სემუელ ბეკეტი, მოლოი (რომანი). ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ. თბ. „დიოგენე“, 2014.
ადამიანი სოციალური ცხოველია – როგორ არ მიყვარს ეს მოცემულობა, თუმცა რა გინდა რომ გააწყო. ადამიანები იბადებიან კონკრეტულ გარემოში, კონკრეტული ბექგრაუნდით. მათი ცხოვრების ფურცელი წინასწარ გაწერილია და შევსებულია. დიახ, იქ ყველაფერია უკვე, ადამიანს ისღა დარჩენია, თითი მიაყოლოს ნაწერს და ჩუმად იდუდღუნოს ტექსტი, რომ რამე არ გამორჩეს. ჰო, მასეა – ორ წელიწადში ექიმის ლიცენზიას ვიღებ, ამასობაში ოჯახიც უნდა შევქმნა, შუალედში გერმანიაში ვაპირებთ მინიმუმ ექვსი თვით წასვლას, სასწავლებლად, ცხადია, მერე იქნება იპოთეკა გავაკ… ეს ჩემი ფურცელია, რომელსაც ბეჯითად ვასრულებ. ეს მართლაც ასე მოხდება და მე მართლა ბედნიერი ვიქნები, რა საშინელებაა ამის გაანალიზება, თუმცა დიდად არ ვნაღვლობ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ მარტო მე როდი ვარ ასე – ჩვენ, დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, სოციალური ცხოველები, ამგვარად ვცხოვრობთ! ჩვენ ვიბადებით ჩვენი გამზადებული და წინასწარ გაწერილი ცხოვრებით, სავსე ფურცლებით და ჩვენი არსებობის არსი გახლავთ ამ ნაწერის შესრულება, მეტი არაფერი. რაც უფრო იდეალურად შევასრულებთ, მით უფრო კარგ სახელს დავტოვებთ და კმაყოფილები მოვკვდებით.
ექიმის ლიცენზია იქით იყოს და რა წერია იმ ფურცელში სხვა? ძირითადად საზოგადოების ყველაზე დამთრგუნველი საკითხებია ჩაწერილი შიგ. ერთგვარი სტანდარტული, შაბლონური ტექსტია, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: „ცოლად ქალიშვილი გინდოდეს. ენა, მამული, სარწმუნოება. ხინკალზე ისმევა არაყი“ და ა.შ. ეს არის ერთგვარი ჭეშმარიტებების, სიბრძნეებისა და მაქსიმების კრებული, რომელიც იძულებულები ვართ რომ ვატაროთ და გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ ამ კონკრეტული სოციუმის წევრებად გავჩნდით. რაც უფრო კონსერვატიული ღირებულებების მატარებელია სოციუმი (ვთქვათ ისეთი, როგორიც ბეკეტის ირლანდია იყო ან დღევანდელი საქართველოა), მით უფრო მეტად დახუნძლულია ეს ფურცელი ჭეშმარიტებებით, გეგმებით, ნორმატივებით… და პირიქით, რაც უფრო ცარიელია ფურცელი, მით უფრო თავისუფალია კონკრეტული ადამიანი და მით ნაკლებადაა სოციალური ცხოველი. სრულიად თავისუფალი ფურცელი არავის აქვს დედამიწის ზურგზე, სამწუხაროდ. სხვა თუ არაფერი, ჩვენ მაინც ვავსებთ მას წინდაწინ (ჩემი ლიცენზიისა არ იყოს) და საკუთარ თავს მაინც ვუწესებთ რაღაც ჩარჩოებსა და მოქმედების არეალს.
ამ წერილში მინდა გესაუბროთ ადამიანებზე, რომლებსაც აბსოლუტურად ცარიელი ფურცლები აქვთ. უფრო სწორი ვიქნები რომ ვთქვა – ვისაუბროთ ანტიადამიანებზე, ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, ამ თავისუფლების გზაზე და დიდი უარყოფებისა და ეჭვების წიგნზე, რომელსაც ჰქვია „მოლოი“ და დაწერა სემუელ ბეკეტმა. წიგნის ქართული მშვენიერი თარგმანი კი გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“ 2014 წელს. მორჩა, მსგავსი აუცილებლობებით თავს აღარ შეგაწყენთ, საქმეზე გადავიდეთ.
