პროზა

ირმა არჩუაშვილი – წითელი ბოტები

ბალღი იყო იგეთი, რო სუ წითლათა ღუოდა. თან სხვანაირი, გო, ძალიან ჯანსაღი და ინტერესიანი. ხო სუქანი იყო, თან ძაან მოძრავი, ძაან ცელქი. კაბებ ვაცმევდი ჯერ კიდე, გოგოი კაბებ. მუცლიანი ბალღი რო იყო, სუ ეჩაჩებოდა შიგნიდან ყველაფერი. გადმოგდებული მუცლით დადიოდა. კაბა კიდე გძელი იყო და კარგად ეტანებოდა რეიტუზში.
წინა დღეი თელავის ბაზარში მყავდა. აღარც მახსომს რასა ვყიდიდი. სადგურში რო შევედით წამოსვლისას, ახმეტელ ქალებს პირდაპირ მიწაზე ქონდათ გაშლილი თუშური წინდები. ბალღი არ იყო, თვალები აუციმციმდა სუ ამ ჭრელა-ჭრულები დანახვაზე. რო ჩამამეკიდა კალთაზე, “დედი წიწია მიყიდე და დედი წიწიაო…” ი დედაკაცი, ჯერ იგრეც ხო გადაირია ამ სათვალიო ბალღი დანახვაზე, ახლა კიდე, რო ვიყიდეთ, სუ ლოცა და ლოცა… რაღაცნაირად, გო, როგორც თავისი ჯიგარი. ან რათ უნა ეწყევლა, ქა, რა ვიცი…
დილა იყო ჯერ კიდე. განა გვიანი იყო. იმ დილით თავი ხელით ჩაიცვა ტანისამოსი. დამიწყე გვერძეო, მე უნა ჩავიცვაო, მე თითონო. სუ თავისი ხელით გამეეწყო. მე შაუკარი მარტო კაბა. ბამბაზიის კაბა, უკან, ორ ღილზე. ის ახალი წინდები, “წიწიებიც” მამთხოვა. წითელი ბოტები ქონდა, პატარა, მოსკუპულები. ისინი ამაიცვა ფეხზე კიდე. იგრე კოხტად გამეეწყო, იგრე კოხტად… წავიდა, წყაროზე თმები გადაილუმპა. სავარცხელ უკანა, ყუის მხრიდან ისვამდა. ვითომ, ეგე დედი, ვიბარცხნიო. მერე ის ბოტები ერთი წინ იპოვეს, კარებთან, არ იყო დამწვარი; მეორე უკანა მხრიდან გამააძვრინეი, ფიწლით რო აჩონჩხლეი გადარჩენილი ბალახი კუთხეში. ისიც მთელი.
იმ წელიწად სუ ჭრელი გოჭები დაყარეი ჩემი მაზლი ღორებმა. კაი წელიწადი დაუდგა. ზოგმა შვიდი, ზოგმა ათი, თორმეტიც… მაგათ სუ ბლომათა ყავდათ ღორი. ათ დედაღორამდე მაინც ეყოლებოდათ. გომი პატარა სადგომებათა ქონდათ ფიცრებით დატიხრული. თითოში თითო დედაღორი იწვა თავის გოჭებიანათ. სუფთად განა… იგეთი დაკრიალებული ქონდათ რო… რო შახვიდოდი, მარცხენა კუთხეში ხმელი, გაკაწკაწებული ბალახი ეყარა. ზოგი ნამჯა იყო ძროხისთვინ, ზოგიც ლობიოი ნარჩევი და სიმინდის ქეჩეჩი. თავზე კიდე, გამომშრალი წაბლის მასალა ეწყოთ კარ-ფანჯრისთვინ. გაზაფხულზე უნდა გამეეცვალნათ. მშრალი სათავსო ეგა ქონდათ და ყველაფერ მანდ ინახავდნენ.
ეს კიდე გიჟდებოდა გოჭებისთვინ, სუ იქ იყო. იმ დღეი ზურომ ორჯერ წაართვა “სპიჩკი კოლოფი” ხელიდან, გომში შასვლა უნდოდა. მესამეთ მაინც აუღია. ეგე ბედი რა არი… და შასულა. შაუტანია ეს “სპიჩკა” და ეტყობა გაანთო კარგათ რო დაეხედნა.
