ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

მალხაზ ხარბედია – ვასილ ბარნოვის თბილისური ეთნოგრაფია და წარმოსახვა[1]

სოფელი ქალაქში

             თბილისთან დაკავშირებულ ყველა კლასიკურ ტექსტში სოფელი ქალაქის ე.წ. ზიარჭურჭლის მთავარი მასაზრდოებელი წყაროა. ადრეულ საუკუნეებშიც, XVIII საუკუნეშიც და მერეც, XIX-ს თბილისური, მოკრძალებულ სამრეწველო რევოლუციის დროსაც, სოფლის მოსახლეობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადგილობრივი კულტურის ჩამოყალიბებაში. ვასილ ბარნოვი თავადაც სოფლიდან ჩამოვიდა (მამამ, ზაქარიამ ჩამოიყვანა სასწავლებლად), ბავშვობიდან ასეთ, მიგრანტების უბნებში იცხოვრა და, შესაბამისად, ყველაზე მეტი სიზუსტითა და ცოდნით სწორედ ამ ადამიანებს და ოჯახებს აღწერდა, სიცოცხლისთვის მებრძოლ უცხოებს, ვინც მცირე ჯგუფებს ქმნიდნენ რომელიმე მიკროუბანში ან სრულიად უცნობ ადგილებში ცდილობდნენ დამკვიდრებას, თამამად და გაბედულად.

მამაჩემი, იური ხარბედია თბილისში, დიდუბეში დაიბადა და გაიზარდა ხოშარაულის 27 ნომერში. მეც იქ დავიბადე 1974 წელს. 1975 წელს ვაკეში, კორპუსში გადმოვედით საცხოვრებლად, მაგრამ მაინც, მთელი ბავშვობა დიდუბის იმ პატარა, ჩაკეტილ უბანში გავატარე, სადაც რატომღაც მხოლოდ მეგრელები და რაჭველები ცხოვრობდნენ: სხვადასხვა ათწლეულებში (30-70-იან წლებში) სერგიეთიდან, ძვ. აბაშიდან, ონტოფოდან, სეფიეთიდან, ონოღიიდან, ბანძიდან, ქვიშარიდან, ბაჯიდან, პატარა ონიდან, ქვედა შავრიდან და სხვა სოფლებიდან ჩამოსულმა ახალმოსახლეებმა შექმნეს ცალკე სამყარო, რომელიც ახლაც ცოცხალია და მესამე და მეოთხე თაობებს ზრდის.

ეს უბანი, როგორც ბევრი მეზობელი უბანი, მანამდე გერმანული იყო, ბავშვობაშივე გავერკვიე სად, რომელ ადგილას ჰქონდათ თავლები გერმანელებს, სად იყო მარანი, სად – ბაღ-ვენახი. საცხოვრებლად მეორე სართული ჰქონდათ – სქელი კედლები და სიგრილე მთელი დიდუბური, ცხელი ზაფხულის მანძილზე. ბებიაჩემს, ალექსანდრა კუპრავას, კედელში მურაბების და მწნილების შესანახი თაროებიც ჰქონდა, საუკეთესო დასავარგებელი ადგილი. რა თქმა უნდა, გერმანელებსა და მათი გაქრობის მიზეზებზე ბავშვობაში, 80-იანებში ბევრს ვერაფერს ვიგებდი, გარშემო ცოტა რამ იცოდნენ, მხოლოდ რაღაც ლეგენდები. ერთი-ორჯერ გვარსაც მოვკარი ყური, რომ აი აქ, ეს კაცი ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლების გარდა მაშინ გერმანელების მიერ აშენებულ ნაგებობებში გამართული იყო რამდენიმე საამქრო და საწყობიც.

ასეთი სოფლური უბნები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გარეუბნებში ყალიბდებოდა, მტკვრის მარცხენა ნაპირზეც და მარჯვენაზეც. გარეთუბნელი „ნუშო“ უკვე ვახსენე და ღარიბების დასახლება, რომელიც ორბელიანის სასახლემდე იყო გაშლილი. ეს ადგილი იმით იყო მოხერხებული, რომ ბაზართანაც ახლოს იყო და მდინარესთანაც, შეშას ნახშირის და შეშის ბაზარზეც შოულობდნენ და მდინარიდანაც ამოჰქონდათ წყალდიდობის დროს. შუა ქალაქშიც ადვილად მოხვდებოდნენ, სალოცავიც არაერთი იყო გარშემო. ბევრი ადგილი ქირავდებოდა აქ, თავადებისა და დიდვაჭრების სულ რამდენიმე სახლი იდგა, დანარჩენში უბრალო ხალხი ცხოვრობდა.

„ერთპირი ხალხი სახლობდა აქ. ცხოვრება უფრო სოფლურად ჰქონდათ მოწყობილი“, მეორე აბზაცშივე აღნიშნავს მთხრობელი და უბნის დეტალურ დახასიათებას იწყებს. ეს აბზაცები აუცილებლად უნდა დავიმოწმოთ XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქალაქური ცხოვრების უკეთ გასაგებად:

“ყველამ იცოდა ერთმანეთის ავ-კარგი და გაჭირვებაში დაუხმარებელს არ დასტოვებდნენ არავის. ბევრჯელ მინახავს, რომ ღარიბ ოჯახს მეტი ქირის გაღება უმჯობინებია აქ სხვა უბანში გადასვლას.

<…>

გარეთუბნელები უმეტეს ნაწილად ქალაქის გარშემო სოფლებიდან იყვნენ ჩამოსული. როცა ოჯახი ჰკარგავს უფროსს და ვეღარ უძღვება მინდორს, ვენახს, საქონელს და სხვა სოფლურ საქმეს, მაშინ ქვრივი სოფელში ბინასა შლის, ქალაქს მიატანს, რომ ყმაწვილების შაგირდანით[2] და თავისი გარჯით იცხოვროს, მეტადრე მაშინ, თუ ქალი ქალაქიდან არის სოფელში გათხოვილი. ვაჟები წამოესწრებიან ამისთანა ხალხს – ცოლებს ხშირად თავიანთ სოფლიდანვე უთხოვენ, ქალები წამოესწრებიან – ქალაქის მუშა ხალხს აძლევენ. ხომ დღიური შრომით ცხოვრობენ, მაინც ცდილობენ სოფლელებზე მაღლა დაიჭირონ თავი; ხანდისხან კიდეც დასცინიან სოფლელებს, თუმცა თითონ მარტო სიღატაკით არიან იმათზე დაწინაურებულები  და თვალი სოფლისკენვე უჭირავთ.

აი ამ ღარიბ ხალხისათვის მოჰქონდა იმ მორევს სიკეთე. მტკვარი რომ ადიდდებოდა და ჭალებიდან ნარიყს მოაქანებდა, მორევი ჩაიხვევდა ამ შეშას და კარგა ხანს ატრიალებდა; უფრო მომცრო ტოტები და ნაჩეხები ნაპირზედაც მიჰქონდა. ხელმოკლე ხალხი ჩადიოდა და იჭერდა ნარიყს; შეშის ყიდვის ილაჯი რომ არა ჰქონდათ, იმით ითბობდნენ საჭმელს. ამ საქმეს უფრო დედაკაცები  და ბავშვები მისდევდნენ;  რადგან ვაჟკაცები დილითვე გადიოდნენ სამუშაოდ. ამგვარადვე შოულობდნენ შეშას ღარიბი მოსწავლეები, რომელნიც ცხოვრობდნენ გარეთუბანს რამდენიმე ერთად პატარ-პატარა ოთახებში, ან შეჰფარებოდნენ თავიანთსავით ღარიბ ოჯახებს[3]“.

             მთხრობელი კონკრეტულ სახლსაც აღწერს. ეს მიწური მაგდა ძამიაშვილს ეკუთვნის, ზედ მტკვრის პირას დგას, ერთი მოგრძო ოთახია ბანით:

„სართულს შუშაბანდით დახურული დარბაზული სანათური ჰქონდა. ოთახი აქედან ნათდებოდა, რადგან ორი პაწაწინა ფანჯარა, რომლებიც ოთახსა ჰქონდა ეზოს მხრივ, კრამიტით დახურული საჩეხით იყო დაჩრდილული და ვერ ანათებდა ოთახს. პაწაწინა ეზო ფიცრულით იყო შემოზღუდული, ფიცარი ალაგ-ალაგ ჩამპალიყო და აყრილიყო, ეზოს ვეებერთელა ჭისკარი ება, რომელიც ახალი იყო, ჯერ წამალიც არ გადასვლოდა. ალაყაფის კარებისთვის ზევიდან თუნუქა წაეკრათ და თავდაყირა დასმული ლურსმნები გაემწკრივებინათ. ეს კარები ძამიაშვილმა მაშინ გააკეთა, თავის რძალს რომ გაეყარა: უნდოდა ნიშნი მოეგო განაყოფისათვის, მაგრამ კარი პატრონსავე უსიებდა გულს მას აქეთ, რაც რძალმა დასცინა: გაუფრთხილდი,  კარებიდან სახლი არ გაგეპაროსო. ცხონებული ფიქრობდა სახლიც გაეახლებინა, ეზოსთვინაც ქვითკირის გალავანი შემოერტყა, მაგრამ აღარ დასცალდა: ხარაჩოებზე მუშაობის დროს გაცივდა და მოკვდა. დარჩა ახალგაზრდა ქვრივი მაგდა ბავშვით ხელში“ (I, 138).

