პროზა (თარგმანი)

ვირჯინია ვულფი – ლაპინი და ლაპინოვა

ინგლისურიდან თარგმნა ქეთო გახოკიამ

იქორწინეს. საქორწილო მარში აგუგუნდა. მტრედები აფრთხიალდნენ. იტონის პიჯაკებში გამოწყობილმა ბიჭებმა ბრინჯი მიმოაბნიეს. ფოქს ტერიერმა ზანტად გადაკვეთა ქუჩა. ერნესტ თორბერნმა მანქანამდე მიაცილა პატარძალი, სრულიად უცხო ადამიანების იმ პატარა, ცნობისმოყვარე ჯგუფის თანხლებით, რომელიც ლონდონში ყოველთვის იკრიბება ხოლმე სხვათა ბედნიერებით თუ უბედურებით გასახარად. კაცი უდავოდ მოხდენილი ჩანდა, ქალი კი — მორცხვი. ისევ ბრინჯი მიმოფანტეს და მანქანაც დაიძრა.

ეს სამშაბათს მოხდა. ახლა უკვე შაბათი იდგა. როზალინდს ჯერ კიდევ უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ უკვე მისის თორბერნი გამხდარიყო.

იქნებ ვერც ვერასდროს შეჰგუებოდა იმას, რომ მისის „ვიღაც“ რქმეოდა, — გაიფიქრა მან, როცა სასტუმროს რკალისებრ ერკერთან იჯდა, ტბასა და მთებს გაჰყურებდა და საუზმეზე ქმრის ჩამოსვლას ელოდა.

სახელი ერნესტი რთულად შესაგუებელი გამოდგა. როზალინდი ამას ნამდვილად არ აირჩევდა. თავად ტიმოთი, ენტონი ან პიტერი ერჩივნა. ქმარი არც გარეგნობით ჰგავდა ერნესტს. ეს სახელი ალბერტის მემორიალს, წითელი ხის ბუფეტებს, პრინც-კონსორტისა და მისი ოჯახის ფოლადის გრავიურებს აგონებდა — ერთი სიტყვით, დედამთილის სასადილო ოთახს პორჩესტერ-ტერასზე.

მაგრამ, აი ისიც! მადლობა ღმერთს, ერნესტს სულაც არა ჰგავდა — არა! მაშ, ვის ჰგავდა? ქალმა ქმარს გვერდულად გახედა. გახუხული პურის ჭამის დროს კაცი ბოცვერს ჩამოჰგავდა. სხვა ვინ შეამჩნევდა ამ ციცქნა და მშიშარა არსების იერსახეს იმ დაკუნთულ, მოწესრიგებულ ახალგაზრდა მამაკაცში, რომელსაც სწორი ცხვირი, ცისფერი თვალები და მტკიცე მოხაზულობის ტუჩები ჰქონდა. მაგრამ სწორედ ეს ხდიდა ყველაფერს კიდევ უფრო სახალისოს. ჭამისას ცხვირის წვერი ოდნავ უტოკავდა. ზუსტად ისე, როგორც როზალინდის შინაურ ბოცვერს. ქალი კაცის მოცმაცუნე პირს თვალს ვერ წყვეტდა; და როცა ქმარმა მისი მზერა დაიჭირა, როზალინდს ახსნა მოუწია, რატომ იცინოდა.

„იმიტომ, რომ კურდღელს გავხარ, ერნესტ“, – თქვა მან, „ოღონდ გარეულ კურდღელს“, – დაამატა და შეხედა, – „მონადირე კურდღელს, კურდღელთა მეფეს, რომელიც სხვა კურდღელთათვის ქმნის კანონებს“.

ერნესტს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა იმისა, რომ ასეთი კურდღელი ყოფილიყო და რაკიღა ცოლს მისი ცხვირის ცმაცუნი ახალისებდა – მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხვირის შესახებ აქამდე არაფერი უწყოდა – ახლა განზრახ მიმართა ამ ოინს. ქალი კი იცინოდა და იცინოდა; იცინოდა ერნესტიც. ამიტომ, ხანში შესულმა შინაბერა ქალბატონებმა, მეთევზემ და გაქონილ შავ პიჯაკში გამოწყობილმა შვეიცარიელმა ოფიციანტმა სწორად დაასკვნეს: ისინი ძალზე ბედნიერები იყვნენ. მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ასეთი ბედნიერება? – ეკითხებოდნენ საკუთარ თავს; და თვითეული საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე პასუხობდა ამ შეკითხვას.

