ნინო ძანძავა
გაიზარდა თუ არა თარგმნილი წიგნების რაოდენობა ბაზარზე?
მნიშვნე;ლოვანი გამოცოცხლება არ აღინიშნება, მაგრამ წელს და გაისად შესაძლებელია არსებითი ძვრა მოხდეს. თარგმნილი წიგნების რაოდენობა გაიზარდა. ჯერ უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, მერე კი თარგმანი. თარგმანების გაყიდვამაც მოიმატა, რადგან ტირაჟები გაიზარდა. ტირაჟები კი იმიტომ გაიზარდა, რომ მაღაზიების რაოდენობა იმატა.
უფრო მეტი თარგმანი იყიდება, თუ ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები?
დასახელებებით თუ ტირაჟით? ეს სხვადასხვა რამეა. ქართული რომანი შარშან სულ ხუთი გამოვიდა. ნათარგმნი წიგნი კი ორმოცდაათი. მაგრამ ქართული წიგნები, შესაძლოა, უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე თარგმანი – ორმოცდაათი მთლიანად. შესაძლებელია ასეც მოხდეს ხოლმე. მაგალითად, ბაზარზე არის 100 სხვადასხვა დროს დაწერილი და გამოცემული რომანი და 400 თარგმანი. ეს 100 ჯამურად ყოველთვის უფრო მეტი გაიყიდება. მაგრამ თარგმანი მეტი იქნება.
ანუ წამგებიანია ეს საქმიანობა?
გააჩნია თარგმანს, მაგრამ ზოგადად, ჯერჯერობით, წამგებიანია. ჩვენ რომ ისეთივე ფასს ვადებდეთ თარგმანს და არ გვქონდეს არანაირი თანადაფინანსება, როგორც ვიქცევით ნებისმიერი სხვა წიგნის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში წამგებიანი იქნებოდა. თავად წიგნი შეიძლება არ იყოს წამგებიანი, მაგრამ მასში ჩადებული შრომა – მაგალითად, რედაქტორი ხომ მუშაობს, ბუღალტერის შრომაც ხომ არის ჩადებული – თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, წამგებიანია. მაგრამ ნელ-ნელა ხდება მომგებიანი.
ფამუქის რომანს ”მე წითელი მქვია” მთარგმნელი 3 წლის განმავლობაში თარგმნიდა. ამ ადამიანს რომ აეღო ადექვატური ანაზღაურება, რომელსაც გადავიხდიდით ჩვენ და არა რომელიმე ფონდი, საოცარი გასაყიდი ფასი ექნებოდა, მაგალითად, 40-50 ლარი. პატარა ტირაჟებიც პრობლემას ქმნის.
ადრე მკითხველი რუსულ თარგმანს ანიჭებდა უპირატესობას. გახდა თუ არა ქართული თარგმანი დღეს უფრო პოპულარული?
ჩემი სუბიექტური აზრია. ეს პრობლემა სინამდვილეში იმის გამო კი არ იყო, რომ თარგმანი ობიექტურად იყო ცუდი ან კარგი, არამედ იმის გამო, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე იქცეოდნენ, უფრო ადვილი იყო წაკითხვა ამა თუ იმ ენაზე. რასაც მიჩვეულები იყვნენ, იმას ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ხარისხთან არ იყო დაკავშირებული. ცხადია, ზოგადად საშუალო სტატისტიკური რუსული თარგმანი საშუალო სტატისტიკურ ქართულ თარგმანს ჯობდა, მაგრამ ასეთი განზოგადება ამ თეზისისა არ იყო სწორი. უბრალოდ, ახლა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც ქართულია მოსახერხებელი, გაიზარდა. ჩემს დროს ბევრი ქართულად ვერ კითხულობდა თავისუფლად, ახლა კი პირიქითაა. ამან შეცვალა სიტუაცია და არა თარგმანების გაუარესებამ. ახლა ბევრი ადამიანი მხვდება, რომელიც ამბობს, რა ცუდი თარგმანები ყოფილა რუსულიო.
თარგმანის ხარისხი როგორია?
საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში რუსული თარგმანის ხარისხი გაუარესდა, ქართულის კი გაუმჯობესდა. ამას ეკონომიკური საფუძველი აქვს. კომუნისტების დროს როცა თარგმნიდნენ, სახელმწიფო ცენზურა და აპარატი აიძულებდა ყველას, რომ თარგმანი ძალიან გამართული ყოფილიყო, ანუ ერთ წიგნზე მუშაობდნენ ძალიან დიდ ხანს. არ აინტერესებდათ, წიგნი ახალი გამოსული იყო საზღვარგარეთ, თუ ათი წლის წინათ. დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ახლა ამ წიგნს აკეთებენ ერთ თვეში. სინამდვილეში რუსული თარგმანები, პროზაზეა ლაპარაკი, იქმნება ძალიან სწრაფად, რომ ძალიან მოკლე შუალედი იყოს ორიგინალსა და რუსულ ენაზე ტექსტის გამოსვლას შორის. ეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა. ამიტომ, როდესაც ძალიან სწრაფად ითარგმნება, თარგმანის ხარისხი ვერ იქნება ძალიან კარგი. ეს შეუძლებელია. ერთ თვეში ძალიან მაგარ მხატვრულ თარგმანს ვერ გააკეთებს ადამიანი. საქართველოში ჯერ არ დაწყებულა ტენდენცია, რომ წიგნი მისი მსოფლიო პრემიერისთანავე გამოვცეთ ქართულად. ამ ეტაპზე არ ვართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს თარგმნილი ის, რაც ორმოცადაათი წლის წინათ უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ეს რომ ამოივსება, მერე ახალ ეტაპზე გადავალთ და თარგმანიც გაუარესდება აუცილებლად.
შესაძლებელია თუ არა მკითხველმა, რომელიც ლიტერატურას მხოლოდ ქართულ ენაზე ეცნობა, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე წარმოდგენა შეიქმნას?
გააჩნია, რამდენად უყვარს ლიტერატურა. თუ ლიტერატურის ძალიან მაგარი მოყვარულია, მაშინ არა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვერ გაიგებს, მაგრამ თუ მსუბუქად უყვარს – კი. მაგალითს მოვიყვან – ავიღოთ, ვთქვათ, გერმანული ლიტერატურა, თანამედროვე ავტორებიდან პრაქტიკულად არაფერია თარგმნილი, მხოლოდ თითო-ოროლა წიგნი, მაგრამ ეგ მაინც ხომ არის. ამიტომ რაღაც წარმოდგენა მაინც შეექმნება, ძალიან ზოგადი. ფრანგულში მეტია თარგმნილი, რაღაცაში შეიძლება საერთოდ არ იყოს. იმას მაინც მიხვდება, რას კითხულობენ ადამიანები.
რა კრიტერიუმით არჩევთ სათარგმნ წიგნებს?
ძალიან მარტივი კრიტერიუმებით: უნდა იყოს უპირობო კლასიკა. შეიძლება ბესტსელერი არ იყოს, მაგრამ იყოს აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ეს აღიარება უნდა ჰქონდეს არა მარტო ავტორის ქვეყანაში, არამედ სხვაგანაც. მაგალითად, ხომ არ აქვს აზრი ქართულად ითარგმნოს რომანი, რომელიც ჯერ არც ერთ ენაზე უთარგმნიათ. სისულელეა. იმიტომ, რომ ჯერ უნდა გამოვიდეს ის წიგნი, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა. იმიტომ, რომ ქართველებმა იკითხონ ის, რასაც 40 ქვეყნის ხალხი კითხულობს და არა ერთი ქვეყნისა. ამიტომ ძალიან მარტივია კრიტერიუმი: თუ ბევრ ენაზეა თარგმნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით. თუ ცოტა ენაზეა, მაშინ არ არის გლობალური მასშტაბის და, ჯერჯერობით, როცა ძალიან ცოტა რამეა ქართულად თარგმნილი, აღარ ღირს მისი თარგმნა, ეს მომდევნო ეტაპის საქმეა.
