ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

ნუგზარ ზაზანაშვილი – ბოლშევიკი პრომეთე

alio mirtskhulava 232

ამას წინათ ლექსების ერთ, მივიწყებულ წიგნს წავაწყდი და მასში ზოგიერთი ჩემთვის სრულიად ახალი რამ აღმოვაჩინე, რაც ამ წერილის დაწერის იმპულსად იქცა…

„ალიო მირცხულავა“ – ამ სახელის გაგონებისას მკითხველთა უმრავლესობას წარმოესახება ოდიოზური საბჭოთა პოეტი, რეჟიმის მსახური და მეხოტბე… და ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ – მხოლოდ ნაწილობრივ… ეს წერილი პოეტის ახალი „პორტრეტის“ შექმნის ცდაა.

□ □ □

ბუმერანგი-მაშაშვილი-მირცხულავა – ეს, ჩემი წაკითხვით, გახლავთ სამი სხვადასხვა პოეტი, თუ ერთი პოეტის სამი სახე: ბუმერანგი (ეს მირცხულავას პირველი ფსევდონიმია) ავანგარდისტია; მაშაშვილი – ახლად ჩამოყალიბებული სოცრეალისტი, ოღონდ მოდერნიზმის თვალშისაცემი გამოვლინებებით; და ბოლოს, მირცხულავა – „დასრულებული” სოცრეალისტი.

სოცრეალიზმის არსი ზუსტად დაახასიათა მწერალმა და დისიდენტმა ანდრეი სინიავსკიმ  გასული საუკუნის 50-იან-60-იან წლებში „სამიზდატით“ გავრცელებულ ვრცელ წერილში, „რა არის სოციალისტური რეალიზმი?“. სინიავსკი ირონიულად აღნიშნავს: „ძველი, ანუ როგორც მათ ხშირად უწოდებენ – კრიტიკული, რეალისტები… – ბალზაკი, ლევ ტოლსტოი, ჩეხოვი – ასახავდნენ ცხოვრებას ისე, როგორიც არის ის სინამდვილეში; მაგრამ ისინი არ იცნობდნენ მარქსის გენიალურ სწავლებას, მათ არ შეეძლოთ, ეწინასწარმეტყველათ სოციალიზმის მომავალი გამარჯვებები… ხოლო სოციალისტური რეალიზმი მარქსის სწავლებითაა შეიარაღებული… შთაგონებულია თავისი მეგობრისა და მოძღვრის – კომუნისტური პარტიის – გაუნელებელი ყურადღებით. ის ხედავს კომუნიზმის, ჩვეულებრივი მზერისათვის მიუწვდომელ, ნაკვთებს. მისი შემოქმედება – ეს არის… კაცობრიობის მხატვრული განვითარების უმაღლესი მწვერვალი, ურეალურესი რეალიზმი“. სხვანაირად რომ ვთქვათ – სოცრეალიზმი მარქსიზმის (უფრო კი, ლენინიზმ-სტალინიზმის) იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცეული „კრიტიკული” რეალიზმია, ანუ, არსებითად, ამ უკანასკნელის პროფანაციაა. სინიავსკი განაგრძობს – „ყოველ სოცრეალისტურ ნაწარმოებში… მონაწილეობს მიზნის ცნება… პოეტი უკვე უბრალოდ “ლექსებს კი არ წერს, არამედ თავისი ლექსებით კომუნიზმის აღმშენებლობას ეხმარება“ და „ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ის, რომ მის გვერდით ანალოგიურ საქმეს აკეთებენ მოქანდაკე, მუსიკოსი, აგრონომი, ინჟინერი, შავი მუშა, მილიციონერი და სხვა ადამიანები, მანქანები, თეატრები, ქვემეხები, გაზეთები“.

შესაბამისად, სოცრეალიზმის გზაზე დამდგარი პოეტი ცდილობს, დააღწიოს თავი „თავის წრეს“ (ამ წრის წევრებად კი ბუმერანგს, აი, ვინ წარმოედგინა – და არც მთლად უსაფუძვლოდ – „პოეტებო შეწყვიტეთ ლექსებზე ფიქრი, / მონადირეებო – / ფილოსოფოსებო – / პროსტიტუტკებო / და / კარტოჟნიკებო / დაჰგმეთ თქვენი ხელობა“.). ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, სოციალურად “მოთხოვნადი“ გახადოს ლექსი; ცდილობს, „აწარმოოს“ პოეტური პროდუქცია ისევე, როგორც, მაგალითად, მეფოლადე აწარმოებს ფოლადს, მეჩაიე – ჩაის, ანუ „საწერ დაზგაზე“ გეგმაზომიერად შექმნას მასობრივი მოხმარების პროდუქტი… მირცხულავამ ბევრი ასეთი პროდუქტი „გამოიმუშავა“, მაგალითად, ეს, რასაც ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ: “მეც დამკვრელი ვარ, საქმეს ვამზადებ, / ტემპს გრიგალივით ცეცხლი მოვსტაცე / და ვეჯიბრები საწერ დაზგაზე / ინდუსტრიალურ ლექსის ოსტატებს. // მეც გეგმაში მაქვს: კალმით გავღარო / მთების კლდე-გული და წყაროები, / ფიქრთა გვირაბი არის მაღარო, / ლექსი – ფოლადის ნაწარმოები“ (ალბათ, „ფოლადის ნაწარმოებების“ შექმნის მიზანდასახულობას უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ მირცხულავას, მგონი, უსათაურო ლექსი საერთოდ არ გამოუქვეყნებია – თუ პროდუქტია, მას სახელიც უნდა ერქვას!). მოკლედ: მთელი სოცრეალისტური პოეზია, არსებითად, მარტივი მხატვრული საშუალებებით გადმოცემულ, მარტივ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ანტითეზამდე დაიყვანება: კომუნიზმი-კაპიტალიზმი; ამასთან, კომუნიზმი: პროგრესი, შენება, თავისუფლება, შუქი, მზე, უღრუბლო ცა, მშვიდობა, ბედნიერება (+ რევოლუციური ცეცხლი, ელვა-ქუხილი, ქარიშხალი-გრიგალი); კაპიტალიზმი: რეაქცია, ნგრევა, ჩაგვრა-მონობა, სიბნელე, მთვარე, ღრუბლიანი ცა, ომი, უბედურება (+ გრიგალის ოპოზიციური – ნიავი, დეკადენტობა და მისთ.); და სულ ეს არის, რაც არის!

სოცრეალიზმის ბატონობის ხანა ერთ-ერთი „შავი ხვრელია“ ქართული პოეზიის სივრცე-დროში. ის დაახლოებით მეოთხედ საუკუნოვან პერიოდს მოიცავს – 30-იანი წლების შუა ხანიდან 50-ანების ბოლომდე და ამ პერიოდს „სტალინისტურიც“ შეიძლება, დავარქვათ; ისევ მაშაშვილს მოვუსმინოთ: „ჩემო სამშობლოვ, დღეს შენი ერი / განახლებული ქართვლის ერია, / ასე ხმიერად და ბედნიერად / შენ არასოდეს არ გიმღერია. / ალისფერია შენი მიდამო, / ეგ შენი დროშაც ალისფერია, / შენი სიცოცხლე არის სტალინი, / შენი მარჯვენა არის ბერია!“ (სხვა საკითხია – რატომ უმღეროდა სტალინ-ბერიას სავსებით გულწრფელად მთელი რიგი ქართველი პოეტებისა – გიორგი ლეონიძის ჩათვლით? ეს მოვლენაც გაანალიზებულია, მათ შორის – ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმის – სტალინის „ქართველობასთან“ დაკავშირებული – კომპენსაციის ასპექტით). სტალინიზმის ხანაშიც აქა-იქ გაიელვებდა ხოლმე ნამდვილი ლექსი, მაგრამ – უეჭველად – არა სოცრეალიზმის წყალობით, არამედ ამის მიუხედავად; ხოლო პოსტსტალინისტური პერიოდიდან ქართული პოეზიის ძირითად ნაკადს, რომელსაც უმთავრესად „სამოციანელები“ აყალიბებენ, სოცრეალიზმთან, არსებითად, საერთო აღარაფერი აქვს.

