“თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, საფეხბურთო მოედანზე ვისწავლე’’. ეს ფრაზა არც მიშელ პლატინის ეკუთვნის და არც კრიშტიანუ რონალდუს. ამ სიტყვების ავტორი მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული, ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი, ალბერ კამიუა. თავის დროზე კამიუს ამ ნათქვამმა სპორტული ჟურნალისტების დიდი სიხარული გამოიწვია. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ერთი წინადადება სრულად მაინც ვერ გადმოსცემდა მწერლის დამოკიდებულებას ფეხბურთთან. მით უმეტეს, რომ ეს იყო ამონარიდი მისი საუბრიდან, რომლის სრული ვერსია შემდეგნაირად ჟღერს : “თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, საფეხბურთო მოედანზე და თეატრის სცენაზე ვისწავლე. ორივე მათგანი ჩემთვის ცხოვრების ნამდვილ უნივერსიტეტად დარჩა’’.
ფეხბურთი და თეატრი, ორი სცენა! კამიუსთვის, ისევე როგორც პიერ პაოლო პაზოლინისთვის, ორივე ის ადგილია, სადაც ადამიანი მარტოსულად და იმავდროულად სოლიდარულად გრძნობს თავს. როგორც კამიუს შემოქმედების სპეციალისტი, ჟოზე ლანზინი, აღნიშნავს, ალბერ კამიუს ცხოვრებაში ამ ორი ფენომენის თანაარსებობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება 1953 წლის 23 ოქტომბერს პარიზში, პარკ დე პრენსის სტადიონზე გამართული მატჩია, სადაც ერთმანეთს პარიზის რასინგ კლუბი და მონაკოს გუნდი დაუპირისპირდა. ამ მატჩს პარიზის “ნაღები საზოგადოება’’ ესწრებოდა, ამიტომ მას ჟურნალისტების მთელი არმია აშუქებდა. მოულოდნელად, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ მარტომ გაარღვია მოედნის ცენტრი და უძლიერესი დარტყმით ბურთი ფრანგების მეკარის ბადეში გაახვია. სწორედ ამ დროს კამერა ნელა დაეშვა და 35 000 მაყურებლიდან მხოლოდ ერთი გამოარჩია. ეს გულანთებული გულშემატკივარი ლაბადასა და ჰალსტუხში გამოწყობილი, დიდი განცდებისგან უკვე ფეხზე წამომხტარი, 44 წლის, ცოტა ხნის წინ ნობელის პრემიით დაჯილდოებული, ალბერ კამიუ იყო.
მწერლისთვის კარგად იყო ნაცნობი მეკარის “უბედურება’’, ის თვითონაც არაერთხელ ყოფილა მსგავს სიტუაციაში, ამიტომ მეკარე თანაგრძნობით დაიცვა: “არ უნდა უსაყვედუროთ. როცა ორ ძელს შორის აღმოჩნდები, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ყველაფერი ძალიან რთულია’’. დიდების შარავანდედით შემოსილმა ახალმა ეროვნულმა გმირმა იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა და თითქოს იმიტომ, რომ თავისი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა, დასძინა: “მე ალჟირის რასინგ უნივერსიტერის მეკარე ვიყავი’’.
