ესე,  კრიტიკა

ბიბლიო-წარღვნისა და დებიუტანტების წელიწადი

books21

“სახელების” წლის მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია

2010–ის სალიტერატურო წელი საკმაოდ იმედისმომცემი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლოს ასეთი ხალისიანი, ალბათ 2002-2003 წლებში ვიყავი. მაშინ მეგონა, რომ 2002 და მისი მომდევნო წელი შემობრუნების წელი იქნებოდა ქართული ლიტერატურისთვის. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა ახალი ტიპის პირველი ქართული წიგნის მაღაზიები, “პარნასიდაწიგნის სახლი”, გამოჩნდნენ ახალი ავტორები, ერთდროულად გამოვიდა თანამედროვე კლასიკოსების ახალი წიგნები, ხალხმა წიგნის ყიდვა დაიწყომაგრამ სულ მალე რაღაც მოხდა, რასაც ვერ ვარქმევ ზუსტ სახელს, მაგრამ, ერთი რამ ნაღდად ვიცი: 2003-2004 წელს, რევოლუციის ეიფორიაში ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვეპარა, მნიშვნელოვანი დავკარგეთ. მას შემდეგ არც ერთი წიგნის ფესტივალი ისეთი აღარ ყოფილა, იმ 2002 და 2003 წელს, ფილარმონიაში რომ იყო. მაშინ ჩვენ ცვლილებებს ველოდით და გვეგონა, რომ ეს ცვლილებები ლიტერატურასა და ლიტერატურის სიმართლესაც შეეხებოდა. მაშინ ჩვენ გვქონდა შანსი ახალი, მართალი ქართული ლიტერატურის დაბადების მომსწრენი გავმხდარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მას შემდეგ 8 წელიწადი გავიდა და მხოლოდ ამ მძიმე, ერთი მხრივ რისხვისა და შენების, მეორე მხრივ კი უძრაობის წლებმა ცხადად გვაჩვენა ახალი, მართალი მწერლობის დაბადების აუცილებლობა. გასული წელი სწორედ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ რაღაც დაიწყო, ნაწერებში მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა და პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა დამწყებმა ან ახალგაზრდა მწერლებმა იგრძნეს.

ებიუტის წელი

 

 

გასული წელი ნამდვილად დებიუტანტების იყო, განსაკუთრებით წლის ბოლო იყო ამ თვალსაზრისით დატვირთული. გამომცმელობადიოგენემერთდროულად რამდენიმე წიგნი წარუდგინა მკითხველს. თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაინც თამთა მელაშვილისგათვლაუნდა აღვნიშნო, სადებიუტო წიგნი, რომლის მსგავსიც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არ მახსოვს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, გელა ჩქვანავას, ზურაბ ლეჟავას, ლაშა ბუღაძის და სხვების ძალიან ეფექტური პირველი გამოჩენა, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრელს ნამდვილად არ ველოდი. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება.

ცხადია, მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და ორი წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არცგორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები უცნაური, მთავარი გმირებისახაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან.

თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, “გათვლასერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა, აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობადარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროს და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვისასეთია დაუმარხავი მკვდრის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.

დიოგენესსადებიუტო სერიაში იყო მიშა ბახსოლიანის მოთხრობებისა და დათო ყანჩაშვილის ლექსების კრებულიც, გასულ წელს გამოვიდა ირაკლი კაკაბაძის ლექსების პირველი კრებულიცწერილები და მავთულხლართები~ (იმ ირაკლის არა, ამერიკაში რომაა, ირაკლი ზურაბის ძის, არამედ დებიუტანტი ირაკლის), “ლიტერატურაცხელ შოკოლადშიდაიბეჭდა ვახო მოსიაშვილის სადებიუტო პუბლიკაციები, გამოვიდა ირმა არჩუაშვილის კარგი კრებული, გამომცემლობაინტელექტმაგამოსცა ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსის ანთოლოგია, მანამდე იყო გურამ მეგრელიშვილის, რატი რატიანისა და მაკა ლდოკონენის პროზაული და გიორგი კეკელიძის, დიანა ანფიმიადისა და ალექსანდრე ლორთქიფანიძის პოეტური კრებულები. ყველას რა ჩამოთვლის

ცხადია, წამყვან ძალას ახალი სახელების აღმოჩენაში ლიტერატურული პერიოდიკა და გამომცემლობები წარმოადგენენ, თუმცა მათ გარდა, რა თქმა უნდა, კონკურსებმაც ითამაშეს განსაკუთრებული როლი. რაც უნდა სკეპტიკურად ან ირონიით უყურებდეს ზოგიერთი მკითხველიპენმარათონსან ლიტერატურულ კონკურსწეროს“, ერთი რამ ფაქტია, ეს კონკურსები ერთერთი ყველაზე ჯანსაღი, უწყინარი და ნათელი წერტილია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში, რადგან აქ არავინ არაფერს ხლართავს, არაა ინტრიგები, განაწყენებულიც არავინ რჩება, არავინ ხსნის თავის კანდიდატურას კონკურსიდან, იმის შიშით, აქაოდა, გამარჯვების შანსი არა მაქვს და სახელი გამიტყდებაო. თან ორივე კონკურსის სახელში ძალიან კარგი ქვეტექსტები იკითხება, ორივე ირონიულია, თვითირონიულიც კი, ერთი მარათონის რეჟიმს გულისხმობს მწერლობაში და ეს უკვე გახალისებს, მეორე კი წეროს უკავშირდება, წეროს მიერ ახალშობილის, ანუ ახალი ავტორისმოტანას”, რითაც მხიარულ ნაყოფიერებას ესმება ხაზი.

სულ სხვა წერომ მოიტანა ერეკლე დეისაძე. მისი პირველი მოთხრობები მე დავბეჭდე თავის დროზე, შარშან კი მათ ბაკურ სულაკაურმა ცალკე წიგნად მოუყარა თავი და ამით ჯინიც გამოუშვა ბოთლიდან, რომელმაც ორ ნაწილად გაყო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. ბოლო წლების მანძილზე მოთხრობების გამო ასეთი დაკადაკა კარგა ხანია არ მინახავს, იყო ლაშა ბუღაძისუბედური რუსისგამო ღამის რეიტინგულ კურიერში გურამ შარაძის, ზურაბ ქაფიანიძისა და სხვათა ჩართვები, მაგრამ მუშტიკრივი ილიას უნივერსიტეტის შენობის წინ, შაოსნების ალყა და საპასუხო თავდაცვითი მანევრები ჯერ არ ყოფილა. ერეკლე და მისი მიმართულება, რამდენიმე თვის წინ ერთი სახუმარო კალამბურით დავახასიათე, “ელემენტარული ლაწირაკებიდა მათში დეისაძის გარდა ზოგიერთი სხვა დამწყები მწერალიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მათზე უფრო კონკრეტულად სხვა დროს დავწერ, როცა ქმედების გარდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდები თავიანთი ნაწერითაც დაიმსახურებენ ამას, მანამდე კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დეისაძის დებიუტი შედგა, ზედმეტად ხმამაღალი დებიუტიც. მართალია ბევრის აზრით, მან დაიწყო და დაამთავრა კიდეც თავისი კარიერა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა, რადგან ერეკლემ მხოლოდ პირველი, ელემენტარული ნაბიჯები გადადგა და დროთა განმავლობაში მისი რისხვა, “ლაწირაკობადა თუ გნებავთ, ეშმაკობა, უფრო მეტ შედეგს მოიტანს ავტორისთვისაც და მკითხველისთვისაც.

დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დებიუტანტები სახელზე მეტად ერთმანეთზე ზრუნავენ, გამოცდილებას იღებენ, გულშემატკივრობენ, და რაც მთავარია, კითხულობენ ერთმანეთს. არავინაა ისეთი ინტერესიანი და გახსნილი მკითხველი, როგორც დამწყები მწერალი. გავა დრო და ისინიც ჩაიკეტებიან, ისინიც გახდებიან დიდი და ეჭვიანი მწერლები, მანამდე კი ვენდოთ დამწყებებს, დებიუტანტებს, და დავტკბეთ იმის ყურებით, თუ როგორ იბადება ჩვენს თვალწინ ახალი ლიტერატურა.

მწერალი და პასუხისმგებლობა

ასევე ჩვენს თვალწინ მოხდა მწერლების სამოქალაქო შეგნების ზრდა და მომწიფება. ზემოთ დებიუტანტები ვახსენე და მათ შორის ირაკლი კაკაბაძისწერილები და მავთულხლართები”, რომელიც ნამდვილად შეიძლება სამოქალაქო, გნებავთ სოციალური პოეზიის ნიმუშად მივიჩნიოთ. ბოლო წლებში ძალიან აქტიურნი არიან ამ თვალსაზრისით ზვიად რატიანი და რატი ამაღლობელიც, სხვებიც, თუმცა ირაკლი კაკაბაძის და კიდევ, ეკა ქევანიშვილის შარშანდელი კრებულები ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია კონცეფციითაც და სიმწვავითაც, ოღონდ ერთია, ხანდახან მიდგომაა ხოლმე ერთფეროვანი და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მაგალითად, ირაკლისაც და ეკასაც ორივეს აქვს ლექსები ბესლანის ტრაგედიაზე. ერთს ქვიაბესლანის ბავშვები”, მეორესბესლანი, შორიდან“, და ამ ორივე ლექსის ექსპოზიცია, შეიძლება ითქვას, ერთნაირია: ირაკლი კაკაბაძე: “დღეს პირველი სექტემბერია და/ ისეთი ბუნებრივი,/ როგორც მზის ჩასვლა და ამოსვლა,/ ყვავილების გაშლა და ჭკნობა,/ გახსნილი ჭრილობების შეხორცება/ და როგორც სიკვდილი”… ეკა ქევანიშვილი: `მძიმე დღე იყო./ დილით თმა ისე დავივარცხნეთ და ბაფთებიც და ტანსაცმელიც./ არც თბილ რძეზე გვითქვამს უარი./ დიდხანს ვცქმუტავდით, რამე რომ არ დაგვვიწყებოდა./ ჩანთა რამდენჯერ ჩავალაგეთ და ამოვალაგეთ…/ კაცი დიდხანს იდგა კარში და გვაცილებდა./ მე წავიყვანე მისი შვილი სიკვდილში./”.

ამის წამკითხველს, ურწმუნოსაც კი, წამოცდება, “რაღაცა არსებობს!” მაგრამ სანამ იმ რაღაცის არსებობაში გაერკვევა, თამამად შეუძლია გააგრძელოს ზოგიერთი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსების კითხვა, რადგან მათთან გაცილებით მეტ ჭკვიანურ რისხვასა და შეურიგებლობას იპოვის, ვიდრე ზოგიერთ თანამედროვე კლასიკოსთან.

გარდა ამისა, ქართულმა პროზამ ძალზე ადეკვატურად და ზუსტად გაიაზრა და წაიკითხა 2008 წლის ომი. განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან, თანამედროვე ქართული პროზაიკოსების ხედვა გაცილებით უფრო ჯანსაღია, ერთი მხრივ სარკასტული და აბსურდულისტული (ზაზა ბურჭულაძისადიბასი”), მეორეს მხრივ კი მძაფრი და დრამატურგიულად ზუსტი (თამთა მელაშვილისგათვლა”). ომი ჩანდა ლაშა ბუღაძისლიტერატურულ ექსპრესშიც”, ხოლოირრატა.რუ”, რომელიც მწერალ გურამ მეგრელიშვილისა და სამხედრო ექსპერტის, თამაზ დემეტრაშვილის თანაავტორობით შეიქმნა, მთლიანად ამ ომისადმი მიძღვნილი რომანია.

რომანები, კარგი რომანები

წლის პროზას სამი წიგნი უდგას სათავეში. აქედან ორი თანამედროვე კლასიკოსია, ერთი კი ფილოლოგი და ყოფილი პოლიტიკოსი. მოკლედ, ვსაუბრობთ ნაირა გელაშვილის სქელტანიან რომანზეპირველი ორი წრე…”, ბესიკ ხარანაულის გიგანტზე “60 ჯორზე ამხედრებული რაინდი…” და ლევან ბერძენიშვილის `წმინდა წყვდიადზე~. ეს სამივე წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, რადგან სამივე დოკუმენტურობის ზღვარზეა დაწერილი და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაინც თანხვდებიან რაღაცაში. სამივე წიგნი წარსულზეა, საკუთარი თუ ქვეყნის წარსულზე და იმ მიზეზებზე, რომელმაც ჩვენი დრო შვა.