 

□ □ □

დავუბრუნდეთ ბუმერანგს. ის თმახუჭუჭა, თმაქოჩორა ახალგაზრდაა – რევოლუციური იდეებით გამსჭვალული, ახალგაზრდულად მაქსიმალისტური, კატეგორიული („წლების გრაგანი მას ვერ მოღუნავს, / ხელებგაშლილი უშიშრად მოდის: / მისი პარნასი არის კომუნა, / ლენინის შუბლი და ეშაფოტი!“) და ახალგაზრდულად მაძიებელი („ო! ცხოვრებაში მე რაც მინდა, მე რასაც ვეტრფი, / ასეთი ფერი ჯერ არ არის, ჯერ არ არსებობს!“); მას სძულს სიყალბე და სიმდიდრე („მეც შემამჩნიეს, მომიწვიეს სუფრაზე უცხო, / პირ-დაღრეჭილად ღვინის ჭიქას მეც ვეამბორე, / ვდუმვარ… არ ვიცი ქებათ-ქება ჯერ ვის დავუწყო, / დახლიდარს სძინავს… ძილში ითვლის ჭუჭყიან ბონებს“) – ის “მერრეხია“, მარსია, ომის ღვთაებაა, რომელიც წარღვნად მოევლინება კაცობრიობას, თუკი ეს უკანასკნელი გონს არ მოეგო (მითოლოგიზირებისადმი მიდრეკილება ბოლომდე გაჰყვება მირცხულავას, რაზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ) – ბუმერანგი ავანგარდშია!

ამასთან, იგი საფუძვლიან ლიტერატურულ ცოდნას ეუფლება: თუ არ ვცდები, ის ერთადერთი ქართველი პოეტია, ვინც სწავლობს, ბრიუსოვის მიერ ჩამოყალიბებულ უმაღლეს სალიტერატურო-მხატვრულ ინსტიტუტში (ეს დაწესებულება, რომელიც ოციანი წლების ბოლომდე არსებობდა, მ. გორკის სახელობის ცნობილი ლიტ. ინსტიტუტის წინამორბედია). აქ მარქსისტული საგნების გარდა, იკითხებოდა: ლექსთმცოდნეობა, თეორიული და ისტორიული პოეტიკა, ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურა, ფრანგული ლიტერატურის ისტორია, ფსიქოლოგია. კურსებს უძღვებოდნენ: თვით ბრიუსოვი, პოეტი და მეცნიერი-ლექსთმცოდნე გიორგი შენგელი და სხვა. როგორც იხსენებს ლიტერატორი ზოია იასინსკაია – ინსტიტუტში რეგულარულად იმართებოდა დისპუტები და ლიტერატურული საღამოები, სადაც ხშირად მონაწილეობდა მაიაკოვსკი; ლექსებს კითხულობდნენ ინსტიტუტის „აღსაზრდელებიც“ – კირსანოვი, ასეევი, სვეტლოვი, მაშაშვილი; ინსტიტუტს სტუმრობდნენ ესენინი, პასტერნაკი, ბაგრიცკი და მრავალი სხვა. მოკლედ – ბუმერანგი, ფორმალური განათლების მიღების პარალელურად, მჩქეფარე და ჯერ კიდევ თავისუფალ ლიტერატურულ პროცესშია ჩართული.

ის 21 წლისაა, როდესაც (1924 წელს) გამოდის მისი ლექსების პირველი, 190-გვერდიანი წიგნი „მერრეხი“ (ერთი წლით ადრე მან „მოთხრობები და პოემები“ გამოსცა). ამ წიგნის კითხვისას უთუოდ გაგიჩნდებათ განცდა, რომ ავტორს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის, მეტისმეტად ეხალისება ლექსების წერა, სიტყვებით თამაში – ის ტყორცნის სიტყვებს, რომლებიც უკან უბრუნდებიან ბუმერანგივით, ისევ ტყორცნის, ისევ უბრუნდებიან: „დამ-და-დი-ნამო / დამ-დი-და / დარდმა დინამო ადიდა“. ბუმერანგი ექსპერიმენტატორია: ტრადიციული რითმიანი ლექსის წერისას ის იყენებს მეტრულ-რიტმული მოდელების ფართო სპექტრს, რასაც კიდევ უფრო აფართოებს თავისი ინოვაციებით. ამასთან, ბუმერანგი ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც აქტიურად ცდილობს ვერლიბრის დამკვიდრებას; ის ხშირად იყენებს ასევე თეთრი ლექსის ფორმას (უმეტესად ვერლიბრთან შერეულს); და ეს შეგნებულად ხდება: „მე არ მიყვარს რითმის კაბა – ფეხზე რითმის წუღები“. „მერრეხში“ ვერლიბრით შესრულებული ბევრი ლექსია შეტანილი. მაგალითად, წავიკითხოთ ეს ნაწყვეტი, რაც დღესაც თანამედროვედ ჟღერს: „დავხურე წიგნი. / პაპიროსის ნახევზე პატარა ესკიზი შევამჩნიე. / გულმოდგინედ შევუდექი კითხვას. / …მომეწონა. / წავიკითხე. შემიყვარდა. / უბეში შევინახე ნაშრომი და სირბილ-სირბილით ქალაქისკენ გამოვწიე… // ქალაქს ხარბად გაეღო თვალები და საეჭვო ლანდების დაღს იჩენდა მტვერით გაპუდრულ სახეზე. / გაბრწყინვებული ტროტუარი ხმაურით ამჟღავნებს უტვინო ფეხების ნაბიჯებს. / მიმალულ კუთხეში მათხოვრები სტირიან… / ხმაური ნელდება – / და მეც მაშინ მომწყურდება წუთიერი მოსვენება, როცა / ქალაქი ნაცრისფრად გარდაიცვლება ძილის ბალდახინში!“ მისი ვერლიბრი, ჩვეულებრივ, დინამიურია, არითმიული, ალაგ-ალაგ სპონტანურად გარითმული. დინამიურობა და არითმია სტრიქონების „დატეხვითაც“ მიიღწევა: უფრო ხშირად – ტაეპების მუხლებად, ზოგჯერ კი – სრულიად უცნაურადაც: მაგალითად, „აი, ხომ გესმის, / მატორის მილი: ჰოფ, / ჰოფ, – რომ ხველავს / ჭლექიან ქალივით“. პოეტი ერთ ლექსში კონვენციური გარითმული ფორმებისა და ვერლიბრის სხვადასხვა კომბინაციასაც გვთავაზობს. საინტერესოა ისიც, რომ ბუმერანგი ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ქმნის ე. წ. გრაფიკულ ლექსს: „ქალაქის კივილი“ 5 სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურისაგან შედგება: მეორე – ქვემოთ არის მოყვანილი; ყველაზე რთული კი მე-4, 1-წახნაგიანი რომბის მაგვარი, ფიგურაა.

alio 3

ის იგონებს ახალ სიტყვებსაც – უპირატესად ორი სიტყვის შეერთებით: მტკვარისტანი, შუამკერდი, მდინარდენა, ცაოდა, ლანდისტანი, დინამეფე, უმზედარო, პირამინდო, მდორიდო – ჟარგონს თუ მოვიშველიებთ – უბერავს და უბერავს! ბაძავს ხმებს: „ფრ… ალიოლე… გოროლან… დომმ… – თავგანწირული ყუმბარა ბღავის…“; ან – „…ზოომ… ზრ… ზოომ… მგლოვიარობს ტრამვაი მოგრეხილ რელსზე“; ან – „ში-ში-ში-ვის აქვს შენი შიში? ში-ში-შრრრ… შევანელე. / შეჩერდა მანქანა“; აი, მარშირების მიბაძვა: „1. 2. 1. 2: / სმენა! იარ ნაბიჯებით. / კომანდორობს კომანდორი / და ჯარს მისდევს გაგიჟებით!“.

