
ავტორები — მაია კაკაშვილი, ანი უძილაური
„ბერძნული ლიტერატურა მსოფლიო კულტურის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. განსაკუთრებით საინტერესო და ახლობელია იგი ქართველთათვის. ეს ინტერესი საქართველოსა და საბერძნეთს შორის ოდითგანვე არსებული ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული ურთიერთობის გარდა, ამ ორი ხალხის დიდი სულიერი სიახლოვითაა განპირობებული. ქართულ საგანმანათლებლო კერებში ჯერ კიდევ ადრეული ხანიდან ითარგმნებოდა და ისწავლებოდა ბერძნული ლიტერატურული, რელიგიური თუ ფილოსოფიური ტექსტები. თუმცა, თუკი ძველ ბერძენთა შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, თანამედროვე ბერძნული ნაწარმოებების თარგმანებით იგი განებივრებული არ არის“, – ვკითხულობთ ნეოგრეცისტ თეა გამრეკელის 2005 წლის სტატიაში. მართალია, მას მერე თანამედროვე ბერძენი ავტორების არაერთი თხზულება ითარგმნა, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია. არადა, ახალ ბერძნულ ენაზე შექმნილ, სხვადასხვა ბერძნული თუ საერთაშორისო პრიზით დაჯილდოებულ ლიტერატურას არაერთ ენაზე უკვე გაუჩნდა ორეული.
მით უმეტეს, რომ, სოფიო შამანიდის შეფასებით, თანამედროვე ბერძნული მწერლობა „მართალია, თავისი მასშტაბებით ვერ შეედრება ანტიკურს, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ევროპულ ლიტერატურას.“
მაინც, რით შეიძლება აინტერესებდეს და ხიბლავდეს ახალბერძნული ლიტერატურა ფართო მკითხველს და არა მხოლოდ ამ ენის თითზე ჩამოსათვლელ სპეციალისტებს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ თანამედროვეობის ორ დიდ ბერძენ ავტორს – ოდისეას ელიტისსა და ნიკოს კაზანძაკისს – მივაშუროთ.
ბერძენი ნობელიანტი პოეტი, ოდისეას ელიტისი (ΕΛΥΤΗΣ), საკუთარ ფსევდონიმს (მისი ნამდვილი გვარი ალეპუდელისია) ამგვარად განგვიმარტავს: „ΕΛ“ ის პირველი ორი ასოა, რომლითაც ჩემთვის ძვირფასი რამდენიმე სიტყვა იწყება. ესენია: საბერძნეთი (ΕΛΛΑΔΑ), თავისუფლება (ΕΛΕΥΘΕΡΙΑ), იმედი (ΕΛΠΙΔΑ) და ელენე (ΕΛΕΝΗ გოგონა, რომელიც იმ დროს მიყვარდა). „Υ“ – ის ერთადერთი ასოა, რომელსაც მსოფლიო „ბერძნულს“ ანუ „ი-გრეკს“ უწოდებს, „ΤΗΣ“ კი ძველი ბერძნული ენისთვის დამახასიათებელი დაბოლოებაა.
აქვე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ნიკოს კაზანძაკისის საფლავის ქვაზე დატანილი ავტორისეული სიტყვები: „არაფრის მეშინია, არაფრის იმედი არ მაქვს, თავისუფალი ვარ.“
ეგებ სწორედ ეს ხუთი სიტყვაა ის „ხუთი ბურჯი“, რომლებზეც მთელი ახალბერძნული ლიტერატურაა დაშენებული?
საბერძნეთი… თავისუფლება… იმედი… ელენე… ბერძნული ენა…
სწორედ ამ ელემენტთა ერთობლიობის თვალსაჩინო ნიმუშია გიორგოს სეფერისის სანობელე სიტყვა:
„მე ერთი პატარა ქვეყნის შვილი ვარ. ხმელთაშუა ზღვის ერთი კლდის კონცხის შვილი, რომელსაც თავისი ერის ბრძოლის, ზღვისა და მზის სინათლის გარდა სხვა სიმდიდრე არ გააჩნია. პატარაა ჩვენი მხარე, მაგრამ მისი ტრადიცია არის უზარმაზარი და ჩვენ შევძელით, რომ იგი უწყვეტად შეგვენარჩუნებინა. ბერძნულ ენას არასოდეს დაუკარგავს სამეტყველო ენის ფუნქცია. მან განიცადა ცვლილებები, რასაც ყოველი ცოცხალი განიცდის, მაგრამ არავითარ ჩავარდნას არ გვიჩვენებს. ამ ტრადიციის კიდევ ერთი მახასიათებელი ჰუმანურობის სიყვარულია, მისი კანონი სამართლიანობაა.“ [1]
ოდისეას ელიტისისთვის ნობელის პრემიის გადაცემისას კი შვედეთის აკადემიამ შემდეგი რამ დაწერა გადაწყვეტილებაში:
„პოეზიისთვის, რომელიც ბერძნული ტრადიციების კვალდაკვალ გრძნობის სიძლიერითა და ინტელექტუალური გამჭრიახობით გვიხატავს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.“[2]
საბერძნეთი
პატრიოტულმა გრძნობამ, რომელიც თურქეთის მიერ ბერძნული მიწების 400-წლოვანმა მპყრობელობამ კიდევ უფრო გაამძაფრა, არაერთ ბერძენ მწერალს ააღებინა ხელში კალამი; მათ ნაწარმოებებს ფონად გასდევს მცირე აზიის კატასტროფა, ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში არსებული საბერძნეთის აღდგენის დამსხვრეული იდეები და წარსული ოცნებები (ნიკოს კაზანძაკისი „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ალექსის ზორბასის ცხოვრება“).
გერმანელთა და იტალიელთა მიერ საბერძნეთის დაპყრობით გამოწვეული წინააღმდეგობა (ოდისეას ელიტისის კრებული „მზე პირველი“).
„თუ თვალს გადავავლებთ საბერძნეთის ისტორიას მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დღემდე, ვნახავთ რამდენმა ქარტეხილმა გადაიარა ამ ქვეყნის თავზე. მსოფლიო ომი დასრულდა, ბოლო მოეღო იტალიელთა და გერმანელთა ბატონობას ქვეყანაში, მაგრამ საბერძნეთში სამოქალაქო ომი დაიწყო (1946-1949 წწ.); ახლა უკვე ინგლისი და ამერიკა ცდილობდნენ ქვეყანაში ჰეგემონიის მოპოვებას. საბერძნეთის სახელმწიფო წყობა სისტემატურად იცვლებოდა: მონარქიული დემოკრატია (50-60-იანი წლები) დიქტატურით შეიცვალა (1967-1974 წწ.), ხოლო შვიდწლიან ხუნტის დიქტატურას საპრეზიდენტო რესპუბლიკა ჩაენაცვლა (1975 წლიდან დღემდე).“ – მოკლედ მიმოიხილავს ანი უძილაური საბერძნეთის უახლეს ისტორიას დიმიტრის ნოლასის მის მიერ თარგმნილი რომანის – „მაგიური ფოტინე“ – წინასიტყვაობაში.
