
1.
ალენ ბაშუნგი. როგორც კი ჩანაწერი დამთავრდებოდა, არქიპელაგის სხვა კუნძულზე ვხტებოდი და მაშინვე თხრას ვიწყებდი. თითქოს წლების წინ განძი დამემარხოს. ამ მოძრაობებს, გონებაში გამეორებულ ფრაზებს რაღაც ისეთი უნდა გაეხსენებინა, რასაც მთავარ კითხვებზე გასაცემ ერთადერთ პასუხად გადაქცევა შეეძლო. მერე შიმშილმა შემაწუხა, წამოვდექი და იმ კუთხისკენ წავედი, სადაც წვნიანის ქვაბი მეგულებოდა – ცუდი დროის მომსწრე, ჩაბნელებული უბნებისა და ხელისგულზე შიშით გადათვლილი ხურდა ფულის. ალენ ბაშუნგის ხმა მეზობლის ლეკვივით გამომყვა და ცდილობდა, დაევიწყებინა, რისთვის ვიდექი პაწაწინა გაზქურასთან, რისთვის მეჭირა მარცხენა ხელში პურის საჭრელი დანა. მინდოდა, ორ ადგილას ერთდროულად ყოფნა გამეგრძელებინა – ლუარის დიდებულ ნაპირებზეც მეხეტიალა და აქვე, ქუჩის ბოლოში ნაყიდი სტაფილოსთვის, კარტოფილისთვის გემო ჩამეტანებინა. სამუშაო მაგიდიდან კი ის რვეულები შემომყურებდნენ, რომლებიც ოქტომბერში მშობლების სახლიდან წამოვიღე. რისთვის და ნაწერით რომ შემევსო, ახალ თოვლში მორბენალის სამარცხვინო სიხარულით რომ მეფანტა სიტყვები. სხვა დროს გამოგართმევ, ჩანთაში ადგილი აღარ მაქვს-მეთქი, – წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ რას გავხდებოდი – დედის ხელით გამოწვდილ თორმეტფურცლიან რვეულებს როგორ ვაქცევდი ხავსიან ქვებად? როგორ ავუხსნიდი, რომ შეცდომა იყო მათი ხელშეუხებლად შენახვა, ოთხმოციან წლებშივე გასანადგურებლების რაღაც სხვად დანახვა?
– დაწერ რამეს, გამოგადგება, – მშვიდად მითხრა.
ახალ წლამდე ვეღარ ვნახავდი. მერე კი ისევ მომიწევდა სადგურისკენ მიმავალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შეცვლილი ნომრების გახსენება. ერთ დღესაც რიხით გამოგვიცხადეს – ხვალიდან ყველაფრის თავიდან სწავლა მოგიწევთ იმიტომ, რომ უგუნებოდ გაგვეღვიძა და განწყობის გამოსაკეთებლად ციფრებს ადგილებს ვუცვლიდითო. დასაფასებელი გულახდილობა იყო, თუმცა მერჩია, მცირე სინანულიც, საკუთარი ნამოქმედარით გაოგნების განცდაც შემენიშნა განმცხადებლების სახეებზე. გადაწყვეტილებას რაღა შეაცვლევინებდათ, ჩემი ამოცანა კი ის იყო, წონასწორობა სწრაფად აღმედგინა, ისევ მყარად დავმდგარიყავი მიწაზე. მახსოვს, მაშინაც ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის რუკის თვალიერებით ვიყავი გართული, ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დავეხეტებოდი და გულში ვიმეორებდი სიტყვებს, რომლებსაც პირველივე შემხვედრს ვეტყოდი. უცნობების სათქმელსაც თვითონვე ვიგონებდი და ამ საუბრების თანმხლებ საფრთხესაც კარგად ვხედავდი. თითქოს სამყაროში შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ჩემი ჭორფლიანი ცხვირი და ახლად ნაყიდი, ჭრელჩარჩოიანი სათვალე საყოველთაო აღტაცებას გამოიწვევდა; სადაც უმთავრეს კანონებს ისე ამიხსნიდნენ, რომ მექანიზმის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი თითოეული ჭანჭიკის სახელი სამუდამოდ დამამახსოვრდებოდა; სადაც ყოველდღიურად ჩასაბარებელი გამოცდები არ დამზაფრავდა და კაფეების, კინოთეატრების, ბოტანიკური ბაღების დამამშვიდებელ ატმოსფეროში სწორ პასუხებს მარტივად მივაგნებდი.
„ალიანს ფრანსეზში“ ფრანგულ ენას ახალგაზრდა კაცი მასწავლიდა და ჩემს წარმოდგენაში ბრეტანში დაბადებულები ყველანი მასავით მაღლები, მომხიბვლელად გულჩათხრობილები, თავიანთი გადაწყვეტილებების, საიდუმლო სურვილებისა და უხმოდ მიცემული პირობების ერთგულები იყვნენ. მთავარი გამოცდის წინადღეს გაგვაფრთხილა – ხვალ თუ დამინახავთ, ხმა არ გამცეთ, არც იფიქროთ, რომ რომელიმეს დაგეხმარებითო.
მხოლოდ გოგოები ვიყავით, თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. და ყველამ ერთად მოვინდომეთ ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომის აღება. მასწავლებლის მოლოდინის გამართლება რთულ ამოცანად გვესახებოდა, მაგრამ ცდა მაინც ღირდა – იქნებ იმაზე მეტი გვახსოვდა ნასწავლიდან, ვიდრე გვეგონა?
