თვალი
ეს გარინდება თავის სიღრმიდან
ამოიხედავს
და გულში იწყებს ამონათებას
ის მზე, რომელიც შენში ამოდის,
ამ სახურავებს
და ამ ბაღებს არ ეფინება,
ის ახალ სუნთქვას სიტყვაში ეძებს
და გაფიქრება, რომ დედამიწა,
ასტეროიდულ წვიმების ფონზე
ისე წააგავს ბაბუაწვერას,
რომ შიში გზაფრავს
და ხელს თვალებზე ისე იფარებ,
თითქოს ამ სოფლის კარი მიხურე
და იგრძნობ სულით თვალის ახელას,
როცა ის არ ჩანს, მაგრამ გიყურებს.
შემოდი მარტო
ჩემს სიმარტოვეს შევეზარდე, ახლა ისე ვარ…
იყო, არ იყო, ის, რაც იყო თუ არ ყოფილა?!
ყოველი ჩემი სიმარტოვე შენით ივსება,
მადლობა უფალს, რაც მიბოძა, რომ მამყოფინა.
აი, ბალახი, ჩემს მზერაში რომ ამოვიდა
და მარტის გზას რომ უნებლიეთ ჩემში აგრძელებს,
ის აღმოცენდა უდიადეს სიმარტოვიდან,
სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც იგი აცელეს.
შემოდი მარტო, ვემზადები შენთან საფრენად,
შენ თამაშ-თამაშ, მისხალ-მისხალ ჩემში იწყები,
ჩვენი მკლავები გაიშლება მალე აფრებად
და ერთმანეთის მონატრებას მივეფიცხებით.
და-მაში-ნ
ჩვენ სხვადასხვა დროს ვუყურებდით
იმავე ვარსკვლავს,
სხვადასხვა ცაზე,
მე თბილისიდან, ხოლო შენ კი ამერიკიდან,
ციოდა სახლში, იანვრის სუსხმა
უეცრად თითი გამირიკინა…
ვისკი მესამედ გადავკარი,
ამერ-იმერი მიყურებდა ამერიკიდან
სასმელმა უცბად გამარეკინა,
ისე ძალიან გამარეკინა,
რომ შენთან ისევ დამარეკინა,
ამსიშორიდან შენზე როგორ ამირიკინდა?!
*
…და სიტყვა გულში ჩავიბრუნე…
რა უნდა მეთქვა,
როცა სიტყვაც უძლურია
იმ მშვენიერ მწუხარებასთან.
თურმე ისე შორს ვიხედები,
რომ გამიჭირდა დაბრუნება…
საშიშია იქით გახედვა,
სადაც უთქმელი სიტყვა თავისთავს
ისე აღრმავებს,
რომ შიშველი ფესვები უჩანს.
სათუოა იქიდან დაბრუნება,
იქნებ ¸ჰაერი არ მეყოს და ვერ ამოვყვინთო?!
და თუ ამოვალ,
თუკი მაინც ამოვაღწიე,
შენც იქ დამხვდები, უმიზეზო და გამჭვირვალე,
შენ, რომელიც შემთხვევით ხარ ამ ქალაქში,
ამ ხმაურში
და საერთოდ დედამიწაზე.
*
ხანდახან ამოვყვინთავ იქ,
სადაც ყოფა ჩემს გარეშე არსებობს
და მერამდენედ აღმოვაჩენ,
რომ ჩემთვის უცხოა ზედაპირის ბედნიერება.
ბედნიერება ხომ ტკივილის ნიღაბია
და ნიღბის ტუჩები
შეუხორცებელი ჭრილობაა,
საიდანაც გამუდმებით მოძვრებიან ცრუ სიტყვები,
რომლებიც მხოლოდ ეგოს სურვილს აკოწიწებენ
და საკუთარ სიღრმეებში ჩახედვა არ სურთ,
რადგან უფრო იოლია ღიმილით ან მწუხარებით
მოპირკეთებული სახეების გამოჩენა
და სიღრმისეული ნათელის ჩაკვლა.
ნათელი კი სულის სიღრმიდან
სინანულის ცრემლებს ამოჰყავთ.