             „ამქრის მშვენებაში“ პაატას უხარია, საკუთარი ხელით გაკეთებულ ქვიტკირის გალავანს და ალაყაფის კარს რომ მიადგება. გული ეხსნება, რკინის ჭიშკრით შემკული ეს გალავანი რომ შემოანათებს (V, 9). ეზოში, სათონის გვერდით, ორი უნაბი უდგას, რომლებიც უყვარს და უფრთხილდება:

“იმისთვის კი არ მოსწონდათ ხეები, რომ რამე სარგებლობა მოჰქონდათ იმათ; რამდენიმე პინა უნაბი დიდი შესამატი არ იქნებოდა ოჯახისათვის, თუნდაც მეზობლებში არ დარიგებულიყო ნახევარზე მეტი; მაგრამ ის ხეები ბუნებას აგონებდნენ იმათ, ტყესა თუ ვენახს ანიშნებდნენ და გულს უხარებდნენ; იმათ სულში ჯერაც არ ამომშრალიყო ბუნებისადმი ტრფობა, მემკვიდრეობით გადმოცემული სოფლელ წინაპართაგან” (V,9).

             სოფლიდანაა ჩამოსული გეგენაც, „ნუშოში“. იგი ახალგაზრდა ქვრივია, ცოტათი დეპრესიული:

ძილი აწვა სენად: სულ ეძინა; დღე, ღამე იმისთვის ერთი იყო. საქმე ჭირივით ეჯავრებოდა. ოთახის ერთ კუთხეში ბადე, ნემსკავები და ტილოს პარკი ეკიდა. სახლის ქირა[4] და ეს ბადე აცხოვრებდა იმას. როცა გროშები გამოელეოდა და მეზობლებიც ვერ მოახერხებდნენ კერძი მიეწოდებინათ, დაიძვრებოდა ადგილიდან. მუხლებზე ხელშემოხვეული იჯდა კარგა ხანს. უაზროთ გასცქეროდა კედელს. წამოდგებოდა მთქნარებით, ჩამოიღებდა ბადეს, გაშლიდა, დაუწყებდა შინჯვას. მთელი საათი ათვალიერებდა. ბოლოს ამოიოხრებდა და გასწევდა მტკვრისაკენ. საკვირველი მარჯვე ხელი ჰქონდა: უთუოდ გაავსებდა პარკს თევზით. მერე ისევ ძილს მიეცემოდა“ (I, 139-140).

გეგენას სოფელში მამული ჰქონდა, რომელიც მიეტოვებინა და უპატრონობისგან გავერანებულიყო. ხანდახან ახსენდებოდა სოფელი, „ჩაიცვამდა ყურთმაჯიან კაბას, ყაფაღიან წაღებს, ტერნოს ახალუხს, შემოირტყამდა ვერცხლის  ქამარს, დაიხურავდა ბუხრის ქუდს და გასწევდა“ (I, 140). იქ  ჩასული დაუცაცხანებდა ადგილობრივებს უყურადღებობისთვის, რაზეც ერთი ასე უპასუხებდა:

„რას გვემართლები? მოქალაქე კაცი ხარ, უხნავ-უთესადაც კარგად ცხოვრობ; სახლ-კარსაც, რაც შეიძლება, თვალყურს ვადევნებთ. თუ შენისთანა ქეთხუდა[5] ხალხი არ შემოგვეშველა, როგორ გავუძღვებით ან მღვდელს ან ერს,-ო (იქვე)“.

მეორე კი დასძენდა:

„არა, ბატონო, ევგენი! მაინც მართალი არა ხარ: გასცლიხარ სოფელს, აღარც ჭირში გვარგიხარ, აღარც ლხინში. შენისთანა ასაჰყალო[6] კაცები სოფელს სჭირია, შენ კი ქალაქში დასეირნობ“ (იქვე).

             გეგენა ასეთ შემოპასუხებაზე ხმასაც უწევდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც მორბილდებოდა და სოფლის დუქანში ღვინოსაც კისრულობდა ყოფილი თანასოფლელებისთვის.

             შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯაგუ კორსაია და მისი ცოლი დიდ ტანჯვაში არიან, თუმცა ამ სევდის გამქარვებელი არავინაა. ჯაგუ გადაწყვეტს სოფელში წავიდეს, მრავალწლიანი განშორების შემდეგ. ცოლს ეუბნება:

“ქალო, ძალიან მინდა იმერეთის ნახვა. რამდენი ხანია არა ვყოფილვარ! გული რომ ესე საშინლად მაქვს დახურული, იქნება მგზავრობამ გამართოს, გულის ვარამი გამიფანტოს“ (I, 181)

მის აზრს მეუღლეც ეთანხმება, თუმცა მარტოს იმ სახლში დარჩენაც ეშინია.

ქალაქში დარდიანობენ ყმაწვილებიც. განსაკუთრებით სოფლიდან სასწავლებლად ჩამოსულები, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ყველას სოფელში მიუხარია. აქებენ თავიანთ ცხენებს, რომლებიც მშობლიურ მხარეში წაიყვანენ მალე, ერთი სული აქვთ ბალს მიუსწრონ, სანამ მოლეულა, ზოგს წყალი და ტყე უხარია, კალმახითა და ჟოლოთი სავსე, სხვები თოფზე ოცნებობენ. მხოლოდ ნაღიტაა, ვისაც არაფერი მიუხარია სოფელში (I, 205).

სოფელს მონატრებული მოსწავლისთვის ქალაქში ბევრი რამ საძულველი ხდება, მათ შორის წიგნიც კი, რომელიც ასე უყვარდა:

“ახლა ეს წიგნებიც რომ შემძულდა! თვალის დასანახავად მეჯავრებიან… რა საძაგლად შრიალებენ! რა საზარელი სუნი ასდით!.. სოფელში რომ წიგნები მქონდა? ახ, რა მიყვარდნენ ისინი! რა კარგ რამეებს მიამბობდნენ ხოლმე! პაპასავით დინჯად ჩამაგონებდნენ, დედილოსავით ტკბილად მეუბნებოდნენ“ (I, 224).

             ქალაქში საღამოობით ხალხი ქუჩაში ირევა, ჟივილ-ხივილია. ბავშვები „დაგინახეს“ თამაშობენ, შვლებივით დაქრიან ქუჩებში და ეს ქუჩები თავიანთი სოფელი (ამ შემთხვევაში, ბლაგვიანი) და მისი ორღობეები ჰგონიათ (I, 228).

             ერთ-ერთ ასეთ ქალაქურ ორღობეში ყმაწვილ ვასიკოს კამეჩი გამოეკიდება. აპეურები აეწყვიტა და გაქაფებული მორბოდა, ხალხს აქეთ-იქით ისროდა, „თანაც რქებით მუშაობდა“ („სამწუხრო ღიმი” X,344). შეშინებული ბიჭი ბებერ დედაკაცს შეუვარდება, ღია კარში. ქალს სადილი ჰქონდა გაშლილი, შეჭამანდი ედგა და ერთი ჭიქა ღვინო, რომელიც დაიღვარა ამ არეულობის გამო. დედაკაცმა ბავშვის დაწყნარება დაიწყო და შეშინებულისა შეულოცა, ნახშირი, შავტარიანი დანა, ჩუმი დუდუნი, მოკლედ, როგორც ხდება. ბიჭმა შემდეგ სოფელში მოყვა ეს ამბავი, დედამ გულში ჩაიდო და როცა ზაფხული გავიდა და მოსწავლის ქალაქში გამგზავრების დრო დადგა, დედამ ერთი ქილა ერბო ჩაუდგა შვილს ხურჯინში, პირზე ფაშვგადაკრული ქილა: „ეს ქილა მიართვი იმ შენს ახალ ბებოს, მოიკითხე ჩემ მაგივრად, მადლობა გადუხადე გადარჩენისათვის“ (X,352). „მოხუც ანგელოზს“ უწოდებს უკვე მხცოვანი მწერალი მკითხავ ქალს და ერბოს მირთმევის და მისი აცრემლების შემდეგ ასე ამბობს:

„ამბობენ, ბებრებს გული დაჟღლილი აქვთ და მცირე კეთილზე თუ ბოროტზედ ნამი მოსდითო თვალზე“ (იქვე).

