პოეზია

ლია ლიქოკელი – ლექსები

lia liqokeli 3434

როგორ შემიყვარდა ყვავი

მოდი, სადმე ჩამოვჯდები და მოგიყვებით,
როგორ შემიყვარდა ყვავი.
მინდა იცოდეთ, რომ ეს სასაცილო არ არის.
მაშინ ასე გამჭვირვალე არ ვიყავი.
მთელი ზამთარი ვუყურებდი მიწას
და ვფიქრობდი, რომ მიწიდან ამოდის თოვლი.
მთელი ზამთარი ვუყურებდი თოვლს
და ვფიქრობდი, რომ თოვლიდან ამოდის ცა.
მერე თვალები გამიცივდა.
ისინი იყვნენ ჭირვეული ავადმყოფები.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კვდებიან,
მიყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ვკვდები.
თვალებს თაფლს ვაჭმევდი და ისე ვასეირნებდი,
თვალები თოვლით მავსებდნენ და ისე მასეირნებდნენ.

მერე შევხვდით.
ის ცის კიდეზე იჯდა
და ზამთრის ხელებად დაგრეხილ შიშველ ხეებს ასეირნებდა.
ის ჩავლილი მზის კვალზე დაფრინავდა
და ცას შერჩენილ მის ნამცეცებს კენკავდა.
სახლში შევედი და ვთქვი, რომ შემიყვარდა
და უნდა გავყვე.
მამაჩემმა მიყვირა.
დედაჩემმა იტირა და მითხრა, რომ ვერ გავძლებ,
რომ ჩემთვის არ არის ყვავური ცხოვრება,
მაგრამ როცა ვკითხე, მაშ რომელი ცხოვრებაა ჩემთვის,
ვერაფერი მიპასუხა.

სამი გრძელი ღამე გადაება ერთმანეთს მერე გაუთენებლად.
სახლის წინ მავთულზე ქანაობდა და ჩხაოდა
ჩემი ცხოვრების მთავარი შავი ყვავი.
ჩავალაგე ჩემოდანი და ფანჯრიდან გადავძვერი, როგორც წესია.
დავტოვე წერილი, როგორც წესია
და ჩვენი ახალი საცხოვრებელი ხის ტელეფონის ნომერი.

ასე დავიწყეთ.
ფრენა არ გამჭირვებია – ნიჭიერი ვარ და ყველაფერს ადვილად ვითვისებ.
უძილობა ისევ მაწუხებს და ღამღამობით ჩხავილში ვვარჯიშობ.
ჯერჯერობით ისევ ფერად კაბებს ვიცვამ,
თუმცა ყვავი ფიქრობს, რომ ზამთრის პეიზაჟს
და ყვავურ ცხოვრებას ეს არ შეეფერება.

როცა ვჩხუბობთ, რომელიმე ხიდიდან ვხტები,
მაგრამ ჩემს ყვავს ყველა ხიდი გაფრთხილებული ჰყავს
და ისინიც ჰაერში მიჭერენ.
მთავარია, ცაში არ გადავხტე.
ზოგჯერ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მივფრინავთ
და მიტოვებული სახლების სიჩუმეს ვუსმენთ,
მერე სადმე მინდორზე ვეშვებით
და ჩემი შავი ყვავი
ხერხემალზე სიყვარულის ჟრუანტელს მიკენკავს.
ვიცი, განიცდის, შვილები რომ არ გვყავს
და ცდილობს, არ მაგრძნობინოს,
მაგრამ ზოგჯერ ზურგშექცეულს ყელთან რუხი ბუმბული უთრთის.
ამ დროს ხელებს ვხვევ, მის ფრთებს მხრებზე ვიწყობ
და სანამ მოხეტიალე მარტოხელა ხეები
ტრიალ მინდვრებში მტირალ
შეყვარებულ ყვავებზე მღერიან,
ჩვენ ვცეკვავთ.

ასე რატომ გავხდი?
ასე რატომ გავხუნდი?
რა ვიცი, ასეთია ცხოვრება.

ახლა მალე დაიწყება ჩემი თვალების სეზონური ავადმყოფობა –
გაზაფხულის წვიმები.
ამ დროს მინდება, სადმე ჩამოვჯდე და ვინმეს ველაპარაკო,
და მთელი დღეები დავფრინავ და ვყვები,
როგორ შემიყვარდა
შავი, მარტოხელა წერტილი ზამთრის ცაზე.

