ესე,  ხსოვნა

ხათუნა ხაბულიანი – მახო და იანუსი

ძვირფასო მეგობარო,

მონტენის თანამედროვეები რომ ვყოფილიყავით, სურნელოვან ქაღალდზე ოსტატური კალიგრაფიით დაწერილ ეპისტოლეებს მივწერდით ერთმანეთს. ფრთხილად და უფროსი მეგობრის მზრუნველობით გკითხავდი ჯანმრთელობის შესახებ, ვეცდებოდი გამემხნევებინე შენი ბაღის წიწკანების მოკითხვით, მაგრამ სხვა ეპოქაში ვართ და სხვა ფორმებს ვწყალობთ ან ისინი გვპოულობენ დროდადრო.  

* * *

მახომ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ფორმის პოვნა – ის პერფორმერი იყო, სოციალური ქსელის მაცოცხლებელი გული. მისი ფეისბუქ სტატუსები და სპონტანური იმპროვიზაციები არ მოგცემდა საშუალებას, დაგევიწყებინა რეალური სამყარო ელექტრონულ ველისა და ვირტუალური რეალობის პირობებში. მიწის ტექსტურა, ღვინის არომატი და სიტყვის ძალა ერთიანდებოდა იმ ყოველდღიურობის პოეზიაში, რითაც ის  საკუთარ აუდიტორიას შემოიკრებდა.  აღაფრთოვანებდა ყველაფერი, რაშიც მარადიულობა, უწყვეტობა ჩანდა და ამ აღფრთოვანებას ჯამბაზურ-ჟონგლიორული იმპროვიზაციებით ამოიძახებდა ხოლმე თავის უცვლელ სტილში: „აბსოლუმან!“, ბუჯო!,“ „კინო არის ეს!“ (ეს უკანასკნელი მრავალზე შეიძლებოდა ეთქვა, სხვადასხვა აქცენტით და, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, ასჯერ რომ ეთქვა ეს ფრაზა, – ას ფილმზე, ასჯერ სხვადასხვა იქნებოდა). ან კიდევ, ასეთი ემოციური და მაქსიმალისტური წინადადება: წელიწადში ერთხელ მაინც ვდებ. სუფთა კინო ვისაც გინდათ, გასახსენებლად. ნეტა ჯარმუშმა რო დედმენი გადაიღო, ეს ნანახი ჰქონდა?  (ალექსანდრე რეხვიაშვილის „გზა შინისაკენ“-ზე ამბობდა). მე განსაკუთრებით ველოდი ხოლმე მის რეაქციებს მხატვრობაზე, გამოსახულებაზე. კარგად ცნობდა შორსმჭვრეტებს, ხედვის ოსტატებს, აქაც მოულოდნელი და ყოველთვის ზუსტი კომენტარები ჰქონდა. გურამ წიბახაშვილის გადაღებული მახო ტიპური რენესანსული პერსონაჟია, – მონუმენტური, რეპრეზენტატული და ფსიქოლოგიურად რთული, საკუთარ ეგზისტენციალურ არსზე მუდმივად მოფიქრალი და უთქმელი ტვირთით დამძიმებული, თან მუდმივ მზადყოფნაში თვითირონიისა და სხვების გახალისებისთვის.

მახო-პერფორმერის სიტყვებით აღწერა არ არის ადვილი. მისი ავატარი დღესაც მონუმენტივით დგას სოციალურ ქსელებში და უცვლელ თანდასწრებას ადასტურებს. ის პერსონაჟი იყო, რომელზეც წიგნებს წერენ და მრავალი მწერლის სტილსა და თხრობას მოიხდენდა, აღმზრდელობითი რომანის ვნებიან ჰუმანიზმს, თუ მოდერნისტულ თავბრუსხვევას. მას უყვარდა ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, ფეხბურთი და ადამიანებს  ამ სიყვარულის დემონსტრირებით ახალისებდა, კარგი სანახავი იყო, თუ როგორ უყვარდა მახოს ზოგადად ადამიანები.  “უწმინდესი, დაკვირვებული მზერა, ნოლი ზერელობა. თან ღიმილია”, – ეს მისი კომენტარია ახალგაზრდა ვერონეზეს ავტოპორტრეტზე, რომელსაც მართლაც ძალიან ჰგავდა და ხუმრობით დავუწერე, შენი წინა ცხოვრება იქნებოდა-მეთქი.

