
ჯონ აპდაიკის ბრაზილიურ ანგარიშზე ერთი მწერლური სიკეთე და ერთი მწერლური „დანაშაულია“.
დავიწყოთ სიკეთით.
ამერიკელმა ავტორმა შექმნა უზარმაზარი, მრავალშრიანი, დრამატული და ულამაზესი ბრაზილიური მხატვრული ტილო, რომელიც მოქარგულია როგორც ნამდვილზე ნამდვილი, ისე მაგიური რეალიზმის ელემენტებით.
ტილოზე გამოკვეთილია ორი მთავარი პერსონაჟი, ფერადკანიანი ტრისტაო რაპოზუ და თეთრკანიანი იზაბელ ლემე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მოგზაურობენ ბრაზილიის ტერიტორიაზე და მათი გადაადგილების მარშრუტის კვალდაკვალ, მკითხველის თვალწინ იშლება როგორც ქვეყნის გეოგრაფია, ისე მისი ხალხის, სხვადასხვა ტომის ცხოვრება და თავისებურებები.
ტილოზე გამოსახულია რიო-დე-ჟანეირო. სწორედ აქ ხვდებიან ერთმანეთს ტრისტაო და იზაბელი. მათი სიყვარული იბადება კოპაკაბანას ზღაპრულ სანაპიროზე, სადაც „ნებისმიერი ფერიცა და ელფერიც ერთ მოზეიმე, მზით გაოგნებულ, ადამიანის ხორცისფრად მთლიანდება და ქვიშას უკვე მეორე, ცოცხალი კანის ფენასავით ედება.“
ავტორი ასევე ხატავს რიოს ორ, ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ უბანს – უღატაკეს ფაველას, სადაც, მორუ-დუ-ბაბილონიის ფერდობზე, დგას ტრისტაოს ოჯახის ქოხმახი და იპამენს, უმდიდრეს დასახლებას, სადაც იზაბელის გავლენიანი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობს.
ტილოზე ვხედავთ სან-პაულუს, რომლის უსაზღვროება და უსასრულობა გმირებმა ჩასვლისთანავე იგრძნეს. რიოსგან განსხვავებით, სან-პაულუ ზღვასა და მთებს შორის არ იყო მომწყვდეული. ამიტომაც ეჩვენებოდა ტრისტაოს ეს ქალაქი ლაბირინთად, სადაც ორიენტაცია უკიდურესად უჭირდა. სან-პაულუ ქცეულიყო უსამანო ზეგანის ბუნებრივ ნაწილად, რომელიც ნავსადგურით ბოლოვდებოდა, დასავლეთისკენ გაშლილი თვალუწვდენელი სივრციდან კი ქალაქს წვიმა და გრიგალი ატყდებოდა ხოლმე თავს.
ასევე, რიოსგან განსხვავებით, სან-პაულუში დილას ატარებდნენ არა სანაპიროზე, არამედ ქუჩაში, საქმიან ფუსფუსში, სხვადასხვა საქონლით ვაჭრობასა და ათასგვარი ხელშეკრულების გაფორმებაში. ამიტომაც ამბობდა იზაბელის ბიძა, დონაშიანუ ამ ქალაქზე: „სულ სხვა ყაიდის ჯოჯოხეთია, იმის შემზარავად მახინჯი გამოვლინება, რა ამაოდ ვცდილობთ ბრაზილია სამრეწველო ქვეყნად გადავაქციოთ… ერთ დროს მწვანეში ჩაფლული და თვალწარმტაცი ჩვენი მიწა-წყალი ნამდვილი მიწიერი სამოთხე, თვალსა და ხელს შუა მახინჯდება“.