სადილობისას, ტბის პირას, მანანის ბუჩქთან ჩამომჯდარმა როზალინდმა კაცს ჰკითხა: — „სალათის ფურცელი გინდა, ბოცვერო?“ — და ფურცელი გაუწოდა, რომელიც მაგრად მოხარშულ კვერცხებთან ერთად საგზლად წამოეღოთ. „მოდი და ჩემი ხელიდან ჭამე“, — დაამატა მან. ქმარიც მიიწია, სალათის ფურცელი ჩაკბიჩა და ცხვირი ააცმაცუნა.

„კარგი ბოცვერი, ჭკვიანი ბოცვერი“, — უთხრა ქალმა და ხელი მოუთათუნა, ზუსტად ისე, როგორც შინ, თავის მოშინაურებულ კურდღელს ეფერებოდა ხოლმე. მაგრამ ეს აბსურდი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, კაცი „მოშინაურებული“ კურდღელი არ გახლდათ. ქალმა ფრანგულის გამოყენება სცადა. „ლაპენ“, – დაუძახა მან, მაგრამ კაცი არც ფრანგულ კურდღელს ჰგავდა. ცალსახად, უდავოდ ინგლისელი იყო -პორჩესტერ-ტერასზე დაბადებული, რაგბიში განსწავლული; ახლა კი მისი უდიდებულესობის სამხედრო სამსახურის მოხელე; ამიტომ, „ბაჭიას“ დაძახება სცადა; მაგრამ ეს კიდევ უარესი აღმოჩნდა. ბაჭია პუტკუნა, ფაფუკი და სასაცილო უნდა ყოფილიყო; კაცი კი გამხდარი, ძარღვიანი და სერიოზული გახლდათ; და მაინც, ცხვირი ისევ უტოკავდა. „ლაპინ!“[1], – წამოიძახა უეცრად და უცებ შეჰკივლა კიდეც, თითქოს ზუსტად ის სიტყვა იპოვა, რომელსაც ეძებდა.

„ლაპინ, ლაპინ, მეფე ლაპინ!“— გაიმეორა მან. სახელი თითქოს ზედგამოჭრილი იყო. იგი ერნესტი კი არა, მეფე ლაპინი გახლდათ. რატომ? – თვითონაც არა უწყოდა.

როცა ხანგრძლივი, მარტოსული სეირნობების დროს სალაპარაკო აღარაფერი რჩებოდათ – როცა წვიმდა, როგორც ყველანი წინასწარ აფრთხილებდნენ ხოლმე, ან როცა საღამოობით, სიცივის გამო ბუხარს მიუსხდებოდნენ,  და შინაბერა ქალბატონები და მეთევზე უკვე წასულიყვნენ, ოფიციანტი კი მხოლოდ ზარის დარეკვაზე გამოცხადდებოდა ხოლმე — როზალინდი საკუთარ წარმოსახვას გასაქანს აძლევდა და ლაპინების ტომის ამბებს თხზავდა. მის ხელთქვეშ – ცოლი ქსოვდა, ქმარი კი კითხულობდა — კურდღლები ძალიან რეალურები, ცხოველმყოფელნი და სახალისონი ხდებოდნენ. ერნესტი გაზეთს გვერდზე დებდა და ცოლს ეხმარებოდა. იქვე იყვნენ შავი და წითელი კურდღლები; იყვნენ მტერი და მოკეთე კურდღლები. იყო ტყე, სადაც კურდღლები ბინადრობდნენ; შორეული პრერიები და ჭაობი. მთავარი კი მაინც მეფე ლაპინი იყო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ცხვირს აცმაცუნებდა, რაც მისი ერთადერთი ოინი სულაც აღარ გახლდათ, დღითი დღე უფრო ძლიერი ხასიათის ცხოველად ყალიბდებოდა; როზალინდი მასში სულ ახალ-ახალ თვისებებს პოულობდა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი დიდებული მონადირე გახლდათ.