ვიცოდით, უცნობ გამომცდელებთან გაგვანაწილებდნენ, უცნობი გამოსაცდელების გვერდით დაგვსხამდნენ. ჩვენი ბრეტანელი კი ცოტა ხნით სხვების შემფასებელი გახდებოდა.
მე, უცნაურად და მოულოდნელად, მაინც მის ჯგუფში აღმოვჩნდი.
მოგვესალმა, წესებზე რაღაც გვითხრა და ცარიელი ფურცლები დაგვირიგა.
– აბა, როგორ ხარ? – მკითხა.
არ დაუმალავს, რომ მისი მოსწავლე ვიყავი. ყველას გასაგონად გამამხნევა.
„ადამიანის თვისება, რომელიც ყოველთვის გხიბლავდათ“. რა ადვილი დავალებაა-მეთქი, – გავიფიქრე, მერე კი ხელის ნებას დავყევი: არ ვთხოვდი, დაწერილი წაეშალა, წინადადების თავი თუ ბოლო გადაეკეთებინა. არ მეშინოდა შეცდომების დაშვებისა და იმის, რომ მათი გამოისობით ქულებს დავკარგავდი. საგამოცდო ესეს კი არა, წერილს ვწერდი, შემაცბუნებელი, მარტივად მისახვედრი სიმართლით.
თავზე წამომადგა და კითხვა დაიწყო. თვალის გადავლებას ვერ დაარქმევდი – ყურადღებით კითხულობდა.
– კარგია, – ხმადაბლა მითხრა.
წესით, ნამუშევრის ავტორზე წარმოდგენა არ უნდა ჰქონოდა. ისე უნდა გაესწორებინა, ფიქრი – ეს დაუდეგარი მწევარი ერთ ადგილას საიმედოდ დაბმული უნდა ჰყოლოდა.
გაიარ-გამოიარა და კვლავ ჩემთან შეჩერდა. მხარზე ხელი დამადო.
ნეტავ რა დავწერე? რომელი თვისება გამოვარჩიე იმის საჩვენებლად, რომ ნახევარი წელი იყო, ყურადღებით ვაკვირდებოდი და უფრო და უფრო მომწონდა? ყველაფერი სათვალის შუშის წმენდით დაიწყო. დავინახე, ფანჯარასთან აყუდებული, როგორ მიყურებდა ამ საქმით გართულს, მერე კი მაგიდას მიუჯდა და სათვალე მარცხენა ხელით მოიხსნა – გაწმენდა გადაეწყვიტა. დამთხვევა ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ მეტისმეტი გულმოდგინებით ირჯებოდა, შუშის ყოველ ნაწილს დაუჯერებლად დიდ დროს უთმობდა. ამბავი, რომელსაც მაშინ გვიყვებოდა, უშნოდ გაიწელა, მოსაწყენი გახდა. არ ადარდებდა ის, რაც სხვა გაკვეთილებზე ხმის ტემბრს აუცილებლად შეაცვლევინებდა – მსმენელების ინტერესის კლება, სუსტი ჩახველება, გადაჩურჩულება, ძირს დავარდნილი კალმის ასაღებად დახრა. მომდევნო კვირებში წესად გაიხადა ჩემი მოძრაობების გამეორება – მხოლოდ სათვალეს კი არ წმენდდა მაშინვე, როცა წმენდას დავამთავრებდი, სხვა საშუალებებითაც მაგრძნობინებდა, რომ უხილავი ძაფების რხევა არ უნდა შემწყდარიყო, რომ სასიამოვნო დაძაბულობის გაგრძელება ორივეს ვალდებულება იყო. რა თქმა უნდა, ავყევი და ძველ, ნაწერით გავსებულ ბლოკნოტს მაშინვე გადავშლიდი ხოლმე, როცა ის თავისას – შედარებით ახალს, შავყდიანს დახურავდა; თითებში ნათამაშებ ფანქარს მაგიდაზე დადებდა და მე ჩემი საფანქრისკენ ვიწვდენდი ხელს… ცხადია, ვცდილობდი, სასაზღვრო ზონას სახიფათოდ არ მივახლოებოდი, სულელური შეცდომით ყველაფრისთვის წერტილი არ დამესვა. ორივეს სასახელოდ უნდა ითქვას – უცხო თვალს ისიც კი გამოვაპარეთ, რის შეუმჩნევლობასაც ახსნა ვერაფრით ექნებოდა. „რა კარგად წერს, არა?“ – ეკითხებოდა ჯგუფს, როცა ჩემი ესე მოლოდინს უმართლებდა. ვიღაც გამიღიმებდა. ვიღაც თავს დაუქნევდა. გაბრაზებაც იცოდა – ნასწავლი რა მალე დაგვიწყებიაო, მომახლიდა და მერე წინ დამიდგებოდა, წესის გამეორებას, მაგალითების მოყვანას მომთხოვდა. წამები უნდა გასულიყო, რომ მისი სუნი მომსვლოდა – გაკვეთილის დაწყებამდე მოწეული სიგარეტის, სველი ხის, ახლად მოხალული თხილის გულის. ვცდილობდი, შეცდომები არ გამემეორებინა, მაგრამ კითხვის დროს ვხვდებოდი, რომ სიტყვები ისევ არაბუნებრივად დამელაგებინა, არტიკლი თუ წინდებული არასწორად გამომეყენებინა. ყოველთვის იყო რაღაც ისეთი – პაწაწინა ცხოველივით მოუსვენარი – საიმედოდ დაგმანული ოთახიდან თავის დაღწევას რომ ახერხებდა და გრძელი კუდის მოძრაობით ატყობინებდა ნახევარ სამყაროს, რა ადვილად ვმარცხდებოდი.