დიდ ქვეყნებში უფრო რთულია საგამომცემლო საქმიანობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წიგნი გამოდის და ასეთი კრიტერიუმები აღარ მუშაობს. ამიტომ საჭიროა, ისეთი ავტორი მოძებნო, რომელიც არ თარგმნილა, ამას კიდევ შეფასება სჭირდება. შეფასებაში კი კომპეტენტური ექსპერტები გეხმარებიან და ა.შ. ჩვენთან კი ძალიან მარტივია ყველაფერი – ექსპერტებიც კი არ გჭირდება. საბოლოო ჯამში, ნებისმიერ უბირ ადამიანს შეუძლია წიგნი საკმაოდ კარგად შეარჩიოს და ჩაითვლება, რომ გემოვნება აქვს.
ანუ ქართველი მკითხველის მოთხოვნები ადვილი მისახვედრია?
არა, ეს მოთხოვნების გამო არ ხდება, უბრალოდ, სიტუაციაა ბაზარზე ასეთი. საქართველოსხელა ქვეყანაში განვითარებული წიგნის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 500 თარგმნილ რომანს ნიშნავს.
ახლა რამდენი გამოდის?
ახლა დაახლოებით 50. ძალიან დიდი დისბალანსია. ათჯერ მეტი უნდა გამოვიდეს. სამჯერ მეტი თუ გამოვა, უკვე წინსვლა იქნება.
რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ბევრი წიგნი ითარგმნება?
ბევრ რამეს. თუ გამოდის 500 წიგნი, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაახლოებით 500 მთარგმნელი. 500 მთარგმნელი, რომელსაც შეუძლია კარგად თარგმნა, ამავე დროს 500 კარგი მკითხველია, ანუ წიგნის ბაზარი ფართოვდება. მერე ენაც ვითარდება. ენა ხომ მარტო მწერლების მიერ არ იქმნება. მთარგმნელებიც არანაკლებ როლს თამაშობენ. ადმიანებისთვის მშობლიურ ენაზე კითხვა ყოველთვის უფრო ადვილია, მეტი ნიუანსი გესმის. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება გლობალური კულტურა. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ყველაფრისთვის კარგია. მართალია, საქართველოში ეს არის ადამიანების შეზღუდული წრე – უკეთეს შემთხვევაში, ორი-სამი ათასი მკითხველი იქნება საქართველოში ისეთი, ვისთვისაც მსგავსი რამე არის საინტერესო და ეს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია. აქტიურად ვინც კითხულობს, ის შეიძლება რამდენიმე ასეულიც იყოს. მაგრამ მეორეს მხრივ, პირიქითაც ხდება: ზოგი არ კითხულობს და ვერ კითხულობს იმიტომ, რომ არჩევანი არ არის. როცა სუპერმარკეტში დიდი არჩევანია, მეტი რამის ყიდვა მოგინდება და თუ არაფერია, ნაკლებს ყიდულობ. საბჭოთა გასტრონომში არაფერი იყო და შეიძლება იქ შესვლაც არ მოგდომებოდა.
ნათარგმნი ლიტერატურის ტირაჟი საშუალოდ რამხელაა?
საშუალო არ არსებობს. მაქსიმუმი შეიძლება იყოს ოცი ათასი. პირველ თვეში ჰარი პოტერის 23 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რადგანაც ასეთი რამ მოხდა, კიდევ შეიძლება განმეორდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საბავშვო იყო თუ არა. ერთი პრეცედენტი თუ იყო, ესე იგი ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელი ყოფილა. საქართველოში დღეს გამოდის იაფფასიანი გამოცემები, რომლებიც დიდი ტირაჟით იყიდება. ვთქვათ, ათი ათასი. ჩვენც ვაკეთებთ და სხვებიც აკეთებენ. მაგრამ ქართველი ავტორების წიგნებიც არ იყიდება ცუდად. მაგალითად, ”ჯინსების თაობა” თითქმის ათი ათასი ცალი გაიყიდა. სულ ერთი წელია, რაც გამოვიდა. ეს უკვე ცოტა არ არის, ინდუსტრიაა ფაქტობრივად.
მთარგმნელის სტიმულირება რითი ხდება?