ახალ ბერძნულ ლიტერატურაში ისმის ელინიზმის ბედით გამოწვეული მელანქოლია, ემინგრანტებისა და დაკარგული მიწების ნოსტალგია (გიორგოს სეფერისი აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთთან კვიპროსის გაერთიანების პროცესში. აღსანიშნავია დიმიტრის ნოლასის რომანი „მაგიური ფოტინე“ და კვიპროსელი პოეტის, კოსტას მონტისის შემოქმედება).
ყოველმხრივ გამორჩეული პოეტი კონსტანტინოს კავაფისიც ფილოსოფიურ და ჰედონისტურთან ერთად ისტორიულ ლექსებსაც წერდა. ის ისტორიულ მოვლენებში წარსულს კი არა, აწმყოს ხედავს (როსტომ ჩხეიძე). თავისი ქვეყნის ისტორიიდან იგი მიმართავს პლუტარქესა თუ ანონიმური ქრონოგრაფოსების, პტოლემეოსთა და სელევკიდებისდროინდელ ისტორიულ მოვლენებსა და ანეკდოტებს. მისი ისტორიული ლექსები მთელ მსოფლიოში საოცრად პოპულარულია: „თერმოპილე“, „ხელმწიფე დიმიტრიოსი“, „ალექსანდრიელი მონარქები“, „მაგნესიის ბრძოლა“, მანუელ კომნენოსი“, „იოანე კანტაკუზენი ამარცხებს“ და სხვ.
კონსტანტინოს კავაფისის შემოქმედება წლების განმავლობაში პერმანენტულად ითარგმნებოდა. ჯერ 1999 ანდრო ბარნოვმა გამოსცა კრებული „კედლები“, 2005 წელს იზა ორჯონიკიძის თარგმანით (პწკარედული თარგმანი მაია კაკაშვილისა) გამოვიდა 219 ლექსი, სათაურით „სულის სახლში“, ხოლო 2021 წელს სერიით „ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა“ გამოიცა პოეტის სრული შემოქმედების თარგმანი 2 ტომად, სათაურით „გულის ეპოსი“, რომელშიც გაერთიანდა იზა ორჯონიკიძისა და მარიამ წიკლაურის (პწკარედული თარგმანი მაია კაკაშვილისა და თამარ ზურაშვილისა), თათია მთვარელიძისა და ანდრო ბარნოვის თარგმანები.
აქვე უნდა აღინიშნოს ახალი ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი – დიმიტრის დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა“ (თარგმანი თათია მთვარელიძისა).
თავისუფლება
ბერძენს მუდამ აღელვებდა და აღელვებს თავისუფლება მისი ყოველგვარი გამოვლინებით, პირველ რიგში კი, პიროვნული თავისუფლების დემონსტრირებით; თავისუფალი კაცის სიმბოლო ახალბერძნულ ლიტერატურაში, ალბათ გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, ნიკოს კაზანძაკისის ლიტერატურული გმირი ალექსის ზორბასია.
მისი ცეკვა, რომლისთვისაც მიკის თეოდორაკისმა „სირტაკი“ დაწერა და რომელსაც ფილმში „ბერძენი ზორბა“ ენტონი ქვინი ასრულებს, სწორედ თავისუფალი კაცის „ცეკვაში განფენილი“, დაუოკებელი ემოციაა:
„ერთი შეხტა, ხელ-ფეხი ფრთებად გადაექცა. გამართული ხტებოდა მიწიდან და ასე, ცისა და ზღვის ფონზე რომ ვუყურებდი, მოხუც ამბოხებულ მთავარანგელოზად მეჩვენებოდა. ზორბასის ეს ცეკვა ნამდვილი გამოწვევა, ჟინი და ჯანყი იყო. თითქოს ყვიროდა კიდეც!.. ზორბასის ცეკვას ვუყურებდი და ადამიანის დემონურ აჯანყებას პირველად ვგრძნობდი. მას სიმძიმე, მატერია და წინაპართა წყევლა დაეძლია. მისი ამტანობა, სიმკვირცხლე, სიამაყე მომწონდა. ქვიშაზე ზორბასის ძლიერი და, იმავდროულად, დახვეწილი ნაბიჯები ადამიანის სულის ბნელი მხარის ისტორიას ჰყვებოდა.“ [3]
იმედი
ახალბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი ბურჯია რწმენა ღვთისა და საკუთარი თავისა, შესაძლებლობებისა და ნათელი მომავლისა;
აუცილებლად უნდა აღინიშნოს კონსტანტინოს კავაფისის ლექსები: „ეკლესიაში“, „სულის სახლში“, „სალომე“, „შვიდი წმინდა ბავშვი“.
ბერძენი მწერლები ახალბერძნულად თარგმნიან ბიბლიურ ტექსტებს. გიორგოს სეფერისმა თარგმნა „ქებათა ქება“ და „იოანეს გამოცხადება“, ოდისეას ელიტისმა კი – „იოანეს გამოცხადება“.
ცალკე უნდა გამოვყოთ ალექსანდროს პაპადიამანდისის „საშობაო მოთხრობები“ (თარგმანი მედეა აბულაშვილისა), ოდისეას ელიტისის პოემა „ღირს არს“, ნიკოს კაზანძაკისის რომანები: „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (თარგმანი თათია მთვარელიძისა), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ და „ღვთის გლახა“ (თარგმანი მაია კაკაშვილისა).
კვიპროსელი პოეტის, კოსტას მონტისის, ლექსები: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“, „ღმერთი იესოსა და ადამიანების შესახებ“, „ღვთისმშობლის ხატი და იესო“, „წარმატებული“ პოეტი ღმერთის შესახებ“, „მეორედ მოსვლა“, „იესოს“ (თარგმანი სოფიო შამანიდისა).
საგანგებოდ აღსანიშნავია ანტონის სამარაკისის მოთხრობათა კრებულიც, სათაურით „გვესაჭიროება იმედი“. მწერალი 1989 წელს ნიუ-იორკის Unicef-მა დაასახელა კეთილი ნების პირველ ბერძენ ელჩად მსოფლიოს ბავშვებისათვის. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი საბერძნეთში „საბავშვო პარლამენტის“ დაარსებისა. პაციფისტმა ავტორმა მთელი თავისი შემოქმედება პატარებს უძღვნა. მისი თხზულებები განსაკუთრებულად აქტუალური ჩვენს დღევანდელობაშია, როცა ომით დაობლებული, დახოცილი და განაწამები არაერთი ბავშვის ხატება გვიდგას თვალწინ:
„ბავშვებს – მსხვერპლებს ნუ დავთვლით ციფრებით, საკმარისია, მხოლოდ ერთი ბავშვიც კი დაიკარგოს ამგვარად, მაშინ ჩვენი სამყარო, ვითომ კულტურული, ვითომ ქრისტიანული, დამარცხებულია. ის, რაც იღუპება, ბავშვის სულია.“ [4]
ელენე
სახელი ელენე არა მხოლოდ სიყვარულის უზენაესობის რწმენის, არამედ ბერძნულ მითოლოგიასთან (მშვენიერი ელენე) და ზოგადად საბერძნეთის წარსულთან უწყვეტი ერთიანობის სიმბოლოდ გვესახება.
