ესე

კატია ვოლტერსი – ეჟი გიდროიჩი და პარიზული “კულტურა”

მსოფლიოში მძვინვარე დაპირისპირებების, მზარდი ნაციონალიზმისა და უშედეგო საჯარო დებატების ეპოქაში პარიზული „კულტურის“ ღვაწლმოსილი რედაქტორის ფიგურამ მოულოდნელი აქტუალურობა შეიძინა. ეჟი გიდროიჩი ხომ, უპირველეს ყოვლისა, იმით იყო ცნობილი, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში განიხილავდა, ხოლო კულტურას მიიჩნევდა არა საზოგადოებრივი ცხოვრების სამშვენისად, არამედ მის ღრმა საძირკვლად. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ პოლონეთის რესპუბლიკის სენატმა 2026 წელი ეჟი გიდროიჩის წლად გამოაცხადა. მიმდინარე წელს დიდი პოლონელი მოაზროვნისა და ლიტერატორის დაბადებიდან 120, მის მიერ დაარსებული „ლიტერატურული ინსტიტუტის“[1] შექმნიდან კი 80 წელი სრულდება[2]. მიუხედავად ორმაგი საიუბილეო თარიღისა, ეს არ გახლავთ მხოლოდ კურტუაზული ჟესტი; გიდროიჩის წელმა და მის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა უნდა შეგვახსენოს, რომ იმ სიმამაცის გარეშე, რომელსაც გიდროიჩის „კულტურა“ პრაქტიკულად ახორციელებდა — პოლიტიკური აზროვნება ძალიან სწრაფად იქცევა წყლის ნაყვად და არაფრისმთქმელ ხმაურად.

ამ ღირსშესანიშნავი თარიღების გამო საჭიროდ ჩავთვალე, ორიოდე სიტყვით თქვენთვის მეც მომეთხრო სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ რედაქტორსა და მის ჟურნალზე „კულტურა“, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი ემიგრაციული ჟურნალი და თანამედროვე პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალური წამოწყება გახლდათ. ამის ვრცლად გაკეთება, ცხადია, გამიჭირდება. შემოგთავაზებთ ღვაწლმოსილი რედაქტორის ბიოგრაფიის მხოლოდ რამდენიმე უმთავრეს შტრიხს და, მიუხედავად იმისა, რომ „კულტურა“ თავისი არსით ლიტერატურასა და პოლიტიკურ აზროვნებას აერთიანებდა, ძირითადად, მისი საქმიანობის ლიტერატურულ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას.

მართალია, ჟურნალი „კულტურა“ საყოველთაოდ ცნობილია, როგორც  „პარიზული“,  მაგრამ მისი პირველი, 1947 წლის ივნისით დათარიღებული ნომერი რომში გამოიცა. მანამდე, კერძოდ კი 1946 წლის მარტში, იქვე დაარსდა გამომცემლობა „ლიტერატურული ინსტიტუტი“. გამომცემლობის დამაარსებლები, შემდგომში კი მისი მრავალწლიანი მესვეურები, იყვნენ: ეჟი გიდროიჩი, იუზეფ ჩაპსკი, გუსტავ ჰერლინგ-გრუძინსკი და ზოფია და ზიგმუნტ ჰერცები. იმავე წლის ოქტომბერში „ლიტერატურულმა ინსტიტუტმა“ თავისი შტაბი საფრანგეთში გადაიტანა, პარიზის მახლობლად მდებარე მეზონ-ლაფიტში[3].

მეზონ-ლაფიტის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა – საფრანგეთი გიდროიჩსა და მის გუნდს მეტ პოლიტიკურ სტაბილურობასა და დამოუკიდებელი გამომცემლობის ფუნქციონირებისთვის უკეთეს პირობებს ჰპირდებოდა. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. „მთელი მოჩვენებითი რაციონალურობის მიუხედავად“, – წერდა გიდროიჩი[4], – პარიზში ჩამოსვლა ერთგვარი სიგიჟე იყო. არ ვიცოდით, რით ვიცხოვრებდით. (…) ჯიბეში გროშიც არ გვედო“. თუმცა საქმეები ნელ-ნელა დალაგდა, რედაქტორმა და მისმა თანამშრომლებმა საორგანიზაციო და საფინანსო საქმეებშიც მოულოდნელი ქმედუნარიანობა გამოავლინეს და ჟურნალმაც თანდათანობით შეიძინა მდგრადი ინსტიტუციის სახე. „კულტურა“ გახდა პოლიტიკური აზროვნების ცენტრი, პოლონეთის მომავლის შესახებ სტრატეგიული დებატების ადგილი და პოლონეთსა და მის ემიგრაციას შორის თანამშრომლობის პლატფორმა. ეჟი გიდროიჩმა იგი გრძელვადიანი ინტელექტუალური პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია.

