პოეზია

ლია ლიქოკელი – მე პაპაჩემი მძულდა და სხვ. ლექსები

lia liqokeli 3636

* * *

მე პაპაჩემი მძულდა და მინდოდა, მომკვდარიყო.
მძულდა მისი წყლისფერი თვალები, როცა მიყურებდა და ვგრძნობდი,
ერჩია, ვინმე სხვა დაენახა.
მძულდა მისი ქუდი, რომელსაც მხოლოდ ძილში იხდიდა
და ბავშვობიდან ვიცოდი, დავისჯებოდი, თუ შევეხებოდი.
მძულდა სახლის სიჩუმე მისი შინ ყოფნისას,
თითისწვერებზე სიარული და სიცილის მოთმენა, როცა ხასიათზე არ იყო.
მძულდა ჯოხი, რომელსაც ძროხებს ურტყამდა და ზოგჯერ ჩემს კატას,
ცული, რომლითაც ტყეში დადიოდა
და ხეებს ხოცავდა
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სანამ სიარული შეეძლო.
მძულდა მისი მსუბუქი, მოძრავი სხეული,
რომელსაც ვერაფრით ეწეოდა სიბერე.
და ვფიქრობდი, ვერც სიკვდილი დაეწეოდა.

წელიწადში ორჯერ მიდიოდა ქალაქში მანქანის ნაწილების საყიდლად,
ან რაღაც სხვა საქმის მომიზეზებით.
აუცილებლად შეივლიდა აბანოში და ნავთლუღის ბაზარში,
საიდანაც მოჰქონდა ბევრი უსარგებლო ნივთი
და ჭრელი საკაბეები დედაჩემისთვის.
ერთხელ ყური მოვკარი, ამბობდნენ, რომ ქალაქში ქალი ჰყავს,
და წელიწადში ორჯერ მისთვის მიაქვს ბებიაჩემის გაკეთებული ყველი.
უკან დაბრუნებულს მოჰქონდა ავტობუსების სადგურში ნაყიდი
ძველი, ძნელად დასაღეჭი თაფლაკვერები.
ის თაფლაკვერები ყველაფერს მერჩია და ისე ვჭამდი, არავის გაეგო.
ვჭამდი და ვფიქრობდი, რომ ეს კაცი არასოდეს მოკვდება.

როცა ბებიაჩემი აღარ იყო, ყველა ამბობდა, რომ ძალიან დააკლდა.
მე კი ვფიქრობდი, რომ ასე უკეთესად ცხოვრობს, –
დამთავრდა ყოველდღიური ჩხუბი
მიწამდე დახრილ, ხერხემალზე ცხოვრებაგადაკიდებულ ბებიაჩემთან,
და ზუსტად ვიცოდი, რომ დამნაშავეა –
მასთან მოსული სიკვდილი გააცურა და ჩემი გატანჯული ბებია შეაჩეჩა.

მერე თანდათან მოტყდა.
ტყეში ვეღარ დადიოდა, კიდევ უფრო დამძიმდა და გართულდა.
მე კანი მეწვოდა მისი თვალებისგან
და ყოველდღე ვუყრიდი საჭმელში უზომოდ ბევრ მარილს და წიწაკას,
იმდენად ბევრს, რომ მთელი დღეები ხველება ახრჩობდა.
მაგრამ ხმას არ იღებდა. მიყურებდა და ჭამდა.
და მე ვფიქრობდი, რომ ეს სიძულვილი არის ჩემი ჯოჯოხეთი.
მერე რამდენჯერმე მძაღე ღვინის ძმრით გაჟღენთილი
საზამთროს ნაჭრები ვაჭამე.
ხმა არ ამოუღია.
და ვიფიქრე, რომ ეს არის ჯოჯოხეთზე მეტი
და ჩემს თავში ცხოვრება აღარ შემიძლია.

ბოლოს დაპატარავება დაიწყო.
მეხსიერებაც დაკარგა და მოძრაობის უნარიც.
თოთო ბავშვივით უვლიდა მამაჩემი,
კოვზით აჭმევდა და საფენებს უცვლიდა.
ზუსტად ერთი წელი კვდებოდა,
და როცა ყველაფერი დამთავრდა,
მე დიდხანს მესიზმრებოდა, როგორ ბრუნდება სახლში
საიმედოდ დამარხული პაპაჩემი,
როგორ მიყურებს ღვინის ძმარში დამბალი თვალებით,
როგორ ჩამოსდის ნიკაპზე საჭმლის წიწაკიანი წვენი,
და ვიცოდი, რომ მხოლოდ ამის გამო,
თუნდაც მხოლოდ ამის გამო
ვისაც გავაჩენ, ვერ შემიყვარებს, სანამ არ მოვკვდები.