ჩემი შვილი დედაჩემი

ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიშვილოთ.
ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიჩვილოთ.
კალთაში ჩავისვათ,
მკერდზე მივიყუდოთ დაჭაღარავებული თავები,
ცხელ შუბლებზე ხელები შემოვაწყოთ,
დავარწიოთ და ვუღიღინოთ,
დავარწიოთ, დავუნანაოთ:
ნანა, ნანა დედასაო,
ჩემ გამჩენელს, ჩემგან გაჩენილსაო.
შენი დარდი მე, დედი, შენი ცრემლი მე,
შენი ცეცხლი მე, შენი ნაღველი მე,
მე დამწვას, მე დამლიოს,
დამნაცროს, მიწას გამრიოს.
დაიძინე, ჩემო შვილო დედაჩემო,
დაიძინე, დედამზევ, დედამიწავ.

შენი სიკვდილი მე, დედი,
ჩემი სისხლი შენ,
ჩემი სიცოცხლე შენ.

მზე ჩადგეს, ჩემი გული ამოვიდეს.
შენი ხელები, დედი,
უბეში, უბეში,
მკერდზე მომიკაკუნე.
ნანაო, ნანაო, დედაჩემის ხელებო,
გულში ჩამომიწექით, დედაჩემის ხელებო.

მიმღერდეს ძარღვი ყელზე:
ნანა, ნანა დედასაო,
ნანა დედაჩემის სუნთქვას.
ჩემ კალთაში დაბერდი, დედი,
ჩემი კალთიდან ამოჩვილდი.

ადგეს მზე-დედა, ავდგე,
შავ მატყლში გავახვიო თოთო დედაჩემი.
წავიდე, შავ წყალში ხელები ჩავყარო,
სისხლი გამოვუშვა, ნაღველ-ბალღამი გამოჰყვეს.
წყალმა წაიღოს სიბერე,
წყალმა წაიღოს სიკვდილი.

დედაჩემი ვიშვილე, ვთქვა,
დედაჩემი გავაჩინე.

ქუდები მოიხადეთ, ბატონებო

ქუდები მოიხადეთ, ბატონებო,
კართან ფეხები შეიწმინდეთ,
თოვლი დაიბერტყეთ,
შემოდით და სუფრას მოუსხედით –
ახლა ფაფას ჩამოვატარებ,
რძეში მოხარშულ ბრინჯის ფაფას –
მოგშივდებოდათ.

ასეთი ამბავია:
ერთმა ლამაზმა გოგომ თავისი ოთხმოცი წელი
თეთრი ყელივით მოიღერა
და ბინდჩამდგარი თვალების ნავლი
სიკვდილს სამუდამო სურვილად შეჰყარა.

მივედი, ვნახე.
როგორი გოგო ხარ, – ვუთხარი, – წევხარ.
სამკვდრო სუფრით და
სანთელდაკრული ქადებით მხვდები.
როგორი გოგო ხარ, სუნთქვას იკავებ –
უფრო წელწვრილი გამოჩნდები.
როგორ ჩიოდი უსტუმრო ზამთარს –
კარზე მოგადგა მთელი სოფელი.
როგორი გოგო ხარ, ღაწვებს იწითლებ,
სიკვდილის ტუჩებს სახალხოდ კოცნი,
ღამე გატყდა და გვერდზე მოგიწვა
მიწისპერანგა შავი სწორფერი,
ცამაც საჩქაროდ ჩამოგიქსოვა
თეთრი საკაბე – თებერვლის თოვლი,
მზე დააბნელოს, ისე მოგიხდეს,
გადაგეჭიმოს მკერდზე მაქმანი.