ბევრი თანამედროვე ბერძენი მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მითოლოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებულ ტექსტებს.
კონსტანტინოს კავაფისის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უკავია მითოლოგიურ თემებზე შექმნილ ლექსებს. მათ შორისაა: „აქილევსის ცხენები“, „დიონისეს მხლებლები“, „ითაკა“, „პრიამოსის ღამეული მოგზაურობა“, „მეორე ოდისეა“, „ოიდიპოსი“, „ფაეთონის ძმათა ცრემლები“, „სარპედონის დასაფლავება“.
გიორგოს სეფერისი ე. წ. პარადიგმატულ მოდელებად იყენებს ჰომეროსის ეპოსს (ოდისეას) და ბერძნულ ტრაგედიას. მისი პოეზიის ძირითადი თემაა ძველი და ახალი ბერძნული ტრადიცია და მათი შეხვედრა თანამედროვე ევროპულ კულტურასთან. ის, როგორც დიდი პოეტი, დამკვიდრდა 1935 წელს პოეტური კრებულით „მითისტორიმა“. თავად პოეტმა ამ ნაწარმოებს უწოდა „ოდისეა, ოღონდ თავდაყირა“.[5]
მითოლოგიითაა ნასაზრდოები ანდრეას კალვოსის („ნიკეს“), ანგელოს სიკელიანოსის („სტიქსის ფიცი“, „აქილევსის რაშები“), გიორგოს სეფერისის („ელენე“, „მიკენი“, „მეგობრები ჰადესში“, „არგონავტები“, „ჰიდრა“, „ასტიანაქსი“, „ანდრომედე“), იანის რიცოსის („ოქროს საწმისი“, „სასოწარკვეთილი პენელოპე“, „ალკმენე“, „ორფევსისადმი“, „ნავსიკაეს სასახლეში“, „ფინევსი“, „ფილოქტეტე“), ნიკოს გაცოსის („ანტიგონეს მსხვერპლი“), ოდისეას ელიტისის („ელენე“, „ოდისეა“, „აგამემნონი“, „ტროას ომი“, „ეროსი და ფსიქე“), ნანოს ვალაორიტისისა („ტროა“) და სხვა პოეტთა ქმნილებანიც.
გიორგოს კამბანელისის, თანამედროვე ბერძნული დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და უნივერსალური ხასიათის გამო მისი თვალსაჩინო წარმომადგენლის ანტიკურ თემატიკაზე შექმნილ პიესათა შორის გამოირჩევა მისი ტრიპტიქი „წერილი ორესტესს“, „სერობა“ და „თებელთა გზა“ (თარგმანი სოფიო შამანიდისა). „ყოველთვის, როდესაც ორესტესს“ ან „ელექტრას“ წარმოდგენებს ვუყურებდი, – წერს ავტორი, – „კლიტემნესტრას“ მხარეს ვიყავი. მისი მესმოდა, მას ვამართლებდი, ვგრძნობდი, რომ უსამართლოდ მოექცნენ, და იგი გახდა ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლობელი „თეატრალური“ პერსონაჟი“.
„წერილი ორესტესს“ ერთმოქმედებიანი დრამაა, რომელშიც კლიტემნესტრა წერილს წერს შვილს და უხსნის აგამემნონის მოკვლის მიზეზს. კაბანელისი „სერობაში“ ესქილესგან განსხვავებით ამოწყვეტს აგამემნონის სახლეულს. „თებეს გზა“ სოფოლკეს „ანტიგონეს“ გაგრძელებაა, ხოლო პროტაგონისტები სოფოკლეს „ანტიგონესა“ და „ოიდიპოს მეფის“ მეორეხარისხოვანი ან გამოგონილი პერსონაჟები არიან. პიესა „ოდისევსო, დაბრუნდი შინ“ (თარგმანი ქეთევან ცინცაძისა) ტროას მეორე ომის შესახებ გვიამბობს. კაბანელისის ტექსტის მიღმა ესქილეს, ევრიპიდეს, სოფოკლესა და ჰომეროსის ტექსტები იკითხება.
ბერძნული ენა
ბერძნულ ენაზე წერა ღვთის წყალობა და დიდი ტვირთი რომ არის ერთდროულად, ამაზე ბერძენი ავტორები უგამონაკლისოდ თანხმდებიან. ოდისეას ელიტისის თქმით, პოეტი ვერ იქნებოდა, ბერძენი რომ არ ყოფილიყო: „ბერძენი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ პოეტიც არ ვიქნებოდი. რომელიმე სხვა პროფესიას ავირჩევდი, პოეზიასთან კი საქმე არ მექნებოდა. მაგრამ ახლა მე ვფლობ უდიდეს ტრადიციასა და ენას, რომელიც ძველი ბერძნულის, კოინეს, ალექსანდრიულის, ბიზანტიურის, დიმოტიკეს ესოდენ დიდ სივრცეს მოიცავს. რადგანაც ასეთი კლავიატურა გამაჩნია, დაუსრულებელი არპეჯიოებით შემიძლია ვიმღერო.“ [6]
ოდისეას ელიტისის პოემიდან „ღირს არს“ ამონარიდი, ზუსტად გადმოსცემს ბერძენ პოეტთა დამოკიდებულებას მშობლიური ენისადმი:
***
ენა მერგო ბერძნული,
ჰომეროსის ქვიშრობზე ღარიბული სახლი,
ერთადერთი სადარდელი – ჩემი ენა ჰომეროსის ქვიშრობზე.
კარჩხანები, ქორჭილები,
გაქარული ზმნები,
ლურჯში მწვანე ნაკადები,
გულ–ღვიძლში რომ დამიდიან გამალებით,
მედუზები და ღრუბლები,
სირენების პირველ სიტყვებს ყურს ვუგდებდი.
ვარდისფერი ნიჟარების პირველ ცახცახს, უცნობ ჟრჟოლას,
ერთადერთი საზრუნავი ჩემი ენა, მისი მოვლა.
ბროწეულის სინათლეს და კომშის კორომს,
შავტუხელა ღმერთები და შინშის ქორო,
უზარმაზარ ქოთნებს ცლიდნენ ზეთით სავსეს –
სურნელოვან დინებისგან სუნთქვის მბანგველს.
ლერწმები თუ დანამასტაკების ჭალა,
კურდღლისცოცხას და წიწაკის ფესვთა ბწკალით
სკვინჩის პირველ სტვენას ებმის.
ფსალმუნების ხმატკბილობის “დიდება შენდა” – უჟამო.
ერთადერთი საზრუნავი ჩემი ენა,
პირველთქმული “დიდება შენდა, უფალო“
იქ დაფნები, აქეთ ბზები,
გუნდრუკი და საკმეველი.