ნაირა გელაშვილის რომანს მყარი ისტორიოსოფიური საფუძვლები აქვს, ამაზე როგორმე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ რომანიდან, რომელიც წარსულის საშიშროებებს ეხება, იმას, რომ წარსულითან უნდა გახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს“. მოქმედება ერთ კონკრეტულ ადგილას, უფრო სწორად, კონკრეტულ დაწესებულებაში ვითარდება, “მთარგმნელობით კოლეგიაში“. ამ რეალურ დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო, პერსონაჟები სხვადასხვა ტექსტების, შესაბამისად კი სხვადასხვა კულტურათა თარგმნით არიან დაკავებულნი, ამასობაში კი მათ გარშემო ახალი ქვეყანა იბადება, ჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც სწორედ ამსხვასებრძვიან, იწყებამთარგმნელობითი კოლეგიისთანამშრომლების დევნა, დაშინება, რაც შემდეგ დარბევაში გადაიზრდება და მსხვერპლიც მოჰყვება. კულტურის ამ კერის რეალურ თუ გამოგონილ ხვედრს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ფაქტებიც, რომლებიც რომანში ხან პერსონაჟების მიმოწერიდან აღწევს, ხანაც ქუჩიდან, საიდანაც გამუდმებით მოისმის სკანდირების ხმა, ირხევიან დროშის წვერები, ერთმანეთს ცვლიან ლოზუნგები.

ბესიკ ხარანაულისსამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისადიდი პოეზიისა და უცნაური დოკუმენტურობის ზღვარზეა დაწერილი. ავტორმა ნაწარმოები მახვილგონივრულად განსაზღვრა, როგორც `ეთნოფილიური რომანი~ და გარდა ამისა, მკითხველებიც ეცადნენ თავისი სახელი დაერქმიათ ამ წიგნისთვის, რაც გასაგებიცაა, რადგან მკითხველი ყოველთვის ითხოვს სახელის დარქმევას, ანალოგიის მოძებნას. ამ კონკრეტული წიგნის, ისევე როგორც ბესიკ ხარანაულის წინა ორი წიგნის, “ამბა ბესარიონისადაეპიგრაფების…” შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ზუსტი ჟანრული განსაზღვრება. ამით ბესიკ ხარანაულმა პოეზიისა და ფილოსოფიის საწყისთან, განცვიფრებასთან დაგვაბრუნა და შექმნა ტექსტი, რომელსაც კომფორტისა და სიმყუდროვისთვის კი არ ვკითხულობთ, არამედ გაკვირვებისთვის, პოეტური ნისლოვანებისთვის. ამგვარი პოეზიითაა სავსე წიგნის ყველაზე დოკუმენტური, .. ეთნოგრაფიული მონაკვეთებიც. ამ წიგნზე მომავალში კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან მისი მასშტაბი სწორედ მომავლისაკენ გვაგზავნის.

ლევან ბერძენიშვილის წიგნი ალბათ ყველაზე ავტობიოგრაფიული და დოკუმენტურია, მთლიანად ეძღვნება მის მიერ გადასახლებაში გატარებულ წლებს და ავტორი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ წიგნში საუბარი იქნება მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდზე, როცა `კაგებეს~ მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ საუკეთესო ადამიანებთან უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ამასვე ამბობს ბორია მანილოვიჩიც, წიგნის ერთერთი გმირი, და მოჰყავს სოლჟენიცინის, დოსტოევსკის, მაჰათმა განდისა და სხვათა სიტყვებიიმათი, რომლებიც ბედის მადლიერნი იყვნენ, პატიმრობა რომ არგუნა.

წმინდა წყვდიადიბოლო ათწლეულების მანძილზე ქართულ ენაზე შექმნილი ერთერთი უმნიშვნელოვანესი და პირადად ჩემთვის უნიკალური ნაწარმოებია. მან, შესაძლოა, ახალი სუნთქვა შესძინოს ქართულ პროზას. მე ამ წიგნსციხის ათას ერთ ღამესდავარქმევდი, თუმცა, მეორე მხრივ, იგი საუკეთესო ქართული ფილოლოგიური რომანიცაა.

ზაზა ბურჭულაძემ დაწერა ალბათ თავისი საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი და გამართული რომანიადიბასი“. მწერალი დიდხანს მიდიოდა ამ წიგნამდე. აქამდე გამოსულ ყოველ მის რომანს ეტყობოდა იმის კვალი, რომ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჯერ კიდევ წინ იყო და რომმინერალური ჯაზისგამო ატეხილი ამბავი, ცოტა ნაადრევი გახლდათ.

ამიტომ, მე მირჩევნია ზაზა ბურჭულაძის ნამდვილი მწერლური ბიოგრაფია `ადიბასიდან დავიწყო. ამ რომანში ზაზა შესანიშნავად სუნთქავს, თხრობისას არ ქოშინებს, არაფერს ამეტებს, ზუსტად ამთავრებს თავებს, უფრო ლაღია, ვიდრე ადრე. მის ნაწერში მეტია სიმკვეთრე, ყოველი მისი ხუმრობა მიზანში არტყამს: უბრალოდუხამსი ხუმრობაც, “ზაუმნი” – უხამსი ხუმრობაც, უკბილოც და უწყინარიც. რომანში მოქმედება ომის ფონზე ვითარდება, რუსის ჯარი ქალაქშია შემოსული, ორმოცდამეორე დივიზიის მოტომსროლელი ბატალიონი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება, ბლოკსაგუშაგოები პეკინის ქუჩის დასაწყისში და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაა გახსნილი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბომბები ცვივა, ასევე იბომბება გაგარინის მოედნისა და საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც.

ომი ვერაფერს ცვლის ქალაქში, გმირები ისევ ისე დადიან ზეპურთა სახინკლეებში (სახინკლესლურჯი ხავერდიჰქვია და კედლებზე ძველი ტფილისის ხედები და დევიდ ლინჩის ფილმებიდან კადრების ფოტოები კიდია), ტკბილ კაფეებში, საკონდიტროებში, სადაც გაჩხერილზე (მოწეულზე, ნაყნოსზე, ნაყლაპზე…) შეგიძლია უზომოდ ჭამო კრუასანები ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი. ვაკის საცურაო აუზი სავსეა: `ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, თესლიყლაპია ბარბიგოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით…~. აქ, ამ ქვეყანაში, მამაომ თავის მრევლს სენაკში შეიძლება კარაოკეც მოატანინოს და დიდი გრძნობით იმღეროს ბრიტნი სპირსის ტოხიც. აქ არასდროს გავიწყდება, რომ ქართულ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობსმხართეძოზე წოლა.

მხართეძოზე წოლას არა, მაგრამ მხართეძოზე წერას კი ეძღვნება ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი, “ლიტერატურული ექსპრესი“.