ახლა ვიცი, როგორ მიყვარდეს.
მიყვარდეს ბობოქარი, მძიმე და უჟმური,
ზუსტად ჩემნაირი პაპაჩემი,
ყველასგან შეუყვარებელი,
ქალაქიდან თაფლაკვერების მზიდავი უჯიშო შვილიშვილებისთვის,
კაცი, რომელმაც იარა, იარა და ბოლოს მაინც ბებიაჩემს მიუწვა
მიტოვებული სოფლის სასაფლაოზე.
ახლა ვიცი, მაგრამ მესამე ზედმეტია,
და ყველა ზედმეტია –
ისინი, ორნი,
ერთად წვანან და იციან, რომ არავინ უყურებს.

ხვალ თმას გადავიპარსავ

ხვალ თმას გადავიპარსავ.
გამომიჩნდება დიდი ცხვირი და დიდი ყურები.
უფრო მკვეთრად დამეტყობა ჭორფლი
და სილურჯე თვალების გარშემო,
როგორც ასწლიანი უძილობის ნიშანი.
ქუჩაში გამოსვლისას
მივიღებ გამომეტყველებას, თითქოს ჩემზე ცხოვრებამ იარა.
ვივლი მკლავების ქნევით
და სიცხისგან ძარღვებამოყრილი ჩემი ხელები
დაემსგავსებიან კაცის ხელებს,
რომელმაც სახლი ააშენა,
შვილები გზაზე დააყენა
და უკანა ეზოში საკუთარი საფლავის ქვას ინახავს.
ვივლი ბეჭებში მოხრილი, ფეხების თრევით,
ცხელ შუადღეში წყლის საძებნელად გამოლასლასებული აქლემივით,
ჩემი ზურგი ამოიზრდის კუზს
და მივიღებ გამომეტყველებას, თითქოს ჩემიდან
სადაცაა რაღაც ამოფეთქავს,
უჩვეულო და მნიშვნელოვანი.

ვივლი ქუჩაში ფართო და უფორმო,
ჩინურ მაღაზიაში ნაყიდი ძალიან იაფი შარვლით,
გამოვჩნდები უფრო დაბალი
და რომანტიკულად ღარიბი.
ადვილად შესამჩნევი ნაოჭები მოშიშვლებულ შუბლზე
და ტუჩების გარშემო
ყველას აგრძნობინებენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადავიტანე.
ამოჩრილი ლავიწის ძვლები და წვრილი კისერი
ილაპარაკებენ, რომ არავინ შემიყვარა
და დიდი ხანია, არავინ მომფერებია.

ვინმე გულმოწყალეს ჩემი დანახვისას გაუჩნდება სურვილი,
სახლში წამიყვანოს და მაჭამოს.
რომელიმე შემხვედრს ვეტყვი, რომ ჩემი თმის სული
მოჩვენებად იქცა და მოსაკლავად დამდევს,
და ვაფიქრებინებ, რომ
ჩემთან ურთიერთობა საშიშია.

ვივლი დაბრეცილი, ცალ მხარზე ჩამოკიდებული
მძიმე, თაგვისფერი ზურგჩანთით
და ვინმე იფიქრებს, რომ სადაცაა ჩემი თავის ნაწილებს
სათითაოდ ამოვალაგებ
და ქუჩის კუთხეში მწვანილივით გავყიდი.

ხვალ თმას გადავიპარსავ,
ქუჩაში გამოვალ
და ჩემი შიშველი თავი იქნება ნიშანი,
რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე გავაკეთე.
ვივლი დაღამებამდე და შემოვივლი ყველა ქუჩას
გამომეტყველებით, თითქოს ყველა ქვესკნელი უკვე შემოვიარე,
და როცა რომელიმე ცარიელ ბაღში
უჩიტისბუდეებო ხის ქვეშ ნადირივით მივწვები,
აპარსულ, დაბრტყელებულ კეფას
ცივ ქვაზე დავდებ
და მივიღებ გამომეტყველებას,
რომ ძალიან ვიცხოვრე
და ძალიან დავიღალე.