რაც შეეხება „ლიტერატურულ ინსტიტუტს“, მისი როლი ბევრად სცილდებოდა საგამომცემლო საქმიანობას. ის ჩამოყალიბდა პოლონური ემიგრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კი, შეიძლება ითქვას, ის დამოუკიდებელი პოლონეთის არაოფიციალური საელჩოს ფუნქციასაც ასრულებდა.

„კულტურა“, რა თქმა უნდა, ეჟის ჟურნალია. არანაირ სარედაქციო კოლეგიას არ უარსებია“[5], – ნათქვამი აქვს „ლიტერატურული ინსტიტუტის“ ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ზოფია ჰერცს. თავად რედაქტორი უარყოფდა ამ შეხედულებას და ამბობდა, რომ ის ყოველთვის მზად იყო კრიტიკისა და შენიშვნების მისაღებად, იმ ადამიანებთან დიალოგის შედეგად კი, რომლებიც მას ტირანად მიიჩნევდნენ, ხშირად ახერხებდა, მათთვის აზრი შეეცვლევინებინა.[6]

ეჟი გიდროიჩზე, როგორც უაღრესად საინტერესო და ქარიზმატულ პიროვნებაზე, მრავალი ლეგენდა და შეხედულება არსებობს, მაგრამ ერთი რამ არასდროს გამხდარა დავის საგანი: მან თავისი სიცოცხლის 54 წელი სრულიად და განუყოფლად მიუძღვნა „ლიტერატურულ ინსტიტუტსა“ და „კულტურას“. პრინციპულობისა და ხასიათის სიმტკიცის გამო „მეზონ-ლაფიტის ურყევ პრინცად“ წოდებული რედაქტორის პირადი და მის მიერ დაარსებული ინსტიტუციების ხვედრი იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მისი ბიოგრაფია, ამავდროულად, „ლიტერატურული ინსტიტუტისა“ და პარიზული კულტურის“ მატიანეცაა.

ეჟი გიდროიჩი დაიბადა მინსკში 1906 წლის 27 ივლისს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მომავალმა რედაქტორმა ვარშავის უნივერსიტეტში სამართლისა და ისტორიის შესწავლა დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ ის უკვე ღრმად იყო დაინტერესებული აღმოსავლეთ ევროპის საკითხებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ურთიერთობით – თემით, რომელიც მოგვიანებით მისი ემიგრანტული საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა.

პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა მან საკმაოდ ადრე დაიწყო. 1931 წლიდან კი უკვე ჟურნალ „ახალგაზრდათა ამბოხის“[7] მთავარი რედაქტორი გახლდათ, რომელიც ძალიან მალე იქცა სახელმწიფო ელიტის ახალგაზრდა თაობის დებატების ფორუმად. ამ ჟურნალის ფურცლებიდან მკაფიოდ ჩანდა, რომ „მეამბოხენი“ აზროვნების იმ მიმართულებების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, რომლებიც უუფლებობის ეპოქაში ჩამოყალიბდა და რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამებოდა. 1937 წელს „ახალგაზრდათა ამბოხმა“ სახელი შეიცვალა და მას „პოლიტიკა“ დაერქვა. ეჟი გიდროიჩი 1939 წლამდე, ანუ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე, „პოლიტიკის“ რედაქტორიც გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი, როგორც რედაქტორის, მრწამსი: სახელმწიფოებრივი აზროვნება, აღმოსავლეთ ევროპით დაინტერესება და ღრმა რწმენა, რომ ჟურნალმა უნდა განსაზღვროს რეალობა და არა მარტო აღწეროს იგი.

ომის დროს ის ჯერ ახლო აღმოსავლეთში, შემდგომ კი გენერალ ვლადისლავ ანდერსის არმიასთან ერთად აფრიკაში და, ბოლოს, იტალიაში აღმოჩნდა, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამოუკიდებელი საგამომცემლო საქმიანობა დაიწყო. ომის  დამთავრების შემდეგ მან ემიგრაციაში დარჩენა გადაწყვიტა. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ მისი ქარიშხლიანი ცხოვრება თითქოს დაცხრა, თუმცა 1947 წლიდან გარდაცვალებამდე „ლიტერატურული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობა ძალიან შორს გახლდათ სიმშვიდისა და ერთფეროვნებისგან.