ტილოს შემდეგი მონაკვეთი აირეკლავს დედაქალაქ ბრაზილიას. აქ ავტორი აცოცხლებს ისტორიულ სინამდვილეს – აღნიშნავს რა პრეზიდენტ კუბიჩეკის წინასაარჩევნო დაპირებას „ახალი ბრაზილიის“ შესახებ. პრეზიდენტის იდეა ძალიან მოსწონდა იზაბელის მამას, სალომაოს და ბრაზილიურ ოცნებას უწოდებდა, მაგრამ საშინლად არ მოსწონდა ბიძას, დონაშიანუს. ჩვენი მთავარი გმირებისთვის კი დედაქალაქი ბრაზილია ასეთია – ტრასტაოსთვის ის ხასიათდება სამი ნიშნით: უსულო სქემატიზმით, ყალბი ტბებითა და გადარუჯული ბალახის უსასრულო სივრცეებით, იზაბელისთვის კი „ბრაზილია ჯოჯოხეთია, ოღონდ კიდევ უფრო მოსაწყენი. ეს ქალაქი ისე დაუხლიათ გავარვარებულ ზეგანზე, როგორც კვერცხი ტაფაზე.“
წყვილი დედაქალაქიდან მათი ურთიერთობისადმი იზაბელის ოჯახის უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას გაურბის. ტილოზე ილანდება მძიმე, ჭრაჭუნა, წითელმტვრიანი და ტალახიანი ავტობუსი, რომლითაც ტრისტაო და იზაბელი ჩადიან გოიასის შტატში. ფედერალური ოლქის საზღვარს იქით კამპო-სერადუა, „პირწმინდად სოფლური გარემო“, სადაც ჯუჯა ხეების მახინჯი კორომები ერთმანეთისგან ყოფს გორაკების ფერდობებზე შეფენილ მინდვრებს, თავად მინდვრებს კი, გვალვიანობის გამო, მუქი ფერის მცენარეულობა ფარავს.
კამპო-სერადუდან ექვსი საათის სავალი გზის შემდეგ, ტილოზე ჩანს გოიასის შტატის დედაქალაქი – წრიულად დაგეგმარებული, უსახელო და ერთმანეთისგან მხოლოდ ნომრებით გარჩეული უღიმღამო, უსახურ ქუჩებიანი გოიანია. ის ჰგავს დედაქალაქ ბრაზილიას: „გოიანიაში ლამის ისეთივე ატმოსფერო სუფევდა, როგორიც დედაქალაქ ბრაზილიაში – დამგეგმარებლებს აქაც ზუსტად ისევე მიენიჭებინათ აბსტრაქტული იერი დამყოლი სიცარიელისათვის…“
გოიანიადან ტრისტაო და იზაბელი მიდიან კურვა-დუ-ფრანსესში. ტილოს მიხედვით, ეს არის პატარა ქალაქი მთის მდინარის ნაპირზე, სადაც არაფერია ერთი სამიკიტნოს, მაღაზიისა და კარჩაკეტილი ეკლესიის გარდა.რაკი აქ ოქრო გამოილია, ქალაქი დაცარიელდა და მხოლოდ ქოხმახები, ეკალბარდები, მოგონებები და იმედები დარჩა.
კურვა-დუ-ფრანსესში ზემოაღნიშნული ავტობუსივით გაილანდა მაღალგვერდებიანი, ხარებშებმული ფორანი, რომელსაც მთავარი გმირები მიჰყავს ოქროს მოპოვებისადმი ადამიანის დაუოკებელი ლტოლვით ჩამოშიგნულ, გამოფატრულ სერა-დუ-ბურაკოში. ამ მონაკვეთში ტილოზე ჩანს კოოპერატივი, ბენზინგასამართი სადგური და დამკრძალავი ბიურო, რომელიც, ნიადაგის ეროზიისა თუ ოქროს მოსაპოვებლად ადამიანის ზედმეტი მოწადინებით გამოწვეული მეწყრით გარიმპერიუების[1] ლამის ყოველდღიური დაღუპვის გამო, მუდამ საქმიანია.