გამოცდაზეც მოხდებოდა მოსახდენი: გადათეთრებულ წინადადებებს შავი მიწა წაეყრებოდა; სხვადასხვა სიღრმის ორმოები ყველაზე კეთილგანწყობილ გამომცდელსაც კი გადააფიქრებინებდა მაღალი ქულის დაწერას; უშნო სიტყვათშეთანხმება გატეხილ ხაფანგს დაემსგავსებოდა, არასწორ ადგილას დასმული სასვენი ნიშანი – მორყეულ ლურსმანს…
მასწავლებელი კი იდგა და მხარზე ნაზად მეფერებოდა, ჩამოშლილ თმას თითებით მისწორებდა. რა მეცვა? მაისის ბოლო იყო და ჩასაცმელიც თხელი, უსახელოებო, ადვილად გასახდელი იქნებოდა.
ნეტავ გამოცდიდან გამოსულს კიბეზე ფეხი როგორ არ ამერია, შუადღის კაშკაშა შუქში წონასწორობა როგორ შევინარჩუნე? ავტობუსის გაჩერებაზე მის სუნს ისევ ვგრძნობდი, თითქოს სადაც იყო, ისევ შემეხებოდა. რატომ შემიშალა ხელი ნაწერის წაკითხვაში, შეცდომების მოძებნასა და შესწორებაში? რას ნიშნავდა ეს ყველაფერი – რაღაც ახლის დასაწყისსა თუ რამდენიმეთვიანი უცნაური სიახლოვის დასასრულს?
„ალიანს ფრანსეზში“, განცხადებების დაფაზე გამოკრულ სიაში მალევე ვიპოვე ჩემი სახელი და გვარი. ესესთვის ყველაზე მაღალი შეფასება მიმეღო: ოციდან ოცი ქულა. მოსმენილიდან აზრის გამოტანისა თუ წაკითხულის სწორად გააზრების უნარიც, გრამატიკის ძირითადი წესების ცოდნაც გაუგონარი გულმოწყალებით შეეფასებინათ.
წარმოვიდგინე, როგორ მოძებნა ისეთივე კალამი, როგორითაც ვწერდი – შავი, უბრალო.
წარმოვიდგინე, როგორ წაშალა სიტყვის ბოლოში ზედმეტი თანხმოვანი და ზედსართავ სახელს რიცხვი შეუცვალა.
წარმოვიდგინე, როგორ გაბრაზდა, როცა რაღაც ისეთს გადააწყდა, რისი შეუმჩნევლად შესწორებაც ვერ გამოუვიდოდა.
წარმოვიდგინე, როგორ წამოდგა სიგარეტის მოსაძებნად და მერე როგორ ეწეოდა განმარტებითი ლექსიკონის გაცვეთილ ყდას მიჩერებული.
წარმოვიდგინე, როგორ მოეწონა რომელიღაც ფრაზა ჩემს ნაწერში. უხილავი ფანქრით გახაზა. მეორედაც.
2.
რადიოში ხალხურ სიმღერებს უსმენდა და ხანგამოშვებით ხმას აყოლებდა. დროის ხაფანგიდან გამოხსნილი, აღმა-დაღმა ნათრევი ტვირთისაგან საბოლოოდ გათავისუფლებული გეგონებოდა. იქნებ ასეც იყო – წლების მატებას რაღაც კარგიც მოეტანა, გაუარესებულ მხედველობასთან, მეორე ტიპის დიაბეტთან, ჩვევების დათმობის გარდაუვალობასთან ერთად. რადგან თავის გაფრთხილება უკვე წესად გაეხადა, აღარ მეშინოდა, რომ ახალ მოთხოვნებს მხოლოდ მოჩვენებითად დაემორჩილებოდა. რადიო კი მე ვაჩუქე – მინდოდა, ისევ დაუყოვნებლივ შეეტყო ახალი ამბები, შუადღე იქნებოდა თუ შუაღამე, ადამიანის ხმა გაეგონა, უამინდობასა და უშუქობაში შემაწუხებელ ფიქრებს არ აჰყოლოდა. წარმოვიდგინე, როგორ დაუკავშირებდა ერთ ქვეყანაში ნათქვამ სიტყვებს მეორე ქვეყნის დიდ ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევას, როგორ შეეკამათებოდა გადაცემის სტუმარს – დაივიწყე, ეგ გამოსავალიც უსარგებლოაო; როგორ გადააბამდა აზრებს, რომლებსაც პრეზიდენტები თუ პრემიერ-მინისტრები იმაში უნდა დაერწმუნებინა, რასაც საკმარისი სიცხადით ვერ ხედავდნენ.
– რატომ არ დარჩი ნანტში? – მკითხა მოულოდნელად.
თუ ჰაერი აუტანლად დამძიმდება, მაშინ წავიდეთ-მეთქი, – ვუპასუხე. – წავიდეთ და აღარ დავბრუნდეთ-მეთქი.
კარგად ვიცოდი, არსადაც არ გამომყვებოდა.