აკურთხებენ ომსაც, თოფსაც,
მიწაა და თავწაკრული ვენახებით,
ზვართა ლარით. ჭახუნია. ჭახანია.
“ქრისტე აღსდგა!” იძახიან რახანია,
ეს ბერძნების უძველესი ნაყარია!
და გალობის პირველ სიტყვით ამოთქმული იდუმალი
სიყვარულის ძველი ვნება,
საგალობლის პირველ სიტყვით, ერთადერთი საზრუნავი
ჩემი ენა![7]
* * *
საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა დედანთან დამოკიდებულება, რაც სხვადასხვა ავტორის მუშაობის სტილზე („მატებაჲ“ და „კლებაჲ“), სათარგმნი ტექსტის შინაარსსა და ჟანრობრივ კუთვნილებაზე იყო დამოკიდებული (სასულიერო თუ საერო). თარგმანზე ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორებიც ახდენდნენ გავლენას (მაგ., თარგმნა არა უშუალოდ დედნიდან, არამედ დამპყრობელი ერის ენის შუამავლობით).
თანამედროვე მთარგმნელები ცდილობენ, მათი თარგმანები იყოს დედნის იდენტური როგორც შინაარსის, ისე ფორმის, სტილისა და ქართველ მკითხველზე ემოციური ზემოქმედების თვალსაზრისით. რაც ერთდროულად ორი ენის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, სტილის შეგრძნებას, ლიტერატურულ გემოვნებას, პროფესიულ კეთილსინდისიერებასა და დიდ ოსტატობას მოითხოვს.
იზა ორჯონიკიძე კრებულზე – „გიჟმაჟი ბროწეული“ – მუშაობისას რუსულენოვან თარგმანებს ეყრდნობოდა. კონსტანტინოს კავაფისის ლექსების კრებულზე – „სულის სახლში“ – მუშაობისას კი ნეოგრეცისტ მაია კაკაშვილის შესრულებული პწკარედებით იხელმძღვანელა. მართალია, იზა ორჯონიკიძის თარგმანები ხშირად ორიგინალს სცილდება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ემოციურად იმავე სიმძაფრის გრძნობას იწვევს, რასაც ორიგინალი, რაც მისი რანგის პოეტისაგან გასაკვირი სულაც არ არის.
ნათქვამია, „თარგმანი ქალივითაა. თუ ლამაზია, სანდო არ არის, თუ სანდოა, ლამაზი არ არისო“. ამ დებულების დარღვევა და ერთდროულად სანდო და ლამაზი თარგმანის მკითხველისთვის შეთავაზება პროზაზე მეტად პოეზიის თარგმნისასაა რთული. ამის მიუხედავად, ახალბერძნული პოეზიის მთარგმნელები ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც, დედნის ერთგულები დარჩნენ როგორც შინაარსის, ისე სტრუქტურისა და ემოციის გადმოცემის თვალსაზრისითაც (თათია მთვარელიძე, მარიამ წიკლაური).
მთარგმნელები წიგნთა შესავალ ნაწილებში საკუთარი მუშაობის პრინციპებზე გვესაუბრებიან: „შევეცადეთ, მაქსიმალური სიზუსტით დაგვეცვა ავტორის ხელწერა, სტილი, ლექსიკა, ფრაზეოლოგია, პუნქტუაციაც კი, რომელიც საკმაოდ „არაკანონიკურია“. ყველა სალექსო ფორმაცა და სტრუქტურაც დედანთან შესაბამისობაშია. არ შევუშინდით იმ განსხვავებათა გადმონერგვას ქართულ პოეზიაში, რაც დამახასიათებელია ამ ავტორისთვის“, – წერს მარიამ წიკლაური გიორგოს სეფერისის ლექსების თარგმანზე მუშაობასთან დაკავშირებით (გიორგოს სეფერისის ლექსების კრებული „შემობრუნება“).
„თარგმნისას ვცდილობდით როგორც შინაარსი, ისე მისი გამოხატვის საშუალებები ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვეტანა, მაგრამ ქართული პოეტური აზროვნებისა თუ გემოვნებისთვისაც შეგვესაბამებინა. ვეცადეთ აგვერეკლა ხალხურობისა და არქაულობის ის ელფერი, ორიგინალებს რომ ახასიათებდათ.“ (მედეა აბულაშვილი, ხალხური ლექსები).
რაც შეეხება თანამედროვეობის დიდი ბერძენი ქალი პოეტის, საფოს შემდეგ ყველაზე დიდ ბერძენ პოეტ ქალად აღიარებული კიკი დიმულას შემოქმედების ქართულ თარგმანს, მთარგმნელი თათია მთვარელიძე 2012 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში პირველი პრემიით დაჯილდოვდა.
* * *
ქართველ მკითხველთა, ლიტერატორთა და მწერალთა შორის ახალ ბერძნულ ლიტერატურასა და ბერძნული ენიდან მთარგმნელებს არაერთი გულშემატკივარი უკვე გამოუჩნდა. თარგმანები (მაგ. კაზანძაკისის რომანები) ხშირად ხვდება ბესტსელერების სიაში. სხვადასხვა ლიტერატურულ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემებში განიხილება ესა თუ ის თარგმანი ახალი ბერძნული ლიტერატურიდან. იწერება სტატიები. მაგ.:
მაია ჯალიაშვილი, „მიამბე რაიმე ღმერთზე, დაო ნუშის ხეო…“ – ფიქრები ნიკოს კაზანძაკისის რომანზე „აღსარება გრეკოსთან“;
მაია ჯალიაშვილი, „სწორი გზა არის აღმართი – ნიკოს კაზანძაკისის რომანზე „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“;
გიორგი ლობჟანიძე, „უფლის გზაზე თავრეტდასხმული“ (ნიკოს კაზანძაკისის „ღვთის გლახა“ და მისი ქართული ორეული);
როსტომ ჩხეიძე, „როგორ შევძლებ გაგექცე, უფალო?“ (რომანი ფრანცისკე ასიზელის სვინაქსარად);
როსტომ ჩხეიძე, „გულის ეპოსის“ ორიენტირად: საკვირველება (კონსტანტინოს კავაფისის პოეტური მემკვიდრეობა);
ლევან ბერძენიშვილი, „ბერძნული სული: ალექსის ზორბასი“ (ნიკოს კაზანძაკისის „ალექსის ზორბასის ცხოვრება“).
საქართველო თანამედროვე ბერძენ მწერალთა შემოქმედებაში
სხვა მიზეზებთან ერთად, რამდენიმე ბერძენი მწერალი ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან. მათ უმოგზაურიათ საქართველოში, ახლოს გაუცნიათ ჩვენი ქვეყანა და ხალხი და თავიანთი შთაბეჭდილებები აღუბეჭდავთ საკუთარ თხზულებებში. ამ მხრივ საყურადღებოა ნიკოს კაზანძაკისისა და დიმიტრის ნოლასის შემოქმედება.