როგორი გაათენე ეს დღე, შეხედე –
შენმა ვაშლის ხემ
ჯერაც თბილ ცხვრის ტყავში
მკლავებად გაუყარა დამზრალი ტოტები.
დგანან ქალები, სისხლის წვეთებზე
მარილიან თვალებს იშრობენ.
ცეცხლზე ხორციან ქვაბს შემოდგამენ,
საგზლად ხმიადებს დაგიცხობენ.
რძეში ბრინჯს ამოაფუებენ,
თაფლს ჩაადნობენ ჩამტკბარ ხორბალში.
ერბოში ფქვილს წამოადუღებენ,
ყვითლად იღაღანებს ჯამებში ხავიწი.
მიაკარით ჯამებს სანთლები,
მე სუფრაზე ჩამოვატარებ.
– გადაიღეთ, – სიცილით ვიტყვი,
ერთმანეთს უხდება
ბრინჯის ფაფა და ცხელი ხავიწი.
შეურიეთ თებერვლის თეთრში
ჩემი ყვითელი თვალების მდუღარე.
როგორი გოგო ვარ – ჩემი თვალჭრელი
სიკვდილს სადედოფლოდ გავუმზითვე.
როგორი გოგო ვარ – მასპინძელი:
თოვლში გაზელილი ბლანტი ზამთრის მზე
სიკვდილის ქორწილის აშლილ სუფრაზე
სულ სიცილით ჩამოვატარე.

ვიცი, ადვილი არ იყო, მაგრამ
ჩემო გოგო, ასე გადაწყვიტე,
ღამე იყო და კარი გაუღე,
მარტო იყავი და უარი ვერ უთხარი.
ახლა გეყოლება ხმის გამცემი –
სიჩუმეს ეტყვი, სიჩუმეს გიპასუხებს.
ახლა გეყოლება – ძვლებს აგიჭრიალებს,
უბეში ისეთი ვნებით ჩაგიხვევს.
მაგის სურვილი თუ გკლავდა, რა ვიცოდი,
ასეთები თუ მოგწონდა, რა ვიცოდი,
როგორი გოგო ხარ – რას ვიფიქრებდი,
ასეთ ბებერს თუ გაყვებოდი.

როგორი გოგოა, შეხედეთ, ვამბობ,
თეთრად გადახსნის ქვესკნელის დარბაზებს.
ქუდები მოიხადეთ, ბატონებო,
ყველა კი არ არის ასეთი ლამაზი.

დაემშვიდობე, მითხარით, მიგვყავს.
რა მკაცრები ხართ, ბატონებო.
მივუჯექი, ღაწვების ხავერდს
ცივი თითები დავაყოლე.
ხელთათმანები ჩაგეცვა, ვუთხარი.
ზამთარია, ცივია მიწა.
იქნებ სუნთქვა ჩამოგაყოლო,
იქნებ თვალები ჩამოგაყოლო
და ერთად ვნახოთ
ის მზედამზრალი ცამშრალი ქვეყანა.

არ მესმის, ასეთი როგორ გახდი –
ისე მკოცნი, არცკი მეხები.
არ მესმის, ხალხი შენს მაყრიონს
მესაფლავეებს რატომ ეძახის.

თქვენზე ვუთხარი, ბატონებო, თქვენზე ვუთხარი.
ქუდები მოიხადეთ, ყვიროდით. მიდის.
მიდის, მიბრძანდება სიკვდილის პატარძალი.

ახლა მობრძანდით, ბატონებო, ახლა თქვენთან ვილაპარაკებ.
ახლა მობრძანდით, დაიბერტყეთ ბეჭებიდან მისი სხეული,
ხელებიდან თოვლი და მიწა.
მოგშივდებოდათ, ბატონებო, თქვენთვის ცალკე სუფრა გავშალე.
ეს თქვენთვის არის – მისი ხელით ბუდენაქარგი
ჭრელმძივდაკრული მაღალი ბოთლით ანწლის არაყი.

ყოჩაღი იყო ჩვენი გოგო, ჩვენი ყოჩაღი.
ლამაზი იყო ჩვენი გოგო, ჩვენი ლამაზი.
ამას ვფიქრობდი, ბატონებო, რომ გაცილებდით,
ხელს რომ გიქნევდით.

და როცა თქვენს დახრილ ბეჭებზე
შემობრძანებულმა
ჩამავალმზეჩამოღვრილი მაღალი ტახტიდან
ნისლის ფთილასავით მესროლა სახსოვარი –
შავი, ვარდებმიქარგული თავშალი,
კიდევ ერთხელ გავიფიქრე:
მაინც როგორ ჰგვანან
ცივ ცას მიკემსილი მძივ-თვალებით
და გულზე გადაშლილი თითებით
თოვლზე ფრთადაფენილ ჩიტებს
მკვდარი, მარტოხელა პაპიდები.

