რეცენზია

ლაშა მილორავა – სენტიმენტალური პრელუდია

mari bekauri 344

მარი ბექაური, ბებია, რეი და ამერიკა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბ. 2012.

სპაიკ ლის აქვს ერთი ასეთი ფილმი, ,,25-ე საათი’’, დევიდ ბენიოფის სადებიუტო რომანის ეკრანიზაცია, სადაც მთავარი პერსონაჟი მონტი ბროგანი (ედვარდ ნორტონის შესრულებით) უკვდავ, ბევრისთვის ცხოვრებისეულ მანტრად ქცეულ, ზიზღით აღსავსე მონოლოგს წარმოთქვამს, სადაც ლანძღავს ნიუ-იორკს და მასში მცხოვრებ ხალხს, – მათხოვრებს, ფულს რომ გწოვენ, ტერორისტებს, პაკისტანელებს, დაკუნთულ ჰომოსექსუალებს, კორეელებს, რომლებმაც ვერა და ვერ ისწავლეს ინგლისური ენა, ბრაიტონ ბიჩელ რუს განგსტერებს, ბრილიანტებით მოვაჭრე ჰასიდებს, უოლ-სტრიტელ მგლებს, მოქრთამულ პოლიციელებს, პედოფილ მღვდლებს და ა.შ. მოკლედ, თამამად, საჯაროდ ამბობს იმას, რასაც პატრიოტი კაცთმოძულე ამერიკელი იტყოდა ყველას გასაგონად, ამის შესაძლებლობა რომ მისცემოდა. შეგვიძლია ვთქვათ, მონტი ბროგანის პერსონაჟი სისტემატიზებული ,,ჰარმონიის’’, მოჩვენებითი სრულყოფილების წინააღმდეგ ილაშქრებს. მისთვის ნიუ-იორკი (ამერიკის ბირთვი), შესაბამისად მთლიანი ამერიკა, მთელი თავისი კორუმპირებული ჩინოვნიკებითა და საამაყო იზოლაციონიზმით მეტს არაფერს წარმოადგენს, თუ არა ძალადობისა და ფარისევლობის ბუდეს.

ცნობილმა  ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჰერბ რიტცმა თქვა: ,,იყო ამერიკელი ნიშნავს გქონდეს უფლება იყო ის, ვინც ხარ. ხანდახან ასე არ ხდება’’.

იმაზე მსჯელობა, თუ რა არის ამერიკა სინამდვილეში, მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან მგონი მოსაზრებაც იმდენია, რამდენიც ამ ქვეყნის მოსახლეობა. ბევრისთვის ეს თავისუფლების მიწაა, გახსნილობის, უშტამპობის. ბევრისთვის აღვირახსნილობისა და გადაგვარებულობის, ზოგისთვის გართობის, ჰედონისტური ცხოვრების საწყისია.

ახალგაზრდა ქართველი მწერლის, მარი ბექაურის მცირე რომანში კი ამერიკა აუხდენელ ოცნებადაა წარმოჩენილი, რეი ჩარლზის, ელვის პრესლისა და ბურბონის სამშობლოდ, სადაც ,,კადილაკს მიაქროლებ ტექსასიდან მისისიპისკენ და სულ ცალ ფეხზე გკიდია ცხოვრება.’’ ,,ბებია, რეი და ამერიკა’’ ავტობიოგრაფიული რომანია და ამერიკაზე შეყვარებული ახალგაზრდა გოგოს უბრალო ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ერთხელაც ამერიკაში წასვლას გადაწყვეტს, თან ისე, რომ არავის არ გააფრთხილებს. მთავარი გმირი გათხოვილი, ქმარზე ყურებამდე შეყვარებული სასოწარკვეთილი დიასახლისია, რომლის წინაპარიც თურმე თავის დროზე ერეკლე მეორეს გაუბახებია. სასოწარკვეთილი დიასახლისი, რომელსაც ბავშვობა ენატრება. ყოველთვის ყველაზე მზრუნველი ბებია, სოფლის ეზო და მთები. დიასახლისი, რომელსაც ხშირად აქვს დეპრესია.

ერთი შეხედვით (კიარადა, ორითაც, სამითაც და ოთხითაც) ,,ბებია, რეი და ამერიკა’’ არაფრით გამორჩეული, პატარა, სასიყვარულო, ოცნებებით სავსე წიგნია, მაღალღირებულებიანი პროზის სტატუსზე რომ არ აქვს პრეტენზია. მსუბუქი, მომენტებში სასაცილო, მომენტებში კი – საკმაოდ სევდიანი. პრინციპში, ეს არც არის რომანი, უფრო ვრცელი წერილია, რომელიც განუხორციელებელ გეგმებს, აუხდენელ ოცნებებს, მოკლედ, ამერიკას მიეძღვნა. სენტიმენტალური პრელუდია, მხოლოდ პირველი საფეხური რაღაც დიდის და მრავლისმომცველისკენ მიმავალი კიბისა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანი მცირე ზომისაა და საკმაოდ ადვილად იკითხება. ხოლო ავტორისეული იუმორნარევი, დახვეწილი წერის სტილი კიდევ ერთხელ გაძლევს მიზეზს თანამედროვე ქართველი ქალი მწერლებით იამაყო.

დღესდღეობით მარი სამი წიგნის – ერთი მოთხრობების კრებულის და ორი მცირე რომანის ავტორია, თუმცა იგი ხალხისთვის სწორედ ამ პატარა სენტიმენტალური ფოქეთბუქითაა ცნობილი. წიგნების მაღაზიაში არაერთხელ შემხვედრია თინეიჯერი გოგონები, ანთებული თვალებით რომ კითხულობდნენ: ,,ბებია, რეი და ამერიკა გაააქვთ?’’. ალბათ წიგნის ასეთი პოპულარობა სწორედ იმ ყოველდღიურმა, ყველასთვის ნაცნობმა, ,,ცხოვრებისეულმა’’, მკითხველამდე კი ლაღი და გახსნილი წერის სტილით მიტანილმა თემებმა განაპირობა, რომლებიც რომანშია წამოჭრილი.

ერთი სიტყვით, ჩვენ თვალს კიდევ ერთი დამაიმედებელი თანამედროვე ქართველი მწერლის ჩამოყალიბებას ვადევნებთ და ისღა დაგვრჩენია, თითებგადაჯვარედინებულები ავტორის ახალ ტექსტებს დაველოდოთ.

ალბათ, მსგავსი აბსურდული ფრაზა არაერთხელ გექნებათ გაგონილი: ,,ამერიკაში ღმერთის აღარ სწამთ’’. არა, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ერთი ჭეშმარიტება გაგიზიაროთ, საიდუმლო გაგიმხილოთ – ამერიკა სინამდვილეში ერთი უბრალო, თითქმის ათ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყანაა, 318 მილიონი ადამიანით, სადაც ღმერთისაც სწამთ და ჯედაისაც. ქვეყანა, რომელზეც ბევრი ოცნებობს და რომელსაც ბევრი ეტრფის. ამ ,,ბევრს’’ შორის კი ერთ-ერთი ამერიკიდან შორს, აქ, საქართველოში, თავის ოთახში ზის, სამსახურიდან მოსული ქმარს ელოდება და ფანჯრიდან მთებს უყურებს.

© “არილი

Facebook Comments Box