პოეზია (თარგმანი)

ჰომეროსი – ილიადა – მესამე და მეოთხე სიმღერა

iliada 43433

ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო

ლევან ბერძენიშვილმა

             მესამე სიმღერა

ფიცი. გალავნიდან დათვალიერება.

ალექსანდრეს და მენელაოსის ორთაბრძოლა

 

მას შემდეგ, რაც დაეწყო თითოეული თავის წინამძღოლთან ერთად, ტროელები ყიჟინითა და ხმაურით დაიძრნენ ფრინველებივით. სწორედ ასე წეროების ხმაც ცას სწვდება, როდესაც ზამთარსა და დაუსრულებელ ავდარს გაურბიან და ყივილით მიფრინავენ ოკეანის ტალღებისკენ, მიაქვთ სიკვდილი და უბედურება პიგმეებისათვის[1] და ადრიანად იწვევენ მათ სასტიკი ბრძოლისაკენ. აქაველები კი მოდიოდნენ მდუმარედ, საბრძოლო სულით ანთებულნი და ერთმანეთის დახმარების გულით მოწადინებულნი.

როგორც მთის მწვერვალებზე დაღვრის ნისლს ნოტოსი, რომელიც მწყემსისთვის საზიანოა, ქურდისთვის კი ღამეზე უკეთესია, როდესაც გასროლილ ქვაზე უფრო შორს ვერაფერს ხედავ; – ასე მათი ფეხებიდან ავარდნილი მტვრის ღრუბელი უკან მიჰყვებოდა, როდესაც ველზე სწრაფად მიდიოდნენ.

როდესაც ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, ტროელებს წინ დაუდგა ღვთისდარი ალექსანდროსი[2], მხრებზე მოსხმული ლეოპარდის ტყავით, მოხრილი მშვილდითა და ხმლით; სპილენძისბუნიკიან ორ შუბს არხევდა და იწვევდა არგიველთაგან საუკეთესოებს, გამოსულიყვნენ მასთან საომრად სასტიკ ორთაბრძოლაში.

როგორც კი თვალი მოჰკრა მას არესის რჩეულმა მენელაოსმა, შეკრებილთა წინ წარდგა დიდი ნაბიჯით; როგორც ლომი ხარობს, როდესაც მშიერი მოზრდილ ნადავლს წააწყდება, რქიან ირემს ან ჯიხვს, უმალ შთანთქავს, თუნდაც თვითონ ამ დროს გარშემორტყმული იყოს სწრაფი ძაღლებითა და ძალოვანი ყმაწვილებით; აი, ასე გაიხარა მენელაოსმა, როდესაც საკუთარი თვალით დაინახა ღვთისდარი ალექსანდროსი, რადგან ჩათვალა, ახლა შურს ვიძიებო და იმავწამს ეტლიდან აბჯარასხმული და შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე.

როგორც კი დაინახა იგი ღვთისდარმა ალექსანდროსმა მებრძოლთა წინა რიგებში, შიშისგან გული ჩაუვარდა და უმალ უკან დაიხია მეგობართა გუნდისკენ და სიკვდილს გაექცა. როგორც ვინმე, გველს რომ დაინახავს და უკან გადგება მთის ხეობაში და მთელი სხეული აუკანკალდება, სწრაფად გარბის და სახეზეც ცვილის ფერი ედება, ასე უმალ უდრეკ ტროელთა გუნდში დაიმალა ატრევსის ვაჟის მიერ შეშინებული ღვთისდარი ალექსანდროსი.

ის კი დაინახა ჰექტორმა და გაკიცხა შემარცხვენელი სიტყვებით: „უბადრუკო პარის, თვალად ლამაზო, მაცდურო მექალთანევ! ნეტავ არასოდეს დაბადებულიყავი ან უცოლოდ მომკვდა­რი­ყავი! ამას ვინატრებდი! ეს ხომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ყველას სამარცხვინოდ მიაჩნდე და ეზიზღებოდე! სიცილით კვდებიან გრძელთმიანი აქაველები, რომელთაც ეგონათ, რომ საუკეთესო მეთაური გვყავდა, რადგან ლამაზი ხარ შესახედავად, მაგრამ არც ძალა აღმოგაჩნდა მკერდში და არც სიმამაცე. ასეთი ბრძანდებოდი და საზღვაო ხომალდებით მაინც გადაცურე ზღვა, სანდო მეგობრები შეკრიბე, წახვედი უცხოელებთან და მშვენიერი ქალი წამოიყვანე შორეული მიწიდან, შუბოსანი ხალხის რძალი, მამაშენისთვის, ქალაქისთვის და მთელი ხალხისთვის – უბედურება, მტრებისთვის სიხარული, თავად შენთვის კი სირცხვილი! რატომ არ შეებრძოლე არესის რჩეულ მენელაოსს? ხომ გაიგებდი, როგორი კაცის მშვენიერ მეუღლეს დაეუფლე?! ვერ გიშველიდა ვერც კითარა, ვერც აფროდიტეს საჩუქარი, ვერც თმები, ვერც შესახედაობა, ისე შეერეოდი მტვერს. მეტად მშიშრები არიან ტროელები, თორემ, რახანია, ქვის პერანგს ჩაგაცმევდნენ[3], იმდენი სიავე გაქვს გაკეთებული“.

მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, სამართლიანად მდებ ბრალს. გული მუდამ უდრეკი გაქვს ცულივით, რომელსაც ოსტატურად ხმარობს ხურო, როდესაც გემის ძელს თლის; ასევეა შენს მკერდში უშიშარი სული. საყვედურს ნუ მეტყვი, ოქროს აფროდიტეს საჩუქრის გამო. მერწმუნე, გადასაგდები არ არის ღმერთების სახელოვანი საჩუქრები, ისინი თავად იძლევიან, საკუთარი სურვილით მათ ვერავინ მიიღებს; ახლა კი, ისევ თუკი გსურს ვიომოთ და ვიბრძოლოთ, სხვა ტროელები და აქაველები დასხდნენ, შუაში დავდგეთ მე და არესის რჩეული მენელაოსი, რომ ვიბრძოლოთ ჰელენესა და მთელი ქონებისათვის. ვინც გაიმარჯვებს და უძლიერესი აღმოჩნდება, მთელ ქონებასაც დაეუფლოს და ქალიც შინ შეიყვანოს. თქვენ კი მეგობ­რობის აღთქმა დადეთ და წმინდა ფიცით დაიფიცეთ, იცხოვრეთ ნაყოფიერ ტროაში, ისინი კი წავიდნენ ცხენებით მდიდარ არგოსსა და აქაველთა ლამაზქალებიან მიწაზე“.

ასე თქვა და ჰექტორმა გულით დიდად გაიხარა, როცა გაიგონა, შუაში შევიდა, შუაში ჩაავლო ხელი შუბს, ტროელთა რიგებს უკან დაახევინა და ყველა დასხდა; ხოლო გრძელთმიანმა აქავე­ლებ­მა მშვილდები მოზიდეს და დაუშინეს ისრები და ქვები; მაგრამ დიდი ხმით დაიყვირა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „შეჩერდით, არგიველებო! ნუ ისვრით, აქაველთა შვილებო! რაღაც სიტყვის თქმას აპირებს მუზარადმოელვარე ჰექტორი“. ასე თქვა და მათაც შეწყვიტეს ბრძოლა და დადუმდნენ განრისხებულნი, ჰექტორმა კი ორივეს მიმართა: „ისმინეთ ჩემგან, ტროელებო და ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, სიტყვა ალექსანდროსისა, რომლის გამოც ჩამოვარდა შუღლი. იგი სთავაზობს ტროელებსა და ყველა აქაველს, მშვენიერი იარაღი დააწყოს მრავალთამკვებავ მიწაზე, თავად კი, შუაგულში, არესის რჩეულ მენელაოსთან ჰელენესა და მთელი ქონებისთვის ბრძოლას აპირებს. ვინც გაიმარჯვებს და უძლიერესი აღმოჩნდება, მთელ ქონებასაც დაეუფლოს და ქალიც შინ შეიყვანოს. ჩვენ კი მეგობ­რობის აღთქმა დავდოთ და წმინდა ფიცით დავიფიცოთ“.