გოგოობის კანონი

პატივცემულო წესრიგის დამცველებო,
დიდი კრძალვით და მცირედი ცახცახით
მოგმართავთ ფრიად დელიკატური თხოვნით,
და იმედია, სწორად გამიგებთ:
როცა ერთ ჩვეულებრივ ზაფხულის დღეს
ჩვეულებრივ ზაფხულის მზეში
ერთი ჩვეულებრივი გოგო
მარტო დგას ხიდზე
მოაჯირზე იდაყვებდაყრდნობილი
და მდორე მდინარეში თვალებს ატივტივებს,
ნუ მიხვალთ მასთან ნაცრისფერი უნიფორმით
და ნუ კითხავთ, აქ რას აკეთებს.
შეიძლება იფიქროს, რომ დამნაშავეა,
შეიძლება, დაფრთხეს და გაფრინდეს.

გასაგებია, რომ თქვენ იცავთ კანონს,
რომ უპირველესია საზოგადოებრივი წესრიგი,
მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გოგოობის კანონით
ნებისმიერ გოგოს აქვს უფლება,
იდგეს ხიდზე მარტო
ნაშუადღევის მდუღარე მზეში,
დროდადრო წყლისკენ წაიგრძელოს თითები
და თქვენს შეკითხვაზე, გადახტომას ხომ არ აპირებს,
გიპასუხოთ სიჩუმე, –
ყველა დიდმა გოგომ უკვე კარგად იცის,
რომ აკრძალულია
გაზონზე გადასვლა და წყალზე სიარული.

გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ წესები
სპეციალურად გოგოებისთვის,
ზაფხულში ისინი უნდა დადიოდნენ მხოლოდ ჯგუფ-ჯგუფად
ჭრელ-ჭრელი კაბებით,
კიდევ უფრო სასურველია,
დანარნარებდნენ, როგორც წყვილის ცალები,
ძლიერ მკლავზე დაყრდნობილი მეორე ნახევრები,
ან მეორე ნახევრობის კანდიდატები,
თმას უნდა ისწორებდნენ ნაზი თითებით,
თვალები მინაბონ, როცა ყელში კოცნიან,
და სიყვარულის ჩურჩულით შეკენკილი
პეპლისფრთა საყურეების რხევით
ხიდის თავზე დაბერილი ღრუბლების ფონზე
კრუტუნით მიირთვან ბამბის ნაყინი და
ზაფხულის დღეების წებოვანი სიტკბო.

მაგრამ ზოგჯერ გოგოები დადიან
დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმლით,
იცვამენ ულამაზო, ყელდახურულ მაისურებს,
თმას ცხენის კუდივით გაიკრავენ,
ჩაიწყობენ ზურგჩანთებში ქვებს,
ჩაილაგებენ თვალებში საფიქრებლებს,
დაეხეტებიან ქალაქში,
აკითხავენ ბაღებს და ხიდებს
და წყალში ისვრიან სიჩუმის ანკესებს.

უნდა იცოდეთ, რომ მათ აქვთ უფლება.
აქვთ გოგოებს უფლება,
იყოლიონ საკუთარი თავები,
ასეირნონ საკუთარი ქვები,
არ შეიღებონ თვალები და ტუჩები კოცნით,
არ შეისწორონ თმა და უყვარდეთ ქარი და მტვერი,
უყვარდეთ დაუკრეფავი ყვავილები,
უყვარდეთ ცარიელი ბაღები,
ცარიელი ხიდები,
და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით ასეთი სასაცილოები,
რაცსაჭიროაიმისკეთების უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო,
ასებედნიერივერიქნები უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო, –
ყველაფერი კარგად იქნება,
ყველაფერიკარგადიქნება უნიფორმიანო წესრიგის დამცველებო.

გოგოს აქვს უფლება, გიპასუხოთ, რომ აქვს უფლება,
ჰქონდეს ასეთი სახე.
იქნებ უბრალოდ სახლში დარჩა
ბედნიერი გამომეტყველება,
იქნებ ჩქარობდა და უბრალოდ დაავიწყდა,
აქ მოსვლამდე ვინმე შეეყვარებინა.
და როცა ზაფხულის მდუღარე მზეში
მარტო დგას ხიდზე,
ნუ მიხვალთ მასთან არაფრისფერი უნიფორმით
და ასეთი ტონით ნუ მიახლით კითხვას,
რატომ უგავს თვალები დამდნარ თაფლის წვეთებს,
რატომ უგავს თითები მოცახცახე ფრთისწვერებს.