სოფლელები ქალაქურ საკვებს და სასმელსაც ვერ ეგუებიან. „ნუშო“-ში სოსანას ლუდის დასალევად წაიყვანს მუშტაიდში ჯაგუ კორსაია, თუმცა სოსანა ვერა და ვერ მიეჩვია ამ სასმელს, მწარედ ეჩვენება. თავად ჯაგუ კი კარგად შეეგუა და მოერგო ქალაქურ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალიან დასცინოდნენ ადგილობრივები:

“ჩამოვიდა ქალაქში ჯერ ისევ პატარა ბიჭი გრძელი ჩოხით და ყაბალახით თავზე. უკიოდნენ, დასცინოდნენ ქუჩის ბიჭები. უდიერი ოჯახები, სადაც იმას პირუტყვივით ამუშავებდნენ უცმელ-უჭმელს. ჟრუანტელმა დაუარა ტანში ამ მოგონებაზე… ავადმყოფი მასწავლებლის სახლობა, საცა ის ცოტა ხანს მსახურებდა, ორბელიანთ სამსახური. იმათი ქალები არსად წავიდოდნენ, თუ ლამაზად გამოწყობილი ჯაგუ არ გაეყოლებინათ თან…” (I, 155)

მუშტაიდისკენ მიიწევენ მოთხრობაში „ტკბილი დუდუკი“ (1909), სალხინო წალკოტში, ბაღში[7]. ერთს იქვე, საჩრდილობელქვეშ სურს ჩამოჯდეს, მეორე კი ქვემოთ, მდინარის პირას თალარისკენ ეპატიჟება. მთხრობელი ამბობს:

„ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ბაღში, მაგრამ ის ადგილი არა მქონდა შეთვალიერებული. გადავხედე იქაურობას: ორ ნაბიჯზე ჩამოდიოდა მტკვარი, წყლის პირი ვაკე იყო, ბექი არა ჰქონდა. შრიალებდა მდინარე, ნაპირზე ქვას აცურებდა, აბრუნებდა, აჩხრიალებდა. გაღმა მაღალი კლდოვანი ბექი მოჩანდა კედელივით და იმ კლდის ძირში წყალი ზვირთდებოდა, ეხეთქებოდა სალს, აქაფებული ბრუნდებოდა უკან, ტრიალებდა. მდინარის ტალღები მუქად ბრჭყვიალებდნენ შესაზარად. ხომ შუა ქალაქში მდებარეობდა ის ადგილი და ისე მივარდნილი იყო, ისეთი ბიამანი, რომ შევფიქრიანდი, თითქმის შიშმა ამიტანა“ (II, 282-283).

             „შეუძლიანთ დაგახრჩონ და მდინარეს მიგცენ“, ამბობს მოგვიანებით მთხრობელი, სამაგიეროდ ეს „ბიამანი“ ადგილი თანამეინახეს, მიხას მოსწონს, მეტიც, უყვარს, დაღლილ-დაქანცული ამ ადგილისკენ მიიწევს დასასვენებლად. სოფელს აგონებს, თავისი საყვარელი მდინარის ნაპირს, სადაც არც „ქალაქის დაუდგომელი ხმა“ არ ისმის და სულს არ უწუხებს და ბუნებაც ისეთი სახით ეჩვენება, თითქოს კაცი არ შეხებია და არ შეუბღალავს:

„მე აქ ისევე ვუყურებ მდინარეს და შევტრფი ბუნებას, როგორც სოფელში. ამ ძლიერი წყალის დენაში და ჩხრიალში, ამ ხეების შრიალში იგივე საიდუმლო ხმები მესმის, რომლებიც მხიბლავდნენ ჩვენის მდინარის პირს“ (იქვე).

„სოფლის ნატეხი“, ასე იტყვიან ბარნოვის პერსონაჟები, როცა ქალაქში სიმწვანეს და სოფლურ გარემოს დაინახავენ. აი, მაგ. „თეთრ გვირგვინში“, ზემოხსენებულ წინანაურში ერთ ადგილს აღწერს ავტორი, ბოსტნით, ხილის ბაღით, ვაზის თალარებით, ყვავილნარით, უხვი წყაროთი და წყაროს თავზე ვაზის გუმბათით. მოკლედ, ტურფა წალკოტია. შემოდის ცივ-ცივი ღვინო, ახალი თევზი ვაზის ფოთლებზე, მწვადი და ამ დროს გაისმის ეს ცნება: „სოფლის ნატეხი“. ზოგჯერ უკვირთ კიდეც, რომ ბუნება „ქალაქ ადგილასაც“ ხარობს.

„ლევრელაშიცაა“ სოფელზე ოცნება ქალაქიდან, მისი ხელოვნური ცხოვრებიდან დანახული და წარმოსახული. ვეებერთელა ეზო, შუა ეზოში ქვიტკირის სახლით, მარნით და ნაირნაირი საკუჭნაოთი:

“არც სახლი, არც აივანი ისე კოპწიად არ იყო შიგნით თუ გარეთ მორთულ-მოკაზმული, როგორც ქალაქური სახლებია მოლამაზებული, არც ისეთი ხასხასი ფერადებით იყო ნაღები, მაგრამ მკვიდრი კი ძალიან იყო და ხომრიელი, მუხის გულით და უშლელი ქვითკირით ნაგები. აივანის სურაიები[8] რა არის და ისინიც კი ისე მტკიცედ იყო ჩამოსხმული, ქვიდან გამოკვეთილი გეგონებოდათ. სახლის ზევით ხეხილი იყო ჩაყრილი, თითონ პორფირესაგან გაშენებული ხილის ბაღი. სცადა ვაზის გაშენებაც, მაგრამ არ იგვარა: სიცივე უსწრობდა ყურძენს, არ იწეოდა. სახლს ქვის გალავანი ერტყა, ხოლო მთელ დანარჩენ მამულს – ტყრუშული. შორს წასვლა დასჭირდებოდა წნელისათვის თუ! იქვე იჭრებოდა მშვენიერი მასალა, მის საკუთარ ნაწილში ტყისა. მაგრამ ამ მამულში ყველაზე ძალიან უყვარდა პორფირეს თავისივე მოაზრებით და შრომით გამოყვანილი წყარო, ბორცვის ძირში რომ გადმოწანწკარებდა თითბრის მილით და ნაკადულად ჩასდევდა მთელ  ფართო ეზოს, დილის ნამივით გრილი და წმინდა” (IV, 244).

ქალაქიდან ხან დარდის გამო მიუწევთ გული და ფიქრი, ხანაც ხალისისა და ბედნიერებისთვის. მოთხრობაში „უძღები“ (1903) მთხრობელი გათენებამდე ასცდება სოლოლაკის აღმართს და თბილისს თავს მოექცევა. ჯერ კიდევ ბინდ-ბუნდია, ქალაქს სძინავს:

„გუგუნი კი რამ მოისმოდა გამოურკვეველი: იშმუშნებოდა. რაც ზევით და ზევით ვიწევდი, კოჯრის სიო უფრო ძლიერდებოდა და დასიცხულ კაცს საგრძნობლად მისისინებდა. როცა ოქროყანას დავუპირდაპირდი, ცა მაშინ შეფერადდა. დუქანი დავინახე გზის პირას და არაყი დავალევინე მეეტლეს, გამოვაფხიზლე. მეც დავლიე: კარგია, სისხლს აჩქროლებს, კაცს ახალისებს“ (II, 34-35).

             ქალაქში გადასახლება ხშირად ტკივილიანია, როგორც „ტკბილ დუდუკში“, როცა მთხრობელს დედამიწის კალთას ააგლიჯავენ და ქალაქის მოკირწყლულ ქუჩაზე გადარგავენ, სადაც ბალახის ხილვაც კი ენატრება. მაროს „სული მთვლემარეში“ ბექობიანისა და თევდორას ხსენება „მოსვენებას ურყევდა“, რადგან გიგოლა სულ სოფელზედ ფიქრობდა, ქალაქში უშნოდ იყო, მისთვის შეუფერებელ ყოფაში და ამიტომ ფიქრი სულ სოფლისკენ გაურბოდა:

„სოფელი იზიდავდა ძლიერად. იცოდა დედაკაცმა: თუ დაადგებოდა გიგოლა გარკვეულ გზას, აღარ მოჰშორდებოდა, ვეღარ მოსწყდებოდა. რა ექმნა?! მისთვის იშვიათი იყო მკვეთრი სურათისა თუ სურვილის აღმოჩენა ცნობიერების არეში. გაიწევდა აზრისა თუ სანდომისაკენ, როგორც კამეჩი სასიმინდესკენ: ვერაფერი სიტყვა, თუნდა იფნის სახრესავით მოქნილი თქმა მწვავე, ვეღარ შეაყენებდა. დედაკაცს არასგზით არ უნდოდა საცხოვრებლად სოფელში დაბრუნება; უფრო ადვილად შეელეოდა ქმართან ყოფნას, სინამ პირს იზამდა ბექობიანისკენ“ (VI, 175).

