მედუზა–გორგონა
როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ მოგატყუე
ხდება, ყოველდღე ხდება
ხიდები,ხედები…
რადგან სიყვარულს დავმორჩილდი
დავდივარ , ვისთვის – თავმოჭრილი
ვისთვის კი სარკე – შეხედვისას
ქვავდები,
ხევდები.
როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან
ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი
ჩემს სახელს,
(სახელს თავმოჭრილის)
ატარებს ფარად…
თუ ქვას მესვრიან
იბრუნებენ პასუხს ქვებითვე…
რომ გითხარი, არაფერი ხდება–მეთქი, უბრალოდ მოგატყუე,
არაფერიც კი აღარ ხდება, ვსუნთქავ, ვარსებობ,
გული – მხუთავი სიმსივნეა მკერდში, ძუძუსთან,
მელოდიები ამოვჭერი, მუსიკის ავი თვისებები, მეტასტაზები,
რომელთაც მოაქვთ დაკარგული დღეების ხმები
გული – ქრისტესისხლას ბუჩქია,
ხმება.
ეჰ, ღირდეს მაინც – ღამით კისერს ჰკიდია ბეწვით
თავი – დილით კი მორჩენილი ჭრილობა მეწვის,
მერე, თავიდან…
მრავალძარღვა
ნეტავ რომელი მრავალძარღვა შემიხორცებდა
თვალებს. სისხამზე
განთიადის ტყეში მოვკრეფდი,
გეიზერები პირს შეკრავდნენ,
გაიშლებოდნენ მკერდის კოკრები.
თვალის სიღრმეებს ვიღაც ცვილით ამოავსებდა,
და მცირე კვალი – თითქოს ფრჩხილით მონიშნეს ფრთხილად –
ეს დარჩებოდა თვალებიდან,
რომელთაც სურდათ
მიწას მღილივით შესეული ნამის მოხილვა.
ცხვირიდან წამომსკდარ
ალისფერ გირლიანდებს
გადამსკდარ მუხლებზე
– ყვავილებს ძოწისფერს –
ნეტავ რომელი მრავალძარღვის წვენი, მოცისფრო…
იმას, რაც არასდროს არ მასვენებს,
კლდეებს გამოვტეხო ალმასები,
რომელი სკალპელი, ალესილი..
სხვის მოჭრიატე სინათლეებს – ხალიბთა რკინას,
(რაც სულ მტკიოდა, სულ მეწვოდა და სულ ვიტანდი)
მოვიშორებდი,
და სხეულის მყუდრო კელიას
გავინათებდი საკუთარი ლაზურიტებით…
და ამ სიჩუმეს და სიგრილეს – უძველეს კედლებს,
რომელსაც ეჭვის ღამურებიც აღარ კაწრავენ,
ყველა სიტყვის და ყველა ლექსის
მარაგს – საძვალეს,
დავიწყების რომ დავადე ლოდი,
როგორც სამოთხის ბაღებს გველი –
ან იქნებ სიო,
შეარხევდა სხვა მელოდია,
სულ სხვა, უცნობი მელოდია…..
ნეტავ რომელი მრავალძარღვა….
კავშირი
ხმაში თაფლიანი იელი ჩამიხმა
ხორხში – იავნანის სურო,
მივდივარ და სიტყვებს მაყოლებ – “ჩემი ხარ”!
იცი, ვბრუნდებოდი სულ რომ.
ვუყურებ –
გადამფრენი – მეტობის ნიშნები – ჩიტები –
ბანალური ქარგა –
როდესაც მიდიხარ – სამშობლოს იტოვებ,
როდესაც ბრუნდები – კარგავ.
გავდივარ ცარიელი, უშენო სახლიდან…
გასვლისას ოქროს თევზებს ვაქრობ
ჭერზეც და ზღვის ფსკერზეც –
მბჟუტავს დავტოვებდი –
შენ დაბრუნდებოდე აქ რომ…
ბავშვი
ეს უცნაური სიყვარული როგორ უჩვენოდ,
როგორ თავისით
ამჩნევს ხეებს ჭდეებს, სახელებს,
თითქოს სანთელი ჩამიწვეთეს გახელილ თვალში
ისე მწველია დილის სხივი
თვალის გახელის
სწორედ ამიტომ მეშინია,
და ვცხოვრობთ ბინდში
დილით ყავის ან საღამოთი ცხელი ჩაის სმით
და გვიკვირს,
როგორ გაიზარდა ნეტავ ამხელა
ეს უცნაური სიყვარული,
ისე, თავისით.
მერამდენეღაცა იავნანა შვილს
გიყურებ, ვითვლი
ღიმილის მარცვლებს,
ფრთხილად გითესავ ლოყის ღრმულებში
ამ სიხარულის კრატერებში.
მე უფრო მეტი მმართებს შენი
ვიდრე – შენ – ჩემი –
იმ ცხრა თვისათვის,
ამ წიაღით რომ გატარებდი.
სხივი – პეპლების მცირე გუნდი
ტაშის შემოკვრით დავიჭირე
ხელისგულებში მოვისრისე.
ბედნიერება აქვე არის
გაერთიანდა ყველა სიტყვა,
ყველა ნაწილი ოსირისის.
ხელისგულების ყვავილები,
კანის უტკბესი ბუტკოები
დილის სხივებზე გეხსნებიან.
გულიდან ტვირთად მეხსნებიან
ბორკილებივით მეხსნებიან
არდაწერილი ლექსები.
© “არილი”