მწერლები ჰონორარზე ცხოვრობენ, ანუ გაიყიდება წიგნი, მიიღებს ჰონორარს, არ გაიყიდება – ვერ მიიღებს. ძალიან ცოტა მწერალი ირჩენს ასე თავს.ეგ არსად არ არის შესაძლებელი. ანუ ყველა ქვეყანაში მწერლების ძალიან მცირე ჯგუფი, 0.1 % ცხოვრობს თავისი პროფესიით. ეს ბუნებრივია. საქართველოშიც ეგრეა. უბრალოდ, საქართველოში ცოტა მწერალია და იმათი ცოტა პროცენტი ორი კაცი გამოდის, საბოლოო ჯამში.
მთარგმნელი, განსხვავებით მწერლისგან, შეკვეთას იღებს. მთარგმნელობა ხომ ხელობაა უფრო და მწერლობა შემოქმედება.
პოეზიის შემთხვევაში ალბათ სხვანაირადაა…
საბოლოო ჯამში, შენ იღებ სხვის ნაწარმოებს და თარგმნი. მაინც ხელობაა. შეიძლება დიდოსტატი იყო. რადგან მთარგმნელი არის ხელოსანი, შესაბამისად, შეკვეთებზე მუშაობს და იღებს არა ჰონორარს, არამედ გარკვეულ გასამრჯელოს. 80-იან წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი, ამიღია წიგნი და ჩემთვის, გართობის მიზნით, მითარგმნია. ახლა ეს წარმოუდგენელია და სწორიცაა, იმიტომ, რომ ვინმე გიჟი უნდა იყოს, რომ აიღოს 800– გვერდიანი წიგნი და თავისი სიამოვნებისთვის თარგმნოს. ალბათ გამონაკლისები იქნება, ასეთებიც მინახავს. მაგალითად, ჩვენი მთარგმნელია, რომელმაც ჰობიტი თარგმნა, იმიტომ, რომ უყვარდა ეს წიგნი. მერე ჩვენ გამოვეცით.
უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამ საქმეს?
ირიბად უნდა ეხმარებოდეს. რაც ნიშნავს შემდეგ რამეს: სახელმწიფომ რომ გამოაცხადოს, მე ვეხმარები მთარგმნელებს, შემოიტანეთ ვისაც რა გინდათ და მოგცემთ სტიპენდიებს. შეიკრიბოს კომისია და გადაწყვიტოს, რომ მოდი, ეს კარგი ბიჭია, მივცეთ სტიპენდია, ეს ცუდი გოგოა და არ ეკუთვნის და ასე გადაწყვიტოს. ეს არის პირდაპირი დახმარება, ანუ პირდაპირი სუბსიდირება, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ არაფერზეა დამოკიდებული და მთარგმნელს ეხმარებიან პირდაპირ. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, იმიტომ, რომ მთელს ბაზარზე ურთიერთობებს აფუჭებს. მთარგმნელები ეჩვევიან, რომ ასეთი რამ არსეობობს და სხვანაირი ურთიერთობა არ მოუნდებათ, გამომცემლები აღარ იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის არც დისტრიბუციით, გაყიდვით და ეს წიგნი მხოლოდ ერთ მაღაზიაში იქნება, ვერავინ მიაგნებს და არ გაიყიდება.
ირიბი არის ასეთი რამ: მაგალითად, სახელმწიფომ რომ თქვას – ყველა თარგმნილ წიგნს ყოველ წელს ვიყიდი, ვთქვათ, ათას ცალს. ნორვეგიაშია ასე: ყოველ წელს ბიბლიოთეკებისთვის 3000 წიგნს ყიდულობენ, რაც კი რამე გამოდის იმ წიგნებიდან. ეს არის არაპირდაპირი დამხარება, როცა ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტს ყიდულობ.
კულტურის სამინისტრო აპირებს მსგავსი რამის გაკეთებას…
დაახლოებით ეგეთი რამეა. 300-დან 500 ცალამდე ყიდულობს, რაც არაპირდაპირი დახმარებაა.
ფონდების დახმარებას როგორ იყენებთ?