ასე თქვა, ისინი კი ყველანი წყნარად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ; მათ კი მიმართა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „ახლა მეც მომისმინეთ! ყველაზე მეტი ტკივილი ჩემს სულს მიადგა, იმედი მაქვს, ომს შეწყვეტენ მალე არგიველები და ტროელები, რომელთაც მრავალი უბედურება გადაიტანეს ალექსანდროსის მიერ წამოწყებული ჩემი და მისი მტრობის გამო. ჩვენგან რომელსაც სიკვდილი და ბედისწერა აირჩევს, მოკვდეს, დანარჩენებმა კი სასწრაფოდ შეწყვიტეთ ბრძოლა; მოიყვანეთ ცხვრები, თეთრი ცხვარი იყოს მამალი და შავი – დედალი, მიწისა და მზისთვის, ზევსს კი ჩვენ მოვუყვანთ სხვას. მოიყვანეთ მძლავრი პრიამოსიც, რათა ფიცი დადოს თვითონ, რადგან მისი შვილები დაუოკებელი და არასანდონი არიან, ვინმემ კანონდარ­ღ­ვევით ზევსისადმი ფიცი არ გატეხოს. ყმაწვილ კაცებს ხასიათი მუდამ ეცვლებათ, ხოლო როდესაც მოხუცი მონაწილეობს, წინაც იხედება და უკანაც, რომ ყოველმხრივ საუკეთესო იყოს გადაწყვე­ტილება“.

ასე თქვა, ხოლო აქაველებმა და ტროელებმა გაიხარეს და იმედი მიეცათ, რომ დაასრულებდნენ ბედშავ ომს. და მათ დააწყვეს ცხენები მწყობრად, თვითონ ჩამოსხდნენ, აბჯარი ჩამოიხსნეს და მიწაზე დააწყვეს ერთმანეთის გვერდიგვერდ და შუაში მცირე ადგილი დატოვეს.

ჰექტორმა ქალაქში ორი მაცნე გაგზავნა, რომ სასწრაფოდ ცხვრები მოეყვანათ და პრიამოსისთვისაც მოეხმოთ. ხოლო მეუფე აგამემნონმა ტათლიბიოსი გაგზავნა ღრმამუცლიან ხომალდებთან ცხვრების წამოსაყვანად და ისიც დაემორჩილა ღვთაებრივ აგამემნონს.

ირისი იმავწამს ეწვია თეთრხელებიან ჰელენეს მაცნედ მისი მულის, ანტენორის ძის, ჰელიკაონის მეუღლის, პრიამოსის ყველაზე ლამაზი ქალიშვილის, ლაოდიკეს სახით.

იგი იპოვა დარბაზში, დიდ ორმაგ მეწამული ფერის ქსოვილს ქსოვდა, რომელზეც ასახული იყო ცხენებისმხედნელი ტროელებისა და სპილენძისსამოსიანი აქაველების მრავალი ბრძოლა, რომელშიც მათ სწორედ მის გამო არესის ხელი მისწვდა. ახლოს დაუდგა და უთხრა ფეხმარდმა ირისმა: „აქ მოდი, საყვარელო რძალო, რათა ნახო სასწაულებრივი საქმეები ცხენებისმხედნელი ტროელებისა და სპილენძშემოსილი აქაველებისა, რომლებსაც მანამდე ერთმანეთისთვის მრავალცრემლიანი ბრძოლა გაუმართავთ მინდორში, დამღუპველი ომის წყურვილით აღვსილებს. ისინი დგანან მდუმარედ, ომი კი შეწყდა, ფარებს ეყრდნობიან, გრძელი შუბები კი მიწაში ჩაურჭვიათ. ხოლო ალექსანდროსი და არესის რჩეული მენელაოსი გრძელი შუბებით შენთვის ბრძოლას აპირებენ; მათგან გამარჯვებული საყვარელ მეუღლეს გიწოდებს“.

ასე უთხრა და ტკბილი სურვილი ჩაუდო სულში პირველ ქმარზე, ქალაქსა და მშობლებზე. იმავწამს ვერცხლისფერი სამოსი მოიცვა, გავიდა ოთახიდან, ცრემლს ღვრიდა, მარტო არ იყო, მას გაჰყვა ორი მხევალი: ეთრა, პიტთევსის ასული და ხარისთვალება კლიმენე; უმალ მივიდნენ იქ, სადაც სკაიეს კარიბჭე[4] იყო. იქ პრიამოსის ირგვლივ იყვნენ პანთოოსი და თიმოიტესი, ლამპოსი, კლიტიოსი, ჰიკეტაონი, არესის შთამომავალი, უკალეგონი და ანტენორი – ორივე ბრძენი, ისხდნენ უხუცესები სკაიეს კარიბჭესთან. სიბერის გამო, ომი აღარ შეეძლოთ, მაგრამ ბრწყინვალე მჭევრმეტყველები იყვნენ, მიმსგავსებულნი ჭიჭინობლებს, რომლებიც ტყეში ხეებზე სხედან და წყნარ ხმას გამოსცემენ, ტროელთა მეთაურები ასე ისხდნენ კოშკში. როდესაც დაინახეს კოშკისკენ მიმავალი ჰელენე, ჩუმად გადაუსროლეს ერთმანეთს ფრთოსანი სიტყვები: „ვერ გაკიცხავ ტროელებსა და ლამაზსაბარკულიან აქაველებს, რომ ასეთი ქალის გამო ამდენ ტკივილს ითმენენ; მართლაც, უკვდავ ღმერთებს ჰგავს იერით; მაგრამ როგორიც უნდა იყოს, ხომალდებით გაემგზავროს და ნუ დარჩება განსაცდელად ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის“.

ასე თქვეს, პრიამოსმა კი ჰელენეს მოუხმო: „აქ მოდი, საყვარელო შვილო და ჩემთან დაჯექი, რომ დაინახო პირველი ქმარი და საყვარელი მოყვრები; შენ უდანაშაულო ხარ, ყველაფერი მოაწყვეს ღმერთებმა, რომლებმაც წამოიწყეს აქაველთა მრავალცრემლიანი ომი. იმ უზარმაზარი კაცის სახელი მითხარი, ვინ არის ეს მამაცი და დიდი აქაველი კაცი? სიმაღლით მასზე მაღლებიც არიან სხვები, მაგრამ არც უფრო მშვენიერი არ უნახავთ არავინ ჩემს თვალებს, არც ასე დიდებული, – ეს კაცი მეფეს ჰგავს“.

მას უპასუხა ჰელენემ, ქალთაგან ყველაზე უფრო ღვთაებრივმა: „პატივსაცემიც ხარ ჩემთვის, საყვარელო მამამთილო და საშიშიც; ტკბილი იქნებოდა ბოროტი სიკვდილი ჩემთვის, როდესაც აქ ჩამოვყევი შენს შვილს და დავტოვე საწოლი ოთახი, ძმები, ერთადერთი ასული და საყვარელი თანატოლები; მაგრამ ასე არ მოხდა და ცრემლებით ვიტანჯები. ახლა კი გიპასუხებ შეკითხვაზე: ეს კაცი არის ატრევსის ძე, მძლავრი მეუფე აგამემნონი, ერთდროულად კარგი მეფეც და ძლიერი შუბოსანიც. მაზლი იყო ჩემი, ძაღლთაპირის, თუ ვიყავი ღირსი“.

ასე თქვა, ხოლო მოხუცი გაოცდა და ბრძანა: „ო, ატრევსის ბედნიერო ძეო, ბედის ნებიერო! ამჟამად აქაველთა მრავალი შვილი გემორჩილება. ოდესღაც ვაზით მდიდარ ფრიგიაში ჩავედი, იქ ვნახე მრავალი ფრიგიელი მოჯირითე ვაჟკაცი, ოტრევსისა და ღვთისდარი მიგდონის ხალხი, ბანაკად იდგნენ სანგარიოსის ნაპირებთან; მეც იქ ვიყავი, მათს მოკავშირედ ვითვლებოდი იმ დღეს, როდესაც მამრისდარი ამორძალები მოვიდნენ; მაგრამ იმდენი არ იყვნენ, რამდენიც თვალმოელვარე აქაველებია.

მეორედ ოდისევსი დაინახა და იკითხა მოხუცმა: „მითხარი, საყვარელო შვილო, ეს ვინ არის? ერთი თავით დაბალია ატრევსის ძე აგამემნონზე, მაგრამ მხრებით და გულ-მკერდით უფრო ფართო ჩანს. მისი აბჯარი მრავალთამკვებავ მიწაზე აწყვია, თვითონ კი ყოჩივით დადის მეომართა რიგებში; ხშირმატყლიან ცხვარს მაგონებს იგი, რომელიც ვერცხლისსაწმისიან ფარაში დადის“.

მას უპასუხა შემდეგ ჰელენემ, ზევსისგან შობილმა: „ეს კი გახლავს ლაერტეს ძე, მრავალბრძენი ოდისევსი, რომელიც აღიზარდა კლდოვანი ითაკის თემში, იცის ყველანაირი ცბიერება და ჭკვიანური რჩევები“.