როგორ შეიძლება აიხსნას სიტყვის დიდოსტატების ასეთი დიდი გატაცება სპორტის ამ ერთი შეხედვით ბარბაროსული და ძველმოდური სახეობით? ეს ხომ არც ჩოგბურთია და არც ცხენოსნობა! რატომ არიან მწერლები ფეხბურთზე ასე შეყვარებულები? ნუთუ ოცდაორი გადარეული ადამიანის ლამაზ მინდორზე თავდავიწყებით ბურთის დევნაა ამის მიზეზი? არა, რა თქმა უნდა. მიზეზი სხვაგან იმალება. ფეხბურთი ცხოვრების ფილოსოფიაა და ბედისწერა მის შედეგებზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს იმედის, სოლიდარობის, შეუპოვრობის და მიტევების დიდი სკოლაა. ინტელექტუალისთვის, მწერლისთვის, ფეხბურთი ემოციების დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენს, მსახიობისთვის კი მატჩი ბაროკოს ეპოქის პოეტური სპექტაკლია. როცა მწერალი ფეხბურთს თამაშობს, მისი გული და გონება მხოლოდ ერთი რამითაა დაკავებული. მას ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავი ავიწყდება და ნოსტალგია ეძალება. თვით მამაკაცური ძლიერი საწყისიც კი დროებით უკანა პლანზე გადადის და მინდორზე გასულს თავი ბავშვი ჰგონია. იგი ის პატარა ბიჭია, რომელიც საკუთარ ეზოში ან სკოლის სპორტულ მოედანზე გამწარებული დასდევს ბურთს და თუ გოლიც გაიტანა, მაშინ ხომ მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ის უკვე ზრდასრული მამაკაცია და მოზარდივით ვეღარ დარბის; მალევე იღლება და ცოტა ხნით ჩერდება. აი, სწორედ აქ უბრუნდება რეალობას და ისევე უცაბედად ეშვება მიწაზე, როგორ ელვისუსწრაფესადაც ღრუბლებში აიჭრა. მაშ, რა გამოდის, რა უხაროდა? რა იყო მისი ამგვარი აღტყინების და სიხარულის მიზეზი ან რა აღარ მოსწონს? რეალობასთან დაბრუნება; ზუსტად ეს არ უნდა; მას გაქცევა მოსწონს, რადგან კამიუს “უცხოს’’ გმირის, მერსოსი არ იყოს, ამ ქვეყანაში თავს უცხოდ გრძნობს და თუნდაც რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც, წარმოსახვით სამყაროში ყოფნა ურჩევნია.
ალბერ კამიუს ეს ოცნებაც, ეს გაქცევაც არ შეეძლო. მას უფლება არ ჰქონდა ბავშვობას ცოტა ხნით მაინც დაბრუნებოდა, რადგან ვერაგმა ავადმყოფობამ და ექიმების დაჟინებულმა მოთხოვნამ აიძულა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ საკუთარი გუნდის და საერთოდ, ფეხბურთის დიდ ქომაგად დარჩენილიყო.
ფეხბურთის თამაში ალბერ კამიუმ, როგორც ფეხბურთზე შეყვარებულმა ბევრმა სხვა მწერალმა, ბავშვობიდან დაიწყო. მაშინ, როცა ალჟირში, ღარიბი ევროპელებით დასახლებულ კვარტალში, ბელკურში გადავიდნენ საცხოვრებლად. ალბერისთვისაც, ისევე როგორც ბევრი მისი თანატოლისთვის, ფეხბურთით გატაცება სკოლის ეზოში თამაში იყო. მშობლიური სკოლის ეზო მისთვის ყველაზე მიმზიდველ მოედანს წარმოადგენდა. ალბერი იქ ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში.
ჭეშმარიტი საფეხბურთო კარიერა კი მაშინ შედგა, როცა ალბერ კამიუ მონპასიეს სპორტული ასოციაციის ფეხბურთის გუნდის მეკარე ოფიციალურად გახდა; თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1929 წელს, კამიუმ ოცნება აიხდინა და ალჟირის საფეხბურთო კლუბის, რასინგ უნივერსიტერის კარის ღირსების დამცველი გახდა. ალბერს არასოდეს სდომებია კარში მდგარიყო. პირიქით, ის აქტიურ მოქმედებაზე, მოედნის დალაშქვრაზე ოცნებობდა, მაგრამ მის ამ ჩუმ ნატვრას ახდენა არ ეწერა; არა იმიტომ, რომ თამაში არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ძალიან პრაგმატული, ყოფითი მიზეზი ჰქონდა: ფეხბურთის კარი მინდორზე ის ადგილი იყო, სადაც ბუცებს ძალა არ ადგებოდა და ამის გამო ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა პეწს, უბრალოდ მალე არ იცვითებოდა. ალბერს არასოდეს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ ახალი ბუცები ეყიდა. სახლში მისულს კი ბებია ყოველ საღამოს საგულდაგულოდ უთვალიერებდა ფეხსაცმელს და, თუ საჭირო გახდებოდა, თვითონვე იყო შვილიშვილის მეწაღე და ხელში ნემს- და ძაფმომარჯვებული გულმოდგინედ კერავდა მის დახეულ სპორტულ ფეხსაცმელს, რათა მეორე დღეს ბიჭს თამაში შესძლებოდა. იმ ცოტა ხნის მანძილზეც კი, როცა კამიუ თავისი სათაყვანებელი გუნდის მეკარე იყო, ალბერმა როგორც თვითონ ამბობს, ბევრი რამ ისწავლა. სწორედ მაშინ შეძენილი გამოცდილება გახდა მისი ცხოვრების თანამდევი და განუყოფელი ნაწილი. ალბერმა მოგებაც ისწავლა და წაგებაც. მას აღარც მოგებული მატჩის შემდეგ მიაჩნდა თავი მამაღმერთად და აღარც წაგებულ თამაშს აღიქვამდა სამყაროს დასასრულად. გუნდურმა თამაშმა ალბერი ცხოვრების ბევრ საიდუმლოს აზიარა და ადამიანური ბუნების ყველაზე დაფარული ადგილები დაანახა, რამაც მოგვიანებით მის შემოქმედებაშიც ჰპოვა ასახვა.