ბევრი ლექსი გადატვირთულია პოეტური სახეებით: ზოგიერთი ლექსის ლამის ყოველი ტაეპი ტროპია, ამასთან, ხშირად რთულ, 2-3-შრიან ტროპებს ვხვდებით: აი, მაგალითად, ნაწყვეტი ბუმერანგის ერთ-ერთი ნიშნეული ლექსისა „ქალაქი ღამით“: „სუნთქავს ქალაქი მაზუთის ორთქლით, / ნერვიულ ქუჩებს ათრთოლებს ელექტრო. / მთვარე კიდია ცის ფიცარზე როგორც საათი./ … ბნელი ხარ, ღამე, როგორც იუდა, / სახით, სახელით და ჩვეულებით.“ და ა.შ.; ანდა წავიკითხოთ ბოჰემური ფინალი ლექსისა „სამიკიტნოში“: „ასე დახუჭავს პარასკევი ლოთიან თვალებს, / ღვინოც ის არის რომ ალაგებს კრედიტზე კრედიტს, / მეც სხვათა შორის მივეგდები კუთხეში მთვრალი / და კვირა დილას ქრისტესავით ავდგები მკვდრეთით.“; ბუმერანგი სრულიად მოულოდნელ პოეტურ სახეებსაც ქმნის: მაგალითად, სიმბოლისტური ყაიდის – „გზაზე მარტო ვარ და გარშემო არის დუმილი, / ტალღა ყრუ გმინვით ნაპირს ელტვის და ემძლავრება, / მთვარე, ქარავანს ჩამორჩენილ ბედუინივით, / ცის უდაბნოში მოქანცული მიემგზავრება.“; ან ასეთი, სიურრეალისტური – „ღამე მუხლებში იღუნება ბეგემოტივით / და იკბინება ვარსკვლავების თეთრი კბილებით…“; ან – „მზე ჭორფლიანი იღრიჯება ესკიმოზივით“; აი, კიდევ – „გასკდა ღამე / კვერცხი ამღვრეული / და ვარსკვლავები გამოყარა / წიწილებივით“. და სხვ.

ახალგაზრდა მირცხულავასთვის არც პროზაული ჩანართების გამოყენებაა უცხო; მაგალითად – პოემიდან „ურმული“: „მთაზე გადაშლილ ვარსკვლავებად მოსჩანს ქალაქი. / მატარებელმაც ძროხასავით შორს დაიბღავლა / და ხმა ლოდივით დაეცა კლდეზე. / ამ დროს მეურმემ დედა შეიგინა: / – შენი პატრონი დედაც… ხიიი-ორე… / და მტვრევა შოლტის / პირუტყვს სარტყელივით / ტანს შემოერტყა“ .ის არც ეროტიკას ერიდება: „ჯერ შენი დარდები ცრემლის ოდენია, / თვალში ზღვა გიცინის ზვირთებ-გომოსხმული, / ვნებით გაივსები და რძეს მოდენიან / მკერდზე ფორთოხლები ოდნავ ამოსული!“; ან  – ფემინისტურ ლექსში „პროლეტარი ქალი“: „ჩასჭიდებია მოკლე ვინტოვკას / სუსტი ხელები – ბროლივით თლილი: / და ძუძუები თეთრი თოვლივით – გადმოხეთქილი: / დაფარულ მკერდში ურჩობენ ყოფნას.“; ან კიდევ – „თვალებ გატარებულად, ტუჩებ გადარაზულად / ცეცხლის ვნება მოსწოვეთ და მიწაზე დაეშვით“ და სხვ.

რუსი ფუტურისტების გავლენით, ბუმერანგი ფანტასმაგორიულ ტექსტებსაც ქმნის. ამ მხრივ გამოირჩევა „ბრაზი ბუზური“. აქ პოეტი – ქართველი ფუტურისტების მსგავსად – რუსულ „Словотворчество“-საც „მისდევს“: „ხე კი ახირდა. / ხერკეს ეხეთქა. / ხერკეც ხერკელით ხეს დაეტაკა / და რობუს ქვებზე გადახირგინდა! / გამოიღვიძა უცებ დარაჯმა და ხმა დაყარა: / – რრიარე რრია – / გარბიან ირგვლივ. გარბიან შიშით / ბაყაყთა ჯიში ჩავარდა ჭირში: / – ურულე რუმბა, ურულე რუმბა! / … / ღუზარს ღებოში ჩაუგდეს ზუმპა“.

ყველაზე სუსტი, შეიძლება ითქვას – უსახური, სწორედ შიშველი, იდეოლოგიური ლექსებია („ლენინ“, „25 თებერვალი“ და მისთ.), სადაც შიგადაშიგ აგრესიაც ვლინდება: „დიახ! ის იყო, დიახ გუშინ რომ / დაფლითა ბომბით ბებერი დედა, / უწოდეს გიჟი, უწოდეს უშნო, / მაგრამ უღონო ვინ გაუბედა?“; ან -„იცით? ამ ხმალს რა უნდა / და ამ ხელში მაუზერს, / თქვენ, რომელსაც შორიდან / ცოდვას აპატიებდით, / ნუ მირჩევთ მის შებრალებას, / ნუ მირჩევთ მის სიყვარულს / მასაც სიკვდილს დაუწერ, / მკერდზე ცხელი ტყვიებით!“

□ □ □

მოდერნისტულ-ავანგარდისტული „გადახრები“ უყურადღებოდ არ დარჩენია ბოლშევიკურ კრიტიკას. აი, რას წერს შალვა რადიანი 1931 წელს: „ა. მაშაშვილის შემოქმედების ამ ხანის ლექსები ფორმალურად თითქმის არცაა ორიგინალური. მასწავლებელთა ამორჩევაც წინასწარ განსაზღვრულია პოეტის პლანეტარული აღფრთოვანებით. ასეთი მასწავლებლებია ვერჰარნი და უიტმანი. სწორედ ეს პოეტები ხასიათდებიან კოსმიზმით, განყენებით. მაშაშვილიც მათ ბაძავს“.

ეს შეფასება მეტისმეტად ტენდენციურია: მაშაშვილის ავანგარდისტული პერიოდის პოეზია ეკლექტურია, მაგრამ, მთლიანობაში, სწორედ რომ ორიგინალურია – მისი შემდგომი სოცრეალისტური პროდუქციისაგან განსხვავებით. კერძოდ, ბუმერანგის ტექსტებში უიტმენის გავლენა საერთოდ არ იგრძნობა. „გვიანდელი ვერჰარნის” ქალაქის ატმოსფერო კი უეჭველად საგრძნობია და ამ „ზემოქმედებას“ ბუმერანგი არც მალავს: ვერჰარნი (ვერჰარენი) არაერთხელ არის ნახსენები ტექსტებში (“ვერჰარნით დაავადება” ბუმერანგს შესაძლოა, თავისი მასწავლებლისაგან “გადაედო”: ბრიუსოვიც იყო ერთხანს ვერჰარნით გატაცებული და მის შესანიშნავ მთარგმნელადაც იქცა). მაგალითად, ვერჰარნის ლანდი მკაფიოდ ინაკვთება „მერრეხის“ იმ ნაწილში, რომელსაც „ქალაქის კივილი“ ჰქვია, და სადაც პატრიარქალური სოფლის მიტოვებით გამოწვეული ტკივილიც იგრძნობა, მიგრაციის „დასაბუთებაცაა“ მოცემული და ქალაქით აღფრთოვანებაც შეუნიღბავია – ქალაქით, როგორც სიახლის, მომავლის წარმოშობის, დაბადების თუ ქმნის რთული, წინააღმდეგობრივი სივრცით: „ტროტუარებზე ტრაფარეტი და რახარუხი, / ვნებიან ქუჩებს აკანკალებს ავტობუსები, / ცხოვრება ხარბი, ბრაზიანი, ხანდახან უხვი / კაცობრიობას მოაგორებს რკინის ქუსლებით“.