მას ისევ მიმართა პირისპირ მჯდომმა ბრძენმა ანტენორმა: „ქალბატონო, ნამდვილად სწორი სიტყვა ბრძანე; ოდესღაც აქ მოვიდა ღვთაებრივი ოდისევსი – შენ გამო ელჩად იყო მოსული არესის რჩეულ მენელაოსთან ერთად; მათ ვუმასპინძლე და მეგობრულად მივიღე დარბაზში, ორივე მათგანის ღირსება შევიცანი და ჭკვიანური რჩევები. როდესაც შეერეოდნენ ერთად თავმოყრილ ტროელებს, ფეხზე მდგომარე მენელაოსი აღემატებოდა მხრების სიგანით, ხოლო როდესაც ისხდნენ ორივენი, უფრო მეფური იყო ოდისევსი. მაგრამ როდესაც სიტყვასა და რჩევაზე მოდგებოდა საქმე, მენელაოსი თავისუფლად ლაპარაკობდა, ცოტას ამბობდა, მაგრამ ძალიან ცხადად, უხვსიტყვიანი არ იყო, არც არეულად მოლაპარაკე, თუმცა კი ახალგაზრდა იყო; მაგრამ როდესაც ბრძენი ოდისევსი წამოდგებოდა და თვალებს დაბლა დახრიდა და მიწას გაუსწორებდა მზერას, კვერთხს არც უკან და არც წინ გასწევდა, არამედ უძრავად ეპყრა, უბრალო კაცს მიმსგავსებულს, გეგონებოდა გაბრაზებული ან უაზრო ვინმე; მაგრამ როდესაც მკერდიდან დიდ ხმას ამოუშვებდა და სიტყვები ზამთრის ზვავს დაემსგავსებოდა, მაშინ ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეეჯიბრებოდა და ისევ ვცნობდით ძველებური ოდისევსის სახეს“.

მესამედ აიასი დაინახა და იკითხა მოხუცმა: „ვინ არის ეს აქაველი, ვაჟკაცი და უზარმაზარი, რომელიც გამოირჩევა არგიველთაგან თავით და ფართო მხრებით?“

მას უპასუხა გრძელპეპლოსიანმა ჰელენემ, ღვთაებრივმა ქალმა: „ეს არის აიასი, აქაველთა გოლიათი ზღუდე. მეორე მხრიდან კრეტელებში იდომენევსი ღმერთივით დგას, ხოლო მის ირგვლივ თავი მოუყრიათ კრეტელთა მეთაურებს. ხშირად უმასპინძლია მისთვის არესის რჩეულ მენელაოსს, როდესაც ჩვენს სახლს სწვევია კრეტიდან. ვხედავ სხვა თვალმოელვარე აქაველებსაც, რომელთაც კარგად ვიცნობ და სახელებსაც გეტყვი. ვერ ვხედავ მხოლოდ ხალხთა ორ მეთაურს – ცხენებისმხედნელ კასტორსა და მუშტმაგარ პოლიდევკესს[5], ჩემს ღვიძლ ძმებს, რომლებიც დედაჩემმა შობა; იქნებ, არც წამოსულან საყვარელი ლაკედემონიდან, ან, იქნებ, ჩამოვიდნენ კიდეც საზღვაო ხომალდებით, მაგრამ არ სურთ ბრძოლაში შევიდნენ ვაჟკაცებთან, რადგან უფრთხიან სირცხვილსა და მრავალ საყვედურს ჩემ გამო“.

ასე თქვა, ისინი კი უკვე მიღებული ჰყავდა სიცოცხლისმომცემ მიწას ლაკედემონში, მათს საყვარელ სამშობლოში.

ამასობაში ქალაქის გავლით მაცნეებს ღმერთების სარწმუნო ფიცისთვის მოჰყავდათ ორი ცხვარი და გამამხიარულებელი ღვინო თხის ტყავის ტიკით, ღვინის შესარევი ელვარე ჭურჭელი და ოქროს თასები მოჰქონდა მაცნე იდაიოსს, დადგა მოხუცთან და ასე მიმართა: „წამოდექი, ლაომედონის ძეო, გიხმობენ ცხენებისმხედნელ ტროელებისა და სპილენძისსამოსიანი აქაველების სარდლები, რომ ბრძოლის ველზე გახვიდე, რათა სარწმუნო ფიცი დადოთ: ახლა ალექსანდროსი და არესის რჩეული მენელაოსი გრძელი შუბებით შეებრძოლებიან ერთმანეთს ქალისათვის; გამარჯვებულს დარჩება ქალიცა და ქონებაც. სხვები კი მეგობ­რობის აღთქმას დადებენ და წმინდა ფიცით დაიფიცებენ, რომ იცხოვრებენ ნაყოფიერ ტროაში, მომხდურები კი დაბრუნდებიან ცხენებით მდიდარ არგოსსა და აქაველთა ლამაზქალებიან მიწაზე“.

ასე თქვა და შეძრწუნდა მოხუცი, თუმცა მეგობრებს მაინც უბრძანა, ცხენები შეებათ და ისინი იმავწამს დაემორჩილნენ. მაშინვე ავიდა პრიამოსი და სადავეები უკან დაქაჩა; გვერდით ანტენორი შედგა უმშვენიერეს ეტლზე და ამ ორმა გაიარა სკაიეს კარიბჭე და ბრძოლის ველისკენ სწრაფი ცხენებით დაიძრა.

ხოლო როდესაც მივიდნენ ტროელებთან და აქაველებთან, გადმოვიდნენ ეტლებიდან მრავალნაყოფიერ მიწაზე და ტროელებსა და აქაველებს შორის შევიდნენ. იმავწამს წამოდგნენ მაშინ კაცთა ბელადი აგამემნონი და მრავალბრძენი ოდისევსი; შემდეგ სახელგანთქმულმა მაცნეებმა სარწმუნო ფიცი დაუდეს ღმერთებს, ჭურჭელში კი ღვინო შეაზავეს, შემდეგ მეფეებს ხელზე დაუსხეს წყალი. ატრევსის ძემ ხელებით ამოიღო ხანჯალი, რომელიც ხმლის დიდი ქარქაშის გვერდით ეკიდა მუდამ და ცხვრებს თავებიდან მოჰკვეთა თმები, შემდეგ უმალვე მაცნეებმა გაუნაწილეს ტროელებისა და აქაველების სარდლებს.

მათ წინაშე ატრევსის ძემ ხელები აღმართა და ხმამაღლა ილოცა: „ზევსო მამაო, რომელიც იდიდან ბრძანებლობ, უსახელოვანესო და უდიდესო და შენც, მზეო, რომელიც ხედავ ყველაფერს და რომელსაც გესმის ყველაფერი, მდინარეებო და შენც, მიწავ, და თქვენ, რომლებიც მიწისქვეშ შურს იძიებთ ფიცის დამრღვევებზე, თქვენ დამიდექით მოწმედ და დაიცავით სარწმუნო ფიცი. თუკი მენელაოსს ალექსანდროსი მოკლავს, მას დარჩეს ჰელენე და მთელი ქონება, ჩვენ კი საზღვაო ხომალდებით გავემგზავრებით, ხოლო თუკი ალექსანდროსს მოკლავს ოქროსთმიანი მენელაოსი, ტროელებმა უნდა დაგვიბრუნონ ჰელენე და მთელი ქონება და არგიველებს უნდა გადაგვიხადონ სათანადო საზღაურიც, რომელიც ემახსოვრებათ მომავლის ადამიანებსაც. თუკი პრიამოსი და პრიამოსის შვილები არ ისურვებენ, გადამიხადონ საზღაური ალექსანდროსის დაცემის შემდეგ, ისევ დავიწყებ ბრძოლას, სანამ არ მივიღებ გამოსასყიდს და აქ დავრჩები, სანამ ომის დასრულებას არ მივაღწევ“, – თქვა და ცხვრებს ყელი გამოღადრა დაუნდობელი სპილენძით; და ისინი დააწვინა მიწაზე, მოცახცახენი და სულთმობრძავები, რადგან ძალა წაართვა სპილენძმა. შემდეგ ღვინო ჭურჭლიდან ჩამოასხეს თასებში და ლოცვა აღუვლინეს მარადმყოფ ღმერთებს. ასე რომ, ვიღაც ამბობდა აქაველებისა და ტროელებისგან: „უსახელოვანესო და უდიდესო ზევსო და სხვა უკვდავო ღმერთებო, ვინც კი პირველი დაარღვევს ფიცს, როგორც ღვინო, ისე დაიღვაროს მათი და მათი ნაგრამის ტვინი და სხვებმა დაიმონონ მათი ცოლები“.

ასე თქვეს, მაგრამ მაინც არ აღუსრულა კრონოსის ძემ. დარდანოსის ძე პრიამოსმა ასეთი სიტყვა ბრძანა: „მისმინეთ, ტროელებო და ლამაზსაბარკულიანო აქაველებო! მე ახლა უკან გავბრუნდები ქარიან ილიონში: ვერ გადავიტან და საკუთარი თვალებით ვერ ვუყურებ ჩემი საყვარელი შვილის შებრძოლებას არესის რჩეულ მენელაოსთან; ხომ მხოლოდ ზევსმა და სხვა უკვდავმა ღმერთებმა იციან, რომელს უწერია სასიკვდილო აღსასრული“.

