პროზა

ზურაბ ქარუმიძე – ჯაზის ყვავილობა

karumidze 11

ფრაგმენტები რომანიდან

თავი მეორე: კაპიტანი ვენორი

საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა საგანგებო აგენტურული ინფორმაცია მიიღო: ამერიკელებმა დაასრულეს ფსიქოტრონული იარაღის შემუშავება, კოდიფიცირებული სახელწოდებით „ჟასმინი“ და მალე აპირებდნენ მის გამოყენებას. „ჟასმინი“ რადიოტექნიკური ხასიათისა იყო და შეეძლო ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, მისი მართვა და რეგულირება შორი მანძილიდან, მოსახლეობის დიდი მასების დაფარვით. ეს მოასწავებდა გარღვევას „ცივი ომის“ სტრატეგიაში – იქმნებოდა მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის უშუალო მენტალური კონტროლის უნიკალური პირობები.

მანამდე ფსიქოტრონულ კვლევებს ბოლშევიკებიც აწარმოებდნენ და ნაცისტებიც – მათში მონაწილეობდნენ აღიარებული მეცნიერებიცა და საეჭვო შარლატან-ოკულტისტებიც. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, ამერიკელებს ხელში ჩაუვარდათ არქივები, სადაც თავმოყრილი იყო ინფრომაცია იმ საიდუმლო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებსაც ცალკე „ენკავედე“ და ცალკე „გესტაპო“ აწარმოებდა პატიმრებზე ულტრაბგერითი ზემოქმედებით, ასევე – სამედიცინო ჩანაწერები და ტექნიკური დოკუმენტაცია. როგორც ჩანს, ამერიკელები უფრო ინოვაციურად და მეტი ორგანიზებულობით მიუდგნენ ამ მასალებს და რეზულტატიც შედგა. ამერიკულ პროექტს ხელმძღვანელობდა ფსიქიატრიის პროფესორი ერვინ კემერონი, რომლის საქმიანობაც მთლიანად წარიმართებოდა ალენ დალესის მფარველობით. ერვინ კემერონმა ვრცელი პროექტი შესთავაზა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, სახელწოდებით „წმინდა ტვინი“ (Clear Brain) და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომუშავე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა შექმნა „ჟასმინი“.

დალესის ინიციატივით, ეს საიდუმლო იარაღი ფარულად უნდა ამოქმედებულიყო პრეზიდენტ დუაიტ აიზენჰაუერის პირადი ინიციატივითა და მისივე საგანგებო ფონდის დაფინანსებით წამოწყებული პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დაევალა სახელმწიფო დეპარტამენტს. პროექტის სახელწოდება იყო „ჯაზის ელჩები“ (Jazz Ambassadors). იმ წლებში კულტურისა და სახელოვნებო ფორმები „ცივი ომის“ წარმოების ერთ-ერთ მძლავრ საშუალებად იქცა. საბჭოთა კავშირი კლასიკური ბალეტისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებლებით „იბრძოდა“, ხოლო ამერიკამ აქცენტი თანამედროვე – მოდერნისტულ ფორმებზე გააკეთა: ერთი იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ფერწერაში – ჯექსონ პოლოკის, მარკ როთკოს და მისთანა ვიზუალისტების გატანა და რეკლამირება საზღვარგარეთ; ხოლო მეორე: პირწმინდად ამერიკული სამუსიკო ჟანრი – ჯაზი. თანამედროვე ამერიკულ ხელოვნებაში გაცხადებული თავისუფლება – აი, რისი პროპაგანდა უნდოდა პრეზიდენტ აიზენჰაუერს თავისი ძირითადი მოწინააღმდეგის, საბჭოთა კავშირისა და მისი კომუნისტური სატელიტების წიაღში. რაღა თქმა უნდა, ყველა სახელოვნებო პროექტის ფარული კოორდინატორი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყო და, რაღა თქმა უნდა, პროექტში მონაწილე არც მხატვრებმა, არც მუსიკოსებმა ეს არ იცოდნენ.

„ჯაზის ელჩების“ პროექტი არ იფარგლებოდა მხოლოდ ამ მუსიკის ცნობილი შემსრულებლების გასტროლებით ამერიკის გარეთ. ამ პროექტის საკვანძო ელემენტი იყო რადიოგადაცემა Music USA, რომელიც 1955 წელს დაიწყო „ამერიკის ხმის“ ეთერში და რომელსაც უძღვებოდა ყოფილი დისკ-ჟოკეი და სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობების არშემდგარი ავტორი – ვინმე უილის კონოვერი. ეს გადაცემა, რომელიც მხოლოდ ჯაზურ მუსიკას ეძღვნებოდა, ეთერში გადიოდა ყოველდღე, ყველაზე უფრო სმენად დროს და მიუნხენში, ტანჟერსა და ანკარაში დამონტაჟებული რეტრანსლიატორებით ვრცელდებოდა მთელს ახლო აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში. გადაწყდა მისი გავრცელების არეალის გაზრდა – იაპონიაში დაიდგა კიდევ ერთი რეტრანსლიატორი, რომელიც ფარავდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს. სწორედ ეს რადიოგადაცემა უნდა გამხდარიყო „ჟასმინის“ ფსიქოტრონული მოქმედების ძირითადი გამავრცელებელი.

საკავშირო სუკის მიერ მიღებული აგენტურული ინფორმაციის შემცველ ძირითად დოკუმენტს ახლდა დანართი, რომელიც შეიცავდა შემდეგ ინფორმაციას: „ჟასმინი“ წარმოადგენდა ულტრამაღალი და ულტრადაბალი სიხშირეების რთულ კომპლექსს, რომელსაც ადამიანის სმენა ვერ აღიქვამს და ტვინის იმ ზონებზე ახდენს ზემოქმედებას, რომლებიც განაგებს ემოციურ რეაქციებს. ამგვარი კომპლექსური სიხშირეების ტვინზე ზემოქმედების ინტენსიფიკაციას, შესაბამისი ემოციური რეაგირების გამძაფრებით, ახდენდნენ ე.წ. „ლურჯი ნოტები“ (Blue Notes). ეს „ლურჯი ნოტები“ წარმოადგენდნენ არამდგრადი სიხშირის პარამუსიკალურ ბგერებს, რომლებიც მინორულ და მაჟორულ ხმოვანებათა ურთიერთკვეთის ადგილებში წარმოიქმნებიან და ძირითადად ჯაზის შესრულებისას ვლინდებიან.