იქნებ არც ახსოვს, რომ გოგოა.
იქნებ არც ახსოვს, რომ მარტოა.
იქნებ უბრალოდ ფიქრობს,
მაინც რა შეგრძნებაა,
როცა ხიდის ჩრდილი ხარ,
წყალზე წევხარ, ირწევი,
არც ხარ, არც არ ხარ.

კარგად უნდა ვიყოთ, გოგო

ანიკას. და სხვა გოგოებს

ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ ნადირობს ჩემზე
კაცი, რომელიც მიყვარს.
ნადირობა იქნება შემოდგომაზე,
მდინარის ნაპირას, თენებისას, ჭალაში.
შემთხვევის ადგილზე იქნებიან ქვები, ხეები და ჩიტები.
კაცი დადგება სახით აღმოსავლეთისკენ,
შემომხედავს და თოფს მხარზე მიიბჯენს.
თოფის ლულიდან გამოფრინდებიან ყვავები.
მე ვიდგები მდინარისკენ ზურგით,
ხელებჩამოშვებული.
თვალებს არ დავხუჭავ.
კაცი დაიწყებს სროლას და რიგრიგობით მოვლენ ხეები,
გადამეფარებიან.
რიგრიგობით დაეცემიან მიწაზე.
– მიყვარხარ, – მეტყვის და მესვრის,
– მიყვარხარ, – მეტყვის და მოკვდება კიდევ ერთი ხე.
მზის ამოსვლისთვის ყველა ხე მოკვდება.
მზე ამოვა მდინარიდან, მზე ამოვა ჩემი ზურგიდან.
აფრინდებიან ფასკუნჯები თოფის ლულიდან.
მესვრის.
ვერ მოვასწრებ ხელების გაშლას, დავეცემი.
ხეებს არ დასცვივდებათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები დამცვივდება მე.

მიწა იქნება ხავსიანი და სველი, ხეების სისხლით გაჟღენთილი.
კაცი მოვა და დამხედავს და თოფს გაიდებს მხარზე.
თოფის ლულიდან აფრინდებიან ჩემი სისხლიანი ფოთლები.
მოფრინდებიან ფასკუნჯები
და ღია ტუჩებზე დამაფარებენ ფრთებს.
მიწაზე გაწოლილი მკვდარი ხეები გამოაცოცებენ ტოტებს.
– კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – მეტყვიან ხეები.
კაცი წავა და აფრინდებიან მისი ზურგიდან
ჩემი თვალები.

ასეა, გოგო.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
მინდორი სავსეა მკვდარი ხეებით და ჩვენი ხელებით,
მათი წასვლისას რომ ვერ გავშალეთ.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ სიტყვები –
სიჩუმეს უფრო ვიმახსოვრებთ.
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ თვალები –
ჩვენ მაინც ზურგებს ვიმახსოვრებთ.
და ნუ ექნებათ ჩვენთვის ყვავილები,
ჩვენ თოფებს ვიმახსოვრებთ
და თოფის ლულებიდან აფრენილ ყვავებს.

ასეა, გოგო. მთავარია, თოფის ხმა არავინ გაიგონოს.

და მათი წასვლის შემდეგ
ჩვენ ვდგებით მიწიდან
და შემოდგომას ვასეირნებთ ქუჩებში.
ამოგვყავს მზე მდინარიდან და ჩვენი ზურგები,
ხელდაუწყობელი ზურგები ამოგვყავს მდინარიდან.
ვიყურებით ცარიელ ცაში,
ვეძახით ფასკუნჯებს
და საკუთარ გაცვეთილ ფრთებს ვიფარებთ ტუჩებზე:
არავინ გაიგონოს, გოგო.

არავინ გაიგონოს, გოგო, მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე:
ყოველთვის, როცა შემოდგომა დგება,
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც დადის
და ხეებს ხოცავს სანადირო თოფით.
ყველა ხის უკან მე ვდგავარ და ვკვდები.
– კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ამბობენ ხეები სიკვდილისას.
– კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ვამბობ მე ყველა სიკვდილისას.