რომანი ლიტერატურაზეა. თანამედროვე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ აბსურდებზე, ამბიციებზე, მწერლურ ვნებებზე, სიბრიყვეებსა და შეცდომებზე. რომანის ფაბულა მარტივია, 100 ევროპელ მწერალს ორგანიზატორები მატარებელში უყრიან თავს და ერთი თვის განმავლობაში ევროპაში ამოგზაურებენ. მწერლები ხან ლისაბონში ჩერდებიან, ხან მადრიდში, ხანაცპარიზსა თუ ფრანკფურტში. გზადაგზა კი იმართება სემინარები, კითხვები, დაჯილდოებები და ლამის ორგიებიც კი. პირველი ორი წარმატებული და მესამე, შედარებით უფერული რომანის შემდეგ ლაშამ მე მგონი ძალიან კარგი ტექსტი დაწერა, შესაძლოა თავისი საუკეთესო ტექსტიც.

თუ არ ვცდები, ეს ლაშა ბუღაძის მიერ პირველ პირში დაწერილი პირველი რომანია და, მე მგონი, აქამდეც უნდა ეცადა ავტორს ასე წერა, ამგვარი მთხრობელები მხოლოდ აფართოებენ თანამედროვე ენის საზღვრებს. წიგნში ძალიან ბევრი ჟარგონია, ზოგჯერ ძალიან სასაცილო, ხშირია იდიოლექტები, კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის ან ადამიანებისთვის დამახასიათებელი მეტყველება. ძალიან საინტერესოა მონაკვეთი, სადაც სატელეფონო მესიჯების ორთოგრაფიაზეა საუბარი.

სრულად გამოვიდა ზურაბ ლეჟავას მოთხრობების კრებულიბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“, ავტობიოგრაფიული წიგნები, ბასა ჯანიკაშვილისაბსურდისტანიდა გივი ალხაზიშვილისმომავალი წარსული“, აკა მორჩილაძე კი, როგორც ჩანს, დამსახურებულ შვებულებაში გავიდა და გასულ წელს მხოლოდ იმით გაგვახსენა თავი, რომ `ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ~ მთლიანად, ერთ წიგნად გამოსცა მისიმადათოვის ტრილოგია“, წლის ბოლოს კი 2009 წლის მცირე რომანმა, “მამლუქმაილიას უნივერსიტეტის პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო რომანმა.

2010 წლის ბოლოს ახალი ანალიტიკური საიტის, კალმასობა.ცომის ლიტერატურის რვეულებში დაიწყო ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანის ბეჭდვაც, “მელია ტულეფია: foxtrot”, რომელსაც უმალ მოაყოლა საქებარი წერილი ზაზა შათირიშვილმა და რომელიცლიტერატურაცხელ შოკოლადშიდავბეჭდე. ეს რომანი წიგნად იმედია წელს გამოვა, მანამდე კი kalmasoba.com-ზე ვიკითხოთ ხოლმე გაგრძელებებით.

ელექტრონული ლიტერატურა

არ იქნება ურიგო, რომ კალმასობის ხსენების შემდეგ ორი სიტყვა ლიტერატურულ საიტებზეც ვთქვათ, რადგან ოქტომბრის თვეში წამოწყებული ეს პროექტი და მისი ლიტერატურული დამატებაელექტროლიტიწლის ყველაზე საინტერესო ლიტერატურულ სიახლედ მიმაჩნია. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებულიდღემდე, რამდენიმერვეულიგამოვიდა, სადაც ზურაბ ქარუმიძის გარდა, ზვიად რატიანის, რუსუდან კაიშაურის, დავით ქართველიშვილის, შოთა იათაშვილის, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, ეკა ქევანიშვილის, ირაკლი სამსონაძის და ბევრი სხვა ავტორის ცხელცხელი ნაწერები დაიბეჭდა.

კვლავინდებურად ფორმაშია და ხშირად განახლებადია ლიბ.გე, ქართული ქსელის ყველაზე ხალხმრავალი ლიტპორტალი, ასევე ჩემი ბლოგიარილი, ლიტერატურა.ჯი. მომხმარებელი მოემატა ლიტსაკჰელები.ჯი, ჩვეულ ფორმას უბრუნდება ლიტერატურა.ჯი ფორუმი, ახალი მასალებით ივსება თენგიზ ვერულავასბურუსიდა სტაბილური დემო.ჯი, საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ლიტერატურას ნეტგაზეტი.ცომ და აზრები.გე. ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურის წილი ქართულ ქსელში იზრდება და იზრდება, ელექტრონული ბიბლიოთეკები და ლიტერატურული ბლოგები კი სულ უფრო მატულობს.

წიგნების წარღვნა

კატასტროფულად იმატა უხარისხო გამოცემებმაც ქართულ ბაზარზე. ხარისხიანი, ქართული საგამომცემლო პროდუქტი, არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, აქამდე არასდროს ყოფილა. საქმე ისაა, რომ 2010 წელს იაფფასიანმა ყვითელმა ჟურნალებმა ნამდვილი საგამომცემლო წარღვნა მოაწყვეს, რომელიც ახლაც გრძელდება. დღემდე, მთელი კვირის მანძილზე იმდენი წიგნი მოყვება ქართულ ჟურნალებს, რომ მკითხველი (თუ მყიდველი) ძალიან დაიბნა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ მხრივ პირველები გამომცემლობა პალიტრა Lდა ამავე გამომცემლობის ჟურნალიგზაიყვნენ. ზუსტად ერთი წლის წინ, თებერვალში მათ მთელ საქართველოს აუწყეს, რომ ახალ პროექტს დაიწყებდნენ, სახელწოდებით – “ქართული პროზის საგანძური“, რომ ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალგზასთანერთად ერთი ქართველი მწერლის წიგნი გამოვიდოდა, რომ თითოეული ტომის სიმბოლური ღირებულება ხელმისაწვდომი იქნებოდა წიგნის მოყვარულთათვის და წიგნთან დამეგობრების მსურველთათვის. და წავიდა, დაიწყოწიგნთან დამეგობრების სრულიად უმართავი პროცესი დაიწყო. უმართავი იმიტომ, რომ ერთორ თვეში თითქმის ყველა ჟურნალგაზეთმა მხარი აუბა ამ წამოწყებას და ეს ყველაფერი წარღვნაში გადაიზარდა, ნაღდ ბიბლიოწარღვნაში, რომელიც ჩვენი უწიგნურობით განრისხებულმა ღმერთმა მოუვლინა საქართველოს.