ახალგაზრდა ალბერისთვის ალჟირის რასინგ უნივერსიტერში თამაში ღირსების საქმე იყო. კამიუს ერთ-ერთი მეგობარი, ალჟირელი მწერალი, ემანუელ რობლესი ალჟირის რასინგ უნივერსიტერისა და ალბერ კამიუს შესახებ საუბრისას განმარტავდა, რომ ამ გუნდს ალბერი ალჟირელების ეროვნული მეობის, ჭეშმარიტი იდენტურობის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქვამდა. სწორედ მისი ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავდა ალბერის თავდაუზოგავ ვარჯიშს და მონდომებას – ყოფილიყო სანიმუშო მეკარე. თუმცა სწორედ ერთ-ერთი ასეთი მომქანცველი თამაშის დროს ძალიან გაოფლიანდა, სახლში დაბრუნებული გაცივდა და 17 წლის ასაკში ტუბერკულოზით დაავადდა. ამ მომენტმა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა: კამიუ იძულებული გახდა, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა. ეს ავადმყოფობა ალბერისთვის ნამდვილი წყევლა იყო. მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება, გამხდარიყო საუკეთესო მეკარე და დიდი ფეხბურთელი, ოცნებად დარჩა. თუმცა იმ წლების დავიწყება ვერ შეძლო და ფეხბურთის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა. სამწუხაროდ, იგი განწირული იყო, ტუბერკულოზისგან განკურნება ვერ შეძლო და ვერც მეორე ოცნება აისრულა; საუნივერსიტეტო კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობა.
კამიუ რეგულარულად ესწრებოდა ფეხბურთის მატჩებს. ალჟირის რასინგ უნივერსიტერი კი მისთვის ყველაზე ძვირფას გუნდად დარჩა. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ის პარიზის რესინგ კლუბის თამაშების საყურებლად დადიოდა სტადიონზე და მისი აქტიური გულშემატკივარი გახდა. “უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე პარიზის რასინგ კლუბის თამაშების სანახავად ვივლი, რომელიც ჩემი ფავორიტი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ გუნდის ფეხბურთელებს ისეთივე მაისურები აცვიათ, როგორსაც ალჟირის რასინგ უნივერსიტერის მოთამაშეები ატარებდნენ: თეთრი და ლურჯი ფერის ზოლებით’’, – ამბობდა კამიუ. ალბერი ფეხბურთის კარგი შემფასებელიც იყო. პარიზის რასინგ კლუბზე საუბრისას იგი ამბობდა: “პარიზის რასინგს იგივე თვისებები ახასიათებს, რაც ალჟირის რასინგ უნივერსიტერს. ის “აკადემიურ’’ ფეხბურთს თამაშობს და აკადემიურად აგებს იმ მატჩებს, რომლებიც, წესით, უნდა მოეგო’’, – ამბობდა ის გაზეთ რუასთვის (RUA) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შემდგომ “ფრანს ფუტბოლმა“ დაბეჭდა.
მიუხედავად კამიუს დროდადრო გამოქვეყნებული შეფასებებისა, ის არც ფეხბურთის დიდი თეორეტიკოსი გამხდარა. ჟოზე ლანზინის თქმით, კამიუ ხშირად ლაპარაკობდა ფეხბურთზე, რადგან ერთგულება მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი იყო. უნდოდა, თავის ბელკურზე ესაუბრა, იმიტომ, რომ ის ერთგულად ინახავდა ამ ღარიბი ევროპელებით დასახლებული კვარტლის მოგონებებს. ფეხბურთი კამიუსთვის ბავშვობის ნაზი სურნელით გაჟღენთილი ის საიდუმლო ბაღია, რომელიც ალჟირში, ბელკურის ღატაკ უბანში იწყება და იქვე მთავრდება. როცა 1953 წელს, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, ის კიდევ ერთხელ შეეცდება მოირგოს ბუცები, ალბერში ის პატარა ბიჭი გაიღვიძებს, რომელიც დღედაღამ ბურთზე ოცნებობდა.