„და რა გააკეთა დღეს მეფემ?“ — იკითხა როზალინდმა თაფლობის თვის ბოლო დღეს.

მთელი ის დღე სინამდვილეში მთაში სეირნობაში გაატარეს და როზალინდს ქუსლზე კოჟრიც კი გაუჩნდა, მაგრამ ქალს ეს არ უგულისხმია.

„დღეს“, — თქვა ერნესტმა და სიგარას წვერი ისე მოაკვნიტა, რომ ცხვირი ააცმაცუნა, — „მეფე კურდღელს დაედევნა“, — კაცი შეყოვნდა, ასანთი გაკრა და ცხვირი ისევ აათამაშა. — „დედალ კურდღელს“, — დაამატა მან.

„თეთრ კურდღელს!“ — წამოიძახა როზალინდმა, თითქოს ელოდა კიდეც ამ პასუხს. — „მომცრო ტანისას; ვერცხლისფერ-რუხს; დიდი, კაშკაშა თვალებით?“

„ჰო“, — მიუგო ერნესტმა და ისე შეხედა, როგორც ქალი უყურებდა ხოლმე მას. — „მომცრო ცხოველს, რომელსაც თვალები ბუდეებიდან გადმოკარკვლია, პატარა წინა თათები კი ჩამოუყრია.“ ზუსტად ასე იჯდა როზალინდიც — ხელში საკერავი ეჭირა; მისი დიდი და კაშკაშა თვალები კი მართლაც წინ იყო ოდნავ წამოწეული.

„აჰ, ლაპინოვა“, — ჩაიჩურჩულა როზალინდმა.

„ასე ჰქვია?“ — იკითხა ერნესტმა, — „ნამდვილ როზალინდს?“ კაცმა შეხედა. იგრძნო, რომ ძალზე უყვარდა ქალი.

„კი, სწორედ ასე ჰქვია“, — თქვა როზალინდმა, — „ლაპინოვა“. იმ ღამეს, ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, ყველაფერი გადაწყდა. კაცი მეფე ლაპინი იყო, ქალი კი — დედოფალი ლაპინოვა. ისინი ერთმანეთის საპირისპირონი იყვნენ: კაცი — გაბედული და მიზანდასახული; ქალი — ფრთხილი და დაუცველი; კაცი კურდღლების ფუსფუსა სამყაროს განაგებდა; ქალის სამყარო კი უკაცრიელი, იდუმალი ადგილი იყო, რომელსაც უმეტესად მთვარის შუქზე ნახულობდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, მათი ტერიტორიები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ; ისინი მეფე და დედოფალი იყვნენ.

ამგვარად, როცა თაფლობის თვიდან დაბრუნდნენ, უკვე შექმნილი ჰქონდათ საკუთარი, პირადი სამყარო, რომელიც — თუ იმ ერთ თეთრ კურდღელს არ ჩავთვლით — სრულიად ლაპინებით იყო დასახლებული. ვერავინ ხვდებოდა, რომ ასეთი ადგილი არსებობდა და ეს, რასაკვირველია, ყველაფერს უფრო ხალისიან ელფერს ანიჭებდა. ამის გამო, სხვა ახალდაქორწინებულებზე მეტადაც კი გრძნობდნენ, რომ დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. ხშირად ეშმაკურად გადახედავდნენ ერთმანეთს, როცა ხალხი კურდღლებზე, ტყეებზე, ხაფანგებსა და ნადირობაზე იწყებდა საუბარს; ან მალულად თვალს ჩაუკრავდნენ სუფრასთან ერთიმეორეს, როცა დეიდა მერი იტყოდა, რომ ლანგრით მორთმეული კურდღლის დანახვა არ შეეძლო — ის ხომ ასე ჰგავდა ჩვილ ბავშვს; ან როცა ჯონი, ერნესტის მონადირე ძმა, ამბავს მოჰყვებოდა, რა ფასი ჰქონდა წინა შემოდგომას უილტშირის საგრაფოში კურდღლებს, ტყავიან-ხორციანად. ხანდახან, როცა ტყისმცველი, ბრაკონიერი ან მამულის ბატონი დასჭირდებოდათ, თავს იმით ირთობდნენ, რომ ამ როლებს თავიანთ მეგობრებს უნაწილებდნენ. ერნესტის დედა, მისის რეჯინალდ თორბერნი, მაგალითად, იდეალურად ერგებოდა სკვაირის როლს. მაგრამ ეს ყველაფერი საიდუმლო იყო — მთელი არსიც სწორედ ამაში მდგომარეობდა; მათ გარდა არავინ იცოდა, რომ ასეთი სამყარო არსებობდა.