*
მე რა ვიცი, მერამდენედ დაღამდა,
არც ის ვიცი ჩემში როგორ თენდები…
არც დედა ხარ, აღარც დედინაცვალი,
შესყიდულო რუპიებით, ცენტებით;
დავრჩი მარტო, როგორც ხორბლის მარცვალი,
მოვკვდები და მერე აღმოვცენდები,
*
სულ არაფერი, მაგრამ ჯერ ისევ
შენ თვალს არიდებ წარმავალობის
ბნელ სიჯიუტეს, გულში ხავსივით
რომ ამოვიდა და შეიცანი
შენი თვალები შიშით ავსილი
და გავიფიქრე, ამ უდაბნოში
ამომავალი მზისკენ შენ ივლი
და შენივე გზას თვალს გააყოლებ
მონატრებული დედაშენივით.
შემოვაღწიე სულით შენამდე,
შენში, ნათებით დაღლილ მერწყულთან
და სიტყვით არა, გიმხელ თვალებით,
რომ ვკვდები, შენთან ისე მომწყურდა.
დარწყულება
აი, ჩემი მეგობრები –
პალმა, ლიმონი, ჩინური ვარდი,
რამდენიმე ქოთნის ყვავილი
და ფანჯარა, ზოგჯერ მზიანი,
საითაც ხშირად გაგვირბის თვალი,
აწმყოში ვცხოვრობთ
და არც წარსული გვენატრება
არც მომავალი…
ნეტავ, რა ჰქვია ჩვენს უსიტყვო გასაუბრებას
და გაფიქრებულ სინამდვილეს,
წარმოსახვაში რომ იკარგება,
იგი თავის კვალს ვეღარსად ტოვებს,
და გასაქრობად მუდამ მზად არი.
ნადგომი წყალი სწყურდებათ ხოლმე,
უყვართ ზოგჯერ ნიადაგის გაფხვიერება
და თუ ტყის მიწას მივაშველებ,
მადლიერების ნიშანს ისე გაამჟღავნებენ,
რომ ყვავილები გამოაყრით სიხარულისგან.
მეც მათთან ერთად ჩუმად ვცხოვრობ,
და ვეძებ სიტყვებს –
ყველაზე ძვირფას მინერალებს,
ჩვენს არსებობას რომ ინახავენ და შეიცავენ,
მე მათ ვეპყრობი ისე ფრთხილად
და სიყვარულით მანამდე, MABENB
ვიდრე ჩემივე წრეში გამომამწყვდევს გაუცხოება.
მაშინაც კი,
როცა საკუთარ თავს ვაწყდები
და მოულოდნელ სამყაროში ვცდილობ გაღწევას,
ვიღებ წყლით სავსე ჩაიდანს და
ჩემს გათანგულ მეგობრებს ვასმევ
და მერე ვხვდები,
სინამდვილეში
მოწყურებულ ნატვრას ვარწყულებ…
დარდის ამომღერება
წავედი ცაში, თვალის ცა მიყვარს;
ვიღაც თავს იქცევს გზის გამრუდებით…
მოვა უცნობი და მეც წამიყვანს
და თუ მინატრებ დაგიბრუნდები.
დამეძებს მტვერი, მტვერი მზის სხივის,
მოცეკვავე და საყოველთაო,
როცა მზე ჟონავს ზეცის სისხლივით,
ამბობ, ღრუბელი აყვავილდაო.
ისე გაივლის დილა ყოველი,
ჩემს გაჩენამდე რომ გადიოდა,
გამოიხედავს ჩემკენ ყვავილი
და თვალს მოჭუტავს, როგორც იოტა,
ახლაც არ ვიცი, გზას სად მივყავდი,
როცა აღარსად არ მიდიოდა?!
შეხვედრის მოლოდინი…
მზეს კარსმომდგარი ზამთრიც კი არ ახსენდება,
ისე მუბუქად იფურცლება ვერხვის ფოთლებში…
…აქ აღარავინ აღარ არის, გარდა მიწისა,
რომელიც მუდამ ზრუნავს რამე აღმოაცენოს,
რასაც ქარი და მესაფლავე მიწას მიაყრის…
… ზოგჯერ სიზმრებში ბრუნდებიან დაუკითხავად
და უცაბედად სადღაც ქრებიან…
როცა ვისწრაფი შენკენ,
სულ მიკვირს,
ყოველ ჯერზე,
შენთან შეხვედრის მოლოდინით რატომ ვივსები?!