ჟურნალი „კულტურა“ თავიდანვე არღვევდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ გამოცემებს შორის გამყოფ ხაზს, რადგან მისი რედაქტორისა და სარედაქციო გუნდისთვის სრულიად ბუნებრივი იყო მოსაზრება, რომ კულტურა თავისი არსით პოლიტიკურია, პოლიტიკა კი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რაც შეეხება ლიტერატურას, მას გიდროიჩი და მისი გუნდი რეალობის დიაგნოსტიკის პრივილეგირებულ ფორმად მიიჩნევდნენ. ამ დიაგნოსტიკის ზედმიწევნითი სიზუსტისთვის გიდროიჩის „კულტურას“ ახასიათებდა ძალიან ფართო თემატური სპექტრი. მასში ქვეყნდებოდა პროზა, პოეზია, ესეისტიკა, გეოპოლიტიკური მსჯელობები, რეფლექსიები ტოტალიტარული სისტემების შესახებ, ისტორიული დოკუმენტები. თუმცა ყველა ამ ტექსტს ჰქონდა ერთი საერთო მახასიათებელი – თითოეული მათგანი შეიცავდა თავისუფლებაზე მსჯელობას. ეს გახლდათ პოლიტიკური თავისუფლება – ისეთი, რომელშიც რეპრესიების შიშის გარეშე შესაძლებელია ზეპირად თუ წერილობით აზრის დაფიქსირება, თავისუფლად შეკრება და გადაადგილება. ინდივიდის შინაგანი თავისუფლება გიდროიჩს, როგორც რედაქტორს, ნაკლებად აინტერესებდა. რაც შეეხება ავტორებს, ჟურნალი თანამშრომლობდა ემიგრაციაში მყოფ და პოლონეთში მოღვაწე გამორჩეულ მწერლებთან და პუბლიცისტებთან, აქვეყნებდა მათ ნაწარმოებებსა და წერილებს – ექსკლუზიურად ან იმ ვერსიებს, რომელთა გამოქვეყნებაც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში დაუშვებელი იყო. თუმცა ეს მხოლოდ პოლონელი ავტორები არ ყოფილან. „კულტურა“ ისეთივე ინტერესით აქვეყნებდა ჯორჯ ორუელს, ბორის პასტერნაკს, ალექსანდრ სოლჟენიცინს, არტურ კოესტლერსა და გოლო მანს,  როგორც ეჟი სტემპოვსკის, ზბიგნიევ ჰერბერტს, სლავომირ მროჟეკსა და ტადეუშ კონვიცკის[8]. ჟურნალის პარალელურად კი „ლიტერატურული ინსტიტუტი“ გამოსცემდა სერიას „კულტურის ბიბლიოთეკა“, რომელიც ბეჭდავდა პოლონეთში აკრძალულ ტექსტებს. სწორედ ამ სერიაში იბეჭდებოდნენ ვიტოლდ გომბროვიჩი, ჩესლავ მილოში, გუსტავ ჰერლინგ-გრუძინსკი, იუზეფ ჩაპსკი, მარეკ ჰლასკო და პოლონური და მსოფლიო ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი ბევრი სხვა ავტორი.

ნიშანდობლივია, რომ „კულტურას“ არ ჰქონია ერთი განსაკუთრებული სტილი. მასში ქვეყნდებოდნენ სრულიად განსხვავებული ჟანრის, ესთეტიკის, ტემპერამენტისა თუ პოლიტიკური მრწამსის ავტორები. გამოქვეყნების ერთადერთი მთავარი კრიტერიუმი  გახლდათ ტექსტის ხარისხი. გიდროიჩი სრულიად დაუნდობელი იყო სუსტი ტექსტისადმი, მაგრამ საოცრად მომთმენი – რთული ავტორების მიმართ, თუმცა ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში ხალას ნიჭს, მათ ნაწარმოებებში კი ლიტერატურულ ღირებულებას ხედავდა. საამისოდ კი „კულტურის“ რედაქტორს ნამდვილად არც გამოცდილება აკლდა და არც ლიტერატურული ალღო.

დიახ, ზედმეტად კონსერვატიულ გიდროიჩს აღიზიანებდა თავაშვებული გომბროვიჩი, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეს უჭირდა, ბოლომდე ნდობოდა ყოფილ კომუნისტ მილოშს, მისი და არაპროგნოზირებადი, თვითდესტრუქციის ზღვარზე მცხოვრები მარეკ ჰლასკოს ურთიერთობაც „კულტურის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ეპიზოდი გახლდათ, მაგრამ რედაქტორმა ძალიან ადრე ამოიცნო ამ მწერლების ნიჭი და მასშტაბი, მათი ნაწარმოებების არა მარტო ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათთან თანამშრომლობაში ჩადებული დიდი ძალისხმევით მათ საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თვითონ თითქმის არ წერდა – სამაგიეროდ, დაუღალავად აწარმოებდა მიმოწერას როგორც პოლონეთში, ისე ემიგრაციაში მყოფ ავტორებთან. ხშირ შემთხვევაში მიმოწერის საგანი გახლდათ ტექსტის შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ცხარე პოლემიკა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა კი – გაუთავებელი მოწოდება, ეწერათ. „ლიტერატურული ინსტიტუტის“ არქივში შემონახული ათასობით წერილი[9] XX საუკუნის ინტელექტუალური ისტორიის ფასდაუდებელ საბუთსა და საკვლევ მასალას წარმოადგენს.