ინტერნეტში ბრეტონი ქალების ტრადიციული თავსაბურავის სურათები მოვძებნე. სათვალე მოვუტანე და მოვინდომე, ისეთი წარსული მეჩვენებინა, როგორზეც წარმოდგენა ვერ ექნებოდა. გაელიც ვახსენე, რომლის ბავშვობაშიც ბრეტანის სოფლებში ჯერ კიდევ შეიძლებოდა ერთი-ორი მოხუცის ნახვა, ამგვარი თავსაბურავით სეირნობის ჩვევა რომ შემორჩენოდათ.
გაელი – ეს სახელი შარშანდელი გაზაფხულის წვიმებში მაბრუნებდა, სააღდგომოდ დაცარიელებული ქალაქის ქუჩებში, დაუჯერებელი ამბებით სავსე ცხოვრებაში, რომელიც ჩემი იყო და არც იყო. სიტყვები, ფრაზები ენაზე ბუნებრივად მადგებოდა – თითქოს იმდენივე წელი ეცურათ ფიქრების ქაფიან წყალში, რამდენისაც ვიყავი. შიში მაშინვე გაქრა, როგორც კი შეცდომების დაშვების გარდაუვალობას შევეგუე. რა უნდა მეთქვა, რომ მსმენელებს მხოლოდ წინადადების მოგრეხილ კუდზე დარჩენოდათ თვალი? გამოხედვა მარწმუნებდა – დიდი, გამოუსწორებელი დანაშაულის ჩადენა ისევ ვერ მომეხერხებინა, ჩაყლაპული ბგერების მომკითხავს კი მთელ მხარეში ვერავის ვნახავდი. თავს მშვიდად მიქნევდნენ და როცა საქმე რაიმეს ახსნაზე მიდგებოდა, სამაგალითო გულმოდგინებით ირჯებოდნენ. მეც მოჯადოებულივით დავყვებოდი გაელსა და მის მეგობრებს საუკუნიდან საუკუნეში, გალავნიან ნაგებობებში, მოკირწყლულ ქუჩებში, ვარდების ბაღებში…
– ფრანგულის მასწავლებელი ბრეტანელი მყავდა, – ვუთხარი გაცნობის დღესვე.
რენს ახსენებდა ხოლმე. მაშინ, ოცი წლის წინ. „რა კარგად წერს, არა?“ იქნებ რენში სულაც არ დაბადებულიყო და მერე ჩასულიყო – სტუდენტობის გასატარებლად, მარტო ცხოვრების გამოსაცდელად, სამყაროს შესახებ დაგროვილი ცოდნის შესამოწმებლად.
გაელს თავის მხარეზე, იქაურების სახასიათო ნიშნებზე ლაპარაკი არ სწყინდებოდა. მალევე მივხვდი, რომ დავმეგობრდებოდით, რომ სხვადასხვა მიწაზე გატარებული ბავშვობის, უსაშველოდ დაშორებულ გზებზე სიარულის, ერთმანეთისთვის რთულად ასახსნელი, უმეტესწილად გაუგებარი საიდუმლოების მიუხედავად, მდინარის ნაპირას დგომა, მწერლების, წიგნების გახსენება, გაოცების სიცილით გადაფარვა მოგვეწონებოდა.
არა, შეყვარებულები არ ვყოფილვართ.
ერთ საღამოს ჯაზკლუბ „პანონიკაში“ მიშელ უელბეკის ესეს ნაწყვეტი უნდა წაეკითხა. სხვები რაღაც სხვისთვის ემზადებოდნენ – გიტარებით, საგანგებოდ შერჩეული კოსტიუმებით. მოკლე მუსიკალურ-ლიტერატურული პერფორმანსების სერია შუაღამემდე გაგრძელდა და ღმერთმა იცის, ბოლოს რად იქცა. ჩაბნელებულ დარბაზში ვიჯექი, ვღელავდი, სცენაზე მის გამოჩენას ველოდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ დათანხმდა ამ ტექსტის წაკითხვას მაშინ, როცა ავტორი გულზე არ ეხატებოდა. მოახერხებდა სენტიმენტალიზმის ისე განეიტრალებას, რომ უელბეკი უელბეკად დაეტოვებინა და შესრულებული საქმით კმაყოფილებაც დასტყობოდა?
მსახიობები, მუსიკოსები პატარა სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მე კი ვწრიალებდი, წუთებს ვითვლიდი. რა თქმა უნდა, საყვედურის მსგავსიც არაფერი დამცდებოდა, თუ მისი გამოსვლა მეხსიერებიდან ამოსაშლელი გამიხდებოდა. მერე რა მოხდა, რამდენი ღამე გამქრალა და გაქარწყლებულა…
თორმეტს აღარაფერი აკლდა, როცა წამოვდექი და ძებნა დავუწყე. მაყურებლების ნაწილს გასასვლელთან მოეყარა თავი, შედარებით მცირე ნაწილს კი იმ კუთხეში გადაენაცვლებინა, სადაც ლუდი იყიდებოდა. ლუდის კათხები დავინახე, მაგრამ იქნებ რაღაც სხვაც ჰქონდათ გაოგნებულ-გაბრუებული უცხოელებისთვის, გონებაში გრძელ-გრძელ წინადადებებს რომ აწყობდნენ, რომლების გამართულობის შემოწმების თავიც, უბრალოდ, აღარ შერჩენოდათ? დახლზე დაყრდნობილი ჩემი მეგობარი მოცისფროდ თმაშეღებილ გოგოს ვინ იცის, რას უყვებოდა, რა გზასა და გზაჯვარედინს, ცხენსა და ზედ შემომჯდარ საფრთხობელას უხატავდა. მოთმინებით ველოდი, სანამ საუბარს დაამთავრებდა. კათხას სითხე ნელ-ნელა აკლდებოდა, ცოტაც და მოწევა მოუნდებოდა, მომძებნიდა, გარეთ გამიყვანდა – აბა, რას მეტყვიო?