ჰო, ტილოზე ჩანს კიდევ ერთი რამ – ნაკვეთი, რომელიც ტრისტაომ და იზაბელმა კურვა-დე-ფრანსესში იყიდეს ჟღალი მამაკაცისგან. ის ნახატზე „წოწოლა, ეულ ბორცვად ამაღლებულიყო სხვა დანარჩენთა შორის. დაუღალავ წერაქვებსა და ბარებს ახლა ერთ უშველებელ ორმოდ ექცია ის, რაც ადრე მთა ყოფილიყო…“
ნაკვეთში ოქროს ნატეხის აღმოჩენისა და ტრისტაოს მიერ იზაბელის მამის მიგზავნილი ქილერის მოკვლის შემდეგ, ტილო აირეკლავს ხუთი ადამიანის (ტრისტაოს, იზაბელის, ორი ბავშვისა და ძიძის, ინდიელი კუპეჰაკის) გაქცევას მატუ-გროსუს შტატში. მიდიან უსასრულო, მთაგორიანი პლატოსკენ, „ერთფეროვან ბუჩქნარსა და ვრცელ, დაწინწკლულ სავანაში, სადაც შაპადაოს გადარუჯულ ფერდობებს ყავისფრად მოჩუხჩუხე მდინარეები ენაცვლებოდნენ შიგადაშიგ, ადამიანი კვლავ პირველყოფილ, მარად შიმშილთან ბრძოლის მტაცებლურ მდგომარეობას უბრუნდებოდა ნადირობის ჟინით შეპყრობილი.“ გზას მიიკვლევენ ჯაგნარში, სადაც ჩნდებიან გუაიკურუს ტომელები, რომლებმაც „ძვლისტარიანი დანით ყელი ყურიდან ყურამდე“ გადაუჭრეს კუპეჰაკს. ტილოზე ვხედავთ, როგორ გამოიყურებიან თავდამსხმელები: „თეძოებზე შემოხვეულ ტყავსა და მაჯა-კოჭებზე ასხმულ ეშვებსა და ნიჟარებს თუ არ ჩავთვლით, მომხდური მთლად დედიშობილა იყო. სახეზე ერთიანად ამოეპუტა წვერ-ულვაში და უწამწამებო, ჩაწითლებული თვალებიც პირდაღებული იარებივით მოუჩანდა. ლოყები და შუბლი დიდი მონდომებით მოესვირინგებინა, მოკლე თმა კი რაღაც ცვილისმაგვარით გაეპოხა… ხელში ბამბუკის გრძელი შუბი ეჭირა, საგულდაგულოდ წამახული და სავარაუდოდ, შხამში წვერამოვლებულიც“.
თავდამსხმელები ბავშვებს იტაცებენ და შესაბამისად, იზაბელი და ტრისტაო მარტონი რჩებიან. ისინი აღმოჩნდებიან პარესის მხარეში, საიდანაც ყველა მდინარესა თუ ნაკადულს ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი და, ათასობით მილის გავლის შემდეგ, ყველანი ამაზონში იყრიან თავს. პარესში წყვილს ისევ თავს ესხმიან და ატყვევებენ. ტილოზე ამ შემთხვევაშიც ვხედავთ თავდამსხმელებს: „დაკენკილ-დაბებკილი, გაცვეთილი ტყავის სამოსი ეცვა; მკერდზეც ყოველ მათგანს ასევე უხეში ტყავის, შიგნიდან ბამბაგამოდებული რაღაც ჯავშნისმაგვარი მოუჩანდა… ზოგიერთ მათგანს თავზე პალმის შტოებისგან შეკოწიწებული თავსაბურავი ეხურა, ზოგს კი უბრალოდ ბალანდა შემოეკრა. მათ შორის სახიჩრებიც ერივნენ – უხელოებიცა და უფეხოებიც… ყაჩაღებს თან ოციოდე ინდიელიც ახლდა, მათგან ზოგი მთლად დედიშობილა, ზოგი კი ჯვალოს შარვალ-ქურთუკებში ჩაცმული. ერთ-ერთ დაღრეჭილ ველურს გახვრეტილ ცხვირში თუთიყუშის ფრთები გაეჩარა. დანარჩენებს თავიანთი სიშიშვლე მაიმუნის ტყავის სამაჯურებითა თუ ნიჟარების აცმებით დაემშვენებინა“.