წიგნი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში მოლოის ისტორიაა მოთხრობილი, ერთი უცნაური ადამიანის, რომელსაც არაფერი ახსოვს, არაფერი იცის, არაჯანმრთელად გამოიყურება, ძლივს გადაადგილდება გაშეშებული ფეხებით და ველოსიპედით. მოლოის აკვიატებული აქვს რომ დედასთან უნდა მივიდეს, თუმცა დედის სახელიც არ იცის წესიერად და, რატომ უნდა მივიდეს მასთან ხომ საერთოდ არა და არ იცის. ამ ნაწილში მოლოი პირველ პირში ყვება თავის მოსაზრებებს უამრავ საკითხთან დაკავშირებით და თან მკითხველი გებულობს მისი თავგადასავლისა და მოგზაურობის შესახებ. მეორე ნაწილში სხვა პერსონაჟები არიან – მამა-შვილი მორანები. ჟაკ მორანი აგენტია, რომელსაც დაავალებენ მოლოის მოძებნას. რატომ – კაცმა არ იცის. მამა-შვილი მიემართება მოლოის მოსაძებნად. ეს ნაწილიც პირველ პირშია მოთხრობილი ჟაკ მორანის მიერ და საკმაოდ დინამიურადაა აღწერილი მისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები და მათი თავგადასავლები.
როცა იცი – რატომ, ყველაფერი უფრო ადვილია, მაგრამ როცა არ იცი – რატომ? მოლოიმ არაფერი იცის. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დედა, რომელთანაც უნდა მივიდეს. ფრაზა „დედის მოსანახულებლად მისვლა“ ჩვენი მზამზარეული კლიშეებითა და სტერეოტიპებით რამდენიმე შაბლონს აღგვიძრავს გონებაში – ავადაა დედა და უნდა მოინახულოს, უბრალოდ უნდა ნახოს მონატრების გამო, ოჯახური შეკრებაა და მიდის, კვდება და უკანასკნელად უნდა ნახოს და ა.შ. ყველა ეს სურათ-ხატი ასოცირდება კეთილ და ყურადღებიან შვილთან, რომელიც მიდის ასევე კეთილ დედასთან, რომელსაც ან უჭირს, ან არ უჭირს. რა ხდება მოლოის შემთხვევაში? არც არაფერი. მას დედა არ უყვარს. არავინ უყვარს და ზოგადად მოლოისა და სიყვარულზე ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ დედა განსაკუთრებით არ უყვარს. ამცირებს მას, შეურაცხყოფს, მაგრამ ის რაც ჩვენთვის დამცირება და შეურაცხყოფაა, მოლოისთვის შეიძლება არაფერი იყოს. მოლოი აბსოლუტურად სტერილურია დედის მიმართ, პრინციპში ისევე, როგორც სხვა ყველაფრის მიმართ. ყველაზე მთავარი და პარადოქსული – მას ისიც კი არ ახსოვს სად ცხოვრობს დედამისი და უფრო მეტიც, დედა ვინაა ზუსტად, ეგეც კი არ იცის. ჩნდება კითხვა – რატომ მიდის აბა დედასთან? თან წიგნის მთელი პირველი ნაწილი მოლოის გზაზეა აგებული. ჩემი აზრით, ეს არის საკვანძო საკითხი ამ ნაწარმოებში და ვეცდები გასაგებად გამოვხატო.
მოლოი არის მექანიკური არსებისა და თავისუფალი ადამიანის იდეალური ნარევი. მისი მექანიკურობა გამოიხატება იმაში, რომ იცის „უნდა“ წავიდეს დედისკენ. ინსტინქტები ექაჩებიან უფრო ან ბიოლოგიური სხვა რამ წეს-კანონები, ნაკლებად სავარაუდოა „დედა“ სოციალური მნიშვნელობის იპოსტასით იყოს მოლოისთვის მნიშვნელოვანი პერსონა. დედა, როგორც ბიოლოგიური არსება – კი ბატონო. არსება, რომელთანაც ნებისმიერს აქვს მიჯაჭვულობა საკუთარი ნების მიუხედავად. მოლოიმაც კი იცის, რომ სადღაც ვიღაც „დედად“ წოდებული არსებობს და უნდა მივიდეს მასთან. მეტი არაფერი აინტერესებს. არც იცის რატომ უნდა ქნას ეს, უბრალოდ მოქმედებს. სწორედ ეს „უბრალოდ მოქმედება“ მესახება მექანიკურობისა და მაქსიმალური თავისუფლების ნაზავად. კითხვას „რატომ“ თუ უპასუხებს, აუცილებლად გაავსებს ფურცელს, რომელიც ცარიელი აქვს და დაკარგავს მაქსიმალურ თავისუფლებას, რომელსაც პრინციპში, ვერც აანალიზებს დიდად.