ეს თქვა და ეტლში აიყვანა ცხვრები ღვთისდარმა მოკვდავმა, თავადაც ავიდა და სადავეები უკან მოზიდა; მის გვერდით ანტენორი უმშვენიერეს ეტლზე ავიდა და ორივე უკან გაბრუნდა ილიონში. პრიამოსის ძემ, ჰექტორმა და ღვთაებრივმა ოდისევსმა ჯერ ბრძოლის ადგილი მოზომეს, შემდეგ წილები სპილენძით გაწყობილ მუზარადში მოათავსეს, რომ გადაწყვეტილიყო, თუ ორიდან რომელს უნდა ესროლა სპილენძის შუბი. ხალხმა ილოცა, ღმერთებისკენ აღმართა ხელები და არაერთმა აქაველმა და ტროელმა ბრძანა: „ზევსო მამაო, რომელიც იდიდან მეფობ, უსახელოვანესო და უდიდესო, ამ ორიდან რომელმაც მოიტანა ეს უბედურება, ის დაიღუპოს და შევიდეს ჰადესის სასახლეში, ჩვენში კი დამკვიდრდეს მეგობრობა და სარწმუნო ფიცი“.

ასე ამბობდნენ, ხოლო მბრწყინავმუზარადიანმა დიდმა ჰექტორმა შეარხია წილები, თვალი აარიდა და პირველი პარისის წილი ამოიღო. შემდეგ ხალხი რიგებად დასხდა, თითოეულმა ვაჟკაცმა დატოვა ჩორთით მორბენალი ცხენი და ჭრელი აბჯარი. ამასობაში მხრებზე იმაგრებდა ლამაზ აბჯარს ღვთაებრივი ალექსანდროსი, ოქროსთმიანი ჰელენეს მეუღლე. ჯერ საბარკულები მოირგო წვივებზე ლამაზი, რომლებიც შეიკრა ვერცხლის კავებით; შემდეგ თავისი ძმის, ლიკაონის, ბექთარი, რომელიც მასაც მოერგო[6], მოიცვა მკერდზე, ხოლო მხრებზე გადაიგდო ვერცხლის ლურსმნებით გაწყობილი სპილენძის ხმალი, ხელი ჩაავლო უზარმაზარ და მაგარ ფარს, მძლავრ თავზე ცხენის კუდით მორთული კეთილნაკეთი მუზარადი ჩამოიფხატა, შიშისმომგვრელად ირხეოდა ზემოდან ჯიღა; აიღო გმირული შუბი, ხელი შემოაჭდო. მის მსგავსად აისხა აბჯარი მამაცმა მენელაოსმაც.

როდესაც კი ორივე თავისიანების მხარეს შეიარაღდა, ტროელებსა და აქაველებს შორის შეაბიჯეს მრისხანე მზერით. ძრწოლამ მოიცვა მათი შემხედვარე ცხენების მხედნელი ტროელები და ლამაზსაბარკულიანი აქაველები. მიუახლოვდნენ ერთმანეთს და მოზომილ ადგილზე დადგნენ. შუბებს არხევდნენ და ერთმანეთს რისხვას აფრქვევდნენ.

პირველმა ალექსანდროსმა სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა ატრევსის ძის ყოველმხრივ გაწონასწორებულ ფარს; ვერ შეაღწია სპილენძში, მოიღუნა შუბის წვერი მაგარ ფარზე. მეორემ ისროლა ატრევსის ძემ, მენელაოსმა და შესძახა მამა ზევსს: „ზევსო მეუფეო, მაძიებინე შური ბოროტისმქნელ ღვთაებრივ ალექსანდროსზე, მომაკვლევინე ჩემი ხელით, რათა შემდგომ დაბადებულ თაობებშიც ყველა შეძრწუნდეს, ვინც სტუმრად მივა და ბოროტს უყოფს სიყვარულით მიმღებ მასპინძელს“.

ეს თქვა, შეარხია და ისროლა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა პრიამოსის ძის ყოველმხრივ გაწონასწორებულ ფარს, შეაღწია მოელვარე ფარში მძლავრმა შუბმა და ოსტატურად ნაკეთები ბექთარი შელეწა და გაფხრიწა ქიტონი მუცელთან. გვერდით გადაიხარა და აირიდა შავი სიკვდილი. ატრევსის ძემ ამოიღო ვერცხლისლურსმნებიანი ხმალი, ზე აღმართა და დაალეწა მუზარადზე, სამ და ოთხ ნაწილად დაიფშვნა ხმალი და ხელიდან გაუვარდა. ეს რომ დაინახა, ვრცელ ზეცას შეჰღაღადა ატრევსის ძემ: „მამაო ზევსო, ღმერთებიდან სხვა არავინაა შენზე უფრო დამღუპველი! ამაოდ ვთქვი, რომ ბოროტებისთვის შურს ვიძიებდი ალექსანდროსზე. ახლა ხელში ჩამატყდა ხმალი, ხოლო შუბი ამაოდ ვტყორცნე, მისი მოკვლა არ შემიძლია!“

ეს თქვა და მისწვდა ცხენის ძუით მორთულ მუზარადს, ჩაავლო და მოაბრუნა ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ, მოუზიდა მუზარადის მჭიდროდ ნაწნავი ღვედი ნაზ კისერზე, რომელიც ნიკაპს ედებოდა და მუზარადს ამაგრებდა. კიდეც გამოათრევდა და ენით უთქმელ დიდებასაც მოიპოვებდა, რომ არ მოეკრა თვალი ზევსის ასულ აფროდიტეს, მან გაწყვიტა მოკლული ხარის ტყავის ღვედი და ცარიელი ზუჩი გაჰყვა მძლავრ ხელს. მაშინ გმირმა იგი ჰაერში აათამაშა და ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ ისროლა და ერთგულმა მეგობრებმა აიღეს. ისევ დაეცა თავს და მოსაკლავად მისწვდა სპილენძის შუბით, მაგრამ იგი მოიტაცა აფროდიტემ იოლად, როგორც ღმერთს შეუძლია, დაფარა ღრუბლით და კეთილსურნელოვან საწოლ ოთახში აღმოაჩინა. თავად კი ჰელენეს დასაძახებლად წავიდა. იგი იპოვა მაღალ გალავანზე, სადაც ტროელი ქალების გუნდი იდგა. ხელით შეეხო მის სურნელოვან კაბას, შეარხია იგი და ლაკედემონში მცხოვრებ მატყლის მრთველ მიხრწნილ დედაბერს მიმსგავსებულმა, რომელიც ლამაზ შალს ქსოვდა და რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა იგი, მას ეჩვენა და უთხრა ღვთაებრივმა აფროდიტემ: „აქ მოდი, ალექსანდროსი მოგიხმობს სახლში. იგი საძინებელ ოთახშია, მოხატულ საწოლზე, სილამაზითა და სამოსით ბრწყინავს, ვერ იტყვი, რომ ბრძოლიდან მოვიდა კაცი, უფრო ჰგავს საცეკვაოდ მიმავალს ან ფერხულიდან მოსულსა და ჩამომჯდარს“.

ასე თქვა და შეუშფოთა მკერდში გული ჰელენეს, მაგრამ როგორც კი დაინახა ქალღმერთის ულამაზესი ყელი, ვნებისაღმძვრელი მკერდი და მოელვარე თვალები, გაოგნდა, ქალღმერთს მიმართა და ეს სიტყვა უთხრა: „ქალღმერთო, რატომ ცდილობ, რომ მაცდუნო? კიდევ ხომ არ გინდა, რომელიმე კარგად დასახლებულ ქალაქში წამიყვანო – ფრიგიასა თუ თვალწარმტაც მეონიაში, იქნებ იქაც გყავს საყვარელი მოკვდავი კაცი? ახლა, როცა ღვთაებრივი ალექსანდროსის დამმარცხებელ მენელაოსს სურს მე, საძულველი, სახლში წამიყვანოს, რისთვისღა დამიდექი გვერდით ვერაგი ფიქრით? წადი და გვერდით მიუჯექი, გამოდი ღმერთების რიგიდან, საკუთარი ფეხით არასოდეს დაუბრუნდე ოლიმპოსს, მუდამ მასზე იგლოვე და ის დაიფარე, სანამ მეუღლედ ან მონად არ გაქცევს. მე იქ არ შევალ, სამარცხვინოც იქნებოდა მისთვის სარეცლის გაწყობა: ყველა ტროელი ქალი გამკიცხავდა, გულში ისედაც უსასრულო წუხილი მაქვს“.

მას მძვინვარედ მიმართა ღვთაებრივმა აფროდიტემ: „ნუ მაბრაზებ, უგუნურო, არ მიმატოვებინო განრისხებულს თავი, ისევე შემიძლია შეგიძულო, როგორ გასაოცრადაც ახლა მიყვარხარ; ორივე მხარეს დამღუპველ სიძულვილს ჩავუსახავ შენდამი – ტროელებსაც და დანაელებსაც და შენ ავი ბედისწერა დაგღუპავს“.