ეს წიგნები ზერელობისა და ნაჩქარევობის განსახიერებაა და ეს სენი პირველად ,სწორედქართული პროზის საგანძურსშევატყვე. თავად განიკურნენ, მაგრამ სხვებს კი დაუტოვეს მემკვიდრეობად. მართალია დღესდღეობით ეს სერია მეტნაკლებად ყველაზე გამორჩეული და კვალიფიციურია სხვებთან შედარებით, მაგრამ უხეშ, კურიოზულ შეცდომებში და ზერელობაში ისინი პიონერები იყვნენ. ბუნებრივიაპირველი რისკავ, შეცდომასაც პირველი დაუშვებ. მაგრამ შეცდომა, რომელზეც ახლა გეტყვით, დღემდე ვერ ავხსენი. საქმე ისაა, რომ დავით კლდიაშვილის ტომს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულის დასაწყისში გამოიცა, კლდიაშვილის ფოტოს ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა. წიგნი ჯერ უნამუნოს ტომი მეგონა, შემდეგ კი, როცა ვნახე, რომ ყდაზე კლდიაშვილი ეწერა, ვიფიქრე, რაიმე ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მქონდა საქმე და ისიც გავივლე გულში, მალე ალბათ აკაკის ტომსაც გამოსცემენ უოლტ უიტმენის ფოტოთიმეთქი. შემდეგ ფეისბუკზეც გვქონდა ამაზე სჯა და გახუმრებები

ამ შეცდომამ, სამწუხაროდ, სხვებს ვერავის ასწავლა ჭკუა, ანუ მათ ვინცგზისწამოწყებას მიბაძეს და ბაზარზე აუარება უგემოვნო გამოცემა გამოყარეს. პირველ რიგში ეს იყო ჟურნალითბილისელები“, რომელმაც თვეების მანძილზე ძალიან ცუდ ქაღალდზე, ძალიან ბევრი კორექტურით, უხარისხოდ, უგემოვნოდ გამოსცა მარკესი, მურაკამი, გოლდინგი, ფრიში და .. თუ არ ვცდები, იგივე ჟურნალი გამოსცემდა საბავშვო ლიტერატურის სერიასაც. “რეიტინგმადეტექტივები აარჩია თავის მსხვერპლად: ჰედლი ჩეიზი, კონან დოილი, აგატა კრისტი, ბორის აკუნინი. ჟურნალმასარკემ” – პოეზია: შოთაილიააკაკივაჟადაგალაკტიონიდა რაც მთავარია, ასევე `სარკესთან~ ერთად გამოვიდა (თუმცა ამას წინათ ჟურნალგუმბათთანერთადაც ვნახე ცელოფანში გამოკეტილი) სერია `ახალი ქართული პროზა~. ეს ბოლო აუცილებლად უნდა ნახოთ, ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილება გელით. ასეთი დიზაინის, ფორმატის, შრიფტის და .. წიგნი მე აქამდე არ მინახავს. და თან იცით, ვინ გახსნა ახალი ქართული პროზის სერია? არც მეტი, არც ნაკლები, ოტია იოსელიანის წიგნმაქალი მაინც ქალია“. შემდეგ გურამ მეგრელიშვილის წიგნი გამოვიდა, `ორი მილიონი უფასოდ~, გასაოცარი ყდით. არანაკლები იყო ირაკლი ლომოურის წიგნის ყდაც, ფოტოშოპის ყველაზე ცუდ ფილტრში დამუშავებული ნახატით. და ბაჩო კვირტიას წიგნის გარეკანი, რომელიც არაფრით განსხვავდება 90-იან წლებში გამოცემული საგადასახადო კოდექსის გარეკანისგან.

რა შეიძლება ამას უწოდო, თუ არა ნამდვილი საგამომცემლო პარაზიტიზმი. ესაა ზერელობის ზეიმი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ჟურნალების უმრავლესობა წიგნების გამოცემით უწიგნურობას და უკულტურობას ნერგავს, გამოსცემენ მხოლოდ უკვე გამოცემულ წიგნებს და ძირითადად გადამღერებით არიან დაკავებული. თავის ჭკუაში ჟურნალსაც ყიდიან, წიგნის გამოცემაშიც აკეთებენ ფულს და მკითხველსაც ანათლებენ. ყველაზე გამაღიზიანებელი სწორედ ეს არის, საგანმანათლებლო და დემოკრატიულობის, ანუ ხელმისაწვდომობის ნიღაბი რომ მოარგეს ამ ზერელობას. იაფი წიგნი არ ნიშნავს უხარისხო წიგნს. იაფმა წიგნმა წიგნი არ უნდა შეგაძულოს. იაფმა წიგნმა პირიქით, მეტი მკითხველი უნდა მოუპოვოს ლიტერატურას. სამომავლოდ, კარგი იქნება, თუკი ჟურნალგაზეთების გამომცემლები, სანამ მეორე წრეზე წავიდოდნენ, კარგად გაანალიზებენ თავიანთ ნამოქმედარს.

შესამისად, 2010 წელს თბილისში საკმაოდ ტრაგიკულ სურათი დაიხატა: სექტემბერში ქალაქიდან განდევნეს იაფი ბუკინისტური წიგნები, სამაგიეროდ სულ მალე ქალაქი დააპყრობინეს იაფ, უსულო და უგემოვნო წიგნებს.

დააბრუნეთ ბუკინისტები

გასული წლის შემოდგომაზე ეს დევიზი ძალიან ხშირად გაისმოდა სოციალურ ქსელში, მიზეზი კი, როგორც ბევრს ახსოვს, სხვა ქუჩის მოვაჭრეებთან ერთად ქუჩის ბუკინისტების აყრა გახლდათ. მაშინ რამდენიმე ადამიანმა რიგრიგობით დავწერეთ სტატიები, ბლოგები, გამოხმაურებები, პოლემიკური წერილები, სადაც ბუკინისტების ძველ ადგილზე დაბრუნებას და უკეთესი პირობების შექმას ვითხოვდით. ჩემს წერილს დათო პაიჭაძის, გიგა ზედანიას, ზაალ ანდრონიკაშვილის, რატი ამაღლობელის, შოთა იათაშვილის, ლაშა ბუღაძისა და სხვათა მხარდამჭერი გამოხმაურებები მოჰყვა. საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის საკრებულომ, ასევე გამომცემლებმა, ბაკურ სულაკაურმა, გია დარსალიამ და ლაშა ბერაიამ, რომელთაც სულ სხვა სიბრტყეში გადაიყვანეს პოლემიკა, რადგან მათ მიერ დახატულ სურათს არაფერი ჰქონდა საერთო იმ პრობლემასთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. მათ ძირითადად საკუთარი საგამომცემლო პრობლემები აფიქრებდათ და ერთ სიბრტყეში განიხილავდნენ ქუჩის ბუკინისტებსაც და ქუჩის გადამყიდველებსაც, რომლებიც ამ გამომცემლობებთანაც აქტიურად თანამშრომლობდნენ. ორივე მხრიდან ძალიან ბევრი არგუმენტი დაიდო, ზოგი ცოტა რომანტიული, ზოგი აბსურდული, ზოგი ჭკვიანური ან მოქნილი, მაგრამ საკითხი მაინც ვერ გადაწყდა. პოლემიკა გაგრძელდა რადიოშიც, თემა ერთიორმა მცირე ტელეარხმაც გააშუქა. საკრებულომ ამ ამბის აგორების შემდეგ, ძალიან მალე საკმაოდ კომიკური განცხადებაც გააკეთა. ეს განცხადება მათ საიტზე დაიდო, სადაც ეწერა: “დედაენის ბაღში გაიმართება წიგნის პოპულარიზაციისა და წიგნით მოვაჭრეებისათვის მხარდასაჭერი აქცია“. და ეს ხდებოდა ბუკინისტების აყრიდან რამდენიმე დღის შემდეგ. საქმე ისაა, რომ საკრებულოს თუ მერიის ზოგიერთ ჩინოვნიკს გადაწყვეტილი ჰქონდა, მთელი ქალაქი გაეწმინდა ბუკინისტებისგან და ყველა მათგანისთვის ერთ ადგილას მოეყარა თავი, როგორც გეტოში. ერთიორჯერ სცადეს კიდეც ხალხის თავმოყრა, მოაწყვეს საჩვენებელი წიგნებით ვაჭრობა, სადაც რამდენიმე ბუკინისტი მართლაც მივიდა და სადაც `მყიდველების~ უმრავლებას საკრებულოს თანამშრომლები შეადგენდნენ. შემდეგ, ოქტომბერში ლიტერატურული პრემიის, `გალას~ დაჯილდოვებაც იქვე მოაწყო საკრებულომ, მაგრამ ამ ფუჭმა პიარმა ვერ გაამართლა და სანაპიროზე, დედაენის ბაღის გადაღმა ჯებირებზე დამონტაჟებული წიგნის სათავსოებით ვერც გამყიდველები მოიზიდეს და ვერცმყიდველები.

რამდენიმეჯერ ქუჩის აქციებიც გაიმართა ბუკინისტების დაბრუნების მოთხოვნით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ კი ქუჩებში ნელნელა დაიწყეს დაბრუნება ბუკინისტებმა. წლის ბოლოსა და იანვარში, ყველგან თუ არა, ძველი ადგილების 30-40 პროცენტს მაინც დაუბრუნდნენ ბუკინისტები (და არა გადამყიდველები და სახელმძღვანელების გაყალბებაში ჩართული საქმოსნები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სხვა გამოსავალს ნახავდნენ). ოფიციალურად, ქუჩაში წიგნებით ვაჭრობა დღესაც აკრძალულია, ათობით ადამიანი ლუკმაპურის გარეშე დარჩა, ათასობით ადამიანი კი ქუჩის წიგნების გარეშე და მხოლოდ ერთიორი მაღაზიის ამარა. იქნებ გაზაფხულზე მაინც შეიცვალოს რაიმე.

საეტაპო კრებულების წელი

ბუკინისტების აყრით, მართალია, ქუჩებს მოაკლდა ყოფითი, მტვრიანი და ექსპრომტივით მოულოდნელი პოეზია, სამაგიეროდ 2010 წელს ძალიან ბევრი რამე დალაგდა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის და პოეზიის მოყვარულთათვის. ზედიზედ გამოვიდა კრებულები, რომლებსაც თავად ავტორებიც და მკითხველებიც საეტაპოდ მიიჩნევენ. მაგალითად, ზვიად რატიანისთვის უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი მომდევნო წიგნით იგი თავისივე წინამორბედ წიგნებს უპირისპირდება. ბევრი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ზვიადის ყოველ ახალ კრებულს ლექსები კი არ ემატება, არამედ აკლდება. შესაბამისად, წიგნის გამოცემის მიზეზს, მისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო წარსულის მოწესრიგება წარმოადგენს, ვიდრე მომავალზე ფიქრი. ასეთი იყო მისი ბოლო კრებულიცნეგატივი“, სადაც მისი 1996-2009 წლებში დაწერილი ლექსები შევიდა და რომელსაც თავად ზვიადი ასე უწოდებს: “ჩემი ბოლო პირველი წიგნი“.

ამ თვალსაზრისით ბევრს მუშაობს ნიკა ჯორჯანელიც, წარსულის მოწესრიგება მასაც უყვარს, მაგრამ მისი მესამე კრებული მთლიანად ახალ ლექსებს მოიცავს. ჩემი აზრით ნიკა ჯორჯანელისსიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის” XXI საუკუნეში გამოცემული ერთერთი გამორჩეული ლექსების ციკლია. კრებული თემატურადაც ძალზე ძლიერია, მკვეთრი სათქმელითა და მიზანმიმართულებით. თუკი პირველ კრებულში ბევრი .. პოეტური სავარჯიშო და ეტიუდები შეიძლება შეგხვდეთ, აქ წიგნი სრულყოფილ მთლიანობად გამოიყურება, სადაც მომწიფებულ პოეტს ვხედავთ თავისი სიმძაფრით, ტრაგიზმითა და ირონიულობით. მისი ლექსი უკვე ჩამოყალიბებულია და ფორმალური ძიებები აღარაა თვალშისაცემი, არამედ იგი უკვე ნამდვილ პოეზიად იქცევა. ნიკას ეს კრებული ყველა ნიშნით საინტერესო და ახალია. აქ რიტმული თვალსაზრისით რამდენიმე ძალიან ორიგინალურ ლექსს შეხვდება მკითხველი, აქ ბევრია სუფთა ლირიკაც, თუმცა მე პირველ რიგში 5 საეტაპო მნიშვნელობის ლექსს გამოვარჩევდი, “ისინი“, “კავშირებითი კილო“, “ორიოდე სიტყვა აეროპორტის შესახებ“, “ჰაერზე, სანამ კვამლშიდაბირთვული იარაღის იავნანა“… ესენია უაღრესად დატვირთული, სიმძაფრით სავსე მოზრდილი ლექსები, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.

აუცილებლად გამოვარჩევდი ლელა სამნიაშვილის მეოთხე წიგნს, `ფრაქტალები~. ლელა ერთერთი ყველაზე თანმიმდევრული პოეტია დღეს. ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება მას არ ჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი `არ იპრანჭება~, მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია, იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ნაწილისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას გეომეტრიულობა, ტირეების პატარპატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს.

დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი ბოლო კრებულშიც, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. ლელა თავის ლექსში ზუსტია ხოლმე, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორედ, ამისკენ სწრაფვას.

სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს.

ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ პაატა შამუგიამაც მოახერხა თავისი საუკეთესო კრებულის გამოცემა. იგი ბოლო თაობის ქართველი პოეტების გამორჩეული წარმომადგენელია და ამავდროულად ყველაზე მოხერხებულიცაა, რადგან ძალზე ზუსტად შეარჩია წიგნის სათაურიპაატა შამუგიას `უპირატესობა~! მე მგონი, ჟღერს!

პოეტების ამ თაობას, რომელსაც პაატა მიეკუთვნება, პირობითად 2000-იანელებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ისინი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გამოჩნდნენ ქუჩებსა და კაფეებში, დამკვიდრდნენ ჟურნალგაზეთებისა და წიგნების ფურცლებზე. ზოგმა ჯერ ვერ მოასწრო კრებულის გამოცემა, სხვებმა კი უკვე რამდენიმე კრებულის დაბეჭდვაც მოახერხეს. პაატასთვის ეს წიგნი რიგით მეხუთეა, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ბოლო კრებულში იგი ყველაზე სერიოზულად მიუდგა საქმეს. ჩემი აზრითაც, “უპირატესობაყველაზე სრულყოფილი გამოუვიდა. პაატას წიგნს ნამდვილად ეტყობა დაკვირვებული ავტორის ხელი, კარგად ჩანს ერთგვარი პოეტირედაქტორის შრომა, რომლის წყალობითაც დაუნდობლად გაიცხრილა ლექსები, შემცირდა რაოდენობრივად, სამაგიეროდ, თავად კრებული შეიკრა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გივი ალხაზიშვილის ბოლო კრებულიც. წიგნს `ჩაბრუნებული მზერა~ ჰქვია და იგი პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთერთი ლექსის ეს სათაური, `ჩაბრუნებული მზერა~ ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც წიგნს თითქმის მთლიანად გამსჭვალავს და სადაც ავტორი წარსულს უბრუნდება, სადაც თვალი `…ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდეს~. სულ ახლახანს გამოვიდა შოთა იათაშვილის `შრამი~, თემურ ჩხეტიანის `უადრესატოდ~, ნუგზარ ზაზანაშვილის `ცის ლექსები~, ნინო დარბაისელის `ვიტა ბრევის~ და სხვები. გაზეთ ჭეეკენდის ბოლო ნომრებში ხშირად ნახავთ კოტე ყუბანეიშვილის ახალ ლექსებსაც.

თავის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს გამომცემლობა `ინტელექტის~ სერიაც, “პოეტის 100 ლექსი”, რომლის ფარგლებში წელიწადში რამდენიმე პოეტური კრებული გამოდის, სადაც ძირითადად თანამედროვე კლასიკოსები არიან წარმოდგენილი.

კლასიკა და თანამედროვე კლასიკა

ზემოხსენებულ “100 ლექსისსერიაში შარშან მნიშვნელოვანი კრებულები გამოვიდა და რამდენადაც ვიცი, მცირე ანთოლოგიების რიცხვმა უკვე 50- გადააჭარბა. შოთა ჩანტლაძე, გივი გეგეჭკორი, იზა ორჯონიკიძე, გივი ალხაზიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ესმა ონიანი, იოსებ გრიშაშვილი, ოთარ ჭილაძე და სხვ. შარშანდელებიდან მხოლოდ ამ ავტორების აღნიშვნაც იკმარებდა. ამ მცირე ანთოლოგიის გარდა, ოთარ ჭილაძის კიდევ რამდენიმე წიგნი გამოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად მისი საუბრები – `წინ მარადისობაა~, შემდეგ ლექსებისა და პოემების სრული კრებული დაბეჭდა გამომცემლობაპეგასმაკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სულ ახლახან კი ისევ `ინტელექტმა~ გამოსცა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები: “ცა მიწიდან იწყება“. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითვე გამოიცა ნუგზარ შატაიძის მოთხრობების სრული კრებული, იოსებ გრიშაშვილისძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, პავლე ინგოროყვასკავკასიონისრეპრინტი და აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა, თუმცა ერი რამ გულდასაწყვეტია. როგორც გაირკვა, ეს წიგნები ფართო მკითხველისთვის არ ყოფილა გამიზნული. დღესაც მეკითხებიან ჩემი ყოველკვირეული გადაცემის, “ბიბლიოთეკისმსმენელები, რომელიც რადიოთავისუფლებისეთერში გადის ხოლმე, თუ სად შეიძლება შეიძინონ ეს კონკრეტული წიგნები, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვერ ვცემ პასუხს, უბრალოდ იმიტომ, რომ მაღაზიებში ამ წიგნებს არ გადავწყდომივარ.

ჩანაწერების სერიაშიინტელექტმაბაჩანა ბრეგვაძის ბოლო წლების რვეულები და ტარიელ ჭანტურიასდინოზავრიდანდიზაინამდეგამოსცა, ასევე გამოვიდა გრიგოლ რობაქიძის ორი წიგნი ტირანებზე, “ჰიტლერიდამუსოლინიდა რაც მთავარია, დაიწყო იონა მეუნარგიას 5-ტომეულის გამოცემა, რომლის პირველი ტომიც შარშან იხილა მკითხველმა.

შარშან საიუბილე წელიც იყო რამდენიმე მწერლისთვის. შესრულდა აკაკის 170 წლისთავი, ასევე მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის 130 წლის იუბილეები და ეს თარიღები კონფერენციებით და სპეციალური გამოცემებითაც აღნიშნა ლიტერატურის ინსტიტუტმა.

IN MEMORIAM

გასული წელი დიდი დანაკარგების წელიც იყო. 17 მაისს, მეგობრის, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე მისული მუხრან მაჭავარიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. პოეტი სცენაზე იყო ასული და ლექსს კითხულობდა, როდესაც ცუდად გახდა. პოეტი ვერ გადაარჩინეს.

მუხრან მაჭავარიანი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ხმა იყო. მისი ლექსი ყოველთვის ჭრიდა სიმართლით, სიმწვავით, ოსტატობით. ბოლო წლებში იგი სოფელს დაუბრუნდა, დაუბრუნდა ლექსებს, რომლებიც მანამდე სხვანაირად ჟღერდა, მარტოობაში კი უცებ ასეთი სტრიქონებიც მოვისმინეთ მისგან:

ერწყმის მდუმარების ბინდი

ზებუნებრივს.

და დუმს ბროწეული.

და დუმს ალუბალი.

სხედან აივანზე მოხუცებულები, –

სინანულისანი მესმის გალობანი.”