მოლოი ანტიადამიანია თავისი უარყოფებით, ზოგადად ცხოვრებითა და ფიზიკური მახასიათებლებითაც კი. ვერ გადაადგილება, ზოგჯერ დაცოცავს და დახოხავს კიდეც, ასოციალურია, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, რომელიც შეიძლება ორფეხა და ორხელა ადამიანებმა შევქმნათ.
არის თუ არა მოლოი ტრაგიკული? იმდენად, რამდენადაც მკვლევარი შეიძლება იყოს ტრაგიკული – კი, სხვა მხრივ – არა. მოლოი მკვლევარია. იგი იძენს ემპირიულ გამოცდილებას, აკვირდება საკუთარ თავს, გარემოს, აკეთებს დასკვნებს, რომლებიც არის აბსოლუტურად არაორდინარული და ორიგინალური. იგი არ განიცდის არავის ზეგავლენას. ცდილობს თავადვე დაწეროს ის ცარიელი ფურცელი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. მოლოი ალბათ ადამიანური არსის თუ რაღაც ამგვარი მაღალფარდოვანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლევარია ლიტერატურის ისტორიაში. ის იკვლევს სიყვარულს, იკვლევს ეჭვებს, იკვლევს დედას, საყვარელს და ა.შ. მისთვის ცხოვრება ერთი დიდი უცნობი ტერიტორიაა. ერთგან ამბობს, რომ ორი ბრიყვი სახლობსო ჩემში, ერთი ნაცნობ ადგილას დარჩენისკენ მექაჩება სულ და მეორეს ჰგონია, რომ შორს ცხოვრება უფრო ნაკლებად საზარელი შეიძლება აღმოჩნდესო, ეშინია განადგურების. არ უნდა ფიზიკური არსებობის შეწყვეტა. ეძებს უსაფრთხო ტერიტორიას და გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტერიტორიის პოვნა შეუძლებელია – დიახ, მოლოი უბედური და ტრაგიკულია.
მოლოის, როგორც ყველაზე დიდი ლიტერატურული უარყოფის დამადასტურებელ არგუმენტად ორ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ერთი ის, რომ მოლოი ადამიანებისგან განსხვავებით პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის ფიზიკური არსებობაა მნიშვნელოვანი და არა მეტაფიზიკური. არადა, ჩვენ ხომ გვიყვარს ათას ერთი მიზეზის ჩამოთვლა, როდესაც ცხოვრებას სიკვდილი სჯობს. გვიყვარს საკუთარი თავის ჰეროიზაცია და მარტვილობა და ფიზიკურ საბურველს დროებით მოვლენად აღვიქვამთ, რომელსაც არ ღირს ბოლომდე გადაჰყვე. მოლოი კი ნახეთ რას ამბობს: „რაც შემეხება მე, სიკვდილს ყოველთვის მონობა მერჩია – მოკვდინებას ვგულისხმობ“. ეს არის ანტიადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები. ვერცერთი ადამიანი, სიკვდილის საფრთხის წინაშე დამდგარიც კი, ვერ გაბედავს ხმამაღლა თქმას, რომ მონობა ურჩევნია. ამის დაშვებამაც კი შეიძლება შეზაროს. პარადოქსია, მაგრამ ეს ანტიადამიანი მოლოი, რომელსაც მონობა ურჩევნია სიკვდილს, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ლიტერატურული გმირია ამავდროულად, რადგან აბსოლუტურად სტერილურია საზოგადოებისგან და მათი აზრებისგან. აქვს მხოლოდ პირადი, ემპირიული გამოცდილება და მეტი არაფერი. ეს კი თავისუფლებაა ცალსახად. ასე მაგალითად, ის თვითონვე ცდილობს მიხვდეს რა არის სიყვარული. სხვა ადამიანების მზამზარეულ ბრძნულ მაქსიმებს და გამოცდილებებს არ იცნობს და არც ცნობს, თავად იკვლევს და მიდის საკმაოდ უცნაურ, გამაღიზიანებელ, ეპატაჟურ და ანტიადამიანურ დასკვნამდეც ბოლოს: „ასე მგონია, ჩემთვის უფრო უპრიანი ნაკლები ზომის, ნაკლებად გამომშრალი ხვრელი იქნებოდა; მაშინ სიყვარულზე, ალბათ, მაინც უკეთესი წარმოდგენა შემექმნებოდა. რას ვიზამთ, ამასთან შედარებით, თვითმომსახურება მართლა სამოთხე იქნებოდა. მაგრამ ეჭვი არაა, სიყვარული ამ ქვენა მოთხოვნებზე მაღლა დგას: აქ საქმე ის კი არაა, რამდენად უკეთ ახერხებ, მთავარია, შენი გავეშებული ასო თავშესაფარს დაეძებდეს, სველ, წებოვან გარსს პოულობდეს სახახუნოდ და წინააღმდეგობას თუ არ წააწყდება, უკან კი არ იხევდეს, უფრო და უფრო სივდებოდეს; მაშინ, ეჭვი არაა, ჭეშმარიტი სიყვარული ბევრად აღემატება მკვრივსა თუ მობოშებულ სამყოფელში რაღაცის ძებნას, ამ ყველაფერზე მაღლდება და სულ მაღლა–მაღლა იწყებს ფრენას“.
მოლოიზე უსასრულოდაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ გამომდინარე იქიდან, რომ საწყისი და სასრული ამ პერსონაჟს მაინც არა აქვს, მაგრამ, ცხადია, უსასრულოდ არ ვილაპარაკებთ, რადგან წიგნის მეორე ნაწილი მამა-შვილის გზას ეძღვნება. ვინ არიან მორანები და რა შუაში არიან ისინი ამ ამბავთან?
მოლოისა არ იყოს, ჟაკ მორანიც დიდი ეჭვიანი ვინმეა. ის ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე და იტანჯება ამით. თუმცა ისიცაა, რომ ალბათ ეჭვები აძლევენ საშუალებას თავი გამორჩეულ, მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს – ყველა მისი წინააღმდეგია, ის მარტოა თავის უარყოფაში. დიახ, ისიც დიდი უარმყოფელია მოლოივით, ერთგან პირდაპირაც ამბობს: „უცნაური ამბავია: არც ადამიანები მიყვარს, არც ცხოველები. რაც შეეხება ღმერთს, ნელ-ნელა მასზე გული მიცრუვდება“. საინტერესოა ჟაკი როგორ ახერხებს თავისი უარყოფების გზაზე ბოლომდე დგომას. საინტერესო იმიტომაა, რომ მოლოისგან განსხვავებით ჟაკს გამოკვეთილი სოციალური როლი და კონტექსტი აქვს, რაც დავალებებს ერთი-ორად ართულებს. მას აქვს პროფესია (აგენტია, თუმცა რა ფუნქციები აკისრია და რისი აგენტია, კაცმა არ იცის, მაგრამ ერთი შეხედვით რაღაც აზრი კი უნდა იდოს აგენტობაში), ჰყავს ოჯახი (შვილი, რომელიც ასევე აგენტია და რომელსაც უვლის), აქვს კონტაქტი ადამიანებთან და ა.შ. ასე რომ, ჟაკი მთლად ცარიელი ფურცელი არაა, რომელიც თავად უნდა შეავსოს. მას აქვს ათვლის წერტილი და კონკრეტული ფონი, მოლოისგან განსხვავებით. მას აქვს ცნობიერება, რაც მთავარია.