ასე თქვა და შეძრწუნდა ჰელენე, ზევსისგან შობილი, მოიხურა ვერცხლისფრად მოელვარე მოსასხამი და წავიდა მდუმარედ, ტროელი ქალებისგან მალულად; წინ მიუძღოდა ქალღმერთი.

და როდესაც ისინი ალექსანდროსის ულამაზეს სასახლეში შევიდნენ, მოახლეები მაშინვე სასწრაფოდ საქმეს მიუბრუნდნენ, ხოლო ღვთაებრივი ქალი მაღალჭერიანი საძინებლისკენ გაემართა; ხოლო მარადმოღიმარმა აფროდიტემ სკამი აიღო და ალექსანდროსს წინ დაუდგა; დაბრძანდა ჰელენე, ეგიდის მპყრობელი ზევსის ასული, თვალები ისევ დახარა და ქმარს უსაყვედურა სიტყვით: „ომიდან მოხვედი, თუმცა გმართებდა, იქ დაღუპულიყავი იმ მძლავრი კაცისგან დაცემული, რომელიც ადრე ჩემი მეუღლე იყო. ხომ ამბობდი ადრე, რომ არესის რჩეულ მენელაოსს შენი ძალით, ხელითა და შუბით ძლევდი?! წადი ახლა და ისევ მოუხმე პირისპირ საბრძოლველად არესის რჩეულ მენელაოსს, თუმცა მე არ გირჩევ ოქროსთმიან მენელაოსთან ერთი ერთზე დაუფიქრებლად ბრძოლას, რომ მისი შუბით სწრაფად არ განიგმირო!“

მას უპასუხა და ეს სიტყვები უთხრა პარისმა: „ნუ დამიმძიმებ სულს, ქალბატონო, გაუსაძლისი საყვედურით. ახლა ხომ მენელაოსმა გაიმარჯვა ათენას დახმარებით, შემდგომში მე გავიმარჯვებ, რადგან ჩვენ გვერდითაც დგანან ღმერთები. მოდი, დავწვეთ და სიყვარულით დავტკბეთ, რადგან არასოდეს არ მოუცავს ჩემი სული ასეთ ვნებას, მაშინაც კი, როდესაც პირველად თვალწარმტაცი ლაკედემონიდან მოგიტაცე და მოვცურავდით საზღვაო გემებით და კრანაეს კუნძულზე შევერთეთ ერთმანეთს სიყვარულითა და სარეცლით, ბევრად უფრო მიყვარხარ ახლა და ტკბილი სურვილი მიპყრობს“, – ეს თქვა და სარეცლისკენ დაიძრა და უკან მიჰყვა მეუღლეც. და ისინი დაწვნენ მოჩუქურთმებულ სარეცელზე.

ატრევსის ძე კი მებრძოლთა შორის წინ და უკან დარბოდა მხეცივით, იქნებ სადმე თვალი მოეკრა ღვთისდარი ალექსანდროსისთვის, მაგრამ არავის შეეძლო ტროელებისა და მათი სახელოვანი მოკავშირეებისგან, ეჩვენებინა ალექსანდროსი არესის რჩეული მენელაოსისთვის. მისი სიყვარულის გამო არ დამალავდა არავის, რომ დაენახა, რადგან შავი სიკვდილივით ყველას თანაბრად ეზიზღებოდა.

მაშინ მათ უთხრა კაცთა მეუფე აგამემნონმა: „მისმინეთ, ტროელებო, დარდანელებო და მოკავშირეებო! ცხადად გამოჩნდა არესის რჩეული მენელაოსის გამარჯვება, არგოსელი ჰელენე და მასთან ერთად მთელი ქონება უნდა დააბრუნოთ და გადაიხადოთ სათანადო გამოსასყიდი, რომლის ხსოვნა დარჩება მომავალი თაობების ადამიანებშიც“.

ასე თქვა ატრევსის ძემ და მოუწონეს სხვა აქაველებმაც.

მეოთხე სიმღერა

ფიცის გატეხა.

აგამემნონის მიერ ლაშქრის შემოვლა

ზევსთან ჩამომსხდარ ღმერთებს კრება ჰქონდათ ოქროს მიწაზე, ხოლო დედოფალი ჰებე[7] მათ ნექტარს უსხამდა; ისინი კი ოქროს თასებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ტროელთა ქალაქს დაჰყურებდნენ. უეცრად შეეცადა კრონოსის ძე, გამოეწვია ჰერა დამცინავი სიტყვებით და ცბიერად ჩაილაპარაკა: „ორი დამხმარე ჰყავს მენელაოსს ღმერთებში – არგოსელი ჰერა და მფარველი ათენა; მაგრამ ისინი ცალკე სხედან, უყურებენ და ტკბებიან, პარისს კი მარადმოღიმარი აფროდიტე მუდამ გვერდით უდგას და ბედისწერისგან იცავს. ახლაც, როცა ეგონა, რომ მოკვდებოდა, გადაარჩინა, თუმცა ცხადი იყო არესის რჩეული მენელაოსის გამარჯვება. ჩვენ კი ვთქვათ, როგორ იქნება ეს საქმე: ან ისევ ავი ომი და საშინელი შეტაკება აღვძრათ, ან მტრებს შორის მეგობრობა დავამკვიდროთ. და თუ ეს ყველას საყვარლად და ტკბილად გიჩანთ, დაე, მეუფე პრიამოსის ქალაქი გადარჩეს, ხოლო არგოსელი ჰელენე მენელაოსმა წაიყვანოს“.

ასე თქვა; დრტვინავდნენ ათენა და ჰერა, გვერდიგვერდ ისხდნენ და ტროელებისთვის სიავეს განიზრახავდნენ. თუმცა ათენა მდუმარედ იყო და არაფერს ამბობდა მამა ზევსზე გულმოსული, ველურ რისხვას მოეცვა იგი. ჰერამ კი ვერ დაიოკა ბრაზი გულში და მიმართა: „კრონოსის უსასტიკესო ძეო, ეს რა სიტყვა ბრძანე?! გინდა, წყალში ჩამიყარო უსასრულო გარჯა და ოფლი, რომელიც შრომაში დავღვარე, ცხენები დავწყვიტე, რომ ხალხი შემეყარა პრიამოსისა და მისი შვილების დასაქცევად. გააკეთე, რაც გსურს, მაგრამ ყველა ღმერთი არ დაგეთანხმება“.

მას დიდად გაუწყრა ღრუბელთშემკრები ზევსი და უთხრა: „დედოფალო, ცუდი რა გაგიკეთეს პრიამოსმა და პრიამოსის შვილებმა, ასე მტრულად რომ გწყურია ილიონის კარგად დასახლებული ციხესიმაგრის დაქცევა? რომ შეგძლებოდა, კარიბჭესა და დიდ გალავანში შეხვიდოდი და ცოცხლად შეჭამდი პრიამოსსაც, მის შვილებსაც და სხვა ტროელებსაც, იქნებ ამით მოგეშუშებინა ჭრილობა. გააკეთე, რაც გინდა; მაგრამ უფრთხილდი, ამ განხეთქილებამ ჩვენ ორს შორის დიდი მტრობა არ ჩამოაგდოს. კიდევ ერთს გეტყვი და გულში კარგად ჩაიბეჭდე: როდესაც მე განვიზრახავ, დავაქციო ქალაქი, რომელშიც შენთვის საყვარელი ადამიანები დაბადებულან, ნუ დააცხრობ ჩემს მრისხანებას და მიმიშვი; მეც გულით არ მინდა, მაგრამ მაინც გაძლევ ამ ქალაქს; მზისა და ვარსკვლავებიანი ცის ქვეშეთში მიწიერი ადამიანები რაც ქალაქებს ასახლებენ, მათგან ჩემი გულისთვის ყველაზე პატივსაცემი იყო წმინდა ტროა, პრიამოსი და იფნისშუბოსანი პრიამოსის ხალხი. იქ არასოდეს მოჰკლებია ჩემს საკურთხეველს არც სათანადო ნადიმი, არც ზედაშე, არც შესაწირავის კვამლი, არც თაყვანისცემა, რაც გვეკუთვნის“.

