ახალი ამბები,  კრიტიკა

წიგნით ვაჭრობა


Toresa Mossy

გარკვეული, თუმცა არასაკმარისი აჟიოტაჟი გამოიწვია თბილისის მერიის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ წიგნით მოვაჭრეთა შესახებ. ამაზე ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა დისკუსია გაიმართა როგორც საერთოდ ხდება ხოლმე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მე თვალ-ყურს ვადევნებდი პროცესებს და მხოლოდ მას შემდეგ რაც გარკვეული სურათი გამოიკვეთა თავს უფლებას ვაძლევ ეს მოვლენა შევაფასო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც საკუთარი სუბიექტური პოზიცია გააჩნია, პოზიცია რომელიც რაიმე წინასწარი განწყობით კი არა, საკითხის მინიმუმ რამდენიმე კუთხიდან დანახვის შემდეგ ჩამოყალიბდა. მოკლედ მიმოვიხილავ გადაწყვეტილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავალ საკუთარი სუბიექტური აზრის აღწერაზე. ერთი მხარე, რომელიც მოითხოვს რომ დაბრუნდნენ ქუჩის ბუკინისტები ძველ ადგილებზე, თავის ძირითად არგუმენტებად ასახელებს შემდეგს: 1. წიგნები რეალურად არათუ არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, არამედ გარკვეულ აურას, თავისებურ კოლორიტს ქმნის ქალაქში. 2. ამ წიგნების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამ საქმიანობით ირჩენენ; 3. იქ ძალიან იაფად შეიძლება იყიდო წიგნი, რომელსაც წიგნის მაღაზიაში ვერ შეხვდები; 4. მოსახერხებელია წიგნი გზად შეამჩნიო თუნდაც არ გქონდეს დაგეგმილი მოცემულ მომენტში ასეთი შენაძენის გაკეთება. 5. წიგნები ქუჩაში ქმნის გარემოს, რომელმაც შეიძლება ისეთ ადამიანსაც დააწყებინოს წიგნის კითხვა, რომელიც მაინც და მაინც არაა გატაცებული ზოგადად კითხვით. ანუ ძირითადად ეს არგუმენტები ემყარება რომანტიულ და იდეალისტურ საფუძვლებს და არა პრაგმატულ მოსაზრებებს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ პრაგმატული თვალსაზრისითაც შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გადავალ. მეორე მხარე, ძირითადად გამომცემლები და წიგნის მაღაზიების მფლობელები თავიანთ არგუმენტებს აყრდნობენ წმინდად პრაგმატული ხასიათის არგუმენტებს. ესენია: 1. გარემოვაჭრეები არ ყიდიდნენ მხოლოდ ბუკინისტურ წიგნებს და რეალურად ბუკინისტური წიგნები გასაყიდად გამოფენილი პროდუქტის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენდა; 2. მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდნენ წიგნის მაღაზიებს, რადგან არსებობს ზოგადი სტერეოტიპი რომ წიგნი უფრო იაფი ღირს გარეთ, ვიდრე მაღაზიაში; 3. ამ სფეროს ანუ წიგნით ვაჭრობის მოუწესრიგებლობის გამო, წიგნის ბაზარი უფრო რთულად ვითარდებოდა ვიდრე მოწესრიგების შემთხვევაში; 4. დიახაც, ეს წიგნები გარკვეულ წილად ამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს. ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც არც ერთი მხარე არ უთმობდა ერთმანეთს და რომელიც პირადად ჩემი აზრით აბსოლუტურად უმნიშვნელოა, ესაა დიდი ცნობილი ქალაქების მსოფლიო პრაქტიკა. ორივე მხარე ასახელებდა სხვადასხვა ევროპულ ქალაქებს, სადაც ზოგან წიგნით გარევაჭრობა ერთ ადგილასაა ლოკალიზებული, ზოგან კი პირიქით მთელს ქალაქშია განფენილი. თუმცა ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ყველგან მთელს მსოფლიოში ამ საკითხის მიმართ ხედვა ერთი და სტანდარტული არაა, იმას მოწმობს, რომ საზოგადოებამ, უფრო მეტიც, კონკრეტულმა ქალაქმა თავად უნდა განსაზღვროს თუ მისი განვითარებისთვის რა ჯობს – იყოს წიგნით ვაჭრობა ერთ ადგილას ლოკალიზებული, თუ განფენილი მთელ ქალაქში. ამიტომ ეს არგუმენტი კი არა საკითხია, რომელიც ქალაქების მექანიკური ჩამოთვლით არაფერს მოგვცემს თუ არ განვიხილეთ, არ შევაფასეთ და არ გადავწყვიტეთ რა არის ჩვენთვის უკეთესი.
პირველ რიგში უნდა ითქვას რომ სახელმწიფოს აქვს უფლება და უფრო მეტიც, ვალდებულება მოაწესრიგოს, ანუ დაადგინოს გარკვეული წესები ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის და ნებისმიერი ტიპის პროდუქტისთვის, მაგრამ მხოლოდ წესები. მისი უფლებაც და ვალდებულებაც აქ მთავრდება. ამდენად მოწესრიგების მცდელობა ლეგიტიმური ინტერესია, მაგრამ ლეგიტიმურია თუ არა ის გზა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს ბაზრის ამ სეგმენტის მოწესრიგებას? პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებამ გვიჩვენა ის, რომ ქალაქის მთავრობა არაა საკმარისად გამჭვირვალე და საკითხებს წყვეტს უფრო მეტად ერთპიროვნულად, ვიდრე განხილვისა და დისკუსიის გზით, თორემ რა შეუშლიდა ხელს გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მიეღოთ ორივე მხარისგან, მით უმეტეს რომ ორივე მხარეს დგანან ცნობილი და წიგნის ბაზრის საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებული ადამიანები? მით უმეტეს, რომ პოზიციების შეჯერება ამ შემთხვევაში რთული ნამდვილად არ იქნებოდა, თუკი ორივე მხარეს ვინმე გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვებით მოუსმენდა. მეორეს მხრივ არც წიგნის მაღაზიების მეპატრონეებს, გამომცემლებს, მწერლებსა და პოეტებს გაუჭირდებოდათ კონსენსუსის მიღწევა და პოზიციების შეჯერება, რადგან ისინი ხომ ისედაც ყოველდღიურად ამას აკეთებენ.