მიუხედავად ამისა, ჟაკიც ახერხებს შედგეს დიდი უარყოფების და კვლევების გზაზე. ის მიდის მოლოის საძებრად. თავად ამ დავალების უაზრობა და ამავდროულად მნიშვნელოვნება ამსგავსებს ერთმანეთს ჟაკსა და მოლოის. თუ მოლოის დედა „უნდა“ ენახა, ზუსტად ასევე ჟაკმა მოლოი „უნდა“ ნახოს. მოლოის თუ ბიოლოგია ექაჩებოდა ამ გზაზე, ჟაკს სოციალურ-სამსახურებრივი პასუხისმგებლობა ექაჩება (დავალება ხომ ზემოდან მიიღო), თუმცა არსი ერთი და იგივეა – სრული უაზრობა! ვერც ჟაკი ხვდება რატომ უნდა მოძებნოს მოლოი და ვერც მოლოი – რატომ უნდა მივიდეს დედასთან. გზაზე შედგომით ჟაკი იკვეთავს სოციუმს (მერე რა, რომ სოციუმის დავალებით შედგა ამ გზაზე) და რჩება მარტო. ბოლოს კი საერთოდაც, შვილსაც იკვეთავს და აბსოლუტურად მარტო რჩება. ჟაკს სიარულის უნარი ეკარგება ნელ-ნელა და ამითაც ემსგავსება ძებნილს. ჩამოყალიბებული ადამიანი ჟაკი, ნელ-ნელა იწყებს გაანტიადამიანებას, დეევოლუციას. მოლოის შემთხვევაში თუ პირდაპირ მოცემულობა იყო ამგვარი და ცარიელი ფურცლის კითხვა დავიწყეთ, ჟაკის შემთხვევაში შეგვიძლია ვადევნოთ თვალი გათავისუფლების, ანუ დეგრადაციის დიდებულ პროცესს. მისი შინაგანი ხმა ადრეც იყო დიდი უარმყოფელი, თუმცა გზაზე შედგომის მერე ეს საბოლოოდ გამომჟღავნდა, უსმინეთ: „ეგ იმიტომ, ხმა ჩემშია და მომიწოდებს, სამარადისოდ დავრჩე იმ საქმის ერთგულ მსახურად, რომელიც ჩემთვის უცხოა; მოთმინებით აღვასრულო ჩემი უბადრუკი დანიშნულება – საკუთარი ნებით, როგორც იმ დროს, როცა ნება ჯერ კიდევ გამაჩნდა; შევასრულო როლი, რომელიც, წესით, სხვებს უნდა შეესრულებინათ და ეს ყოველივე – საკუთარი უფროსისადმი სიძულვილით და მისი ზრახვების ზიზღით“. უარყოფების პიკს ჟაკი ნაწარმოების ფინალისკენ აღწევს, სადაც მისი წარმოთქმული ანტილოცვა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. სწორედ ამ აბზაცში იქნება გამოხატული ჟაკის საბოლოო დეგრადაციის, ყველაფრის წაშლის კონდიცია, წმინდა წერტილი, სადაც ის ხდება აბსოლუტურად თავისუფალი ყველანაირი უფროსებისგან, რელიგიისგან, სოციუმისგან და ა.შ. და რჩება მარტოკა წმინდა სიმარტოვეში. აი ლოცვაც: „მერე ვილოცე კიდეც: მამაო ჩვენო, რომელი აღარა ხარ არცა ცათა შინა, არცა მიწასა ზედა, და არცა სკნელთა შინა, არც მინდა და არც ვოცნებობ, წმინდა იყოს სახელი შენი, რომელმან უკეთ უწყი, რაი გსურს და ა.შ.“.
