
თარგმნა და შესავალი დაურთო ჯიმშერ რეხვიაშვილმა
De feminis (Corpus, 2022) – ვლადიმირ სოროკინის მოთხრობების ბოლო კრებულია. როგორც სათაურიდანაც ჩანს, წიგნი ქალებზეა. მასში შეტანილ ცხრავე მოთხრობაში, სულ ცოტა, ერთი ქალი პერსონაჟი მაინც მოქმედებს.
კაცებმა ჩაისვარეს, ახლა მათზე წერა აღარ არის საინტერესოო, ამბობს მწერალი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
„ეს კრებული როგორღაც თავისთავად გამოვიდა, – თქვა მწერალმა წიგნის წარდგენის შემდეგ, – უბრალოდ ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ არ მინდოდა კაცებზე წერა. აშკარაა, რომ ახლა ისინი არ არიან ჩვენი დროის გმირები”.
ლიტერატურის კრიტიკოსის, გალინა იუზეფოვიჩის თქმით, თუ რომანებში ვლადიმირ სოროკინი შემოქმედებითი ევოლუციის თვალსაჩინო დემონსტრირებას ახდენს, მცირე პროზაში მწერალი, როგორც წესი, საოცრად სტაბილურია.
„ყველაფერი, რის გამოც სოროკინი მკითხველს უყვარს (ან არ უყვარს) მცირე პროზაში შენარჩუნებულია. სარკასტული, ერთი შეხედვით, არავისკენ მიმართული ირონია; პერსონაჟების ვირტუოზულად კონსტრუირებული, თითქოს მიყურადებით ჩაწერილი მეტყველება და, რაც მთავარია, რუსული ლიტერატურული კანონის ულმობელი პრეპარირება – ეს ყველაფერი სახეზეა De Feminis-შიც.”
“თათრის ჟოლოს ბუჩქნარი” ამ კრებულის გამხსნელი მოთხრობაა, რომელშიც სოროკინი კვლავ უტრიალებს ეგზისტენციალური სიცარიელის საკითხს; სიცარიელის, რომლის ტირაჟირება თანამედროვე ხელოვნების კრიზის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
სწორედ იმ დღის წინა საღამოს ალინამ სულელური სიზმარი ნახა:
გაკვეთილების შემდეგ თავის საყვარელ ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად მიაბიჯებს ინტერნაციონალის ქუჩაზე, როგორც ყოველთვის, ფრუნზეს ქუჩის შესახვევამდე. მასწავლებელი რაღაცას უყვება მედიცინასა და ანატომიაზე, რადგან ალინამ უკვე ერთი წელია, რაც გადაწყვიტა, სკოლის შემდეგ კიევში გაემგზავრება სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად. რაზეც უნდა ელაპარაკა მასწავლებელს, მისი ნათქვამი ყოველთვის სიახლე და ძალიან საინტერესო იყო. ალინა, როგორც ყოველთვის, მის გონიერ მეტყველებას უსმენს არა მხოლოდ ინტერესით, არამედ სიამოვნებითაც, რადგან მასწავლებელი ევპატორიაში ლენინგრადიდან გადმოვიდა და ლაპარაკობს სწორად, სამხრეთული აქცენტის გარეშე, ზუსტად ისე – როგორც ტელევიზიის დიქტორები ან ცნობილი საბჭოთა მსახიობები. მიდიან ჩასახვევამდე, მასწავლებელი ალინასკენ ბრუნდება და მშვიდი, დამაჯერებელი, ოდნავ კატისებური ხმით ეუბნება:
– ისწავლე ლათინური, მაგრამ არა უბრალოდ, არამედ გააკეთე ჰერბარიუმი ან პეპლები შეაგროვე და ჩაიწერე მათი ლათინური სახელები, რათა მიეჩვიო ამ დიდებულ ენას. არ დაგავიწყდეს, მკვდარი კი არის, მაგრამ ადრე მთელი ევროპა ამ ენაზე ლაპარაკობდა.
მასწავლებელი თავს უქნევს ალინას და უღიმის თავისი პატარა, პუტკუნა, კატისებრი სახით. და უცებ ალინა წარმოთქვამს:
– ნატალია როდიონოვნა, მასწავლეთ სწორად მოკუკვა, გეთაყვა.
ნათქვამი ისე მოულოდნელად სულელური, შემზარავი და ტუტუცურია, რომ ალინას საშინელი სირცხვილი იპყრობს და ხესავით შეშდება ადგილზე. ელოდება, რომ მასწავლებელი რაიმე ისეთს – დაუნდობლად ჭკვიანურს და დამამცირებლად მკვეთრს იტყვის, რის გამოც ალინა სახლში გაიქცევა და დიდხანს იტირებს ბალიშზე დამხობილი და მაჯებდაჭმული, მაგრამ მასწავლებელი, სრულიად მოულოდნელად, მშვიდად წარმოთქვამს:
– მოდი, როგორც კი მოგინდება.
და, აი, ალინა მიდის მასთან. ღამეა. ევპატორიას სძინავს, ქუჩები ბნელი, მტვრიან-დახუთული, უჩვეულოდ ვიწროა და ყველანაირი ნაყარნუყარითაა ჩახერგილი. ალინა უხვევს ფრუნზეს ქუჩაზე, რომელიც საერთოდ წარმოუდგენლად დავიწროებულია და, ნაგავსაყრელივით, ხარახურითაა გადავსებული. ალინას უწევს გაძრომა და გაცოცებაც კი ყოველივე ამ სიდამპლეს, გახრწნილებასა და დაფხავებულებას შორის. ბოლოს პოულობს მასწავლებლის სახლს, რომელიც ისე პატარა, დაფერდებული და გამომპალია, როგორც მეზობლების ძველი საქათმე. ერთ დროს დიდებული გარგარის ხე შემხმარკენკრიან გაქუცულ ბუჩქად ქცეულა, ქვის პარმაღის ნაცვლად კი რაღაც საჰაერო სარკმლის მსგავსი კვადრატული კუტიკარია.
