პროზა

ნიკოლას მაჩაბელი – იამაძაკი

ცხოვრება იმდენად მძიმეა,

 რომ კაცს ორი მამა სჭირდება მზრუნველად,

და ამიტომაც არსებობენ ნათლიები“

მარიო პიუზო, „ნათლია“.

ძალიან მიჭირს ამ ამბის თხრობა. ახლა თქვენ გაიცნობთ მას, ვინც ყოველივე დამანათლა. წარმოიდგინეთ, თქვენ ახლა შეხვდებით ნიკოლასის ნათლიას, კაცს, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა და მექნება! მაშ, ასე! თქვენ წინაშეა ჩემი უსაყვარლესი, ყველაზე მაგარი და ყველაზე კეთილი კაცი – სანდრო ნათლია!

2 წლის ვიყავი, როცა მომნათლეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა მონათვლა, არც ის უკითხავთ, ვინ მინდოდა ყოფილიყო ნათლია, ბუნებრივია, 2 წლის ასაკის ბავშვისთვის ეს ყოველივე გაუგებარია. მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ ჩემმა მშობლებმა მოიფიქრეს და 90-იანი წლების დასაწყისში თავი მოაბეს ჩემი და ჩემი დის ნათლობას, შეარჩიეს მათი იმ დროის საუკეთესო მეგობრები და დაგვაყენეს ქრისტეს გზაზე. მართლმადიდებლური წესის მიხედვით, 1-2 წლის და-ძმას ბუდაპეშტის ქუჩიდან ჩამოგვშორდა პირველი ცოდვა, მშობიარობისას ტკივილი რომ განვაცდევინეთ დედას, მითუმეტეს იმ დროს დავიბადეთ და იმ დროს შევცოდეთ, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და დედა და მისი მეგობრები მანიფესტაციებზე დადიოდნენ, ახალი საქართველოს აშენება გადაეწყვიტათ, ჩვენ კი მაინცდამაინც ამ დროს შევცოდეთ.

ნათლობის წესები ქართველებს ოდითგანვე მოგვდევს, მაგრამ რამე განსაკუთრებული არ მახსენდება ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში ნათლიების შესახებ. საბჭოთა საქართველოში და განსაკუთრებით „პერესტროიკის“ დროს ნათლობა მკვეთრი მახასიათებლებით ჩამოყალიბდა. ნათლიას აუცილებლად ოქროს ჯვარი უნდა ეყიდა ნათლულისთვის, ამიტომ სასურველი იყო ერთზე მეტი ნათლია ჰყოლოდა ნათლულს, ერთზე მეტი ნათლია ერთზე მეტ ოქროს ჯვარს უდრიდა. რა თქმა უნდა, ქართული სინდის-ნამუსი ოქროს ჯვრების გადადნობას ან ბიზნესად ქცევას არ გულისხმობდა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი გარანტი, ერთგვარი დაზღვევა, იმ სისხლიან ომიანობის პერიოდში ნათლულს რომ გასჭირვებოდა, ეს ოქროს ჯვრები უთუოდ დახმარებას გაუწევდნენ. ნათლია უნდა ყოფილიყო არა სულიერ-რელიგიურ საქმეებში გათვითცნობიერებული, არამედ მას უფრო სოციალური უნარები უნდა ჰქონოდა, ძლიერი უნდა ყოფილიყო, გაჭირვების ჟამს ნათლულს გვერდში ამოსდგომოდა.

ღრმა ბავშვობის მოგონებები ადამიანს ძალიან იშვიათად თუ შემორჩება ხოლმე, მე კი რატომღაც, მაინცდამაინც ნათლობის ფრაგმენტები და შეგრძნებები მახსოვს. მახსოვს, რომ მომავალი ნათლიები უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან სახლში, დედა შინ რჩებოდა, სუფრა უნდა გაეშალა, ნათლიებს კი წავეყვანეთ ეკლესიაში. ეს ჩემი და ჩემი დის – ერთგვარი უდედოდ გასვლა იყო ქალაქში. სადღაც ეკლესიაში მივყავდით ოთხ უცნობ ადამიანს და მამას. დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში შედგა ჩვენი ნათლობა, ვის ვეჭირე ხელში და ვინ მაყურყუმალავებდა წყლის ემბაზში, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ნათლობის შემდეგ სუფრა რომ გაიშალა ჩვენთან სახლში – ეგ კინოკადრებივით ბჟუტავს ჩემს გონებაში. მაშ, ასე, 2 წლის უკვე მონათლული ვიყავი, ქრისტეს გზას ვადექი და მყავდა ორი ნათლია – ერთი – დედის მხრიდან, დედის ბავშვობის მეგობარი როზა ნათლია, მეორე კი – მამის მხრიდან, მამას სტუდენტობის მეგობარი სანდრო ნათლია.

სანდრო ნათლია მაშინ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდა, ასე 24-25 წლის ბიჭი – არც გამხდარი და არც მსუქანი, ჯიგიტივით ტიპი შემოვიდოდა ჩვენს სახლში და შემოჰქონდა სიცოცხლე და სიხალისე. სანდრო იშვიათი იუმორით გამოირჩეოდა, კაიფით, ხუმრობით და, ყველაზე მთავარი, ყველაზე კეთილი ღიმილი იცოდა. ისეთი დამაიმედებელი ღიმილი ჰქონდა, რომ პატარა ნიკოლასისთვის სანდრო ნათლიას სტუმრობა ღვთიურ სასწაულთან იყო დაკავშირებული.

სანდრო ნათლია „წითელ ჯვარში“ მუშაობდა და ინგლისური იცოდა! წარმოიდგინეთ, 90-იანებში, როცა ბიჭების უმრავლესობა იმით ამაყობდა, რამდენი კაცი ჰყავდა დაჭრილი უბნის გარჩევებში, ან რამდენი დოზა ჰქონდა გაჩხერილი ვენებში – აი ამ ხანაში, ამ ბიჭების თაობაში გამოკიაფდა ბიჭი, რომელიც მუშაობდა უცხოურ კომპანიაში, საერთაშორისო კომპანიაში და თან ინგლისურიც იცოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ჩვენს ოჯახში და ჩვენს სანათესავოში ინგლისური არავინ არ იცოდა, არადა, საბჭოთა კავშირი დაინგრა და ცხადი იყო, რუსულს მალე ჩაანაცვლებდა ამერიკული ინგლისური. სანდრო ოჯახის ერთადერთი ახლობელი იყო, ვინც ინგლისურად ლაპარაკობდა. 6-7 წლის ვიქნებოდი, რომ სანდრო სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, ეგ ერთი წასვლა იყო და მერე არც გაჩერებულა, პერიოდულად ერთი წელი, ნახევარი წელი უცხოეთში მუშაობდა. ეს კიდევ ერთი დიდი პლუსი იყო, სანდრომ ჯერ კიდევ უცნობი კოლუმბიზმი შთამინერგა. სწორედ სანდროს არსებობას და მის პერიოდულ გამოჩენას ჩვენს ბავშვობაში ვუკავშირებ და ვუმადლი იმას, რომ ჩვენც, ანუ მე და ჩემმა დამაც, ორიენტირი ინგლისურზე ავიღეთ და ბავშვობიდანვე მიზნად დავისახეთ უცხოეთში მოგზაურობა.

მუშაობაც არის და მუშაობაც, წასვლაც არის და წასვლაც. ბევრი მუშაობს, მაგრამ არაფერი არ ჩანს, ბევრი მიდის უცხოეთში, მაგრამ იქიდან არაფერი არ გამოდნება ხოლმე. სანდრო ნათლია იმიტომ გახდა ჩემი კერპი, რომ რასაც აკეთებდა, სადაც მიდიოდა – ყველაფერი მისი, ჩვენი და თითქოს ქვეყნის წარმატება იყო. მის მუშაობას, მის მოგზაურობას უთქმელი და უხილავი სიკეთის შარავანდედი ეხურა.