მის საპასუხოდ ბრძანა ხარისთვალება ქალღმერთმა ჰერამ: „სამი ქალაქია ჩემთვის უსაყვარლესი: არგოსი, სპარტა და ფართოქუჩებიანი მიკენე. დააქციე ისინი, თუ გულით შეიძულებ, მე წინ არ გადაგიდგები და არ დავიცავ. თუ უარს ვიტყვი და არ დაგანებებ მათს დაქცევას, ჩემი უარით ვერაფერს გავაწყობ, რადგან შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ; მაგრამ საჭიროა, რომ ჩემი გაწეული შრომაც უნაყოფოდ არ დარჩეს, მეც ხომ ღმერთი ვარ, მეც ხომ იმ გვარისა ვარ, რაც შენ, მეც ხომ უფროს ქალიშვილად მშვა ცბიერმა კრონოსმა და ორგზის დიდებული ვარ, – ჩემი წარმოშობითაც და იმითაც, რომ მეუღლეს მიწოდებ შენ, რომელიც ყველა უკვდავზე მეფობ; ახლა კი დავუთმოთ ერთმანეთს: შენ – მე და მე – შენ. მოგვყვნენ სხვა უკვდავი ღმერთებიც. შენ კი სასწრაფოდ უბრძანე ათენას, მიადგეს ტროელებისა და აქაველების საშინელ შეტაკებას, სცადოს, რომ ფრიად სახელოვან აქაველებს ტროელებმა პირველებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ფიცი გატეხონ“.[8]

ასე თქვა და უსმინა მას ადამიანთა და ღმერთთა მამამ. იმავწამს მიმართა ათენას ფრთოსანი სიტყვებით: „ახლავე მიადექი ტროელებსა და აქაველებს, სცადე, რომ ფრიად სახელოვან აქაველებს ტროელებმა პირველებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ფიცი გატეხონ“.

ასე ბრძანა და აღძრა ისედაც მოწადინებული ათენა და ისიც მოწყვეტით დაეშვა ოლიმპოსის მწვერვალებიდან. როგორც ვარსკვლავი, რომელსაც ცბიერი კრონოსის ძე უგზავნის სასწაულის ნიშნად მეზღვაურებს ან ხალხთა ვრცელ ლაშქრობას, ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელიც უამრავ ნაპერწკალს ისვრის, ასეთი სახით დაეშვა მიწაზე პალასი ათენა, ჩამოხტა შუაში; გაოგნდნენ ამის დამნახველი ცხენებისმხედნელი ტროელები და ლამაზსაბარკულიანი აქაველები. ერთმანეთს უყურებდნენ და ეუბნებოდნენ: „ან ისევ ავი ომი და საშინელი შეტაკება იქნება, ან მოწინააღმდეგეებს შორის მეგობრობას დაამკვიდრებს ზევსი, რომელიცაა ადამიანებისთვის ომების გამრიგე“.

ამას ამბობდნენ ერთმანეთში აქაველებიცა და ტროელებიც. ათენა კი მივიდა ერთად თავმოყრილ ტროელებთან ანტენორის ძის, ლაოდოკოსის, მძლავრი შუბოსნის სახით, კითხულობდა, სად უნდა ეპოვნა ღვთისდარი პანდაროსი. ნახა, რომ ლიკაონის სწორუპოვარი და მძლავრი ვაჟი იდგა და ირგვლივ ეხვია ფაროსანი მეომრების მძლავრი რიგები, რომლებიც მას ჩამოჰყვნენ აისეპოსის[9] ნაკადებიდან. ახლოს დაუდგა და ფრთოსანი სიტყვებით მიმართა: „მერწმუნე, ლიკაონის მამაცო ვაჟო! გაბედე და მენელაოსს სტყორცნე სწრაფი ისარი, ყველა ტროელისაგან მადლობასა და დიდებას მოიხვეჭ, ყველასაგან, განსაკუთრებით კი მეფე ალექსანდროსისაგან. მისგან მიიღებ ბრწყინვალე საჩუქარს, როგორც კი მენელაოსს, ატრევსის მამაც შვილს დაინახავს შენი ისრით დაცემულსა და მწუხარე კოცონზე ასულს. მიდი, ესროლე ისარი სახელგანთქმულ მენელაოსს, შეევედრე ლიკიაში შობილ მშვილდოსან აპოლონს, პირველშობილი ცხვრების სახელოვანი ჰეკატომბე აღუთქვი შინ, წმინდა ქალაქ ძელეიაში დაბრუნებისას“.

ასე ბრძანა ათენამ და დაარწმუნა უგუნურის სული. იმავწამს ამოიღო არჩვის რქისგან დამზადებული გაპრიალებული მშვილდი, ეს არჩვი ოდესღაც თავად დაუჭრია მკერდში კლდიდან, სადაც ჩასაფრებული დიდხანს ელოდა; მკერდში მოარტყა ისარი და წააქცია კლდეზე. თავზე თექვსმეტი ხელისგულის სიგრძის რქები ადგა. ისინი დაამუშავა და შეაერთა მშვილდის ხელოსანმა, მთლიანად გააპრიალა და ოქროს კაუჭები გაუკეთა. და იგი კარგად დააყენა, მიწაზე დააყრდნო და მოზიდა; მისმა კარგმა მეგობრებმა წინ ფარები დაუჭირეს, რომ არესის ძე აქაველები არ წამომდგარიყვნენ, სანამ არ მოარტყამდა ატრევსის ძეს, მამაც მენელაოსს. გახსნა კაპარჭის თავსახური და ამოიღო უხმარი ფრთოსანი ისარი, შავი ტკივილის მიზეზი. უმალ ლარს მიუსადაგა ბასრი ისარი, შეევედრა ლიკიაში შობილ მშვილდოსან აპოლონს, პირველშობილი ცხვრების სახელოვანი ჰეკატომბე აღუთქვა შინ, წმინდა ქალაქ ძელეიაში დაბრუნებისას. ერთად მოზიდა ისრის ბოლო და ხარის ძარღვის ლარი; ლარი მკერდს გაუსწორა და რკინის ბუნიკი – მშვილდს. იმავწამს, როგორც დიდი მშვილდი წრედ მოზიდა, გაიჟღრიალა მშვილდმა, გაიზუზუნა ლარმა და გაიჭრა ბასრბოლოიანი ისარი ერთად თავმოყრილ ხალხში შევარდნას მოწადინებული.

მაგრამ არ დაგივიწყეს, მენელაოს, ნეტარმა უკვდავმა ღმერთებმა, უპირველესად კი ზევსის მონადავლე ასულმა, გვერდით დაგიდგა იგი და აგარიდა ბასრი ისარი; ისე არ მიაკარა შენს კანს, როგორც დედა აცილებს ხოლმე ბუზს შვილს, რომელსაც ტკბილად სძინავს; მან იგი წარმართა იქით, სადაც ქამარს[10] ოქროს ბალთა კრავდა და ჯავშანი ჯავშანს ედებოდა. შეკრულ ქამარში ჩაერჭო ბასრი ისარი, ოსტატურად გაკეთებულ ქამარში გააღწია, უცხოდ ნაკეთები ბექთარი და შელეწა შიდა სქელი სარტყელი[11], რომელსაც წელზე ატარებდა შუბისგან თავდასაცავად და ყველაზე უფრო საიმედო იყო, მაგრამ ისარმა მასშიც შეაღწია. გაკაწრა ისარმა მოკვდავის კანი; იმავწამს წამოსკდა ღრუბელივით შავი სისხლი ჭრილობიდან. როგორც სპილოს ძვალს შეღებავს მეონიელი ან კარიელი ქალი მეწამულ ფერად, რომ ცხენს საყბეურად ჰქონდეს და დევს – საძინებელში, ბევრი მხედარი ლოცულობს, რომ ხელში ჩაიგდოს, მაგრამ დევს, როგორც მეფის საგანძური, ორივეა: ცხენისთვის – აკაზმულობა და მხედრისთვის – დიდება; ასევე შენ, მენელაოს, სისხლმა შეგიღება მოხდენილი ბარძაყები, წვივები და ლამაზი კოჭები.