ამ ინფორმაციის შესწავლის შემდეგ საკავშირო უშიშროების კომიტეტის ანალიტიკურ განყოფილებაში გაჩნდა რამდენიმე მოსაზრება, მათ შორის ისეთიც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ გაკეთებულ მორიგ ფაბრიკაციას წარმოადგენს.

„ცივი ომი“ ფაბრიკაციების ომიც იყო. მაგალითად, დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა გავრცელდა ინფორმაცია „ჟასმინის“ შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და ადმინისტრაციის რამდენიმე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, ასევე წამყვანი ბეჭდვითი ორგანოების ჟურნალისტებს მიუვიდათ წერილი უცნობი გალაქტიკის პლანეტა UMMO-ს ბინადართაგან. წერილში ნათქვამი იყო, რომ ამ პლანეტაზე გაშენდა სოციალისტური წყობა და რომ ეს იყო საუკეთესო პოლიტიკური წყობა ყოველ შესაძლებელ წყობათა შორის და რომ დედამიწელებსაც სწორედ სოციალიზმის პირობებში ცხოვრება მოუტანდა ბედნიერებას (sic!).

ასეა თუ ისე, ორივე „ფაბრიკაცია“ – ამერიკულიცა და საბჭოთაც — ითვალისწინებდა საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ამ ქვეყნების მოსახლეობაში თანდათან იჩენდა თავს იმ წლებში: საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში შეინიშნებოდა ჯაზური მუსიკისადმი ინტერესის ზრდა, ხოლო ამერიკაში სულ უფრო და უფრო მატულობდა დაინტერესება უცხოპლანეტელებითა და მათი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით.

* * *

კაპიტანი ვენორი ქვარცხავა წალენჯიხაში დაიბადა, პედაგოგის ოჯახში, დედა დიასახლისი ჰყავდა. საშუალო სკოლაც წალენჯიხაში დაამთავრა, წარჩინებით, და სწავლა თბილისში განაგრძო – სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს მოუვიდა თვალში და სამუშაოდ აიყვანეს; ახალგაზრდა კაცი თვით ალექსი ინაურმა დაიყენა გვერდით… ლავრენტი ბერიას ხალხის მიერ კონტროლირებად ორგანოში მეგრელმა ყმაწვილმა კარგად წარმოაჩინა თავი და ოცდათორმეტი წლისა უკვე კაპიტნის წოდებას ატარებდა. ერთხელ თვით კაპიტონ ნაჭყებიასაც კი წარუდგინეს, ლიძავაში რომ იყო ჩამოსული, სტალინის დაცვის თანამშრომელი რომ იყო და 1943 წელს თეირანში რომ ახლდა ბელადს.

„ვენაცვალე ოქტომბრის რევოლუციას!“ – ამ სიტყვებისგან შედგებოდა ვენორი ქვარცხავას სახელი: ვენ-ო-რ-ი. მამამ დაარქვა ასე – მარქსისტულ-ლენინური იდეებით აშენებული ცხოვრებისთვის რომ განემზადებინა ახლად შობილი ვაჟი. ხოლო დედის მხრიდან ვენორი ქვარცხავა ტაია შელიას ბადიში იყო: დიდი ტაია შელია – გველის მგეშავი! გველს რომ შეულოცავდა, გათვალავდა და ჯიბეში ჩაისვამდა… ისე, მამის მხრიდანაც ეგეთი წინაპრები ჰყავდა – მის ბაბუასა და დიდ პაპას, როგორც მეგრელ მოხუცებულ მამაკაცებში ბევრს, მამლის ენა ესმოდათ და წინასწარმეტყველებდნენ ხოლმე. ბავშვობაში, თვითონ პატარა ვენორის ორჯერ შეეყარა „თუთაში“ – მთვარის დაკვრა: ღამღამობით აბოდებდა, პირიდან დორბლი სდიოდა, გრძნობას კარგავდა, გული ერეოდა, სიცხეს აძლევდა. ამის მერე კიდევ – ადამიანების ირგვლივ ფერად ნათებას ხედავდა… ასე რომ, ჯიშით და ჯილაგით ვენორი ქვარცხავას, მამისეულ მარქსიზმ-ლენინიზმთან ერთად, სხვა რამეც გაუჯდა სისხლხორცეულად: მეგრული წარმართული მაგიისადმი მიდრეკილება, ანუ „კოლხური ოკულტიზმი“, როგორც შემდგომში თავადვე იტყოდა, თავისთვის…

მართალია, ლავრენტი ბერიამ, სტალინის ხელდასხმით, ბოლშევიკი ოკულტისტებისა და „მრაკობესების“ ბუნდღა აღარ დატოვა, მაგრამ 50-იანი წლებისთვის საბჭოთაა უშიშროების კომიტეტში ტელეპათიისა და ფსიქოტრონიკის დარგში მუშაობა კვლავ განახლდა. ამას არა მხოლოდ ამერიკელებთან პაექრობის აუცილებლობა განაპირობებდა, არამედ თავად ამ ტიპის იარაღის შექმნის შესაძლებლობის თავისებური ხიბლი: წარმოიდგინეთ – პატარა „ჩემოდანივით“ დანადგარი, რომელიც ადამიანების მასებზე დისტანციური და უხილავი ზემოქმედებისა და მათი მართვის საშუალებას იძლეოდა… კაპიტანმა ვენორი ქვარცხავამ თვით ალექსი ინაურისგან მიიღო ამ საკითხის შესწავლის „კურთხევა“ და მოსკოვში, სუკ-ის ცენტრალურ უწყებაში იქნა მივლენილი – ფსიქოტრონულ კვლევებთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის გასაცნობად, ასევე, უახლესი მასალების ჩამოსატანად – საქართველოს სუკ-ს ევალებოდა ამიერკავკასიის მიმართულების მომზადება შესაძლო ფსიქოტრონული შეტევის გასანეიტრალებლად. ვენორი ქვარცხავამ ამ მივლინებით ისარგებლა და რუსული საბჭოთა საიდუმლო „ფსიქოზემოქმედებითი (ფსი) პროექტების“ შემცველ საარქივო მასალებსაც გაეცნო.

კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბუტლეროვს დაუწყია – ქიმიკოსი რომ იყო, აი, სკოლაშიც რომ გვასწავლიდნენ. ეს ბუტლეროვი ტელეპათიის ფენომენს იკვლევდა. ელექტროინდუქციური ჰიპოთეზა ჰქონდა, რომელიც ეხებოდა ორგანიზმებს შორის ურთიერთქმედებათა მესმერიზმს; ბუტლეროვი ფიქრობდა, რომ ორგანიზმებიდან ნერვული დენის ნაკადი მოემართებოდა, როგორც ეს ელექტროგამტარებში ხდება. მაგრამ ეს თეორია მხოლოდ გვერდიგვერდ მდებარე ორგანიზმებს შორის არსებულ ელექტროინდუქციას ხსნიდა. საჭირო იყო დიდ დისტანციაზე არსებული ურთიერთქმედებების წარმოჩენა. საამისოდ შეიქმნა ტელეპათიის ელექტრომაგნიტური ჰიპოთეზა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალებში წარადგინეს ფაუსტონმა, შმიდკუნცემ და კრუქსმა. ეს უკანასკნელი – კრუქსი –ინგლისელი ფიზიკოსი იყო და პირველად ისტორიაში დაასაბუთა და განსაზღვრა ტვინიდან მომავალი შესაძლო გამოსხივების რხევათა სიხშირეები – საშუალოდ 1018 რხევა წამში. კრუქსი მიიჩნევდა, რომ ასეთი სიხშირის რხევების შემცველი გამოსხივება ყველა სისქის გარემოში აღწევს და ინტენსივობას ინარჩუნებს.

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ტელეპათიის ფენომენის ინტენსიურ შესწავლას უძღვებოდა ტვინისა და ფსიქიკური პროცესების ინსტიტუტის დირექტორი – დიდი ნეიროფიზიოლოგი ბეხტერევი. ასევე – ინჟინერი კაჟინსკი, რომელმაც მიზნად დაისახა „აზრების რეგისტრატორის“ შექმნა, იგივე ტელეპათიის ელექტრომაგნიტური თეორიის დაყრდნობით. ამ ხელსაწყოს უნდა მოეხდინა იმ ელექტროსიხშირეების გენერირება, რომლებიც აზროვნებისას გამოიყოფა. 20-იან წლებში იმავე ცდებს ატარებდა იტალიაში იქაური პროფესორი კაცამალი – იგი ცდილობდა, ადამიანის თავის ირგვლივ ელექტრომაგნიტური ტალღების დაფიქსირებას და საამისოდ სპეციალური კამერაც შექმნა, რომელშიც ათავსებდა ცდის ობიექტს…

მაგრამ შემდგომში დადასტურდა, რომ ტელეპათია, აზრის დისტანციაზე გადაცემა, არ არის დამოკიდებული ელექტრობაზე.

ფსიქოტრონული კვლევების ახალ ეტაპზე აიყვანა პროფესორმა მიხაილოვსკიმ, რომელიც საკითხს რადიოტექნიკის კუთხით მიუდგა. ამ კაცმა დაადგინა, რომ გარკვეული სიგრძის ელექტრომაგნიტური იმპულსების სხვადასხვა კომბინირებისას, როცა ეს იმპულსები მეორდება 20-იდან 0,4 ჰერცამდე სიხშირით და მოდელირდება საშუალო და მოკლე ტალღების დიაპაზონში რადიოსიხშირეზე, ხდება ტვინის ცალკეულ ზონებზე ზემოქმედება – როგორც ემოციურ, ისე სხვადასხვა ორგანოთა მოქმედების მარეგულირებელ ზონებზე. ეს აღმოჩენა პირველი სერიოზული მიგნება იყო, რომელიც სასწრაფოდ აიტაცა შინსახკომმა და, ნარკოსაშუალებებთან კომბინაციაში, პატიმრებზე რამდენიმე ცდა ჩაატარა – შემდგომში ამას „რადიობგერის ეფექტი“ ეწოდა…

ჯერ ჩეკა, მერე ენკავედე, მერე კაგებე მოუთმენლად ელოდნენ ფსიქოტრონული ხელსაწყოს შემუშავებას, მეტიც – ეს ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ ძერჟინსკის ინიციატივით დადგა სახელმწიფო დონეზე, რასაც მისი ქალიშვილი, მარგარიტა ტელცე ხელმძღვანელობდა. ვარაუდობენ, რომ 30-იანი წლების ე.წ. „საჩვენებელ პროცესებში“ აღიარებითი ჩვენებების მიცემისას მსჯავრდებულები სწორედ ამგვარი ფსი-ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ცხადია, ამ კვლევებში შარლატანებიც გაერეოდნენ. ასეთი იყო ერთი მოსკოველი ექიმი, გვარად სმირნოვი, რომელიც საქვეყნოდ გახდა ცნობილი ფსევდონიმით „ორნალდო“ – თავისი დროის ყველაზე აღიარებული „ჰიპნოზისტი“, რომელიც ქვეყნის მთავარ საცირკო არენებზე გამოდიოდა. იგი „ენკავედემაც“ აიყვანა გასაიდუმლოებული კვლევების ჩასატარებლად. ამ ორგანიზაციასთან ორნალდოს კავშირი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა აბაკუმოვს – საბჭოთა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი რომ იყო წლების განმავლობაში. თვით დიდ სტალინსაც ჰქონია იმ წლებში შეხვედრა ვოლფ მესინგთან – თავისი დროის უდიდეს ოკულტისტთან!

1932 წლიდან ფსიქოტრონულ კვლევებს ხელმძღვანელობდა ლეონიდ ვასილიევი, რომელიც ბეხტერევის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის ტვინის შემსწავლელ ინსტიტუტში ამ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს. ამჯერად იგი თავდაცვის სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში მუშაობდა. ვასილიევის ჯგუფში შედიოდნენ ფიზიოლოგები, ექიმი-ჰიპნოტოლოგები, ინჟინერ-ფიზიკოსები. სამუშაო ჰიპოთეზად აღებულ იქნა მიხაილოვსკის „ტვინის რადიოს ელექტრომაგნიტური თეორია“. დამზადდა ლითონის კამერები, იმ იტალიელი პროფესორის კვალობაზე, ოღონდ უფრო დახვეწილი. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რამდენიმე წარმატებული ცდაც ჩატარდა – დიდ დისტანციაზე (1 700 კმ.-ზე) ზემოქმედების ექპსერიმენტი… მაგრამ 1938 წელს ეს ყველაფერი „მრაკობესების“ საქმემ შეიწირა – სტალინის ბრძანებით, როგორც ზემოთ ითქვა, ტელეპათიასთან და ამგვარ „მოოკულტიზმო“ თემებთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის ფსიქოტრონული იარაღის თემაც, დაიხურა. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მიეცა საშუალება ვასილიევს, კვლევები გაეგრძელებინა. „ცივმა ომმა“ (ატომური ბომბის ორმხრივი ფლობის პირობებში) ფსიქოტრონული იარაღის შემუშავების აუცილებლობა ხელახალი სიმძაფრით წამოჭრა.