 “წითელ ჯვარში” რომ მუშაობდა, ჩვენი ოჯახი სპეციალურ ჰუმანიტარულ პროგრამაში ჩასვა და ერთი წლის განმავლობაში სახლში მოდიოდა “წითელი ჯვრის” დახმარების ყუთი. ყუთში მთელი თვის სამყოფი პროდუქტი ეწყო, ლობიო, მაკარონი, ფქვილი, კონსერვები, შოკოლადები, სხვადასხვა საკვები პაკეტები. მე და ჩემს დას ეს ყველაფერი გვენატრებოდა, ჩემს მშობლებს თვეობით საჭმელი ენატრებოდათ, მოგეხსენებათ, მაშინ იძულებით მარხვაზე ვიყავით… მაგრამ ამის შესახებ სანდროს რამე ეთქვას, სადმე ზედმეტად მაინც გამოჩენილიყოს, არ მახსოვს. კაცმა გააკეთა და ეს ასეც უნდა ყოფილიყოო, მე ხომ შენი ნათლია ვარო, მე ამ ოჯახს სადამდეც შემეძლება და როგორც შემეძლება, გვერდში უნდა დავუდგეო, ამას გულისხმობდა მისი ქმედებები.

რამდენი უცხოეთიდან ჩამოვიდა სანდრო ნათლია, იმდენჯერ საჩუქრები ჩამოგვიტანა. სათამაშოების დიდი კომპლექტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთხელ მატარებლების კომპლექტი ჩამომიტანა, ლიანდაგები უნდა გაგეშალა, ზედ კი ვაგონებს შემოსვამდი და პულტით ატარებდი. ო, რა საოცრება იყო! ო, რა დიდებული მომენტი იყო! ვიჯექი იმ ვაგონში და ვმოგზაურობდი, უცხო ქალაქებსა და სოფლებს ვათვალიერებდი. წლების მერე მართლაც აღმოვჩნდი ევროპულ მატარებლებში და ის ბავშვობის მატარებლის მაკეტი გარეალურდა, მაგრამ მე მხოლოდ ახლა ვაკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. მატარებლების კომპლექტს ფორმულა ერთის რალის კომპლექტი მოჰყვა, ფორმულა ერთის მსგავს ტრასას ააწყობდი – რვიანი გამოდიოდა, ზედ ორ ბოლიდს დასვამდი და ორი პულტით გასწრობანას თამაშობდით. ფერადი თოფი ჩამომიტანა, სასხლეტს რომ გამოჰკრავდი, სხვადასხვა ხმებს გამოსცემდა და ანათებდა. ჩაბნელებულ უბანში დავრბოდი და მეზობლებს გახარებული ვუნათებდი ეზოს გზას. ერთხელ ჩემს დას მოსიარულე თოჯინა ჩამოუტანა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით დადიოდა და „ანიტა, ანიტას“ იძახდა. რობოტი თოჯინა იყო ანიტა, ჩვენ გაოცებულები და განცვიფრებულები ვუყურებდით ოთახში მოსიარულე თოჯინას, რომელიც ხელებს და ფეხებს იქნევდა და თან მეტყველებდა. რობო-ტექნიკის სამყაროსაც კი სანდრომ გვაზიარა.

როგორი იყო მამაჩვენის და სანდროს მეგობრობა? სანდროს მამაჩემი გულით უყვარდა, იცოდა, რომ მამაჩემი არასტანდარტული, ცოტა მძიმე ხასიათების კაცი იყო, უჭირდა სულიერად თუ მატერიალურად, სანდროს კი ის ისეთი უყვარდა როგორიც იყო, ამიტომ ფინანსურად ეხმარებოდა, ემეგობრებოდა, ცდილობდა გზაზე დაეყენებინა. სანდროსთვის მამაჩემთან ერთად დალევა, ჩვენთან სახლში პატარა სუფრა და ოჯახური გარემო ერთგვარი მეგობრობის ბუდე იყო.

პატარა ნიკოლასის აზროვნებაში კიდევ ერთ მომენტს აქვს მნიშვნელობა. მე ისეთ უბანში ვიზრდებოდი, სადაც ჩემხელა ბიჭები იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვის მამას უფრო მაგარი მანქანა ჰყავდა, როგორი სალონი ჰქონდა მანქანას, რომელი წლის იყო. ჩემი უბანი ერთგვარი გამონაკლისი იყო საბურთალოს უბნებს შორის, სამეზობლოში ყოფილი ცეხავიკები და საეჭვოდ გამდიდრებული ოჯახები ცხოვრობდნენ. ქვეყანაში შიმშილი იყო, ტერიტორიებს ვკარგავდით, რუსთაველზე აქციები ერთმანეთს ენაცვლებოდა, ყველა შევარდნაძეს აგინებდა, ჩემს უბანში კი ჩემი თანატოლი ბიჭების ოჯახები მდიდრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. მამების მანქანების დატოლებაში დაჩაგრული ვიქნებოდი, ამას მიმიხვდებით, მამაჩემს მანქანა არასდროს ჰყოლია. მე კი ამ შეჯიბრებაში, ამ ჭუჭუთდატოლებებში რამენაირად უნდა მიმეღო მონაწილეობა, რამენაირად უნდა ვყოფილიყავი ჩართული, სხვანაირად არ გამოდიოდა, და აი, აქ გამოჩნდებოდა ხოლმე სანდრო ნათლია. უბანში შუქები ჩამქრალია, ვიღაცის გენერატორი ღმუის, ვიღაცასთან ლევი დენი ანთია, ეზოში მათი ჯიპები დგას და შემოსახვევში „წითელი ჯვრის“ ჯიპი გამოჩნდება, სანდრო ნათლია მოვიდა, დედა! მამა! სანდრო ნათლია მოდის! ანთებული ფარებით, პიპინით, სანდროს ჯიპი სხვების ჯიპების გვერდით დგებოდა. მე კი თავაწეული ვტოვებდი უბანს, თუ თქვენს მამებს ჰყავთ ჯიპები, აი, მეც მყავს ვიღაც, მეც მყავს პატრონი, ეს ჩემი ნათლიაა თავისი სამსახურის სპეც ჯიპით! ჯავშანტრანსპორტიორივით! ვტოვებდი ეზოს ბირჟებს და ნათლიასთან ერთად სახლში ავდიოდი. ჩემი თანატოლები კი „წითელი ჯვრის“ ჯიპთან გარბოდნენ და ათვალიერებდნენ.

თუ ჩემი დაბადების დღე 20 იანვარი იყო, ჩემი ნათლიის დაბადების დღე 19 იანვარი გახლდათ. როგორი სიმბოლურია, არა? ნათლია 19-შია დაბადებული, ნათლული კი 20-ში და მეტიც, ნათლია დაბადებულა ნათლისღების დღეს! გესმით! იესო ქრისტეს ნათლიის, იოანე ნათლისმცემლის დღეს დაბადებულა ჩემი ნათლია, ნამდვილად რაღაც ღვთიური უნდა ყოფილიყო ამ ნათელ-მირონობაში, დამეთანხმებით.

„არც გაატრაკო, რა! ეკაიფე ჯო დასენს, ბიჭო!“

წლები გარბოდა და აი, ჩემმა სანდრო ნათლიამ ცოლი მოიყვანა. ის საღამო, როცა ჩვენთან ამოვიდნენ და პატარძალი გაგვაცნო, იმ უიშვიათეს მოგონებებშია, რომლებიც მახსოვს, შუქი ჩამქრალი იყო, ლამფის და სანთლების შუქზე ვხედავდით ჩვენი სანდროს მეუღლეს. სანდროს დაოჯახებას მალე ის მოჰყვა, რომ პატარა ანა გაჩნდა, სანდრო ნათლიას შვილი ჰყავდა! ეს ცნობები ოჯახში ტელეფონიდან ტელეფონზე საუბრებში გადადიოდა, ძველი ტელეფონები თუ გახსოვთ, ჩხრიალით რომ კრეფ ნომრებს. გავიდა ბნელი და ტკბილი 90-იანები, ნიკოლასი გაიზარდა, სანდრო ნათლია კი მოულოდნელად გაუჩინარდა, წლობით გადაიკარგა – შორეულ აღმოსავლეთში, შორეულ ფილიპინებში სამუშაოდ გადაცხოვრდა.