თავდამსხმელებს ტრისტაო და იზაბელი მიჰყავთ პაულისტების რაზმის, ბანდეირას მეთაურ ანტონიუ ალვარეშ ლანიას პეიშოტუსთან. ანტონიუს გვერდით ვხედავთ მისივე ძმას, ჟოზე დე ალვარენგა პეიშოტუს და ასევე ტუპის, გუარანისა და კადივეუს ტომელებს.
ტილოზე გამოსახულია შამანიც, ტეჟუკუპაპო: „ტანთხელს, მხოლოდ მუცელი გამობერვოდა უშნოდ, მომჭკნარი სახე ერთიანად დანაოჭებოდა და თავიც მუშტისოდენა მოუჩანდა ზედ დადგმული ბუმბულებიანი ჯიღის გამო. უწვერულვაშოს, წარბები და წამწამებიც კი ამოეპუტა, მხოლოდ პარტყუნა ყურებთან ჩამოზრდოდა თხელ, გრძელ კულულებად ჭაღარა თმა. კოჭებზე დიდი, სამკუთხა კაკლების აცმები ეკეთა, ხელში კი მარაკა ეჭირა – სირაქლემას კვერცხისოდენა, ფუტურო გოგრისგან გაკეთებული საჩხრიალო, რომელსაც დროდადრო ჰაერში შეარხევდა ხოლმე ნათქვამის მნიშვნელობის ხაზგასასმელად“. სწორედ მას უკავშირდება აპდაიკისეულ ბრაზილიურ ტილოზე მაგიური რეალიზმის ელემენტის წარმოჩენა. ტეჟუკუპაპოს დახმარების თხოვნით მიმართავს იზაბელი, რათა შამანმა იზაბელისა და ანტონიუს შვილს, ჭკუასუსტ სალომაოს გონება მისცეს. ტილოზე ასახულია შამანის მიერ ჩატარებული რიტუალიც, რომლის შედეგადაც, იზაბელი გახდა ფერადკანიანი, ტრისტაო კი თეთრკანიანი, რამაც, საბოლოოდ, იხსნა კიდეც ეს უკანასკნელი ბანდეირას ბანაკის ტყვეობიდან. ტილოზე ასევე არეკლილია შამანის ქოხამდე მისასვლელი გზა: „დასავლეთისკენ, მდინარის გადაღმა გაწოლილი ტყისთვის თამამად შეიძლებოდა ჯუნგლიც გეწოდებინა – სელვა ან მატა“. იზაბელსა და ანტონიუს მეორე ცოლს, იანოპამოკოს (სწორედ მან წაიყვანა იზაბელი შამანთან) ამ ჯუნგლში იაკუს ჯიშის ჩიტების ყურისწამღები ხმაური და უჩინარი მაიმუნების ყიჟინა მიაცილებდა. შამანიდან იზაბელი ბრუნდება ბანაკში, სადაც ხვდება ტრისტაოს და წყვილი იწყებს სვლას უკან – რიო-დე-ჟანეიროსკენ. აპდაიკისეული ტილო ასახავს მათ გზას ამჯერად აღმოსავლეთისკენ. ტრისტაომ და იზაბელმა გაიარეს ველური სავანა, სადაც მხოლოდ ინდიელებს შეუძლიათ გაძლება, შემდეგ ვრცელი საძოვრები, შემოღობილი ფერმები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ჯგუფ-ჯგუფად მდგარი სამწერველო საწარმოები. ისინი ხვდებიან ქალაქში სერა-დუ-ტომბადორის ფერდობს მერცხლის ბუდესავით შეკიდულ პატარა ქალაქში, სადაც იზაბელს დამხმარედ იყვანს მკერავი, ტრისტაოს კი – ნოქრად ერთი ვაჭარი თავის დუქანში. შემდეგ აღწევენ პატარა პროვინციულ ქალაქ ბუნდა-და-ფრონტეირას, რომელიც ცოტა ხნის წინ „შელეოდა ფიცარნაგის ტროტუარებს, სახლების ხის ფასადებსა და ცხენების მისაბმელ კადონებს“. აქ იზაბელი ტანსაცმლის მაღაზიაში საქმდება, ტრისტაო კი წესრიგის მეთვალყურედ ეწყობა დისკოთეკა „მატუ-გროსუ ელექტრიკუში“. მალე ის ამ ქალაქის ღამის ცხოვრების ვარსკვლავად ყალიბდება. ბუნდა-და-ფრონტეირაში წყვილი აგროვებს საკმარის ფულს, რათა დედაქალაქ ბრაზილიაში თვითმფრინავით ჩავიდეს. ბრაზილიის შემდეგ ისევ სან-პაულუ და ბოლოს, რიო-დე-ჟანეირო, კოპაკაბანას სანაპირო, სადაც სრულდება ტრისტაოს სიცოცხლეცა და აპდაიკისეული ბრაზილიული ტილოც.