ინფორმაციამ „ჟასმინის“ შესახებ სწრაფად გაიარა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შესაბამისი ორგანოების სტრუქტურებში, მოსკოვიდან თბილისამდე, და ვენორი ქვარცხავასაც „მიადგა“ – როგორც იეღოვასგან წარმოგზავნილი ვინმე მაცნე მიადგებოდა ხოლმე რომელიღაც ბიბლიურ პერსონაჟს. კაპიტან ქვარცხავას ამ ინფორმაციის მართებულობაში ეჭვი არ შეუტანია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იცოდა – ფსიქოტრონულ კვლევებს მაღალი კვალიფიკაციის საბჭოთა მეცნიერების გარდა გერმანელი მეცნიერებიც ატარებდნენ, ხოლო მათგან ბევრი ახლა ამერიკელების სამსახურში იყო; ასევე – თავად ამერიკელები იყვნენ მეცნიერულ-ტექნიკური კვლევების შესანიშნავი ორგანიზატორები, ფინანსური რესურსიც საჭიროზე მეტი ჰქონდათ და ეს ყოველივე, ერთად აღებული, რაღაცა შედეგს აუცილებლად გამოიღებდა – რა იცი, რა ხდება? აგერ, თვით აბაკუმოვი ყოფილა ჰიპნოტისტ-მესმერისტ „ორნალდოს“ სიძე…

და კიდევ: ისლის სახლი, ნისლის სახლი! ისლის სახლი, ნისლის სახლი… ტაია შელიას შთამომავალი, კაპიტანი ვენორი ქვარცხავა ფსიქოტრონიკის, მესმერიზმისა და ჰიპნოტიზმის ოკეანეში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზად ქცეული ლიფსიტა, ოდესღაც ისტორიის ხელმა რომ მოისროლა მოუსავლეთში. მის სისხლშიც ხომ ფეთქავდა სამეგრელოს ჭაობთა მიაზმები, ტვინს რომ უმღვრევდა და იქ იჩხიბ იდეებს წარმოქმნიდა. მისი სამყაროს სურათი წინააღმდეგობრივთა დიალექტიკურ ერთობას შეიცავდა: ერთი მხრივ, მარქსისტულ-ლენინისტურ-სტალინისტური ხედვა სინამდვილისა, ხოლო მეორე მხრივ – მეგრული არქაული წარმართობის, კოლხური მაგიის მოძალება და ჟინი, რომელმაც კვლავ იფეთქა მისი არსების სიღრმეებში – „ჟასმინის“ ამბავთან ერთად… განა ტაია შელია არ ივარგებდა კომუნისტად? აბა, მაშ ვინ იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც ამერიკას ატომური ბომბის საიდუმლო გამოსტაცა და „ახალუხის ჯიბეში ჩაიდო“, როგორც ტაია შელიამ – მონუსხული გველი… ვერანაირი ფსიქოტრონიკა ვერ აღუდგება წინ მეგრულ-კოლხურ მაგიას, თუკი ამ უკანასკნელს სწორი სამეცნიერო-ტექნიკური არხებით წარმართავ!

მანამდე, იდეოლოგიური მოსაზრებებითა და პარტიული დისციპლინის მოთხოვნების გამო, ვენორი ქვარცხავა თავის შეხედულებებს ვერავის გაუზიარებდა, მაგრამ ამჯერად მასში რაღაცა აიმღვრა, მაჭარივით, თანაც – მეტი თავისუფლება იგრძნო, უფრო ზუსტად – სამთვრობო პროცესების უმართავობა, მოშვება, მოდუნება; შესაძლოა, ხრუშჩოვის იდიოტური პოლიტიკის შედეგი იყო ეს ყველაფერი… არა, პოლიტიკური პროცესები აქ არაფერ შუაშია, არა. „ენაარეული მოუბარი, ბნელი წართქმის ოსტატი, ბნელმეტყველი დაიბადა ჩემში!“ – ფიქრობდა კაპიტანი ვენორი… ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადი იყო – ფსიქოტრონიკის ნიადაგზე ვენორი ქვარცხავას გონებაში უმართავი პროცესები დაიწყო – თანდათან – რასაც შეიძლებოდა, „ნევროტული აკვიატება,“ ან სულაც – „ჭკუიდან შეშლილობა“ დარქმეოდა, თუმცა – ზომიერი, არააგრესიული. ამ პროცესებს არა მარტო „ჟასმინის“ შინაარსისგან მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ მისცა დასაბამი, არამედ ისევ და ისევ იმ „სამეგრელოს ჭაობთა მიაზმებმა,“ რომლებიც ვენორის გონებაში ფეთქავდა: ეს იყო ბუნებაში მოქმედი ფარული ძალების მოხელთებისა და მათი მართვის მოთხოვნილება, უმალ არქაული, უმალ კოლხური…

ლენინურ-სტალინურ მოძღვრებას განახლება ესაჭიროება – ოკულტური შინაარსით გამდიდრება. ეს საქართველოდან მოხდება – სამეგრელოდან, კოლხური მაგიის ქვეყნიდან. მაშინ ამ მოძღვრებასთან დაპირისპირება ნებისმიერ იარაღს გაუჭირდება – ჟასმინი გინდა თუ ქრიზანთემა! განა ამერიკელებმა სხვა რა ქნეს? იქაური ზანგების სასიმღერო-მუსიკალური ტაკიმასხრობა და ლაზღანდარობა – „ჯაზი“ – აიღეს და მასში შეფუთეს ფსიქოტრონული ულტრამაღალი და ულტრადაბალი სიხშირეების რადიოტალღების ენერგია! („ჯაზი“ – ამ საკითხს კიდევ უნდა ჩავუღრმავდე!)… კოლხურ-მეგრული ოკულტური პოტენციალის კონცენტრირება, გაძლიერება და ტრანსლირება რადიოტექნოლოგიური საშუალებებით – ასეთი ამოცანა დგას ახლა ჩვენ წინაშე, რათა მოხდეს საზოგადოების, ოჯახისა და პიროვნების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა… ჟინი ღორონთი დო თუდონი ნერჩი, მახოდალს ძელი მეჩი, ჩურს სახანთო მეჩი… ჯერ მარტო ამ სიტყვების ჟღერადობა ჟრუანტელს იწვევს კაცში! ნერჩი პატენი… ოხვამერ ლაგვანი… გალენიში ორთა… ვაშინერსი… თუთაში… თუთაში… გამოუთქმელი უნდა გამოითქვას! დიონისოს მომღიმარი ბაგე უნდა ამოძრავდეს, ამეტყველდეს: ვენორის აბოდებდა დიდი კონსტანტინეს ამ რომანით, სადაც მისი გრძნეული წინაპარი იყო წარმოჩენილი… ამას კიდევ შტაინერიანული და ბლავატსკაიას მოძღვრების ნაგლეჯები დაემატა, რომლებსაც იგი გაეცნო და, შედეგად, მის თავში სრული „კამა-ლოკა“ აღმოცენდა, აი, იერონიმუს ბოსხს რომ გაუხარდებოდა, ისეთი.

