ინტერვიუ

„მინდა, რამე ქართულად დავწერო“ – ინტერვიუ ლეო ვარდიაშვილთან

ესაუბრა თაკო წულაია

ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორია, რომელიც მკითხველმა თავისი სადებიუტო რომანით გაიცნო. რომანის სახელი „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ზღაპრიდან არის აღებული, მოქმედება კი 2010-იანი წლების თბილისში მიმდინარეობს. პროტაგონისტმა საბამ, ავტორის მსგავსად, საქართველო ბავშვობაში დატოვა, წლების შემდეგ კი მშობლიურ ქალაქს გაუჩინარებული მამისა და ძმის საძებნელად უბრუნდება. საბა ოჯახის წევრების ძიებას, ცხადია, წარსულამდე მიჰყავს, წარსული კი აჩრდილებითა და უსიამოვნო მოგონებებითაა სავსე.

ვიდრე რომანი ქართულად ითარგმნებოდა, მასზე უკვე წერდნენ მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემები. „არაჩვეულებრივი საკითხავი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ქართველი ხალხისა და საქართველოს გეოგრაფიის გაცნობა სურს“, „დაუვიწყარი არია დაკარგულ სამშობლოს“, „შთამბეჭდავი დებიუტი“, „ღია ბარათი საქართველოზე“ – ასე შეაფასეს „ერთი დიდი ტყის მახლობლად“. The Observer-მა კი ლეო ვარდიაშვილი 2024 წლის 10 საუკეთესო დებიუტანტ ავტორს შორის დაასახელა.

დავით ახალაძის მიერ თარგმნილი „ერთი დიდი ტყის მახლობლად“  „ლიტოდისეაში“ გამოიცა. ავტორი ქართველ მკითხველს თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვდა და თავისი რომანის შესახებ ესაუბრა. წინამდებარე ინტერვიუც სწორედ მის დებიუტს ეხება: ლეო ვარდიაშვილი გვიყვება, რა განასხვავებს ქართველ და ბრიტანელ მკითხველებს, რომელ პერსონაჟზე მუშაობა იყო ყველაზე რთული და როგორი იყო რომანის დასასრულის პირველი ვერსია.

– თქვენი სადებიუტო რომანი, „ერთი დიდი ტყის მახლობლად“, სამშობლოში დაბრუნების, წარსულთან შეხვედრისა და ძველი შეკითხვებისთვის პასუხების ძიების შესახებაა. თუმცა, გარდა ამისა, მასში ზღაპრული, მაგიური ელემენტებიც ჩნდება და მთავარი პერსონაჟის, საბას ბედს ის მხატვრული ტექსტებიც განსაზღვრავს, რომლებიდანაც თავისი ძმა უტოვებს მინიშნებებს. სწორედ ამ ტექსტებით დავიწყოთ საუბარი. როგორ შეარჩიეთ ისინი? თქვენს ბავშვობასთან ხომ არაა რომელიმე დაკავშირებული?

– მე და ჩემი ძმა რომ მოვხვდით ინგლისში, ჩვენც იმ ძმებივით ვიყავით. ძველი მოთხრობების ენით ვლაპარაკობდით, რაც გვახსოვდა ბავშვობიდან, რასაც გვიყვებოდნენ, რადგან ინგლისური არ ვიცოდით ჯერ და ქართული ბუნდოვნად გვახსოვდა. მოკლედ, ქართულ-ინგლისურ-ზღაპრულ ენაზე ვლაპარაკობდით, სანამ არ ვისწავლეთ ინგლისური. ეგ ურთიერთობა გადმოვიდა წიგნში. მაგის გარდა, წიგნში ნახსენებია შექსპირი და ჩემს ძმას უყვარს შექსპირი. კიდევ ჰენზელი და გრეტელი, მთავარი… ეგ სულ ბოლოს მოხდა, როცა მივხვდი, რომ ნამცეცებივით იყო მინიშნებები წიგნში, უცებ მომივიდა იდეა, სათაური ჰენზელი და გრეტელიდან დამერქმია. სულ სხვა სახელი ერქვა თავიდან – კალეიდოსკოპი. თითქმის ბოლომდე ასე იყო, მერე გახდა „ერთი დიდი ტყის მახლობლად“.