ნიკოს კაზანძაკისი
კაზანძაკისის საქართველოში სამჯერ ვიზიტისა (1919, 1927 და 1928 წლები) და საქმიანობის შესახებ ბერძნული ლიტერატურით დაინტერესებულმა მკითხველმა უკვე ბევრი რამ შეიტყო. ამ მოგზაურობისას კაზანძაკისმა ბევრი ქართველი ხელოვანი გაიცნო და დაუმეგობრდა. ესენი იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ნატო ვაჩნაძე.
შთაბეჭდილებებს მწერალი აღწერს წიგნებში: „რუსული დღიური“, „აღსარება გრეკოსთან“, „ტოდა-რაბა“, „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ალექსის ზორბასის ცხოვრება“.
თამარ მესხმა საგანგებო წიგნი უძღვნა კაზანძაკისის ურთიერთობას საქართველოსთან. მისი მონოგრაფიიდან „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“ გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს. გავიხსენოთ, რას წერს კაზანძაკისი საქართველოზე:
“ასე გვგონია სამოთხეში ვიმყოფებით. მცხუნვარე მზე, ფანჯრებს მიღმა კი მოჩანს საოცარი მშვიდი ზღვა, განათებული და ტკბილი,” _ წერს მეგობარს სოხუმიდან 1928 წლის 1 დეკემბერს.
ერთ-ერთ წერილში კაზანძაკისი აღნიშნავს: “ბევრ ამაღელვებელ წუთს ვეზიარე აქ. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ძალზე შევიყვარე. გუშინ საღამოს კი თბილისის სადგურში ერთმანეთს ეხვეოდა ორი ადამიანი, რომლებსაც არ უნდოდათ განშორება, რამეთუ იგრძნეს, რომ ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა, თუ კი ერთმანეთის გარეშე იცხოვრებდნენ. ეს ორი ადამიანი იყო პოეტი ლეონიძე და მე… ლეონიძემ ეკლესიიდან ზეპირად იცოდა მთელი “ქრისტე აღსდგა” და [სიტყვების ნაცვლად] … გალობას ვიწყებდით.”
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მწერლის მეგობრობა გრიგოლ რობაქიძესთან. “არ ვიცი, მოგწერეთ თუ არა იმის შესახებ, რომ შევხვდი ერთ ადამიანს მთელს კავკასიაში: გრიგოლ რობაქიძეს. პოეტი, მეოცნებე, მეტისმეტად მისტიკური, უზომო გაქანების, გასაოცრად მოწესრიგებული. ასე 45 წლისაა. ძალზე ელეგანტური. საოცრებაა გერმანულ ენაზე ნათარგმნი მისი რომანი “გველის პერანგი”. ამ ღრმა მეგობრობის დამადასტურებელია აგრეთვე, ნიკოს კაზანძაკისის სახლ-მუზეუმში დაცული გრ. რობაქიძის რამდენიმე წერილიც.
თამარ მესხი საქართველოთი აღფრთოვანების მიზეზს ხსნის, ერთი მხრივ, საერთო მონური უღლითა და მუდმივი ბრძოლით დამოუკიდებლობისათვის. და, მეორე – დიონისური სული, რომელიც კაზანძაკისმა მთელ ერში აღმოაჩინა.
ცნობილია მისი აღფრთოვანების შესახებ ერთ-ერთი მანდილოსნით – ბარბარე ნიკოლოზის ასულით (როგორც თავად კაზანძაკისი უწოდებდა, ვარვარა ნიკოლაევნათი).
რამდენიმე ამონარიდი ისევ აღნიშნული მონოგრაფიიდან:
„გავაპარებდით ხოლმე მზერას პირქუში მითური მთებისაკენ, ნაყოფიერი ველებისკენ, ადამიანთა ამ ყოვლად მშვენიერი ჯიშისაკენ დიდი აღმოსავლური თვალებით, დაუშრეტელი სიტკბოთი, კეთილად მოღიმარი დარდიმანდი სულებით _ სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ და კვდებოდნენ უკეთილშობილესი მანერით, ვითარცა ფერადი მწერები.“
ასე აღწერს კაზანძაკისი თავისუფლებადაკარგულ თბილისს:
„ზანტად გაწოლილა ქალაქი მტკვრის გაღმა–გამოღმა. კეკლუცი, შიშველი და იდუმალებით აღვსილი, ვითარცა ქალი. საუკუნეების განმავლობაში მოიწევდნენ შეუპოვარი პრეტენდენტები ქვეყნიერების ყველა კუთხიდან. ერთ ხელში ჯვარი ეპყრათ და ნახევარმთვარე წითელი ვარსკვლავით, მეორეში _ ხმალი: ბიზანტიელები, სპარსელები, სარკინოზები, რუსი მეფენი, ბოლშევიკები. ჩინგიზ–ხანმა ისეთი ძალით მოიზიდა სარეცელზე, რომ აზიდულ “კალას” გვირგვინი მტკვარში გადაუგორდა, ბევრმა იგემა მისი სხეული, მაგრამ გული მისი ვერვინ დაიპყრო, ახლაც, მედგრად უმკლავდება წითელი ჯარის ხვევნას.“
კაზანძაკისი გასაბჭოებულ საქართველოზე:
„იდილიური სიზმარი დამოუკიდებელი საქართველოსი მოაზროვნე ადამიანისთვის შეუფერებელი ქიმერაა. საქართველო გადამწყვეტ გეოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ არეალშია. იგი ორი ძალის შუაა მოქცეული, ახალი საბჭოთა ძალისა _ რომლის მიზანიცაა შთანთქას მთელი აზია _ და ძველი, კაპიტალისტური ძალისა, რომელიც ცდილობს მას შეეწინააღმდეგოს. საბრალო საქართველო ორ უზარმაზარ დოლაბს შორის მოქცეულ ხორბლის მარცვალს ჰგავს.“
დიმიტრის ნოლასი
დიმიტრის ნოლასი საქართველოში პირველად 1997 წელს ჩამოვიდა. ამავე წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტებისთვის კითხულობდა სალექციო კურსებს ახალი ბერძნული მწერლობის შესახებ.
ქართველი მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოები „მცირე მოგზაურობები“, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოში მოგზაურობას, ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებსა თუ საქართველოში არსებული ადამიანური ურთიერთობების აღწერას ეთმობა. ეს მოგზაურობა, მწერლის სიტყვებით, „წმინდა ადგილების“ მოლოცვასა ჰგავს. მწერალი მკითხველს საქართველოში გაცნობილ ადამიანთა საინტერესო პორტრეტებს აცნობს და საუბრობს საკუთარ შთაბეჭდილებებზე. დიმიტრის ნოლასი აღტაცებით საუბრობს ქართულ ხელოვნებაზე, განსაკუთრებით ნიკო ფიროსმანზე.