ვენორი გრძნობდა, რომ მარტო ვერას გახდებოდა, რომ ვიღაცისთვის უნდა გაეზიარებინა თავისი ოკულტური ხვაშიადი. საქაღალდეებში იქექებოდა, „მრაკობესების“ თუ სხვა რამ ეზოტერიკული საქმით გასული ხალხის შესახებ არსებულ მასალებს ეძებდა და სწორედ აქ, ამ მასალებში და დაკითხვის ოქმებში გადაეყარა ფრიად საინტერესო პიროვნებას, მოქალაქე ზაქარია კარმელს, დაბადებულს 1888 წელს…

ეპილოგი: ქართული ჯაზი

გზა. გზაზე სუფრაა გადაშლილი. სუფრას ჩრდილი ადგას. სუფრასთან ხალხი ზის, მიდი-მოდის, ხან აკლდება, ხანაც ემატება… ჭრელი ხალხია, სხვადასხვანაირი: ბეზდელნიკები და დელეცები, პარტ-ფუნქციანერები, ქურდები და სპორტსმენები, პროფესორები, მხატვრები, არტისტები და მომღერალები, მწერლები, პოეტები, ბოჰემა, ალპინისტები, ტაქსისტები, ბუფეტჩიკები, მორფინისტები, პლანაქეშები, მოსკოვიდან ჩამოსული ქალები, დიდი და პატარა მსმელები, შინაბერები, ბოზები, და კიდევ – აზდაკი, დათა თუთაშხია, შერეკილები და შაშვი მგალობელი. თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ…

სუფრის კუთხეში ზის ვერელი ლოთი ფარვიზა მერკვილაძე და მის წინ მჯდომ პლეხანოველ კიკას ეუბნება:

„შენა ხარ ჩელავეკ კატორი სმეიოცა… გუიმპლენი ხარ, გუიმპლენი!“

პლეხანოველი კიკა მართლაც ზის და იკრიჭება, თან შიგადაშიგ ლუღლუღებს:

„ცოლი მინდა, ცოლი მინდა…“

„თაიმ ფორ ჯეზზ,“ – ეტყვის ფარვიზა, – „ინგლისურად ეგრეა, მარა, აი, ამერიკელები მაინც სხვანაირად ამბობენ, ვილის კანოვერი რო ამბობს – თაიმ ფორ ჯეზზ აუარ! ე.ი. აღმატებულ ხარისხში ამბობს…“

„პაზვოლწი მნე პრედლაჟიწ ტოსტ ზა პრისუტსტვუიუშჩიხ ზდეს ოჩერავატელნიხ დამ, ნაშიხ გოსტეი იზ ნაშეი სტალიცი, გოროდა მასკვი!“ – იტყვის თამადა და ღვინით გავსებულ ბროლის საქსოფონს ასწევს…

ვიღაცა რაჯ კაპურის განსახიერებას ცდილობს, მღერის და იგრიხება:

„ავარა ჰუნ, ავარა ჰუნ….“

მერე “ამერიკულზე” გადავა – Oh, when the Saints go marching in… აი ასე:

„ოვანდუსექს, ოვანდუსექს, ოვანდუსექსოვანდუსეექს…“

 

„ფაილენ სკაზალ, შტო ტი სკაზალ, ა ია გავარიუ შტო ტი ვრიოშ! ა ტი შტო სკაჟიშ?“ – ამბობს მეორე.

მოსკოველი ქალებისკენ გივია მიემართება – კრისის, იულ ბრინერის პახოდკით…

„ოოო! კავო ია ვიჟუ, ოოო!“ – ამბობს გივია, როცა ქალებს მიუახლოვდება.

ამ დროს, ცოტა მოშორებით მჯდარ ბიჭებში ჩხუბი ატყდება:

„ასტამური ვარ, აჩბა!“ – დაიყვირებს ლამაზი, ახოვანი კაცი. მაგარი ჯახი და ლაწალუწი მიდის… მერე ასტამურ აჩბას მოკლავენ.

„საყვარლის საფლავს ვეძებდიიი,

ვერ ვნახე, დაკარგულიყოოოო,

გულამოსკნილიიიი ვსტიროდიიიი,

სადა ხარ ჩემო სულიკოოო…“ – გიჟი მარინა მღერის, პლეხანოვისა და სოლოლაკის ბილი ჰოლიდეი. მერე სუფრაზე კავალრებთან მჯდარ გოგოებს გასძახებს, თან ორი თითით ჭიქას ატრიალებს:

„თქვენს მაგარ იობარებს გაუმარჯოს, თქვე წაკლებო, თქვე ჩათლაშკებო! თქვენს მაგარ იობარებს ვენაცვალე ყვერებში…“

„ხო გესმის, იუზგარ, ზონაში ახალი შესული ვიყავი და პალაჟენიის დასალაგებლად კაცს ვედროთი თავი მოვაჭერი, აი ეგრე…“ – ჩარჩოებში მყოფი ქურდი ეტყვის ფრაერს და უჩვენებს, როგორ მოაჭრა ტიპს თავი ვედროთი.

„ქურდული გაგება იგივეა, რაც დახვეწილი სმენა; რაც არა გაქვს, არა გაქვს!“ –გაიფიქრებს და იტყვის ფრაერი. მერე შერცხვება თავისივე ნათქვამისა და თემას გამოცვლის, იკითხავს – „ქურდმა დელეცისგან ფული რომ აიღოს, შეიძლება?“

„აბა როგორ გინდა, მარტო რაიკომის მდივანმა უნდა ჭამოს?!“ – ეტყვის ქურდი, – „უნდა აიღოს, აბა რა…“

„და მორფი რომ გაიჩხიროს ქურდმა, ეგეც მოსულა?“ – ისევ იკითხავს ფრაერი.

„თუ კაცს უჭირს, უნდა შეუწყო ხელი…“ – პასუხობს ქურდი და პაპიროსის ბოლში ეხვევა…

„ახლა ჩემო ძმებო და დებო, ჩემო საყვარელო ხალხო, მე მინდა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ვადღეგრძელო!“ – ისევ ღვინით-სავსე-ბროლის-საქსოფონისტი იტყვის ხმამაღლა…

თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ, ქალი კი მღერის – მღერის, რომ ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან…

საქართველოოო, რუსთაველის და სტალინის სამშობლოოოო… ხმა ააყოლა ჩონგურიანმა მომღერალმა. ამაზე კიდევ ლექსად თქვა ვიღაცამ: საქართველოში იბადებოდნენ და მერე დიდხანს წუხდნენ ამაზე!