ალინა შეძვრება ამ კუტიკარში და უეცრად აღმოჩნდება უზარმაზარ სივრცეში. ეს არის ტყე წარმოუდგენელი ხეებისა, უფართოესი და ცად აწვდილი მძლავრი ვარჯებისა, რომლებიც მაღლა ცაში ისე იხლართებიან ერთმანეთში, რომ მზის იშვიათ სხივებს თუ ატარებენ. ტყე პირქუში და დიდებულია. ალინას გული ეწურება ტყის სიდიადისგან.
– მოხვედი? – გაისმის მასწავლებლის ხმა.
ნატალია როდიონოვნა გიგანტური ხის უკნიდან გამოდის. ხესთან შედარებით კატისთავა ჭადრაკის ფიგურაა.
– გაიხადე.
ალინა თრთოლით იწყებს გახდას და მთლიანად შიშვლდება.
– ახლა კი მდელოზე გავიდეთ.
მასწავლებელს ხელჩაკიდებული მიჰყავს ტყე-ტყე, პატარა მდელოსკენ. ზემოდან მზის იშვიათი სხივი დანათის.
– ჩაიცუცქე, – ისმის მშვიდი, ჭკვიანური ხმა.
ალინა ჩაცუცქდება. ფეხქვეშ რბილი, უზარმაზარი ფოთლებია, რომლებიც დიდი ხეებიდან დაცვენილან.
– ახლა დამშვიდდი და სწორად მოკუკე, როგორც ჩვენი საბჭოთა ეპოქის პასუხისმგებლობიანმა და ყურადღებიანმა მოწაფემ, რომელმაც იცის, რით განსხვავდებიან ინფუზორიები მედიკოს კიბერნეტიკოსების სავალდებულო საშინაო დავალებებისგან – matricaria chamomilla-ს კოსმოსური ჰერბარიუმის გეომეტრიული ნაშრომისგან, რათა სასწავლო ნაწილის კაბინეტში დირექტორის ხორცისა და რძის პროდუქტების სათადარიგო ფეხთა საკვანძო მინერალების დაგროვებამ უწყოდეს მერვე „ბ“ კლასის საგმირო საქმეები, თუკი ყურადღებიანი სინჯარები შევსებული იქნება მაგნიუმისა და ნატრიუმის ამონაყარი თესლით, ისინი კი, თავის მხრივ, გამანოყიერებელ შვებას მოჰგვრიან კვადრატულ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს…
ალინა იწყებს მოკუკვას, თან უსმენს ამ მშვიდ, ჭკვიანურ ხმას. მზის სხივებში გახვეული და უზარმაზარ თბილ ფოთლებზე დაცუცქული თავს ისე კარგად გრძნობს, იმდენად სიამოვნებს, რომ ნეტარებისგან ირინდება და მადლიერებისგან იწყებს სლუკუნს, ხვდება, რომ ამიერიდან მთელი ცხოვრება მხოლოდ ამ ჯადოსნურ ტყეში მოუწევს მოკუკვა, ტყეში, რომელიც ბრძენმა ნატალია როდიონოვნამ აღმოაჩენინა; ხვდება, რომ ალინას ცხოვრებაში ამიერიდან ყველაფერი კარგად და სწორად იქნება. სლუკუნებს, სლუკუნებს, სლუკუნებს. და იღვიძებს.
ღამით გამოღვიძებული ხვდება, რომ ძალიან უნდა ტუალეტში გასვლა დიდ საქმეზე. წამოდგა, ფეხშიშველმა გაიარა მთვარით განათებული დერეფანი, ჩაუარა სამზარეულოს კარს, შევიდა აბაზანასთან გაერთიანებულ ტუალეტში, შუქი აანთო და შეიჭმუხნა. თვალები მოჭრა სიკაშკაშემ. აბაზანა წყლით იყო სავსე, იატაკიც ერთიანად წყლით სავსე ქვაბებით, ბიდონებითა და ქილებით იყო მოფენილი. წყალი, როგორც ყოველთვის, აგვისტოდან მოყოლებული, მხოლოდ დილაობით მიეწოდებოდათ. ალინა ჩამოჯდა დიდ, ძველ უნიტაზზე, რომელსაც ბაბუის გაკეთებული ხის ახალი დასაჯდომი ჰქონდა და მოკუკვას შეუდგა. ეს არ იყო ფაღარათი. უბრალოდ რატომღაც ღამით მოუნდა, რაც მას იშვიათად ემართებოდა. „ნესვი ვჭამე, ბრინჯი ყაბაყით, კატლეტი…“ – იხსენებდა ძილმორეული. მოსაქმების შემდეგ, გაზეთ „კრიმსკაია პრავდას“ დაჭრილი ქაღალდით გამოიწმინდა და მოქაჩა ზემოთ დაკიდებული მწვანე ავზიდან დაშვებულ ჯაჭვის ლითონის სახელურს. წყალი ღრიალით გადმოსკდა. მერე ავზი აბუყბუყდა.
ალინა დაბრუნდა საწოლში. ბებიას თავის სპილენძის ბურთებიან საწოლზე ეძინა, ხვრინავდა და ჩიფჩიფებდა.
საბნის შალითადწაფარებულმა, სიზმარი გაიხსენა და საკუთარ სისულელეზე აკვნესდა, შემდეგ ბალიშში ჩაიცინა. და დაიძინა.
იმ დილით გვიან გაღვიძებულ ალინას და ბებიას გამოეპარათ თევზის ბაზარი. ხოლო დედა და ბაბუა ღამით დეიდა კაპასთან დარჩნენ ზაოზიორნოეში.
– ბაღის ძილგუდები ვყოფილვართ ჩვენ, შენ და მე! – დანაღვლიანებული აკანტურებდა ჭაღარა, ხუჭუჭა თავს ჩაზნექილ, ჭრიალა საწოლზე ჩამომჯდარი მსუქანი და კეთილი ბებია. – ფაფუ, გაცურეს ჩვენმა ლუფარუკებმა! დედიკო მადლობას გვეტყვის.