ჩვენ მივმართავთ ხოლმე მთარგმნელობით ფონდს იმ ქვეყნისა, რომლის ლიტერატურასაც ვთქრგმნით. ასეთი ფონდები ყველა ქვეყანაშია, ინგლისის გარდა. მათ არ სჭირდებათ. რატომ უნდა დახარჯონ ფული იმაში, რაც ისედაც ხდება? მთელ მსოფლიოში, მაგალითად, გერმანიაში, თარგმნილი წიგნების 80 % თარგმნილია ინგლისურიდან, ანუ ინგლისურენოვანი ლიტერატურაა. ინგლისში გამოცემული წიგნების 95% არის ინგლისელების ლიტერატურა და მხოლოდ 5 %-ია თარგმნილი. მაშინ, როცა დანიაში 60 % თარგმნილია, 40% კი – ადგილობრივი. ჩვენთან თარგმნილი მეტია, ვიდრე ორიგინალური. რომანები რომ ავიღოთ, ყოველ წელს გამოდის უფრო მეტი თარგმნილი რომანი, ვიდრე ორიგინალური. იმიტომ, რომ ცოტა რომანი იწერება.
ფონდები ყველა ქვეყანას აქვს, უკრაინასაც კი. საკუთარი ლიტარატურის პოპულარიცაზიისთვის. საქართველოსაც აქვს უკვე. მივმართავთ ხოლმე ქვეყნის შესაბამის ფონდს და ზოგჯერ გვეხმარებიან, ანუ თარგმანს აფინანსებენ. მთარგმნელის ჰონორარს იხდიან. ეს საშუალებას გვაძლევს, თარგმანი შეიქმნას და წიგნი გამოიცეს. შეიძლება საავტორო უფლებები შეიძინონ. ზოგჯერ არის, რომ დამატებით თანხასაც აფინანსებენ. მარტო ამის წყალობით, ჩვენ საშუალება გვაქვს, ყოველ წელს ათი-ოცი წიგნი გამოვცეთ. მაგალითად, ფამუქის ორი დიდი წიგნი გამოვეცით, რომელიც ვერ გამოვიდოდა, თურქებს რომ არ ჰქონდეთ ასეთი ფონდი. თურქი გადასახადების გადამხდელის ხარჯზე არსებული ფონდი ხელს უწყობს იმას, რომ ლიტერატურის მოყვარულმა საქართველოში წიგნი წაიკითხოს.
თქვენი გამომცემლობა საავტორო უფლებებს ყოველთვის იცავს. არსებობს გამომცემლობები, რომლებიც ასე არ იქცევიან?
ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ეკონომიკური დაინტერესება განაპირობებს. თუ გამომცემელმა იცის, რომ მისთვის ეკონომიკურად მომგებიანია ცივილიზებული ურთიერთობები, გადავა ასეთი სახის ურთიერთობებზე, თუ იცის, რომ ყაჩაღობა უფრო მომგებიანია, მაშინ იყაჩაღებს. თუ გაუვა, იყაჩაღებს, თუ არ გაუვა, მაშინ არა. როგორც ცხოვრებაში. მაგალითად, მანქანების ქურდობა თუკი დაუსჯელი რჩება, იზრდება და თუ დასჯადია, მცირდება. დაახლოებით ასეა.
რეალურად, მცირე ტირაჟის პირობებში, საავტორო უფლებების გადასახადი მაინცდამაინც ძვირი არ ჯდება, შეიძლება ეს შემაფერხებელი ფაქტორი იყოს წიგნის გამოსაცემად?
არა. სხვა ხარჯები გაცილებით მეტია, მაგალითად, თარგმანის და ბეჭდვის. შემაფერხებელი ფაქტორი ეგ კი არა, უცოდინრობაა. ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს საავტორო უფლების დაცვა. დაახლოებით იგივეა, სტუმრად იყო ვინმესთან და არ იცოდე, რომ სხვისი ნივთის აღება არ შეიძლება. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი იყოს. პრობლემა სინამდვილეში უცოდინრობაა და არა ბოროტება. წინასწარგანზრახული კი არაა, რომ მე ვაშავებ. ცხადია, არცოდნა არცოდვააო, ვერ იტყვი, მაგრამ მაინც დანაშაულია. არ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, თუმცა, მესმის ასე რატომაც ხდება.