სუფრისკენ, თავისი ამალით, მოემართება მედიკო მებურიშვილი – აი ძაან ლამაზი ახალგაზრდა ქართველი ქალი, აი „თოჯინები იცინიანში“ წყლის ფანტანჩიკთან რომ მიდის და წყალს რო სვამს, Girl from Ipanema – ვიწრო კუპალნიკში და რამე… ძველი ბიჭების დედოფალი, პირველი ქართველი მორფინისტი გოგო, ბოლოს რო გაიპარა – მოხეტიალე პატარა სულო, სულიკო, animula vagula blandula — კრიმინალურ მატერიაში გაბლანდულო!

„ვა, რა ჟასმინის სუნია, ტო!“ – იტყვის ერთი მომავალი პოეტი…

იწყება მაგარი ჭამა: ერთი ცნობილი მსმელი ვინმე მოიღებს შემწვარსა გოჭსა, მოიღეებს ხუთსა თეფშსა ფხალისასა და ამ ფხალით იმ გოჭს ამოტენის და მადიანად შეუტევს, ხოლო მადას კანიაკით გაიხსნის – ერთი-შუშა-ნახევარლიტრიანი კანიაკით, ეგრევე, აპრაკიდონტამ!

ჭამა… არა, ჭამა ნაკლებად, ძირითადად სმა მიდის და ლაპარაკი და ქმედება:

უცებ, საიდანღაც მოვარდნილი გრიგალივით, სუფრას ვინმე მხედარი გადაევლება – უუნაგირო ცხენზე მომჯდარი!

„გურამ! გურამ! რჩეულიშვილია…“ – შესძახა ვიღაცამ და რაინდული პათოსით წართქვა, – „ვნების ძალა შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში!“

იქვე გვერდით კი სულ სხვა გუნების კაცი იჯდა, გულს ლუდის წრუპვით ირთობდა და მასლაათით. სუსტი ხმა ჰქონდა და არც ხოში ჰქონდა კივილისათვის, სულ არ უნდოდა მარანის ღვინო… თვალთა შემართვით წააგავდა ევროპიელსა, შოთა ჩანტლაძე იყო – ჩუმი პოეტი…

აი სწორედ მას გადაახტა თავზე უუნაგირო ცხენით რჩეულიშვილი გურამ და სუფრის წევრ ქალთა გულებიცა და მამაკაცთა ფიქრებიც თან წაიყოლა!

„რის პივა, რა პივა, ბიჭო?“ – ვიღაცა მიახლის ჩუმსა პოეტსა, – „პივა მაიმუნების კაკაოა! პივაზე სიტყვას იტყვი? ვერა! კატის ფსელია…“

„განა ცივი ლუდი უფრო ცივილური არ არი?“ – ჩუმად იხუმრებს ჩუმი პოეტი და სუფრის წევრებს შეათვალიერებს.

ღვინის სასმელი ჭურჭლის მრავალფეროვნებაა – განსხვავებული სასმისებისა! როგორც მუსიკალური ინსტრუმენტები დიდი ორკესტრისა, რომლებსაც მელოსი აღავსებს – დიონისური სუბსტანცია: ყანწი, თასი, ჭინჭილა, აზარფეშა, სირჩა, თლილი ჭიქა, ჩამჩა, ხილის ვაზა, ლამპის შუშა, კრამიტი, ვეება ვეტერინარიული შპრიცი, სანადირო თოფის ლულა და ღორის მოჭრილი თავის ყური…

ღვინო კახურო, კარდანახულო, ვარ შენი მსმელი; წავიდე სახლში, ცოლშვილს ფეხები დაუბრახუნოოო… მთვრალი კაცი – კაი კაცი! მთვრალი კაცი – თავისუფალი კაცი! მთვრალი კაცი – ბოჰემა და ხელოვანი კაცი! საქართველოში დალევა და დათრობა ხომ ნაღდი ჯაზია; სმაში გაჯიბრება კი ისეთი გზნებითა და თავდავიწყებით მიდის ხოლმე, როგორც საქსოფონების ჯახი და გაჯიბრება იცოდნენ თავის დროზე კანზას-ქალაქში – დაბინდებიდან გამთენიამდე, თავდაუზოგავად… ან კიდევ, კაცი რომ დალევს და მეგობარს გულს გადაუშლის — ხვაშიადს გაუზიარებს, ეტყვის იმას, რასაც სხვა დროს ან ალაგას არ იტყოდა, არამედ სწორედ იქ, დალევის მომენტში, დალევისას გახსნილი ენითა და გონებით, იქვე იტყვის რაც სათქმელია, იტყვის ლამაზად და მოხდენილად, როგორც, აი, კოლმან ჰოუკინზი, ან ლესტერ იანგი, ან დექსტერ გორდონი, ღამის კლუბის სცენაზე მდგარნი, სოლოს დაკვრისას ამბობდნენ იმას, რაც იმ წუთას, იმ ალაგას, იმ გუნებაზე ყოფნისას მოსდიოდათ გულსა და გონებაში – ესენიც იტყოდნენ ლაღად და მოხდენილად, ბოლომდე იტყდნენ… ჰო, თრობა თავისუფლებაა, როგორც ჯაზი…

ღვინით სავსე ბროლის საქსოფონმა ახალი თემა შემოაგდო:

„ღვინოს გაუმარჯოს! ყურძნის მომყვანსა და ღვინის დამწურავ კაცს გაუმარჯოს!“

განა რანი ვიქნებოდით ჩვენ ღვინის გარეშე? არც არაფერი ვიქნებოდით, ქართული კულტურა ხომ თრობის, ზარხოშის კულტურაა და ეს თრობა, ეს ზარხოში აქ ყველაფერშია.

სადღეგრძელო ბევრმა აიტაცა: ზოგი ხაიამს კითხულობს, რაც გაუგია, ზოგი ლადო ასათიანს, ზოგი ფიროსმანის კალმით ნახატ სურათებს ესიყვარულება…

თუმცა ცოტა ხანში ამ დიონისური საწყისის ზეობას ჩაანაცვლებს აპოლონური: კოდეინი, ნოქსირონი და თერჯოლის შამპანიური – ორი ჭიქა ჯარიდან რომ ათავისუფლებს… ჰო, ჩაანაცვლებს, როგორც თავის დროზე აპოლონურ-მჭვრეტელობითმა ქულ-ჯაზმა ჩაანაცვლა დიონისურ-ზარხოშიანი ბი-ბოპი!

თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ, ქალი მღერის…

„ერთი სერენადა სოლნეჩნაი დალინი დაგვიკარი, ჩემო ოქრო!“ – ითხოვა ვიღაცამ და ვიღაცამაც დაუკრა…

მოქეიფე ხალხი ერთობ გახალისდა და სუფრაზე გაჟღერდა ორმაგი სტანდარტები. ორმაგი სტანდარტი – ბლუზური ტონის ქართული ანალოგი! ისევ და ისევ ქართული ღვინის სადღეგრძელო – შაქრიანი ღვინით თქმული; კდემამოსილი „კლარნეტისტკა“ ქალები – ხოტბა-დიდების პიედესტალზე აყვანილი; სიქალწულის აპკ-ამოკერებული ქალიშვილები; გამოცდის ჩამწყობი სწავლის მძებნელი; პარტ-ნომენკლატურული და ქურდული, პარტნომენკლატურული და აკადემიური, ქურდული და აკადემიური გაგების ურთიერთგაგება; გვერდზე გაყვანა და თირკმელში მსუბუქად დაჭრა; მოკლედ – ჩიტი-გვრიტი როგორც შროშანი! ბლუზური ტონიც ხომ ეგ არის: თან სი არის თანაც სი-ბემოლი, თანაც – რაღაცა შუაშია, მინორზე მომჯდარი მაჟორი და პირიქით…

ჯაზი ქალაქური, ურბანული სახელოვნებო და კულტურული ფორმაა. ჰოდა, მაშ, ქართული ჯაზი თბილისელობის გარეშე როგორ იქნებოდა?! იმ მხრიდან, საითაც უუნაგირო ცხენოსანმა გაუტია, გრუზავიკი გამოჩნდა. გრუზავიკზე მოტოროლერი იყო დამაგრებული, მოტოროლერზე კი ახალგაზრდა კაცი შემომჯდარიყო და მღეროდა: „მე თბილისელი ბიჭი ვააარ, ყადრიანი და გამგებიიიი…“ მარჯვენა ხელი განზე ეპყრა, ზედ მიმინო ეჯდა და ფრთხიალებდა, ხოლო წინ ხოხბები მიფრინავდნენ… ყადრიანი და გამგები ბიჭი, როგორც ახალგაზრდა ზიდჰარტჰა, რომელსაც მოევლინა სამი ნიშანი: დავრდომილი, მოხუცი და მკვდარი; ამ თბილისელ ბიჭსაც მოევლინება სამი: მავანი პარტიის ცეკადან, მავანი „ლევი ფულის“ მკეთებელი და მავანი ქურდი, წამალზე შემჯდარი – მოევლინება და ეს თბილისელი ბიჭიც გაუგებს მათ, თუმცა გულზე არც ერთი ეხატება, უბრალოდ – ესმის მაგათი… ამ თბილისელ ბიჭს დედა-მზე კოცნის და მამა-მთვარე არიგებს ჭკუას, ეს თბილისელი ბიჭი ლერწმის სალამურია, რომელსაც ისე ააკვნესებ, როგორც გინდა; ეს თბილისელი ბიჭი ამ ჭადრის ფოთოლია, რომელსაც ქარი წაიღებს და ქარი მოიტანს… ამ თბილისელ ბიჭს ცოტ-ცოტა ყველაფერი ესმის და უყვარს, მაგრამ ყველაზე უფრო თავისი თავი უყვარს – სატვირთო მანქანის ძარაზე შედგმულ მოტოროლერს მომჯდარი…

ჟირკამბინატის ეზოში

ჯემალა შემხვდაააა,

იმან მითხრა: „ბიჭო, ნუგზარ,

გავსწორდეთ ეხლაააა…“ …

ის კი არა და, ავანგარდისტული ფორმებიც ჩამოყალიბდა ამ ქართულ ჯაზში:

სუფრასთან მჯდომმა ორმა ჯეელმა ბუფეტჩიკს მოუხმო. ამათ კაი ფული ჰქონდათ ნაშოვნი, თითოეულ მათგანს ტკიცინა თუმნიანების საკმაოდ მოზრდილი შეკვრა ედო წინ. ბუფეტჩიკიც ეგრევე ეახლა. ავანგარდიზმი მაზალო რამეა – თან რაღაცა ბავშვური უმანკოებაა მაგაში, თან კიდევ რაღაცა გაუკვალავში წინწასული რამ… ერთ-ერთმა ფულიანმა ბუფეტჩიკს ფულის დასტა დაანახა და უთხრა, რომ თუ ნეკა თითს მოიჭრიდა და ამ ფულის დასტაზე შეწვავდა, ორ ამდენ ფულს მიიღებდა საჩუქრად. ავანგარდისტული ქმნილება ხომ რაღაც აბსტრაქტულია და იმავე დროს რაღაცა მტკივნეული, ჰო – ტკივილისა და სიამოვნების მომგვრელი ერთდროულად… ბუფეტჩიკმა ფულის დასტებს უყურა, თითოში კაი ბლომად იქნებოდა – რამდენიმე ათასი მეეთი. ავანგარდიზმი რთული გამოწვევის წინაშე დგომაა: თქვა ახალი და მანამდე უთქმელი მაშინ, როცა უკვე ყველაფერი ნათქვამია წინამორბედთა მიერ. ამ ორ კაცსაც იმდენი ფული ჰქონდათ ნაშოვნი, რომ ისევ ფულად ხომ არ აქცევდნენ? ვინმემ შეიძლება თქვას, ამათ კაცის სულის სიღრმებში დაფარულის წვდომა მოუნდათ – აბა, ნეტავი, რაზე წავა ეს ბუფეტჩიკი ფულის გულისათვისო? არა, სეირი უნდოდათ, მეტი არაფერი, ან – საერთოდ, უნდოდათ რამე? მაგარი მთვრალები იყვნენ და… ბუფეტჩიკმა, ჯერ გაიკვირვა, მერე ფულს შეხედა, აწონ-დაწონა, მერე ერთი-ორი კაი თლაშოი ჭაჭა გადახუხა, დადო ხელი ყასბის კუნძზე და ნაჯახის ერთი სხარტი მოძრაობით ის ნეკა თითი მოიჭრა! ჭაახ!!! სისხლმა იფეთქა, როგორც დაუფარავმა ემოციამ, ცნობერების სიღრმიდან ამომავალმა – კივილმა, ეროტიზმმა, რეპრესირებულმა ლტოლვამ, ყოფიერებამ, როგორც ასეთმა, რომელსაც კულტურული ფორმები ვეღარ ალამაზებს; იფეთქა, როგორც ბუნებას აყოლილმა სპონტანურმა იმპროვიზაციამ არარას თემაზე, როგორც წმინდა აბსტრაქციამ, როგორც… ორივე ფულიანი კაცი ბუფეტჩიკთან მივიდნენ და ტკიცინა თუმნიანები ზედ დააბნიეს, ხოლო თავად ბუფეტჩიკს გული წაუვიდა – მეტის სიხარულითა და ტკივილით… მაზალო, წინააღმდეგობრივი რამეა ავანგარდიზმი!