„არც გაატრაკო, რა! ეკაიფე ჯო დასენს, ბიჭო!“. ეს არ იყო ერთი წლით ან ნახევარი წლით წასვლა, არა – 7-10 წელი მაინც წავიდა სანდრო ფილიპინებში სამუშაოდ. ვიცოდი, რომ იქ ადგილობრივი „წითელი ჯვრის“ ოფისის უფროსი იყო და ახლა ფილიპინელებს ეხმარებოდა მიწისძვრებისა და ცუნამის შედეგად მიყენებული ზარალის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ სანდროს წლობით ვეღარ ვნახულობდი, მუდამ მქონდა განცდა, რომ მისი სიკეთე ისევ დამიბრუნდებოდა.

ამასობაში საქართველოში დროება გამოიცვალა, შევარდნაძე სააკაშვილით ჩავანაცვლეთ, 90-იანები ანუ ბავშვობა დასრულდა და პატარა ნიკოლასი თინეიჯერი ნიკოლასი გახდა – 2000-იანები გვიტევდა. ჩვენს ოჯახშიც ძირეული ძვრები მოხდა, დედა და მამა, როგორც იქნა, ერთმანეთს დაშორდნენ, ამდენწლიანი თანაცხოვრების მერე მიხვდნენ, რომ სხვადასხვა მხარეს იდგნენ, ერთი თუ პრაგმატულობაზე აგებდა ცხოვრებას, მეორე სულიერების ნაკადთან ცაში გაფრენას აპირებდა და თან ოჯახი უნდა გადაეჩეხა ამ მისტიკაში. ჩემი თინეიჯერობა მთელი თავისი ძალით იდგა, კარგად გარეკილი მქონდა – როკ-მუსიკის გემო ახალი გასინჯული, თმას ვიზრდიდი, ლურჯად ვიღებავდი, თვალებსაც ფანქრით ვიხატავდი და ათას როკ-ვარსკვლავურ სისულელეებს ჩავდიოდი, საათობით ვიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და გრანჟებს ვუსმენდი.

აი, ასეთ დროს წლობით უნახავი სანდრო ნათლია ფილიპინებიდან ჩამოვიდა. სულ ცოტა ხნით ჩამოვიდა, ახლობლების სანახავად, ყველას დასახედად, და შემოგვიარა, შემოგვიარა და გვნახა გადასხვაფერებულები. ჩამოვიდა და გაიგო ჩვენი ოჯახის ახალი და თან ძველი გაჭირვების შესახებ, დაურეკა მამას. მახსოვს, სანდრომ მაშინ ისევ სცადა ჩვენი ოჯახის დახმარება, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს რიგითი დაშორება არ იყო, რომ დედაჩემი და მამაჩემი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. თითქოს ჯოხი ჩემზე გადატეხაო, რომ დამინახა განირვანებული, შემომხედა და თავისი კაიფა ღადაობით დედაჩემს უთხრა: „ამან სუ გარეკა, ხოო?!“ წავიდა სანდრო და კარგა ხანს აღარ გამოჩენილა.

2010-იანი წლებიც დადგა, სააკაშვილი ივანიშვილით ჩავანაცვლეთ. ჩემი თინეიჯერობა და სტუდენტობა ქარს გაჰყვა, ახლა უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, საკუთარი გეგმებით, დაახლოებით იმხელა, რამხელაც სანდრო იყო, როცა მე მომნათლა. სოციალური ქსელები აქტიურად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, ფეისბუქმა მოკლა ტელეფონების, კაბელების და ჩხარუნა ნომრის აკრეფის დროება, მესენჯერმა ყველა გადაკარგული ძალიან მარტივად მოძებნა და ერთად შეკრიბა. სანდრო ნათლია, საყვარელი და კეთილი კაცი, ფეისბუქზე ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ სანი თბილისში დაბრუნებულიყო, სულ ახალი ჩამოსული იყო ფილიპინებიდან, აღარ ვაპირებ წასვლასო, აქ უნდა ვიპოვო რამე, თუ არ გავრეკეო, გაუხარდა რომ ვიპოვე ფეისბუქზე, მოვიკითხე და ჩვენი მეგობრობა სულ ახალ სტადიაში გადავიდა. ახლა ნათლული უკვე დიდი ბიჭი იყო, მასთან დალაპარაკებაც შეიძლებოდა, აღარც უბერავდა, ჩამოყალიბებულიყო, სანდროსთანაც ბევრი რამ მომხდარიყო, გამოგივლი, ვიჭუკჭუკოთო და ასე დაბრუნდა სანდრო ჩემს ცხოვრებაში.

სანიმ თითქოს იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა ჩემს ნათლულს უნდა მივხედოო, მამის გარეშეა დარჩენილი ბიჭი, სულ არ აურიოს, ხელიდან არ წავიდეს, დედა კი ჰყავს, მაგრამ კაცი მაინც სჭირდება, დიდი, მეგობარი კაცი, რომელიც ათასში ერთხელ მაინც გამოჩნდება და აგრძნობინებს, რომ მარტო არააო. ასე დამირეკავდა ხოლმე სანი, რას შვები, ნიკოლას? გცალია? გამოდი რა, ბერნარდში ვართ, ბიჭები ვსვამთ, არაფერი, გამო რაა! მოდი, მნახე. რაშიც არ უნდა ვყოფილიყავი ჩართული, მივატოვებდი იქაურობას და სანდრო ნათლიასთან გავრბოდი. ასე გავიცანი ბერნარდის ცნობილ სმაზე სანდროს საძმაკაცო, სამეზობლო, სამეგობრო. სუფრის თავში სანია წამოჭიმული, გარშემო სულ მისი რჩეული ხალხი ჰყავს შემოკრებილი, ის თანამშრომელია, ის მეზობელი, ის ძმაკაცის შვილი, ის ძმაკაცის მამა, მარტო არ ვიყავი – სანდროს სხვადასხვა თაობის კაცები შემოეკრიბა და გემრიელად ქეიფობდა, ყველას ესიყვარულებოდა, ყველას ეხუმრებოდა, ეკაიფებოდა. „ვა სუფრა, ტო! ეკაიფე ჯო დასენს!“

ბერნარდში პირველად რომ დამიძახა, ძალიან ბევრი წამსვლელ-წამომსვლელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემხელა ბიჭი, ისიც სანდროს ძმაკაცის შვილი, მაგრამ არანათლული – ნიკუშა! ნიკუშა მაღალი ბიჭი იყო, გულიანი, მხარშიმდგომი, მე და ის სანდროს ახალგაზრდულ, ყმაწვილბიჭური კაიფების გენერატორები ვიყავით. ბერნარდში იმ დღეს სანდრომ მოულოდნელად ტოტალიზატორში დადება გადაწყვიტა, ფეხბურთი დიდად არ ადარდებდა, მაგრამ „რაძი კაიფა“ მიათხლიშა 100 ლარი, წააგო თუ არა ეს დადებული ფული, ათ წუთში მეორე თამაშზე დადო, მეორე ასი ლარი მიათხლიშა, ამ გარჩევა-გარმოჩევაში რამდენს მოიგებდა, უჰ, რა მდიდარი გახდებოდა, ამ სიცილ-ხარხარში გაგვატარებინა გემრიელი დრო.