შეძრწუნდა კაცთა მეუფე აგამემნონი, როცა დაინახა ჭრილობიდან დაღვრილი შავი სისხლი. თავზარი დაეცა თავად არესის რჩეულ მენელაოსსაც; მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ბუნიკის სამაგრი ძარღვი და ისრის კაუჭები გარეთ იყო, სული მკერდში ისევ დაუბრუნდა. მენელაოსის ხელი აიღო, მძიმედ ამოიოხრა, ასე მიმართა მეუფე აგამემნონმა და საპასუხოდ ამოიგმინეს მეგობრებმაც: „საყვარელო ძმაო, შენს სასიკვდილოდ დამიდევს ფიცი და მსხვერპლი შემიწირავს, როცა აქაველთა წინ დაგაყენე ტროელებთან საბრძოლველად, შენ კი დაგჭრეს ტროელებმა და სარწმუნო ფიცი ფეხით გათელეს; მაგრამ არ იქნება ამაო არც ფიცი, არც ცხვრების სისხლი, არც შეუზავებელი ზედაშე და არც ნდობის ნიშნად მარჯვენის ჩამორთმევა. თუკი ოლიმპოსელი ახლავე არ იმოქმედებს, გვიან მაინც აღასრულებს და დიდ ფასსაც დაუწესებს – საკუთარი თავით, ცოლებითა და შვილებით გადაიხდიან. ეს კარგად ვიცი, სულით და გულით: დადგება დღე, როცა დაიქცევა წმინდა ილიონი, პრიამოსი და იფნისშუბოსანი პრიამოსის ხალხი; ზევსი, კრონოსის ძე, მაღლით მჯდომი, ეთერის[12] მცხოვრები, მათ ყველას თავად შეურხევს შავ ეგიდას, ამ მზაკვრობით განრისხებული, ამას ვერავინ გადაურჩება; მაგრამ ჩემთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, მენელაოს, შენ რომ მომკვდარიყავი და სიცოცხლის მიჯნას მისდგომოდი, მე კი სირცხვილნაჭამი წავსულიყავი უწყლო არგოსში; იმავწამს აქაველებს მონატრებოდათ მშობლიური მიწა, პრიამოსისა და ტროელების სადიდებლად დაგვეტოვებინა არგოსელი ჰელენე, ხოლო შენი ძვლები დამპალიყო მინდორში, ტროაში დაყრილი, დაუსრულებელ საქმესთან ერთად. არაადამიანური ძალით გაამაყებული ვინმე ტროელი ხომ იტყოდა, სახელოვანი მენელაოსის ყორღანზე შემდგარი: – დაე, ასე დასრულდეს ყველას მიმართ აგამემნონის რისხვა, მან ხომ ახლაც ამაოდ ჩამოიყვანა აქ აქაველთა ლაშქარი, შინ, საყვარელ სამშობლო მიწაზე ცარიელი ხომალდებით დაბრუნდა და დატოვა კეთილი მენელაოსი. ამას იტყოდა მაშინ და გამისკდებოდა კიდეც ფართო მიწა“.

მას კი გასამხნევებლად უთხრა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „გამაგრდი, არ შეაშინო აქაველი ხალხი. სასიკვდილო ადგილას არ მომხვდა ბასრი ისარი, მრავალფერადი ქამარი გაიარა, ხოლო მის ქვემოთ ბალთამ და სარტყელმა დააკავა, რომელიც სპილენძის ოსტატებმა გამოჭედეს“.

მის საპასუხოდ ბრძანა მეუფე აგამემნონმა: „ნეტავ ისე იყოს, როგორც შენ ამბობ, საყვარელო მენელაოს, ჭრილობას კი ექიმი მოძებნის და დაადებს წამლებს, რომლებიც შეწყვეტს შავ ტკივილებს“.

და ტათლიბიოსს, ღვთაებრივ მაცნეს მიმართა: „ტათლიბიოს, რაც შეიძლება სწრაფად მაქაონს მიხმე აქ, ასკლეპიოსის ძეს, უზადო მკურნალს, რათა ნახოს ვაჟკაცი მენელაოსი, ატრევსის ძე, რომელიც ისრით დაგვიჭრა რომელიღაც რჩეულმა ტროელმა ან ლიკიელმა მშვილდოსანმა, თავისდა სადიდებლად და ჩვენდა ჭირად“.

თქვა და მაცნე დაუყოვნებლივ დაემორჩილა მის ნათქვამს; დაიარა სპილენძისსამოსიანი აქაველი ხალხი, თვალით ეძებდა გმირ მაქაონს და დაინახა დამდგარი, ირგვლივ რიგებად შემორტყმოდა ფაროსანი ხალხი, რომლებიც საძოვრებით მდიდარი ტრიკიდან ჩამოჰყვა. გვერდით დაუდგა და ფრთოსანი სიტყვებით მიმართა: „წამოდი, ასკლეპიოსის ძეო, გეძახის მეუფე აგამემნონი, რათა ნახო ვაჟკაცი მენელაოსი, ატრევსის ძე, რომელიც ისრით დაგვიჭრა რომელიღაც რჩეულმა ტროელმა ან ლიკიელმა მშვილდოსანმა, თავისდა სადიდებლად და ჩვენდა ჭირად“.

ასე თქვა და შეუტოკა მკერდში გული. წავიდნენ და გაიარეს ერთად თავმოყრილ აქაველთა ვრცელი ლაშქარი. ხოლო როდესაც მივიდნენ, სადაც ოქროსთმიანი მენელაოსი დაჭრილი იწვა, მის ირგვლივ კი თავი მოეყარათ მხედართმთავრებს წრეში, ის კი შუაში იწვა, ღვთისდარი მოკვდავი, იმავწამს ამოაძრო შეკრული ქამრიდან ისარი, მაგრამ ამოძრობისას ჩატყდა ბასრი კაუჭები. შეხსნა მრავალფერადი ქამარი, მის ქვემოთ ბალთა და სარტყელი, რომელიც სპილენძის ოსტატებმა გამოჭედეს. შემდეგ დაათვალიერა ჭრილობა, რომელიც ბასრმა ისარმა დატოვა, სისხლი გამოადინა და მყარი ცოდნით დამაწყნარებელი წამალი აპკურა, რომელიც ოდესღაც მამამისს კეთილი გულით მისცა ქირონმა[13].

სანამ დაკავებული იყვნენ საომარი ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსით, მანამ რიგებად მოვიდნენ ტროელთა ფაროსნები, აქაველებმა ისევ აბჯარი აისხეს და გაიხსენეს ომის ხალისი.

ვერ ნახავდი ღვთაებრივ აგამემნონს ვერც მთვლემარეს, ვერც მობუზულს, ვერც ბრძოლის არმოსურნეს, არამედ მხოლოდ დიდების მომტან ბრძოლაში შეჭრილს. ცხენები და სპილენძით მორთული ეტლი მიატოვა; მათ, მძიმედ მსუნთქავთ, შორიახლოს აკავებდა მსახური ევრიმედონი, პირაიდესის ძის, პტოლემაიოსის ვაჟი. აგამემნონმა მას დაავალა, ხელთ ჰყოლოდა მანამ, სანამ დაღლილობა მოიცავდა მის კიდურებს, როდესაც, როგორც მბრძანებელი, მრავალს მოივლიდა ფეხით და მეომრებს რიგებად დააწყობდა. სადაც ბრძოლას დანატრებულ სწრაფცხენიან დანაელებს დაინახავდა, მათ გვერდით დაუდგებოდა და სიტყვებით კიდევ უფრო გაამხნევებდა: არგოსელებო, არ შეანელოთ გააფთრებული სიმამაცე, მამა ზევსი არ იქნება მატყუარათა შემწე, ვინც პირველმა დაარღვია ფიცი, მათს ნაზ ხორცს სვავები შეჭამენ, ჩვენ კი მათს საყვარელ ცოლებს და ჩვილ შვილებს ხომალდებით წავიყვანთ, როდესაც ციხესიმაგრეს ავიღებთო.

სადაც კი საზარელი ომის მიმტოვებლებს დაინახავდა, მათ უმალ შავ დღეში ჩააგდებდა მძვინვარე სიტყვებით: „ავბედითო, თავისმომჭრელო არგოსელებო, არ გრცხვენიათ ახლა? რას დამდგარხართ გაოგნებულები ირმებივით, მინდორში სირბილით რომ დაიღლებიან, დადგებიან და გულში სიმამაცე რომ ვეღარ ებადებათ; თქვენც ასე დამდგარხართ გაოგნებულნი და აღარ ომობთ. იქნებ, იმას ელოდებით, ტროელები მოგვადგნენ აქ, ლამაზკიჩოიან ხომალდებთან ჭაღარა ზღვის ნაპირზე, რომ დაინახოთ, კრონოსის ძის ხელი როგორ გადაგვეფარება?“

როგორც მბრძანებელმა, ასე ჩამოიარა მეომართა რიგები. მიადგა კრეტელებს და მეომართა შორის გაიარა. ისინი მამაცი იდომენევსის ირგვლივ ისხამდნენ აბჯარს. იდომენევსი პირველ რიგებში იდგა ტახივით მამაცად, მერიონესი კი აჩქარებდა უკანა რიგებს. ისინი რომ დაინახა, გაიხარა კაცთა ბელადმა აგამემნონმა და იმავწამს იდომენევსს მიმართა ტკბილი სიტყვებით: „იდომენევს, სწრაფცხენებიან დანაელებში შენ მიმაჩნიხარ საუკეთესოდ ომსა და სხვა საქმეებში, ასევე ჩვენს დღესასწაულებზე, როდესაც უხუცესებისთვის შუშხუნა ღვინოს საუკეთესო არგოსელები ჭურჭელში აზავებენ. იქ სხვა გრძელთმიანი აქაველები თავის ზომაზე სვამენ, შენი თასი კი, ჩემი არ იყოს, მუდამ სავსე დგას და სვამ, როდესაც გული გეტყვის. მაშ, შედი ბრძოლაში ისეთი ამაყი, როგორიც ყოველთვის იყავი“.