ჩემი შეხედულებით, ამ პერიოდის მირცხულავა ყველაზე მეტად ფუტურიზმისკენაა „გადახრილი“ და ესეც გაცნობიერებულია: „მახსოვს: სარდაფში მუშაობის დროს ყურში ჩამჩურჩულე / – ნუ ხარ ფუტურისტი როგორც ასეთი“; სხვაგან: „Это Я, Это Я“ ხარხარებს მოტორი კამენსკის ხმაზე“ (ვასილი კამენსკი – ცნობილი რუსი პოეტი-ფუტურისტი). აი, რას წერდა ფუტურიზმის „მამა“ მარინეტი 1909 წელს: „ინტუიციათა მუდმივი მიმოცვლის გაადგილებით და დახვეწით, რიტმით, ინსტინქტითა და რკინის დისციპლინით საჭიროა, შევამზადოთ ადამიანისა და მოტორის გარდაუვალი გაიგივება, რის შესახებაც ადამიანების უმრავლესობა არასოდეს დაფიქრებულა“; ან 1916 წელს ცხოვრების აჩქარების შესახებ: „თუკი ლოცვა ღვთაებასთან ურთიერთობას ნიშნავს, მაშინ დიდი სისწრაფით გადაადგილება ლოცვაა. ბორბლებისა და რელსების ღვთაებრიობა: უნდა მოვიდრიკოთ მუხლი რელსების წინაშე, რათა აღვუვლინოთ ლოცვა ღვთაებრივ სისწრაფეს”. და ეს ყველაფერი არის ბუმერანგის ტექსტებში: არის ტექნიკის „გასულიერება“: „დუ, დუ, დუ, დრრრ. / მანქანას აღმოხდა სუნთქვა დინამიური. / ოფლი სდის მახინჯ სახეზე. / ანერვიულდა მატორის ყოველი ძარღვი. / ღვედმა ფიქრთა სიმძიმე ზლაზნით ააჩქარა / და აგრილებს მანქანის ცეცხლით გამთბარ მუცელს.“; არის ინდუსტრიის გაფეტიშება: „მატორი გაბრაზებული / როგორც სფინქსი / იბრძვის მაზუთის მორევში. / შეუბრალებლად ყლაპავს / მომაკვდავთა იმედიან ამოძახილებს.“; ბევრი ლექსი ეძღვნება სისწრაფეს. ამასვე უნდა უკავშირდებოდეს ბუმერანგის აღტაცება სინემატოგრაფით, რასაც ის „მერრეხის“ ცალკე ნაწილს უძღვის („კინოლოზუნგები“): „მე მიყვარს კინო და გაქანება, / ტილოზე ცოცხალ ლანდების რხევა, / სული იშლება ცეცხლის ქარებით / და დედამიწის სუნთქვას ეხვევა“; აი, ამ ლექსის („კინო“) ბოლო სტრიქონიც: „ძირს თეატრები, სალამი კინოს!“ (არსებითად ამასვე ამბობდა ფუტურისტი შალვა ალხაზიშვილი). თვით „მერრეხიც“ ხომ ფუტურისტების ომისადმი დამოკიდებულებასთან ალუზირებს! იგივე ითქმის წარსულისადმი ფუტურისტული დამოკიდებულების შესახებაც: „ჩვენ ავაგეთ ეს ქვეყანა წარსულ დღეთა ძვლებით.“; ან – „ძველო ქვეყანავ! ჩაკვდი – მშვიდობით, / შემოგესია რკინის მესია“.

აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ მიუხედავად თვალშისაცემი პოეტიკური და თემატური მსგავსებისა, მთლიანობაში მაშაშვილის ადრეული პოეტური სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული (ასევე, იტალიური და რუსული) ფუტურიზმის სამყაროსაგან და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მასში ვერ იპოვით „ონანიზმისაგან დაცლილ მთვარეს” (ფუტურიზმის შესახებ იხ. სოსო სიგუას “H2SO4”-დან “მემარცხენეობამდე”) – მთავარი განმასხვავებელი, ალბათ, ისაა, რომ ბუმერანგის ტექსტებში არ ჩანს „ფუტურისტული სქემა“, მკაცრი ფუტურისტული ესთეტიკურ-იდეოლოგიური ჩარჩო: ეს ერთგვარი სოციალისტური ფუტურიზმია, რაც ყველაზე მეტად გაბოლშევიკებულ ფუტურისტ მაიაკოვსკის სამყაროსთანაა ახლოს (მირცხულავას ზოგიერთი ქართველ მაიაკოვსკისაც ეძახდა), თუმცა, ჩემი წაკითხვით, განსხვავებაც აშკარაა: მაგალითად, ბოლშევიკ მაიაკოვსკის ნაკლებად ახასიათებს მითისქმნისადმი მიდრეკილება და არც ნაციონალისტური “გადახრები” აწუხებს. არის წმინდა პოეტიკური სხვაობაც. ავანგარდისტიMმირცხულავას შემოქმედების ვიქტორ გოლცევის ფორმულაც “უხდება”: „პოლიტიკური პოეზია“ გამომსახველობითი ფორმების ფართო არსენალით.

აქ, ალბათ, კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას: მიუხედავად ბუმერანგის რევოლუციური აღტკინებისა, მისთვის ჯერ კიდევ უცხო არ არის ეჭვი, მაგალითად, მას ეჭვი იპყრობს – ხომ არ იქცევა ადამიანი მანქანის დანამატად, მის ჭანჭიკად, ტექნიკის მონად? – „ჩარხი დადგა ყალყზე. მანქანები ტრიალებს, შემქმნელი მას მონებს?! / … / ვის აქებდნენ? მანქანებს. / ვინ ხმაურობს? მანქანები. / ვინ იმსხვერპლა? მანქანებმა. / აქ კაცი კი არა რაა. აქ კაცი კი / ოფლის ფიფქად დნება შრომის ეტრატზე?“. უფრო სასაფუძვლო, „ონტოლოგიური“ ეჭვიც გამოკრთება: „მაშ ასე: ვიქნები ოპტიმისტი / მიზნის მიღწევამდე / და შემდეგ დავადგები: პესიმიზმის ლიანდაგებს. / პესიმიზმის ლიანდაგებს სიკვდილის ფიქრთა ბალდახინებით.“; ანდა – ლექსიდან „წარღვნა“ – პოეტი დედამიწას მიმართავს: „ვინ სთქვა შენი დაბადება? / ვის ეწყინა შენი დაბადება? / ვინ იტყვის შენს დაკარგვას? / ვის დააღონებს შენი დაკარგვა?“ ბუმერანგი ჯერ არც ჩვეულებრივი ადამიანური განცდებისა თუ სისუსტის გამომჟღავნებას ერიდება: „არა მაქვს ბინა, აქ ვარ, აქ არ ვარ… / არა მაქვს გული, არა ვარ ღმერთი, / ეს ყველაფერი წამართვა ქარმა / და ქვეყანაზე რა დამრჩა მეტი?“

□ □ □

სოცრეალიზმის გაბატონების კვალდაკვალ ავანგარდიზმი თანდათან ქრება: ქრება ვერლიბრი, ქრება რთული ტროპები, ქრება მოულოდნელი მეტაფორები, ქრება „მერრეხის“ მაგვარი სათაურები, ქრება თმაქოჩორა მეამბოხე… 36 წლისაა ალიო მაშაშვილი, როცა გამოდის მისი ლექსებისა და პოემების ერთტომეული, რომელსაც უკვე – სავსებით სოცრეალისტური – „ჰიმნი სამშობლოს“ ჰქვია – წინ წამძღვარებული, ორჯერ ორდენოსანი ავტორის ფოტოპორტრეტით! და თუკი რამ საინტერესოა ამ წიგნში, ეს ისევ ძველი, ოციან წლებში შექმნილი ლექსებია. სხვა, ახალი, მხატვრულად ღირებული ძალიან ცოტა რამ ჩანს. სამაგიეროდ, ახალი ლექსების უმრავლესობა თითქოს სინიავსკის ზემოთ ციტირებული ერთ-ერთი აზრის (უფრო კი – ლუნაჩარსკის შესაბამისი “თეორიის”) უშუალო ილუსტრაციაა, მაგალითად, ლექსი „რადიო“ – განსხვავება აღარ არსებობს, სულერთია კაცი ხარ თუ რადიო, მთავარია – იყო აგიტატორი: ხეზე მიმაგრებულ რადიოზეა საუბარი – „მაინც გლეხებში დგას და ეწევა / ახალ ცხოვრების აგიტაციას, / ის აქ იბრძოლებს, აქ დაეცემა, / ისიც მებრძოლი ჯარისკაცია! // … // ალბათ: (ვით ეს ხე) განუწყვეტლივად / ადამიანურ ენით მეტყველი, / მეც ინდუსტრიის ერთი სვეტი ვარ, / აზრთა სხივების გამტარებელი!“ (საინტერესოა, რომ მაიაკოვსკის აქვს უფრო ადრე, 1924 წელს დაწერილი ასეთი ლექსი – “რადიო-აგიტატორი”, თუმცა იქ ის თავის თავს რადიოსთან არ აიგივებს).