– სხვანაირი იყავი.
ღამის ცას ახედა და შეკითხვაც მას დაუსვა:
– მაინც როგორი?
მკაცრი, აგრესიულიც კი-მეთქი, – ვუპასუხე. თითქოს დანით რაღაცას დაუნანებლად ანაწევრებდი, კეპავდი, მთელ სამყაროზე გამწყრალი, ყველა გაგონილი სიტყვით უკმაყოფილო, ყველა შენიშნული მოძრაობით შეძრწუნებული-მეთქი. მიშელ უელბეკის წიგნების მთავარი გმირი ვახსენე, რომლისაც არასდროს შემშინებია და რომლის ხმაშიც ერთხელაც არ შემიმჩნევია სურვილი – ყოფილიყო ის, ვინც წესების ახალ ბადეს მოქსოვდა, გამწარებულთა არმიას რაღაცას საბოლოოდ გადაუწყვეტდა. და რაც უფრო მეტს ვამბობდი, ჩემთვისვე გასაკვირად, მით უფრო მომწონდა სცენაზე წაკითხული ტექსტი და ყოველი წუთი, რომელიც მის სმენაში გავატარე. უფრო საკუთარ თავს ვუხსნიდი, ხმამაღლა ვარწმუნებდი, რომ წლებით გამყარებული წარმოდგენა შემეცვალა და ჩუმი, მგრძნობიარე, იმედგადაწურული, სამყაროს სისასტიკეს შეგუებული კაცი ვიღაც სხვად დავინახე.
ჩემი გამომგზავრების წინადღეს ძველი ციხე-სიმაგრის ეზოში, მზის გულზე ვისხედით და ისეთ კითხვებს ვსვამდით, აბეზარი მწერებივით რომ იფარფატებდნენ მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ძალიან დიდი მანძილით დავშორდებოდით. ვალზერი. ბეკეტი. რუსული ლიტერატურის ხელახლა გადახარისხების გარდაუვალობა. ტექსტების ხმამაღლა კითხვის რიტუალი, რომელიც მისთვის პროფესიული მომზადების ნაწილი იყო, თეატრის მსახიობის ყოველდღიური ვალდებულება. მე კი ხმით მხოლოდ სიხარულისთვის, სიამოვნებისთვის ვკითხულობდი – ჩემი ოთახის სიჩუმეში, ჩრდილებით შევსებული რიგების წინ.
– თუ სუნთქვას ვეღარ შევძლებ, თუ ქვეყნიდან წასვლა მომიწევს…
თავი დამიქნია. რაღაც წაიბუტბუტა.
მანამდე პატარა სავაჭროებში ისეთ თასს ეძებდა, რომელსაც ჩემი სახელი ეწერებოდა. სად აღარ შევიდა, რა კუთხე-კუნჭული აღარ შეამოწმა, მაგრამ ვერსად მიაგნო. როგორ მინდოდა, მეთხოვა – ნებისმიერი აიღე, გულს არ დამაკლდება-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე. მხოლოდ იმას ვცდილობდი, თვალიდან არ დამკარგოდა გასაყიდად გამოტანილ ჭურჭელსა და ჭრელ შარფებში, მარილიანი კარამელის პაკეტებსა და დაკონსერვებული სარდინების ქილებში.
თასის ძირზე ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი და კაცი ეხატა. ბრეტანელები. დეკორატიულ ნივთს ჰგავდა, თაროზე რომ უნდა შემოდო და მანამდე დაივიწყო, სანამ წლების განმავლობაში სახეშეცვლილი რომელიმე მოგონება ღიმილის მომგვრელი სიფრთხილით არ ჩამოგაღებინებს იმთავითვე უმნიშვნელო სიმაღლიდან. გაელის თქმით კი, ყავის დასალევადაც გამოვიყენებდი, ცხელ შოკოლადსაც ჩავასხამდი. ვუთხარი, ასეც მოვიქცევი-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ პირობის შესრულებას ვერ მოვახერხებდი – ყოველდღიურობის ნალექით ვერ გავსვრიდი, ქაფიან ღრუბელს გულგრილად ვერ გამოვუსვამდი. ჭიქების მეტი რა მქონდა – გაბზარვა თუ კიდის ჩამოტეხა თავზარს რომ არ დამცემდა, მეგობრობის მესაფლავედ რომ არ გამხდიდა.
– არა, არ არის, – მითხრა საბოლოოდ ხელჩაქნეულმა, შუბლშეკრულმა.
მერე წიგნი მაჩუქა. ორი ჰქონდა – მწერლისგან სახსოვრად დარჩენილი, ხელმოწერილი, რომელსაც, ცხადია, ვერ შეელეოდა და მის გაცნობამდე ნაყიდი, სადაც ფრაზები გაეხაზა, აბზაცები ხმამაღლა წასაკითხად მოენიშნა, გამოცანა-შენიშვნები დაერთო.
არა, შეყვარებულები არ ვყოფილვართ.
3.
