“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ლაშა ბუღაძის ახალი რომანი, “ლიტერატურული ექსპრესი” გამოსცა. რომანის ფაბულა მარტივია, 100 ევროპელ მწერალს ორგანიზატორები მატარებელში უყრიან თავს და ერთი თვის განმავლობაში ევროპაში ამოგზაურებენ. მთხრობელი 28 წლის ქართველი მწერალია, რომელიც ერთთვიანი თავგადასავლის გარდა ბევრ სხვა რამესაც გვიამბობს.
ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი ლიტერატურაზეა. თანამედროვე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ აბსურდებზე, ამბიციებზე, მწერლურ ვნებებზე, სიბრიყვეებსა და შეცდომებზე. რომანის ფაბულა მარტივია, 100 ევროპელ მწერალს ორგანიზატორები მატარებელში უყრიან თავს და ერთი თვის განმავლობაში ევროპაში ამოგზაურებენ. მწერლები ხან ლისაბონში ჩერდებიან, ხან მადრიდში, ხანაც პარიზსა თუ ფრანკფურტში. გზადაგზა კი იმართება სემინარები, კითხვები, დაჯილდოებები და ლამის ორგიებიც კი. ლაშა ბუღაძემ რამდენიმე წლის წინ თავად მიიღო მონაწილეობა ასეთ სემინარში და ეს “ლიტერატურული ექსპრესი” მეოთხე რომანის მთავარ თემად აქცია:
“მე თვითონ ვიყავი აკა მორჩილაძესთან და ლაშა ბაქრაძესთან ერთად ასეთი ტიპის სემინარზე. ისიც მოძრავი სემინარი იყო, და ჩვენც, ისევე, როგორც ჩემი წიგნის პერსონაჟებმა, მატარებლით შემოვიარეთ ნახევარი ევროპა, თუმცა, ცხადია, ეს რომანი ჩვენზე არ არის, არამედ უბრალოდ ფაბულად გამოვიყენე.”
ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი რამის გაგებას ახერხებს მთხრობელი, ახალგაზრდა ქართველი მწერალი. ხოლო პირველი შოკი, რომელსაც 28 წლის პროზაიკოსი განიცდის, ლიტერატურული სტერეოტიპებია. როგორც აღმოჩნდება, ევროპაშიც ძალიან ბევრი თამაშობს მწერლობანას, იქაც შეუძლიათ ერთ წამში “გამწერლდნენ” და შემდეგ დიდხანს ვერ გამოვიდნენ ამ როლიდან. ლაშა ბუღაძის აზრით, ასეთი ლიტერატურული თავყრილობები ძალზე საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა დაკვირვებისთვის:
“თავისთავად, მემგონი ძალიან კარგ შესაძლებლობას გაძლევს დააკვირდე, ჯერ ერთი შენნაირი ტიპის მწერლებს, ამ შემთხვევაში რაღაც ლიტერატურულ მსგავსებას არ ვგულისხმობ, არამედ თანაბარ შესაძლებლობებს, ამბიციების თვალსაზრისით, სახელის თვალსაზრისით და ა.შ. აკვირდები თითქმის 100 კაცს, უფრო მეტსაც და ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ, ძალიანაც არ განსხვავდებით ერთმანეთისგან სწორედ ამ პრეტენზიებით და ამ ამბიციებით”.
ეს ამბიციები იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან სექსუალურ ვნებასაც კი აცხრობს. ესაა წერის ვირუსი, ლიტერატურული ჟინი, როცა მწერალი “რომანტიკულ-პროფესიულ-სულიერი კომფორტის ფიქსაციას ცდილობს”, როცა რაღაც უსაგნო ტკბობა ქმნის ტექსტს და არა მოთხოვნილება:
“მე მქონდა აბსურდულობის შეგრძნება. თუკი რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ასეთი ტიპის სემინარები მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ მხოლოდ ჩატარდეს. როგორც წესი, ეს ასეა, რადგან რამდენ ასეთ სემინარზეც არ ვყოფილვარ, ყოველთვის მიჩნდება იმის განცდა, რომ “და რა ამის შემდეგ?” “შემდეგ რა ვქნათ?”, იმიტომ, რომ ასეთ შეხვედრებზე ძირითადად თავს იყრიან მწერლები, ისევე როგორც ამ რომანში. ანუ აქ არიან მხოლოდ მწერლები, რომლებიც ეძებენ მკითხველს და მკითხველს ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ პოულობენ თავიანთ ტყუპისცალს, რადგან ამ მატარებელში ჰიპოტეტიური მკითხველიც კი მწერალია და ასეთი ტიპის სემინარებზე, როგორც წესი, მხოლოდ მწერლები მონაწილეობენ. და ეს აბსურდი ზღვარს აღწევს სიტუაციაში, როცა მწერლები მშობლიურ ენაზე უკითხავენ ერთმანეთს ტექსტებს”.