თავად საქართველოც ეგრეა – თან ულამაზესი, თანაც უმახინჯესი…ო, დაუკვირდი, კარგო, ამ ამბავს, ძველია იგი და ძველისძველი; ეგ სილამაზე დაგღუპავს ისე, როგორც დაღუპა რქებმა ირემი! – წაუმღერეს ტურკეცამ და ბიჭებმა… თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ…

„დინამო!!!“

ბროლსაქსოფონის დამკვრელმა ლიდერმა აფიციანტებს სთხოვა – შამპანურს წიწმატით გაზი გააცალეთო და დამისხითო! და ასე, გაზგაცლილი შამპანურით სავსე ბროლ-საქსოფონი მაღლა ასწია:

„თავისუფლებას გაუმარჯოს! როგორც დიდი ილია იტყოდა: როდის იქნება, რომ ჩვენივე თავი ჩვენვე გვეყუდნეს! თავისუფლებას გაუმარჯოს!“

უცებ, სუფრას თვითმფრინავმა გადაუფრინა – ძალიან დაბლა მოფრინავდა, გრიალით გადაუქროლა იქაურობას და დასისხლიანებული ჯინსები ჩამოყარა! ეტყობოდა, რომ იქ, შიგნით, თვითმფრინავის სალონში რაღაცაგვარი თავისუფლება იკვეთებოდა, იჭრებოდა – პატარა, თუნდაც იმ ნეკათითისოდენა!

ჰო, ჯაზი თავისუფლებაა!

სუფრის წევრები ფეხზე ადგომით სვამენ გაზგაცლილი შამპანურით სავსე ბროლის საქსოფონებიდან. თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ, სამი უსინათლო ქალი კი მღერის: დაუკარიიიით…

… … … …

… …

და მერე დაიწყო დიდი ჯაზი პოსტმოდერნისტული ოთხმოცდაათიანებისა –

ნგრევა-შენების ორმაგი კოდირებით –

და ღვინის მაგივრად ძუკნას ნახარში გვასხა ცხოვრებამ – Bitches Brew!

და ამას მოჰყვა ვერაგი ღვინისა და ვარდების დღეები – ცხრა წელიწადს რომ გასტანა: The Days of Wine and Roses…

და მერე იყო ოცნება – ნაგები საგანთა უარით…

იყო ტაბურეტების რეტი და ჭინჭარი ალაგ-ალაგ – სპირიჩუელზი და გოსპელი…

და იყო ტექტონური ძვრები, კატაკლიზმები – დიდი და მცირე,

იყო სინკოპა-ტერაქტები: ფუნდამენტალჯიჰადისტური…

იმატა დეპრესიამ და სუიციდმა.

მაგრამ, უეცრად ჩვენი ისტორიის ჯაზმა გეოპოლიტიკური აკორდები ისე გადააწყო და გადაათამაშა, რომ ჩვენი წყალი იქცა გლობალურ ღვინოდ, ანუ –ნავთობად:

მოხდა ისე, რომ სასმელი წყალი მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოში მოედინებოდა!

ხოლო ქართულ წყალთან ერთად გლობალურ ენაში – ინგლისურში – დაიწყო შეღწევა ქართულმა ენამ, რადგან წყალი ინახავს ერისა და მისი ენის განუმეორებლობას! ჯერ მხოლოდ ორი სიტყვა შევიდა – „ზეგ“ და „შემომეჭამა“, ხოლო შემდგომში – სრულიად ლექსიკა ქართული…

და ამის შედეგად, თანდათან, ნათელი გახდა, რომ იოანე-ზოსიმე ჭეშმარიტად ჭვრეტდა მომავალს

და ისიც გაირკვა, რომ ასო „წილი“ ქართული ანბანისა აღნიშნავს „წყალს“!

და მაინც, მთავარი საიდუმლო ამ ენაში დამარხული არის უმალ ტანტრისტული ძირი – „ტყვ“ — სიტყვა/ტყვნა

და ესაა ერთობა სიტყვისა და სიყვარულისა – სიტყვარული!

მალე ეს სიტყვა განკაცდება და ჩვენც ველით მის მოსვლას!

It’s very clear, our love is here to stay, not for a year, but forever and a day…

ხოლო მანამდე ჩვენ გადავსახლდებით კოსმიურ საქართველოში:

დიახ, არსებობს კოსმიური საქართველო! იგი მდებარეობს უშორეს ნისლოვანებაში სახელად „ჩა-კრულო”…

Heaven, I’m in Heaven, and my heart beats so that I can hardly speak…

დიახ, საქართველო გადარჩა – ეს სამიათასწლიანი ბლუზური ტონი, თან ხალისიანი, თანაც სევდიანი!

და ისევე, როგორც მიწიერი საქართველო, ევროპასა და აზიას შორის, კოსმიური საქართველო მდებარეობს მატერიისა და ანტიმატერიის ზღვარზე… Between the Devil and the Deep Blue Sea…

თავისკენ გვეძახის, თავისკენ გვიხმობს ბნელი მატერია – იდუმალი მატერია, რომელსაც ამდენი ხანია იკვლევდნენ ასტრონომები და კოსმოლოგები.

 და ჩვენ უკვე ვიცით, რომ სწორედ ეს ბნელი მატერიაა ადამიანის თავისუფლების საფუძველთა საფუძველი და პირობათა პირობა.

თავისუფლება არ არის ადამიანური არჩევანის შესაძლებლობა; იგი არც გაცნობიერებული აუცილებლობაა, არც სხვის წინაშე პასუხისმგებლობა, არც ლომთა ხვედრი და ა.შ.

ჩვენა ვართ მზისა და მთვარის შვილები, ვარსკვლავთა დანი და ძმანი!

თავისუფლება კოსმიური ბნელი მატერიის გამოვლინებაა ჩვენში –მათრობელა, როგორც ღვინო, რომელიც ძარღვებში გვიდუღს!

Georgia, Georgia,

No peace, no peace I find,

Just an old sweet song

Keeps Georgia on my mind…

თბილისი, 2013-2014

© “არილი

Facebook Comments Box