ტაფამწვარითა და პომიდვრით საუზმის, მდუღარე წყალში გაზავებული გემრიელი შედედებული კაკაოსა და ბებიის ნამცხვრების შემდეგ, ალინამ ჰერბარიუმისთვის მოიცალა, გამხმარ ყვავილებს ალბომში აწებებდა და რუსულ და ლათინურ წარწერებს ურთავდა. შემდეგ ჟურნალ „პიონერს“ კითხულობდა და ბებიას სამურაბე ალუბლის დაჩურჩვაში ეხმარებოდა. როდესაც ბებიამ საჭმლის მომზადება დაიწყო, ალინამ გოგრის მოხალული თესლით გაივსო კაბის ჯიბე და კნატუნით გასწია ქალაქში სახეტიალოდ.
ცხელი ამინდი იდგა; აგვისტოს მდუღარე სუნთქვა ასფალტს ადნობდა, მტვერი დაფრინავდა ცხელ ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ დილაობით ამ ქუჩებს ულვაშა ხოჭოების მსგავსი სარწყავი მანქანები რეცხავდნენ. ბაზარში გავლის შემდეგ, სადაც ნაცნობი თანატოლებიდან ვერავის შეხვდა, გარდა საძაგელი ვიკა ბიტკოსი, რომელიც თავის მყვირალა დედას ატმისა და ხაჭოს გაყიდვაში ეხმარებოდა, ალინამ გაგარინის ქუჩიდან ტოკარევის ქუჩაზე შეუხვია, შემდეგ იქთიოლოგების გრძელ შენობას ჩაუარა, რკინიგზის სამინისტროს სანატორიუმის ღობის ხვრელში გაძვრა, გადაჭრა პარკი, სადაც ყოველთვის ევკალიპტისა და მზეზე გადახურებული ტუიების სუნი იდგა, კიდევ ერთ ხვრელში გაძვრა და ბავშვთა სანატორიუმის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აქ მკურნალობდნენ პოლიომიელიტითა და რევმატიზმით დაავადებულ ბავშვებს. დედამ უთხრა, რომ ეს ადგილი ოდესღაც შინსახკომის სანატორიუმი იყო, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.
გოგრის თესლის კნატუნით ალინა დაიძრა სანატორიუმის ბაღისკენ. ავადმყოფი ბავშვები არ შეხვედრია; ყველა მათგანი გასული იყო პლაჟზე, რომელიც ქვემოთ, დიდი ბაღის იქით იწყებოდა. ალინას სანატორიუმის პლაჟი არ აინტერესებდა. სულ რომ არაფერი, თეთრხალათიან ძიძებს მისი გაგდებაც შეეძლოთ. მიუახლოვდა ჩამოფხავებულ სამკურნალო კორპუსს და ისე ჩაუარა, რომ მზერა არ მოუშორებია ფანჯრებისთვის. კაბინეტები ცარიელი იყო, მხოლოდ ერთში, ღია ფანჯარასთან იდგა ორი ექთანი და ექიმი ქალი, ეწეოდნენ და მხიარულად არჩევდნენ რაღაცას. ალინასთვის არც კი შეუხედავთ.
„ყველა ექიმი ეწევა, – გაიფიქრა მან. – მოწევა უნდა ვისწავლო, ვიდრე ჩავაბარებ.“
სონკა და ვერკა მე-9 „ბ“ კლასიდან უკვე ეწეოდნენ ბიჭებთან ერთად შესვენებებზე.
შენობის კუთხესთან ჩახვევის და ბეტონის ბილიკის გავლის შემდეგ, ალინამ თავი შერგო გრაკლას ბუჩქებში, საიდანაც, თეთრი წვრილი ყვავილებიდან ხოჭოების დაფერთხვის შემდეგ, პირდაპირ სათამაშო მოედანზე აღმოჩნდა. აქ მას დახვდა პატარა კარუსელი წითელი ცხენებით, წყვილი საქანელა, ოთხი ბოძი კალათბურთის ფარებით და დიდი ხის ტანკი. ტანკის მუხლუხაზე იჯდა სათვალიანი ბიჭუნა თავზე ტუბეტეიკით, რომელსაც გამხდარი ქალი, ასევე სათვალით და ფართო ჩალის ქუდით, ქაღალდის პარკიდან აჭმევდა ალუბალს. ბიჭი ჭამდა, კურკებს აფურთხებდა და იქნევდა თავის შიშველ ფეხებს, რომელთაგან ერთი ძალიან წვრილი იყო. ამ ფეხზე მასიური, შავი, ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა; მეორე კი შიშველი ჰქონდა. ხელში ატრიალებდა წყლის პისტოლეტს, რომლის ჭავლს პერიოდულად ჭიანჭველებისკენ მიმართავდა ხოლმე. იქვე, ხის „სოკოს“ ქვეშ ქვიშაში იჯდა მსუქანი გოგონა ძიძასთან ერთად. ძიძა გაზეთს კითხულობდა, გოგონა კი, რომელიც გაბმულად ბუტბუტებდა რაღაცას, პასქებს აცხობდა და საქვიშრის კიდეზე აწყობდა. პასქების ფორმად ჩაის ჭიქას იყენებდა, თუმცა იქვე ეყარა ქვიშის პასქების ჩვეულებრივი ფორმები თუნუქის ქილების სახით. ალინამ შენიშნა, რომ გოგონა უკვე ზრდასრული იყო, თითქმის მისი ასაკისა. მიაყურადა.
– დაიხვრიტოს ჯერ ყველა მეფე, შემდეგ ყველა შმეფე, ყველა შინამოსამსახურე, ყველა შმინამოსამსახურე, შემდეგ ყველა ფოსტალიონი და ყველა სიფათიონი, შემდეგ ყველა ბულიონი, შემდეგ ყველა მასწავლებელი და შემდეგ ყველა მაწვალებელი… – ბუტბუტებდა გოგონა სერიოზული გამომეტყველებით.
და უეცრად ხმამაღლა ამოაბოყინა, თვალები დახუჭა და ფართოდ დააფჩინა პირი ისე, თითქოს რაღაცის ჩადებას ელოდა. მაგრამ ძიძა არ განძრეულა, ყურადღება არ მიუქცევია. გოგონამაც დახურა პირი და კვლავ განაგრძო თავისთვის ბუტბუტი.