ამ სამყაროს გარეშე – უკვირდა როზალინდს – როგორღა შეძლებდა იმ ზამთრის გადატანას? აი, თუნდაც, ის ოქროს წვეულება, როცა ყველა თორბერნი პორჩესტერ-ტერასზე იმ კავშირის ორმოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა, რომელიც ესოდენ კურთხეული აღმოჩნდა — განა ამ ქორწინებამ არ მოავლინა ამქვეყნად ერნესტ თორბერნი? —  და ესოდენ ნაყოფიერიც — განა, კიდევ ცხრა ვაჟი და ქალიშვილი არ შობეს, რომელთაგან ბევრი თავადაც დაქორწინებული და ნაყოფიერი გამოდგა? ქალს ამ წვეულების წარმოდგენაც კი ზარავდა. მაგრამ ეს გარდუვალი იყო. კიბეზე ასვლისას მწარედ განიცდიდა, რომ დედისერთა იყო და, თანაც, ობოლი; მხოლოდ ერთი პაწაწინა წვეთი გახლდათ იმ უამრავ თორბერნს შორის, რომლებიც დიდ მისაღებ ოთახში, პრიალა ატლასის შპალერითა და ოჯახის ბრწყინვალე პორტრეტებით გარშემორტყმულნი, იკრიბებოდნენ. ცოცხალი თორბერნები ძალიან ჰგავდნენ კედელზე ჩამოკიდებულთ; მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მიხატული ტუჩების ნაცვლად ნამდვილი ჰქონდათ, საიდანაც ხუმრობები დაუსრულებლად იფრქვეოდა; ხუმრობები სკოლასა და გუვერნანტზე, რომელსაც სკამი გამოაცალეს; ხუმრობები ბაყაყებზე, რომლებიც შინაბერა ქალბატონებს უმწიკვლო სარეცელში ჩაუწვინეს; რაც შეეხება თავად როზალინდს, მას ყველაზე უწყინარი ოინიც კი არასდროს მოუწყვია ლოგინში.

საჩუქრით ხელში გაემართა დედამთილისკენ, რომელიც დიდებულ ყვითელ ატლასში გამოწყობილიყო, და მამამთილისკენ, რომელსაც გულზე დიდი, ყვითელი მიხაკი დაებნია. მათ გარშემო, მაგიდებსა და სკამებზე, ოქროს ძღვენი დაეხვავებინათ: ზოგიერთი ნივთი ბამბის ბუდეში მოკალათებულიყო, ზოგი კი ამაყად იდგა – შანდლები; სიგარის ყუთები, ძეწკვები; თითოეული იუველირის ნიშანს ატარებდა, როგორც მტკიცებულებას, რომ ეს წმინდა ოქრო გახლდათ – სინჯიანი და უტყუარი.

მისი საჩუქარი კი ერთი პატარა, დასვრეტილი, ტომპაკის კოლოფი იყო; ძველებური საქვიშე, მეთვრამეტე საუკუნის რელიკვია, რომელსაც ოდესღაც სველ მელანზე ქვიშის მოსაყრელად იყენებდნენ ხოლმე. ახლა ეს საჩუქარი – საშრობი ქაღალდების ეპოქაში – უაზროდ მოეჩვენა. და როცა კოლოფი გაუწოდა, თვალწინ დედამთილის მსხვილი, შავი ასოებით გამოყვანილი ხელწერა წარმოუდგა, რომელიც მათი ნიშნობის დღის იმედს იმეორებდა: „ჩემი ვაჟი ბედნიერს გაგხდის“. არა, ბედნიერი არ ყოფილა. სულაც არ იყო ბედნიერი. ერნესტს გახედა, სარივით გაჭიმულს, საგვარეულო ცხვირით, რომელიც ოჯახურ პორტრეტებზე გამოსახულ ყველა ცხვირს ჰგავდა. ცხვირით, რომელიც არ ტოკავდა.