ჩვენი ნაცნობობა და მერე მეგობრობა 1990-იანების ბოლოს დაიწყო, ჯერ კიდევ კავკასიონის რედაქციაში, ბესიკის ქუჩაზე. მე ის მასალა მივიტანე, რაზეც რეაქციას საერთოდ არ ველოდი, რამდენიმე ტექსტი თანამედროვე ხელოვნებას ეხებოდა და იმ ენას, რომელიც მაშინდელ ქართულ კულტურაში ძალიან შეზღუდულ აუდიტორიაში ჟონავდა და ხელის ცეცებით მოძრაობდა. მახოს ექსპრესიულმა რეაქციამ  ძალიან გამახარა – სიახლე განსაკუთრებით აღმაფრთოვანებსო. მიუხედავად მძიმე კრიზისისა, მაშინდელი გარემო უფრო იმედიანი იყო, ვიდრე დღეს – გარეგნული უსიცოცხლობისა და სასოწარკვეთის პირობებში თითქოს გამაერთიანებელი სლოგანი ისმოდა რეფრენად, რომ ამას თავს დავაღწევთ, აქედან გავალთ. ამით აიხსნებოდა ის სახელოვნებო მოძრაობებიც, რომლებიც ლოგიკის მიხედვით საერთოდაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ პარადოქსულად ავლენდა ხოლმე თავს. იმ დროს დაიწყო გაცნობიერება, რომ არსებობდა გამოტოვებული გამოცდილებები, წაუკითხავი ტექსტები, უნახავი სურათები, უთარგმნელი წიგნები და სადღაც სხვაგან გამოჭედილი ტერმინები, რომლებიც ადგილობრივ კულტურულ პროცესში ვერ ინტეგრირდა. ამ ყველაფრის გარეშე კი, სადღაც მიღმა ვრჩებოდით, მარგინალურ სივრცეში. მახო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო იმათგან, ვინც ამ პერიოდში მისიონერული თავდადებით შეუდგა რეფორმატორის მძიმე შრომას. არილიც ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა, იმავე სულისკვეთების მატარებლად,  როგორც თვითონ თქვა ისევ ვერონეზეს მიერ შესრულებულ, ოღონდ სხვა ავტოპორტრეტზე (ვილა ბარბაროს ფრესკებიდან)  –  „შუა საუკუნეებს ემშვიდობება მანდ, ახალი დროების კარიბჭეში დგას“. ბოლო წლებში არილისთვის დაწერილი ერთ-ერთი ესე ჯონ ბერჯერის ხსოვნას მივუძღვენი, სადაც მისი დამფასებლის ფრაზაც იყო ნახსენები, – მას უწოდებდნენ  შორსმჭვრეტს, ვისთანაც სამყარო „უკეთესი ხდებოდა“. მახოც იმათ გუნდშია, ვინც უკეთესი გახადა ყველა მისი ნაცნობისა და მეგობრის აქ ყოფნა და შემდეგ უბრალოდ ფიზიკურად გაქრა, ახალი დროების კარიბჭიდან. ჩემი ერთ-ერთი პირველი წერილი, რომელიც მახოს რედაქტორობით დაიბეჭდა 1990-იანების ბოლოს, რიჩარდ ლენგის ტექსტს ეხებოდა  – „საცხოვრისი. ზღურბლის გადალახვის ფენომენოლოგიური გააზრება“. ტექსტის მიმოხილვა სივრცის ბუნებასა და მის დიფერენციაციაზე აქცენტით ვითარდებოდა, პირობითად გამყოფი ზღუდეების  სახასიათო მაგალითებითა და სიმბოლოებით. მოხსენიებული იყო  ორსახოვანი იანუსიც – ახალი წლის, კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყველაფრის დასაწყისისა და დასასრულის ღმერთი. რამდენიმე თაობას მოგვიწია იმ პერიოდში ცხოვრება, რომელსაც გარდამავალი დაერქვა, შეგვიძლია იანუსის დროც დავარქვათ, რომლის ერთ-ერთი კარიბჭის მეთვალყურეც მახო იყო.

© არილი

Facebook Comments Box