კრებულში „თამბაქოს ფურცლები“ არის წერილი „ამაზონთა მარადიული ქვეყანა“. მწერალი წერს: „ყველა ადამიანს ამ ქვეყანაზე საკუთარი კოლხეთი აქვს – ამაზონთა მარადიული ქვეყანა, რომელსაც საკუთარ თავში ატარებს.“ ამავე კრებულში, ქვეთავში „კავკასიის პოეტები“, ნოლასი გალაკტიონზე წერს: „რა ქვეყანაა, ღმერთო ჩემო, რა სივრცეა მოქცეული ასეთ მცირე ზედაპირზე, რა ხალხია! აქ დიდ პოეტებს მხოლოდ საკუთარი სახელებით მოიხსენებენ. მხოლოდ პოეტებს!“
დიმიტრის ნოლასმა ბერძნულ ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოაქვეყნა ახალი ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა, ქართული ხალხური პოეზიის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძისა და ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებების ქართველ ნეოგრეცისტთა მიერ შესრულებული და მის მიერ რედაქტირებული თარგმანები. ხოლო 2001 წელს გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“.
* * *
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მუდამ ზრუნავდა და ახლაც განაგრძობს პროფესიონალი ელინისტების აღზრდაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით გამოდის წელიწდეული „მნემოსინე“, რომელშიც სტუდენტთა შრომები და თარგმანები იბეჭდება ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში.
ახალბერძნული ლიტერატურის თარგმნის პროცესის წახალისების მიზნით პროგრამა „ლოგოსმა“ 2003 წელს გამოსცა „თანამედროვე ბერძნული მოთხრობის ანთოლოგია (მთარგმნელთა ჯგუფი, რედაქტორები: სოფიო შამანიდი და ნინო დვალიძე); 2007 წელს – „თანამედროვე ბერძნული პოეზიის ანთოლოგია“ (მთარგმნელთა ჯგუფი, რედაქტორები: მედეა აბულაშვილი და შოთა იათაშვილი), 2014 წლიდან კი გამოსცემს სერიას „ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა“, რომლის მთავარი რედაქტორიც სოფიო შამანიდია. ამ სერიით უკვე ათამდე ტომია გამოცემული.
სათარგმნი კი ნამდვილად ბევრია: კრეტული რენესანსის ნიმუშები იქნება ეს თუ ბერძნული განმანათლებლობისა, ბერძნული რომანტიზმისა თუ ყოფითი ჟანრის მოთხრობისა, ნეორომანტიზმისა და ნეოსიმბოლიზმის სკოლისა თუ ბერძნული სიურრეალიზმისა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ბერძნული პროზისა თუ თანამედროვე ბერძნული მოთხრობისა და უახლესი ბერძნული პოეზიისა. ბერძნული ენიდან მთარგმნელები კი მომავალშიც არაერთ საინტერესო ავტორს წარუდგენენ ქართველ მკითხველს, რადგან მათაც ძლიერ უყვართ საბერძნეთი, იციან თავისუფლებისა და ბერძნული ცივილიზაციის ფასი და იმედს არ კარგავენ, რომ ბერძნულ ენაზე შექმნილი ლიტერატურა არა მარტო ანტიკურობასა და ბიზანტიურ პერიოდში, არამედ დღევანდელობაშიც დიდი სულიერი საზრდოს მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს თანამედროვე ქართველი მკითხველისათვის.
და პირიქით
ანი უძილაური
„ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულ ენაზე თარგმნის ისტორია არაერთხელ მომისმენია პოემის მთარგმნელის, ემანუელ მიტაფიდისის შვილიშვილის – გრიგორის კირიაკოსისგან. გრიგორის კირიაკოსი, სხვა პონტოელ ბერძნებთან ერთად, საქართველოდან საცხოვრებლად ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში დაბრუნდა. მისი მონათხრობის მიხედვით, ემანუელ მიტაფიდისმა „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა 1966-1974 წლებში სოხუმში. შემდეგ თარგმანი დაიკარგა.
1980-იანი წლების ბოლოს მიტაფიდისების დიდი ოჯახის ნაწილი რუსეთში გადასახლებულა, ნაწილი – საბერძნეთში. თავად ემანუილი 1974 წელს 81 წლის ასაკში გარდაცვლილა და მისი ბიბლიოთეკა და არქივიც ქალიშვილს გადაუბარებია. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, იგი საბერძნეთში გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა. სოხუმში მიტაფიდისების სახლი უპატრონოდ დარჩა, რამდენჯერმე გაიძარცვა. არქივიცა და ბიბლიოთეკაც, ცხადია, გაქრა. მიუხედავად მიტაფიდისის შვილიშვილის, გრიგორის კირიაკოსის არაერთი მცდელობისა, ვერც „ვეფხისტყაოსნის“ კვალს მიაგნეს.
გრიგორის კირიაკოსმა მრავალწლიანი ძიების შემდეგ, 2009 წელს მაინც მიაკვლია ბერძნულ „ვეფხისტყაოსანს“ პეტერბურგში… მათი ერთ-ერთი ნათესავის სახლის სარდაფში… თურმე სოხუმიდან პეტერბურგში გაგზავნილ ნივთებს შორის „ვეფხისტყაოსანიც“ აღმოჩნდა.
საინტერესოა, ვინ იყო „ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულ ენაზე მთარგმნელი ემანუილ მიტაფიდისი და როგორ გადაწყვიტა მან რუსთველის თარგმნა?!
ემანუილ მიტაფიდისი კონსტანტინოპოლის მახლობლად, თურქეთის ქალაქ ართაკიში დაიბადა 1893 წელს. მისი მამა ამ ქალაქის მერი ყოფილა, საკმაოდ შეძლებული კაცი. შესაბამისად, შვილს კარგი განათლება მისცა. ემანუილს კონსტანტინოპოლში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი წარჩინებით დაუმთავრებია. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კონსტანტინოპოლში ბანკში მუშაობდა. იცოდა რამდენიმე უცხო ენა. 1918-1919 წლებში ემანუილი ოდესაში, ბიძებთან გადავიდა საცხოვრებლად. ისწავლა რუსული ენა და რუსი კლასიკოსების ბერძნულად თარგმნა დაიწყო. 1920-იანი წლებში ბათუმში სტუმრობისას პონტოელი ბერძენი ქალი გაიცნო, მასზე იქორწინა და ბათუმში დასახლდა. ხოლო 1925 წლიდან სოხუმში გადასულან საცხოვრებლად, სადაც ემანუილ მიტაფიდისი ბერძნულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. მან ბერძნული სკოლის დირექტორადაც იმუშავა. პარალელურად აქტიურად თარგმნიდა რუსულ კლასიკურ ლიტერატურას ბერძნულად. 1940-ინი წლების დასაწყისში ბევრი ბერძენი დაითხოვეს სამსახურებიდან, მათ შორის, ემანუილ მიტაფიდისიც და ის იძულებული გახდა, წებელდაში, სადაც გადაასახლეს კიდეც, კოლმეურნეობის ბუღალტრად ემუშავა. ომის შემდეგ მიტაფიდისის ოჯახი სოხუმში დაბრუნდა, თუმცა, ოჯახის წევრებს კიდევ მოუწიათ საცხოვრებელი ადგილიდან აყრა და გადასახლება – ამჯერად უკვე ყაზახეთში. იქიდან 1956 წელს დაბრუნდნენ და ემანუილ მიტაფიდისმა კვლავ განაგრძო მთარგმნელობითი საქმიანობა და სტატიების წერა ჟურნალ-გაზეთებისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულ ენაზე თარგმნის იდეა 1966 წელს დაბადებულა: რუსთველის 800 წლის იუბილესათვის, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორების ჯგუფი დადიოდა აფხაზეთის სკოლებში და ბავშვებს სხვადასხვა ენაზე უკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“. ამ დროს „ვეფხისტყაოსანი“ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის ენაზე იყო უკვე ნათარგმნი. არ იყო ბერძნული „ვეფხისტყაოსანი“; არადა, აფხაზეთში ბევრი ბერძენი ცხოვრობდა. მაშინ ემანუილ მიტაფიდისისთვის უთხოვიათ, ეთარგმნა ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან“. მან 200 სტროფი თარგმნა და რადგან ქართული სრულყოფილად არ იცოდა, კონსტანტინე ბალმონტისა და შალვა ნუცუბიძის რუსული თარგმანები გამოუყენებია.