             „თეთრ გვირგვინში“ ზუსტადაა დახასიათებული და დაპირისპირებული ქალაქისა და სოფლის პირობები. ერთ ქალაქურ ოჯახს სოფელში დიდი მამული აქვს, „საზაფხულოდ კარგი სავანე, ზამთრისათვის ნუზლა-სარჩოს უხვად მომცემი“ და ამიტომ მაღლიდან დასცქერიან ქუჩას და უბანს. მთელი უბანი შურით უყურებს ბედნიერებს, ვინც შემოდგომამდე სოფლად, სიგრილეში ატარებენ ზაფხულს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც მყარი არგუმენტები აქვთ საპირწონედ:

„რა გული გაგიტეხია, დედაკაცო! ცხელა ქალაქში ზაფხულობით, მაგრამ ჩვენ შეჩვეულნი ვართ და არ დავდნებით არც წლეულს. თუ ეგენი ეხლა არიან მდიდრები და ამაყობენ, მომავალი უფრო ჩვენია, უკეთესი დარი დაგვიდგება, საბედნიერო.

<…>

რითი გვჯობიან? მაგათ თუ თავიანთი პური აქვსთ, არც ჩვენ გვაკლია ღვთის მოწყალება: მანათ-ნახევრად კოდი თავთუხი, მზამზარეულად კარს მოტანილი. საკუთარი მარანი აქვთო. არც ჩვენ ვნატრობთ ღვინოს თუ ხილსა: თუნგი აბაზად ღვინო რჩეული ჭაშნიკის ნახვით, ხილი სხვადასხვა სულ ბეყაფულად[9]. არც შრომა, დარდი თუ რამე ზრუნვა. სამი კოპიტის[10] რძე თუ მაწონი მთელ ოჯახს ჰყოფნის. რომელი გინდა სოფლის ნაშრომი, რომ ჩვენ ქალაქ… 

<…>

ფულშიც ვაჯობებთ: ჩვენი იასე სამსახურშია, წარჩინებაც მოელის. რატომაო?! კეთილშობილი სასწავლებელი მთლად გაათავა, რუსულს აკვესებს. ახლა სხვა ბიჭები წამოგვეს…“ (VI, 373-374).

როგორც შეატყეთ, ქალაქის ქომაგ მოსაუბრეს უკვე მეორედ შეაწყვეტინეს სიტყვა და ამჯერად ასეთ რამეს ეუბნებიან:

„ეჰ, ქალაქელი ხარ და ვერ გაიგებ, რა სიამოვნებასა გრძნობს კაცი სოფლად ბაღჩა-ბაღებში, ჭირნახულით სავსე მინდვრებში, ველსა თუ ტყეში“. 

რაზეც მოკამათეს მყისიერი პასუხი აქვს გამზადებული:

„აქ კი ცოტა არის სასეირნო ბაღები და გასართობი ადგილები! შნო ჰქონდეს ადამიანს, თორემ ქალაქში უკეთესად შეიძლება დროს გატარება. ტყუილად კი არ ეტანება მილეთის ხალხი ამ ჩვენ ტფილისსა“ (იქვე).

ფული და ქალაქი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ხშირად ქალაქში იშოვება ფული, თუმცა არაერთხელ სოფელი ამარაგებს ქალაქში ჩახიზნულ თავის პირმშოს. მოთხრობაში, „მსახური ეკლესიისა“ (1910) დათიკო სწავლის დამთავრებისთანავე სოფელში ბრუნდება, მამას ნაღდ ფულს წაგლეჯს და თბილისში აგრძელებს მოღვაწეობას:

„დათიკო შეცურდა ქალაქის ტბორში და ხან ყურყუმელობდა შიგ, ხან ამოჩნდებოდა აქა თუ იქ, ხან თითონ იჭერდა თევზს მღვრიე წყალში, ხან თითონვე წამოედებოდა უფრო მარჯვე მეთევზურის ანკესს. ათას სამსახურს იცვლიდა, ყველგან კი ფეხი უსხლტებოდა: შრომას თხოულობდნენ და მუყაითობას, იმას კი არც ერთი შეეძლო, არც მეორე. ერთხელ მახეშიც გაყო თავი: მოეხიბლა ჭაბუკი ბრჭყვიალსა მას ვერცხლისასა და ხელი გაეპარებინა ჩხრიალასაკენ. ძლივს დააძვრინა თავი. ორჯელ-სამჯერ საკვირველი წერილიც მოუვიდა მისგან მის მამას: ფულსა თხოულობდა აჩქარებით: ჩემი ბედი მაგ ფულის გამოგზავნაზედ არისო დამოკიდებული, იწერებოდა“ (II, 380).

მამა ჭკუას არიგებს დათიკოს, სოფლის მადლზე ელაპარაკება, ეუბნება, რომ ყველაფერი უხვად აქვთ, „უყვედური“, თუმცა მისთვის ეს დარიგება არაფერს ნიშნავს, რადგან მას ფული უნდა, ნაღდი, ქალაქური ცხოვრებისთვის, ჩაცმა-დახურვისთვის, თეატრებისა და გასართობებისთვის, ბანქოსთვის.

ბანქო რამდენიმეჯერ გვხვდება ბარნოვთან, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ „ლევრელას“ ლადიკოა, რომელსაც თავიდან ძალიან გაუმართლა და გაერთო თამაშით, ღამეებს ათენებდა საყომარბაზო ადგილებში 17 წლის ყმაწვილი. იგი იმდენად წარმატებული გახდება, რომ ფიქრობს, ბანქოს თამაში აქციოს ცხოვრების საშუალებად. „მოგების კვალზე დგას“ და თვეების განმავლობაში ბლომად ფული მოიგო, კარგად ჩაიცვა-დაიხურა, დამოუკიდებელი გახდა, აღარ იყო ოჯახზე ჩამოკიდებული, გათამამდა, გათავხედდა, ღრმა მორევში შებედა და ამ მორევმაც არ დააყოვნა:

„დააბორიალა ის, დააყირავა, თავი ფსკერს ახლევინა. ისეთს თვალთმაქცებს გადააწყდა, რომ აღდგომის კვერცხივით გაფცქვნეს, გვერდებიც კი შეაზილ-წააქლიბეს ამ გაღვერის დროს. შეკრთა რაინდი; დაინახა, რომ ამ ფარგალშიც ვერ შესძლებდა იგი მეთაურობას და უკუდგა. არა, მართლად კი არ დაუტოვებია ეს ხელობა, მაგრამ ეხლა უფრო თავთხელებს ირჩევდა სახელაოდ. ბევრი ვეღარა გამოჰქონდა რა იქიდან, მაგრამ თითონაც დიდს განსაცდელს არ შეემთხვეოდა ამ ადგილებში.

ამ გზის გარდა კიდევ სხვა ფონი სცადა ლადიკომ: რამდენჯერმე თავისი სიჭაბუკე და მოქნილი აგებულობა გაიტანა ფულიან ქალთა ბაზარზედ, უფრო დროებით გასაქირავებლად, სინამ ხელაღებით გასასყიდად. აქედანაც მაგდენი ვერა ირგო რა, თუმცა რამდენჯერმე გამოება მის ანკესს მსუქანი ღლავიც. ეს მარცხი უფრო მის დაუდგრომელ ხასიათის და თავაქალობის შედეგი იყო: თვის სურვილებს ერთობ მალე ცხადჰყოფდა, ხვაშიადის ხანგრძლივი ფარვა არ შეეძლო; საკვეხურადაც კი გამოჰქონდა დასაფარავი მოქმედება. მიტომ უფრთხოდნენ მას მანდილოსნები, ვერ ენდობოდნენ. აქაც მოუცდა ნაქებ ჭაბუკს, ნახტომი შეეშალა“ (IV,256).

             ყველამ იცის, რომ ქალაქში სიძვირეა, ამიტომ სოფელს განუწყვეტლივ უწევს ზრუნვა ამასთან გასამკლავებლად. ასევეა ფარნაც, მოთხრობიდან „დედა“ (1908), ვისაც მომჭირნედ არ შეუძლია ცხოვრება, სუსტია, ნაზი, დაიჩაგრება და ამის გამო დედა შემოსავლის უდიდეს ნაწილს მას ახარჯავს.