ბიოგრაფიული მსგავსების გამო, მთავარ გმირსა და თქვენს ურთიერთმიმართებაზეც უნდა გკითხოთ. სად მთავრდება ავტობიოგრაფია და იწყება საბას, ფიქციური პერსონაჟის ბიოგრაფია? რით არ გგავთ ის?

– დასაწყისი, ემოციური ნაწილი მსგავსია – მე და საბას ერთი და იგივე ისტორია გვაქვს, ორივე წავედით საქართველოდან, დიდი ხანი არ ვიყავით საქართველოში და მერე დავბრუნდით. ოღონდ მე თვითონ დავბრუნდი და საბა მე ჩავათრიე თბილისში. მგონი, თბილისში რომ ჩადის, აი, დაახლოებით მანდ მთავრდება მსგავსება. რაღაც ანეკდოტები და ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან არის, ზოგიერთი პერსონაჟის ნაწილებიც და სახელებიც…

– ნოდარიც?

– არა, ნოდარი არა. ნოდარი არის თბილისის ყველა ტაქსის მძღოლი ერთად.

საბას რამდენიმე მეგზური ჰყავს, მათ შორის, აჩრდილები, რომლებიც ერთდროულად ეხმარებიან და აბრკოლებენ გამოცანების ამოხსნისას. როგორც აღმოჩნდება, ამ აჩრდილების ხმებისგან საბოლოოდ გათავისუფლება მხოლოდ წარსულის გააზრებისა და მიღების შემდეგაა შესაძლებელი. როგორ გაჩნდა იდეა, რომ ცოცხალი, 2010-იანი წლების თბილისში მცხოვრები პერსონაჟების გვერდით გამოჩენილიყვნენ საბას წარსულის მთავარი მოქმედი პირებიც, რომელთა უმრავლესობაც დიდი ხნის წინ გარდაცვლილია?

– ძველ ვერსიაში აღწერილი მქონდა ეს პერსონაჟები და ცოტა ისეთი იყო, ნაკლებად ემოციური, მშრალი. და უცებ გამიჩნდა იდეა, რომ სურიკას რაღაცა ეთქვა, სურიკაც ხომ ერთ-ერთი ხმაა, და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ გარდაცვლილებს, მათ, ვინც საქართველოში დარჩა, თავისი ხმა ჰქონოდათ, თავისი სათქმელი ეთქვათ. ეგრევე შევატყვე, რომ კარგი იდეა იყო და გადავაკეთე მთელი ტექსტი ისე, რომ ეს ხმები შემომეყვანა.

თქვენს ცხოვრებასაც ხომ არ დაჰყვება ასეთი ხმები?

– ბებიაჩემის ხმა მესმის ხოლმე, ცუდ რამეს თუ ვაკეთებ ან ცუდად თუ ვიქცევი. მგონი, ეს იდეაც აქედან მოვიდა.

დასასრული და საბას საბოლოო არჩევანი წერის დასაწყისშივე ცხადი იყო თქვენთვის თუ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა? ამ არჩევანით სახლში დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნებთ?

დასასრულის რამდენიმე ვერსია მქონდა და ყველა დავწერე. და ეგრე გამოვიდა, რომ ამოვირჩიე ყველაზე კარგი და ეგ აღმოჩნდა წიგნში.

– პირველად დაწერილი ვერსია როგორ მთავრდებოდა?

– პირველ ვერსიაში პოულობდნენ ირაკლის და ძალიან სენტიმენტალური გამოვიდა.

ყველაზე რთული რომელ პერსონაჟზე მუშაობა იყო?

– ყველაზე რთული იყო დეტექტივზე მუშაობა. იმიტომ, რომ ბოროტი ადამიანია თავიდანვე, ეგ დასდევს საბას და თანაც უმიზეზოდ. ყველაზე ბევრი ვიწვალე, რომ რაღაც მიზეზი მიმეცა დეტექტივისთვის – რატომ დასდევს საბას. იმიტომ, რომ ადამიანი გამხდარიყო და არ ყოფილიყო უბრალოდ სიუჟეტისთვის შექმნილი პერსონაჟი, რომელიც მხოლოდ სიუჟეტს ემსახურება და ძალიან გამიხარდა, რომ იდეა მომივიდა ბოლოს, რატომ დასდევს საბას.

