ესე,  პორტრეტი

მანანა ღარიბაშვილი – „ბუბამაცი” -ზურაბ კიკნაძის მოსაგონრად

Quol si ipsi haec neque attingere, tamen ea mirari deberemus etiam cum in aliis videremus (Cic)[1].

მოწონება მეტად და მეტად სუბიექტური გრძნობაა, თუმცა რაღაც მყარს მაინც ეფუძნება და თავისი ლოგიკაც აქვს, თუნდაც შეგრძნებების ლოგიკა, რომელიც ხანდახან ძნელად დასაწყობ-გამოსათქმელია, მაგრამ შინაგანად ხვდები, რომ ნამდვილად ასეა და არ გეშლება!

როცა ზურაბ კიკნაძის ვრცელ სამეცნიერო გამოკვლევებს და მონოგრაფიებს, მის წიგნებს ვკითხულობ, ვთქვათ, „ძველი აღთქმის წუთისოფელი” ან „ბიბლიური წინასწარმეტყველნი”, ან „შუამდინარული ისტორიულ-კულტურული ნარკვევები”, ან „ხასიდური სიბრძნე”, ან „ამარგი ალუდას ნახტომი” (ან… რომელი ერთი!), ზუსტად ვიცი და არ მეშლება, რომ დიდი მეცნიერისა და მკვლევრის ნაწერს ვეხები _ სხვათაგან გამორჩეულს; ამ სამეცნიერო ოპუსებში იგრძნობა ის შემოქმედებითი მუხტი, რომელიც მის ნაწერებს რაღაც განსხვავებულობის ხიბლს ანიჭებს. ასე წერა ცოტას თუ შეუძლია! ეს უკვე ბელეტრისტის ტალანტია!

თუმცა ამჯერად მინდა მისი ერთი მოგონება-ჩანაწერი გავიხსენო, რომელიც მან დავით წერედიანის „თანსაკითხავისთვის” („85 ამბავი, დავით წერედიანი”, გამომცემლობა „არტანუჯი”) დაწერა.

მოკლედ, როცა ზურაბ კიკნაძემ კახეთიდან ორი მომცრო, ზომის ერთმანეთზე უფრო „უცნაური” წერილი გამომიგზავნა, წავიკითხე და სახტად დავრჩი, წავიკითხე და სუნთქვა შემეკრა! მეტადრე „მომაჯადოვა” ერთ-ერთმა, რომელსაც „ბუბამაცი” ჰქვია: წავიკითხავდი, გადავდებდი, მერე კვლავ მივუბრუნდებოდი, ისევ წავიკითხავდი… ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. რაში იყო საქმე, რატომ მეუფლებოდა რაღაც ბედნიერების შეგრძნების მსგავსი, თავიდან ვერაფრით მივხვდი, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ…

მოგონებაში ავტორი ჰყვება, თუ როგორ ესტუმრნენ „ერთ ბედნიერ ზაფხულს” ის და თამაზ ჩხენკელი სვანეთში (მაშინ იქ მყოფ) დავით წერედიანს: ლაკონიურად, დიდი ოსტატობით არის დაწერილი რამდენიმე პასაჟი, სადაც იქაური გარემო და სიტუაციაა აღწერილი და დათოს დედის, დეიდა იას, უზუსტესი პორტრეტიც არის დახატული. მერე ავტორი გვიყვება, რომ ერთ დილას გადაწყვიტეს, ენახათ ახლომახლო სოფლები და გზას დაადგნენ. რა მოვიხილეთ ლატალის სოფლები: ლახუშდ, კვანჭიანარ, სადიანარ, მაცხვარიშ, გადავწყვიტეთ, ბალსზემოთ ბეჩოში წავსულიყავით”, _ წერს ზურა კიკნაძე. დათოს ბეჩოსკენ მიმავალი გზა თურმე კარგად არ ხსომებია და ვინმესთვის უნდა ეკითხათ. ერთ სახლს ჩაუარეს გვერდი, რომელიც ავტორის თქმით, „სრულიად უკაცრიელი” ეჩვენათ, მაგრამ დათო შეჩერებულა და დაუძახია: „ბუბამაცი!” (ბიძია მაცი!), იმავე წამს იქიდან ვიღაც მოხუცი კაცი სხარტად გამოსულა, დათოს სვანურად უკითხავს მისთვის გზის ამბავი და „აქ ჩერდება კადრი”, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და გზა განაგრძეს.

წერილს ავტორი ასე ასრულებს: „ვერ ამიხსნია, რატომ ჩამრჩა ხსოვნაში ასე ინტიმურად, უბრალოდ დაძახილი _ „ბუბამაცი!” და ხშირად ყოფილა, დათოსთან საუბრის პაუზაში მითქვამს „ბუბამაცი!” და შემიხედავს და დათოს გაუღიმია”.

P.S. მოულოდნელობის, რაღაც ირეალურთან შეხების ეფექტი დიდია… „ბუბამაცი” _ ეს იყო მათი საიდუმლო.


[1] თუ თავად მაღალინტელექტუალურ სფეროს ვერ მივწვდებით, იმის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს, დავინახოთ და აღვფრთოვანდეთ სხვების ინტელექტითა და ტალანტით (ციცერონი).

© არილი

Facebook Comments Box