             ცხადია, ქალაქს ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლია, ბევრი ხომ სწორედ ამის გამო ჩამოვიდა თბილისში. მაგალითად ავიღოთ ჯამბრულა, მოთხრობიდან, „სოკო, სოკო!“ (1902), ვისი იმედიც არავის აქვს, ოჯახის ხორცმეტივითაა, თუმცა უეცრად ფხას გამოიჩენს და მუდმივ საქმეს იპოვის. ჯამბრულას საქმიანობა წინსწრებით აქვს ნახსენები პირველივე წინადადებაში ავტორს, იგი სოკოს ყიდის, თუმცა სანამ ჯამბრულას ცხოვრებისეულ ძვრაზე მოგვიყვება მთხრობელი, მანამდე მისი მშობლიური სოფლის, ფლატიანის (გამოგონილი სოფლის, როგორც ბევრი სხვა სოფელი ბარნოვთან) უპირატესობებზე გვეუბნება:

„ამ სოფელს ცხვირწინ რომ ქალაქი უდევს, ზურგზე ტყე აკრავს, რომელიც უზარმაზარ მთას ასდევს ქოჩრამდინ. მეტად სასარგებლო არის სოფლისათვის ეს პატარა ქალაქი: ყველა ნაწარმოებს ფასი აქვს იქ; ქათამი, კვერცხი, ბოსტნეულობა, მხალი, ხილი ტყისა თუ ბაღისა, რძე-მაწონი, – ყველაფერი იყიდება იქ და ანაზდად, თუ კაცს არაფერი მოეძებნება სახლში და ვერაფერს მოიმხობს ბაზარში გასატანად, მაშინ თითონ შრომობს ქალაქში დღიურად და ყოველთვის შოულობს საქმეს, რადგან, რაც უნდა იყოს, ეს ქალაქიც ქალაქია და ათასგვარი მოთხოვნილება აქვს. ფლატიანელი ერთი ძმა რომ სოფლად ირჯება და შინაურს საქმეს უძღვება, მეორე ქალაქში ადგა რომელსამე ხელობას და ამ ორმაგი შრომით წაღმა ატრიალებენ ოჯახს, პირნათლად იხდიან მოვალეობას“ (II, 22).

             თავიდან ჯამბრულამაც ასე, ქალაქში ხელობით დაიწყო, მაგრამ საქმეში მანქანამ მარჯვენა ხელი მოსწყვიტა და ხეიბრად დატოვა. არადა ჯან-ღონეც ჰქონდა, შრომის სურვილიც, მაგრამ მარცხენით ვერაფერს შვრებოდა. თვალნათლივ დაინახავდა სათავისო საქმეს და გულდაწყვეტილი გაერიდებოდა. მან ქალაქელი, მშრომელი მეგობრებიც დაკარგა, გაერიდნენ დასახიჩრებულს. ძმა, რძალი და ძმისშვილებიც განზე განუდგნენ, შეყვარებულიც „შორს გაუხტა“ და ასე დარჩა მარტო „ჯალაბისგან მოძულებული, ტოლ-სწორისგან გულაყრილი, სატრფოსაგან მივიწყებული, ცხოვრების მორევისგან გარიყული უხმარი ვაჟკაცი“. ყველა დარწმუნებულია, რომ იგი მათხოვრობას დაიწყებს, სახლში სისხლს უშრობენ, ათვალწუნებული ჰყავთ. ჯამბრულა თავის მოკვლაზეც ფიქრობს, ტყეში მარტო დაეხეტება და ერთხელაც გადაჭრილი, „დაყანებული“ წიფლის ძირას სოკოს შეამჩნევს, დაკრიფავს, ჩქარი, მაგარი და სწორი ნაბიჯით ქალაქში ჩაიტანს, გაყიდის და პირველ ორ აბაზსაც იშოვის.

             ბარნოვს აღწერილი აქვს სასულიერო პირების სოფლურ-ქალაქური ალტერნატივაც. მოთხრობაში „ვერცხლით სნეული“ (1915) ტიმოთე მადლიერია, რომ თავის დროზე ქალაქში არ გადაიყვანეს, რადგან სოფელში დიდი სამკალი აქვს, უზარმაზარი სამწყსო, რომელსაც ბოლომდე წურავს[11]. მევახშეობს მღვდელი, ოჯახს დოვლათით ავსებს და ქალაქზე უკვე სულ სხვანაირად ფიქრობს. იქ სახლის აშენებას აპირებს, ფესვების გადგმას. ისეთი სახლის აშენებაზე ოცნებობს, „იქაურ ხუცებს კბილები უკაწკაწებდესო!“ (III, 430). აიხდენს კიდეც ოცნებას და ქალაქში ვაჭრობას იწყებს, ჩარჩებთან ურთიერთობს, ფიქრობს, რომ ყველაფერს მოახერხებს და მოასწრებს, თან თავისუფალი დროც ბევრი აქვს:

„რა იყო მისი სამსახური? კვირა-უქმეში უნდა ეწირნა. ძალას კი არავინ ატანდა, მაგრამ მაინც საჭირო იყო წირვა-ლოცვა. არც ლოცვის გაჭიანურება უყვარდა და დიაკვანიც შეაჩვია, რაც შეიძლებოდა მოკლედ მოეჭრა საკითხავები. განათვლა, მონათვლა, სახლის კურთხევა, ქორწილი და ყველა ამგვარი სამსახური ხერხდებოდა მაშინ, როცა უფრო ეცალა მღვდელს. თუ დილით არ ეცალა, საღამო ხომ იქ იყო ან მეორე დღე. სად გაიქცევოდა საქმე?! სახალისოც იყო ყოველივე ეს: შემზადებას არა თხოულობდა, არც შრომას რასმე, შემოსავალს კი იძლეოდა ცოტაოდენ და კარგ დაპურებას უსათუოდ. ნახევარ საათი იკითხე და იგალობე, ერთი საათი შეექეც და განისვენე. სწორედ კარგი ხელობაა მღვდლობა“ (III, 431-432).

             ბარნოვთან ორი ძირითადი მოძრაობაა, ორი მიმართულება, სოფლიდან – ქალაქისკენ და პირიქით. ზოგს ქალაქისკენ მიუხარია, ზოგს კი სოფლისკენ. აქ შეიძლება ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების გამოყოფაც. მაგალითად, თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ ბავშვებს, როგორც წესი, მშობლიური სოფლისკენ მიუხარიათ, აგარაკებზე ასულ და ზაფხულისგან თავგაბეზრებულ ქალაქელს ჩინოვნიკებს კი თბილისისკენ უჭირავთ თვალი და გული. ვიღაც სოფელზე და სოფლის შრომაზე აიყრის გულს, ვაზი გაუფუჭდება ან ბაღი გაუვერანდება და „საშინლად მიიწევს“ ქალაქისკენ. ეს ლტოლვა უმრავლეს შემთხვევაში სურვილის ასრულებით მთავრდება, სამაგიეროდ იწყება ქალაქური ცხოვრება, ხეტიალი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის გამოცვლა. ხან სოვდაგარ მეწვრილმანეს მიეკედლებიან, ხან თავადს, ხანაც დიდვაჭარს. ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოსიარულე ეს ადამიანები ხან წუხილით მოძრაობენ, ხან სიხარულით, გზაში ჩერდებიან, ბევრს ფიქრობენ, ოცნებობენ, განსჯიან. ამ განსჯა-ფიქრისას სოფლური ხაზის გამორჩევაც შეიძლება და ქალაქურისაც. მათი ფიქრის მეტყველება განსხვავებულია, განსხვავებულია შედარებები, ლექსიკა, სინტაქსიც კი.

             „შინაურ მტერში“ (1914) ზაფხულის მიწურულს წვიმების სეზონი იწყება, ეზო ტალახდება, წუმპეები ჩნდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ თბილისში დაბრუნების დრო დადგა და მოუხარია, მის დახშულ გულში ნათელმა შეაშუქა:

“ისეთი სიხარულით მივეშურებოდი[12] ქალაქში, როგორც ეშხში მოსული ახალგაზრდა დანიშნულთან. ხუმრობაა: თითქმის სამი თვე ველური ცხოვრება, ყოველნაირ შნოსა და აზრს მოკლებული ყოფა! ბანქოს ხელში ჭერასაც კი გადავეჩვიე. გული გამეღო, ქალაქის ქუჩებს რომ შევხედე. წავედ ჩემს დალაქთან. ბევრი იცინა, როცა ნახა, როგორ საარაკოდ გავეკორტნე სააგარაკო დალაქს. საუკეთესო ხელოსანია ჩემი დალაქი, თუმცა ერთი თვალი ცოტა დაზიანებული აქვს. თავის დღეში არ ანდობს ჩემს თავს თავის ამხანაგებს. უმთავრეს ქუჩაზედ აქვს სადალაქო, ზედ უწერია „პარიკმახერ სტეპან“, ისე კი ბრუტიან სტეფანას ეძახიან. რამდენ რასმე მიამბობს ხოლმე, მანამ მკრეჭამს: ძველი ნაცნობია. ვნახე ადამიანის შესაფერად მოწყობილი აბანოც; ყოველივე მწიკვლისაგან განვიწმიდე! საკვირველი ის იყო, რომ ქალაქი ახალ რამ საუცხოო სანახავად მეჩვენა. ერთხელ მძიმე ავადმყოფი ვიყავი და რომ გადავრჩი, ქვეყნიერება სწორედ ესევე ახლად მეჩვენებოდა და მიმზიდველად. მეგობრებს რომ შევხვდი, წინაღამ გადავეხვიე, ისე მომსურვებიყო მათი ნახვა“ (III, 378-379).