საბურთალოს ბაზართან “ბერნარდში” დაიწყო ჩემი ნათლიის ხელმეორედ დაბადება, როცა სანდრო ნათლიამ უკვე როგორც თანატოლი, უკვე როგორც კაცი, თავის ძმა-ბიჭებში ისე გამრია. და ამას მოჰყვა ჩვენი ქეიფები ხან სად ხან სად, მანქანით გამოგივლი, ნიკოლას, ხო სახლში ხარ? იქ ავიდეთ! ვაკეში, „სესილისთან!“ ნიკოლას, რას შვრები, არ მოგენატრე? ჰოდა, წამოდი, ეხა მე და ბიჭები ვართ, ახლა „ეიჩ ბიში“ გავიდეთ ვაჟაზე, წამო იქ, წამო აქ, წამო ჩემთან, დევიკოა, წამო იქ, ნიკუშაა, ხან იქ, ხან აქ – სანდროს ბოჰემურ ძმაბიჭებში ვერეოდი, და იმ წუთებში, იმ დროს არაფერი მადარდებდა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სანდროსთან ერთად რომ ვატარებდი დროს. ჩვენი დროის ტარება ხომ ჯიგრული, არაძველბიჭური, არადაძაბული, არაშარიანი გართობები იყო! ეს იყო – კაიფის, ფიქციის, თეატრალიზმის, სახეების, თავგადასავლების გაზიარებები. პახმელიიდან გამოსვლა, მერე ისევ შესვლა, მერე ისევ გამოსვლა, მერე მანქანით, ვინც ფხიზელი არაა – ის დაჯდეს მანქანასთან, აუწიე მუსიკას! აუ ფრედი მერკური ჩაირთო! აუ, როგორ ასწორებს, არა? ფრედი მერკური! და სანდრო სახეს მოღრეცს, ტუჩებთან კაიფი კიაფობს და გვეღადავება, ბიჭო, ფრედი მერკური პიდარასტი უნდა ყოფილიყო და ეს პიდარასტი არაა? ვიხევით სიცილით, მანქანაში ხაჩხაჩის ბოლო ხმა ისმის, ღმერთო, რაებს დააბრეხვებდა, საიდან რას მოიტანდა, “ფრედი მერკური რომ პიდარასტი იქნება! ეკაიფე ჯო დასენს, ბიჭო!”

ერთხელ მახსოვს მე ჩემს პირად დრამებში ვიყავი, ჯერ ცოლი არ მომეყვანა და სანდროს სამასლაათოდ ავადექი, ისევ პახმელიაზე იყო, სამზარეულოში გავედით, გადმოიღო კონიაკი და ლაპარაკი დავიწყეთ. გოგოზე ვეჭორავებოდი, მიხვდა, რომ უაზროდ ვჭედავდი და მითხრა: „ბიჭო, უნდა გაეშვა, გეუბნება, არ მინდაო, ძროხა ხო არაა, ძალით დაითრიო და შეუჭამო ტვინი?“ მივუხვდი, რასაც მეუბნებოდა და ისიც მიმიხვდა, რომ ზუსტად გავიგე, გამიმეორა, „ჰო, რა, ქალია, ძროხა ხო არაა – დაარტყა, ძალით იქით წაიყვანო, აქეთ წამოიყვანო, არა, რა, ქალია, ბიჭო, გაიგე? ნაზი არსებაა, არ უნდა ეს შენი ძალა და ამბები, ჯო დასენ! გაიგე?!“, ისეთს მეფილოსოფოსებოდა, იმ დღეს მამარდაშვილი შევარქვი, ეს რომ გაიგო, რას ამბობო, ეე, მამარდაშვილი წაკითხული გაქვსო? და ახლა მამარდაშვილი გადმომილაგა, იმ დღეს სამზარეულოში გავიცანი სულ სხვა სანდრო, სანდრო ნათლია არასდროს არ სრულდებოდა ჩემთვის, სულ ამოუცნობი, სულ სინათლის წყარო იყო, იმ დღეს სამზარეულოში გადმომიშალა, რომ კითხვა მაგრად უყვარდა, წარმოგიდგენიათ? ის პატარაობის სანდრო ნათლია, რომელიც ჯიპით მოდიოდა და საჩუქრებს მჩუქნიდა, ის სანდრო ნათლია, ძმა-ბიჭებში რომ სვამდა და ნასვამი ქუჩაში მიყირავდებოდა, ის ტიპი ახლა ზის, კი, ისევ პახმელიაზე, მაგრამ მაინც, ზის და ასე მეუბნება, თვალს თვალში მიშტერებს და მოულოდნელად მეუბნება:

„გაივლის წლები და, ბიჭო! დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი!“ ამ დროს თითს მაღლა იშვერს, აგრძელებს სიამოვნებით, თითქოს კონიაკს ყლურწავს, თითქოს, ვენებში ღვინო შეუყვანეს, „პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“… იმ საღამოს, სამზარეულოში, კიდევ რამდენიმეჯერ გამიმეორა ეს ფრაზა, „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში!“, მოკლედ მარკესი ბავშვობიდან უყვარდა, კიდევ სელინჯერზე აბოდებდა, თურმე სელინჯერის სიყვარულით წასულა ნიუ-იორკში, უყვარდა ჰემინგუეიც, მათი სიყვარულით მოუნახულებია ამერიკა, საფრანგეთი და ა.შ. იმ დღეს სანდროსგან რომ წამოვედი, გაოცებული საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ლიტერატურის სიყვარულიც ამ კაცმა ფარულად დამანათლა-მეთქი. იმ წელს დაბადების დღე რომ ჰქონდა, ჩემს მეგობრებთან ერთად მოულოდნელად ავადექი, რაღაც მინიმალური ძღვენი მინდოდა მეც მეჩუქებინა მისთვის, მამარდაშვილის სახე დავუპრინტე ჩაის ჭიქაზე, კონიაკი ავუტანე და ვისხედით ზალაში, ისევ სმისკენ იწევდა, ვერაფერს ვერ მეუბნებოდა, გახარებული იყო, რომ დამინახა, ჩამიხუტა, ჩემო საყვარელოო, გულიანად ჩამიკრა…

სანდროსთან შეხვედრები გრძელდებოდა ასე პერიოდულად, ისიც ვიცოდი, რომ სანდრო მამაჩემსაც ნახულობდა ხოლმე, ადიოდა მასთან და ხანდახან ეხმარებოდა კიდეც. ერთხელ ერთადაც ვნახეთ მამაჩემი, მე სანდრო ნათლია და მამაჩემი ვისხედით სააკაძის მოედანზე და ხინკალს მივირთმევდით. ის შეხვედრა ჩემთვის სულ სხვა რამის მანიშნებელი იყო, სანდრო ნათლია სულ სხვა იყო, სულ სხვა ტიპის, მამაჩემი კი სულ სხვა, სხვანაირი კაცი იყო, ცხოვრების რაღაც ერთ პერიოდში ისინი შეიძლება უგებდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ახლა რომ შეგეხედათ მათთვის, ორი სრულიად განსხვავებული კაცი იჯდა ერთმანეთის წინაშე, ერთი ისევ კომპლექსებით სავსე, ისევ გაჭირვებული, მეორე კი, ცოტა სევდიანი, რომ ვერაფერი ვერ უშველა ამ კაცს, ვერ გამოასწორა, ვერ დააყენა გზაზე, ცოტა მოყირჭებულიც კი, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ისევ ისეთი იყო, ერთადერთი ალბათ, მე რომ გამომხედავდა ხოლმე, მე მაინც ვეიმედებოდი ან ჩემიც ეშინოდა, ვაითუ, ესეც ასეთივე გაუგებარი გამოვიდეს და თავი გაიუბედუროსო. იმ სამთა შეხვედრის მერე კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი სანის აქტიურობა, ხან მწერდა, ხან კი ისევ თავის ძმა-ბიჭებში მიმაქანებდა.