ძაან ღეტე-ღუტე ბალღი იყო. სუ თავი ნებაზე დააბოტებდა. იგეთი ხიო იყო, არ ესმოდა რო ვეტყოდი, ეზოი კარებ არ გაიცდე-მეთქი. მაშინაც შუა დღემდე ვეძებეთ. სანამ შიფერი არ დასქდა და გალავნიდან ბოლი არ გამოტყვრა, ვერ გავიგეთ. ვერც შიგნით, გომში რო შავიდნენ კაცები პირველათ, ვერ იპოვეს. კარები გარედან შიგნით იღებოდა და ეს კიდე უკნიდან არა ყოფილა ზედ აკრული? რა იცოდნენ აბა, ვის მააფიქრდებოდა მაშინ. ეტყობა თავისითა წვალობდა გამოსვლაი. იქნება ხმაც ჩაუწყდა შიშისაგან ცეცხლი რო აბრიალდა. ესენი კიდე თივაში ეძებდნენ. დედა მოუკვდეი, ზედა ყოფილა ათოთხებული კარებზე და იქვე მიმწვარა. ეგრე მიხოწიწებული და გაფარჩხული ჩამოხსნეი იქიდან.
ვაიმეეე, როგო განსაკუთრებულათ უყვარდათ ჩემ რძალსა და მაზლ. მერე კიდე, მაგათსა რო დაემართა, სუ გაგიჟდნენ. მოზვერივითა ბღაოდა ჩემი მაზლი. ჟუჟუნა კიდე, კოლექტივში იყო სამუშაოდ წასული. მეზობლის ბიჭი ჩასულა იქ წამოსაყვანათ მანქანით. – ჟუჟუნა ძალოო, შორიდან დაუძახნია, გამაგრდი, ცოტა ცუდი ამბავი გაქთ და სახლში უნა წამოხვიდეო. გამოვარდნილა ჟუჟუნა გულის ხეთქებით. ვაიმეო, რო შემოუკვრია თავში ხელი, სუ ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯავდა თურმე თმებ. მერე დასტიროდა, კიდეც არ გამიკვირდა, ე ტრუსის სუნი საიდან მოიქონდა ქარ მინდორშიო… კოლექტივი მინდვრები დაბალში არ არი და, იქ უფრო სწრაფად წასულა დამწვარი ხორცისა და ძვლის სუნი. იქვე არ ვიყავით, ჩვენამდე უფრო გვიან მააღწია, სანამ სუმთლად არ დანახშირდა ბალღი.
ლეკის ფატინამ გაასუფთავა. მეზობლი ქალები თურმე სუ პანტაპუნტითა ცვიოდნენ აქეთ-იქით გულწასულები. ხელ ვერავინ ვერა კიდებდა. მე ხო ამ ქვეყნისებში აღარ ვეწერე. სად ვეგდე და რამდენჯერ მამაბრუნეი გულწასული, აღარც მახსომს. მსუქანი ბალღი არ იყო და, შერჩენილი ხორცები სუ დამსქდარ-დახეთქილი ეკიდა აქა-იქა. კარებზე ხო გულით იყო მიკრული და, მარტო წინიდან კაბის საყელო და გულთან პატარა ნაგლეჯი ქონდა შერჩენილი; ისიც იგრე ჩახოწიწებულ-დანახშირებული პატარა გულზე, რო ვეღარც აუძვრია ფატინაი, თუ აღარ. ეგრევე ზედ გადაუცმევნია სხვა ტანსაცმელი. დღესაც არ ვიცი სადაური ფატინა იყო, – სარუსოელი, ჩანტლისყურელი თუ თიველი, ან ჩვენთან როგო მოხვდა. მადლობაც არ მამიხდია.
ეს რას მეესწრო ჩემი ქალობა, რო მე ჯერ კიდე ცოცხალი ვგდივარ და ის კიდე იქ არი ამდენი ხანია… ეხლა, ალბათ, ოცდახუთისა იქნებოდა. ზუსტად აღარც მახსომს. ერთი, რო ჩავალ, მეტრიკა შანახული მაქ, უნა ვნახო. ან რა ჯანდაბათ მინდოდა რო დავიტოვე, რატო არ ჩავაყოლე თან…
ის წითელი ბოტები კი გავატანე. იმით გავუშვი. ძალიან უყვარდა და…

17.11.2009; თბილისი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box