1957 წელს ალბერ კამიუს ნობელის პრემია მიენიჭა. მიღებული ფულით მწერალმა საფრანგეთის სამხრეთით, ხმაურიანი პარიზისა და ალჟირისგან შორს, სოფელ ლურმარენში სახლი იყიდა, სადაც ზაფხულის საღამოებით ტკბებოდა და ცოტა ხნით ტკბილ მოგონებებში იძირებოდა. კვირაობით კამიუ სოფლის საფეხბურთო მოედნის ხშირი სტუმარი იყო და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ლურმარენისა და მეზობელი სოფლების ბავშვთა გუნდების თამაშებს. მას არც ზრდასრულ ასაკში განელებია ფეხბურთის სიყვარული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ნოსტალგიაზე, რაც თამაშის იძულებით შეწყვეტას უკავშირდებოდა; ალბერს ხომ ოდესღაც ის იმედი ასაზრდოებდა, რომ დიდი ფეხბურთელის კარიერას შესწვდებოდა. ალბათ ამიტომაც, ამ განუხორციელებელი მოლოდინის კომპენსაციისთვის, მან ლურმარენის ბიჭუნათა გუნდის დაფინანსება დაიწყო; იქამდეც კი მივიდა, რომ გუნდისთვის მაისურებსაც თვითონ ყიდულობდა.
გასაკვირი აღარაა, რომ ფეხბურთის ასეთმა დიდმა სიყვარულმა გამოძახილი მის შემოქმედებაშიც ჰპოვა. კამიუს “უცხოში’’ სტადიონიდან დაბრუნებული მაყურებლები, სწორედ ალჟირის რასინგ უნივერსიტერის გულშემატკივრები არიან და ისინი კამიუს საყვარელი გუნდის ჰიმნს მღერიან. “შავი ჭირის’’ გმირები, გონსალესი და რამბერი, იმაზე კამათობენ, ვინ უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის, ცენტრალური თავდამსხმელი თუ ცენტრალურ დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელი. “დაცემის’’ გმირისთვის კი, კლემანსისთვის, ხალხით გადაჭედილი ფეხბურთის სტადიონი და მაყურებლებით სავსე თეატრის დარბაზი, უცოდველობის თანაბარ განცდებს იწვევენ. “პირველი ადამიანის’’ გმირიც, კორმერი, სწორედ ლიცეუმის მეკარე გახდება.
როდესაც კამიუ “შავ ჭირზე’’ მუშაობდა, რომანის რამდენიმე ვერსია შექმნა. მისი დღიურის ჩანაწერებში ჩანს, რომ თითქმის ყველა ვერსიაში რომანი ან ფეხბურთის მატჩით იწყებოდა, ან ფეხბურთზე მსჯელობით, თუმცა არცერთი ეს ჩანაწერი წიგნში არ მოხვედრილა. სიტყვა “ფეხბურთი’’ კი კამიუს მთელ შემოქმედებაში იშვიათად გვხვდება. თითქოს უფრთხილდებოდა მის ხმამაღლა წარმოთქმას, თითქოს ადამიანური ურთიერთობის ეს ფორმა და თვით სიტყვა -ფეხბურთის – ჟღერადობაც კი ნაკლებად პოეტური იყო საიმისოდ, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებში მოხვედრის ღირსი გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, თავის სათაყვანებელ სპორტს ალბერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა და სადაც საშუალება ეძლეოდა, ყველგან ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ფეხბურთის წყალობით ბევრი რამ ისწავლა, რაც შემდგომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგა.
საინტერესოა, როგორი იქნებოდა კამიუს შემოქმედება, რომ არა ფეხბურთით გამოწვეული ტუბერკულოზი და ცხოვრების მეტამორფოზა? ჩვენი არსებობა ხომ მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე და არასოდეს ვიცით, როდის და რომელ საფეხურზე წავიბორძიკებთ. იქნებ სამყარომ დიდი ფეხბურთელი დაკარგა?
მოამზადა ნანა ლალიაშვილმა
© “არილი”