ლეგნია

აქ ჩემი დედობილი ძროხა ცხოვრობდა.
ლეგნია ერქვა.
ცხოვრობდა დიდი ხნის წინ.
იმდენად დიდი ხნის წინ, ალბათ სწორი იქნება ვიფიქრო, რომ დავბერდი.
მითხრეს, რომ მისი რძით გავიზარდე.
ჰქონდა მსხვილი ძვლები,
ყველა ძროხაზე განიერი მუცელი,
ყველა ძროხაზე დარდიანი თვალები,
და საკუთარი, სხვებისგან იზოლირებული კუთხე ძროხების სადგომში.

ოთხი დღეა სტუმრად ვარ სახლში, სადაც დავიბადე.
ოთხი დღეა გადაუღებლად წვიმს.
ვჯდები ცარიელი საძროხის წინ,
ვუყურებ ნაწვიმ ჭინჭარს და დიყს,
ვბერდები,
და ვფიქრობ შავ, დიდმუცლიან ძროხაზე.
აქამდე არ გამხსენებია.
არ მახსოვს, როდის დაკლეს.
ალბათ ძნელად მოიხარშა მისი ხორცი.
ალბათ ვჭამე.
ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა ხნით მისი ხბო ვიყავი,
და ეს ერთადერთი მოსაჭიდებელი ფიქრია
ჩემი გაბმული წვიმების უკანასკნელ წვიმაში.

ვზივარ. ოთხი დღეა ხმა არ ამომიღია.
ზურგთან მიდგას ცარიელი გომურის
ნეხვით გალესილი კედელი.
ზოგჯერ მგონია, დაიხრება, მხრებზე შემომეხვევა.
მორღვეული კარიდან
შავი, დავიწყებული ძროხის ჩრდილი გამოდის.
მგონია, მოვა, შუბლს ამილოკავს.
მე ხბოსავით შევბღავლებ.

გომურის თავზე საბძელია.
ცარიელი, სახურავდახვრეტილი.
თივას აქ აღარავინ ინახავს.
ზოგჯერ ქათმები ძვრებიან კვერცხის დასადებად.
ამ საბძელში ერთხელ მეძინა:
ისე დავთვერი, საწოლამდე ვერ მივაღწიე.
მეორე დღეს არაფერი მახსოვდა.
სულ ასე გამოდის:
რძეს სვამ. ხორცს ჭამ. ცხოვრობ.
მერე არაფერი გახსოვს.
აღარც საბძელია, სადაც კვერცხის დასადებად შეძვრები.

გაუთავებლად წვიმს.
შუა ზაფხულია,
სქელ ჯემპრზე შალის ჟაკეტი მაცვია და მაინც ვერ ვთბები.
ოთხი დღეა, ხმა არ ამომიღია.
ვზივარ გომურის წინ და ვფიქრობ, რომ
ჩემს ნამდვილ და გამოგონილ დედებს შორის
ყველაზე მეტად ვგავარ ძროხას, რომლის რძითაც გავიზარდე.

წავიდეთ, ჩვენი მკვდრები ვნახოთ, ვთქვით

წავიდეთ, ჩვენი მკვდრები ვნახოთ, ვთქვით.
წავედით.
წვიმდა მამაჩემის სოფელში.
აყვავებული სათიბები. ბალახწამოქოჩრილი გზა.
მივუყვებით ბილიკს გორისკენ, სადაც უკვე გველოდებიან.
წინ მამაჩემი მიდის, ბოთლით ღვინო მიაქვს,
და რამდენიმე სანთელი.
უკან მივდევ ბატკანივით, წყლიანი ბოთლით ხელში.
სველი ბალახი ყელამდე მწვდება.
შამბია. ადრე აქ კარტოფილს ვთესავდით.
უკან დედაჩემი მოდის, რამდენიმე ჭიქა მოაქვს.
წელზე ხელებს შემოიწყობს აღმართზე.
ხევს გადავივლით, ავხედავთ:
აქ არიან. დაგვხვდნენ.