როგორც ირკვევა, მიტაფიდისის თარგმანი აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილს უნახავს და მოსწონებია. მასვე უთხოვია ემანუილისთვის მთელი პოემის თარგმნა. მიტაფიდისმა რვა წლის თავზე, 1974 წლის დასაწყისში დაამთავრა თარგმნა და ხელნაწერი თბილისში წაიღეს. იმავე წლის მარტში ემანუილი გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე მიტაფიდისის ოჯახს (თბილისიდან) გადასცეს საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი და წიგნად აკინძული ბერძნული „ვეფხისტყაოსანი“.
როგორც ემანუილ მიტაფიდისის შვილიშვილი, გრიგორის კირიაკოსი იხსენებს თეა ფარულავასთვის მიცემულ ინტერვიუში, ხელნაწერი აჩვენეს ბერძენ პოეტებს, ლიტერატორებს და მათ თარგმანი ძალიან მოსწონებიათ. ცნობილ ბერძენ პოეტს, იანის რიცოსს ძალიან კარგი რეცენზია დაუწერია ამ თარგმანზე. მაგრამ ეს გამოხმაურებები, სამწუხაროდ, დაკარგულა.
ემანუილ მიტაფიდისის შვილიშვილმა, გრიგორის კირიაკოსმა მას შემდეგ, რაც თარგმანს მიაკვლია, მიზნად დაისახა მისი საბერძნეთში გამოცემა. ბერძენ ფილოლოგ თალია კაფენძისის დახმარებით, თარგმანის ტექსტზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მიტაფიდისის შვილიშვილმა 2016 წელს საკუთარი ხარჯებით გამოსცა ნახევარი საუკუნის წინ თარგმნილი ბერძნული „ვეფხისტყაოსანი“. თარგმანის გამოცემა რუსთველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის პირველი პრეზენტაცია 2016 წლის 6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო, ხოლო 21 დეკემბერს – ათენში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იონიური კულტურის ცენტრში. მას შემდეგ რუსთველისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო არაერთხელ გაიმართა საბერძნეთში, როგორც ათენში, ისე თესალონიკში; ბოლო ღონისძიება 2022 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ათენის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა „ვეფხისტყაოსნისადმი“ და მისი ბერძნულენოვანი თარგმანისადმი მიძღვნილი საღამო. ბერძენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსთველის “ვეფხისტყაოსნისა” და ჰომეროსის ეპოსის ტიპოლოგიური პარალელები.
„ვეფხისტყაოსნის“ ბერძნულად თარგმნის ისტორია სპეციალისტთა მცირე წრისთვის არის ცნობილი. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, მადლიერება ემანუილ მიტაფიდისისადმი მისი შრომის არდავიწყებით გამომეხატა.
ქართული პოეზიისადმი ბერძნული საზოგადოების ინტერესი მეტად გაიზარდა, როდესაც ცნობილმა თანამედროვე ბერძენმა მწერალმა, დიმიტრის ნოლასმა და ქართველმა ელინისტმა, ანი ჩიქოვანმა ბერძნულ ენაზე გამოსცეს „ქართული პოეზიის ანთოლოგია (XIX-XX საუკუნეები)“. წიგნი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბერძნულმა გამომცემლობამ, „კასტანიოტისმა“ გამოაქვეყნა 2001 წელს. ანთოლოგიაში შესულია ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გრიგოლ რობაქიძის, ალექსანდრე აბაშელის, სანდრო შანშიაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, კოლაუ ნადირაძის, ტერენტი გრანელის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკო სამადაშვილის, ირაკლი აბაშიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, იოსებ ნონეშვილის, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, ნაზი კილასონიას, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, თამაზ ჭილაძის, ტარიელ ჭანტურიას, გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, რევაზ ამაშუკელის, იზა ორჯონიკიძის, ლია სტურუას, ბესიკ ხარანაულის ლექსები.
ბესიკ ხარანაულის პოეზიამ საკმაოდ მოხიბლა ბერძენი მკითხველი და 2019 წელს გამოიცა მისი პოეტური კრებული „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნულად. წიგნის წინასიტყვაობა ასე იწყება: „ბესიკ ხარანაული პოეტად დაიბადა“ 2020 წელს საქართველოს საელჩომ ათენში “ხეიბარი თოჯინის” ბერძნული თარგმანის პრეზენტაციას უმასპინძლა. ხარანაულის პოეზიაზე საოცარი აღფრთოვანებით ისაუბრა ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა იოვანამ, რომელმაც ქართულ საზოგადოებას რევაზ ლაღიძის “თბილისოს” განუმეორებელი შესრულებით დაამახსოვრა და შეაყვარა თავი. იოვანა ამავდროულად კარგი პოეტია, პროზაიკოსიც, ძალიან ცნობილი ბერძენი პოეტის, იანის რიცოსის მოსწავლე. მისი ნაწარმოებები საკმაოდ დიდი სიყვარულით სარგებლობს ბერძენთა შორის. სხვათა შორის, ახლახანს ქართულად ითარგმნა და გამოსაცემად მზადდება მისი თეატრალური პუესა “დაბადება”. როგორც იოვანამ წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ბესიკ ხარანაული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და სულშიჩამწვდომი პოეტია, ვისი შემოქმედებაც კი ოდესმე წაუკითხავს. მისი “ხეიბარი თოჯინა” იოვანას სამაგიდო წიგნად იქცა.
2020 წელს კი „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ გამოიცა ბერძნულად. ანთოლოგია შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო შოთა იათაშვილმა, ხოლო ბერძნული თარგმანი ელინისტ სოფიო შამანიდს ეკუთვნის. დიანა ანფიმიადი, გიორგი არაბული, ბექა ახალაია, ნინი ელიაშვილი, დათო ყანჩაშვილი, გიორგი კეკელიძე, ზაზა კოშკაძე, ნიკა ლაშხია, ლია ლიქოკელი, გიო ლომიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სალომე ბენიძე, ერეკლე დეისაძე, გიორგი შონია, ზურა ჯიშკარიანი, თორნიკე ჭელიძე, ალექს ჩიღვინაძე, გიორგი ჩუთლაშვილი, პაატა შამუგია – ეს ის ახალგაზრდა პოეტები არიან, რომელთა ლექსებიც ანთოლოგიისთვის შეირჩა.
