Uncategorized

დათო ქარდავა – წიგნების დაბრუნება

nadavli cignebi

Habent sua fata libelli – წიგნებს თავსი ბედი აქვთ

2014 წლის 2 ივნისს, ბერლინში Bode-Museum-ში სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუბრუნა მეთვრამეტე საუკუნეში გამოცემული ორი წიგნი, რომლებიც, 2 მილიონამდე სხვა წიგნთან ერთად, საბჭოთა კავშირმა რეპარაციის სახით გაიტანა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის სახელმწიფო და კერძო ბიბლიოთეკებიდან. ნაალაფარი წიგნებიდან საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მოკავშირე რესპუბლიკას, 150 ათასამდე ტომი ერგო.

ვლადიმირ ვისოცკის, ცნობილ რუსს ბარდსა და მსახიობს, თავის მდიდარ რეპერტუარში ჰქონდა ერთი უსასრულოდ გრძელი სიმღერა – „ბალადა ბავშვობაზე“, რომელშიც მძიმე საბჭოთა ყოფასთან ერთად აღწერილია ე.წ. „ომის ბავშვების“ თვალით დანახული სამყარო, სადაც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნელ-ნელა ჩნდებიან ფრონტიდან დაბრუნებული და ნადავლით ხელდამშვენებული მამები და უფროსი ძმები:

„У тети Зины кофточка с драконами, да змеями -
То у Попова Вовчика отец пришел с трофеями.
Трофейная Япония, трофейная Германия:
Пришла страна Лимония - сплошная чемодания“.
საქმე ის არის, რომ საბჭოთა ჯარისკაცები ნადავლს ეზიდებოდნენ როგორც ორგანიზებულად, ასევე - სტიქიურად. საგანგებოდ შექმნილი ნადავლის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან გაიტანა: 72 ათასი ვაგონი, 3 ათასამდე ქარხანა, 96 ელექტროსადგური, 340 ათასი ჩარხი, 200 ათასი ელექტროძრავა, 1 მლნ. 355 ათასი სული საქონელი, 2,3 მლნ. ტონა ხორბალი, 1 მლნ. ტონა კარტოფილი, 20 მლნ. ტონა სპირტი, 16 ტონა თამბაქო. 60 ათასი როიალი, 450 ათასი რადიომიმღები, 190 ათასი ხალიჩა, ავეჯის 940 ათასი ნივთი, 265 ათასი საათი, 1,2 მლნ. პალტო, 1 მლნ. თავსაბურავი და ა.შ.
ცხადია, ნადავლის ამ წამლეკავმა ტალღამ - ვისოცკის სიტყვებით, „ერთიანმა ჩემოდანიამ“  საქართველომდეც მოაღწია. როგორც ცნობილი ლიტერატორი, პროფესორი ლევან ბრეგაძე იხსენებს, ნაალაფარი ნივთები იყიდებოდა თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ტყიბულშიც:

„ვაგონებით მოდიოდა რაიონებში. მე ტყიბულის მაგალითი ვიცი, რადგან მამაჩემი გეოლოგი იყო და ერთი ხანობა იქ მოგვიწია ცხოვრება. მისგან ვიცი, რომ მაღაზიები სავსე იყო ნადავლით, პირდაპირ ოჯახებიდან გამოტანილი ნივთებით, რომელთა ნაწილი გარეცხილიც კი არ იყო და ყოველივე ეს ძალიან იაფად იყიდებოდა“.

ლევან ბრეგაძის თქმით, ნაალაფარ ნივთებს შორის წიგნები დიდი იშვიათობა იყო, თუმცა წლების შემდეგ, როცა მეცნიერულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და გერმანულ ტექსტებზე მუშაობა მისი ხელობის ნაწილად იქცა, შეიტყო, რომ საქართველოს ბიბლიოთეკებში - მათ შორის, მეცნიერებთა აკადემიის, უცხო ენათა ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავებში, ათობით ათასი ნაალაფარი წიგნი ინახებოდა.
გერმანიის მთავრობის მტკიცებით, საბჭოთა კავშირმა, კერძო და სახელმწიფო კოლექციებიდან,  სულ 2 მილიონი წიგნი, 3 კილომეტრი საარქივო საქაღალდე და 200 ათასი სამუზეუმო ექსპონატი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ნაალაფარმა წიგნებმა (მათ შორის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატანილმა 8 მილიონმა ტომმა) თავი მოიყარა მოსკოვში, უცხოური ლიტერატურის სახელმწიფო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ГЦБИЛ), საიდანაც, მოგვიანებით (1948 წ.) მოკავშირე რესპუბლიკების ბიბლიოთეკებში გადანაწილდა, თუმცა ნადავლის დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ცხადია, ადგილზე, ანუ მოსკოვში დარჩა.