მაგრამ მაინც არის რამდენიმე ღირსშესანიშნავი რამ, რაც მირცხულავას შემოქმედებას თავიდან ბოლომდე გასდევს…

□ □ □

მას ბრწყინვალე პოეტური სმენა ჰქონდა, რაც ყველაზე მკაფიოდ ბგერწერის კომპონენტში გამომჟღავნდა. მის ლექსებში იპოვით ბევრ ალიტერაციულ-ასონანსურ აღმოჩენას: „დაებადე დარიალს მანდარინა დაირა. / ამ დარიალ-მიდამოს ვერვინ დაგედარება. / ავდარია დარიალს. დარიალს ვინ დაიარს. / გადარია მიდამო დარიალის დარებმა“ . ანდა, მოდით, ეს მშვენიერი, უფრო გვიანდელი, სტრიქონები წავიკითხოთ: „ახლაც ვებრძვი ქარს და წვიმას / გული აუშფოთებია, / თუ სიტყვები მცვივა, განა / შემოდგომის ფოთლებია? // მცვივა, განა მცილდებიან, / თრთიან, განა ხუნდებიან. / ადრე აბიბინდებიან, / უფრო ადრე ბრუნდებიან. / განა მწუხრის ბინდებია, / ეს მტრედების გუნდებია, / მხრებზე დამაფრინდებიან, / ტკბილად აღუღუნდებიან“. აქ ადვილად მივაგნებთ ასო-ბგერების იმ შეხამებებს, რაც ორიგინალურ ბგერწერულ ეფექტს წარმოშობს. ამასთან, პოეტი ინტუიციურად თითქმის მხოლოდ „რბილ თანხმოვნებს“ იყენებს და კიდეც აღწევს სასურველ შედეგს – მკითხველი აზრს კი აღარ (ვეღარ) მიჰყვება, არამედ ევფონიურ „ჯადოს“ ნებდება, მგრძნობელობის „არხზე“ გადაირთვება და შინაარსს განწყობილების გათავისებით აღიქვამს. ან ეს ორიგინალური სტრიქონები წავიკითხოთ: „ტირილმა რომ აგიტანა, / დარდი თვალთ ვინ გაგიტარა, ვინ, / ტირის ტალღა და გიტარა, / ტირის ტალღა და გიტარა, ტინ!“; ან კიდევ: წინ ურმების ქარავანი / თივებს მიათივთივებს. / მტკვარი თბილის-ქალაქისკენ / ტივებს მიატივტივებს. ეს ნიჭი თვალნათლივ გამომჟღავნდა რითმის ელემენტშიც: ძალამ ურიცხვმა – სალამურის ხმა; თეთრი დაირა – მტრედისნაირად; დავშორებულვართ – აჟრჟოლებულად; დამწვარი – და მწვანე; უფრო რთული, თუმცა ცოტათი ხელოვნური – ბუდდას და ქრისტეს – მრუდად დაჰქრის დღეს; და სხვა მრავალი.

სიტყვათწარმოებისადმი ინტერესიც „გაჰყვა“ პოეტს: გვიანდელი მირცხულავა ბუმერანგივით თამამად აღარ იგონებს ახალ სიტყვებს, მაგრამ მაინც „უტრიალებს“ ამ სფეროს – ის ახლა ერთი საგნის თუ მოვლენის გამომხატველ ორ – მართლწერით „დაცილებულ“ – სიტყვას აერთებს ხოლმე: „მთელიდღე“, „ზღვისპირად“ და მისთ (ეს ტენდენცია დღეს უფრო მკაფიოა, განსაკუთრებით არაფორმალურ ტექსტობრივ გარემოში – მაგალითად, ფეისბუქში).

როგორც ზემოთ ციტირებული სტრიქონებიდანაც ჩანს, სოცრეალისტურ პერიოდშიც „ფოლადის ალიო“ მთლად ან ყოველთვის „ფოლადის“ არ იყო, – მას მუდამ ახასიათებდა ლირიკული „გადახვევები“; მაგალითად, ასეთიც: „ეს მთვარეც ეზოს დასცქერის, ალბათ, / ახლოს – ეს როგორც იცის ოდიშში, / დედას მაგონებს ჭიშკართან ალვა, – / ღამეს ათენებს ჩემს მოლოდინში“.

□ □ □

კიდევ ერთი, რაც მირცხულავას მთელ შემოქმედებას გასდევს – ეს, ბოლშევიკური ტერმინოლოგიით, „ნაციონალ-უკლონიზმია“. მირცხულავას ლექსები თავიდანვე შეიცავდა პატრიოტულ „გადახრებს“. ისევ პროლეტარულ კრიტიკოსს მოვუსმინოთ: „ა. მაშაშვილი არ წარმოადგენს მთლიანი მხატვრული მსოფლმხედველობის პოეტს და ამიტომ ხშირად აქვს მას გარკვეული გადახრები… ხასიათი ა. მაშაშვილის გადახრებისა სხვადასხვაგვარია: ხან პესიმისტური.., ხან კი ნაციონალისტური… და სხვ. ასეთი მოვლენა მეტად სახიფათოა პროლეტარული პოეტისათვის, ყოველგვარი ბრძოლისა და კოლიზიის გარეშე კლასიური ალღოს დაკარგვა… უკვე ნიშნავს თავისი კლასისაგან დაშორებას“.

ჩემი წაკითხვით, მირცხულავას, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა ქართველ რევოლუციონერ შემოქმედსა და პოლიტიკოსს, ერთი პირობა, ჰქონდა იმის ილუზია, რომ საბჭოთა საქართველო გახდა ნაწილი დამოუკიდებელი ქვეყნების კონფედერაციისა: „მაშ! მეგობრებო და პოეტებო! / მშობლიურ – ენას პატივი ეცით: / თქვენი სახელი ხალხს მოედება, / თუ მას დაანთებს ქართული ცეცხლი. / სანამ თბილ ნისლით სუნთქავს ყაზბეგი – / სანამდი ტოკავს ტფილისის გული: / ჩვენც მიგვაქანებს ელვის ხაზები / და ოქტომბერის გვესმის გუგუნი. / მაგრამ, იცოდეთ ამ ქართულ მიწას / სხვის ნაფიქრალში ნუღარ დამალავთ! / საკუთარ სახეს ვინც კი დაიცავს, / ის მსოფლიოში შევა თამამად!“. ამ ილუზიას შემდგომ ჩაანაცვლებს სტალინის ქართველობის „მაკომპენსირებელი“ ილუზია: „როგორ იქნება შედრკეს ქვეყანა, / აკვანი ცეცხლის გამომხსნელისა, / რომელმაც ჰშობა გმირი მებრძოლი / დამამხობელი ქვეყნად ბნელისა.“ ; რასაც ბოლოს, სტალინის გარდაცვალებისა და მისი რეჟიმის მხილების შემდეგ, ერთგვარი გულგატეხილობის გრძნობა ჩაენაცვლება.