შემდეგ სადილად დასხდნენ. ქალს სანახევროდ უზარმაზარი ქრიზანთემები ფარავდა, რომელთა წითელი და ოქროცურვილი ფურცლები დიდ, მრგვალ ბურთად შეკრულიყო. ყველაფერი ოქროსი იყო. ოქროს არშიაშემოვლებული ბარათი, ოქროსავე ინიციალები, იმ კერძების ჩამონათვალით, მათთვის რიგრიგობით რომ უნდა მოერთმიათ. ქალმა კოვზი კამკამა ოქროსფერ წვნიანში ჩაჰყო. გარეთ ჩამოწოლილი სუსხიანი, თეთრი ნისლი, ლამპრის შუქზე ოქროსფერ ბადეს ჰგავდა, რომლის ფონზე, თეფშის კიდეები სიმკვეთრეს კარგავდა, ანანასის კანი კი უფრო ხორკლიანი და ოქროსფერი ხდებოდა. მხოლოდ ის იჯდა თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილი, და დიდი თვალებით წინ მომზირალი ისეთივე ცივი ჩანდა, როგორც ყინულის ლოლუა.

სადილი გაიწელა, ოთახი სიცხისგან დაიორთქლა. მამაკაცების შუბლზე ოფლის წვეთებმა გამოჟონა; იგრძნო, რომ მისი ყინულის ლოლუა წყლად იქცეოდა; დნებოდა; იფანტებოდა; არარაობაში იშლებოდა და მალე გული წაუვიდოდა;  სისხლი მოაწვა, ყურებში აგუგუნდა და უეცრად, ამ ფონზე, ქალის შეძახილი გაიგონა:

„მაგრამ ისინი ასე მრავლდებიან!“

„თორბერნები — დიახ, ისინი ასე მრავლდებიან“, — გაიმეორა გულში, თან იმ მრგვალ, წითელ სახეებს შეჰყურებდა, რომლებიც თავბრუსხვევის დროს ერთი-ორად ეჩვენებოდა; თითქოს შარავანდედი ერტყათ გარს ოქროსფერ ნისლში. „ისინი ასე მრავლდებიან“. უცებ ჯონმა იღრიალა:

„პატარა ეშმაკები!.. უნდა დახოცო! დიდი ჩექმებით ზედ უნდა შედგე! ეგ ერთადერთი გზაა მათ მოსაშორებლად… კურდღლები!“