ამგვარია ამერიკელი ავტორის მიერ მოხატული ბრაზილია. ამ ტილოს ბრაზილიაში გავრცელებული კერძებისა და მცენარეების არომატიც აქვს. ამავდროულად, ტილო აირეკლავს ავტორის თვალით დანახულ ბრაზილიური ხასიათის ფენომენსა და გასულ საუკუნეში ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს.
მაშასადამე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ აპდაიკის ეს მწერლური სიკეთე ბრაზილიისადმი ყველა ბრაზილიელის სახლში უნდა ინახებოდეს. ზუსტად ასე ვიტყოდი, ამ ტილოს არაერთხელ, გულდასმით დათვალიერების შემდეგ, ყოველ ჯერზე უცნაური განცდა რომ არ დამრჩენოდა. ეს უცნაური განცდა შემიქმნა ერთგვარმა დაუკმაყოფილებლობამ, რომელიც აპდაიკის მიერ ბრაზილიის, ფაქტობრივად, ფეხბურთის გარეშე დახატვამ გამოიწვია ჩემში (ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ეგრძნოთ ბრაზილიელ ქომაგებს). მართლაც უცნაურია, რომ მწერალმა გვამოგზაურა ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რელიგიაა, მან კი სპორტის ამ სახეობას თავის ტილოზე მიაკუთვნა თითქმის შეუმჩნეველი ფერები და იმდენად მცირე ადგილი, რომ აქვე შეიძლება თითოეული მონაკვეთის მოხმობა:
I. „მერე სადღაც, მათ თავს ზემოთ არსებულ ელექტრონით გაჩახჩახებულ სამოთხეზეც ალაპარაკდნენ, საიდანაც ჩვეულებრივ მოკვდავებთან სირმებად მოციმციმე მომღერლები, ტელევარსკვლავები, ფეხბურთის ჯადოქრები თუ უბრალოდ ზღაპრულად მდიდარი ადამიანები ეშვებოდნენ და დროებით თავსაც უყადრებდნენ დანარჩენებს“;
II. ტრისტაოს მცველი, ვირგილიუ „მოოკას უბნის საფეხბურთო გუნდში, „ტირადენტესში“ გაწევრიანდა“;
III. „რა დალევდა იმისთანა გოგოებს, უსირცხვილოდ რომ ეკონწიალებოდნენ ფეხბურთის ვარსკვლავებს, მით უმეტეს, პისტოლეტიც თუ მოუჩანდათ იღლიაში“;
IV. „აქ მომუშავე ხალხი, ციცაბო ხარაჩოებზე და სლიპინა ნიადაგზე მძიმე-მძიმე ტომრების უსასრულო თრევით გამოჯეკილ-ნავარჯიშევი, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე ჯანიან მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნებოდა: თითოეულ მათგანს შეეძლო მოეწონებინა თავი ძალოსნის გულმკერდითა თუ ფეხბურთელის მუხლით“;
V. „ხელსაწყო-იარაღები და პროდუქტები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ფაბრიკებიდან ჩამოჰქონდათ ძველი ჟურნალ-გაზეთების ნახევებში შეფუთული და სწორედ ამ ნაგლეჯების წყალობით იგებდა უკვე მოძველებულ ჭორებს, იქ ნახულობდა ყავლგასულ სამოსში გამოწყობილი კინოვარსკვლავების ფოტოებს და იმ სახელგანთქმული მომღერლებისა თუ ფეხბურთელების ცხოვრების საჩოთირო საქმეებსაც ეცნობოდა, კარგა ხნის წინ რომ დადინჯებულიყვნენ, ანდა სულაც ლოთობით ამოხდომოდათ სული“.