ალინამ გვერდით ჩაუარა და აგურის ღობისკენ აიღო გეზი.
– რა ფურთხება გაგიმართავს აქ? – დაუყვირა ვიღაცამ ზემოდან.
თავი ასწია. კიბეზე, ატმის ხეს მიყრდნობილი, მოხუცი მებაღე იჯდა.
– არაფერი, – ჩაიბურტყუნა ალინამ და ისე, რომ გოგრის თესლის კნატუნი არ შეუწყვეტია, განაგრძო გზა.
ღობეში ნაცნობი ხვრელი იპოვა, გაძვრა და გავიდა გვერდიგვერდ მდგარი სანატორიუმების ღობეებს შორის არსებულ გასასვლელ-დერეფანში. პოლიომიელიტის სანატორიუმს ბეტონის ღობე ჰქონდა, ხოლო ფილტვებისას – აგურისა, გისოსებიანი. ღვარცოფების გამო ღობეებს შორის მიწა ბორცვაკებად ქცეულიყო, ღობეების გასწვრივ კი მტვრიანი ჭინჭარი იზრდებოდა. გარშემო ნაირ-ნაირი ძველი ნივთები იყო მიმოფანტული. ალინა ჭინჭრების გვერდის ავლით აუყვა გასასვლელს, საიდანაც წვიმის დროს ნიაღვარი მოედინებოდა. გზად რა არ ხვდებოდა: ეტლის ბორბალი, კონსერვის ჟანგიანი ქილები, ძონძები, სახურავის ტოლის ნაფლეთები, გატეხილი თოხი, ძირგავარდნილი სარწყავი, ბეტონის ნატეხი, ბოთლი, რაღაც ჟანგიანი ხელსაწყო და პლასტმასის თოჯინას თავი. ალინა დასწვდა თავს, მიწიდან ამოაძრო და გაწმინდა. უთმო და უთვალო თავი იყო, წითელი, ფუმფულა ტუჩებით. თითზე წამოიცვა და აღმართს აუყვა. აქ წყალს მთელი ხევი გაეთხარა, რომლის ფსკერი ერთმანეთში აზელილი და გამხმარი ხარახურით იყო დაფარული. ყროლის სუნი სცემდა. შემოვლისას ჭინჭარმა დასუსხა და თოჯინას თავი ხევში ჩაუვარდა. ჯანდაბაო, შეჰყვირა და მალევე გავიდა გასასვლელიდან ჟოლოს ბუჩქნარით დაფარულ გაუკაცრიელებულ ნაკვეთში. აქ ღობეები ერთმანეთს სცილდებოდნენ და ქმნიდნენ ამ ადგილს, რომელსაც „თათრის ჟოლოს ბუჩქნარი“ ერქვა. ბებია უყვებოდა, ადრე აქ თათრებს ძალიან გემრიელი ჟოლო მოჰყავდათო. მაგრამ შემდეგ ყველა მათგანი გაასახლეს ყირიმიდან იმის გამო, რომ ოკუპაციის დროს „გერმანელებს უკანალებს ულოკავდნენ“. პატარა ალინას ბოლომდე არ ესმოდა და ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა დაშვებულიყო მუხლებზე ყოველი თათარი იდუმალ გერმანელთან ქუჩაში შეხვედრისას, როგორ უნდა ჩაეხადა გერმანელს შარვალი, მიეშვირა უკანალი, თათარს კი მისი ლოკვა დაეწყო. „და ამის გამო გადაასახლეს ყველა?“
ალინამ შეაბიჯა ჟოლოს ბუჩქნარში, რომელსაც – სრულიად გატყიურებულს, გაბარდულსა და ალაგ-ალაგ გამომხმარს – ერთიანად მოსდებოდა ჭინჭარი და აბზინდა. ბუჩქნარში სიცხე და უჰაერობა იყო, თავისებური სუნი ტრიალებდა – ტკბილი გახურებული ნეშომპალას მსგავსი. ჟოლოს სეზონი დიდი ხნის ჩავლილი იყო, მაგრამ ტოტებს ჯერაც შერჩენოდა გამხმარი კენკრები, რომელთა გაღეჭვა ერთი სიამოვნება იყო. ჟოლოს ბუჩქნარში შესული ალინა შემჭკნარი კენკრის კრეფას შეუდგა. და კიდევ, ჟოლოს ამ ბუჩქნარში გველები ბინადრობდნენ. ღეჭვა-ღეჭვითა და ქვემოთ ფეხებში ყურებით მიაბიჯებდა რიგებს შორის დახუთულ სივრცეში, როცა უეცრად კვნესა მოესმა. ხმა ბუჩქნარის სიღრმიდან მოდიოდა. კვნესოდა ქალი. ალინამ რიგებს შორის კიდევ უფრო წინ წაიწია, მარჯვნივ გაიხედა და ჩაიმუხლა.
