ესე (თარგმანი)

ალბერ კამიუ – ლამაზი დროება

albert camus football 34

მართალია, რამდენიმე წელი ვითამაშე ალჟირის რასინგ უნივერსიტერში (საფეხბურთო გუნდი RUA – Racing Universitaire Algerois – მთარგმ. შენ.) და გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი, მაგრამ როცა 1940 წელს ბუცები ხელახლა მოვირგე, მივხვდი, რომ ეს მთლად გუშინ აღარ ხდებოდა. ჯერ პირველი ტაიმი არ იყო დამთავრებული, მე კი ისეთი ენაგადმოგდებული დავრბოდი მოედანზე, როგორც კაბილელი ძაღლები დაძუნძულებენ აგვისტოს ხვატში, შუადღის ორ საათზე  ტიზი-უზუში. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ხდებოდა, მგონი 1928 წელი იყო,  მერეც,  მომდევნო წლებშიც ვთამაშობდი. ჩემი დებიუტი მონპასიეს სპორტულ ასოციაციაში შედგა. ცოტა უცნური იყო, იმიტომ, რომ ბელკურში ვცხოვრობდი და ბელკურ-მუსტაფას უბნელი ყველა „გალიაში“ თამაშობდა. ასე იმიტომ გამოვიდა, რომ ერთი ბანჯგვლიანი ძმაკაცი მყავდა, რომელიც ჩემთან ერთად პორტში ცურავდა და წყალბურთს მონპასიეს სპორტულ ასოციაციაში თამაშობდა. ზოგჯერ სრულიად უბრალო  მიზეზის გამო იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას და ეს ნაბიჯი მერე მთელი მათი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. მეც ასე დამემართა. რატომღაც მონპასიეს სპორტული ასოციაციის ფეხბურთელთა გუნდი ყველაზე ხშირად მანევრის მინდვრებში თამაშობდა ფეხბურთს. ეს მინდორი კი ბორცვებით ისე იყო სავსე, ორანში, ალანდას სტადიონზე მოთამაშე ცენტრალური თავდმსხმელის დამტვრეულ-დალეწილი წვივებიც ვერ შეედრებოდა. სწორედ მაშინვე მივხვდი, რომ ბურთი არასოდეს მოგივა იმ მხრიდან, საიდანაც ელოდები.  ეს გაკვეთილი მთელი ჩემი არსებობის მანძილზე გამყვა, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც გაბედულება და სიმამაცე უცხო ხილია. მონპასიეს სპორტული ასოციაციის გუნდში ერთი წელი ვითამაშე და ერთიანად დალურჯებული ვიყავი. ლიცეუმში შემარცხვინეს, მითხრეს, “უნივერსიტეტელი’’ აუცილებლად “ალჟირის რასინგ უნივერსიტერში’’ უნდა თამაშობდესო. ზუსტად ამ დროს ჩემს ბანჯგვლიან ძმაკაცსაც დავშორდი. კი არ დავმდურვებულვართ, უბრალოდ, ბანჯგვლიანმა გადაწყვიტა პადოვანში ეცურა, სადაც წყალი უწმინდურია. სიმართლე რომ ვთქვა, არც მისი განზრახვა იყო მთლად წმინდა. მისი წასვლის ნამდვილი მიზეზი ქალი იყო, თუმცა ჩემმა მეგობარმა ეს ამბავი დამიმალა. ჩემი აზრით, მშვენიერი ქალი იყო, მაგრამ ცუდად ცეკვავდა, მე კი ეს ქალისთვის დაუშვებლად მიმაჩნდა. ცეკვის დროს მამაკაცი უნდა აბიჯებდეს ქალს ფეხს და არა პირიქით, ასე არაა? მაშინ მე და ჩემმა ძმაკაცმა ერთმანეთს უბრალოდ პირობა მივეცით, რომ დრო და დრო შევხვედებოდით ხოლმე. მაგრამ წლები ისე გავიდა, ერთმანეთი აღარ გვინახავს. კარგა ხნის შემდეგ,  მე რესტორან პადოვანის ხშირი სტუმარი გავხდი (ავი განზრახვა არ მედო გულში), მაგრამ ჩემს ძმაკაცს აღარ შევხვედრივარ. მან თავის მძიმეწონიან ქალბატონზე იქორწინა და როგორც იქაური ადათ-წესები მოითხოვდა, ცოლმა ცურვა აუკრძალა.