ხომ გესმის, გოგო,
ამას ისე ვამბობ,
თითქოს ტუჩებზე ანგელოზები მაფარებდნენ ფრთებს.
კარგად უნდა ვიყოთ, გოგო,
კარგად უნდა ვიყოთ, რადგან
ხეებს არ სცვივათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები გვცვივა ჩვენ.

ბებიაჩემის ნახშირის უთო

ბებიაჩემის ნახშირის უთო სამოგზაუროდ წავიდა.
ჩუმად ჩამოძვრა ჩემი ნაცრისფერი სიმშვიდის სხვენიდან,
სამკუთხედი ცხვირის სრუტუნით გამირღვია ცარიელი სიზმრების ნისლი,
ეზოს კარი გაიჭრიალა
და შემოდგომის ფერდობებს აუყვა.

ბილიკზე ღამის შავი მარცვლები სველ ქვიშაში ჩაჭყლიტა,
პანტით გაუვსო თრთვილის პერანგის ჯიბეები
კუნელის ბუჩქებაჩეჩილ დილას,
ჩააკნაწუნა დაბრაწული ნეკერჩხლის ფოთლები,
ჩაიტკბარუნა წითელი ცირცელის მარცვლები
და ნაზაფხულარ ცაზე აბობღდა.
მშვიდად გაიარა რამდენიმე ღრუბლისქვეშა გადასასვლელი,
მზე ჩაკბიჩა ასწლიანი შიმშილის სიხარბით,
ცხელ-ცხელი, მწიფე ვარსკვლავებით გაივსო მუცელი
და დამძიმებულს გამჭვირვალე ყინულივით ჩაუტყდა ცა.
ვერც გაიგო, ისე ჩავარდა ჩრდილების ქვეყანაში.
აუფრთხიალდნენ ჟანგის წითელი ყვავილები,
აუყვავილდნენ ბებიაჩემის ჩრდილის ხელები,
და მხურვალე და მზენაჭამი
ყველაზე ჭრელი ჩრდილის ჩრდილში დასახლდა.

ზის, სიცოცხლის სიცილად სცვივა
ჩემი ძილიდან აცინცლული ცისფერი სინათლის ნაპერწკლები,
მოჰყავთ მასთან ავადმყოფი, დაჭმუჭნული ჩრდილები,
ასწორებს და ატკიცინებს,
ჩარღვეულ კალთებს ჩემი ხელების ლანდებით უბლანდავს.
ერთი ჩრდილიც არ დაბერებულა,
ერთი ჩრდილიც კი არ მომკვდარა,
და ვერც გაიგო, ისე იცხოვრა სამუდამო ზაფხულის ასი თვალის დახამხამება,
ვერც გაიგო, ისე გამევსო თმა თეთრი ჩრდილებით.

ასი ჩრდილის წელია,
მთებს შემოდგომა ჭრელი ხურჯინივით ეჩაჩებათ მხრებიდან.
ჩემი ეზოს კარებთან ჩაწყვეტილი ბილიკები იზმორებიან.
ასი ჩრდილის წელია,
მემალება ჩემი მშიშარა ჩრდილი,
სიბერის ლურჯმა მღიერებმა ნაპირები შემოუჭამეს.
კიბეზე ვზივარ, როგორც ტოტსშერჩენილი, ყუნწსმიმჭკნარი კომშების ბებია,
მშიერი თვალების ცახცახით ვხსნი ქარის მოტანილ ფოთლის ბარათებს,
ბებიაჩემის სათვალეს ვიმარჯვებ და ვკითხულობ:

ჩემო ხელებჭორფლიანო,
აჰა, ცისფერი წეროების მძივებს გიგზავნი.
მზის გუბეებში შეათბე შენი თვალების თაფლის ყვავილები,
ჩამოიწმინდე წლების ობის ყვითელი ჩუქურთმა,
მოუარე მაგ ბებერ ჩრდილს და დამელოდე,
ეცადე, არ მოკვდე,
აუცილებლად დავბრუნდები,
და როგორც ყველაზე ჭრელსიზმრიან ნეკერჩხალს,
ისე წაგიყვან სამუდამო ჩრდილების ქვეყანაში.

მიყვარხარ. გკოცნი.
შენი თვალების ნახშირის უთო.

© “არილი

Facebook Comments Box