ახლავე შეგიჯერებთ ამ პოზიციას. თუ კი საკითხს გადავწყვეტდით ისე, რომ ბუკინისტებს დავავალდებულებდით, რომ ახალი წიგნები ანუ არაბუკინისტური წიგნები მიეღოთ მაღაზიიდან, ხოლო მაღაზია დათანხმდებოდა, რომ მათთვის გაყიდვის სანაცვლოდ წიგნის ფასში ჩაედო მცირედი მარჟა, ორივე მხარე დარჩებოდა კმაყოფილი. ეს გამოათანაბრებდა ქუჩაში გამოფენილი წიგნებისა და მაღაზიების ფასებს და აღმოფხვრიდა კონკურენციას მაღაზიებსა და გარემოვაჭრეებს შორის. შესაბამისად აღარც მაღაზიების მეპატრონეები და აღარც გამომცემლები უკვე აღარ იკამათებდნენ იმაზე, გარეთ უნდა იდგეს თუ არა წიგნებით მოვაჭრე, რადგან ეს მათ პრობლემას მოაგვარებდა. ამით ჩავთვალოთ, რომ მთელი პრაგმატული და რომანტიული მოსაზრებები ერთ სიბრტყეში მოექცევა და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ საკითხზე, რა ჯობს ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი განვითარებისთვის.

