რეცენზია

ლაშა ბუღაძე — სოფიო შამანიდის “აუტანელი” წიგნი

კაცები აუტანლები ვართ.

ქალები – „აუტანლები“.

            „ბრჭყალებში“ ჩასმულ სიტყვას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ წიგნში ქალთა „აუტანლობა“ უმეტესად რეაქციაა კაცთა საქციელზე ან ერთგვარი თავდაცვის ფორმაც, თუმცა სოფიო შამანიდის წიგნი „აუტანელი“ ქალები\აუტანელი კაცები“ არც აუტანლობაზეა, არც ამტანობაზე და არც ვერატანაზე, არამედ იმ ტიპის აუტანელ კაცებზე და ქალებზე, რომელთაც საუკუნეებია ვერ ველევით სწორედ მათი აუტანლობის მიზეზით.

            ეს ქალები და კაცები არქეტიპებია, რომელთაც თითქოსდა თავადვე განსაზღვრეს ხასიათები და არა პირიქით, რადგან როცა ჰომეროსის თუ სხვათა, ამ შემთხვევაში, ჩვენი ავტორის მიერ აღწერილ-დეკონსტრუირებულ აგამემნონზე თუ კლიტემნესტრაზე ვკითხულობთ, თვისებათა იმგვარ მოდელებს ვეცნობით, რომელთა მეშვეობითაც თავად თვისებების არსს ვწვდებით და არა მხოლოდ გმირის ხასიათს. გეგონება, ჯერ გმირი დაიბადა, ვთქვათ, ოდისევსი და მერეღა იქცა ვერგაჩერებულობის დრამა ხასიათ-ოდისევსად. თითქოს გმირით მოხდა ხასიათის (თვისების) სახელდება.

            ჯერ იქმნა ელენე და ამიტომ შევიცანით მშვენიერება.

            ჯერ იქმნა აგამემნონი და ამიტომ შევიცანით ძალაუფლების ვნება.

            ჯერ იქმნა კლიტემნესტრა და ამიტომ შევიცანით შურისძიება.

            ჯერ იქმნა ელპენორი და ამიტომ შევიცანით უგუნურება-უთვისებობა.

             თითქოს ამ წიგნში თავმოყრილი გმირებით შევიცანით დიადი აუტანლობა, ამ სიტყვის სწორედ იმ ამბივალენტური და ორმაგი შინაარსით, როგორი ამბივალენტურ-ორგვაროვნებიც აუტანელი ქალები\კაცების პროტაგონისტები და ზოგადად ეს წიგნია – მისი გადმობრუნება რომ გვიწევს, რათა უკეთ ჩავწვდეთ საავტორო კონცეფციის უზუსტეს გზავნილს – სამყარო რომ ისე აღიქმება, რა პერსპექტივითაც მის შეცნობას ვცდილობთ.

            მედეა დამნაშავეა? – დამნაშავეა! შვილები მოკლა. აუტანელია. მაგრამ…

            ამ მაგრამ-ს თურმე რამდენი არგუმენტი ჰქონია… 

            აგამემნონი შვილს მსხვერპლად შესწირავს ტროას ომს (პოლიტიკოსის ეგო, მარადიული დილემა: პირადი თუ ზოგადი) და ის იქნებ ყველაზე აუტანელიც კი იყოს ყველაზე აუტანელ კაცთა შორის, მაგრამ…

ისევ ეს მაგრამ

            ამ სიტყვაში უმთავრესი მიზიდულობის ბირთვია: ვცდილობთ გავიგოთ ძალაუფლების ფსიქოლოგია და აგამემნონად წავიკითხოთ თუნდაც დღევანდელობა – თვისება-აგამემნონად დავინახოთ კაცი-მმართველი, ვინც შვილსაც კი შესწირავს წარმატების ზურგის ქარს. შვილს და შვილებს. თაობებსაც კი.

            ავტორი ჩვენთან ერთად ცდილობს აუტანლობის დემონის მოხელთებას და დიდ ავტორთა ტექსტებისა და რეცეფციების მოხმობით, ჩვენივე სათუთი აუტანლობის პორტრეტებს გვიხატავს – ოდისევსობის, შინ რომ გვინდა და ადგილზე მიღწეულთ ისევ გასაქცევად გვიბიძგებს გული… თუნდაც იმ ქვეყნის სანახავად, სადაც „მარილს არ ჭამენ“ (არარსებულის ანუ), ანდაც მრავალსახოვანი მედეობის – ყველაფერს რომ გავიღებთ სიყვარულისთვის და ყველაფერს მოვსპობთ, თუკი სიყვარულზე უარს გვეტყვიან…

            ავტორისთვის ნაციონალური კომპლექსების ანალიზის მიზეზია ხასიათი-მედეა, რომლის სისხლიანი ხელებიც მოსვენებას უკარგავს ყველა იმ მწერალს, ვინც ქართველთა სახედ მიიჩნევს კოლხი მეფის ასულს და ახალ-ახალ ვერსიებს თხზავს ევრიპიდეს ვერსიის გასაუქმებლად – მედეას შვილები არ მოუკლავსო…

            ისევე, როგორც თურმე ბერძნებს ტანჯავთ ელენეს ამორალურობა და აქ კი უკვე ევრიპიდე გვევლინება ელენეს ქორწილიდან გაქცევა-ღალატის უარმყოფლად: ელენე არ არის მოღალატე, ეს ელენეს ფანტომი ყოფილა, მოჩვენება, ილუზია, ვის გამოც ერთმანეთს 10 წელი ხოცავდნენ აუტანელი კაცები, ხოლო ხორცშესხმული ელენე პატიოსნად მჯდარა, უპარისოდ და უმენელაოსოდ…

            ერები თურმე თავიანთი გმირი-არქეტიპების გამო გრძნობენ სირცხვილს… არავის უნდა, რომ ვიღაც აუტანელი ჰყავდეს იდენტობის მოდელად, არადა, ადამიანი ხომ ამ წიგნივით ორსახოვანია, ურთიერთგამომრიცხავი თვისებებით აღსავსე, მიმზიდველი, დიადი და იმავდროულად შემზარავი და უკიდეგანოდ მდაბალი, რომელიც უთუოდ არის ნაციათა თვისებაც. რაზე ვბრაზობთ? სარკეში ანარეკლზე?  

            სოფიო შამანიდის წიგნით სხვა მრავალ წიგნსა და ტექსტსაც წავიკითხავთ, რომელიც დიდი და საფუძვლიანი ცოდნით, ბერძნული სამყაროს სიყვარულით და ალაგ-ალაგ არისტოფანესეული სილაღითა და ირონიით არის დაწერილი.             ძველი ბერძნები ბედისწერის შემცნობი ავტორები არიან, ამიტომ დასასრულს თავს უფლებას მივცემ და პერსონალური კომენტარით დავასრულებ ჩემს წერილს: მართალია, საბერძნეთი ყოველთვის მავსებდა, მაგრამ ბედისწერად და სიყვარულის ობიექტად ის სწორედ ამ წიგნის ავტორმა, სოფიო შამანიდმა, მიქცია, და, ცხადია, არა მხოლოდ ამ წიგნის გამო, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველს კიდევ უფრო მეტად შეაყვარებს ყველა იმ აუტანელ ქალსა და კაცს, რომელთა ვერატანაც სინამდვილეში მათი შეყვარების დამატებითი არგუმენტია. 

© არილი

Facebook Comments Box