მიწაზე, გამხმარ ბალახზე ორნი იწვნენ. ხმელი, დაკუნთული, მზისგან თითქმის გაშავებული კაცი თეთრი მაისურითა და შავი შარვლით, იწვა ბოშისკაბიან ქალზე. ქალს შიშველი ფეხები გადაეშალა, სახე გვერდზე მიებრუნებინა და ლოყით ბალახს ეკვროდა. კაცს ხელში დანა ეჭირა. მისი წვერი ქალის მეორე ლოყას ებჯინებოდა. ქალის თვალები – კუპრივით შავი – აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თუმცა მისი სახე, მიწაზე მიჭყლეტილი, არ იძვროდა – დანის ეშინოდა. კაცს შავი შარვალი ჩაეხადა და გამხდარი, ფერმკრთალი უკანალი მოუჩანდა. და ამ უკანალზე, თითოეულ დუნდულზე, თითო თვალი ჰქონდა ამოსვირინგებული. თითო ღია თვალი წამწამებით. უკანალი დაჟინებით მოძრაობდა, თუმცა თავად კაცი უძრავად იწვა ქალზე. და თვალები იცქირებოდნენ დუნდულებიდან. ქალი დაბალ ხმაზე კვნესოდა. გამხდარი, სამაჯურებიანი ხელები უძლურად გადაეყარა აქეთ-იქით. კაცი პერიოდულად სახეში შეუღრენდა ხოლმე რაღაცას. პასუხად ქალის ფეხები ისე უცნაურად იწყებდნენ ძიგძიგს, თითქოს კაცის დახმარებას ცდილობდნენ. თუმცა იმდენად გამხდარი და უმწეო ფეხები ჰქონდა, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ჩაცუცქულ ალინას სუნთქვა შეჰკვროდა. პირში კერკი ჩარჩენოდა. კაცის უკანალი დაუსრულებლად მოძრაობდა და მოძრაობდა, თითქოს სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობდა. კაცი იღრინებოდა, ქალის ფეხები კი თრთოდნენ და ცახცახებდნენ, უკანალიც მოძრაობდა და მოძრაობდა. და ეს გრძელდებოდა დაუსრულებლად. თითქოს დრო გაყინულიყო. და მასთან ერთად ალინაც. მახლობლად ჭრიჭინობელა აჭრიჭინდა. მერე მეორემ აუბა მხარი. ისე გაუჩერებლად ჭრიჭინებდნენ, თითქოს თვალებდაჭყეტილ უკანალს მოძრაობაში ეხმარებოდნენ, თითქოს მის მოძრაობას უწყობდნენ ხმას.
ალინა იჯდა, არ სუნთქავდა. ვერაფერს ხედავდა მიწაზე დაწოლილთა სხეულების გარდა.
უეცრად კაცი აცახცახდა, აღმუვლდა და მან ბილწად შეიგინა. თვალებიანმა საჯდომმა მოძრაობა შეწყვიტა. კაცი ერთი ხანობა კიდევ იწვა ქალზე, შემდეგ წამოიწია. და ალინამ დაინახა მისი ასო, რომელიც ჯოხს ჩამოჰგავდა და ერთიანად გაწითლებულიყო სისხლისგან. კაცმა ასო ქალის კაბას შეაწმინდა და ჩაიტენა შარვალში, შემდეგ ამოიწია, ღილები შეიკრა და წამოდგა. ფართოდ გალაჯული თავზე ედგა ქალს. ალინა კაცის სახეს ვერ ხედავდა. თმა მოკლედ ჰქონდა გაკრეჭილი. მხრებსაც და ხელებსაც სვირინგები უფარავდა. კაცმა დანა დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და ქალს დააფურთხა, თან რაღაც ჩაილაპარაკა, მერე განზე გააბიჯა და ჟოლოს ბუჩქნარში გაუჩინარდა.
ქალი მიწაზე დარჩა. მცხუნვარე მზეში გახვეული უძრავად იწვა, ჭყეტელა ბოშურ კაბაში, გაშლილი ფეხებით, შავი ბოქვენით და კვნესოდა. შემდეგ, ბოშურ ენაზე აბუტბუტებულმა, ასწია შავი, ხუჭუჭა თავი და, ხლებით მიწაზე დაყრდნობილმა, წამოჯდომა შეძლო. შავი, ველური თვალებით მოავლო მზერა მიწას და სისხლიანი ბამბის დიდი ნაჭერი იპოვა. ალინას ორი წელია, თვიური მოუვიდა, ამიტომ მაშინვე მიხვდა, რა ბამბაც იყო. ქალმა აიღო ბამბა, მოძებნა საცვალი, რომელიც მარცხენა ფეხზე ეკიდა, ჩადო მასში და უკან გადახრილმა ამოიწია. კაბა გაისწორა, მუხლებზე დადგა. იქვე ეგდო ცალი ფეხიდან წამძვრალი ფეხსაცმელი. მისწვდა, ჩაიცვა და ირგვლივ მიმოიხედა. დაინახა დიდი ჩალის ჩანთა, საიდანაც ქსოვილის ნაჭრები ამოჩრილიყო. ძლივს წამომდგარმა, ხელები წელზე შემოიწყო, წამოიკვნესა და უხეშად შეიგინა რუსულად. ქალმა შენიშნა, რომ კაბა სისხლით ჰქონდა დასვრილი. უმწეობისგან ღმუოდა, მოთქვამდა და ვერცხლის საყურეებიან თავს აკანტურებდა. მერე დასწვდა ჩანთას და მხარზე გადაიკიდა. და უეცრად მისი სწრაფი, შავი თვალები ალინას თვალებს შეეფეთა.
– გაქვავდი, ძუკნა! – გაავებულმა დაუსისინა, მერე გაბრუნდა და ჟოლოს ბუჩქნარიდან გავიდა.
ალინა გაქვავდა, როგორც ცნობილ საბავშვო თამაშშია. იჯდა ჩაცუცქული და არ იძვროდა. მზისგან დამწვარ, გათელილ ბალახს ზემოთ, სადაც ახლახან კაცი და ქალი იწვნენ, დახშულ, გადახურებულ ჰაერში დარჩა სიცარიელე. უეცრად ალინამაც დაინახა ეს სიცარიელე და შეიგრძნო იგი. აქამდე მისთვის ეს მხოლოდ სიტყვა იყო: სიცარიელე და სიცარიელე. ანუ – არ არის არაფერი, ცარიელია. მაგრამ აქ ეს ცარიელი იყო სიცარიელე, რომელიც გათელილ ბალახს ზემოთ ეკიდა, და ეკიდა როგორღაც ძალიან სერიოზულად და წარმოუდგენლად მშვიდად. და რაც უფრო მეტად აშტერდებოდა ალინა სიცარიელეს, მით უფრო უკეთესად გრძნობდა თავს. მეტიც, არა უბრალოდ უკეთესად, არამედ – სავსებით კარგად, კარგად, უბრალოდ ისე კარგად, როგორც არასოდეს ყოფილა და იმდენად განგრძობითად კარგად, ისე ახლებურად კარგად, რომ თითქოს არაფერი იყო, საერთოდ არაფერი, არამედ იყო მხოლოდ სიცარიელე, რომელიც არსად არსებობს, მხოლოდ აქ – მდელოზე, ამ გამომწვარ ბალახს ზემოთ, ეს სიცარიელე, რომელშიც შეგიძლია დაუსრულებლად იყურო და იყურო, და ეს სიცარიელე სიტყვების გარეშე ამბობს იმას, რაც არავის უთქვამს ალინასთვის და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად ჭკვიანურია, რომ უცბად ყველაფერი ნათელი ხდება, უბრალოდ ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი და ყველაფრის ეს სიცხადე ყველაზე საჭირო რამ არის სამყაროში.
