ესე

„ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია“

naira gelashvili saba

ნინო ბექიშვილი

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების წლევანდელი ცერემონიალი ნამდვილად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ამ პრემიის გაცემისას უკვე წლებია, მივეჩვიეთ. პრემიის ორმა ლაურეატმა, გიორგი მაისურაძემ და ნაირა გელაშვილმა, იმის გარდა, რომ მადლობა გადაუხადეს „თიბისი“ ბანკსა და ჟიურის, იმაზეც ისაუბრეს, რაც აწუხებთ და შეეცადნენ აუდიტორიის ყურადღება ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემებისკენ მიეპყროთ.

„ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია. სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ზოგჯერ წამქეზებლობაში ეჯიბრებიან. სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით. ასეთ დროს ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი და განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს” – გიორგი მაისურაძემ ამ რამდენიმე წინადადებაში მოკლედ ის პრობლემები აღწერა, რაც მისთვის, როგორც ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზედაც ხშირად ფიქრობს და წერს. გიორგის ამ საკითხებზე სხვადასხვა ტელეეთერებიდანაც ხშირად უსაუბრია, ლექციებიც წაუკითხავს, რომელთა დიდი ნაწილის მოსმენაც ინტერნეტში შეიძლება, მაგრამ მისი სიტყვები, პრემიის გადაცემისას, იქ, სადაც ამას არავინ მოელოდა, სულ სხვა სიმწვავით გაისმა.

ნაირა გელაშვილმა „საბა“ საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო. მისი წიგნი „მე ის ვარ“ იმ თემაზეა, რასაც ქართული, და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უცხოური მწერლობაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გვერდს უვლის – 13 წლის გოგოზე და მის პირველ სიყვარულზე. „ბავშვები გიჟები არიან, ამიტომაც არ გადადიან ჭკუიდან“ – ეს პატარა წიგნი მარინა ცვეტაევას ოდესღაც ნათქვამი ამ ფრაზის ნამდვილი ილუსტრაციაა. არავითარი სოციალური თემატიკა ან სიმძაფრე ამ პატარა წიგნში არ არის – იმაზეა, რაც ალბათ ყველაზე ძნელი ასაღწერია – გრძნობაზე, რომლის ახსნასაც მთავარი გმირი არც ცდილობს – იღებს, როგორც საჩუქარს, როგორც სასჯელს.

უკვე ოც წელზე მეტია ნაირა გელაშვილი საქართველოში ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცდილობს. ის ქართულ ენაზე ბუნების დაცვის შესახებ დაწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის „ეკოლოგია, ტექნოკრატია, პოეზია“ ავტორია, გასული საუკუნის 90-იანებში სათავეში უდგა ქართულ მწვანე მოძრაობას და დღეს, როცა ხუდონჰესის აშენების საკითხი ისეთივე მწვავეა, როგორც 20 წლის წინ, ნაირა გელაშვილმა სწორედ ამ პრობლემაზე, კერძოდ ხაიშელების გასაჭირზე ისაუბრა. „ეს სოფელი ოც წელიწადზე მეტია კლდესავით დგას… სოფელს და მის მაცხოვრებლებს სთავაზობენ ყველაფერს, ოღონდ გაყიდონ თავიანთი საცხოვრებელი, სიწმინდეები, საფლავები, ეკლესიები, სავარგულები და ეს ღარიბი სოფელი, რომელიც განიცდის ყველანაირ დაწოლას, გადაბირებას, დაშინებას, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, დგას მარტო, მიტოვებულია ფაქტობრივად მთელი საქართველოსაგან, მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც. თუ ეს პროექტი განხორციელდა, მთელი სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა და შემდეგ უკვე სხვა რეგიონებიც, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, ათასობით და ათიათასობით ჰექტარი ჩაიძირება წყალში და ჩვენ შეგვრცხვება, რომ ამ დროს ვცხოვრობდით, მწერლები ვიყავით, ვწერდით და პრემიებს ვიღებდით. მე მოვუწოდებ მწერლებს, მათ მოაწერონ ხელი ამ პროექტის წინააღმდეგ”, – თქვა მან.

გიორგი მაისურაძისა და ნაირა გელაშვილის გზავნილები რომ ზუსტი და საჭირო იყო, ამას ის გამოხმაურებები და დისკუსიებიც მოწმობს, რაც მათ გამოსვლებს მედიაში, სოციალურ ქსელებზე და ფორუმებზე მოჰყვა. რამდენიმე დღე ლიტერატურით და არა მხოლოდ ლიტერატურით დაინტერესებული ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები ამ ორ მოკლე სიტყვას განიხილავდნენ.