წლები წლებს გასცდა, 90-იანები ჩამოვიტოვეთ, 2000-იანებიც გავაცილეთ, 10-იანმა წლებმა კარი მიიხურეს, და აი, დადგა თანამედროვე დროება 2020-იანი წლების ობი ედებოდა ყველაფერს, ივანიშვილი ვერაფრით ვერ ჩავანაცვლეთ, ისევ ივანიშვილის და ქოცების ზენიტი იდგა, რომ საბოლოოდ, მეც დავოჯახდი! ჩემი მეუღლე სანდროს იცნობდა, ერთი-ორჯერ შევხვდი მასთან ერთად, მოკლედ, სანდრო ნათლია ჩემს მეორე მამობას და ჩემს ნათლიობას აგრძელებდა. მე ჩემი პირადი ცხოვრება მქონდა ასაწყობი, მე და ჩემმა მეუღლემ ბანკის სესხით ბინა შევიძინეთ და ქართველებისთვის კარგად ნაცნობ რემონტობანაში გავეხვიეთ, რომ სანდრო პეკინის ქუჩაზე შემხვდა, ძუნძულებდა, ვარჯიშობდა, ფორმაში დგებოდა, ახალი სმებისთვის ემზადებოდა. 50 წელს გადაცილებული კაცი ძუნძულით მიუყვებოდა პეკინის ქუჩას, რომ დამინახა, ტრადიციულად აუციმციმდა თვალები, რას შვრებიო, აქეთური, იქეთური, ქალაქგარეთ სახლს ვიშენებ და იქ ავიდეთო, მე კიდევ, აი, რემონტობანას მოვრჩები და ჩემთან გეპატიჟები-მეთქი.

იმ წელს 33 წლის გავხდი, „ვა, არც გაატრაკო ტო! ეკაიფე ჯო დასენს, ბიჭო!“ 33 წლის გავხდი და რატომღაც ავიჩემე ქრისტეს ასაკში ვარ და თმა უნდა გავიზარდო-მეთქი. ოჯახის წევრები და მეგობრები ღიმილით შეხვდნენ ამ ჩემს თვით დაწესებულ რიტუალს. გავხდი 33 წლის და მე და ჩემი მეუღლე ჩვენს სახლში გადავედით. გვეღირსა ოჯახური კერა, სიამაყითაც კი – ჩვენს თაობაში ბევრი ვერ ახერხებდა ამას, პატიოსანი შრომით, ორივე წელებზე ფეხს ვიდგამდით, რომ ფული გვეგროვებინა და ჩვენი ჭერი გვქონოდა. გადავედით და ამ სიხარულის გაზიარების ხანა დაგვიდგა, ჩვენს სახლში ყოველ პარასკევს სტუმრიანობის სერიები ეწყობოდა, ხან ჩემი მეგობრები, ხან ჩემი მეუღლის, ხან ჩემი ნათესავები, ხან ჩემი ცოლის ოჯახეულობა იყრიდა თავს ჩვენს ახალ, მყუდრო და თბილ ბინაში. აი, მოვიდა ზაფხულიც და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, მინდა სანდრო ნათლია დავპატიჟოთ-მეთქი, ამ კვირაში თუ არა, ამ თვეში მაინც მოვაბათ თავი, გთხოვ-მეთქი. ეს მახსოვს, რომ იმ კვირის პარასკევ დღეს – კარგად მახსოვს, 30 ივნისს, ნიკუშამ მომწერა. ნიკუშას შეგახსენებთ, სანის ძმაკაცის შვილი, ჩემი თანატოლი მეგობარი. ნიკუშა ფეისბუქზე მყავდა და ვმეგობრობდით, ჰოდა მისგან პარასკევ დღეს – 30 ივნისს მესიჯი მივიღე: „ბიჭო, ეს რა დაგვემართა! სანდრო გარდაიცვალა“…

რაა?!

რააა…

რააა…

ეკაიფე ჯო დასენს, რა რააა…

რაღაცა მოწყდა ჩემს ცხოვრებას…

ჩემი ცხოვრების ერთადერთი დიდი, კეთილი მეგობარი, ჩემი ერთადერთი ზურგი, კაცი, რომელსაც სულ ვბაძავდი, კაცი, რომლის იმედიც სულ მქონდა, აღარ არისო… თითქოს ერთი ეპოქა დასრულდაო…

იმდენად დაუჯერებელი იყო, ნიკუშას ვუპასუხე, ხო არ უბერავთ, ეგეთი ხუმრობა ვის გაუგია-მეთქი, წარმოვიდგინე, რომ რესტორანში ისხდნენ და კაიფობდნენ, ჩემი აგდება უნდოდათ, არა, ძმაო, ნეტა გეკაიფებოდეო.

დატრიალდა ჩემი ცხოვრება კასეტასავით, ვერ დავიჯერე, თბილისის ზაფხული თავისი მწარე საცეცებით შემოდიოდა ჩემს სახლში და რეტი დამესხა, სანდროს დავუწყე მობილურზე რეკვა, მერე ფეისბუქზეც მივწერე, სანი, რას შვრები, ხომ კარგად ხარ-მეთქი? არ გამცა პასუხი, სანდროს შვილს, ანის გადავურეკე და მანაც დამიდასტურა… პარასკევს საღამოს სანდროსთან გავედი და, რას ვხედავ, ძმა-ბიჭები ყველანი შეკრებილან და ელოდებიან სანდროს გადმოსვენებას საავადმყოფოდან. ბოლო 1-2 თვე კომაში ყოფილა, მოულოდნელი ინსულტი დაემართაო.

სიცოცხლეგამოცლილი, უცბად რომ მოწყდები, დასუსტებული, დაბეჩავებული და საცოდავი ვიყავი ამ ყველაფრის გამგონე და შემყურე. ჩემი ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ნათლია, ჩემი მოღიმარი, კეთილი და ხუმარა, ის კაცი მოასვენეს და ზალაში უსიცოცხლოდ დადეს. დაუჯერებელი იყო…

როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, სანდრო ნათლიამ პირველმა მაზიარა ტკივილის ცნებას, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილის ცნებას. ბავშვობაში დავკარგე ბებიები და მაშინ დიდად ვერც გავიაზრე, ახლა კი, უკვე დიდს, ჩამოყალიბებულს, ყველა ჯანმრთელი და საღ-სალამათი მყავდა, ყველა კარგად იყო, მაგრამ სანდრომ მაცნობა, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდებოდა, დრო გადიოდა, ნელ-ნელა უნდა შევგუებოდი, რომ სიკვდილი ყველას მისწვდებოდა, მერე კი მეც მომწვდებოდა და, ვინ იცის, ვის დავტოვებდი ასეთივე გატეხილს და გულჩათხრობილს…

სანდრო ნათლია როგორი ამოუცნობიც იყო ჩემთვის, ისევე გაგრძელდა. პანაშვიდებზე სიარულისას გავიგე, რომ სანდროს ნამდვილი დაბადების დღე 28 ოქტომბერს ყოფილა, რაც ჩემთვის არასდროს უთქვამს სანის. 19 იანვარი აუღიათ პასპორტისთვის, რომ ჯარისთვის აერიდებინა თავიო. ბუნებრივია, ამას ნათლულს რატომ მოუყვებოდა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანდროს ნამდვილი დაბადების დღე 28 ოქტომბერი იყო. 28 ოქტომბრითაც კი იწინასწარმეტყველა და განმისაზღვრა ჩემი ცხოვრება. რატომ? 28 ოქტომბერი ხომ ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. „კაი? ატრაკებ, ეკაიფე-მეთქი ჯო დასენს, ხო გითხარი ბიჭო?!“

სანდრომ მაზიარა პირველ პანაშვიდებს, ისეთ პანაშვიდებს, როცა ყვავილები აგაქ და ჩაგაქ, ვერ ხვდები ამას როგორ აკეთებ, მაგრამ აკეთებ, სანდროს სურათს დაატარებ, გარდაცვლილი ნათლიის სურათი დაგაქვს და ვერ ხვდები, ამას როგორ აკეთებ, როგორ ბედავ, რომ იმ სიცოცხლით სავსე კაცის სურათს, შენ – პატარა ღლაპი, პაცანა, ვიღაც მაზალო მის სურათს დაატარებ.