„უკლონისტური“ სტრიქონები ყველა ეტაპზე გამოკრთება ხოლმე: „არ გამაგონო დაფა-ზურნის ჰანგი ველური, / მე თბილისში ვარ, დაუკარი ტკბილ-ქართველური.“; ან გავიხსენოთ ეს – სტალინისადმი მიძღვნილი სტრიქონების გვერდით “განთავსებული” – ცნობილი პასაჟი: „ჩვენი ქვეყანა, ეგრე ლამაზი, / შავი ზღვის პირად აღმართულია, / თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას, / მისგან ღრუბლებიც გაფანტულია. / ხან გაშლილია უგზო-უკვალოდ, / ხან ვენახებით დახლართულია, / მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი, / ცა – ფიროსმანის დახატულია“. (ცნობილია მირცხულავას პუბლიცისტური „გამოხდომაც“ – იხ. ალექსანდრე აბდალაძის (აბულაძის) „საქართველო და სომხეთი“).

პროლეტარული პოეტის პატრიოტულსა თუ ლირიკულ გადახრებს „ალიბი“ ესაჭიროებოდა: გიორგი ნატროშვილი ბროშურაში „ალიო მირცხულავა“ (1958 წ., რუს. ენაზე) წერს პოეტის „ჯანსაღ პატრიოტულ გრძნობაზე“ და იქვე „ანტაგონისტად“ სიმბოლისტებს ასახელებს (იგულისხმება, რომ მათ იმავე „შინაარსის“, მაგრამ „არაჯანსაღი“ გრძნობა გააჩნდათ), ხოლო ლირიკულობის “ალიბი“, აი, რა ყოფილა: „უპირველესად ის მებრძოლი და ახლის მშენებელია, ნამდვილი მებრძოლისთვის კი არაფერი ადამიანური უცხო არ არის“.

□ □ □

ბოლოს რაზეც ვისაუბრებთ – უფრო რთული ფენომენია. ალიო მირცხულავას აშკარად „სჭირდა“, ადლერის ტერმინოლოგიით, უპირატესობის კომპლექსი, რის გამოვლინებებსაც მის პოეზიაში ხშირად წააწყდებით: „მერრეხის“ პირველსავე ლექსში („ავტოპორტრეტი“): „მეც დამაცადეთ ამ გრიგალში ამ ზღვაზე გასვლა / და მაშინ ნახავთ: ვარ – თუ არა ლექსში გენია!“; ამ პერიოდშივე: „გულში ვნება ლივლივებს, / ვით ზღვა სისხლში იარა, / მამის დანაპირების / უბით დამაქვს მე სია. / რა ხანია ვატარებ / ხელზე ფიცის იარაღს, / ო, თავის თავს ვადარებ / შეუპოვარ მესიას!“ და მისთ. ამავე რიგში შეიძლება მოვიხსენიოთ მაშაშვილის ცნობილი მოკლე, არანარატიული, „პუბლიცისტური“ პოემა „მე და ბარათაშვილი“, რომელიც პირველად 1927 წელს გამოცემულ კრებულში გამოჩნდა, 1930 წელს კი ცოტათი განსხვავებული ვარიანტი ცალკე ბროშურადაც გამოიცა გრიფით „სასკოლო ბიბლიოთეკა – მეათე ჯგუფისთვის სახელმძღვანელოდ“ (ჰოდა, აუვარდებოდა თავში 27 წლის ბიჭს რაღაც-რაღაცები – აბა, რა იქნებოდა!). საერთოდ, ბარათაშვილის „მერანი“ მოსვენებას უკარგავდა მირცხულავას. აი, ციტირებები მისი სხვა ლექსებიდან: „შლიან მტკვრისპირზე გაწოლილ ბოგირებს / და ბარათაშვილის მერნების კვალს!“; „დარჩება ლექსი, როგორც მერანი, / ბრძოლის ველიდან გამოქცეული!“; „ამ უდაბნო მიდამოს, / ამ უკუნეთ ხეობას, / ვერ გაივლის „მერანი“ / და ვერც „ლურჯა ცხენები“ და სხვ. „რომანტიკოსი ბარათაშვილი“ პროლეტარი მწერლისათვის „სადავო“ პერსონაჟია…

გალაკტიონს ავტორი ცოტათი ინდობს, თუმცა, როგორც ბოლო ციტატიდანაც ჩანს, მის „ლურჯა ცხენებს“ „მერანივით“ დრომოჭმულად მიიჩნევს; ამის გარდა, მას ეჭვი ეპარება გალაკტიონის „რევოლუციურ გულწრფელობაში“: „გალაქტიონი თუმცა დაობლდა, / ბედის პირდაპირ მაინც დიდია (!) / … // მაგრამ ცრემლებით ცეცხლის გაზომვა / დღეს ცხოვრებაში ვის შეუძლია / და როგორც ბებერს ახალგაზრდობა – / ბევრს არ შეჰშვენის რევოლუცია!“ არც მოგვიანებით ანებებს თავს გალაკტიონს: „რა მოგივიდა? ჰგავხარ დასეტყვილს, / სამწუხაროა, თანაც საბრალო, / გესროლე, მოგხვდა? ახლა რას მეტყვი / შენ პოეტების „მთავასარდალო“? / ვიცი, რომ ნაცვლად ტემპერამენტის / ჟრუანტელივით მოგდევს მირაჟი, / ჩააწყვე რიგში ლექსი ცამეტი / ერთჯერ თუ გინდა მოხვდეს მიზანში!“; მიუხედავად ამისა, მირცხულავას პოეზიაში იკითხება გალაკტიონისადმი დიდი პატივისცემაც; მირცხულავას, ეტყობა, მხოლოდ გალაკტიონი მიაჩნდა პაექრობის ღირსად (ამას ადასტურებს ანეკდოტური ამბავიც, აი, ამ სტრიქონის შესახებ, რომელსაც მირცხულავას მიაწერენ: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი  – მე ვარ და გალაკტიონი“ – იხ. ინტერნეტში); ბოლოს ის მშვენიერ, ტკივილიან ლექსსაც უძღვნის გალაკტიონს, სადაც ერთგვარი ბრალეულობის განცდაც გამოსჭვივის: „წახველი… სადაც უფაქიზესი / ცის ლაჟვარდი და მწვანე ნისლია, / მაინც რა იყო ამის მიზეზი? / ვით ქვეყნის ახსნა, არ შემიძლია!“.

ტერენტი გრანელის შესახებ: „გულ-ამოსკვნილად სტირის გრანელი, / ჩვენში მეორედ მოსული ქრისტე, / უშნო, უღონო, დაუბანელი / მათხოვარივით საფლავებს მისდევს!“ (ამის პასუხად გრანელს დაუწერია: „როს პოეზია მოიკრებს ძალას, / შთამომავლობა რამდენს იცინებს, / როცა დახედავს ეულის კალამს / და მაშაშვილის ლექსის წიწილებს“. – ციტ. ლერი ალიმონაკის მიხედვით – მისი წიგნიდან „გრანელის ლანდი“, „ინტელექტი“, 2012. ამ წიგნში ასეთ მოგონებასაც იპოვით: „ალიო მირცხულავა უაღრესად წრფელი, მართალი ადამიანი იყო. ის კეთილი განწყობით მომითხრობს ტერენტი გრანელზე, ვისთანაც ერთ ხანს ბინაშიც კი უცხოვრია (1921-1922 წლებში)… იგი აღიარებს ტერენტის პოეტურ ტალანტს, მაგრამ ხაზს უსვამს მისი იდეური პოზიციის უნიადაგობას, მის ახირებულ ხასიათს. სხვათა შორის, გულწრფელად ამბობს: ტერენტი ჩემი დაუძინებელი მტერი იყოო“).