ალინას ლიბრი გადაეკრა თვალებზე.
და უგონოდ დაეცა მზისგან გახურებულ ხის მორზე, რომელსაც ნეშომპალას სუნი ასდიოდა.
ნიუ-იორკში, David Bohomoletz-ის გალერეაში პროგნოზირებადი წარმატებით ჩაიარა ცნობილი ამერიკელი მხატვრის, Alina Molochko-ს გამოფენამ, რომელზეც არტისტმა წარმოადგინა თავისი უახლესი ნამუშევრები მისივე უკვე კარგად ცნობილი “TR” სერიიდან. ინსტალაცია ნომერი 36 შედგებოდა იმავე სიუჟეტისგან, რომელიც ყოველწლიურად, სხვადასხვა ვარიაციით, ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში მეორდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა გალერეასა და მუზეუმში ექსპონირებულ ყველა ოცდათხუთმეტ წინა ინსტალაციაში: ხელოვნური მასალებისგან დიდებულად დამზადებული ჟოლოს რვა ბუჩქი გარს ერტყა მდელოს, რომელიც დაფარული იყო გაყვითლებული ბალახით; მდელოზე იწვა თეთრ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი შავკანიანი ქალი, რომელსაც ფეხები ჰქონდა გაშლილი; ქალზე ზემოდან იწვა თავგაპარსული აზიელი კაცი გაცვეთილ ლურჯ რობიში; კაცს შარვალი ჩაწეული ჰქონდა, შიშველ უკანალზე კი უჩანდა არც თუ გულმოდგინებით გაკეთებული ტატუ: ადამიანის ორი ღია თვალი; ორივე ფიგურა საგულდაგულოდ იყო დამზადებული პლასტიკური მასალებისგან და პრაქტიკულად არ განსხვავდებოდნენ ცოცხალი ადამიანებისგან; აზიელი კაცი აუპატიურებდა ქალს, კაცის უკანალი რიტმულად მოძრაობდა, ქალი სუსტად კვნესოდა, ხოლო მისი ლამაზი გრძელი ფეხები ლაქის თეთრ ფეხსაცმელში პერიოდულად ცახცახებდა; ინსტალაციას ზემოდან აუჩქარებლად ეცემოდა იშვიათი თოვლი.
ალინა და მისი ახალგაზრდა მეგობარი ვიკტორია ან უბრალოდ ვიკი, ხმაურიანი ვერნისაჟის შემდეგ აღარ დაბრუნებულან The Ludlow Hotel-ში, რომელიც მათთვის მოდურმა გალერისტმა, ვერცხლისფერთმიანმა და ენაჭარტალა დევიდმა დაჯავშნა და, სადაც ერთი კვირა გაატარეს გამოფენის სამზადისში, არამედ გაფრინდნენ შინ, სან-ფრანცისკოში. ტაქსიმ აეროპორტიდან ჯერ ჰაივეით გააქროლა, შემდეგ მშობლიურ გორაკებიან გზაზე არწია და ბოლოს მიიყვანა პალმებიან, მარენგოს ფერებში შეღებილ ორსართულიან ხის სახლთან. მოგზაურებს შეეგება მოახლე ტიანი, რომელმაც ორივე ჩემოდანი შეიტანა შინ. ალინამ პარმაღიდან ახედა ცას. დიდი, მუქი ყვითელი მთვარის კიდეს უხილავი ციური ლოკოკინა შემოხვეოდა. წვიმიანი ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ოქტომბერი აქ მშვენიერი იყო – თბილ, ღამის სუფთა ჰაერში ბრუგმანიის ნაცნობი, მათრობელა სურნელი ტრიალებდა. ალინა სახლში შევიდა, მაგრამ ვერც კი მოასწრო წინკარის სუნით დატკბობა, რომ მაღალმა და დიდმა ვიკმა უკნიდან ძლიერი, გრძელი ხელები შემოხვია და კისერში აკოცა თავისი ნაზი ტუჩებით:
– ჩვენი ძველი და… ტკბილი სახლი.
– და ჩვენ მასში.
ალინა მიტრიალდა და თვითონაც მოხვია ხელები. ერთმანეთს აკოცეს. ხანგრძლივი ამბორისას ალინამ უეცრად იგრძნო, თუ როგორ ძალიან დაღლილა დღის განმავლობაში:
– ნუთუ ჩვენ…
– კატაპულტირება შევძელით…
– საგამოფენო ნეხვობიდან?
– კი… კი…
ვიკი ნელა გადგა გვერდზე და გაემართა მისაღები ოთახისკენ, სადაც ტიანს უკვე გაეშალა მაგიდა ღამის ჩაისთვის. ვიკი ყოველთვის ისე მოძრაობდა, თითქოს სიზმარში იყო.
ალინაც მიჰყვა მას. ფართო მისაღები ოთახი, განსვენებული ესთერის მიერ სამოციანების სტილში გაწყობილი, ყოველთვის ახარებდა და სიმშვიდეს ჰგვრიდა. ალინამ გახედა აფრიკული კერპის შავი ხის ქანდაკებას, რომელსაც წვეტიან ყურებზე ესთერის მძივები ეკიდა და გაიღიმა. ზემოდან ხმა მოესმა: საძინებელში ტიანი უკვე შესდგომოდა ჩემოდნების ამოლაგებას. ვიკი თავს აკანტურებდა, თითქოს არ სჯეროდა შინ დაბრუნებისა. და უცებ მძიმე, ლამაზი სახე ასწია და ღრმა, ძლიერი ხმით წამოიძახა:
– ტია-აან!