ჯანჯაფილიანი ჩაის წყალობით უნდა ყოფილიყო, რომ ყელის ტკივილი, სიცხე, ხველა და მომყოლი უსიამოვნებები აღარ მაფრთხობდა. ჯერ ერთი, ავადმყოფობა თითქოს თავად გამირბოდა, და მეორეც, თუ რაღაც ცუდი მაინც შემეყრებოდა, ვიცოდი, სწრაფად დამეხსნებოდა – გამოსამშვიდობებელი თავის დაკვრის, შემაშინებელი საჩუქრების გარეშე. ისიც მიყვარდა, ლიმონის თხელი ანათალი რომ ტივტივებდა ცხელ სითხეში და მერე, დაღლილი, ღრმა ფიქრებში წასულივით რომ გაირინდებოდა ხოლმე. საბედნიეროდ, ამით ჯადოქრობას არაფერი აკლდებოდა. თუმცა იქნებ უფრო მარტივადაც აიხსნებოდა ჩემი კარგად ყოფნა: ბოლოს და ბოლოს, რაღაც ისეთი ვისწავლე, რაც ყოველ ნაშუადღევს მხოლოდ ჩაის დაყენებაში კი არა, დამამშვიდებელი დასკვნების გამოტანაშიც მეხმარებოდა.
ჯანჯაფილის სიკეთეზე უნდა გელაპარაკო-მეთქი, – ვუთხარი დედაჩემს. სავალდებულო შეკითხვების დრო უკვე დამთავრებულიყო და სატელეფონო საუბრის გასაგრძელებლად სიტყვებს ვეძებდით. ადვილად არავის ენდობოდა, ჩემს ხმაში შეპარულ სიხარულს კი უფრო საგანგაშო ნიშნად მიიჩნევდა – იმის შემატყობინებლად, რომ ყურადღებიდან დასაშვებზე მეტი გამორჩენოდა. ყველაფერი ფრთხილად უნდა გაეტარებინა თავის საცერში, ვარგისიანობა ნაცადი ხერხით უნდა შეემოწმებინა.
– დაწერე რამე იმ რვეულებში? – მოულოდნელად მკითხა.
გავიფიქრე, ისე გავაგრძელებ ლაპარაკს, თითქოს შეკითხვა არც გამიგონია-მეთქი, მაგრამ მაშინვე თვალი ცისფერი რვეულებისკენ გამექცა, რომლებსაც ვავსებდი და ვერ ვავსებდი. საუბრის შეწყვეტასაც წინ რა უდგა – ყველაფერს უამინდობას დავაბრალებდი, მთელ ქალაქში გამორთულ შუქს, წყვდიადის ორპირობასა და შემაძრწუნებელ სიველურეს. წუთების შემდეგ კი, როცა ისევ დავურეკავდი, უკვე სხვა მდინარის პირას, სხვა ქვებზე ვისხდებოდით…
არ ვიცი, რამეს თუ მიხვდა. ცოტა ხანს რადიოგადაცემების უშინაარსობაზე იწუწუნა და მერე ის მომღერალი გამახსენა, ხუთი წლისას რომ შემყვარებოდა. კიდევ ერთხელ მომიყვა, რა გრძნობით, რა მღელვარებით ვმღეროდი სახლში თუ ბაღის ბილიკებზე. სიტყვების ნახევარი სწორად დამემახსოვრებინა, ნახევარი – შეცდომით და ამიტომ იყო, რომ ახლობლები სიცილს ვერ იკავებდნენ, მე კი წარმოდგენის დასასრულს ყოველთვის ცრემლიანი თვალები მქონდა. დაცინვა როგორი ასატანი იქნებოდა მაშინ, როცა დარწმუნებული ვიყავი – საამისოდ უმცირესი საბაბიც არ მიმეცა. სიმღერიდან თითქმის არაფერი მესმოდა, მაგრამ მერე რა?! ის კაცი, კედლის კალენდრიდან დამატყვევებელი ღიმილით რომ შემოგვყურებდა, ყველა შემთხვევაში რაღაც მნიშვნელოვანს გაგვანდობდა, ბოლომდე სარწმუნოსა და გულში ჩასამარხს გვეტყოდა. ერთხელ ბოროტადაც გამეხუმრნენ – მოკვდა, მანქანით ხევში გადავარდაო, მე კი კარდაკარ დავიწყე სიარული – მითხარით, სიმართლეა თუ არა-მეთქი. ხან ვხვდებოდი, რომ მატყუებდნენ, უბედურ შემთხვევაზე სხვადასხვაგვარად მიყვებოდნენ, დეტალებს ცვლიდნენ – პატარაა და ყურადღებას არ მიაქცევსო; ხან კი ყველაზე უარესს წარმოვიდგენდი და იმ ბოლში ვიხრჩობოდი, რომელიც ცეცხლმოდებულ კედლის კალენდარს ასდიოდა.
– ფერი არ გედო, კანკალებდი…
ნეტავ ვისი პირიდან გავიგე ეს ამბავი სულ თავიდან, სანამ ყველა გადაიქცეოდა თამაშის თვალთმაქც მონაწილედ?
ხელი ვერც ვერავის დავადეთ.
ამდენი წლის შემდეგ დარწმუნებით რა უნდა გვეთქვა?!