             მოთხრობაში „მიეხმატკბილა გოგონას“ (1901) ასევე ქალაქისკენ უჭირავს გმირს თვალი და ამ იდეას მშობლები არ მიესალმებიან, ცდილობენ ადგილზე დააბან, არ მოსწონთ ხშირ-ხშირად რომ დაჰყავთ ვაჟი ქალაქში საჭიდაოდ:

ფულს შოულობდა და ამფსონებს იჩენდა. თუ ერთი იქაურ წყალს დაეწაფა, აქეთ ვეღარ ვაქნევინებ პირს. მაშინ ხომ დამინიავდება მამაპაპეული ოჯახი. ან რას უნდა გახდეს ქალაქში? ჩვენი კაცი მანამ არის ღონიერი, სინამ ნიადაგზე უდგა ფეხი; თუ მიწას უმტყუნა, ამსუბუქდება, გაქსუვდება, იქნება რამე ავაზაკობსაც გადააწყდეს“ (I, 292).

ფიქრობს მამა, თან ყალიონს აბოლებს და არ ემეტება ქალაქის წუმპესთვის თავისი ვაჟი. შემდეგ თავიანთ დაძაბუნებულ ხარზეც ჩამოვარდება სიტყვა და ვაჟი ისევ ქალაქს ახსენებს, წავალ და სხვას ვიყიდიო, რაზეც მამა პასუხობს: „ძალიან გაიკვალე ქალაქის გზა. ვინ იცის, რას შემოგატყუებენ“ (I, 293).

             ქალაქში სამკურნალოდაც ჩადიან, გასაყიდადაც და „სავაჭროს საყიდლადაც“, ამისთვის სოფელსაც აკითხავენ ქალაქელები. ესეც ორმხრივი მოძრაობაა, გაცილებით მცირე დროით შემოსაზღვრული, ერთდღიანი ან ორდღიანი ვიზიტები, თუმცა უფრო ხანგრძლივი განვითარების ნაყოფსაც ელიან სოფლელები ქალაქიდან ამოსულებისგან. მაგ. სასწავლებლად ან სამუშაოდ წასული თანასოფლელისგან.

ქალაქში სასწავლებლად წამსვლელ კიკოს ახალუხს უკერავს დედა („ქოჩორა ხე“), პაპამისი კიკოს მამის, „საცოდავი“ დავითის სკოლაში წაყვანის ამბავსაც იხსენებს, საუბრობენ ქალაქში სწავლისა და ცხოვრების სირთულეებზე და ქალაქზე სოფლური წარმოდგენებიც მალევე აშკარავდება. დედას ეშინია, რომ დამშეული ქალაქი მის შვილსაც დაამშევს, რაზეც მამამთილი პასუხობს:

“ქალაქში სიღარიბეს უფრო მეტი სიმკაცრე ეტყობა, ნაკლებულობა იქ უფრო უტეხს კაცს გულსა და თვალს, იქნება იმისთვის, რომ იქ უფრო დიდი მზღვარი სძევს მდიდრებსა და ღარიბებს შუა და თანაც იქ უფრო ბევრია თვალ-გულის მომტაცი ფულით საშოვნელი რამ. ქალაქელები უფრო გულქვავები არიან, მართალია ეს; იქ ყველას თითქო მარტო თავის თავი ახსოვს; შეიძლება, ერთ შენობაში სცხოვრობდეს რამდენიმე სახლობა, ერთმანეთისა კი არა იცოდნენ რა. მაგრამ მაგისი ნუ გეფიქრება, შვილო; აი მე ხომ ცხრა თუმანი დამინიშნეს ჩემი ნამსახურობისათვის ულუფად, სულ მაგას მოვახმაროთ, კარგ ადგილას დავაბინაოთ, ჩვენ კი როგორმე გადვივლით, იოლას წავალთ, ღმერთია მოწყალე“ (I, 213).

             ერთ-ერთ ადრეულ მოთხრობაში „სესე“ (1899) მთავარი გმირი შემთხვევით დიდძალი ოქროს პატრონი გახდება, მთელი ტექსტი ამ განძს და სესეს განცდებს უტრიალებს, მოთხრობა კი მოძღვრის სიტყვებით მთავრდება:

“წაიღე, საყვარელო, მთლად ის უსამართლოდ ნაშოვნი სიმდიდრე, ჩაიტანე ტფილისში და მიართვი ბატონიშვილ თეკლეს. იმას გლახაკებისთვის და უძლურებისთვის თავშესაფარი სახლი აქვს გამართული და წმინდა საქმეს მოახმარებს ფულს, მე წერილს მიგიწერ. წადი, შვილო, და იშრომე პატიოსნად. კაცს პატიოსანი ამაგით შეშვენის სარჩოს მოპოვება” (I,43).

             მნიშვნელოვანი ხაზია ასევე ქალაქელებისა და სოფლელების ურთიერთობა, მათი ეთიკა, ის, თუ როგორ არის ეს ორი ჯგუფი ერთმანეთზე დამოკიდებული. ვხვდებით რამდენიმე დაკვირვებასაც იმ განსხვავების თუ მიუღებლობის შესახებ, რომელიც ქალაქელსა და სოფლელს შორისაა.

მაგ. ოთარს (მოთხრობიდან „სევდის საგუბარი“) ისეთი თანამდებობა უკავია, რომ იძულებულია ხშირად იაროს სოფელ-სოფელ, შემდეგ ქალაქში ჩავიდეს. იგი მათ შორის კავშირს განასახიერებს, მჭიდრო კავშირს: „სოფელი მჭიდროდ იყო მმართველობის მხრივ ქალაქთან დაკავშირებული, როგორც რამ ცილა გულთან: ყოველივე ბრძანება თუ განკარგულება ქალაქში ისახებოდა, სოფლად მიდიოდა გადასაშლელად, ქალაქსვე ბრუნდებოდა დასასკვნელად“ (IV,22).

             სოფელში ან აგარაკზე მყოფი ქალაქელი (მოთხრობიდან „შინაური მტერი“) სუფთა და განათლებულ ხალხზე ოცნებობს, ბანქოზე და ნარდზე, მშვენიერ ვახშამზე. დღის განრიგი ასე გამოიყურება: თერთმეტ საათზე ადგება, შემდეგ სამსახურში შეივლის, სადაც რამდენიმე საბუთს მოაწერს ხელს და ხელქვეითებს დატუქსავს, შემდეგ ისადილებს და ბატონკაცურად მოისვენებს. საღამოს ეტლით გაისეირნებს[13] „განათლებულ-განათებულ ქუჩებში“. ოცნებობს ხელფასის დღეზე, ქალაქურ განცხრომაზე, არადა ახლა სადღაც რაღაცა ბუნების კალთაზეა მიკერებული, მისთვის სრულიად შეუფერებელ ადგილას.

             გვხვდება შემთხვევები, როდესაც მშობლები ქალაქელი და სოფლელი წყვილის შეუღლებაზე ფიქრობენ და ოცნებობენ, ხანდახან კი სოფლიდან მოსაკითხსაც აგზავნიან, როგორც მაგ. „ლევრელაში“ აგზავნიან „მსუქან ზღვენს, პოხიერს და საიასაღოს, რაც ისე სანუკვარი იყო ქალაქელებისათვის; იქაურები ხომ, კარგი შემოსავლის მექონიც, როგორღაც დახაციცებულნი არიან და დამსრიტულნი, თვალი სოფლიდან მინატანზედ უჭირავთ“ (IV,249).

             ქალაქელების და სოფლელების განსხვავებას რაც შეეხება, აქ ბარნოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ქალებზე ამახვილებს. თუკი ქალაქელი ნერვებაშლილი, მისუსტებული და „განადგურებული აგებულებისანი“ არიან, სოფლელები ველის ყვავილები არიან გაშლილნი, ჯანსაღნი და გაღაღანებულნი. „ლევრელაში“ ფეფიკო ქალაქში თხოვდება, თავიდან მოსწონს იქაური ცხოვრება, ყველაფერი მსახურთა ხელით კეთდება, თავად კი ბრძანებები შეუძლია გასცეს, მაგრამ გარემოს ვერ ეგუება. გავა აივანზე, მიიხედ-მოიხედავს და თვალს ვერაფერზე აჩერებს, ვერსად ასვენებს:

„ქვითკირის სახლები ზეცამდინ აწეული, თუნუქის სახურავები, მერცხლის ბუდეებივით გადმოკიდებული რკინის აივნები, ძირს ქვაფენილი. ყველგან ქვა და რკინა! არსაით მწვანე, არსად ყვავილი. მიდ-მოდიოდა ხალხი, მიეშურებოდა.