ეჟი გიდროიჩი არა მხოლოდ ავტორებისა და თანამშრომლების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ გახლდათ უკიდურესად მომთხოვნი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის უზომოდ ბევრს მუშაობდა. როგორც ამბობენ, როდესაც მეზონ-ლაფიტში ბოლო შუქებიც ქრებოდა, რედაქტორი ჯერ კიდევ ხელნაწერებით დაფარულ სამუშაო მაგიდას ეჯდა და მთელი ყურადღებით კითხულობდა. მის მიერ ამ დროს გაკეთებული არჩევანი კი ავტორთა უმრავლესობისთვის ლიტერატურის ისტორიაში შესვლის საკითხს წყვეტდა.

თვით გიდროიჩი თავს არიდებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას, ის არ ესწრაფოდა აღიარებას, პატივსა და პოლიტიკურ თანამდებობებს. მისი გავლენა ეფუძნებოდა ყველაზე მდგრადსა და ყველაზე ძვირფასს – ურყევ ავტორიტეტს. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მრავალი ოპოზიციური წრე ეჟი გიდროიჩსა და მის „კულტურას“ მორალურ და ინტელექტუალურ საყრდენად მიიჩნევდა. 

პოლონეთში სოციალიზმის დამარცხების შემდეგ ეჟი გიდროიჩი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა ბევრი სწორედ ამას ელოდა მისგან. ის მეზონ-ლაფიტში დარჩა, ერთგული პრინციპისა, რომ მისი სამუშაო ადგილი რედაქციაა და არა – ვარშავის საზოგადოებრივი ცხოვრება. გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ შორიდან ის გაცილებით უკეთ დააკვირდებოდა სისტემურ გარდაქმნას, რასაც წარმატებით აკეთებდა კიდეც: აწარმოებდა ინტენსიურ მიმოწერას, აქვეყნებდა კომენტარებს და კვლავაც აყალიბებდა „კულტურის“ სარედაქციო ხაზს, რომელსაც ახალ რეალობაში ხელახლა უწევდა საკუთარი როლის განსაზღვრა.

ამ პერიოდში „ლიტერატურული ინსტიტუტი“ კვლავაც აქტიურად მუშაობდა: გამოდიოდა „კულტურა“, ქვეყნდებოდა „კულტურის ბიბლიოთეკის“ მორიგი ტომები, ხოლო მეზონ-ლაფიტი და მისი „ურყევი პრინცი“ პოლონელი ინტელექტუალებისთვის მნიშვნელოვან ორიენტირად რჩებოდა. 

ჟურნალმა „კულტურამ“ 2000 წელს, თავის უცვლელ რედაქტორთან ერთად შეწყვიტა არსებობა. ეჟი გიდროიჩის გარდაცვალების შემდეგ, მისივე სურვილის გათვალისწინებით, ჟურნალი აღარ გამოცემულა.

დღეს „კულტურა“ დამოუკიდებელი აზროვნებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის სიმბოლოდ რჩება. მისი არქივი XX საუკუნის ემიგრაციის ისტორიისა და პოლონური პოლიტიკური აზრის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ეჟი გიდროიჩი კი ისტორიაში შევიდა არა როგორც პოლიტიკოსი და თეორეტიკოსი, არამედ როგორც რედაქტორი-სტრატეგი – ადამიანი, რომელმაც შექმნა დიალოგის სივრცე და შეძლო მომავალი თაობების კატეგორიებით აზროვნება.


[1] პოლ. Instytut Literacki.

[2] ის დღესაც განაგრძობს არსებობას ისტორიულ მეზონ-ლაფიტში, მაგრამ,  უმეტესწილად, მუზეუმის ფუნქცია აკისრია.

[3] ფრანგ. Maisons-Laffitte.

[4] ი. გიდროიჩი „ავტობიოგრაფია „ოთხ ხელში“/ J. Giedroyc,  Autobiografia na cztery ręce, 1994.

[5] ვიდეოინტერვიუ იზაბელა ხრუსლინსკასთან, 1994 წ.

[6] ი. გიდროიჩი „ავტობიოგრაფია ოთხ ხელში“/ J. Giedroyc, Autobiografia na cztery ręce, 1994.

[7] პოლ. Bunt Młodych – 1931 წლიდან გამოცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორკვირეული, რომელიც 1931 წლამდე გამოდიოდა სახელწოდებით Dzień Akademicki, როგორც დანართი კონსერვატიული გაზეთისა Dzień Polski.

[8] ეს, ცხადია, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია „კულტურაში“ გამოქვეყნებული ავტორებისა.

[9] ე. გიდროიჩი ამზადებდა და ინახავდა წერილების ასლებს.

© არილი

Facebook Comments Box