საქართველოს მთავრობამ „ნაალაფარი წიგნების“ პირველი პარტია – დაახლოებით 80 ათასი წიგნი – გერმანიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, რამდენიმე ეტაპად დაუბრუნა. „გერმანული წიგნების“ დარჩენილი ნაწილი, დაახლოებით 70 ათასი ტომი, თავმოყრილია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრ. წერეთლის  სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, თუმცა, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე თამარ გიორგაძე ამბობს, ეს წიგნები დაავადებულია ობის სოკოთი და მათთან შეხება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის:

„წიგნები დაზიანდა იმის გამო, რომ სათანადო პირობებში არ ინახებოდა. როცა ამ შენობაში გადმოვედით 1987 წელს და გადმოვიტანეთ ეს ფონდი, წიგნები მოხვდა ე.წ. „ნულ სართულზე“, სადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი იყო ტენიანობა. შედეგად, სანამ ბიბლიოთეკა დალაგდა და ყურადღება მივაქციეთ, წიგნები დაზიანდა“.

უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, სადაც ნაალაფარი წიგნები ღაფავენ სულს, ტიპური საბჭოთა არქეტექტურის ნიმუშია, თუმცა მის მძიმე, რიკინა-ბეტონის სხეულზე მეტად დამთრგუნველი ის „საბჭოური გარემოა“, რომელიც ბიბლიოთეკაში სამუზეუმო ექსპონატივითაა შემონახული: ჩამონგრეული კედლები, აყრილი კიბეები, უსწორმასწორო იატაკი, დახეული ლინოლიუმი, სტანდარტულად შეთეთრებულ-შეღებილი ინტერიერი და ა.შ.  როგორც ჩანს, ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ არც რემონტზე უზრუნია ვინმეს და არც ავეჯის განახლებაზე. თამარ გიორგაძემაც, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ერთ-ერთ ასეთ ტიპურ საბჭოთა კაბინეტში გვიმასპინძლა.

“ეს უკვე გაწმენდილი, ნამკურნალები წიგნია“, – გვითხრა თამარ გიორგაძემ და ორი უძველესი ტომი გადაგვიშალა, – „პირველი ჩამოსვლის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტებმა რამდენიმე ერთეული ეგზემპლარი წაიღეს სამშობლოში, რათა ენახათ როგორ გადაიტანდა γ-დასხივებას. ეს წიგნი, რომელიც ხელში მიჭირავს, 1756 წელს ლაიფციგში გამოცემული ლექსიკონია“.

სწორედ ეს, γ-დასხივებით „ნამკურნალები“ ენციკლოპედიური ლექსიკონი გადასცა Bode-Museum-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს.

Dictionnaire Economique (ავტ. ლიონის სენ-ვინსენტის ეკლესიის მოძღვარი Noel Chomel) ფრანგულიდან არის თარგმნილი და მასში თავმოყრილია ანბანის მიხედვით დალაგებული ინფორმაცია მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ-ფიზიკური მახასიათებლების, მრეწველობის, ფაბრიკების მოწყობისა და მეტყევეობის შესახებ. გარდა ამისა: როგორ გავამრავლოთ ქონება და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხალისი მრავალი წლის განმავლობაში; როგორ გავუძღვეთ მეურნეობას და მოვაშენოთ შინაური ცხოველები და ფუტკარი; როგორ ვინადიროთ, ვითევზაოთ და ა.შ. თუმცა, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამადლობელ სიტყვაში თქვა, დაბრუნებული წიგნი მხოლოდ შინაარსის გამო როდია მნიშვნელოვანი:

„ეს ორი წიგნი არის არა მხოლოდ ნაწილი დიდი ბიბლიოთეკისა, არამედ მოწმე ევროპის ქარტეხილიანი ისტორიისა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის კოლექციებიდან თბილისში გატანილი ეს წიგნები, სხვა ათასობით წიგნთან ერთად, ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა ბიბლიოთეკების სარდაფებში და, ალბათ, სულ მალე არც არაფერი დარჩებოდა გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის ამ ნაწილისგან. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ არის ჩვეულებრივი ამბავი იმ ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობამაც მეორე მსოფლიო ომში დიდი დანაკლისი განიცადა“.

სპეციალისტების ვარაუდით, სულ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრ. წერეთლის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 70 ათასამდე ისეთი წიგნია, რომელსაც გერმანიის სახელმწიფო ან კერძო ბიბლიოთეკების შტამპებთან ერთად, ამჩნევია ნაალაფარის კვალი, ანუ შენახვის შიფრი რუსული ასოთი „И“, რაც ნიშნავს „Иностранный фонд“, ანუ „უცხოური ფონდი“.