– როგორი ჩქარის ნაბიჯით დადის ეს ქალაქის ხალხი, თითქმის გარბის, ალბათ იმისთვის, რომ დიდი მანძილებია გასავლელი და სამუშავოც საათობითა აქვსთ გამოთვლილი, – გაიფიქრა ქალმა.

გამვლელ-გამომვლელნი სალამს არ აძლევდნენ ერთმანეთს, არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ: ალბათ სრულებით არ იცნობდნენ ურთიერთს. არც ეცალათ შეენიშნათ ვინმე და შემდგარიყვნენ: ქალაქის გაწვალებული ცხოვრება აჩქარებდა მათ საშოვრისაკენ. შუა გაზაფხული იყო, ქუჩას კი ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც თუნდ იანვარი. მხოლოდ ცხელოდა და მტვერს ემატნა. ჰაერს სრულებით არ ეტყობოდა გაზაფხულის სურნელება, უფროც შემძიმებულიყო საყნოსელად. მიიდგა ქალმა სკამი აივნის კუთხეში და ჩაფიქრდა, ოცნებამ გაიტაცა ის თავის მამის სახლში.

მინდორივით გადაშლილი ჩვენი ეზო ეხლა ამწვანებულ-აფერადებულია ხასხასი ბალახით და ტურფა ყვავილებით. კარ-მიდამო აჟიჟინებულია მრავალი ფრინველით, შინაურით თუ გარეულით” (IV, 283-284).

საბოლოოდ ფეფიკო ვერ ეთვისება ქალაქს, ამ მოვარაყებულ გალიას, ბუნების კალთიდან აგლეჯილს ქმარიც არ გამოადგება, თავქარიანია და არც უყვარს თავისი მეუღლე. ერთად-ერთი მამამთილს ეცოდება. მოგვიანებით სამარცხვინო კამათიც კი გაიმართება იმის თაობაზე, რომ ქალაქელ ქმარს მეტი ნაღდი ეკუთვნოდა მზითვად, რადგან ქალი სოფლიდან წამოიყვანა.

             პირიქითაა „სული მთვლემარე“-ში, ქალია ქალაქელი და ვაჟი კი სოფლელი. მაროს ხან ბაზაზი თხოულობდა, ხან ვინ და ხან ვინ და მაინც გიგოლას გაჰყვა და სოფელში დასახლდა. მეზობლები ბევრს ლაპარაკობდნენ ამაზე ზურგს უკან, მაროს კი თვალი ქალაქისკენ უჭირავს, ცხადად და სიზმარშიც თბილისს ხედავს:

„ვერა სძლებდა, ყოველ წელიწადს არ წასულიყო ქალაქს; მთელი კვირაობით რჩებოდა იქ, უბნის თუ ქუჩების სურვილს იკლავდა. რა ექმნა: იქ იყო გაზრდილი, მისი ბაღდადიც ის ვიწრო ქუჩები იყო თუ ქუჩაბანდები. საქმეცა ჰქონდა: დედის ხელობას ედგა[14]; სასოფლო სავაჭროს აქუჩებდა. ოცნებობდა ქალაქში გადასახლებას. მაინც ვერა ჰბედავდა: ძნელი იყო მოწყობილი ოჯახის აშლა, აყრა-დაყრა, ახალ ბინაზედ სანთიანად ყოფნის მოწყობა. გაბედა ბოლოს, როცა ქალაქში რომ ქოხი ჰქონდათ, მისი პატრონო თითონ შეიქმნა. შემოდგომის მიწურულებში მიფურტკნ-მოფურტკნა ყველაფერი, გაყიდ-გამოყიდა, სახლ-კარი გააქირავა, სახნავ-სათესი ღალით მისცა და წყაროს უბანში გაჩნდა ქმარ-შვილით“ (VI, 168-169).

             გიგოლას არ მოსწონს ეს გადასახლება, თითქოს ფუნქციას კარგავს. ცოლიც სულ უფრო მეტად კიცხავს უსაქმობის გამო. იგი დარწმუნებულია, რომ თბილისში კაცის უქმად „დამყოფება“ არ შეიძლება, მისი „უმუშაოდ შენახვა“, გიგოლა კი მხოლოდ განცვიფრებაში ცხოვრობდა, ფიქრითაც ვეღარ ფიქრობდა.

             ფიქრს რაც შეეხება. ზოგადად, ქალაქი არამხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრია, არამედ იგი შეიძლება ითქვას, აღქმის, ჭვრეტის ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც სოფლისგან განსხვავებით, მეტი დაძაბულობაა. სოფლური ფიქრები განსხვავებულია ქალაქურისგან, სადაც ეს ფიქრის დაძაბულობა გმირის ცნობიერებას აყალიბებს. სოფელში თითქოს ონტოლოგიური უდარდელობა სუფევს, ერთგვარი ციკლური ცხოვრების წესი, ზუსტად განსაზღვრული დროებით, მოსავლიდან – მოსავლამდე, და არსებობა თავისთავად ცხად, ნათელ ნაკადს წარმოადგენს, მნიშვნელობა არა აქვს სიღატაკესთან გვაქვს საქმე თუ ბედნიერ არსებობასთან. ქალაქში კი გმირს ყოველდღიურად უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ იქაური ცხოვრება „ხელოვნურ ცხოვრებად“ აღიქმება სოფლელებისგან. ქალაქში არსებობის ნაკადი სულაც არაა ნათელი, არამედ შუქ-ჩრდილებითაა სავსე, მეტიც, ხშირად ბნელით იმოსება. საერთოდ ქალაქურ ლიტერატურაში ბნელისა და ნათლის დაპირისპირება ხშირად ჩნდება, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით (ვიწრო ქუჩები, სიბინძურე), ისე ცნობიერებასა და ქცევებშიც. 

ბარნოვის სოფელში მეტი ემოციური ბმაა, ყოფითი ქვეცნობიერი მეტად მოქმედებს, ბლის ხეებიდან დაწყებული, საყვარელი ადგილებით დამთავრებული, ქალაქში კი ემოცია შეიძლება პრაგმატულმა ხედვამ, გათვლამ და დაგეგმვამ შეცვალოს.

იყო დრო, როცა თბილისი ყველაზე დაცულ სივრცედ აღიქმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არაერთხელ ააოხრეს. ეს იყო გალავნიანი დასახლება, სადაც სოფლის ხალხი თავს აფარებდა. ლეკიანობის დროს ბევრი სოფელი აიყარა და ქალაქს შეეხიზნა. გავიხსენოთ ძალზე მნიშვნელოვანი მომენტები თბილისის ისტორიიდან, როდესაც ხშირად გალავნის წინ უწევდათ ჩამოსულებს ცხოვრება და იქაც კი, გალავანს გარეთ, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. ახალ დროებაში კი, იმ ქალაქში, რომელსაც ვასილ ბარნოვი აღწერს ასეთი სიზუსტით, ასე აღარაა. აქ სულ სხვა საფრთხეები და მტრები ჩნდებიან, რომლებიც იმავე სივრცეში ცხოვრობენ და არსაიდან აპირებენ თავდასხმას, ლეკებივით ან სხვა რომელიმე ტომის დამპყრობელივით. ისინი შენს გვერდით არიან და მათთან უნდა გაარკვიო არსებობის პრინციპები. ეს დამპყრობელი ქალაქში ცხოვრობს. ადრე ქალაქი იყო ადგილი, სადაც ისეთი ამბები ხდებოდა, რომელიც ისტორიას ქმნიდა, XIX საუკუნეში კი უკვე მიკროისტორიების დრო დგება, გნებავთ გინძბურგის გაგებითაც და ასეთი მიკროისტორიები ბარნოვთანაც ბევრი გვხვდება. ქალაქისა და სოფლის ისტორიებიც, ბარნოვთან, ასეა. და ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა „სული მთვლემარეც“, სადაც ფიქრის უნარის გარდა კაცი მოძრაობის უნარსაც ჰკარგავს. ერთი კარგი ტერმინია ამ მოთხრობაში, „დევქელა ქალაქი“, ცოლი დაჰკივის ქმარს: „ამ დევქელა ქალაქში რომ საქმე ვერ იპოვო, მაშ სადღა რა უნდა იშოვო?!“ (VI,169).

             ქალაქში გადმოსახლებულ გიგოლას ღიმილიც დაავიწყდა, გახდა, ლოყები გუდა ლეღვებივით დაეკიდა, მისთვის ქალაქი „ქვის ორღობეებია“, თუმცა ამ ქვის ორღობეებში ხანდახან ხე გაკრთება, ვასილ ბარნოვის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქური მითოლოგემა.