სანდროს გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა. პანაშვიდებს გასვენება მოჰყვა, ცხელი ზაფხულის დღე იყო, შუა ივლისი, წავიყვანეთ სანდრო და დავმარხეთ. გასვენებაში და პანაშვიდებზე ერთი რამ იყო ყველასთვის შესამჩნევი, სანდროს ახლობლები და ნაცნობები იყვნენ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ჟანრის ადამიანები, იყვნენ ქუჩის ბიჭებიც, იყვნენ საქმოსნებიც, იყვნენ მამების თაობაც, იყვნენ ჩემი თანატოლებიც, მისი შვილის ანას სამეგობროც, დედამისის სადაქალოც, ქალები, გოგოები, ყველა თაობის და ყველა ჟანრის ადამიანი აქ შეკრებილიყო, ერთგვარი ბაბილონი მოაწყო სანდრომ თავისი გარდაცვალებით, შეგვკრიბა, ყველა დაგვაკავშირა და გვითხრა, სიკეთით იცხოვრეთო! „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია…“ ბიჭებმა უარი თქვეს ქელეხზე, ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო სანდროს ქელეხში წასვლა, ამიტომ გასვენებიდან პირდაპირ შინ წავედი, მარტო ვიყავი, შევედი სახლში და გამახსენდა, რომ სანდრო უნდა დამეპატიჟა შინ, სანდროსთვის უნდა მეჩვენებინა ჩემი და ჩემი მეუღლის ახალი სახლი, მინდოდა სანდროს ენახა, რომ ის ბიჭი, რომელსაც ის ასე გულით ექცეოდა, ის პატარა ნიკოლასი, რომელსაც ასე ზრდიდა, გვერდში ედგა, გაიზარდა, აგერ აიწყო ცხოვრება და დაადგა გზას! მინდოდა მისთვის მეხარებინა, გამეზიარებინა, ის კიდევ გარდაიცვალა. შემოვედი სახლში და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, რომ ვერ მოვასწარი, ცრემლებით მისველდებოდა სახე და ყველაფერი ძველი ვიდეო-კასეტასავით ტრიალებდა, მთელი ეპოქა დასრულდა, ასე მოულოდნელად, სანდრომ მაჩუქა ყველაფერი და სამაგიეროდ ჩემგან წაიღო არაფერი, წლების განმავლობაში მჩუქნიდა სიკეთეს, მეგობრობას, დიდ ძმობას – სანაცვლოდ კი ჩემგან არასდროს არაფერს არ ითხოვდა! ვტიროდი, ვბღაოდი, სანდრო, არა! ეს არ არის მართალი! და ჩამეძინა, გავითიშე. რომ გავიღვიძე, უკვე საღამო დამდგარიყო – გარეთ კი ზაფხულის შხაპუნა წვიმა მოდიოდა, სამყარო გლოვობდა სანის წასვლას, ეს წვიმა სანის წვიმა იყო, წარმოვიდგენდი, იქ რომ ჩავასვენეთ, იმ საფლავში, იქ მარტო რომ დავტოვეთ, მივიდოდა ახლა ეს წვიმა და განბანდა, ჩვენ კი ვიყავით სახლებში ჩვენთვის მდუმარედ, გახევებულები, ჩვენი ჩუმი ცრემლები წვიმად იქცნენ და სანდროსთან სამარეში მივიდნენ…

ალბათ იფიქრებთ, რომ სანდრო ნათლიაზე სხვა რა უნდა გითხრათ, სხვა რა უნდა დავწერო, არა?! მაგრამ არა, წინ კიდევ იმდენი საოცარი დამთხვევა, თუ იდუმალი ამბავი გველის, სიამოვნებით მოგითხრობთ, მოემზადეთ…

გასვენების შემდეგ ბიჭები და საძმაკაცო ქელეხში არ წავიდა. ასე ითქვა, რომ მერე, ერთი კვირის თავზე, შვიდი დღის მერე სანდროს საფლავზე ავიდოდით და მაშინ დავლევდით მოსაგონარს. გავიდა ის კვირა და არავინ შემომეხმიანა, ჩავთვალე, რომ ბიჭები, ალბათ, უჩემოდ ავიდნენ საფლავზე… ერთ დღეს სანდრო დამესიზმრა. სიზმარში ვითომ სანდროსთან ვიყავი სტუმრად, სუფრა უნდა გაშლილიყო, იქ იყვნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, და მაგიდა არ იშლებოდა. მაგიდას შუაში რომ ჩაუდებენ ხოლმე ერთგვარ ფიცარს და უფრო დიდი სუფრა რომ გამოდის, ასეთი რაღაც ფიცრის ნაჭრის ჩადებას ცდილობენ და მაგიდა არ იშლება. ამაზე სანდროს მოჟამული სახე აქვს, უკმაყოფილო. მე მის გვერდით ვდგავარ სიზმარში. მერე, თითქოს, დაჯდომა უნდა და რომელ სკამზეც უნდა დაჯდეს, ძველებური სკამია, ხის, ერთი ფეხი მოყანყალებული აქვს, სანდრო დაჯდომას ცდილობს და რომ ქანაობს, ნერვები ეშლება, წელში გასწორდება და გემრიელად შეიგინება, „რა არის ამის დედა მვტყ, ერთი სუფრა ვეღარ გაგიშლიათ?!“ – ამბობს და ჩემი სიზმარიც აქ წყდება. ახალგარდაცვლილის დასიზმრება უთუოდ რაღაცას ნიშნავსო და მეც სიზმარი დედაჩემს გავუზიარე. მითხრა, დაურეკე აბა ბიჭებს, რომ ამბობდნენ, ერთი კვირის თავზე წავიდეთ რესტორანში და რაც სანდროს უყვარდა, ვჭამოთ დავლიოთო, იყვნენო? თუ არა, ე.ი. გარდაცვლილი გეუბნება ამ სიზმრით, რომ ერთი ჭიქა ამიწიეთ, ერთი ჩემი მოსაგონარი თქვითო… გადავურეკე ნიკუშას, დევის და ჩემი სიზმარი მათაც მოვუყევი, ისიც ვკითხე, უჩემოდ იყავით ალბათ რესტორანში-მეთქი. აღმოჩნდა, არ წასულან და ორმოცისთვის გადაუდიათ, მაგრამ ჩემი სიზმარი რომ მოისმინეს, სპონტანურად, რახან ეგრეა, მოდი, წავიდეთ, ახლო ძმაკაცები, ჩვენ მაინც დავლიოთ, სანამ სანდრომ ყველას სათითაოდ მოგვაკითხა სიზმარშიო… „კაი? არ გაატრაკო, ჯო დასენს ეკაიფები ახლა შენ!“ ეგ იყო და ეგ, ითქვა და რესტორანში წასვლაც პარასკევს დავგეგმეთ, ანუ სანდროს გარდაცვალებიდან ორ კვირაში. სანამ პარასკევი დღე დადგებოდა, კიდევ ერთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რაც უნდა გაგიზიაროთ, რადგან ამასაც სანდრო ნათლიასთან მივყავართ…

როგორი იყო დედაჩემის და სანდრო ნათლიას ურთიერთობა? დედას ძალიან უყვარდა სანდრო, ერთადერთი კარგი, დიდი მეგობარი ვინც გყავდათ და ერთადერთი ნათელი წერტილი თქვენს ბავშვობაში, სანდრო იყოო. სანდრო ნათლია ძალიან დიდ პატივს სცემდა დედაჩემს, ხვდებოდა, რომ ეს ქალი მძიმე დროებას მარტო უმკლავდებოდა, და ასევე მარტო უმკლავდებოდა მისი ძმაკაცის, ანუ მამაჩემის ხუშტურებს, ასე რომ, ჩვენ რომ გვეხმარებოდა, უფრო დედაჩემს ეხმარებოდა, ვიდრე მამაჩემს… დედაჩემმა ძალიან განიცადა სანდროს გარდაცვალება, პანაშვიდზეც იყო და მერე უცნაურად შეიკეტა სახლში. ერთ დღესაც რომ გავუარე და სახლში შევედი, სახეზე რაღაც შევატყვე, რაღაც ვერ იყო, რა იყო, რა მოხდა-მეთქი? ვერ დამიმალავდა, აშკარად რაღაც ვერ იყო. სანდროს გარდაცვალებას განიცდი-მეთქი? საბრალოდ ჩამოჯდა და თვალები აუწყლიანდა, რა იყო, რაღაც მოხდა და ხომ იცი ვერ დამიმალავ-მეთქი.

