ახალი ამბები,  კრიტიკა

უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნები ქუჩაში? – მომხრე მალხაზ ხარბედია

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდ ნაწილში აღიქმება როგორც წიგნის მოყვარულთა ერთგვარი გადასახლება, რეპრესირება, გნებავთ გეტოში გამოკეტვა, რამაც შესაძლოა წიგნის, როგორც ღირებულების სრული გაუფასურება და ფართო მასებში მათი არსებობის დავიწყებაც კი გამოიწვიოს. ზოგს, ალბათ, გადამეტებად მოეჩვენება ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ სხვაგვარად ვერ ავხსნით ათასობით ადამიანის თხოვნისა და სურვილის გაუთვალისწინებლობას, იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც ქალაქი, სხვა რამეებთან ერთად, წიგნებთანაც ასოცირდება. ცუდია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებას არც საზოგადოებრივი აზრით უხელმძღვანელია და არც წიგნით მოვაჭრეებისთვის უკითხავს რამე. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, სწორედ ეს გულგრილობაა, რომელმაც ხელი შეუშალა ქალაქის თავებს ერთმანეთისგან განერჩიათ ქუჩის ბუკინისტი და ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი. დღესდღეობით თბილისში უმძიმესი სურათი იხატება, ქალაქი სავსეა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი ყოვლადბინძური ყვითელი ავტობუსებით, სამაგიეროდ იგი დაცლილია ბუკინისტებისგან, ადამიანებისგან, ვინც ათასობით მკითხველს გვრიდა შვებას. დღეს ქალაქში წიგნების კვალი გამქრალია და ნურავის ჰგონია, რომ წიგნებით მოვაჭრეთა დედაენის ძეგლს გადაღმა, მტკვრის ჯებირთან გადაყვანით საქმეს ეშველება. კარგ ქალაქურ ტრადიციას, რომელსაც, თავის დროზე, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეც ასხამდა ხოტბას, 2-3 ჩინოვნიკის მიერ მოფიქრებული “გამოსავალი~ ვერასდროს ჩაანაცვლებს. ისინი პარიზში, მდინარე სენის ნაპირებზე განთავსებულ წიგნის რიგებს იმოწმებენ სანიმუშოდ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ეს ადგილები ასწლეულების განმავლობაში პარიზის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები იყო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სეირნობდა. დედაენის გადაღმა, ზედ მტკვრის პირას გამოყოფილ ადგილას კი მხოლოდ ძაღლებს თუ ასეირნებენ, ისიც ათასში ერთხელ. და ნურავინ დაიჯერებს, რომ იმ ადგილებში ოდესმე რომელიმე ბუკინისტი მდგარა. ძველი ბაზრობა სულ სხვა ადგილას იყო, მშრალ ხიდთან ახლოს, გზის პირას. საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი იმის თაობაზე, რომ წიგნის მოვაჭრეები არათუ რეპრესიების მსხვერპლნი უნდა გახდნენ, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეეწყოთ და მაქსიმალურად გაუმარტივდეთ მკითხველთან ურთიერთობა. ხელისუფლება წესით თავად უნდა დგამდეს ბუკინისტებისთვის გემოვნებით გაკეთებულ დახლებს ქალაქის სხვადასხვა უბანში. წიგნების გარდა ეს ადამიანები ხომ ქართული ნიშნით დამზადებულ სუვენირებს, რუკებს, ბუკლეტებს და გზამკვლევებსაც გაყიდიან, თანაც გაყიდიან ეფექტურად, მიზნობრივად… ჩემი აზრით, სერიოზულად უნდა ვიფიქროთ “წიგნის უბნის~ შექმნაზეც. მიმაჩნია, რომ ქალაქის ცენტრში რამდენიმე ძალიან კარგი ადგილია საამისოდ. ასეთი ადგილები, შედარებით მცირე ფართობზე, შეიძლება გამოიყოს სხვა უბნებშიც. ამის გაკეთება დღეს აუცილებლად მიმაჩნია, რათა ქალაქმა თავისი კულტურული იერსახე არ დაკარგოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ წიგნების გარეშე დარჩენილ ქალაქში კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი გაუცხოვდება.

© liberali.ge
Facebook Comments Box