VI. „ – ვირგილიუ სადღაა? – ჰკითხა ტრისტაომ. ჯერაც ბურთს დასდევს, ისევ მარჯვენა გარემარბად თამაშობს მოოკას გუნდში?“
VII. „ბურჟუაზიული ცხოვრება კი ჩვეული მონოტონური გზით მიდიოდა – კბილის ექიმთან სტუმრობა, ხუთ საათზე ჩაის სმა, წვეულებები, ნათლობები, გამოსაშვები საღამოები, სასკოლო საფეხბურთო მატჩები თუ საბავშვო კონცერტები…“
VIII. „განათებულ სათამაშო მოედნებზე უსახლკარო ბიჭბუჭობა ამ შუაღამისასაც დასდევდა ბურთს ეშხში შესული“.
როგორც ვხედავთ, ზემოთ მოხმობილი მონაკვეთები არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ფეხბურთი ბრაზილიისა და ბრაზილიელებისთვის (შედარებით ნიშანდობლივია ბოლო მონაკვეთი). არადა უამრავი ადამიანის (მათ შორის, ჩემს) წარმოდგენაში ბრაზილია და ფეხბურთი განუყოფელი არიან. ბრაზილია ხომ ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს სამშობლო და არა მხოლოდ ოქროს, არამედ სპორტის ამ სახეობის ჯადოქართა (გარინჩას, დიდის, ვავას, ნილტონ სანტოსის, ჟაირზინიოს, სოკრატესის, რომარიოს, ბებეტოს, რივალდოს, რონალდოს, რონალდინიოს, კარლოსის, კაფუს, კაკას, ნეიმარისა და კიდევ მრავალთა) საბადოა. ბრაზილია ხომ ის ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტის, ფერნანდუ ენრიკე კარსოდუს პოლიტიკურ კარიერას ბოლო, ფაქტობრივად, მის მიერ ნაკრების შემადგენლობის ვერდასახელებამ და, ზოგადად, ფეხბურთისადმი მისმა არაბრაზილიურმა დამოკიდებულებამ მოუღო. ბრაზილია ხომ ერთადერთია, რომელმაც 1970 წელს, ჟიულ რიმეს სახელობის მსოფლიო თასის მესამედ მოგებით ეს ჯილდო სამუდამოდ დაიტოვა ქვეყანაში, რის გამოც FIFA-ს 1974 წლის ჩემპიონატისთვის ახალი თასის შექმნა მოუწია. ბოლოს და ბოლოს, ბრაზილიას ხომ ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) აქვს მოგებული მუნდიალი. ფეხბურთისა და ბრაზილიის ურთიერთმიმართების ფონზე, ნამდვილად მოულოდნელია ბრაზილიის შესახებ დაწერილ რომანში, რომელსაც სათაურადაც ქვეყნის სახელი აქვს, რაც მას ზოგად ხასიათს სძენს და მისდამი უფრო მეტი პრეტენზიულობისკენ გვიბიძგებს, ფეხბურთი ასე იყოს წარმოდგენილი.