– სანდროს პანაშვიდზე რომ ვიყავი, იმ დღეს ხომ ძალიან ცუდად ვიყავი, დე, და შინ რომ მოვედი, ასე დარდისაგან და სევდისაგან უცნაურად მოვისვი ხელები მუცლიდან მკერდამდე და მარცხენა მკერდთან ტკივილი ვიგრძენი, მოვისინჯე და დიდი სიმაგრე აღმოვაჩინე. ჰოდა, ახლა ანალიზებზე ვაპირებ წასვლასო. გული შემიქანდა, დედაჩემზე ავადობას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რამეთუ დედაჩემი იყო რკინის ქალი, ნამდვილი გაჭირვებისა და ცუდად ყოფნის დამმარცხებელი. ქალი, რომელმაც მოტეხილობებს, ღვიძლის დაავადებებს, იმას თუ ამას ისე გაუძლო ბნელ 90-იანებში, რომ ექიმთანაც კი არ იყო ნამყოფი. ყველაფერს თავად აგვარებდა, ახლა კი ექიმებში ანალიზებზე დარბოდა და პასუხებს ველი, სიმსივნესთან დაკავშირებით რა და როგორ უნდა ვიმკურნალოო. სანდროს გარდაცვალება რომ არა – დედაჩემს შეიძლება ხელები ასე სევდით და უბედურებით არც მოევლო და ვერც შეემჩნია სწრაფად მზარდი სიმსივნე. მეტიც, ექიმებმა უთხრეს, რომ ეს სიმკვრივე 2-3 წელი იზრდებოდა და აქამდე როგორ ვერ შეამჩნიეთო. უკვე მესამიდან მეოთხე სტადიისკენ გარდამავალი სიმსივნე აღმოჩნდა, ამიტომაც მკურნალობები უსწრაფესად დაინიშნა. დედაჩემმა კი, სანდრომ გამაგებინა, თავისი სიკვდილითაც კი რაღაც დაგვიტოვა, რაღაც გვანიშნა, თორემ ამას მე ჩემით ასე ვერც მივუსწრებდიო. ნათლია წავიდა, მაგრამ წასვლითაც იზრუნა, რაღაც მიგვანიშნა, გაუფრთხილდით თავსო, სიკეთით იყავითო, ჯო დასენს ეკაიფეთო…

პარასკევს ბიჭებთან ერთად რესტორანში ვიყავი, ბოლომდე ვსვით, ლუდი, არაყი, ვიხსენებდით სანდრიკას და მის ამბებს ვიგონებდით. ოთხი-ხუთი ძმა-ბიჭი ვიყავით და ისე გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა, თითქოს, სანდრო ჩვენს გვერდით იყო, თითქოს, მის გულს უსწორდებოდა, ჩვენ რომ აქ ვიყავით. გვიან ღამის 2 საათზე ტაქსი დავიჭირეთ, ახალგაზრდა ტაქსისტი ბიჭი სასაფლაოზე ავიყვანეთ, აქ დაგველოდე, ძმობილო, ჩვენი ძმის საფლავზე მივდივართ და მალე გამოვალთო. თან გულში მეცინებოდა, ამ ტაქსისტ ბიჭზე რომ ვფიქრობდი, როგორია ოთხი კაცი აგაყვანინებს თავს საფლავზე, ნასვამები და საეჭვოდ სიბნელეში გიწევს ყურყუტი. „ეკაიფებით რა ამ ტაქსისტ ბიჭუნას?! ეკაიფეთ ჯო დასენს, ბიჭო!“ ავედით სასაფლაოზე, წინასწარ ნაყიდი კონიაკი ავუტანეთ, ვუთხარით ერთი-ორი სიტყვა და კარგად შეზარხოშებულებმა, კარგად გაბითურებულებმა და დაჩიავებულებმა ღრიალი მოვრთეთ… ასე ვტიროდით ოთხი კაცი სანდრო ნათლიას საფლავზე, მე კი ისევ მიჭირდა დაჯერება, რომ ცხოვრება ასე მალე გავიდა, და ყველაფერი რაც იყო – ის ეპოქა უბრალოდ ერთ დღეს გამქრალიყო. რაღაც უსახო და უბედური გამოძახილები ვიყავით ჩვენ, ეს ჩვენი აქ ყოფნაც მხოლოდ ინერცია იყო, სანდროს სიკეთის ინერცია…

სანდრო ნათლიას ორმოცამდე კიდევ ერთი ამბავი მოხდა. გარდა იმისა, რომ სანდრო დამესიზმრა და ამ სიზმრის გამო ბიჭები რესტორანში შევიყარეთ და კარგი დრო ვატარეთ, გარდა იმისა, რომ დედამ სანდროს პანაშვიდების მერე აღმოაჩინა ავადმყოფობა, რომელიც საკმაოდ სწრაფად მზარდი იყო და ჩვენ დღე-დღეზე მკურნალობა უნდა დაგვეწყო, მოხდა კიდევ ერთი რამ, რაც არ შეიძლება მწერლის გონებას და ამ სიმბოლიზმებითა და ღვთიური შარავანდედით მოცულ ამბავს გამორჩეს.

ვინაიდან და რადგანაც, იმდენად ძლიერი იყო ჩემი სურვილი სანდროსთვის ჩვენი ახალი სახლი მეჩვენებინა, ის კი მოულოდნელად გარდაიცვალა და გამაბანძა! ჰო, გააბანძა მისი ნათლული ნიკოლასი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემმა სურვილმა ნაყოფი მაინც გამოიღო, სანდრო თუ ვერ, ჩვენს ახალ სახლში სანდროს შვილი, ანა დავპატიჟეთ და ერთი სასიამოვნო საღამო გავატარეთ ჩვენთან სახლში, მე, ჩემმა მეუღლემ და სანდროს შვილმა – ანამ.