რა უსწრაფესად გაიზარდა ეს სასაფლაო,
აქ, მიწა მიწას ემატება,
სულები კი სხვაგან არიან,
ალბათ ისინიც უბრუნდებიან არქაულ საწყისს
და ჩავლილ ყოფას ვერ იხსენებენ…
ვარდის ფურცელზე ამოსულა ჭიამაია
და მზის სხივზე აცოცებისას ფრთები გაშალა,
გაფრინდა იქით,
ლოკოკინა სახლიანად რომ მიზოზინებს
უხილავი დროის სიჩქარით,
ვინ იმახსოვრებს ჩიტის ძახილს?!
ყოველი ბგერა
ჩაწერილია უცნობ დროის პარტიტურაში,
რასაც ბუნება შეასრულებს
დაწესებულ თანმიმდევრობით.
მზე რომ გადავა და ჰაერი რომ შეიმღვრევა,
დასავლეთის ქარს
მოაქვს ტურების შორი წკავწკავი…
მე ვხუჭავ თვალს და
რაც უამურ განცდებს აღვიძებს
ქუთუთოების იქით ვმალავ და მეჩვენება,
რომ სხეულიც იქ გადავმალე –
თვალების ფსკერზე და მივატოვე…
ჩვენ ისევ ვხდებით,
ჩვენი შეხვედრის მოლოდინი ვიდრე არსებობს…
* * *
დრო აღარ გვრჩება…
აღარ… თანაზიარებისთვის.
ეს იგივეა, რომ ყვავილი
ვერ პოულობდეს გასაშლელ ადგილს
და გაშლამდე იწყებდეს ჭკნობას.
მე რაღა დამრჩა,
გარდა შენი სიყვარულისა?!
მარტის უდაბნოს
გაზაფხულის ცები მორწყავენ,
შენ ხომ ყოველთვის და ყველგან მელი,
სულ უმიზეზო და გულმოწყალე.
ამოსვლა სქოლიოდან
…და თუ კი ვინმეს ხმას მივაწვდენ,
ვიტყვი, ღირდა ამოხედვა დავიწყებიდან
და შენთან მოსვლა, იმ სიტყვებით,
შენს გასაგონად,
ოდესღაც რომ გულში გავივლე…
ამოვედი სქოლიოდან
და მზის სხივში
მტვრადქცეული ჩემთვის ვფუსფუსებ.
შინ ყოფნა ისე მომნატრებია,
რომ გულისცემა გახშირდა უცებ
და მიკვირს, სხვები ვეღარ ამჩნევენ,
სიჩუმეს ჩემი გული რომ უცემს…
გადამფრენი ფრინველივით…
მესმის თვალებით რას მეუბნები,
გულში ჩაგიკრავ, უსიტყვოდ გკითხავ:
მერამდენედ დამემალე,
რაიმეს თქმა აღარ ისურვე!
იყავ შენთვის, გულს შეეკედლე,
იმ ნატვრაში გამოიზამთრე,
რაც მომავალში უწყვეტ ფიქრად უნდა იქცეს
ან გულში ცრემლად,
ხმის ტემბრთან ერთად რომ გამოაღწევს
და ის სიტყვა წარმოთქმისას
მარცვალ-მარცვალ,
ბგერა-ბგერა, ნამცეც-ნამცეც გაგეფანტება.
გადამფრენი ფრინველივით ვცხოვრობ
და ჩემი გადაფრენა დღიდან დღეში ისევ გრძელდება,
შორ მანძილებს ფრთებს ვერ ვატოლებ,
გადავიღამებ და მერე დილა
ახალ მიწას და ახალ ცას მჩუქნის
და ფეხაკრეფით უკან ბრუნდება,
რომ მოვიდეს,
მარტის ჭინჭებში
ჩაძინებულ ჩვილ გაზაფხულს
შეავლოს თვალი და შეულოცოს,
როცა გული აკვანივით გადაირწევა..