ხე ზოგიერთი მოთხრობის სათაურშიც ფიგურირებს, მაგ. „ქოჩორა ხე“, რომელიც ზემოთაც არაერთხელ ვახსენე. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრეულ ქალაქურ ტექსტში თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ბიჭისთვის ეს ხე უმთავრეს დასაყრდენად იქცევა. ხე მისი სოფლის გზაზე დგას. გადადის სიცივეში კუკიის ხიდზე კიკო და სასტიკ ქარში, სახე-ყურებმოყინული კრწანისის კლდისკენ იყურება, სადაც ხრიოკი მთის წვერზე ქოჩორა ხე დგას. ეს ხე ერთგვარი საზღვარიცაა ქალაქსა და სოფელს შორის, ვიზუალური ან მითოლოგიური საზღვარი:

“იმის დანახვა მოსწყურდა პატარას. იმ ხესთან გადადიოდა ბლაგვიანისაკენ მიმავალი გზა. სოფლიდან მომავალი იმ ხეს რომ მოაღწევდა, მთელი ქალაქი ხელისგულივით გადაეშლებოდა წინ, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადაგედგათ უკან, ქალაქი მიეფარებოდა, წინ სოფლები და სოფლის გზა გადიჭიმებოდა. ბევრჯელ გასჭირებია ყოფა, ბევრჯელ დასჩაგვრ-ასტირებია გული. თავის ყუთში იმ ქოჩორა ხის რტოც კი ჰქონდა შენახული და ხანდისხან დახედავდა, როგორც რამ საიმედო საუნჯეს…

გაიხედეთ, ერთი გაიხედეთ, ნეტა იქვე დგა გამარტოვებით. ობლად და თან შეუპოვრად ის ქოჩორა ხე, თუ დრომ იმასაც მოუსპო ყოფა!..” (I, 222).

             კიკოს ხესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, სულ ამჩნევს ქალაქში ხეტიალისას, ისეთ შემაღლებულ ადგილებს პოულობს, საიდანაც დაინახავს მას, შედგება, გაუღიმებს, თავს დაუქნევს თავის „მფარველ-პატრონს“, ისიც ანდამატივით იზიდავს ტანჯულ, გაწამებულ ყმაწვილს. ამ ხის იქით უკვე თავისუფლებაა. მოთხრობის ბოლოსკენ ბიჭი ხეს ახლოდან ესალმება, მოეხვევა, შესჩივლებს, შესტირებს. ქოჩორა ხის თვალსაწიერიდან უყურებს ქალაქს, სიძულვილით, ბოროტებით სავსე, მუშტს უღერებს.

             ქოჩორა ხეს ბარნოვი თავის მოგონებებშიც ახსენებს, „სამწუხრო ღიმში“. ცოტა რომ წამოიზრდება, იგი მარტო ცდილობს იაროს კოდადან თბილისში და თბილისიდან კოდაში. გამოკრავს ხელსახოცში წიგნებს, პურს და რამე მისატანებელს და გზას ადგება. მარშრუტი ზუსტად აქვს შერჩეული, დასასვენებელი თუ გულის მოსაბრუნებელი ადგილებით. ერთ-ერთია „ქოჩორა ხე“, საიდანაც, როგორც ხელისგულზე, ისე ჩანს მთელი ქალაქი. მონიშნავდა თავის სასწავლებელს, საცხოვრებელს, რომელიმე სასახლეს, ესაუბრება ხეს, „ტოტს ჩამოართმევს“, მიეყუდება, თავის თავგადასავლებს უყვება, ისიც პასუხობს, ქოჩორზე ხელს გადაუსვამს მოსწავლეს, დაავალებს, რომ არ შედრკეს ცხოვრების ძნელ „წავარნაზე“[15]. შემდეგ ღელეში წყალს დალევდა, ერთ ნატეხ პურს მიაყოლებდა, ორსულ კლდეს ჩაუვლიდა, იმასაც გამოელაპარაკებოდა და წინანაურის წყარომდე აღარ დაისვენებდა.

             ერთხელაც ნისლი ჩამოწვება კრწანისზე და მამა არ უშვებს ქალაქში. გაჯიუტდება და მაინც წამოვა, გზა აერევა შენივთებულ ნისლში. აქეთ სალი კლდეა, იქით ხრამი. კონცხზე აბობღდება და „მღელვარე ბურუსში“ ქოჩორა ხის კენწეროს დაინახავს, თვალით მონიშნავს მიმართულებას და იქითკენ წავა, ქოჩორა ხეა მისი შუქურა და გზის გამკვალავი.

             „გველის ზეიმში“ ქალაქში საცხოვრებლად გადმოსული მთავარი  გმირი ბინის ყიდვისას პირველს იმას კითხულობს, ხე თუ დგას ეზოში, რაზეც პასუხად იღებს, რომ კარგა მოზრდილი ფშატი დგას[16]. მოგვიანებით იგი სწორედ ამ ფშატს ეყრდნობა კმაყოფილი, არა კედელს ან ბოძს, არამედ ფშატს. ხოლო „სარო მეტყველში“ (1922) ნორჩი ხე იზიდავს გმირებს, კვიპაროსი, სწორი ტანით, „სასიცოცხლო ძალთა სიმრავლით“, სილაღით:

„ქალაქში ხის ქვეშ!.. დავსხდეთ“ (VI,180).


[1] წინამდებარე პუბლიკაცია გახლავთ მორიგი თავი კვლევიდან ვასილ ბარნოვის თბილისური ტექსტის შესახებ. სრული ტექსტი გამოქვეყნდება წიგნში, „ქართული ლიტერატურის თბილისური ტექსტი“, რომელსაც ახლო მომავალში გამოსცემს გამომცემლობა „პალიტრა L“.

[2] შაგირდანა – საჩუქარი, რომელსაც საქონლის მყიდველი შეგირდს აძლევდა, ზოგჯერ ამ საჩუქარს ოსტატიც იღებდა (I, 462).

[3] ეს ბოლო წინადადება აშკარად ავტობიოგრაფიულია.

[4] მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გეგენას სამი ოთახი დარჩა. ერთში თავად ცხოვრობდა, მეორეს შვიდ აბაზად აქირავებდა, მესამეში კი, რომელიც ქუჩის პირზე გადიოდა, მანეთ-ნახევარს იღებდა.

[5] ქალაქის მამასახლისი. ამ და ქალაქური მმართველობისა და წესწყობილების სხვა ტერმინების შესახებ. იხ. შოთა მესხიას საისტორიო ძიებანი, ტომი II, თბ. 1983.

[6] უსტაბაშის თანაშემწე.

[7] ვარიანტებში დუქნის სახელიცაა დამოწმებული, „თაიგული“.

[8] მოაჯირის რიკულები.

[9] სავარაუდოდ სპარსულიდან: უამრავი, ბითუმად.

[10] სამი კაპიკის.

[11] ერთ-ერთ ეპიზოდში იგი ძალიან შეურაცხყოფილი მოდის ქალაქიდან, გაწბილებული და გამწარებული: „ძლიერ გათახსირებულადა გრძნობდა თავს. თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ისე ცივად და უპატიურად მოებყრობოდნენ მას ქალაქში <…> როდესაც ქალაქში დაუპირდაპირდა ის უფრო ძლიერ ხალხს, მოქნილს და დამოუკიდებელს, დაინახა თავისი სიმცირე და თვის დაჭარბებულ იმედების უსაფუძვლობა იგრძნო, რომ მისი ზვიადობა მეტი იყო და მოთხოვნილებები დაუმსახურებელი.“ (III, 426).

[12] „მივეშურებოდის“ ხელნაწერში მოსდევს „დალოცვილ ქალაქში“, თუმცა დალოცვილი შემდეგ წითელი ფანქრითაა გადახაზული.

[13] „ლბილად ქანაობას“ უწოდებს ამას მთხრობელი.

[14] დედამისი დალალია, წვრილი ვაჭარი.

[15] კლდის ბილიკი.

[16] ბარნოვთან არაერთგან ჩანს ბლის ხეც, სოფელში, ხოლო ქალაქიდან იგი უფრო ოცნების სახით გვევლინება. „თეთრ გვირგვინში“ ერთი ეპიზოდია, სადაც ერთ-ერთმა მლოცველმა მთელი ბალი გაყიდა იმ დღეს, ერთ შაურზე ათი აიღო და კენჭის მიკვრას აპირებს საყდარზე, საბედოს დასალოცად. თან საბედოსაც ბალს ადარებს: „და რა ქალი! ბალის კუნწულაა რაღა, მშობელ ლოცული!“ (VI,396) და იქვე ლექსსაც დააყოლებს: „თეთრო ბალის კუნწულავ, / შავ-შავ თვალებიანო…“. რადგან ეს დღესასწაული გაზაფხულზე იმართება, როგორც ჩანს ძალიან საადრეო ბალი იგულისხმება.

© არილი

Facebook Comments Box