ასეთი რამ „საბაზე“ ადრე არასდროს მომხდარა. რაც გასაკვირი, მგონი, ნამდვილად არ უნდა იყოს. „წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის“ (ასე უწოდებენ დამაარსებლები „საბას“) დაჯილდოების ცერემონიალის დრამატურგია ისეა მოფიქრებული და აწყობილი, რომ ნამდვილად არ რჩება ადგილი პრობლემებისთვის და მათთვის, ვისაც უჭირს ან დახმარება სჭირდება. „საბას“ გადაცემა ერთი დიდი ზეიმია და რაც დრო გადის, ეს ზეიმი უფრო და უფრო პომპეზური ხდება. წელსაც ცერემონიალი არა „თიბისი“ ბანკის ეზოში, არამედ რუსთაველის თეატრში ჩატარდა და თან ბიძინა კვერნაძის ხსოვნის საღამოც შეითავსა. ხალხსაც მხოლოდ მოსაწვევებით უშვებდნენ – მოსაწვევზე აღნიშნული იყო, რომ საღამოზე აუცილებლად შესაბამისად, სადღესასწაულოდ ჩაცმულები უნდა მივსულიყავით.

არ ვიცი, რამდენად უხდება ლიტერატურულ პრემიას ეს პომპეზურობა. მაგალითად, ბუკერის პრიზი, რომლის ოდენობაც 50 000 ფუნტი სტერლინგია, გაცილებით უფრო სადა და უბრალო ვითარებაში გადაეცემათ ხოლმე გამარჯვებულებს, ვიდრე პრემია „საბა“, დაჯილდოებულ მწერალსაც რჩება დრო იმისთვის, რომ მკითხველებს გაესაუბროს. თუმცა, კაცია და გუნება – პრემიის დამაარსებელმა „თიბისი“ ბანკმა ასე გადაწყვიტა. მწერლებს და ლიტერატურის მოყვარულებს მადლობის მეტი რა გვეთქმის?!

ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას და ქართველ მწერლებს პრობლემები წინა წლებშიც არ აკლდათ. თუმცა, ტრადიცია, როცა მწერალი დაჯილდოების ცერემონიალზე მხოლოდ მადლობას იხდიდა, მარტო ახლა, პრემიის დაარსებიდან მე-11 წლისთავზე დაირღვა. რატომ მოხდა ასე? იქნებ იმიტომ, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენს ირგვლივ რაღაც შეიცვალა და მწერლებსაც გული მიეცათ? ან იქნებ ეს ორი მწერლის – გიორგი მაისურაძისა და ნაირა გელაშვილის პირადი გამბედაობაა? აქ რთულია ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი პასუხის მოძებნა.

გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ „მწერლობას ჯადოქრობა არ შეუძლია“. ცხადია, ასეა, თუმცა, მწერალს შეუძლია არ დარჩეს გულგრილი, მაშინ, როცა ტექნოკრატები ბუნებას დაუნანებლად ანადგურებენ და მოქალაქეებს ნების საწინააღმდეგოდ ასახლებენ, როცა მავანს მოსაკლავად იმის გამო დასდევენ, რისი შეცვლაც მას ნამდვილად არ შეუძლია, ან უბრალოდ, როცა ვიღაცებს შიათ და სცივათ – მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს. უბრალო ხალხს ალბათ სჭირდება იმის ცოდნა, რომ ვიღაც ესარჩლება, ვიღაც მათზე ფიქრობს, ამა ქვეყნის ძლიერებს კი – სულ ერთია, ანაფორიანებსა თუ უანაფოროებს, იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც მათ ყოვლისშემძლეობაში ეჭვი შეაქვს.

კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მწერლებს ერის წინამძღოლების ფუნქცია ჰქონდათ შეთავსებული. „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“ პარადიგმა მეცხრამეტე საუკუნესთან ერთად დამთავრდა. მეოცეს დასაწყისში თავისუფლების სულ სხვა სიო დაქროდა საქართველოში, რომელიც საბჭოეთმა მალევე ჩაახშო – მწერალთა უმეტესობა ან სრულიად დადუმდა, ან საბჭოთა ტერორს შეეწირა, ანაც, და ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ, სისტემის რუპორად იქცა. ქართული მწერლობის ისტორია იცნობს ყველაზე სასოწარკვეთილ პროტესტის ფორმასაც – 1937 წელს, სხვა რომ ვერაფერი შეძლო, პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში ტყვია დაიხალა შუბლში.

დღეს სხვა დროა. სხვა ქვეყანა და სხვა მწერლები. კარგია, რომ მათ შორის ორმა, გიორგი მაისურაძემ და ნაირა გელაშვილმა 2013 წლის 23 სექტემბერს ოპერის გაბრწყინებულ დარბაზში ბურჟუაზიის სრულიად არამოკრძალებული ხიბლის გარღვევა შეძლეს და იქ, სადაც თითქოს მხოლოდ ზეიმის ადგილი იყო, იმ ადამიანებზე ილაპარაკეს, ვისაც ახლა დახმარება და თანადგომა სჭირდება. ცხადია, ეს ჯადოქრობა არ არის. მაგრამ რაღაცნაირად შვებისმომგვრელია ის, რომ ლიტერატურას, მწერლობას და მწერლებს ასეთი თანაგრძნობა შეუძლიათ.

© “არილი

Facebook Comments Box