ასეთ ვიტარებაში მეც მოვხვედრილვარ, როცა რაღაც განსაკუთრებული კონცეფციით ამართლებენ ერთმანეთისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ტექსტების კითხვას: “ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო და ბევრ ასეთ სემინარზე ხდება, თითქოსდა, მოდით მოვისმინოთ ამათუიმ მწერლის მშობლიური ენა. ეს აბსურდია, რადგან ცხადია არაფერი არ გესმის. როგორ შეიძლება გაიგოს, ვთქვათ ნორვეგიელმა, თუკი ის ქართველოლოგი არ არის, ქართული ენა?! ამ დროს ჩვენ რაღაც რიტუალს ვასრულებთ, ეს არის საკმაოდ დამღლელი რიტუალი და საკმაოდ დამთრგუნველიც, თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე”.
რომანი სასაცილოც არის და სევდიანიც, ბლომადაა სასიყვარულო სცენები, ხანდახან სენტიმენტალური და წირპლებიანი, ხანაც მუშა-ფიზკულტურული, ხმაურიანი ორგაზმებითა და ტუალეტში მიმწყვდევებით. თუ არ ვცდები, ეს ლაშა ბუღაძის მიერ პირველ პირში დაწერილი პირველი რომანია. მემგონი აქამდეც უნდა ეცადა ავტორს ასე წერა, ამგვარი მთხრობელები მხოლოდ აფართოვებენ თანამედროვე ენის საზღვრებს. წიგნში ძალიან ბევრი ჟარგონია, ზოგჯერ ძალიან სასაცილო, ხშირია იდიოლექტები, კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის ან ადამიანებისთვის დამახასიათებელი მეტყველება. ძალიან საინტერესოა მონაკვეთი, სადაც სატელეფონო მესიჯების ორთოგრაფიაზეა საუბარი.
რომანში სალაღობო-ესეისტური ჩანართებიც არის. მაგალითად, მთელი პასაჟი ეძღვნება ზღვას ქართულ ლიტერატურაში, წიგნში 2 გვერდიან ნარკვევსაც გადაეყრებით იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც ქართველი მწერალი აწყდება ეროტიული სცენის აღწერისას, ბევრია საუბარი ქართველ მკითხველზე, რომლების “ომებში გავწყდით”, ფეთიანი ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ძირითად ფობიაზე – სიახლის შიშზე და ა.შ. ეს სიახლის შიში ყველაზე სავალალოდ სწორედ მწერლობაზე აისახება:
“ჩვენი ლიტერატურული გეოგრაფია ძალიან მცირეა და თავისთავად, ამ მწერლებსაც, ჩემი წიგნის პერსონაჟებსაც ეს პრობლემა აქვთ. ისინი რთულად გადიან, მათ კომპლექსი აქვთ, რომ მათი ამბები არ იქნება საინტერესო კავკასიის ქედის მიღმა. არათუ კავკასიის ქედის, არამედ მათი ბინებიდანაც და სამეგობრო წრიდან გასვლაც ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ, რომ ეს სიუჟეტები დაბადებისთანავე თითქოსდა სიკვდილისთვისაა განწირული და რეალურად მკითხველი არ არსებობს”.
არ ვიცი რამდენად მოიზიდავს ეს მკითხველს, მაგრამ რომანში კიდევ ერთი საინტერესო ხერხია გამოყენებული. მთხრობელის ძირითად, ჩარჩო-ამბავს ყოველ თავში ტიხრავს ლიტერატურული ექსპრესის რომელიმე მონაწილის მშობლიურ ენაზე დაწერილი პირადი წერილი, დღიური, ან ჩანახატი, რომელსაც იქვე ქართული თარგმანიც ახლავს. უფრო სწორად, ლაშა ბუღაძის მიერ დაწერილ ამ ტექსტებს გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა და თავად ავტორმა მოუძებნეს ლიტვურ, ჩეხურ, ჩეჩნურ, რუსულ, ბერძნულ, ხორვატულ, ფრანგულ, გერმანულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე მთარგმნელები. როგორც იტყვიან, მაგარი ნამუშევარია, შეიძლება ითქვას, ნაწვალებიც კი, რაც მემგონი აუცილებლად უნდა დავაფასოთ.
ამგვარი მრავალენოვანება უკვე სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა თავად ლაშა ბუღაძეს თუკი დავუჯერებთ, ენობრივი განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ქვეყნის მწერალს თანაბარი პრობლემები აქვთ: “ამ შემთხვევაში ურთიერთვერგაცნობისა და გაცნობის ამბავია ამ რომანში აღწერილი, რადგან ბულგარელ მწერალსაც ეს პრობლემა აქვს, ლიტველ მწერალსაც და ესტონელსაც. ასე რომ, ჩვენ თანაბარი პრობლემები გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიოგრაფიებიც აბსოლუტურად იდენტურია და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ შევაღწიოთ ერთმანეთის ბიოგრაფიებში ჩვენი ლიტერატურით”.