ბებიაჩემი ხმიადებს აცხობს
და მისი და პაპაჩემის საფლავზე აწყობს.
ვეხვევი, ვკოცნი.
სიცილით მიშორებს:
– მკვდარი რა საკოცნელია გოგო, – ამბობს.
სახეზე ხელებს მისვამს. ხელებს მისვამს სახეზე.
პაპაჩემი ბუზღუნებს, რომ დავიგვიანეთ,
უკვე მოშუადღევდა და ჩვენს ლოდინში საქმეს მოცდა.
წვიმა წყდება, მზე გამოდის.
მამაჩემი ღვინოს ჭიქებში ასხამს
და პაპიდაჩემს ეძახის, ახლოს მოვიდეს.
ბალახზე ვსხდებით.
ბებიაჩემს ჯამით ნაღები მოაქვს, წინ მიდგამს და მეუბნება,
რომ ძალიან გავხდი და კარგად უნდა ვჭამო.
ქალები ტუჩებს ღვინით ფრთხილად ისველებენ.
პაპაჩემი არ სვამს.
დედაჩემი ბიცოლაჩემს ეუბნება, არ იდარდოს –
მისი შვილები კარგად არიან და ბავშვებიც კარგად ჰყავთ,
ზაფხულში ამოვლენ და მოინახულებენ.
პაპიდაჩემი დარდობს, რომ მის ეზოში
მალე ჟოლო დამწიფდება და დასაკრეფი დარჩება.
მე ვდარდობ, რომ ბოლოს ჟოლო ათი წლის წინ დავკრიფე.
ბებიაჩემი დარდობს, რომ წინდებს აღარავინ გვიქსოვს
და ზამთარში ფეხები გაგვიცივდება.
მე ვდარდობ, რომ ქსოვა არ ვიცი.
პაპაჩემი ჩივის, რომ გულზე მურყანი ამოუვიდა
და რამდენიც მოჭრა, იმდენი ამოდის;
ამბობს, რომ წელს ბალახი ბევრია, მალე თიბვა დაიწყება
და ცელი სად მიაყუდა, არ ახსოვს.
მე ვდარდობ, რომ მამაჩემს ხერხემალი აწუხებს,
რომ ჩემი ძმა რამდენიღაც წლით
რამდენიღაც ათასი კილომეტრის იქით გადასახლდა,
პაპაჩემს ახალ ცელს აღარავინ აუწყობს,
და ჩვენი სათიბები რამდენიღაც წლით,
ან – სამუდამოდ,
გასათიბი დარჩება.

ვჩუმდებით, სოფელს გადავყურებთ.
ერთადერთი სახლიდან სუსტი კვამლი იფანტება.
ბებიაჩემი ამბობს, რომ ცუდი ნიშანია, როცა სოფელში ძაღლი არ ყეფს
და კვამლი კენტად ამოდის.
მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე აღარავინ მოკვდება.
ვდგებით.
ბიცოლაჩემი მისი საფლავის იების თესლს გვატანს.
პაპიდაჩემი მარტო დგას.
მივდივარ და ვეუბნები, რომ მისი თავსაფარი
მთელი ზამთარი ყელზე მეხვია და მათბობდა.
მამაჩემი პაპაჩემს რამდენიმე სანთელს უტოვებს
და ეუბნება, თვითონ აანთოს,
თუ შემდეგ სულთმოფენობას ამოსვლას ვერ მოვახერხებთ.
ბებიაჩემი ამბობს:
თქვენ კარგად გვყავდეთ. ჩვენ არაფერს გავიჭირვებთ.

მოვდივართ.
წინ მამაჩემი და დედაჩემი მიდიან.
მამაჩემი მაღალ ჭინჭარს ხელით იჭერს, რომ დედაჩემს არ მოხვდეს.
მოშორებით მივყვები და ვუყურებ, როგორ მიდიან ერთად.
უკან ჩვენი მკვდრები დგანან
და გვიყურებენ, როგორ მივდივართ ერთად.
მამაჩემი, დედაჩემი, მე.
ჩვენ უკან არ ვიხედებით.
მაღალ, ნაწვიმ ბალახს გაჭირვებით მივკვალავთ
და უკან არ ვიხედებით.

აღმოსავლეთი – დასავლეთი

ყოველ გაზაფხულზე
მამაჩემი იმახსოვრებს მერცხლების მოფრენის თარიღს
და ყოველი შემთხვევისთვის
აღმოსავლეთის კედელზე აწერს.
ცაში ნასროლი კენჭებივით
ბრუნდებიან მერცხლები
ყოველ გაზაფხულზე.
მე ვჯდები პირველ ბალახში
და ვიმახსოვრებ თოვლს, რომელიც შავ-თეთრია:
მამაჩემის დაბრუნებულმა მერცხლებმა
დაიმახსოვრეს თბილი ქვეყნები
და ჩამოთოვეს ჩემში.