მართალია, მუხრან მაჭავარიანმა მოხუცებულობამდე მიაღწია, იგი 81 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მისი გარდაცვალება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. ასეთი აღსასრული ქართული პოეზიის ისტორიას არც ახსოვს, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, 1959 წლიდან მოყოლებული, ასეთ ტრაგედიას, ასე თვალსაჩინოს და ცხადს, ვერავინ გაიხსენებს.

მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა ფრიდონ ხალვაშიც, მანამდე კი, აპრილში ძალიან ხალისიანი, არტისტული და ბევრისთვის საყვარელი პოპულარული ახალგაზრდა კაცი, პოეტი ნიკო გომელაური წავიდა ტრაგიკულად. იგი კიბოთი იყო დაავადებული დიდი ხნის მანძილზე.

ნოემბერში გარდაიცვალა თამაზ ჩხენკელიც, შესანიშნავი პოეტი, ესეისტი, ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. ადამიანი, ვინაც წარუშლელი კვალი დატოვა XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში და ვისი თარგმანებიც უკვე 50 წელზე მეტია, კვებავენ თანამედროვე ქართულ პოეტურ მეტყველებას, ხშირად, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც. ჰომეროსის ოდისეა, რაბინდრანათ თაგორი, ბჰაგავატგიტა, ბო ძიუ , აღმოსავლელი, ევროპელი და ამერიკელი პოეტების ბრწყინვალე თარგმანები მხოლოდ ნაწილია მისი უდიდესი მემკვიდრეობისა.

კრიტიკა და ლიტერატურული პერიოდიკა

ბოლო წლების მანძილზე ასევე ძალზე სტაბილური გახდა ქართული პერიოდული ლიტერატურული გამოცემების შემადგენლობაც. მართალიაარილი“, “ალტერნატივადა კიდევ რამდენიმე სხვა გამოცემა აღარ არსებობს (როგორც ზემოთაც ვთქვი, “არილიბლოგის სახით აგრძელებს ცხოვრებას) და ბევრს ძალიან ენატრება ის პერიოდი, მაგრამ მათი ადგილი დღეს სხვა გამოცემებს უკავიათ. გამოდისლიტერატურული გაზეთი“, ჟურნალები – `ლიტერატურაცხელი შოკოლადი~, “ლიტერატურული პალიტრა“, “ჩვენი მწერლობა“, “ქართული მწერლობა“, ლიტერატურული გვერდები აქვთ გაზეთებს, ჭეეკენდ, “რეზონანსს“. თუმცა ერთი რამ მაინც ძალიან მაკლია ყველა ამ გამოცემაში: კვალიფიცირებული კრიტიკა, რეცენზიები და თანამედროვე ლიტერატურის შეფასების სურვილი და რაც მთავარია, უნარი და შესაძლებლობა, რის გარეშეც სურვილი არაფერს ნიშნავს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წლებში სწორედ ამ უნარების აქტუალიზება მოხდება ქართულ ლიტერატურაში.

ქართულად ნათარგმანები

ნაყოფიერი იყო 2010 წელი თარგმანების მხრივაც. გასული წელიწადნახევრის მანძილზე, 2009 წლის მეორე ნახევარში და 2010-ში რამდენიმე ისეთი თარგმანი გამოიცა, რომელიც სამომავლოდ ნამდვილად შეცვლის რაღაცეებს ქართველ მკითხველში, ყოველ შემთხვევაში, ეს თარგმანები დიდი სიამოვნებით წააკითხებს თავს ლიტერატურის მოყვარულებს. პირველ რიგში ეს ითქმის ლია ჩლაიძის მიერ თარგმნილ ორჰან ფამუქის `მე წითელი მქვია“-ზე და შემდეგ კი ირმა ტაველიძის მიერ გადმოქართულებულ მიშელ უელბეკის `პლატფორმაზე~. ორივე ეს წიგნი, ჯერ ერთი, თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას, როგორც უახლესი მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებები და ბოლოს, როგორც ქართული ენის მოვლენები.

პირველად ქართულ ენაზე გამოიცა დიდი ირლანდიელი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის საკმაოდ სქელტანიანი კრებული, სადაც მედეა ზაალიშვილის მიერ თარგმნილი მისი ლექსების გარდა, პროზა და დრამატურგიაცაა შესული. უმნიშვნელოვანესი იყო, გამომცემლობამემკვიდრეობისდაბეჭდილი ზურაბ კიკნაძის მიერ შუმერული და აქადური ენებიდან გადმოქართულებული `გილგამეშიანი~ და `ძველი შუამდინარული პოეზია“. ეს წიგნები კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას, 60-იანი წლების გამოცემისგან განსხვავებით, ახალი ტექსტები და ახალი წინასიტყვაობები ახლავს, კომენტარები და საძიებლები.

ბაკურ სულაკაურმა ხელახლა გამოსცა ნანა გოგოლაშვილის მიერ თარგმნილი ჰერმან ჰესესტრამალის მგელი“, ასევე გამოვიდა მარიამ ქსოვრელის ნათარგმნი ჰესესივე `ნარცისი და გოლდმუნდი~, ახალგაზრდა მთარგმნელმა, გიორგი კახაბერმა თარგმნა ჟან ჟენეს მთავარი რომანინოტრდამდეფლერი” (“დიუმას ცენტრისმხარდაჭრით სხვაც ბევრი წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე, ფრანგულიდან თარგმნილი).

ასე, რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თარგმანები ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად უხვად გამოდის, თუმცა საქმე ისაა, რომ ნელნელა რაოდენობას ხარისხიც დაეწია, რაც, იმედია, კიდევ უფრო კარგ შედეგებს გვაჩვენებს სამომავლოდ.

საბა 2010

2010 წელსსაბასლაურეატები გახდნენ: წლის საუკეთესო დებიუტიმაკა ლდოკონენიქიშმიშიანი ამბები” (გამომცემლობადიოგენე”); წლის საუკეთესო პოეტური კრებულიზვიად რატიანი – “ნეგატივი” (გამომცემლობადიოგენე”); წლის საუკეთესო პიესათამარ ბართაია – “მთავარი როლი” (გამომცემლობადიოგენე”); წლის საუკეთესო პროზაული კრებულიკოტე ჯანდიერიკონკიას ღამე” (გამომცემლობადიოგენე”); წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაზურაბ ქარუმიძეჯაზის ცხოვრება” (გამომცემლობასიესტა”); წლის საუკეთესო თარგმანიმანანა ღარიბაშვილიგაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების თარგმანი (გამომცემლობალოგოსი”);წლის საუკეთესო რომანინაირა გელაშვილიპირველი ორი წრე” (გამომცემლობაკავკასიური სახლი”); პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისგურამ დოჩანაშვილი.

©sakhelebi.ge

Facebook Comments Box