ანას მე შორიდან ვიცნობდი, ვიცოდი მისი ამბები სანდროსგან, მაგრამ სანდროსთან და ანასთან ერთად არასდროს არსად არ ვყოფილვარ. ანა ჩვენთან დიდი ტორტით ხელდამშვენებული მოვიდა, ვივახშმეთ და მერე ლაპარაკ-ლაპარაკში უცნაურ ისტორიებზეც გადავედით. ანიმ მიყურა, მისმინა, გაიგო და თან ვერ გაიგო ჩემი ბოდიალი და გამოუთქმელი სიყვარული სანდროს მიმართ, ბოლოს თქვა, ახლა შენ რომ გიყურებ, შენს ამბებს რომ ვისმენ და ვხედავ, როგორ გიყვარდა სანდრო, მინდა ერთი რამ გაგიზიაროთ, ისე რომ ეს არავინ არ იცისო. მე და ჩემი მეუღლე სმენად გადავიქეცით:

„სანამ სანდროს ეს ამბავი დაემართებოდა, მარტში – ძალიან მეცინება, მკითხავთან ვიყავი, სადღაც, გარეუბანში რა, ჩემმა დაქალმა წამიყვანა. ანუ რეალურად, იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი პროფესიული ამბები გამეგო, რადგან ვერ ჩამოვყალიბდი რა, მინდა თუ არ მინდა ეს პროფესია. და ზუსტად ამიტომ თან ხუმრობით, წავედით მოკლედ მკითხავთან. და ამ მკითხავმა ჩემდა მოულოდნელად საუბარი დამიწყო მამაჩემზე, და ვერ მივხვდი რა, პროსტა, რა შუაში იყო სანდრო, და ეგეთი რაღაც მითხრა, რომ მამაშენი ძალიან კეთილი კაცია, და ყველას ძალიან უყვარსო, და მოულოდნელად მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ შენს გარდა სანდროს კიდევ ჰყავს შვილი, ოღონდ სისხლისმიერი არაო, თან ბიჭიაო! და აი, ისე უყურებს როგორც საკუთარ შვილსო, ჰოდა, ეგეთი ვინ უნდა იყოს-მეთქი, ვერ მივხვდი მაშინ ვის გულისხმობდა, და ამ მკითხავმა, მოკლედ შენს გარდა ერთი ბიჭი ჰყავს, რომელსაც შვილივით უყურებს და უვლისო…“ ჰოდა, შემომხედა ანამ, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მკლავებზე ბეწვები წამოიმართნენ.

– „ჰო, ჰო! ჰოდა მგონია, რომ ის სანდროს შვილი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, შენ ხარ!“ გავწითლდი, დავიბრინჯე. ანიმ კი გააგრძელა:

– ჰო, იცი, ბავშვობაში მახსოვს სანდრო რეკავდა ხოლმე ხან ამერიკიდან, ხან ფილიპინებიდან და ეკითხებოდა დედაჩემს, ანასთვის რა წამოვიღოო, რა ჩამოვუტანოო, მატარებლების კომპლექტი მოეწონებაო? რაღაც მანქანები წამოვუღოო? დედაჩემი კიდე ეგეთი იყო, გოგოა, სანდრო, რა მატარებლების კომპლექტი, რამე სხვა გოგოური ჩამოუტანეო… ჰოდა, მე ამ დროს ის მატარებლის კომპლექტი გამახსენდა სანდრომ ერთ-ერთ დაბადების დღეზე რომ ჩამომიტანა. სანდრო ნათლია ისევ აგრძელებდა ჩემს გაოცებას და რაც მთავარია სიხარულის შემოტანას, ვინ თქვა: „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?“ ვინც ეს თქვა, აშკარად არ იცნობდა სანის.

„კაი რა, ნუ ატრაკებ, ეკაიფე ჯო დასენს, ბიჭო!“

ბოლოს კი, აგვისტოში სანდროს ორმოცი იყო. ქრისტიანობის მიხედვით, მეორმოცე დღეს გარდაცვლილის სული ემშვიდობება აქაურ სამყაროს, ახლობლებს, ნათესავებს და მიფრინავს ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში – რა მნიშვნელობა აქვს მერე საით მიფრინავს. მოკლედ, მეორმოცე დღეს ეს გარდაცვლილის სული ბოლოჯერ ხედავს აქ, დედამიწაზე საახლობლოს და მათ შორისაა, მათთან ერთად ტრიალებს ციბრუტივით, ეჩურჩულება, ეხვევა, კოცნის, ესაუბრება, ეხუმრება, რაც მთავარია, მათთან ერთადაა. სანდროს ორმოცზე ყველას ერთი რამ შევატყვე, ყველა შევგუებოდით სანის გარდაცვალებას, დრო გასულიყო და თავისი სასტიკი და მიამიტური კლანჭებით ყველასთვის ჩაეგონებინა, რომ ცხოვრება გრძელდება, ჩვენც გავაგრძელეთ… სანდროს ორმოცზე უცხოელებიც იყვნენ, მაშინ პანაშვიდებზე და გასვენებაზე რას მოასწრებდნენ, ახლა კი, გაგიჟდებოდით, საიდან არ იყვნენ ჩამოსულნი. ფილიპინებიდან უფროსი ქალი, სადღაციდან ინდოელი კაცი, იქ რუსული საუბარიც ისმოდა და ვერ გავერკვიე, რომელი სლავური ქვეყნიდან იყვნენ, ვიღაც ამერიკელიც იღერებდა ყელს სხვებთან ერთად. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ნათლიას სანათესავო ამ ტიპებს ყველას ქართული სახელებით მიმართავდა, სანდროს შერქმეული სახელები ყოფილა, დავითი, ქეთო, ნიკო, ლიზა – მოკლედ სანის თავის დროზე ყველა ამ უცხოელი თანამშრომლის თუ მეგობრის სახელი ქართულად გადაუკეთებია და სულ ასე ეძახდა ამ ადამიანებს, როცა კი საქართველოში ჩამოჰყავდა ან ქართველებთან გარევდა. ასე, ქართული სახელებით დადიოდნენ შავკანიანი, ყვითელკანიანი, ბუდისტი და ა.შ. სხვადასხვა რჯულის, სხვადასხვა რასის ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სანდროს მოსაგონარს სვამდნენ, ნათელში ამყოფოს, ღმერთმა გაანათლოს მისი სული! მისი სახელის არ დავიწყება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ხალხიდან ხალხამდე, ენებიდან ენებამდე და ასე სიკეთის სუპერგმირული სხივივით – „ეკაიფე ჯო დასენს“.

სტუმრებს შორის არ იყო ერთი იაპონელი კაცი, სანდროს ძმაკაცი და ახლო მეგობარი, იაპონელი ჰაჯიმე, რომელსაც თავისი მეგობრებისთვის იაპონური ძვირადღირებული ვისკი გამოუტანებია, უყვარდა სანდროს, მის სახელზე დალიეთო. „იამაძაკი“ ჩვენ, ბიჭებს მოგვრჩა, ორმოცზე ხალხი რომ დაიშალა, ჩვენ გვიანობამდე იამაძაკით ვიწვავდით პირს და მოგველანდა, თუ მართლა იქ იყო, არ ვიცი, სანდროს სული ბორიალობდა, კაი ხასიათზე მყოფი, ცეკვავდა, უნდა აყირავებულიყოო, ბიჭებს ხელს ხვევდა, ვიღაცას ეხუმრებოდა, მიღიმოდა, ხელებს მაღლა სწევდა და ცეკვავდა, იამაძაკი, იამაძაკი, ჯო დასენი, ჯო დასენ…

მეორე დღეს დილით დედას პირველ ქიმიოთერაპიაზე გავყევი, პირში იამაძაკის ტკბილ-სევდიან წვას ვგრძნობდი, ნაბახუსევი ვიყავი, მაგრამ არაფერი მემჩნეოდა, მზე ანათებდა, ბაღში პაციენტები დადიოდნენ. მას მერე თვეები გავიდა, დედა სულ განიკურნა, ბოლომდე გამოჯანმრთელდა, ყველას დახმარებით, ყველას გვერდში ყოფნით ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა და ამით, თითქოს, საბოლოოდ განაცხადა, რომ XXI საუკუნეში სიმსივნით აღარავინ დაიღუპება! მე კი, დღემდე ვგრძნობ იმ დილით პირველ ქიმიოზე წასულს, პირში იამაძაკის გემო მქონდა, რბილად რომ მწვავდა, და ეს გემო, თითქოს, მეუბნებოდა, თითქოს, მელაპარაკებოდა:

 „ნათლია, არ იდარდო, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, არასდროს მიგატოვებ, ყოველთვის შენ გვერდით მიგულე“…

ეგრე რა ბიჭო, ეგრე რა! ძლივს არ ეკაიფა ჯო დასენს?!

2023, 30 აგვისტო

თბილისი

© არილი

Facebook Comments Box