ობის სოკოთი დაავადებულ წიგნებს საქართველოდან გერმანიის ქალაქ რიდენბურგში (Riedenburg) გერმანელი სპეციალისტები თავიანთი ხარჯით ჩაიტანენ. იქვე მოხდება წიგნების γ-დასხივებით დამუშავება და გასუფთავება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გერმანიის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა, რომ უმკურნალებენ როგორც გერმანიისთვის გადასაცემ, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კუთვნილ დაავადებულ წიგნებსაც, რომელთა დაცალკევება სპეციალურ დამუშავებამდე ვერ ხერხდება.

მაია ფანჯიკიძე: „შემოგვთავაზეს ამ წიგნების წაღება გერმანიაში სპეციალური ტრანსპორტით, γ-დასხივებით გაწმენდა, შემდეგ მეორე ეტაპის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, წიგნების გადარჩევა. ჩვენი სპეციალისტები მთელი ამ ხნის განმავლობაში იქნებიან იქ და ამ გადარჩევის შემდეგ დაიწყება განაწილება – ის, რაც საქართველოსია, დაბრუნდება უკან უკვე გაწმენდილი და გამოჯანმრთელებული, ხოლო რაც – არა, დარჩება გერმანიაში როგორც ჩვენი კეთილი ნების გამოხატულება“.

კეთილი ნების გამოსახატავად, საქართველოს პარლამნეტმა 2014 წლის საგაზაფხულო სესიაზე სპეციალურად შეიტანა ცვლილება „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ კანონში“, თუმცა ცნობილია, რომ ე.წ. ნადავლი წიგნების დიდი ნაწილი საქართველომ გერმანიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან  წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, დაუბრუნა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი და განათლების ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად ლექციებს კითხულობს ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში:

„ამ წიგნების დაბრუნება გერმანიისთვის იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მათი წაკითხვა არ ხერხდებოდა საქართველოში. სრულიად საღი წიგნები დავუბრუნეთ მაშინ გერმანიას და სწორედ ეს იყო კეთილი ნების გამოხატულება. რისი გამოყენებაც საქართველოშიც ძალიან კარგად შეიძლებოდა და რაც იყო მნიშვნელოვანი ფასეულობა, ის დაუბრუნდა პატრონს“.

ალექსანდრე კარტოზიას თქმით, გერმანიაში დაბრუნებულ წიგნებს შორის ჭარბობდა სამეცნიერო ლიტერატურა, გამოცემული მე-18-მე-20 საუკუნეებში, ერია იშვიათი გამოცემებიც.

„მახსოვს, მაგალითად, სტუდენტი როცა ვიყავი, ბიბლიოთეკაში ნასარგებლები მაქვს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის “კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე“ შესავლის (“ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ”) პირველი გამოცემით. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნის ხელში აღება არის დიდი სიამოვნება და სიხარული ამ დარგის სპეციალისტისთვის“, იხსენებს საქართველოს პარლამენტის ერვონული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი.

თუმცა, როგორც ჩანს, ალაფის სახით საბჭოთა კავშირში შემოტანილი წიგნები „ფართო მასებისთვის“ მაინც  ხელმიუწვდომელი იყო, განსხვავებით ნადავლი კინოფილმებისგან, რომელთა ჩვენებაც ომით გაღარიბებულმა საბჭოთა მთავრობამ ფულის მოგების მიზნით დაუშვა.

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, (19381953 წლებში) კანდიდ ჩარკვიანის შვილი გელა ჩარკვიანი 2014 წელს გამოცემულ ჩანაწერების წიგნში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ ფილმების გავლენამ საბჭოთა ადამიანებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„ალბათ, უპირველესად აღნიშვნის ღირსია „მზიური ველის სერენადა“ (Sun Valley Serenade). ფილმს თან ახლავს გლენ მილერის Crystal chorus-ით შემკული ჯადოსნური მუსიკა. სწორედ მან განაწყო საბჭოთა ახალგაზრდობის ესთეტიკურად მგრძნობიარე ნაწილი პროამერიკულად. …მიმაჩნია, რომ Chattanooga choo choo-მ უფრო მეტი გააკეთა საბჭოთა კომუნიზმის ძირგამოსათხრელად, ვიდრე ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ“. („ნაგერალა. ჩანაწერები“. გამ. „ინტელექტი“)