ასეთ დროს გამომცემლობებს შორის ურთიერთობა როგორია?
ძალიან მარტივი უნდა იყოს წესით. თუ ჩვენ რამეს ვყიდულობთ, იმას, როგორც წესი, ვეღარავინ იყიდის, ექსკლუზიურია ხოლმე ეს ხელშეკრულებები. შესაბამისად, მე თუ მინდა რაღაცის ყიდვა, მივმართე რომელიმე უცხოურ გამომცემლობას და მან მითხრა, იცი, გამომცემლობა იქსს უფლებები უკვე მივყიდეთ, ჩვენ იმწამსვე გავჩერდებით, ცხადია. მაგალითად, ”ჯადოსნური მთის” გამოცემა რომ მოუნდეს ვინმეს, ვერ გამოსცემს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ისევე, როგორც ჰესეს ”ტრამალის მგელს” ან კნუტ ჰამსუნის ”მისტერიებს”.
და საბჭოთა თარგმანი?
ძველი თარგმანი არსებობს, მაგრამ ახალი გამოცემის საშუალება არავის ექნება ჩვენს გარდა. ძველი თარგმანების რეპრინტი აღარასდროს გამოვა, სანამ 70 წელი არ გავა ავტორის გარდაცვალებიდან.
როგორია მთარგმნელის ანაზღაურება და შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ საქმიანობით ადამიანმა დღეს თავი ირჩინოს?
თუ პროფესიონალი მთარგმნელია, თავისუფლად იცხოვრებს ამ საქმით. თუ ადამიანი დღეში ათ გვერდს თარგმნის და გვერდში ხუთ დოლარს იღებს, მაშინ იცხოვრებს? რა თქმა უნდა იცხოვრებს. მე ვიცი მთარგმნელები, ვისაც დღეში ათ გვერდზე მეტის თარგმნა შეუძლიათ. შეიძლება იყოს რთული ნაწარმოები, რომლის დასრულებაც მალე შეუძლებელია. 30 წელია, რაც ქართველი მთარგმნელი გოეთეს ”ფაუსტს” თარგმნის, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ. რა ფასი უნდა დაადო? რა შეიძლება ღირდეს რაღაც, რასაც 30 წელი აკეთებ? მას ხომ ფასი არ აქვს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჰონორარი, გვერდში 40 ევროც რომ მისცე. თარგმანი ისეთი რამეა, ცალსახად ვერ იტყვი, ბევრია თუ ცოტა. გააჩნია წიგნს. თუ ადვილი სათარგმნია და ბევრს თარგმნის, ხომ კარგი. მაგრამ არის ლიტერატურა, რომლის თარგმანშიც რაც არ უნდა გადაუხადო, მაინც ცოტა გამოვა საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ფისოქოლიურად ძალიან მნიშვნელოვანია მთარგმნელის შრომა.
მთარგმნელების რაოდენობას თუ უჩივით?
ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთარგმნელები არიან ძალიან ცოტანი და ისინი მხოლოდ დიდი ენებიდან გვყავს. თან ყველა დიდი ენიდანაც არა. მაგალითად, ესპანურიდან თარგმნა პრობლემაა. ჰოლანდიურზე და ასეთ ენებზე არ ვლაპარაკობ. იაპონურიდან ხომ საერთოდ. ჩინურიდან მთარგმნელი რომ არ გეყოლება და იაპონურიდან, რაზეა ლაპარაკი? იაპონურიდან ქართულად თარგმნილი პროზა მე არ მინახავს, არც არასდროს გამიგია. ეს უბრალოდ სირცხვილია.
აკუტაგავას თარგმანი?
რუსულიდანაა თარგმნილი. შვედური, ნორვეგიული, დანიური, ისლანდიური ლიტერატურა, თუნდაც იტალიური, ესპანური – ეს ყველაფერი საბჭოთა დროს რუსულიდან ითარგმნებოდა. დღეს სიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნორვეგიულიდან თარგმნა, შვედურიდანაც კი.
ინტერვიუ ბაკურ სულაკაურთან
Facebook Comments Box