– დიახ! – გამოეპასუხა მოახლე.
– ჩემს ჩემოდანში მწვანე ქილაა! აქ მომიტანე!
– რა გაქვს? – ვერ მიხვდა ალინა, რომელიც კეფას იმასაჟებდა.
– მატჩა გვინეტისგან. საყვარელი, კეთილი გვინეტისგან. მოსული იყო ჩვენთან. უყვარს შენი ხელოვნება. ახლავე დავლიოთ, კარგი? მისი საჭმელიც ჩანთაშია… ტია-აან! სუპერფუდის პაკეტიც! თეთრი! ეგეც აქ მოიტანე! მაცივარში!
– ახლა… მატჩა… – ალინამ გახედა კედლის საათს, რომელიც ორის თხუთმეტ წუთს უჩვენებდა.
– ცოტა გვიანი ხომ არ არის? თუ ცოტა ადრეა.
– არაა… ადრე არაა… – ვიკმა კვლავ უკნიდან მოხვია ხელები და მსუბუქად დაარწია. – დღეს ისეთი… ღვთაებრივი იყავი… ყველანი შენ გარშემო დაცოცავდნენ… შეციებული, გაყინული ფუტკრებივით…
– და ფუტკრის ამ ნაყარმა რაღაც ნამეტანი საცოდავად დაიწყო… ზუზუნი.
– დასუსხულია! სუსხი. მარადიული სუსხი ამ ქალაქისა.
– აუტანელი მუსიკა. ვაღიაროთ, ნიუ-იორკის არტ-სცენა აუტანელი გახდა. პანდემიამ რაღაც დამართა ხალხს. და ეს ყველაფერი სულაც არ არის შემთხვევითი.
– ეს… ძალიან სამძიმოა.. ახლაც კი მცივა… ხომ გამათბობ?
– რა თქმა უნდა, ძვირფასო. ყინვა ეგზისტენციალურია, შენ მართალი ხარ. თუ ეს სწორედ ის ახალი მეტაფიზიკაა, მაშინ მისი დესტრუქციულობა მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლინებას. და რა იქნება ერთ, ორ წელიწადში?
ვიკი მორჩილად აქნევდა თავის ლამაზ, დიდ თავს:
– არა, არა, არა. ჩვენ იქ ნამდვილად არ ვიქნებით. არასდროს.
და ახლა ჩვენ დროულად… დროულად…
– მოეთრა იქ ეს იდიოტი „არტფორუმიდან”. ისევ დაწერს ჩემს „ტრავმული თვითციტირების მტკივნეულად გარდაუვალ გამოცდილებაზე“!“
– დაწერს… საძაგლად… ცივად…
ალინამ ნერვიულად დაამთქნარა.
– და ვინ უნდა ვაციტირო ტრავმულად? ბურდენი? თუ აკონჩი?
ვიკი არწევდა ალინას:
– ჩემი თბილი… მინდიხარ… მინ-დი-ხარ, მინ-დი-ხარ…
– ვიკ, საყვარელო, ახლა უბრალოდ დავიშლები.
– არ დაგანებებ, არა, არა და არა… შენ ახლა დალევ ძვირფასი გვინეტის მატჩას… და მე…
– და შენ…
– მე… და შენ… და ჩვენ… ტიან!!!
მისაღებში დაბრუნებულმა მოახლემ ქილა და პაკეტი მიიტანა.
– ჩაი მოგვიდუღე ამ ქილიდან.
– ახლავე.
ალინას აიფონმა შეტყობინების სიგნალი გამოსცა. ვიკმა თავისი დიდი, თეთრი ხელი დაავლო და დახედა:
– ელისონია. ტაივანი. მორჩა! გერმანელებმა დაიგვიანეს.
– უკვე?!
– უკვე. ჩინურმა რობმა…
– ამინდი შექმნა? თუ ეს ნაკლულიმპერიელთა გეოპოლიტიკური შიშია?
– უკვე… უკვე…
– იქნებ, უბრალოდ იმიტომ, რომ ნიღბის გარეშე აუპატიურებს?
ვიკმა ისე გაიღიმა, თითქოს დავიწყებული, კეთილი სიზმარი ნახა. ალინამ გაიცინა, მერე გაიზმორა, თავი გააქნია, მივიდა ჩაის დაბალ მაგიდასთან, ჩამოჯდა და ტაში შემოკრა.
– სწრაფად! ელვისებურად. TR-35 იყიდებოდა ოთხი თვის განმავლობაში, ჰა?
– შემთხვევით არაფერი ხდება… ყველაფერი შენთვის, ღვთაებრივო… ყინული დაიძრა.
– ახალი ძველი დროება?
ჩაი, როგორც ყოველთვის, მდუმარედ დალიეს. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ვიკმა ალინა ხელში აიტაცა და მეორე სართულზე, საძინებელში წაიყვანა.