ნაალაფარ წიგნებს ასეთი გავლენა საბჭოთა მოქალაქეების ცნობიერებაზე არ მოუხდენია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი დიდი ნაწილი მეცნიერებისთვისაც კი ძნელად მისაწვდომი იყო. ნაალაფარ წიგნებთან შეხება არ ჰქონია პროფესორ ლევან ბრეგაძესაც, თუმცა, როგორც ცნობილი ლიტერატორი და გერმანოფილი ამბობს, მათი არსებობის შესახებ იცოდა:

„მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში ნადავლი წიგნების კლასიფიკაციასა და აღწერას აწარმოებდა ბეჟან გიორგაძე – ევროპული ენების კარგად მცოდნე მეცნიერი, რომელსაც ხელფასიც კი ჰქონდა ამ საქმისთვის დანიშნული. მასთან მისაუბრია ამ საკითხზე,  მაგრამ პირადად მე არასოდეს ჩამვარდნია ხელში ისეთი წიგნი, რომელსაც გერმანული ბიბლიოთეკის შტამპი ექნებოდა“.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ნადავლი წიგნების გერმანიისთვის დაბრუნება იმითაც არის გამართლებული, რომ საქართველოში ყოველთვის იგრძნობოდა ამ წიგნების ფლობით გამოწვეული სინდისის ქენჯნა, რის გამოც საზოგადოება ამ სიმდიდრეს ჯეროვნად ვერც მოიხმარდა:

„ეტყობა, ამ ნადავლს როგორც ნაქურდალს, ისე უყურებდნენ ჩვენთანაც და დანარჩენ საბჭოთა კავშირშიც, რადგანაც ამ წიგნებს ხალხი ვერ ხედავდა და ვერ იყენებდა. ეწყო, მაგალითად სარდაფში, და არავის აქედან მოგება არ უნახავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელთა განკარგულებაშიც იყო ეს წიგნები, შინაგანად მიიჩნევდნენ, რომ ისინი მათ არ ეკუთვნოდათ. ასე რომ, ეთიკურიც არის და მორალურიც ამ წიგნების უკან, პატრონისთვის დაბრუნება“.
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ომის ნადავლის პატრონისთვის დაბრუნება დაიწყო, რასაც, ლაშა ბაქრაძის თქმით, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგანაც რუსეთი (ნადავლის ძირითადი ნაწილის მფლობელი) არ აპირებს იმავეს გაკეთებას:

„როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები, მაგალითად საქართველო, აბრუნებს გერმანიაში წიგნებს თუ სხვა ნივთებს, ეს გარემოება გამოიყენება მორიგ საშუალებად, მიუთითონ რუსეთს, რომ მას აქვს ბევრი რამ დასაბრუნებელი“, ამბობს ლაშა ბაქრაძე.

პირველ რიგში ლაპარაკია ე.წ. პრიამოსის განძზე, რომელიც ჰომეროსის ილიადას მიხედვით, მეფე პრიამოსმა მიართვა აქილევსს უფლისწულ ჰექტორის ცხედრის გამოსასყიდად.

„მეფურ საზიდრით მოტანილი განძი დაარწყვეს –

ჰექტორის თავის საზღაური უძვირფასესი“. (რომან მიმინოშვილის თარგმანი)

ტროას ოქროდ წოდებულ ამ განძს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ნაქურდალივით მალავდა თითქმის მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

საქმე ის არის, რომ 1873 წელს შლიმანის (Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann) მიერ თურქეთში, ჰისარლიქის (Hissarlik) ბორცვზე წარმოებული გათხრებისას მიკვლეული განძი (10 ათასამდე ნივთი), ბერლინის დაცემის შემდეგ საბჭოთა კომენდატურას გადასცა პროფესორმა ვილჰელმ უნფერცაგმა (Wilhelm Unverzagt) – ბერლინში მდებარე პირველყოფილი და ძველი ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, რომელმაც არ შეასრულა ფიურერის ბრძანება და არ გადამალა განძი გერმანიის ჯერ კიდევ თავისუფალ, დასავლეთ ნაწილში.

1993 წლამდე „ტროას ოქრო“ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე რუსეთის ფედერაციის მთავრობამ არ გამოაცხადა, რომ განძი მოსკოვში ინახება.  რამდენიმე წლის წინ რუსეთის ხელისუფლებამ ნადავლი მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში გამოფინა და განაცხადა, რომ მისი კანონიერი მფლობელია.

როგორც ჩანს, არ ცდებოდა დიდი ფრანგი პოეტი და მოაზროვნე პოლ ვალერი, როცა ამბობდა: ქურდი კომიკოსია. ისე იქცევა, თითქოს ნივთი მას ეკუთვნისო.

© “არილი

Facebook Comments Box