ყოველ ზაფხულს
მინდვრები იმახსოვრებენ ცელებს.
და სამხრეთის კედელზე მიყუდებული ცელი
იხსენებს ჩემი ძმის სისხლს,
ცელის პირზე შეჭრილი ხელიდან
წითლად რომ დათოვა ბალახზე
რომელიღაც ზაფხულში.

ყოველ ზაფხულს
მდინარე იმახსოვრებს ჩემს ტანს –
ვწევარ წყალში გულაღმა
დიდი თეთრი თევზი
და ჩემი შიშველი სხეული
წყალქვეშ უფრო შიშველია,
როგორც მისთვის ნათქვამი სიტყვა,
ვინც აღარ დაბრუნდება.

ყოველ შემოდგომაზე
დედაჩემი იმახსოვრებს ეზოდან გზისკენ გაწვრილებულ ჩრდილს
და იხსენებს, როგორც ხეს,
რომელიც მუცლიდან ამოეზარდა,
ჩემი სახელი ჰქვია,
და როცა ეხვევა, მხრებზე ემტვრევა მისი ხმელი მკლავები.
და შემოდგომის გზაზე
ყვითელი თოვლია ჩემი ნაფეხურები,
როგორც ბებიაჩემის წასვლა დაუმშვიდობებლად,
ხელის დაქნევის გარეშე.

ყოველ ზამთარს
ცარიელი ბუდეები იხსენებენ მერცხლებს.
ცარიელი მდინარეები იხსენებენ თევზებს,
და როცა თოვას იწყებს,
მე ვიხსენებ თოვლს, რომელიც ყვითელია –
თითქოს დედაჩემი
დავიწყებული სარდაფის კარივით შევამტვრიე,
ჩავედი,
და კიბის ყველა საფეხური ჩემი თავი აღმოჩნდა,
ყველა ერთმანეთზე ბებერი.
მე ვიხსენებ თოვლს, და წითელია თოვლი –
თითქოს ჩემმა ძმამ ცელის პირს შეაჭრა ხელი
და წითელ წვეთებად ეფინება გზას ჩვენი სახლისკენ,
რომელიც ჩრდილოეთის კედელზე მიშენებულ
მიტოვებულ ბუდეს ჰგავს,
საიდანაც ათასჯერ გავფრინდით
და ერთხელაც არ დავბრუნებულვართ.

მე ვწვები მიწაზე და ვიხსენებ თოვლს,
რომელიც ყველა კედელზე წერია,
ყველა მდინარეში დაცურავს, როგორც თეთრი თევზი,
ყველა სათიბიდან მიდის ხელის დაქნევის გარეშე,
ყველა ხიდან თოვს
და წვება მიწაზე, როგორც მე ჩემს ჩრდილზე.

და მიწა გვიხსენებს ჩვენ,
ჩვენ – დასავლეთის კედელთან ჩამწკრივებულებს,
დინჯად, ბეჯითად გვიხსენებს სათითაოდ
ყველაზე ზუსტი გახსენებით
და ყოველი შემთხვევისთვის
მუცელზე შემოწყობილ ქვებზე იწერს
ჩვენი დაბრუნების თარიღს.

ნუ ლაპარაკობ ამაზე, გოგო

ნუ ლაპარაკობ ამაზე, გოგო.
დადიხარ ამბებით მუცელგამობერილი
და უყვები ყველა შემხვედრს,
თითქოს აგვისტოს ნათელი იდგეს
და ყველაფერი შეიძლებოდეს.
გაჩუმდი, გოგო.
ნუ ლაპარაკობ იმ ღამეებზე,
ახდილი სახურავებივით რომ გადარეკა ქარმა და შიშველი დაგტოვა.
გაჩუმდი და რამე გადაიფარე.
გააჩუმე შენი ხელები, წყლიდან ამოყრილი თევზებივით რომ თრთიან,
როცა ყვები, როგორ კოცნიდი.
ნუ ლაპარაკობ, რომ დაკბენილ მკლავებს მოიქნევ,
და ეს გრძნობა ისეთია, თითქოს სადღაც თოვლი მოვიდა.
დადიხარ და ლაპარაკობ შენს ღამეებზე
ისე, როგორც ჭრიჭინები ყვებიან მინდვრებს
დამთავრებული ზაფხულებიდან.
ლაპარაკობ ისე, თითქოს ათასჯერ ნანახ სიზმარში წვები
და მთელი ქვეყნის შენს ლოგინში შეთრევას ცდილობ.
გაჩუმდი, გოგო.
ნუ უყვები ყველა შემხვედრს,
რომ უმწიფარი ბავშვის სხეული ერთ ზამთარში დაგიბერდა.
ნუ ლაპარაკობ, რომ გაყვითლდი და ისე გახდი,
რომ ნეკნებზე გადაჭიმული შარშანდელი შემოდგომიდან
მისი პირველი შეხება გიჩანს.
ნუ ყვები, რომ შენი სიტყვები ისე დამძიმდნენ,
მასთან გასაგზავნ წერილებში ვეღარ ჩატენი.
ნუ ყვები, რომ შენი ამბები
ცეცხლზე დაყრილი ქვებივით დასკდნენ,
ამოდუღდი და გადმოიღვარე.
ნუ ლაპარაკობ, რომ მოყვავილე ცაცხვების მტვერში
თავდაკარგული ფუტკარივით
ერთ სურვილად გადაიქეცი.
და თუ არ მოვა, არ იქნება,
ადგები და გამოიგონებ.