ამ სიტყვამ, ამ ჯადოსნურმა სიტყვამ, ქალი გამოაცოცხლა. ქრიზანთემებს შორის გაიჭყიტა და დაინახა, როგორ შეუტოკდა ერნესტს ცხვირი. ცხვირი დაიტალღა, ზედიზედ რამდენჯერმე ათრთოლდა; და სწორედ ამ დროს, თორბერნებს თავს იდუმალი კატასტროფა დაატყდათ; ოქროს მაგიდა აყვავებული კურდღლისცოცხათი მოფენილ ველად იქცა; მოგუგუნე ხმები ტოროლას ციდან ჩამოღვრილ წკრიალს დაემსგავსა. ცა ლურჯი გახდა – ღრუბლები ზანტად მცურავი; და ისინი, ყველანი, გარდაისახნენ – თორბერნები. მამამთილს შეხედა – პატარა, ქვეშქვეშა კაცს, შეღებილი ულვაშებით. მისი სისუსტე ნივთების შეგროვება გახლდათ — ბეჭდების, მინანქრის ზარდახშებისა თუ მეთვრამეტე საუკუნის ტუალეტის მაგიდის წვრილმანებისა, რომლებსაც კაბინეტის უჯრებში საგულდაგულოდ უმალავდა ცოლს. ახლა კი ხედავდა, ვინც იყო სინამდვილეში – ბრაკონიერი, რომელიც ჩუმად მიიპარებოდა ხოხბებითა და კაკბებით გატენილი ქურთუკით, რათა ნადავლი თავის პატარა, კვამლიან ქოხში, მალულად ჩაეყარა სამფეხა ქვაბში. აი, ვინ იყო სინამდვილეში მისი მამამთილი — ბრაკონიერი. ხოლო სელია, გაუთხოვარი ქალიშვილი, რომელიც მუდამ სხვების საიდუმლოებსა და იმ პატარ-პატარა ამბებს დაეძებდა, რომელთა დამალვასაც სხვები საგულდაგულოდ ცდილობდნენ, თეთრი, ვარდისფერთვალება ქრცვინი იყო; ცხვირზე, მიწაში ძრომიალისა და ქექვის გამო, ტალახი შეხმობოდა; მამაკაცების მხარზე გადაკიდებული ბადით ტარება და სოროში შერეკვა – აი, ასეთი საცოდავი იყო სელიას ცხოვრება; და ეს მისი ბრალი სრულებითაც არ გახლდათ. ასეთად ხედავდა სელიას. შემდეგ დედამთილს შეხედა, რომელსაც მეტსახელად სკვაირს ეძახდნენ. სახეაწითლებული, უხეში, ჩხუბისთავი – მართლაც ასეთი იყო, როცა ფეხზე იდგა და მადლობას იხდიდა;  მაგრამ ახლა, როცა დედამთილს შეჰყურებდა, როზალინდი — ანუ ლაპინოვა — ქალის ზურგს უკან ჩამოშლილ საგვარეულო სასახლეს, კედლებიდან ჩამოცვენილ ბათქაშს ხედავდა და ხმაში ჩამდგარი ქვითინიც ესმოდა, რომლითაც დედა საკუთარ შვილებს (რომლებსაც სძულდათ იგი) მადლობას უხდიდა იმ სამყაროსთვის, რომელსაც არსებობა უკვე შეეწყვიტა. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი ფეხზე, აწეული ჭიქებით, იდგნენ. და შემდეგ ყველაფერი დასრულდა.

„ოჰ, მეფე ლაპინ“! — წამოიძახა მან, როცა იმ ნისლიან ღამით სახლში ერთად ბრუნდებოდნენ, -„შენი ცხვირი ზუსტად იმ მომენტში რომ არ შერხეულიყო, მახეში გავებმებოდი!“

„მაგრამ ახლა ხომ სამშვიდობოსა ხარ“, — თქვა მეფე ლაპინმა და თათზე ხელი მოუჭირა.

„კი, სამშვიდობოს“, — უპასუხა მან.

და ასე პარკის გავლით განაგრძეს გზა  — ჭაობის, ნისლისა და კურდღლისცოცხას სურნელით გაჟღენთილი ველის მეფემ და დედოფალმა.

ასე გავიდა დრო; ერთი წელი; ორი წელი. და ზამთრის ერთ ღამეს, რომელიც შემთხვევით ოქროს ქორწილის წლისთავს დაემთხვა — თუმცა მისის რეჯინალდ თორბერნი უკვე გარდაცვლილიყო, სახლი კი ქირავდებოდა და იქ მხოლოდ დარაჯი ცხოვრობდა — ერნესტი ოფისიდან სახლში დაბრუნდა. წყვილს მყუდრო, პატარა ბინა ჰქონდა; სახლის ნახევარი ეჭირათ სარაჯის დუქნის თავზე, სამხრეთ კენსინგტონში, მეტროს სადგურთან ახლოს. ციოდა, ჰაერში ნისლი იდგა, როზალინდი კი ბუხარს მიფიცხებოდა და კერავდა.

„როგორ ფიქრობ, რა გადამხდა დღეს? — დაიწყო მან, როგორც კი ქმარი სავარძელში ჩაეშვა და ფეხები ცეცხლს მიუშვირა. — „ნაკადულზე გადავდიოდი, როცა…“

„რომელ ნაკადულზე?“ — შეაწყვეტინა ერნესტმა.

„ნაკადულზე, იქ, ქვემოთ, სადაც ჩვენი ტყე შავ ტყეს უერთდება,“ — აუხსნა მან.

ერნესტს სახეზე წამიერად სიცარიელე აესახა.

„რა ჯანდაბაზე მელაპარაკები?“ — იკითხა მან.