პოემის შემდეგი სამიზნეებია – გრიშაშვილი, აბაშელი, ცისფერყანწელები და სხვ. მერე კი მიდის და მიდის: „ოი, უშველეთ ამდენ პოეტებს / სნეულებს იჭვით და უნიჭობით! // მე? მაშაშვილი? ჰქუხს და გუგუნებს (!) / ახალ ცხოვრების ტალღას მოვყვები, / ლექსებს ვუმღერი ამ საუკუნეს / და ლექსებშივე სდგას ოქტომბერი! // მე დავიბადე ქარში, თარეშით, / ცხოვრებას ბრძოლა ურგუნებია / და გლობუსებათ გაშლილ თვალებში / ზღვა ვულკანების კუნძულებია!“ და ა.შ. მერე ისევ ბარათაშვილს უბრუნდება: „შენი მერანი? (…) ტფილისში დღეს რომ გაუშვა / სადმე პროსპექტზე კისერს მოიტეხს!“. შემდეგ თითქოს მოიბოდიშებს: „გთხოვთ, უზრდელობათ არ ჩამითვალოთ / ჩემი ასეთი შენთან მოქცევა“… თუმცა უცებ – „რა ვუყოთ? ქვეყნად ქრება უკვალოდ / ბევრი სახელი და გაოცება! // შენ გიხაროდეს რომ დღემდე გიცავთ, და მომავალში თუ მოგერიეს: / განახლებული ტფილისის მიწა / ზრდის უფრო დიდს და უკვდავ გენიებს!“  – ანუ მე შენზე მეტად გენიალური გავხდებიო. და ბოლოს ალტერნატივად: „მირბის, მიმაფრენს რკინის მერანი / და რკინის კვალებს თვლის მატიანე!“

კოლეგებზე თავდასხმებისა და „ინდივიდუალიზმის“ გამო მაშაშვილს სასტიკად აკრიტიკებდა კიდევ ერთი პროლეტარული კრიტიკოსი ბენიტო ბუაჩიძე; ის განსაკუთრებით თავგამოდებით იცავდა გალაკტიონსა და სიმონ ჩიქოვანს: პროლეტარული ლიტერატურა მაშაშვილით არ იწყება და არ მთავრდებაო, ის გადაჭარბებულად აფასებს პოეზიის „ინდუსტრიულ მნიშვნელობასო“ და საერთოდ, მაშაშვილმა უკეთ უნდა შეისწავლოს დიალექტიკური მატერიალიზმის საფუძვლებიო. მოგვიანებით, მირცხულავას ადრეული პერიოდის შესახებ უფრო რბილი კრიტიკა გაისმა ვიქტორ გოლცევის მხრიდანაც: გოლცევი არსებითად იმეორებს ბენიტო ბუაჩიძის აზრებს, თუმცა – ჭარბი იდეოლოგიზირების გარეშე, ამასთან, ის აღნიშნავს იმასაც, რომ მირცხულავას არ (ან არასწორად) ესმოდა ბარათაშვილის მნიშვნელობა. თუმცა ბუაჩიძეც და გოლცევიც „მე და ბარათაშვილს“ ძლიერ ნაწარმოებად, 20-იანი წლების მეტად საინტერესო ლიტერატურულ დოკუმენტად მიიჩნევენ.

მე კი, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, იმის „საფუძვლიანი ეჭვი“ მიჩნდება, რომ ალიო მირცხულავას მსოფლაღქმამ თავის დროზე ნიცშეს „ზარატუსტრას“ ძლიერი ზეგავლენაც განიცადა, რაც მისი „ფუტურისტული გადახრების“ გათვალისწინებით არც არის გასაკვირი: ნიცშე ხომ ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი “წყაროა“… და, ალბათ, ამ მინიშნებით დავკმაყოფილდებოდით, ასეთი გამოვლინებები პოეტის ახალგაზრდობაში რომ „დარჩენილიყო“… მაგრამ ასე არ მოხდა – მას ეს მანია ბოლომდე გაჰყვა: „ცა მშობლიური ავსწიე ზურგით, / ქვეყნებს ვუსწორებ თვალს ამაყურად, / ტანთ „ვეფხისტყავის“ მაცვია ქურქი, / თავზე რუსთველის ქუდი მახურავს.“; ან – ლექსიდან „უგვირგვინო მეფე“ (1967 წ.): „დგას უგვირგვინო პოეტი მეფე, / აზრთამპყრობელი, ლექსის გენია, / ერთად შეყრილი ყორნები ჰყეფენ, / შურისგან ვეღარ მოულხენიათ.“ და მრავალი მისთ.

და, ჩემი აზრით, ეს ყოველივე მჭიდროდაა დაკავშირებული თავში აღნიშნულ მითოლოგიზირებისადმი მიდრეკილებასთან. თანდათან მოხდა კომუნიზმის იდეის საკრალიზაციაც, კომუნიზმის – როგორც საბოლოო, უალტერნატივო მიზნის, ამქვეყნიური სამოთხის, ისტორიის დასასრულისა! ხოლო თვით ეს „მითისქმნის ჟინი“, ვფიქრობ, იმითაცაა დეტერმინირებული, რომ ზარატუსტრაზე გაცილებით უფრო ადრე პოეტის ფსიქიკაში სხვა მითოლოგიური ხატი ჩაიბეჭდა: ისევ და ისევ ზეკაცობის ფსიქოლოგიურ-ქცევითი შრის შემცველი – ამირანი = პრომეთე (ამირანი-პრომეთეს მიმართების შესახებ იხ. ზურაბ კიკნაძის „ქართული ხალხური ეპოსი”). ჩემი წაკითხვით, მირცხულავა აშკარად იყო შეპყრობილი პრომეთეს კომპლექსით და სწორედ ამის ერთ-ერთ მთავარ გამოვლინებას წარმოადგენდა უპირატესობის კომლექსი თუ განდიდების მანია. საიდან ასეთი ვარაუდი? ლევ ვიგოტსკი თავის წიგნში „ხელოვნების ფსიქოლოგია“ წერდა: „ობიექტური ფაქტი, სადაც არაცნობიერი ყველაზე აშკარად ვლინდება, თვით ხელოვნების ნაწარმოებებია”. ჰოდა, თუკი თვალს გადავავლებთ მირცხულავას პოეზიას პრომეთე/ამირანი პირველსავე ლექსებში ილანდება („მე ახლა ტფილისში მზესავით დავენთე, / მზერაინდ ამირანს ვადარებ თავს“) და თანდათან მისი პოეზიის უმთავრესი პერსონაჟი ხდება – ის უშუალოდ, ასოციაციურად თუ ალუზიურად მონაწილეობს მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში (ცეცხლი, ცეცხლის ალი, ცეცხლის მოტაცება, ცეცხლის რაშები, ცეცხლიანი ფრთები, მივფრინავ ეტლით, ჩემი გზა იყო მზისკენ ნახტომი, ცეცხლი ვთესე და მისთ.; ამ კონტექსტში პოეტის სახელის „ფორმაც” კი – „ალიო” – შესაძლოა, ნიშნეულად მოგვეჩვენოს). მეტსაც ვიტყოდი: პოეტი საბოლოოდ აიგივებს თავის თავს პრომეთესთან – მის ერთ-ერთ უკანასკნელ ლექსს სწორედ „პრომეთე“ ჰქვია…

„პრომეთეს კომპლექსი“ ბევრ ნაშრომშია გაანალიზებული. მაგალითად, გასტონ ბაშლიარი წერდა, რომ პრომეთეს კომპლექსი ეს არის გონების ოიდიპოსის კომპლექსი. არსებობს სხვა ასპექტები და ინტერპრეტაციებიც. მოკლედ: ამ კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მან „ჭკუით აჯობა“ ღმერთს, მამას, წინაპარს, მან შეიძინა ისეთი ღვთიური ცოდნა, რაც ღმერთს, მამას არ/აღარ გააჩნია და ახლა მისი ვალია, გაუნაწილოს, გადასცეს ეს ღვთაებრივი ცოდნა ხალხს – გინდაც ამ საკრალური მისიის აღსრულება ჯოჯოხეთურ წამებად დაუჯდეს მას (= გმირს)… მირცხულავას ტექსტებში აქცენტი მითის ორ ცნობილ ეპიზოდზეა გამახვილებული: ღმერთთან ბრძოლაზე და ხალხისათვის ცეცხლის გადაცემაზე; და ეს მთლიანად ეწერებოდა ბოლშევიზმის „მატრიცაში“: ღმერთთან ბრძოლა – ათეიზმი; ცეცხლის ხალხისთვის გადაცემა – რევოლუციური ცეცხლის გაჩაღება, „ბნელი ხალხის“ კომუნისტური ცოდნით შეიარაღება; ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა კომპლექსსა და ცხოვრებისეულ idée fixe-ს შორის თანხვედრაა – ისინი „ენერგიით კვებავენ“, განამტკიცებენ ურთიერთს…