ყველა გამოკვლევით დასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია. ეს ბევრმა სოციალურმა, ტექნიკურმა თუ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია. წიგნიერების დონის სიდაბლე ნიშნავს კულტურული დონის სიდაბლეს აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში. უნდა გავცეთ პასუხი კითხვას ზემოქმედებს თუ არა გარემო ადამიანზე? რა თქმა უნდა ზემოქმედებს. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად წარმოუდგენელია წიგნის გარეშე, მაგრამ მეც კი, როდის და როგორ ვყიდულობ წიგნს? როგორ და შემთხვევათა 90%-ში ეს ხდება შემთხვევით. რომ არ ყოფილიყო წიგნით გარევაჭრობა, ჩემს პირად ბიბლიოთეკაში არასოდეს მოხვდებოდნენ ისეთი ავტორები როგორებიც არიან: ჯოისი, კაფკა, მაქს ფრიში, ფოლკნერი, ჰემინგუეი და ა.შ. ამ სიის სრული შემადგენლობით გადმოცემა დიდ დროს და ადგილს წაიღებს, ვფიქრობ მაგალითისთვის დასახელებულიც კმარა. მე არ მინახავს და არ შემხვედრია ნამდვილად წიგნის მოყვარული ადამიანი, რომელიც თვის დასაწყისში ადგენს წიგნების შესაძენად საჭირო ბიუჯეტს და სიას თუ რომელი ავტორები უნდა შეიძინოს. კიდევ ვამბობ 90% შემთხვევაში ეს ხდება ყოველთვის სპონტანურად და ამ დროს შეიძლება უკანასნელი თეთრები გადაიხადო წიგნში და სახლში ფეხით წახვიდე. და ეს ასე ხდება, ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე არ ვიცი ოდესმე მექნება თუ არა დრო რომ გამიზნულად წავიდე დედაენის ძეგლთან წიგნების საყიდლად, იმიტომ კი არა რომ სურვილი არ მაქვს, კიდევ ვამბობ, ყოფილა შემთხვევა, რომ წიგნში უკანასკნელი თეთრებიც გადამიხდია, ვინაიდან ახალი, წაუკითხავი წიგნის სიხარული ჩემთვის ერთ-ერთია ყველაზე დიდ სიამოვნებათა შორისაა, მაგრამ ძირითადი პრობლემა ესაა დრო. დედაენის ძეგლთან არ ვიცი შემთხვევით და გზად რამდენი ადამიანი მოხვედრილა, მაგრამ არა მგონია ხვალიდან ჩემ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები რაღაც საკრალური ღვთიური განგებულებით გაიზარდოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თუ კი მე, ადამიანი რომელიც წიგნის გარეშე ვერ ვძლებ, ვამბობ ამას, რომ არა მგონია დედაენის ძეგლთან წიგნის შესაძენად გამიზნულად წასასვლელი დრო გამოვნახო, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც წიგნი არ უყვარს. მის ცხოვრებაში წიგნი იქნება გაუქმებული. ის ისედაც იშვიათად ხედავს წიგნს და ქუჩაშიც რომ აღარ დაინახავს, საერთოდ დაავიწყდება, რომ სადღაც სამყაროში არსებობს ასეთი ფენომენი – წიგნი. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წიგნიერების დონე დაბალია, წიგნი უნდა გამოვფინოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია და არაა შესაძლებელი. ყველამ ვიცით რომ იყო 20-მდე ადგილი ქალაქში სადაც ეს წიგნები იყიდებოდა. გეკითხებით, ეს წიგნები უფრო ამახინჯებს ქალაქს თუ შაურმის მანათობელი ბანერები, პოლიტიკოსების ჩამოხეული პლაკატები, უსულო მანქანები, ყვითელი პრესის პრიალა გარეკანები? ნუთუ ეს არგუმენტად მიგაჩნიათ? ჰოდა სახელმწიფოს თუ ამ საკითხის დარეგულირება სურს, თუ უნდა გამოიყენოს თავისი ლეგიტიმური უფლება და შეასრულოს ვალდებულება, მაშინ კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს რეალური საჭიროებები, დაეკითხოს საკითხში გარკვეულ ადამიანებს და ეს 20 ადგილი უბრალოდ წიგნით ვაჭრობის ადგილად ცნოს და თუ პრობლემა ისაა რომ გარემოვაჭრე არაჯანსაღ კონკურენციას უწევს წიგნის მაღაზიას, ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.

Facebook Comments Box