„ჩემო ძვირფასო ერნესტ!“ — წამოიძახა შეშფოთებულმა ქალმა. „მეფე ლაპინ!“ — დაამატა და ცეცხლის შუქზე პატარა წინა თათები ჰაერში გაასავსავა. მაგრამ კაცს ცხვირი არ შეტოკებია. ქალის ხელები – რომლებიც კვლავ ხელებად იქცნენ —საკერავს ჩაებღაუჭა; თვალები თითქმის ბუდიდან გადმოუცვივდა. სულ ცოტა ხუთი წუთი მაინც დასჭირდა ერნესტს, რომ ერნესტ თორბერნიდან კვლავ მეფე ლაპინად გარდაქმნილიყო; ამ დროს კი ქალი კეფაზე ისეთ სიმძიმეს გრძნობდა, თითქოს ვიღაც კისრის მოგრეხას უპირებდა. ბოლოს, როგორც იქნა, კაცი მეფე ლაპინად იქცა; ცხვირი აუთრთოლდა და საღამო, ჩვეულებისამებრ, ტყეში ხეტიალში გაატარეს.

მაგრამ ცუდად ეძინა. შუაღამეს იმ შეგრძნებით გამოეღვიძა, რომ რაღაც უცნაური დაემართა. სხეული გაშეშებოდა და გაყინვოდა. ბოლოს შუქი აანთო და გვერდით მწოლიარე ერნესტს დახედა. კაცს ღრმად ეძინა. ხვრინავდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხვრინავდა, მისი ცხვირი სრულიად უძრავი იყო. თითქოს არც არასოდეს შერხეულა. ნუთუ, შესაძლებელი იყო, რომ ეს კაცი მართლა ერნესტი ყოფილიყო, თავად კი – მართლა ერნესტის ცოლი? თვალწინ დედამთილის სასადილო ოთახი წარმოუდგა; ორნი ისხდნენ — ის და ერნესტი, უკვე დაბერებულები, გრავიურების ქვეშ, ბუფეტის წინ… მათი ოქროს ქორწილის დღე იდგა. ამას ვეღარ გაუძლებდა.

„ლაპინ, მეფე ლაპინ!“ — დაიჩურჩულა მან და ერთი წამით მოეჩვენა, თითქოს კაცს ცხვირი აუთრთოლდა. მაგრამ კვლავ ეძინა.

„გაიღვიძე, ლაპინ, გაიღვიძე!“ — შეჰყვირა ქალმა.

ერნესტს გამოეღვიძა; დაინახა, რომ ცოლი მის გვერდით, საწოლში სვეტივით აღმართულიყო და ჰკითხა:

„რა მოხდა?“

„მეგონა, ჩემი ბოცვერი მოკვდა!“— ამოიკნავლა მან.

ერნესტი გაბრაზდა.

„სისულელეებს ნუ როშავ, როზალინდ!“ — თქვა მან. — „დაწექი და დაიძინე.“

გვერდი იცვალა. ერთ წამში უკვე ღრმად ეძინა და ხვრინავდა.

მაგრამ ქალმა დაძინება ვეღარ შეძლო. საწოლის თავთან მიიკუნტა, როგორც კურდღელი თავის სოროში. შუქი ჩააქრო, მაგრამ ქუჩის ლამპიონები ჭერს მკრთალად ანათებდნენ; გარეთ მდგარი ხეები კი მაქმანივით ქსელს ქსოვდნენ, თითქოს ჭერზე ჩრდილოვანი კორომი გაშენებულიყო, რომელშიც როზალინდი დახეტიალობდა — ტრიალებდა, ტორტმანებდა; წრეზე წრიალებდა; ნადირობდა და ნადავლად ქცეულიყო; ესმოდა მეძებრების ყეფა და ყვირილი; მირბოდა, მიქროდა… ვიდრე მოახლემ ფარდები არ გადაწია და დილის ჩაი არ შემოიტანა.