ამდენად, ბრაზილიის უფეხბურთოდ დატოვება არის ჯონ აპდაიკის მწერლური „დანაშაული“ ამ ქვეყნისადმი. მასთან მიმართებით ამგვარი მკაცრი „განაჩენის“ გამოტანის მიზეზი კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ ვაღიარებ, რომ ამ ტექსტს ფეხბურთის, თანაც, ბრაზილიის ნაკრების ქომაგი წერს…
სხვათა შორის, სიმბოლური დამთხვევაა, რომ რომანი პირველად გამოქვეყნდა 1994 წლის ზამთარში, იმავე წლის ზაფხულში კი, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხედ იზეიმა თასის მოგება. ასე „უპასუხეს“ რომარიომ, ბებეტომ და კომპანიამ როგორც ჯონ აპდაიკს, რომელმაც მათი ქვეყანა ფეხბურთის გარეშე მოხატა, ისე ყველას, ვინც მაშინ ფავორიტად რობერტო ბაჯოსა და იტალიას თვლიდა. ასევე სიმბოლური დამთხვევაა ისიც, რომ ახლა, 2026-ში, იმდენივე წელი გადის ბრაზილიის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოჯერ მოგებიდან, რამდენიც ზემოაღნიშნულ 1994-ში იყო გასული[2]. მართალია, „სელესაო“ მიმდინარე მუნდიალზე ფავორიტად არ მიიჩნევა, მაგრამ ვინ იცის, მისგან ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი.
ბოლოსკენ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ტრისტაოსა და იზაბელის რიოდან რიომდე ოციოდე წლის ხეტიალი არის მოგზაურობა ბრაზილიაში არა იმდენად ამ ქვეყნის გეოგრაფიისა და ცხოვრების წესის გაცნობის მიზნით (თუმცა ნაწარმოები ამ დანიშნულებას თავისთავად იძენს), რამდენადაც იმის წარმოსაჩენად, როგორ იქცევა და იცვლება ადამიანი სხვადასხვა გარემოში: ქალაქში, სოფელში, ოქროს საბადოს დასახლებაში, მთაში, ჯაგნარში, ჯუნგლებში… ასევე როგორია ის სიღატაკეში, ფუფუნებაში, ტყვეობასა თუ ძალაუფლებაში ყოფნისას. აპდაიკი აჩვენებს, რა სულიერი და ფიზიკური ტრანსფორმაციები შეიძლება განიცადოს ადამიანმა გარემოთა ცვლის ფონზე. ასევე როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი სოციალური სტატუსი და, შესაბამისად, მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება.
ეს რომანი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შედევრად მიმაჩნია და ამადაც მიპატიებია ავტორისთვის ზემოაღნიშნული მწერლური „დანაშაული“. თანაც, როგორც მოვიძიე, აპდაიკს ძალიან არ უყვარდა ფეხბურთი და ამის გამო „ბრაზილიის“ დაწერისგან თავს ხომ არ შეიკავებდა. ფეხბურთისა და ბრაზილიის ურთიერთობის ჯადოსნური ამბავი კი უამრავ წიგნში ჩანს, დაწყებული ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ პელეს ავტობიოგრაფიული მოთხრობით „მე, პელე“, გაგრძელებული ნილტონ სანტოსის „მოხუცი და ბურთით“ და დასრულებული თუნდაც საბჭოთა ჟურნალისტის, იგორ ფოსუნენკოს ფანტასტიკური ტექსტით „პელე, გარინჩა, ფეხბურთი…“
[1] თავისუფალი ოქროსმაძიებლები და დამოუკიდებელი მეწარმეები.
[2] ბრაზილიას 1970 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული მსოფლიო თასი და მას, 24 წლის თავზე, 1994-ში (მეოთხედ) დაეუფლა. ბოლოს „სელესაომ“ ჩემპიონობა 2002 წელს (მეხუთედ) იზეიმა, მას შემდეგ კი ეს ტიტული არ მოუგია.
© არილი