შემეშინდა, ძველი ამბების მორევში არ ჩამითრიოს-მეთქი და საჩქაროდ დავემშვიდობე. ერთი და იმავეს მოყოლის ვნება ჰქონდა. სულ წარსულისკენ იხედებოდა და თუნდაც წამით თვალმოკრულს მღელვარებით აღწერდა. მონაყოლს რაღაც ფარული ამოცანის შესრულებასაც ავალებდა – იქნებ მსმენელის დარწმუნებას უწინდელი წესრიგის განსაკუთრებულ მშვენიერებაში, იქნებ ყოყმანით მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადახედვას. გაიძულებდა, ყურადღება არ მოგედუნებინა, ნაცნობი ხედები გულმოდგინედ გეთვალიერებინა, შესვენების, მხოლოდ შენთვის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის სურვილი კი საიმედოდ ჩაგეხშო. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ თავის დაღწევის შესაძლებლობა შორეული ვარსკვლავივით იციმციმებდა, წუთიდან წუთამდე გონების მოკრებას გაგიძნელებდა. ამიტომაც გისვამდა მოკლე-მოკლე კითხვებს, რომლების საპასუხოდ გამომეტყველების შეცვლაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც სიტყვიერ თანხმობას ელოდა: ჰო, მახსოვს; ჰო, საშინელი წვიმა იყო…
იმ დილითაც წვიმდა, როცა შვიდი წლისა სილამაზის სალონში წამიყვანა და ნაცნობ ახალგაზრდა ქალს სთხოვა:
– მირეი მატიესავით შეაჭერი.
მაშინვე ვერ დაიყოლია – ხვეწნა მოუხდა. და დაპირებაც, რომ არ ვიწრიალებდი, მუშაობის საშუალებას უეჭველად მივცემდი.
ჩემი გული როგორღა მოიგო? მე რაღა აღმითქვა?
ამბებში, რომლებსაც მიყვებოდა, ყოველთვის შეუმცდარ, ვიწრო ბილიკებზე სიარულს ნაჩვევ, წმინდანების გვერდით დასაყენებელ არსებად მოჩანდა ხოლმე. და თუ მცირე ხნით მაინც მისდგომოდა ჩრდილი – ვიღაც მალევე ვერ დაერწმუნებინა ან მიგნებული გამოსავალი პირველივე მცდელობისას კარგად ვერ ჩამოეყალიბებინა – მხოლოდ იმის გამო, რომ გამბედაობის მოკრება უძნელდებოდა. ხელს უშლიდა შუშაბანდიანი სახლი და სიტყვა „ტელევიზატორი“, რომელსაც მისი მშობლები იყენებდნენ, სწავლაზე გულაყრილი და-ძმები, ვერაფერი რომ ვერ შეაგონა. სხვებთან შედარებით შეძლებულადაც კი ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ ფეხი ცოტა ხნის წინ დაედგათ მშრალზე, უქონლობის საშინელებას ეს-ესაა გამოსცლოდნენ.
ტელევიზატორი. ფორტეპიანო.
ახალთახალი ინსტრუმენტი მხოლოდ ოთახის გასამშვენიერებლად ედგათ, მაგრამ საღამოებს მაინც მხიარულად ატარებდნენ. იმას კი მტვერს თუ გადაწმენდნენ დროდადრო, ინტერესით თუ გახედავდნენ – ნეტავ მცოდნე ხელის შეხებისას რა ხმას გამოიღებსო?
მაშინ იყო, ფრანგების დელეგაცია რომ ესტუმრათ. ვინ იტყვის, მაინც რატომ, რა ქარის წამოქროლვით? სახლ-კარი დაუთვალიერეს, პურ-ღვინო გაუსინჯეს. ბავშვების გასახარად დიდხანს დარჩნენ – იმღერეს, სიცილ-სიცილში თარჯიმანი მოქანცეს, რაც შესატყობი ჰქონდათ სოფლის ცხოვრებაზე, ყველაფერი შეიტყვეს და თავიანთი მხარეც ისე აღწერეს, რომ მსმენელებს არასდროს დავიწყებოდათ.
დაკვრა არცერთმა არ ვიცოდითო, სინანულით ამბობდა ხოლმე. რა დრო გასულიყო, მაგრამ მაინც რცხვენოდა, რომ ის და მისი და-ძმები გახევებულები იდგენენ იმ საკრავის სიახლოვეს, რომლის დახმარებითაც თავს დატეხილი სიხარულის გამხელა შეეძლოთ. მღელვარების გამოხატვა. ხელის გაწვდენა უცხოსა და შეუცნობისკენ…
ვინ იტყვის, რამდენჯერ გამიმეორა ფარული ტანჯვის ეს ისტორია ბავშვობაში, როცა მუსიკალურ სკოლაში მატარებდა და მერეც, სრულწლოვანებას მიღწეული, საყვედურს რომ არ ვულევდი – არ მიყვარდა ფორტეპიანოს გაკვეთილები და რატომ მაწამებდი-მეთქი.
წლებმა ვერაფერი დააკლო ამ ამბავს – ვერც სარჩული გაუხუნა, ვერც ნაკერი გაურღვია. რაღა არ დავივიწყეთ და ძონძების მხრჩოლავ გროვად ვაქციეთ, სადღაც შორს რომ აგრძელებდა უსიამოვნო არსებობას, ეს კი, გაუგებარი წარმომავლობის ქსოვილივით, ცეცხლს არაფრით იკიდებდა. იქნებ სინამდვილეში არც გვეთმობოდა პატარა გოგოს ტკივილი, ერთი მხრივ, შემაცბუნებლად ნაცნობი, გაცვეთილი ფორმა რომ მიეღო, მეორე მხრივ კი, სამუდამოდ ამოუხსნელი გამოცანის ნიშნები გასჩენოდა? რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ჩემს ამბადაც იქცა ეს ყველაფერი, ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გაშლილ სუფრასთან მეც დამიდგეს ძველებური სკამი. ვუყვებოდი მეგობრებს და რომელიღაც ძმრიანი კერძის სუნი სიტყვის სიტყვაზე გადაბმას მიძნელებდა, ყელს მიწვავდა, გამომშრალი ნამცხვარი ხელში მეფშვნებოდა, კაბის კალთას ნამცეცებით მივსებდა.