ჩიტივით ვცხოვრობ და ბუდეში უხილავ ფრთებით
მომყვება სითბო და ვითვლი წუთებს…
რომ გაზაფხულდეს
გალობას ისევ გული უნდა ამოვაყოლო…
ესეც მორიგი შეჩერება,
პარასკევი ჯვრის გზას მიჰყვება
და გულში ვფიქრობ:
ვინ დამარხავს ნათელს მიწაში,
სხივს წყვდიადში ვინ გადამალავს?!
ჩვენი შეხვედრის ადგილი ხომ
მზესთან მოძრაობს
და ერთად გვეძებს სულის სიღრმეში…
***
მე ის გზა მიყვარს,
გზა, რომელიც წამიყვანს სხვაგან –
სიმშვიდის ძებნით, სვენებ-სვენებით:
ამას რომ ამბობ
ისე მშვიდი და ჩუმი ხმა გაქვს –
თითქოს ხმის ტემბრით დამუნჯებულ ცას ეშველები.
მე ის ცა მიყვარს,
ცა, რომელიც უნახავს არვის
და სამომავლო თვალებშია გადანახული,
როგორც მომწვანო სიმაღლე ალვის,
რომელსაც მუდამ უცდის ზაფხული.
მაგრამ რაც მიყვარს –
ის თავისთავს ყოველთვის მალავს
და თუ კი ამხელს, მხოლოდ წუთით, რომ გამაკვირვოს,
სიტყვების ბროლში სხივად აქცევს მზეების ძალას,
რათა თვალებში უხმაურო ცეცხლად აკივლოს.
და მე ვინც მიყვარს არ არსებობს,
არსებობს თანაც –
რაღაც მანძილზე, მაგრამ მერე ქრება უმალვე,
როგორც კი იგი ჩვეულებრივ იქცევა ტანად, –
ანუ სხეულად – ვნებები რომ ვერ დავუმალე.
და მაინც მიყვარს – გულუბრყვილო სიტყვების ფიჭა,
რაღაც მომწარო-მოტკბილოს რომ ჩუმად აგროვებს,
დაბადებულო მარადიულ ფიქრად და ნიჭად –
ორჭოფულ მზერას კვლავ მზეები მოაოქროებს.
არის სათქმელი, როგორც ზამთრის დუმილში კვირტი,
როგორც ყვავილი ანდა ბგერა რომ არ ისმოდა,
იგია ჩემთვის ძვირფასი და საამო ტვირთი,
წონასწორობას ვკარგავ მუდამ ურომლისოდაც.
***
მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი,
შენზე, ვინც უკვე დიდი ხანია,
წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ…
თითქოს მრავალი წელი კი არა,
მას მერე ერთი წუთი გავიდა:
წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ…
ვინ იყო ნეტავ,
დრო რომ დაშალა წუთებად და საათებად,
თვეებად და წელიწადებად
და შენ მაინც ვერ დაგივიწყა?!
წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ…
და ისე წრფელად იყურები,
რომ თბილ ნაკვალევს ტოვებ გულში
და ვარსკვლავებით ცას კი არა
ჩემს თვალებს ავსებ.
* * *
სადღაც ბეღურების ხმა,
სადღაც ბაღის გულში –
გადარჩენილ სიცოცხლის მხიარული კუნძული,
გაღიმებულ სარკეში ანარეკლის კუნწულა
და თვალებში გამკრთალი გახსენება მრუში.
ჩავლილია რაც იყო და რაც იყო გამქრალა,
როგორც ძველი ზღაპარი ანდა სიზმარ-ცხადი,
მაგრამ მაინც მოფრინავს, როგორც ბოლოქანქარა
და სიტყვიდან სიტყვაში ბოლოს ქნევით დადის.
მაინც უნდა უარვყო, უნუგეშოდ გავრიყო,
ვფიქრობ ხსოვნის სასწორი გადავწონო რითი?
ის, რაც იყო ოდესღაც, არასოდეს არ იყო,
მაგრამ იმ გახსენების მაინც შემრჩა რიდი…
© “არილი”