თბილისი, როგორც ლიტერატურული ქალაქი – როგორია თქვენთვის? თბილისზე წერა ქალაქის უკეთ გაცნობაში ან მის განსხვავებულად დანახვაში დაგეხმარათ?

– კი, თავიდან შოკი იყო ჩემთვის თბილისში დაბრუნება, ამიტომაც დავიწყე ამ წიგნის წერა, თერაპიასავით. ახლა, წიგნი რომ დავამთავრე, უფრო სახლში ვგრძნობ თავს თბილისში.

როგორ გგონიათ, რამ განაპირობა დასავლელი მკითხველების ასეთი დიდი ინტერესი თქვენი რომანის მიმართ? რა აღმოჩნდა მათთვის ყველაზე უცხო და საინტერესო – პერსონაჟების ხასიათი, თბილისური პეიზაჟები თუ რომანის სიუჟეტური განვითარება?

– მგონი, უფრო საქართველოს გაცნობა. აინტერესებთ ახალი ადგილები და თან საქართველოზე არ არის ბევრი მხატვრული ლიტერატურა დაწერილი. მგონი, ხარატიშვილი წერს მარტო, რაც იციან იქ და თარგმნილია. მაგ მიზეზით დაიწყო მგონი ინტერესი. ბევრი ქართველი არ ითარგმნება, სამწუხაროდ. ახლა დავწერე სტატია, სადაც ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ, რომ რედაქციებმა უნდა მოძებნონ საქართველოში ტალანტი.

ქართველ და უცხოელ მკითხველებს შორის რა განსხვავებები შენიშნეთ? ემთხვევა მათი ინტერპრეტაციები, შეფასებები?

– სულ სხვანაირები არ არიან, მაგრამ ინგლისელებს უფრო აინტერესებთ საქართველო და ნოდარი… ქართველები უფრო სხვანაირად უყურებენ, როგორც უცხოელის დანახულ საქართველოს და უფრო კრიტიკულად. აი, მაგალითად, თარიღები რომ არის შეცვლილი: წყალდიდობა 2015-ში მოხდა, წიგნში კი მოქმედება 2010-ში მიმდინარეობს. ეგეთი რაღაცები ინგლისელებმა არც იციან და არც აინტერესებთ. მათ აინტერესებთ სიუჟეტი და წიგნი.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას რამდენად კარგად იცნობთ? კითხულობთ თანამედროვე ქართველ ავტორებს?

– ბოლოს წავიკითხე „მზე, მთვარე და პურის ყანა“. ქართულად ერთი-ორი წელი არაფერი მქონდა წაკითხული, დედაჩემმა მაჩუქა ეს წიგნი და ორ დღეში დავამთავრე.

კლასიკურ ქართულ ლიტერატურაზე რას იტყვით? ხშირად კითხულობთ?

– ბავშვობიდან. რომ გავიზარდე, “ვეფხისტყაოსანი” ისევ წავიკითხე სხვანაირად.

უცხოელი ავტორებიდან ვის ჰქონდა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

– ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა კორმაკ მაკარტის. მაკარტის ყველაფერი წაკითხული მაქვს, თავიდან ბოლომდე.

საქართველოში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებთ თვალს?

– პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვიცი სიტუაცია. რა უნდა ვთქვა, ვიცი, რომ დაძაბულია ძალიან. მინდა, რომ დავიძინო ახლა და გავიღვიძო არჩევნების მერე. [1]რომ ვიცოდე, რა მოხდა. ეს ნერვიულობა ძალიან მღლის.

თქვენი წიგნის ქართულ თარგმანზე რას ფიქრობთ? რამე შეიცვალა ქართულ გამოცემაში?

რაღაც დეტალები შეიცვალა. მაგალითად, გეოგრაფიული სახელები. თარგმანი ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი იმუშავა მთარგმნელმა და მეც ცოტათი დავეხმარე. მგონი, ძალიან კარგი გამოვიდა.

და ბოლო შეკითხვაც: ქართულად თუ დაგიწერიათ რამე?

პატარა რომ ვიყავი, ქართულად ვწერდი. ახლა, ლიტერატურის დონეზე, არ ვიცი. ჯერ არ შემიძლია, მაგრამ მინდა, რამე ქართულად დავწერო და, იმედია, დავწერ.


[1] ინტერვიუ ჩაწერილია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

© არილი

Facebook Comments Box