მეორე დღეს გული ვერაფერს დაუდო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც დაკარგა. გრძნობდა, რომ სხეული შეკუმშვოდა; დაპატარავებულიყო, გაშავებულიყო და გამაგრებულიყო. სახსრებიც გახევებოდა და როცა სარკეში იხედებოდა — რასაც ბინაში უაზროდ ხეტიალისას ხშირად შვრებოდა — ეჩვენებოდა, რომ თვალები ბუდიდან ისე გადმოსცვენოდა, როგორც ქიშმიში ფუნთუშიდან. ოთახებიც თითქოს დაპატარავებულიყო. უზარმაზარ ავეჯს უცნაური კუთხეები გამოშვეროდა და ქალი გამუდმებით ეჯახებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ქუდი დაიხურა და გარეთ გავიდა. კრომველ როუდს გაუყვა; ყველა ოთახი, რომელსაც ჩაუარა და შეიხედა, იმ სასადილო ოთახს ჰგავდა, სადაც ხალხი ლითონის გრავიურების გარემოცვაში იჯდა და სქელი, ყვითელი მაქმანის ფარდებითა და წითელი ხის ბუფეტებით გარშემორტყმული, საჭმელს მიირთმევდა. ბოლოს, ბუნების ისტორიის მუზეუმს მიაშურა. ბავშვობაში ძალიან უყვარდა იქაურობა. მაგრამ, შესვლისთანავე, პირველივე, რაც თვალში მოხვდა, თეთრ თოვლზე შემდგარი კურდღლის ფიტული იყო, ვარდისფერი მინის თვალებით. ამის დანახვაზე მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ეგებ შებინდებისას უკეთ გამხდარიყო. შინ დაბრუნდა და სინათლეჩამქრალ ოთახში ბუხარს მიუჯდა, სცადა წარმოედგინა, რომ გაშლილ ველზე დაეხეტებოდა, სრულიად მარტო. იქვე ნაკადული მირაკრაკებდა; ნაკადულს მიღმა ბნელი ტყე ჩანდა. მაგრამ ნაკადულზე შორს ვეღარ მიდიოდა. ბოლოს ნაპირზე, სველ ბალახზე ჩაიმუხლა, სავარძელშიც სწორედ ასე იჯდა — მოკუნტული; ცარიელი ხელები უღონოდ ჩამოეყარა, თვალებით კი, რომელიც მინას მიუგავდა, ცეცხლის ალს მიშტერებოდა; უცებ თოფის ხმა გაისმა…შეკრთა, თითქოს ტყვია მოხვდაო. ეს ერნესტი იყო, საკლიტურში გასაღებს ატრიალებდა. ქალი ელოდა, ცახცახებდა. კაცმა კარი შემოაღო და შუქი აანთო. კართან იდგა — მაღალი, წარმოსადეგი და სიცივისგან გაწითლებულ ხელებს იფშვნეტდა.

„სიბნელეში ზიხარ?“ — იკითხა კაცმა.

„ოჰ, ერნესტ, ერნესტ!“ — შეჰყვირა ქალმა და სავარძლიდან წამოიწია.

„აბა, ამჯერად რაღა მოხდა?“ — ჰკითხა კაცმა მხნედ და ხელები ბუხარს მიუშვირა.

„ლაპინოვა…“ — ამოილუღლუღა ქალმა და თავისი დიდი, დამფრთხალი თვალებით კაცს შეშლილივით მიაჩერდა. — „ის გაქრა, ერნესტ. დავკარგე!“

ერნესტმა წარბები შეკრა. ტუჩები მაგრად მოკუმა. — „აჰა, ესე იგი, ამაშია საქმე?“— თქვა და ცოლს პირქუშად გაუღიმა.

ათი წამი იდგა ასე, უხმოდ; ქალი კი ელოდა და გრძნობდა, კეფაზე ხელები როგორ უჭერდნენ.

„ჰო“, — თქვა ბოლოს კაცმა. — „საწყალი ლაპინოვა…“

ბუხრის თავზე დაკიდებულ სარკეში ჰალსტუხი გაისწორა.

„მახეში გაება“, — თქვა მან, — „მოკვდა“, — მერე დაჯდა და გაზეთის კითხვა დაიწყო.

და ასე დასრულდა მათი ქორწინება.


[1] როზალინდი ფრანგული სიტყვიდან Lapin (“კურდღელი“) ქმნის ინგლისურ გვარს Lappin. ამით, ერთი მხრივ, ფრანგულ „კურდღელთან“ ფონეტიკურ მსგავსებას ინარჩუნებს, მეორე მხრივ კი, ერნესტის ინგლისურ წარმომავლობას უსვამს ხაზს.  

© არილი

Facebook Comments Box