□ □ □

თანხვედრაა… მაგრამ მაინც არსებობს ერთი დისჰარმონიული ნიუანსი… ადლერი წერს, რომ განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს იზოლირების განცდა აწუხებთ. მირცხულავა, ერთი შეხედვით, სოციუმში მთლიანად ინტეგრირებული პიროვნება იყო, მაგრამ – როგორც ჩანს – მასაც სტანჯავდა ასეთი შეგრძნება… და ამ პლასტს „აკოდირებს“ პრომეთეს მითის კიდევ ერთი – შესაბამისი – შრე: მისი „ექსკლუზიური“ სასჯელი… პრომეთეს სიმარტოვესა და ტანჯვაზე მინიშნებები მირცხულავას ადრეულ პერიოდშიც შესამჩნევია, თუმცა ამან უფრო აშკარად იჩინა თავი მოგვიანებით, მაგალითად, 1945 წლით დათარიღებულ ერთ – ამ დროისთვის უცნაურ – ლექსში სახელად „მზის ამბორი“: „შველას ვერ მოვთხოვ ყრმობას შორეულს, / მორევში დგას და… ბორგავს სიცივით, / გაუმიჯნურდა თავის ორეულს, / ადრე გადაჰყვა წყალს ნარცისივით (ნ.ზ.: ისე, რაღაც ნარცისულიც უნდა იყოს პრომეთეს კომპლექსში) // ამ წვას, ამ გვემას, თავზარდაცემას / ჯვარცმა მერჩია მე ათასწილად, / შემინდე! ცეცხლის მოტაცებისთვის / ასე უღმერთოდ კაცი დასჯილა?” ამ პერიოდში რაღაც უსიამოვნო ხდება პოეტის ცხოვრებაში – ლექსში „გამოთხოვება ფსევდონიმთან“ (1947 წ.) ვკითხულობთ: „ჩანგის ღუღუნი აწ ვეღარ მათრობს, / არც „მეს“, არც ვინმეს ვეალერსები, / ჩაჭედილი ვარ ფრჩხილებში მარტოდ / და ჯადოქარი მებრძვის ლექსებით. // მე, კალმის მოსმით და გულის ცემით, / ქვეყნის ყამირი გადავაშავე, / სხვამ მიითვისა ნაყოფი ჩემი, / მითხარ, ალიო, რა დავაშავე?“. წამების მოტივი სხვა ლექსებშიც გაისმის: „დრო მზესაც დახრის მოვა ჩემი შემოღამებაც, / მარად ინათებს და იცოცხლებს წუთისოფელი… / ყოვლად ძლიერო! მანუგეშე, მეყო წამება, / როგორ შევიცნო ეს სამყარო შეუცნობელი?“ (1967 წ.; აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ – რაგინდ პარადოქსულიც უნდა იყოს – ქრისტიანული ლექსიკის ნებსითი თუ უნებლიე „გამოვლინებები“ თავიდან ბოლომდე გასდევს მირცხულავას შემოქმედებას). ასეთი განწყობილება სულაც არ გაგვაკვირვებდა, ბოლშევიკ პოეტზე რომ არ ვსაუბრობდეთ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ არც ალიო მირცხულავას ასცდებოდა „წამება“ – მასაც უთუოდ მოუწევდა ფიზიკური გადარჩენისათვის „ბეწვის ხიდზე“ სიარული: რეჟიმი ხომ თავის მსახურებსაც არ ინდობდა. გარდა ამისა, როგორც ზემოთაც მივანიშნეთ, სტალინის „კვარცხლბეკიდან ჩამოგდებას“ არ შეიძლება, არ ემოქმედა მგზნებარე სტალინისტ მირცხულავას არა მხოლოდ განწყობილებაზე, არამედ, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ მდგომარეობაზეც. აი, კიდევ რას იხსენებს ლერი ალიმონაკი: „ალიო მირცხულავა თავისი ბინის ფანჯრიდან… მოწყენილი გაჰყურებს მთაწმინდას, რაღაცნაირი უკმაყოფილო კილო აქვს… აღარ მახსოვს, რაზეა უკმაყოფილო – ზოგადად ცხოვრებით თუ იმ დაუფასებლობით, რომელსაც უკანასკნელ წლებში გულის კუნჭულში გრძნობდა პოემა „მე და ბარათაშვილის“ ავტორი. ეს გახლავთ სამოციანი წლების მიწურული…, ის პერიოდი, როცა წყალი შეუდგა ძველ იდეოლოგიურ და მხატვრულ ღირებულებებს“.

და სულ ბოლოს, მირცხულავას ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსიდან „პრომეთე“ – უკომენტაროდ: „ყოვლად ძლიერო! რად გამწირე, რად დამაქციე? / კერპი ვიყავი, ქვეყნის მონად გადამაქციე // ღმერთიც ვიყავი და ტიტანიც, ბრძენიც, პოეტიც, / ტირანს ვებრძოდი, / მე დავამხე უდაბნოეთი // ცეცხლი მოგტაცე და ვიხსენი ხალხი ტანჯული, / ელვით და მეხით მრისხანებდი მკაცრი მსაჯული // … // თვალში ყორნების მწუხრი მიდგას, მტკივა სხეული / ბჟუტავს ბორკილი – ვარსვლავებად მიმომსხვრეული. // ცეცხლი მწვავს… როგორ ავიტანო წვა უფრო მეტი, / თავისუფლების უკვდავ ბედზე ვწუხვარ პრომეთე. // წლები გასულან, გაივლიან საუკუნენი, / აღარ თავდება ჩემი ტანჯვა განუკურნელი. // მიწისძვრა იყო გულისცემა და მიძგერია, / მე მოსვენება და სიკვდილი არ მიწერია. // მუხლი მომეჭრა, მაწვიმს, მათოვს და მკერდს მისველებს, / მხრებით ვეწევი ამ ქვეყანას, / ღმერთო, მიშველე!“ (1970 წ.).

ალიო მირცხულავა 1971 წელს საქართველოს ტელევიზიაში პოეზიის საღამოს ჩაწერისას გარდაიცვალა…

 

□ □ □

 

ასეა თუ ისე, ერთია ცხადი: პოეტმა, არსებითად, საკუთარი ნებით ჩააწვინა თავისი ნიჭი, თავისი შემოქმედება იდეოლოგიურ-მითოლოგიზირებულ „პროკრუსტეს საწოლში“ – მკაცრი ზღვარი დაუწესა წარმოსახვასა და გონს, შემოფარგლა, შეზღუდა შემოქმედებითი აღქმის თუ ინტერესის არე, რამაც თანდათან გაამარტივა, გააერთფეროვნა, გააუფერულა ალიო მირცხულავას პოეზია; და ეს ერთ-ერთი ტრაგიკული, მაგრამ ტიპობრივი მაგალითია პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კერპს შეწირული ნიჭისა.

მიუხედავად ამისა, პოეტმა არაერთი საინტერესო, ორიგინალური, თავისი დროისათვის ინოვაციური ნაწარმოები დატოვა. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, თუკი დღევანდელი მკითხველი გაიცნობს „სხვა ალიო მირცხულავას“, განსაკუთრებით მისი ავანგარდისტული პერიოდის ნაწარმოებებს; მგონია, დადგა დრო ბუმერანგი-მაშაშვილი-მირცხულავას ლექსების ახალი თუ ახლებური წიგნის გამოცემისა…

© “არილი

Facebook Comments Box