პაატა შამუგიას ლექსების კრებული ცალკეც გამოიცა. ქართველი ელინისტის, ეკატერინე ჯანაშიას მიერ ბერძნულ ენაზე თარგმნილ „შიზოგადოებას“ არაერთი კარგი რეცენზია მოჰყვა. პაატა შამუგიამ 2021 წელს ბერძნული თარგმანის პრეზენტაციაშიც მიიღო მონაწილეობა თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
გამოიცა ასევე დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული ბერძნულად – “რატომ შევწყვიტე ლექსების წერა” (მთარგმნელი: პინელოპი ზალონი).
რაც შეეხება ქართულ პროზას, ბერძნულ ენაზე თარგმნილი ტექსტების სია ჯერჯერობით არცთუ ისე ვრცელია.
1992 წელს ათენში ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“ გამოიცა ბერძნულად. თარგმანი ქალბატონ თამარ მესხს ეკუთვნის, ხოლო მისი გამოცემა „Panorama Cultural Society“-ს. ნოდარ დუმბაძის ეს მშვენიერი ნაწარმოები თავიდანვე დიდი სიყვარულით მიიღო ბერძნულმა საზოგადოებამ და მისი მიხედვით სპექტაკლები დაიდგა საქართველოშიც და საბერძნეთშიც.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საბერძნეთში საკმაოდ გაიზარდა ინტერესი როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების მიმართ. მწერალთა სახლის და გამომცემლობა „ვაკხიკონის“ თანამშრომლობით, ბოლო პერიოდში რამდენიმე თანამედროვე მწერლის ნაწარმოები ითარგმნა და გამოიცა ათენში. მომზადდა ქართული მოთხრობის ანთოლოგია – „ათი ისტორია თბილისზე“, სადაც შესულია თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობები (თარგმანი ალექსანდროს ცადილასის, ათენი, 2017 წ.). ითარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლების რომანები: ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ (თარგმანი ელენი ტულუპის, ათენი 2021 წ.), ლაშა ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი“ (თარგმანი ვერიკო მგელაძის, ათენი 2021 წ.) და ბექა ადამაშვილის „ამ რომანში ყველა კვდება“ (თარგმანი ვერიკო მგელაძის, ათენი 2022 წ.); ასევე დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ (თარგმანი ანი უძილაურის, ათენი 2014 წ.), ნოდარ მაჭარაშვილის „მოსკოვი-თბილისი“ (თარგმანი ლიკა ალექსიძის, ათენი 2023 წ.). ბერძნულად ითარგმნა (მთარგმნელი ვერიკო მგელაძე) და გამოსაცემად მზადაა ასევე ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) კონკურსის გამარჯვებულის, ახალგაზრდა მწერლის, ივა ფეზუაშვილის, რომანი “ბუნკერი.”
2022 წელს გაჩნდა ბერძნულ ენაზე ლიტერატურულ-მთარგმნელობითი სემინარის ორგანიზების იდეა. საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, საქართველოს საელჩომ ათენში უმასპინძლა ერთკვირიან მთარგმნელობით სემინარს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ათენში მცხოვრებმა ქართველმა ელინისტებმა. სემინარს უძღვებოდა ცნობილი ბერძენი მწერალი და ენათმეცნიერი, დიმიტრის ცეკურასი. სათარგმნად შეირჩა გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“; თარგმანი, დიდი ალბათობით, 2023 წლის ბოლოს გამოიცემა და ბერძენ მკითხველს საშუალება ექნება, გაიცნოს ეს შესანიშნავი ქართველი კლასიკოსი მწერალი. 2023 წელს მსგავს სემინარს მწერალთა სახლმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლეს. ქართველმა ელინისტებმა დიმიტრის ცეკურასთან ერთად ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“ თარგმნეს ბერძნულად და მოამზადეს გამოსაცემად. ეს ორი არაჩვეულებრივი ქართველი მწერალი და მათი ნაწარმოებების, ვფიქრობ, მშვენიერი ბერძნული თარგმანები, სულ მალე აღმოაჩენინებს ბერძენ მკითხველს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ამ გამორჩეულ წარმომადგენლებს.
სულ ახლახანს ათენში ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკოს” ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. მთარგმნელმა დიმიტრის ცეკურასმა, შესანიშნავმა ბერძენმა მწერალმა, რომლის რომანი “კარი” სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა ქართულად და უკვე “საბას” სრულ სიაშია, წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში, საინტერესო ფორმატი შეარჩია პრეზენტაციისთვის. ათენში მოღვაწე ქართველმა და ბერძენმა მსახიობებმა ორივე ენაზე წაიკითხეს ამონარიდები ახვლედიანის ნაწარმოებიდან. აღინიშნა, რომ “ეს არის სუფთა, ნამდვილი ლიტერატურა, რომელიც გვამოგზაურებს და ბევრ რამეზე გვაფიქრებს.”
მინდა ასევე აღვნიშნო ბერძნულად ახლახან თარგმნილი და გამოცემული კიდევ ერთი წიგნი – „მეტყველი მარმარილოები“, რომელიც ქართველ ელინისტებს – ეკა ჭყოიძეს და მედეა აბულაშვილს ეკუთვნით. ეს არ გახლავთ მხატვრული ლიტერატურის კლასიკური ნიმუში. წიგნში გაერთიანებულია ესეები XIX-XX საუკუნეების ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორიიდან. ეს გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს ეკუთვნის, ხოლო ბერძნული თარგმანი – ამავე ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს. ვფიქრობ, რომ ამ წიგნს საკმაოდ დიდი ინტერესით მიიღებს ბერძენი მკითხველი. „მეტყველ მარმარილოებში“ თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი XIX-XX საუკუნეების წყაროები, დავესესხები თავად ავტორებს და ვიტყვი, რომ ეს წიგნი „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ახალ მარკერებად შეიძლება იქცეს“.
აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 10 მაისს არის დაგეგმილი ათენში საქართველოს საელჩოს მიერ. ამ პრეზენტაციით გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ციკლი.
[1] თარგმანი დუდა ხაზარაძისა.
[2] თარგმანი დუდა ხაზარაძისა.
[3] თარგმანი მაია კაკაშვილისა.
[4] თარგმანი მაია კილაძისა.
[5] იხ. სოფიო შამანიდის მონოგრაფია „კლასიკური ტრადიცია ახალ ბერძნულ მწერლობაში“.
[6] თარგმანი დუდა ხაზარაძისა.
[7] ოდისეას ელიტისი, „ღირს არს, ვნებანი, II, თარგმანი მარიამ წიკლაურისა, პწკარედული თარგმანი მაია კაკაშვილისა.
© არილი