ჟაკი და მოლოი მიზანს ვერ აღწევენ, თუმცა ეს არც არის აუცილებელი. მთავარი არსიც ხომ ისაა, რომ უწყვეტი ქმნადობა, პროცესია მიმზიდველი და არა შესრულება. მიზანი თითქოს მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოძრაობის მოტივაცია გვქონდეს, თორემ სხვა მხრივ მოძრაობაა აქ მთავარი და არა „მიზნისკენ მოძრაობა“. ჟაკსაც და მოლოისაც გააადგილება უჭირთ, კიდურები თითქოს უუქმდებათ საერთოდაც და ეს არცაა გასაკვირი – კიდურები ხომ ადამიანებს სჭირდებათ „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში მისასვლელად. ანტიადამიანებს კი კიდურები იმ ანატომიური გაგებით, რა ანატომიური გაგებითაც ჩვენ გვაქვს, დიდად არ სჭირდებათ. მათი ანატომიაც კი, თითქოს ეს ბუნებრივი აქსიომა და ურღვევი მოცემულობა, სხვანაირია და უნდა შეიცვალოს. ვითომ ევოლუციის შემდეგი საფეხურია მოლოი და ჟაკი? მაქსიმალურად, აბსოლუტურად თავისუფლები და დეგრადირებულები. აუცილებელია ადამიანის, რა გაგებითაც ჩვენ მას აღვიქვამთ და წამოვადგენთ, დაშლა მარტივ მამრავლებად, დეკონსტრუქცია, რადგან თურმე ეს არის ნამდვილი თავისუფლების მიღწევის გზა. მოლოისა და ჟაკის გზა, ნაწილებად დაშლის გზაა.
„ადრეც ვახსენე ხმა, რომელიც შიგადაშიგ ჩამესმოდა ხოლმე. თანდათან მივეჩვიე კიდეც. უკვე ვხვდებოდი, რა უნდოდა. იმ სიტყვებს არ ამბობდა, რაც მორანისთვის ესწავლებინათ პატარაობისას და მერე, თავის მხრივ, იმას ესწავლებინა შვილისთვის. ამიტომ თავიდან ვერც ვხვდებოდი, რა სურდა. მაგრამ ბოლო-ბოლო, მაინც მივუხვდი. ყველაფერს მივხვდი, ყველაფერს ვხვდები, ეგებ – არასწორადაც. თუმცა ეგ არაა მთავარი. მითხრა, ანგარიში დამიწერეო. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი? არ ვიცი. მაგრამ გავიგებ. აი, შინ შევედი და დავწერე: შუაღამეა. ფანჯარას წვიმა ეხლება. არ იყო შუაღამე. არც წვიმდა“. – ასე ამთავრებს თხრობას ჟაკი. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ნათელია და თავის ადგილას დგება, ყველა ბანქო იხსნება და საერთოდაც, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და დრო ვხარჯეთ, შეგვეძლო ამ ერთ აბზაცად გამოგვეხატა, რადგან წიგნის მთავარი მარგალიტიც სწორედ ესაა – ყველაზე დიდი უარყოფა, როგორც ყველაზე დიდი თავისუფლებისკენ მიმავალი გზა.
ბოლოსკენ მინდა დავამატო, რომ „მოლოი“ არის ბიბლია ინტროვერტებისთვის, სახელმძღვანელო ტრამალის მგლებისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის. ეს არის წიგნი ერთისთვის. იმ ერთისთვის, რომელიც არ არის „ბევრის“ შემადგენელი ნაწილი ან არის, მაგრამ არ უნდა რომ იყოს. წიგნი გამოცალკევებაზე, როგორც თავისუფლების მოპოვების ერთადერთ გზაზე. მოდი წავშალოთ ყველა ფურცელი, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია და რომელიც მეტწილად სხვების დაწერილია და შევუდგეთ მის წერას აბსოლუტური ნულიდან, არა?! ამას გვეუბნებიან ჟაკი და მოლოი, პრინციპში არც არაფერს გვეუბნებიან კონკრეტულად ჩვენ, რადგან დიდად არც ანაღვლებთ ჩვენ რას ვიზამთ, ისინი ხომ უკვე განცალკევდნენ – ესაა მთავარი. დღეს, როცა ვხედავთ ყოველდღიურად ქუჩაში, სოციალურ ქსელში და ტელევიზორში ამდენ ჯგუფურ ყვირილს, ჯგუფების დაპირისპირებას, ჯგუფების გართობას, ჯგუფების აზროვნებას, ჯგუფების რწმენას, ჯგუფები, ჯგუფებმა, ჯგუფებს, ჯგუფების, ჯგუფებით, ჯგუფებად, ჯგუფებო, თავიდან – ჯგუფებ… ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ამ სიტუაციაში და ამ მოცემულობაში, განცალკევება მისურვებია თქვენთვის, მარტოობის მადლი შეგწეოდეთ, მოლოის ებარებოდეთ.
© “არილი”