დარწმუნებული ვარ, ქუჩაში წიგნების დახლთან არაერთხელ გაჩერებულხართ და თქვენთვის საინტერესო წიგნი აღმოგიჩენიათ. თბილისში აგვისტოდან წიგნების გარევაჭრობა აიკრძალა.
იმ ადგილებში, სადაც წიგნები ელაგა, ახლა სრული სიცარიელეა და სხვადასხვა პოლიტიკური არჩევნების დროს გაკრული, სხვადასხვა სიძველის პოლიტპლაკატებიდან, სხვადასხვა პოლიტიკოსის თვალი ან ყური, ან მხოლოდ სლოგანების ნაგლეჯები ჩანს.
ქალაქის ქუჩებში წიგნები გაქრა და ამიტომაც ვცდილობ, ზეპირად აღვიდგინო ისინი, რადგან ამ ტექსტს სამსახურში ვწერ და არა სახლში _ წიგნების ზუსტი ბიბლიოგრაფიული მონაცემების აღწერა გამიჭირდება, ანუ მათი გამოცემის თარიღებისა და გამომცემლობების მითითება, ამიტომ ვეცდები, თქვენთან ერთად აღვიდგინო ქუჩაში შეძენილი წიგნები, ამასობაში თქვენ _ თქვენი გაგახსენდებათ, მე _ ჩემი.
მაშ ასე:
• გალაკტიონ ტაბიძე _ “თხზულებანი” 12 ტომი
• “ძველ ბერძნულ-ქართული ლექსიკონი”
• “ლათინურ-ქართული ლექსიკონი”
• “ბოტანიკური ლექსიკონი”
• “გრეივსის ძველი ბერძნული მითები” (რუსულად)
• “მითოლოგიური ლექსიკონი”
• “იოანე მინჩხი” _ უნივერსტეტის გამოცემა.
• არისტოტელე _ “პოეტიკა” (რუსულად); 1938 წელს გამოცემული, წარწერით – “ქალბატონ რუსუდანს მისი პედაგოგიური მუშაობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კოლექტივი.”
• მიქაელ მოდრეკილი _ უნივერსიტეტის გამომცემლობა.
• “შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია” _ გურამ თევზაძე.
• “ათეისტის ლექსიკონი” _ ათეისტის ბიბლიოთეკა (რუსულად)
• “აპოკრიფები” _ ათეისტის ბიბლიოთეკა (რუსულად)
• “ბავშვის აღზრდა და განვითარება” _ გლოკელი (გერმანულად)
• “წერილები და ესსეები” _ ზვიად გამსახურდია
• “მცხეთური ხელნაწერები”
• “ქართლის ცხოვრება” (ორტომეული)
• ჟორჟ ბატაი “დაწყევლილი ნაწილი” “ლიტერატურა და ბოროტება” (რუსულად)
• სლავოე ჟიჟეკი _ “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალურობის უდაბნოში” (რუსულად)
• “კულტურა და ტრეგედია”, “სტრუქტურული ანალიზის შესავალი ნარატიულ ტექსტებში” _ როლან ბარტი (რუსულად)
• ჟურნალი “ხომლი” _ რამდენიმე ნომერი
• რაინერ მარია რილკე _ “წერილები” (გერმანულად); ე.წ. “გედეერის” დროინდელი
• რუდოლფ შტაინერი _ “დრამა-მისტერიები” (რუსულად)
• ქართული ენციკლოპედიის შესავალი ტომები (ქართულად და რუსულად)
• მარტინ ჰაიდეგერი _ “თემშარა”
• სავლე წერეთელი _ “ფილოსოფიის ისტორია”
• ოთარ ჭილაძე _ “ლექსები” გამომცემლობა “მერანი”
• შოთა ნიშნიანიძე “რჩეული” გამომცემლობა “მერანი”
• უმბერტო ეკო _ “ვარდის სახელი”, “არყოფილი სტრუქტურა”, “როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი (რუსულად)”
• გრიგოლ ნოსელი – “შესაქმისათვის”
• ორიგენე – “საწყისნი” (რუსულად)
• დიონისე არეოპაგელი “ღვთაებრივი ღვთისმეტყველება” (რუსულად)
• ვიქტორ ნოზაძე “ვეფხისტყაოსნის მზის მეტყველება” სანტიგო დე ჩილე
და კიდევ უამრავი წიგნი, რომელიც ბუკინისტებთან, წიგნის გარემოვაჭრეებთან შევიძინეთ ან ვერ შევიძინეთ.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც წერის დროს გამახსენდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაგახსენდათ წიგნები, რომლებიც უკვე ჩვენს ნაწილად იქცნენ, ჩვენი შეგრძნების ორგანოებად, ისინი უკვე ჩვენს აღქმებში არიან, მათგან სავსებით განუყოფელნი.
ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია აწმყოში საკუთარი თავის აღქმა ოდესღაც წაკითხული წიგნების გარეშე,
იმ წიგნებისა, რომელთაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში თბილისისთვის ასე ახლობელი და ნაცნობი ადამიანები გვაწვდიდნენ, როგორც საკვებს.
დაახლოებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ ხელისუფლების არგუმენტები: “რა გინდათ, რას გვერჩით?! წიგნები და მოვაჭრეები გავლენ დედაენის ძეგლთან, კარგად მოწყობილ დახლებზე დაალაგებენ ინტელექტუალურ პროდუქციას, ერთად იქნებიან ყველანი, თუ მაინც და მაინც ძველი საბჭოთა და რუსული წიგნები გინდათ, მიხვალთ იქ და რასაც მოისურვებთ _ იყიდით” არგუმენტია, თუმცა რატომ უნდა მოხდეს მათი ლოკალიზაცია გეტოს პრინციპით ერთ ადგილზე, აი, ეს არ მესმის. წიგნი ხომ ცოცხალი, დინამიური ქალაქის ასეთივე სპონტანური და უშუალო ნაწილია, ისინი ხომ შეუდარებლად ნაკლებ ადგილს იკავებენ, ვიდრე “City Park”-ის სამანქანო სადგომები. ჩვენ მათ ყდებს, მათზე დაწერილ ასოებს, ავტორებსა და სათაურებს, ქალაქის ქუჩებში მრავალჯერ სრულიად შემთხვევით გადავყრივართ. სწორედ ეს შემთხვევითობა და სპონტანურობაა ქალაქის ხასიათის, მისი ცოცხალი ბუნების გამოვლინება. ხსენებული წიგნები შეიძლება, ოდესღაც პაემანზე მისულს და შეხვედრის მოლოდინში მყოფთ აღმოგეჩინათ. ან ტრანსპორტიდან მოგეკრათ თვალი, ან ვინმეს მოეკრა თვალი და თქვენ გითხრათ. მნიშვნელოვანი წიგნები ასე მოდიან ჩვენთან, ცოცხლად და არა აუცილებლად დაგეგმილად. ისინი თავზარდამცემად გვესხმიან თავს, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ავტობუსის გაჩერებებზე, ბიბლიოთეკებში და უცხო ადამიანის ხელებიდანაც, რომელიც შეიძლება, გააჩეროთ და ჰკითხოთ, თუ სად შეიძინა ეს ახლად აღმოჩენილი ან აღმოსაჩენი სამყარო. ვისაც განუცდია მსგავსი რამ, მისთვის არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება წიგნების დატყვევება, მომწყვდევა. მათ აქვთ უფლება, ყველგან იყვნენ, ნებისმიერი გზით შემოაღწიონ ჩვენში, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, თუნდაც რომანტიული, თუნდაც, ერთი შეხედვით, არაპრაგმატული, რადგან სწორედ წიგნებშია ის, რაც ყოველ ადამიანს, რაც ყოველ ქალაქს, რაც ყოველ სახელმწიფოს, რაც მთლიანად დედამიწას აძლევს შესაძლებლობას, სულ მცირე, იცოდეს და ატაროს საკუთარი სახელი.