროვიჩს წამოსცდა, – ბარნობა და ქსენია წაკამათდნენ იმ ამბის წინადღესო. ქმრის ბიძაშვილი იყო ბარნობა და სულ ცდილობდა, ადრე დაქვრივებულ ქალზე მზრუნველობა გამოეჩინა. ჯერ ახალგაზრდა ქსენია არ იკარებდა, მერე ბიჭებმა მოიშორეს, დედაჩვენს უშენოდაც მივხედავთო. და ბოლოს, სიბერეში ისევ წამოუარა პატრონობის სურვილმა. ქალს უთქვამს, ადრეც მადლობელი ვიყავი, მაგრამ ჩემს თავს და ჩემს სახლს მე თვითონაც ვეყოფიო. ეს სწყენია ბარნობას, – სახალხოდ როგორ მითხრა, ჯიუტი და უკადრისი ქალია, ტყვიათ მუკაანთქ და ვარა მეტ მუთუნ ვეგშურსია (ტყვიით მოიშორებ/მოარჯულებ, თორე სხვაფრივ არაფერი გამოვაო), – ასე გაიძახოდა თურმე ქუჩაში და აგერ, ბავშვებიც შეესწრნენო. ასე იყოო, – იკითხა თუ არა, დავუდასტურე გამომძიებელს ისდოროვიჩის ნათქვამი. მესამე დაკითხვიდან დაბრუნებული ბარნობა თავის ფიცრულში იპოვეს, საქონლის თოკზე ჩამომხრჩვალი. არავისთვის არაფერი არ უთქვამს და დაწერილსაც რას დატოვებდა.
*
თვალები მებლიტება, ოთახში სიგარეტის კვამლი ხრჩოლავს. მკვდარივით სძინავს ყველას და ვინ ეწევა ნეტავ, ისიდოროვიჩმა ხო არ წამოიხედა? სიბერეში მორწმუნე გახდაო, – მათე ამბობდა, – დილის ლოცვები კი ეზარებოდა ბოლომდე, მაგრამ ფურცქინ-ფურცქინით იტყოდა მოკლედ, ახალგაღვიძებულზე და, მთელი დღე მშველისო, წაიჩურჩულებდა თავისთვის. „ჯარგვალში ვარ, ჩამოდი“ – ყველა სარკე დაუფარავთ ან გაუტანიათ, აიფონის ეკრანზე ვუყურებ ჩემს თავს. რაცაა, ეგაა. ბოსხიშ ბოში ისე ხვრინავს, მკვდარი სულები ამ ოთახში არ გაჩერდებიან. ჯარგვალში თევზის და ჭყვერტ ლებიას სურნელი ერთმანეთშია აზელილი. მარიანა მაგიდასთან მიდგმულ სკამზე ზის. თავზე ხელს ვუსვამ, თმაზე ვეფერები. „დავიბრუნე“ – ამბობს, როცა საყურეზე ვეხები. ჩემკენ არ იხედება, მაგიდას უყურებს და კუბოკრულ გადასაფარებელზე დაწყობილ თავის ხელებს. ეს მკრთალი თითები ყოველთვის აღმაგზნებდა, სახეზე, თვალის უპეებთან, ტუჩებზე რომ გადამისვამდა ხოლმე, ყელზე რომ შემომეხვეოდა, ცოტა შეციებული, გაუმთბარი.
– თქვენ იყავით, ყველაფერი ვიცი, – ამბობს მშვიდად და თვალებში მიყურებს.
– სად ჩვენ?
– იცი სადაც. კი, ცეცხლში გამომწვარი ბებიაჩემი ვარ და დილა იმისთვის მოდის, რომ ყელი გამოგჭრათ ოთხივეს.
ჯარგვლის კედელში თაგვი დაძვრება. სახურავზე გადმოწოლილი ტოტიდან მწიფე მსხალი მოგორავს კრამიტზე.
© არილი