მაშ, ასე – ქალაქის მერიამ აკრძალა წიგნებით ვაჭრობა ქუჩებში, გარდა სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი ადგილისა.ამ აკრძალვას უკვე ბევრი კარგი მკითხველი გამოეხმაურა კრიტიკულად: მალხაზ ხარბედია, დავით პაიჭაძე, რატი ამაღლობელი. მეც მინდა ჩემი ხმა შევაშველო მათ არგუმენტებს.თავისთავად ადგილის გამოყოფა წიგნების ბაზრობისათვის შესანიშნავი აზრია. დარწმუნებული ვარ, წიგნის ყველა მოყვარული დიდი სიამოვნებით გაისეირნებს ხოლმე დედაენის ბაღში შაბათ-კვირას და ხელცარიელი არ გამობრუნდება. მით უმეტეს, რომ მისი მოწყობის მოდელად სენის სანაპიროზე განლაგებული პარიზის ბუკინისტები იქნა არჩეული.მაგრამ აქ არის ერთი სერიოზული განსხვავება.საქმე ისაა, რომ, პარიზისგან განსხვავებით, თბილისში სამარცხვინოდ ცოტა წიგნის მაღაზიაა. სამარცხვინოდ იმიტომ, რომ არ შეიძლება კულტურულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის დედაქალაქში წიგნს არ კითხულობდნენ და, შესაბამისად, ყიდულობდნენ.ვიღაც აქ მეტყვის, ეს იმის ბრალია, რომ წიგნები ქუჩებში იყიდება და ხალხი მაღაზიებში არ შედისო, მაგრამ ეს არაა მართალი. მაღაზიების წიგნები და ქუჩის წიგნები ერთმანეთისგან განსხვავდება. წიგნის მაღაზიაში შემიძლია ვიყიდო ახალგამოცემული ქართული და რუსული წიგნები (ძირითადად, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა) და ასევე ინგლისურონოვანი წიგნების სტანდარტული კომპლექტი (კლასიკოსები). ესაა და ეს.მაგრამ ეს ძალზე ცოტაა.წიგნების მაღაზიებში – მხოლოდ ქართული ენა რომ ავიღოთ მაგალითად – მე ვერ ვიყიდი ჰომეროსს, პლატონს, ვაჟას მრავალტომეულს, ბექა ოპიზრის ალბომს, თბილისის ისტორიას. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ წიგნებს ქართულად დღეს არც ერთი გამომცემლობა აღარ გამოსცემს (არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდას პლატონის წაკითხვა რომ უნდოდეს, შევა მაღაზიაში და ვერ იყიდის, რადგან პლატონს აღარავინ გამოსცემს. არადა, მადლობა ღმერთსა და ბაჩანა ბრეგვაძეს, თარგმნილია). რუსეთიდან წიგნების ჩამოტანა უაღრესად გაძნელებულია, თანაც ახალი თაობა რუსულს უკვე ვეღარ ფლობს საკმარისად (რაც ტრაგედიად სულაც არ მიმაჩნია). ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ ინგლისურს – სხვა ევროპულ ენებზე არაფერი რომ ვთქვა – ქართველი მკითხველების იმდენად მცირე ნაწილი ფლობს, რომ წიგნების მაღაზიები მათ იმედად ვერ იქნება.ყოველივე ამის გამოა ალბათ, რომ წიგნების მაღაზიების რაოდენობა თბილისში კი არ იმატებს, არამედ მცირდება. ”ლიტერატურული კაფეები” ნელ-ნელა კარგავენ ლიტერატურულობას და უბრალო კაფეებად იქცევიან, რაც აისახება იქ წიგნებისათვის გამოყოფილი სივრცის მუდმივ და შეუნელებელ შეზღუდვაში.ბუკინისტების მაღაზიები? ისინი ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება. მათ ადგილებს იკავებენ ბანკის ფილიალები, ტანსაცმლის ბუტიკები, სათამაშოების მაღაზიები და ა. შ.ასეთ ვითარებაში წიგნების ქუჩაში გაყიდვა გამოსავალია. არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე კითხულობს, არამედ მათთვისაც, ვინც ახლა უნდა დაიწყოს კითხვა. არ შეიძლება, ქვეყნის დედაქალაქში არ იყოს რამდენიმე ადგილი მაინც, სადაც წიგნს შეიძენ.წიგნების შემთხვევას ხშირად ადარებენ სურსათით გარე ვაჭრობას. სასტიკად არ მომწონს ეს ანალოგია, მაგრამ, კარგი, გავყვეთ მას – დღეს თბილისში წიგნების ქუჩაში გაყიდვის აკრძალვა იგივეა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი სუპერმარკეტი რომ არსებობდეს, აქედან არც ერთი არ ყიდდეს ხილს და ბოსტნეულს და მერია გარემოვაჭრეებს მაინც ერთ ბაზარში უყრიდეს თავს. მოგეწონებოდათ? წიგნები ქალაქის კულტურული ლანდშაფტის აუცილებელი კომპონენტია, ისინი უნდა იყოს ბევრგან, ისინი უნდა იყოს ბევრი. მიუხედავად იმისა, ეს მდიდარი ქალაქია თუ ღარიბი.მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედაენის ბაღში წიგნების ბაზრობა არ უნდა მოეწყოს. ისევ ვიტყვი, რომ კარგი გადაწყვეტილებაა წიგნებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა, ოღონდ მათი გაყიდვა არც ქალაქის ქუჩებში უნდა აიკრძალოს. ისეთი ადგილები, როგორებიცაა მეტრო ”თავისუფლება”, ზემელი თუ თსუ-ს მიწისქვეშა გადასასვლელი ჩვენთვის Barnes and Noble-ის ფუნქციას ასრულებდა. ვაცალოთ მათ, ვიდრე თბილისში ნამდვილი Barnes and Noble გაჩნდებოდეს: სამსართულიანი, განყოფილებებად დანაწილებული, კაპუჩინოთი და ნამცხვრებით. გარწმუნებთ, ამის შემდეგ მტვრიანსა და წვიმაში ცელოფანგადაფარებულ წიგნებს ცოტა თუ მიაწყდება. შეიძლება აკრძალვაც აღარ გახდეს საჭირო, იმდენად მცირე იქნება გამყიდველთა და მყიდველთა რიცხვი.ქუჩაში წიგნების გაყიდვა ჩვენს მიერ იმის აღიარებაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. ვაღიაროთ ეს, სანამ გავმდიდრდებით.
© radiotavisupleba.ge
Facebook Comments Box