უზარმაზარ, იასამნისფერი ზეწრებით გაშლილ კვადრატულ საწოლზე ალერსის შემდეგ, ვიკს ჩაეძინა. ცოტა ხანში ალინა წამოდგა და შიშველი გავიდა თავის დიდ სახელოსნოში, რომელიც ესთერმა სპეციალურად ალინასთვის ააშენა ოცდაჩვიდმეტი წლის წინ, რისთვისაც ორი ტიხარი დაანგრია და კაბინეტიც დათმო. სახელოსნოში სამი დიდი სამუშაო მაგიდა იდგა ესკიზებით, მონიტორით, ფოტოებით, ალბომებით, ფიგურებით, თოჯინებით, გაზეთებისა და ჟურნალების ამონარიდებით. აქვე იყო: მასიური მოლბერტი, რომელსაც დიდი ხანია აღარ იყენებდა; საღებავების სკივრი, ფუნჯებით სავსე ვაზები, ფირსაკრავი, დინამიკები და ალბომებით, წიგნებითა და ფირფიტებით სავსე თაროები. სახელოსნოს ყრუ კედელი მთლიანად ერთნაირ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოებით იყო დაფარული. ალინა ფოტოებს მიუახლოვდა. მარცხნიდან მარჯვნივ, კედელზე გადიოდა მისი ცხოვრების ქრონიკა: ბავშვობა, ყირიმი, ევპატორია, დედა, ბებია, სკოლა, კიევი, სამედიცინო სკოლა, მოსკოვი 1983 წლის ზამთარში, ესთერი და ალინა ერთმანეთს ჩახუტებულები კრემლის ფონზე, იგივენი აბაზანაში ბოკალებით ხელში, იგივენი თოვლის ნამქერზე კოცნაობისას, სასამართლო დარბაზი, ალინა ბრალდებულის სკამზე, ქვეყნიდან გასახლებული ესთერი ინტერვიუს აძლევს ნიუ-იორკის აეროპორტში, ალინა ციხის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გისოსებიან ფანჯარაში, ესთერი ფემინისტებთან ერთად დემონსტრაციაზე სსრკ-ის საელჩოსთან 1986 წელს, საბჭოთა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გათავისუფლებული და აშშ-ში ახლახან ჩასული ალინა პრესკონფერენციაზე, ალინა და ესთერი სიუზენ ზონტაგთან, ნენსი რეიგანთან, იოსიფ ბროდსკისთან, პატი სმიტთან, მარტინა ნავრატილოვასთან, ივ მონტანთან, კატრინ დენევთან და ჯორჯ ჰარისონთან ერთად; კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი, ალინას სადიპლომო ნამუშევარი – ქალის უზარმაზარი თავი მდუღარე წყლით სავსე გამჭვირვალე კუბში, კიდევ ორი ობიექტი და აი, TR-1, პირველი ინსტალაცია, რომელმაც ხელოვნების სამყაროში ახალი სახელი შვა – Alina Molochko: ჟოლოს ნამდვილი ბუჩქები, ჭყეტელა კაბაში გამოწყობილი ცოცხალი ალინა, რომელიც ეძლევა დანიან და დუნდულებზე თვალებამოსვირინგებულ მანეკენს; TR-2, TR-3, TR-4 და ცნობილი მეხუთე TR, რომელმაც ვენეციის ბიენალეზე ფურორი მოახდინა – თეთრკანიანი ალბინოსი რობოტი, კაცის იდეალური ასლი, რომელიც აუპატიურებს შავკანიან ქალს, ისეთსავე რობოტს, ჟოლოს ბუჩქები მაშინ ცოცხლებივით ირხეოდნენ, კენკრები იცვლიდნენ ფერს, ხან ალისფრად ლივლივებდნენ, ხანაც – შინდისფრად; TR-5, TR-6… TR-12, TR-18, TR-30… რამდენი იყო უკვე – ყოველწლიურად გალერეებსა და მუზეუმებში, ვენეციურ პალაცოებსა და საგამოფენო დარბაზებში; იცვლებოდნენ ბუჩქები, მათი ფერები და ფორმები, ისევე როგორც იცვლებოდნენ ბუჩქებს შორის მდელოზე მწოლიარე ფიგურები, მათი პროპორციები, კანის ფერები, ანთროპომორფული რობოტების ხარისხი, მამაკაცის დუნდულებზე ამოსვირინგებული ტატუების სტილები; ტანსაცმელები, დანის ფორმები, კვნესისა და მუქარის ტონები, ტატუირებული დუნდულებისა და ქალის აცახცახებული ფეხების მოძრაობები, წვიმა, თოვლი ან უბრალოდ სინათლე, რომელიც თან ახლდა ინსტალაციას.
მაგიდაზე TR-36-ის ცარიელი ჩარჩო იდო. რჩებოდა მხოლოდ ინსტალაციის ფოტოს ფერად პრინტერზე ამობეჭდვა, ჩარჩოში ჩასმა და კედელზე ჩამოკიდება TR-35-ის გვერდით.
„ხვალ…“ – გაიფიქრა ალინამ და გაიღიმა, მიხვდა, რომ ხვალინდელი დღე უკვე დამდგარიყო, გარეთ თენდებოდა.
და ამ მქრქალმა დილის შუქმა არსაიდან, რომელიც ავსებდა სახელოსნოს და აფართოებდა მას, აიძულა გაეხსენებინა ის, რაზეც ყოველ ჯერზე ეფიქრებოდა, როცა მორიგი TR მთავრდებოდა კედელზე ჩამოკიდებული ვიწრო ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათით. ალინა სახელოსნოს უკიდურეს მარჯვენა კუთხესთან მივიდა. ეს კუთხე ცარიელი იყო, იატაკზე კი ყოველთვის ხმელი ბალახი ეყარა.
ჩაიცუცქა. ალინას შიშველი, მოხდენილი, ორმოცდათხუთმეტწლიანი სხეული, მოვლილი კანითა და ჯერ კიდევ ახალგაზრდული მკერდით, გაირინდა.
– სიცარიელე! – გასცა ბრძანება.
და ეგრევე კუთხეში აინთო ჰოლოგრამა: შავტუხა, შავთვალება ქალის სახე, შარავანდედად დადგმული შავი ხუჭუჭა თმით.
– გაქვავდი, ძუკნა! – გაავებულმა დაუყვირა რუსულად და გაქრა.
ალინას ხელები მუხლებზე შემოეხვია და ცარიელ კუთხეს მისჩერებოდა. ერთთავად დაძაბულიყო, კონცენტრირებულს სუნთქვა შეეწყვიტა. მისი თაფლისფერი თვალების მზერა კუთხის თეთრ სივრცეს მიჰბჯენოდა. გავიდა წუთი. გული ძალუმად და სულ უფრო ჩქარა უცემდა, მისი პულსაცია ყელსა და საფეთქლებს გადაეცემოდა. ორი წუთიც არ იქნებოდა გასული, ძალაგამოცლილმა და იატაკზე დაშვებულმა ალინამ, ხარბად სუნთქვა რომ დაიწყო.
სული რომ მოითქვა, თავი ასწია.
კუთხეს გახედა.
მაგრამ კუთხე კვლავინდებურად ცარიელი იყო.
© არილი