AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა


DOWNLOAD

ლიტერატურის ინსტიტუტმა ფართო მკითხველისთვის აქამდე უცნობი, ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილების კრებული გამოსცა.

რა თქმა უნდა, აკაკი ქართველი მკითხველისთვის პირველ რიგში პოეტია და მხოლოდ შემდეგაა იგი პროზაიკოსი და მის შემოქმედებაში პუბლიცისტიკასაც მოზრდილი ადგილი უკავია, თუმცა აკაკის გახსენებაზე არავის ახსენდება მისი ბასრი სტატიები, ისე, როგორც ეს ილიას შემთხვევაში ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აკაკის პუბლიცისტიკა ახლიდან აღმოსაჩენია, განსაკუთრებით კი ახლად აღმოჩენილი ტექსტები. წიგნი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა აკაკის ნაშრომების პირველი ტომის პარალელურად გამოსცა, უცნობი აკაკიც შეიძლებოდა ეწოდებინათ, რომ არა 9 წლის წინ გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნი. მაშინ წიგნზე იუზა ევგენიძემ და ნანა ფრუიძემ იმუშავეს, 2010 წლის ბოლოს გამოცემულ კრებული კი ნანა ფრუიძის გარდა ჯულიეტა გაბოძემ და ელისაბედ ზარდიაშვილმა შეადგინეს.

ლიტერატურათმცოდნე ვანო ამირხანაშვილის აზრით ამ კრებულში ჩვენ განსხვავებული აკაკი შეგვიძლია დავინახოთ:

“აქ მართლაც განსხვავებულ აკაკის ვხედავთ და მოდით ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება: უცნაური ის არის, რომ ლირიკოსი პოეტი ამ კრებულში საქმიან რაციონალისტად წარმოგვიდგება და აკაკი თითქოს რაღაც არამოდურ მდგომარეობაშია. მას უწევს სხვადასხვა თემაზე წერა. სხვადასხვა ჰიპოსტასში ვხედავთ მას, სხვადასხვა სახესხვაობით. ჩვენს წინაშეა აკაკი პოლემისტი, აკაკი ლიტერატურის ანალიტიკოსი, აკაკი თეატრმცოდნე, აკაკი ფოლკლორისტი, აკაკი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, სოციოლოგი, აკაკი ბიზნესმენიც კი”.

კრებული ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, სადაც გადანაწილებულია წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის პრობლემებზე, წერილები საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. აკაკი ჭიათურის შავ ქვაზეც წერდა და თეატრზეც, სომხურ-ქართულ პრობლემებზეც და ჭიდაობაზეც. და რაც მთავარია, აკაკი, ილიასთან და სხვებთან ერთად, ქმნიდა იმდროინდელი პუბლიცისტიკის, კრიტიკის, ანალიტიკის ენას. ვანო ამირხანაშვილი აკაკის კრიტიკულ ტექსტებს სტრუქტურულად სამ ნაწილად ჰყოფს:

“როგორია XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასასრულის პუბლიცისტური ნაკადი და საერთოდ, აკაკის პუბლიცისტიკა. სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის სტილისტური სახესხვაობა. 1. ერთგვარი ზოგადი შესავალი, უვერტიურა, რომელშიც მინიშნებულია მთავარი თემა და წერილის დედააზრი. 2. შუა ნაწილია, ანუ ძირითადი თემის გაშლა, სადაც აკაკი ინდუქციის მეთოდს მიმართავს, ანუ კონკრეტული, კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნა გამოაქვს. და 3. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან აკაკის ყოველთვის მოკლე ფინალი აქვს ხოლმე, ეფექტური დასასრულით, თუმცა ხშირად იგი არც ამთავრებს სტატიას, არა აქვს საკვანძო ფრაზა, და რაღაცნაირი Non finito-ს ვარიანტს გვთავაზობს. მისი ეს სტილი ამ მხრივაც საინტერესოა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც, მისი სტილის საერთო ნიშანი არის უბრალოება, უშუალობა და აზრის სიცხადე, რითაც ჩვენ აკაკი მოგვწონს ხოლმე და რითაც იგი ყოველთვის ასე ცნობილი იყო”.

რა თქმა უნდა, აზრის სიცხადე ერთ-ერთი დამახასიათებელია მაშინდელი პუბლიცისტიკისა, მაგრამ აკაკისთან ხატოვან და მრავალსიტყვა აბზაცებსაც არაერთხელ შეხვდებით. ესეც XIX საუკუნის კრიტიკული აზროვნების ნიშნად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნიშნად, რომელმაც უკვე XX საუკუნეში და ნაწილობრივ ჩვენს დროშიც, განსაკუთრებით კარიკატურული ფორმა მიიღო. აი მაგალითად, როგორ იწყებს აკაკი თავის ერთ-ერთ პოლემიკურ წერილს:

“ჯერ კიდევ ისევ აშლილი აქვს საჭორიკანაო საღერღელი “ნაცარქექიებს”: ფუსფუსობენ და ბზუიან!… ხან ერთი გამოილაშქრებს ხოლმე ჩემკენ საწინააღმდეგოდ დიდგულის თოფითა და ხან მეორე. ისლისა და ჩალის მშვილდ-ისრით ცდილობენ ჩვენს დაფრთხობას… იმ ერთი გოჭისა არ იყოს, კუდი რომ გაიბზიკა და ჭყიოდა: “მეც ნახირ-ნახირაო!” – ამათაც თავი რაინდათ მოაქვსთ და ვერ მიმხვდარან, რომ “ცირკობანაობას” კი თამაშობენ. ცირკში რომ ოჩაფეხაზედ შემდგარი, ცხვირპირგამურული, კლოვნი გამოიპამპულებს, სხვა მისი ამხანაგებიც თანვე მოგანგაშედ მისდევენ ხოლმე და ტაშის კვრით ამხნევებენ, ეგებო ქანდარა როგორმე გავაცინოთო!”

გარდა ამისა, აკაკის ნაწერებში გვხვდება შემაძრწუნებელი სიძლიერისა და სიზუსტის ფრაგმენტები. მაგალითისთვის მხოლოდ ერთი მოკლე სიტყვა იკმარებდა, რომელიც მან უცნობი ქალბატონის დაკრძალვაზე წარმოთქვა:

“…დღევანდელ ობლად მიცვალებულს არ დარჩენია არც ქმარი და არც შვილები და გლოვარება ეკუთვნის პირადად მას… მის საკუთარ ღირსებას, და მეც ამ მისმა პირადმა ღირსებამ მომიყვანა ამ სიშორეს, რომ მის პირადობას თაყვანი ვსცე!”

ვანო ამირხანაშვილი აკაკის პუბლიცისტიკის თავისებურებების განზოგადებისას აღნიშნავდა:

“ამავე დროს შეიძლებოდა განზოგადებაც. ანუ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორია XIX საუკუნის პუბლიცისტიკა. ჩვენ ვიცით, რომ XIX საუკუნეში ქართველ მწერალს უხდებოდა უამრავი შავი სამუშაოს შესრულება, იმიტომ, რომ სააზროვნო სისტემა, რაც ქვეყანას ჭირდებოდა, არ იყო ჩამოყალიბებული და 60-იანელებმა, თერგდალეულებმა დაიწყეს გადახალისება ამ სისტემის და ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის მეთაურობით ეს მოახერხეს კიდევაც”.

მისი აზრით, XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეს მრავალსახოვნება გაჭირვებით იყო გამოწვეული, არადა დღეს პირიქითაა, როდესაც მთელს მსოფლიოში მწერლები საზოგადოებრივ თუ ლიტერატურულ-კრიტიკულ საკითხებზეც ბევრს წერენ, ქართველი მწერლები ყველაზე მეტად პასიურობენ ამ თვალსაზრისით:

“მე წეღან აღვნიშნე, რომ აკაკი სხვადასხვა ჰიპოსტასში წარმოგვიდგება, სხვადასხვა მრავალსახეობით, როგორც მოაზროვნე, როგორც სოციოლოგი, როგორც ეთნოგრაფი, პოლიტიკოსიც კი… და ეს გასაჭირია და არა დალხინება ქართული მწერლობისა, სხვათა შორის… გაჭირვებისა იყო ეს, რომ ყველა თემაზე უხდებოდა მწერალს წერა. იგი ვერ იცლიდა იმისათვის, რომ ეწერა მხატვრული ნაწარმოებები და უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე, ვთქვათ, პუბლიცისტიკა. პუბლიცისტიკით არ იქმება მწერლის მიერ ისეთი სინამდვილე, როგორიც მხატვრული შემოქმედებით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის 20 ტომიდან, რომელიც ახლა გამოიცემა, 18 ტომი არის პუბლიცისტიკა და მისმა მხატვრულმა ტექსტებმა მხოლოდ 2 ტომი დაიკავა”.

და ბოლოს, რეალურ გაჭირვებას რაც შეეხება, არა ქვეყნის გასაჭირს, ადამიანურ რესურსებს და ა.შ. არამედ პიროვნულ გასაჭირს, მატერიალურ სახსარს. აკაკიმ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა 1908 წელს, როცა მას სიზარმაცე უსაყვედურეს, აქაოდა ცოტას წერო. მაშინ აკაკიმ თავისი პირობებიც წამოუყენა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს:

“1. ჩემი ნაწერები საზოგადოდ ხელშეუხებელი უნდა იბეჭდებოდეს რედაქციის მხრით და რაშიც არ მეთანხმება, იმას შენიშვნა გაუკეთოს. 2. მოკლე ლექსებში სტრიქონში თითო აბაზს ვიღებ და პოემებში ორ-ოლ შაურს. 3. პროზაში საერთოდ თითო შაური, მაგრამ ეკონომიურად კი ნუ სბეჭდავენ და მაშინ მეც იძულებული აღარ ვიქნები, რომ სხვაგვარი სამუშაო ვეძიო!”

სხვათა შორის, ქართული მწერლობის მაშინდელი და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი, სწორედ აკაკის ამ მოკლე განცხადებით შეიძლება რეზიუმირდეს.

© radiotavisupleba.ge

Facebook Comments Box