რას ვამბობდი? ჰო, რუაზე ვლაპარაკობდი. ალჟირის რასინგ უნივერსიტერში ძალიან მინდოდა მოხვედრა, ჩემთვის მთავარი ფეხბურთის თამაში იყო. ხუთშაბათი ვარჯიშის დღე გვქონდა, კვირაობით კი თამაშები იმართებოდა, ჯერ კვირიდან ხუთშაბათამდე ხომ მოუთმენლობისგან ვცქმუტავდი, მერე ხუთშაბათიდან კვირამდე, თამაშამდე, ვეღარ ვითმენდი. ჰოდა, ამიყვანეს ამ გუნდში. ალჟირის რასინგ უნივერსიტერის ახალგაზრდული შემადგენლობის მეკარე გავხდი. ჰოდა, მაშინ ყველაფერი მარტივი მეჩვენებოდა. რა ვიცოდი, რომ ამ გუნდთან ისეთი რამ დამაკავშირებდა, რაც ძალიან დიდხანს, წლების მანძილზე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და რომელ მხარეშიც არ უნდა მეთამაშა,  ყველგან გამყვებოდა.  ეს უხილავი ძაფები არასოდეს გაწყდებოდა. რა ვიცოდი მაშინ, რომ ოცი წლის შემდეგაც კი, პარიზისა თუ ბუენოს-აირესის ქუჩებში, შემთხვევით შეხვედრილი მეგობრის მიერ ალჟირის რასინგ უნივერსიტერის ხსენებაც კი ისე ძალუმად ამიჩქროლებდა გულს, მეტი რომ აღარ შეიძლება (ასეც მომსვლია). და რაკი გული გადაგიშალეთ, გამოგიტყდებით, რომ მაგალითად, პარიზის რასინგის კლუბი ჩემი ფავორიტი გუნდი იმიტომ გახდა და მაგათ თამაშებზე  იმიტომ დავდივარ, რომ იგივე მაისურები აცვიათ, რაც ალჟირის რასინგ უნივერსიტერის მოთამაშეებს გვეცვა, თეთრი და ლურჯი ზოლებით. უნდა ითქვას,  რომ რასინგის ფეხბურთელებს იგივე ამბავი ჭირთ, რაც უნივერსიტერის მოთამაშეებს; ისინიც, რასაც ქვია,  “აკადემიურ’’ ფეხბურთს თამაშობენ და “აკადემიურადვე’’ აგებენ იმ მატჩებს, რომლებიც, წესით, ნაღდად მოსაგებია. როგორც ლეფევრი (პოლ ლეფევრი, რასინგ უნივერსიტერის ფეხბურთელი  – მთარგმ. შენ.) ამბობს, ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რასინგ უნივერსიტერში მაინცო. მართლა საჭიროა, რომ ასეთი თამაში შეიცვალოს, თუმცა ძირფესვიანად არა. ბოლოს და ბოლოს, ჩემი გუნდი ასე ძალიან ამიტომაც მიყვარდა: იმ არაჩვეულებრივი მატჩებისთვის, რომლებიც  ქანცგაწყვეტისა და  წარმოუდგენელი  ძალისხმევის ფასად მოგვიგია;  ასევე ტირილის იმ სულელური სურვილისთვისაც,   წაგებული თამაშების საღამოებში რომ გეძალება.

დაცვას “დიდი’’ რემონ კუარი ამაგრებდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, რემონს მაგარი ჯაფა ადგა. ძირითადად ძალისმიერ ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ. “სტუდენტები, მამიკოს ბიჭები’’,  – ასე გვეძახდნენ.  შეგვერქვა და ვერსად გავექეცით. არადა, ალჟირის რასინგ უნივერსიტერის ფეხბურთელები ყვალანი ღარიბ-ღატაკები ვიყავით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გუნდის წევრების ნახევარზე მეტი ისეთი ჯიბეგამოფხეკილი იყო, გროში არ უჭყაოდა. სხვა გზა არ გვქონდა, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვდგომოდით  და “კორექტულად’’ გვეთამაშა, რადგან ეს ალჟირის რასინგ უნივერსიტერის ოქროს წესი, დაუწერელი კანონი გახლდათ. თანაც “შემტევი’’ ფეხბურთი უნდა გვეჩვენებინა, ბოლოს და ბოლოს კაცები ვიყავით, ჩვენც ვაჟკაცობაზე ვდებდით თავს. რთული ამოცანა კი გვედგა. ყველაზე ძნელი თამაში ოლემპიკ ჰუსეინ დეის მოედანზე გვქონდა. სტადიონი სასაფლაოს გვერდით იყო.Mმოურიდებლად გვექადნებოდნენ, პირდაპირ მაგ საფლავებში ჩაგაწვენთო. რაც შემეხება მე, საცოდავ მეკარეს, არაერთხელ მომხვედრია მწარედ. რემონის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. მოწინააღმდეგე გუნდში კი ბუფარიკი თამაშობდა (ჩვენ საზამთროს ვეძახდით), ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც წამდაუწუმ მთელი ძალით მეჯახებოდა ხოლმე. არც სხვები მაკლებდნენ: ბუცების ჭვინტებს  ფეხებში  მიბათქუნებდნენ, მაისურზე ხელით მექაჩებოდნენ, მუცელში და “შიგ იმაში“ მუხლებს მირტყამდნენ, კარების ძელებს სენდვიჩებს ესროდნენ და მოკლედ, რა ვიცი, კიდევ რა. თანაც ყოველ ჯერზე, “საზამთრო’’ ფრანცისკანული ღიმილით მეუბნებოდა: “მაპატიე, შვილო’’.

მეყოფა, აქ გავჩერდები. უკვე ლეფევრის მიერ დაწესებულ საზღვრებს გადავცდი. თანაც მიმტევებელი ვხდები. თვით “საზამთროსაც’’ ჰქონდა რაღაც დადებითი. გულახდილები უნდა ვიყოთ, რადგან, სხვათა შორის, სამაგიერო გადავუხადეთ. თუმცა  თამაშის წესები არ დაგვირღვევია. იმიტომ, რომ ალჟირის რასინგ უნივერსიტერში სწორედ ამას გვასწავლიდნენ. ახლა კი მართლა არ ვხუმრობ. მას შემდეგ, რაც წლები გავიდა და ცხოვრებამ ბევრი რამ დამანახა, ჩემთვის ერთი რამ ცხადზე ცხადია: თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, სპორტს უნდა ვუმადლოდე, ყველაფერი ალჟირის რასინგ უნივერსიტერში ვისწავლე. სწორედ ამიტომაც არ შეიძლება,  ეს გუნდი დაიშალოს. შეგვინარჩუნეთ რასინგი. შეგვინარჩუნეთ ჩვენი სიყმაწვილის ეს დიადი და კეთილშობილი ხატება.  ის თქვენს ბავშვობასაც დაიცავს.

© “არილი


[1] გამოქვეყნებულია გაზეთში “რუა’’ ( RUA’).  ოთხშაბათი, 15 აპრილი, 1953

Facebook Comments Box