– ცუდი მასწავლებელი არ გყავდა და არც ის სკოლა იყო დასაწუნი, – მიმეორებდა ხოლმე დედაჩემი, რომლის გადარწმუნებაც ვერაფრით მომეხერხებინა. წარმოედგინა, როგორ დავასრიალებდი თითებს კლავიშებზე – თავდაჯერებული ადამიანის სიმარჯვით, ხანგრძლივი წრთობით მიღწეული აუღელვებლობით. ნაცნობებს, ახლობლებს სახეები ეცვლებოდათ – წმინდა სიხარულით ივსებოდნენ და სადაც იყო, მიწას მოსწყდებოდნენ…
რა ძნელი მისახვედრი უნდა ყოფილიყო, რომ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვიდოდა-მეთქი, – ვამბობდი ყოველ ჯერზე, როცა კი ფორტეპიანოს გაკვეთილები, გამოცდებზე განცდილი მარცხი, უჯრის სიღრმეში ჩატოვებული სახელმძღვანელოები და სანოტო რვეულები მახსენდებოდა.
არ მოინდომე, თორემ შეუძლებელიც რა იქნებოდაო, – ეწერა სახეზე.
ცოდვები კარგა ხნის წინ შემინდო, თუმცა გამოხედვით მახვედრებდა, რომ ერთსაც არ დაივიწყებდა, წარსულის ნაცარში არ ჩატოვებდა. იქნებ უნდოდა კიდეც, თავისივე ბუნებასთან კი ვერაფერი გაეწყო – სანახევროდ შესრულებულს, მით უფრო დასაწყისიდანვე გულაცრუებით ნაკეთებს სიკეთეს როგორ დაარქმევდა; როგორ მეტყოდა – შეცდომის, არასწორი არჩევანის უფლება გქონდაო?! მიუხედავად ამისა, პატიების თხოვნას ყოველთვის თავის დაქნევით, ღიმილით პასუხობდა. ხელსაც მომხვევდა, მომეფერებოდა. წლები გადიოდა და რას აღარ ვიგონებდი, რომ მისი სურვილები ისე ამესრულებინა, აწმყოში განცდილ კმაყოფილებას უკან მოტოვებული ყველაფერი გადაეფარა. ფრანგული ენითა და „ალიანს ფრანსეზით“ მოხიბვლის ფარული მიზეზიც ის უნდა ყოფილიყო, რომ საოცნებო ჰორიზონტთან ჩემი მიახლოება მოეწონებოდა, საამაყოდ გაუხდებოდა. გამახსენდა, როგორ დავუმალე მიშელ უელბეკის წიგნის ახლად გამოქვეყნებული თარგმანი, როგორ გავუფრთხილდი მისი სამყაროს მთაგრეხილებს, კუნძულებსა და ნახევარკუნძულებს, ქალაქურ და სოფლურ დასახლებებს, ხიდებს, ეკლესიებს… მერე შენახულის ადგილსამყოფელი დამავიწყდა და დიდხანს ვეძებდი ძველი ტანსაცმლის გროვაში, დასაუთოებელ ზეწრებსა და ბალიშისპირებში, ყუთებში, რომლებშიც გადასაყრელად ვერგამეტებული პატარა ნივთები ეწყო. არ მინდოდა, გული დასწყვეტოდა იმის გამო, რომ ისევ ვერ გავუგე, ყველაფერი ისევ არასწორად გავაკეთე.
ფრანგულის მასწავლებელი, რომელიც თან მიყვარდა და თან არა; გაელი, რომელიც ცოტაც და შემიყვარდებოდა; სხვები, მეხსიერების ნაკლებად განათებულ კუთხეებში დარჩენილები – ყველანი მხოლოდ იმიტომ გაჩენილიყვნენ მგრძნობიარე თვალით შემოხაზული წრის შიგნით, რომ ორმოცდაათიანი წლების ბოლოს ერთ პატარა გოგოს თავისი სიჩუმის შერცხვენოდა და უცოდინარობა შემზარავად მოსჩვენებოდა. მეტისმეტად ბევრი განესაზღვრა იმ გრძელ დღეს, ფრანგ სტუმრებს რომ უმასპინძლდებოდნენ და თავს აწონებდნენ, ეზოს ბილიკებზე თუ ახლად გამართული სახლის ოთახებში ღიმილით დაჰყვებოდნენ, მნიშვნელობით დამძიმებული თითოეული წუთის დამახსოვრებას ცდილობდნენ. ჩემი ცხოვრების წლებში ეს ისტორია შავი მელანივით ჩაღვრილიყო და ალაგ პატარა გუბესავით იდგა, ალაგ ვიწრო არხს მიუყვებოდა – შორეთში დალანდული მინდვრებისკენ, მათ თავზე დამდგარი მოცისფრო ნისლისკენ.
© არილი