დადიხარ და ლაპარაკობ,
საკუთარ დანაღმულ სიტყვებზე ფეთქდები.
და იწელება შენი ჩრდილი – ლოდინის თოკი,
ზედ გასაშრობად გაფენილი ფერადი პერანგივით ფრიალებ.
თითქოს აგვისტოს ნათელი იდგეს,
და იცოდე, რომ შენი მუცლიდან
არაფერი დაიბადება.

გადაიფარე რამე, გოგო,
ხელები მუცელზე  შემოიხვიე,
და ნუ ლაპარაკობ ამაზე – სირცხვილია.
ჩუ გოგო, ჩუ.

 

* * *

დილა იყოს.
ჭალებზე ნისლი იყოს.
მთის კალთებზე ბურუსიდან რბილად ჩამოხორბლილი მზე იყოს.
ჩემი სახლის წინ ქვებს შორის ამოხალასმწვანებული ბალახი იყოს.
ტყიდან გუგულის ხმა იყოს.
წყაროსთან ტირიფის ქვეშ მამაჩემის ზურგი იყოს.
დედაჩემის რეზინის ხელთათმანები და მოკრეფილი ჭინჭარი იყოს.
სახლის კართან ჩემი ძმის მაღალყელიანი ბოტები იყოს.
ეზოში შარშანდელი თივის ნარჩენი იყოს.
ნაზამთრტოტებჩატეხილი ვაშლის ხეები იყოს.
ბოსტნის ღობეს შეძენძილი ხმელი ხვიარების შრიალი იყოს.
აივანზე გადმოფენილი ზოლიანი ფარდაგი იყოს.
კიბის თავზე დათვის ტყავზე ჩრჩილის პეპლების ტირილი იყოს.
ცა პირველი მერცხლების ლურჯხვავი საკენკი იყოს.
მეზობელი სახლიდან
ვინმე ზამთრის ბოლოს დაბადებულის პირველი სიცილი იყოს.
ფარდებში მზის ფართხალი იყოს.
გაზაფხულის ქარის თითების კანკალი იყოს.
ფანჯრის რაფაზე კატის ნაფეხურები იყოს.
მუცელმსუქან ქოთნებში კაქტუსების ზმორება იყოს.
ასანთის კოლოფში ყვავილების თესლი იყოს.
სახლში დედაჩემის ფრთხილი ნაბიჯების სიჩუმე იყოს.
სიჩუმეში ბევრი სიტყვა იყოს.
მზეში ჩასადნობი ბოლო თოვლი ჩემი შიშველი მუხლები იყოს.
მუხლებზე ბებიაჩემის კაბის ჭრელი იყოს.
კაბაზე ჩემი ხელები ბებიაჩემის ხელები იყოს.
შავად გაფუებული მიწა იყოს.
ზამთარში ჩათესილი ამბების ამომყვავებელი მიწა იყოს.
სახლიდან წასული კაცების დამბრუნებელი მიწა იყოს.
სახლების დამბრუნებელი მიწა იყოს.
სოფლების დამბრუნებელი მიწა იყოს.
ქვეყნების დამბრუნებელი მიწა იყოს.
ცხოვრების დამბრუნებელი მიწა იყოს.
მიწა იყოს.
ვიყო.

ფოტო: მზია საგანელიძე

© “არილი

Facebook Comments Box