მას საპასუხოდ უთხრა იდომენევსმა, კრეტელთა ბელადმა: „ატრევსის ძეო, მუდამ შენი ერთგული მეგობარი ვიქნები, როგორც უწინ დაგპირდი და სიტყვა მოგეცი. ახლა სხვა გრძელთმიანი აქაველები აღაგზნე, რომ სასწრაფოდ ბრძოლა დავიწყოთ, რადგან დაგიდეს ფიცი ტროელებმა; დაე, მათ სიკვდილი და დაღუპვა არ ასცდეთ, რაკი პირველებმა დაარღვიეს ფიცი“.

ასე თქვა და გახარებული გულით წავიდა ატრევსის ძე. მეომართა სიმრავლე გაიარა და აიასებთან მივიდა. მათ უკვე მუზარადები ეხურათ და ქვეითთა ღრუბელი მოსდევდათ. როგორც შემაღლებული ადგილიდან ზეფიროსის ზუზუნში ხედავს მწყემსი ზღვის თავზე მიმავალ ღრუბელს, შორიდან იგი კუპრზე უფრო შავად ეჩვენება და იცის, რომ მას მოჰყვება დიდი ქარიშხალი, ძრწოლა იპყრობს და გამოქვაბულში შეჰყავს ფარა, – ასე გუნდად მიჰყვებოდნენ აიასებს დამაქცევარ ომში ზევსის გამოზრდილი ვაჟკაცების ფარებითა და შუბებით აბურძგნული ლურჯი რიგები. მათი დანახვით გაიხარა მეუფე აგამემნონმა, შესძახა და ფრთოსანი სიტყვები უთხრა: „ორო აიასო, სპილენძისსამოსიანი არგოსელების ორო მეთაურო, თქვენ არც გიბრძანებთ, რომ აღაგზნოთ მეომრები, თქვენ თავადაც ძლიერად აგიმხედრებიათ ხალხი სასტიკი ბრძოლისთვის. ზევსო მამაო, ათენა და აპოლონო, ნეტავ ყველას ასეთი სული ჰქონოდა მკერდში! მაშინ ხომ უმალ დაეცემოდა მეუფე პრიამოსის ქალაქი ჩვენი ხელით აღებული და გაცამტვერებული!“

ეს თქვა და ისინი მიატოვა, სხვებისკენ წავიდა. იქ კი ნესტორს წააწყდა, პილოსელების მქუხარე მჭევრმეტყველს, რომელიც მეგობრებს რაზმავდა და საბრძოლოდ განაწყობდა. მის ირგვლივ იყვნენ პელაგონი, ალასტორი, ქრომიოსი, მეუფე ჰემონი და ხალხთა მწყემსი ბიასი. ცხენოსნები ცხენებთან და ეტლებთან ერთად წინ განალაგა, მრავალი საუკეთესო ქვეითი უკან ბრძოლის ბურჯად დააყენა, ხოლო უარესები შუაში განალაგა, რათა, თუნდაც არ ნდომოდათ, იძულებული ყოფილიყვნენ, ეომათ. მხედრებს პირველებს მისცა დავალება – მათ უბრძანა, ცხენები დაეოკებინათ და არ გაცვენილიყვნენ უწესრიგო ხროვად; თავისი ცხენოსნობისა და ვაჟკაცობის იმედით არავინ განიზრახოს არც სხვების წინ ტროელებთან ბრძოლა, არც უკან ჩამორჩენა, – უძლურები გახდებით. თუკი ვინმე თავის ეტლს დატოვებს და სხვა ეტლზე გადავა, შუბი გაიწვდინოს წინ, ეს ყველაზე ძლიერი ხერხია. ძველები ამგვარად ამსხვრევდნენ ქალაქებსა და გალავნებს, ამგვარი გონება და სული ედგათ მკერდში“.

ასე არიგებდა მათ მოხუცი, ძველი დროიდან ომების მცოდნე. მის დამნახავ აგამემნონს გული სიხარულით აევსო, შესძახა და ფრთოსანი სიტყვებით მიმართა: „მოხუცო, მაგ საყვარელ მკერდში როგორი სულიც გიდგას, ისე გაგიმაგრდეს მუხლი და ისეთი ძალა მოგეცეს! მაგრამ საყოველთაო სიბერე გაწამებს, კარგი იქნებოდა, ვინმე სხვას ჰქონოდა მეომრებში შენი ასაკი, შენ კი ყმაწვილებში ყოფილიყავი!“

მას საპასუხოდ უთხრა გერენოსელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის ძეო, მეც ძალიან ვისურვებდი, ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც მაშინ ვიყავი, როცა ერევთალიონი გამოვასალმე სიცოცხლეს, მაგრამ ღმერთები ყველაფერს ერთად არ აძლევენ ადამიანებს, მაშინ ყმაწვილი ვიყავი და ახლა კიდევ სიბერე მომეწია, მაგრამ ასეთიც მხედრებში გავერევი და მოვუწოდებ რჩევით და სიტყვებით, – ეს არის მოხუცთა განსაკუთრებული პატივი. შუბები კი შეარხიონ უმცროსებმა, ჩემ შემდეგ დაბადებულებმა, რომლებიც საკუთარ ძალას ენდობიან“.

ასე თქვა და გახარებული გულით წავიდა ატრევსის ძე. იპოვა პეტეოსის ძე, ბრწყინვალე მხედარი მენესთევსი; იგი იდგა და ირგვლივ ჰყავდა ათენელები, ყიჟინის ოსტატები; იქვე ახლოს იდგა მრავალბრძენი ოდისევსი, ორივე მხარეს ედგა მძლავრ მეომარ კეფალენიელთა რაზმები, იდგნენ, ჯერ არ გაეგონა ამ ხალხს საბრძოლო ყიჟინა, რადგან ჯერ ერთმანეთს უახლოვდებოდნენ ცხენებისმხედნელი ტროელებისა და აქაველების საბრძოლო რიგები; ისინი კი იცდიდნენ, იდგნენ, სანამ აქაველთა სხვა კოშკი[14] მოვიდოდა, ტროელებს დაესხმებოდა და ბრძოლა გაჩაღდებოდა. ესენი რომ ნახა, გაცეცხლდა ხალხთა ბელადი აგამემნონი, შესძახა მათ და ფრთოსანი სიტყვებით მიმართა: „პეტეოსის, ზევსის აღზრდილი მეფის ძეო! და შენ, ავი ცბიერების გამორჩეულო ოსტატო, რას დამდგარხართ ცალკე, იმალებით და სხვებს ელოდებით?! თქვენ ორს, უპირველესად ყოვლისა, გმართებდათ წინ გასულიყავით და ფიცხელ ომში შეჭრილიყავით. ნადიმზე ხომ პირველად თქვენ ორს გეპატიჟებით, თუკი უხუცესებს ნადიმს ვუწყობთ აქაველები. იქ გიყვართ შემწვარი ხორცის მირთმევა და თასებით თაფლივით ტკბილი ღვინის გულიანად სმა; აქ კი საყვარელია, რომ უყურებთ აქაველთა ათი კოშკი თქვენზე წინ რომ იბრძვის დაუნდობელი სპილენძით“.

მას ქვემოდან გამოხედა და ბრძანა მრავალბრძენმა ოდისევსმა: „ატრევსის ძეო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა ზღუდეს? როგორ თქვი, რომ ბრძოლას თავს ვარიდებთ, როდესაც აქაველები ცხენებისმხედნელი ტროელების წინააღმდეგ ვაღვიძებთ მძაფრ არესს?! დაინახავ, თუ ისურვებ და იზრუნებ, თელემაქეს საყვარელ მამას ცხენებისმხედნელი ტროელების წინააღმდეგ წინა რიგებში მებრძოლთა შორის; ეს რა ლიტონი სიტყვები წამოროშე!“

მას გაუღიმა მეუფე აგამემნონმა, გაბრაზებული რომ ნახა, უკან წაიღო თავისი სიტყვა და ბრძანა: „ლაერტეს ზევსის მიერ გამოზრდილო ძეო, გამომგონებელო ოდისევს! არც მეტისმეტად გკიცხავ და არც გიბრძანებ, რადგან ვიცი, რომ მაგ საყვარელ მკერდში გულს კეთილი განზრახვა აქვს, იმასვე ფიქრობ შენც, რასაც მე. ახლა კი მოდი, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ და თუ რამ ცუდი ითქვა, ყველაფერი ღმერთებმა გააქარწყლონ“.

ასე თქვა, მიატოვა ისინი და სხვებისკენ წავიდა. იპოვა ტიდევსის ვაჟი, მგზნებარე დიომედე; იდგა ცხენებთან და შეწყვილებულ ეტლებთან. მასთან იდგა სთენელოსი, კაპანევსის ძე. რომ დაინახა, გაკიცხა იგი მეუფე აგამემნონმა, შესძახა მას და ფრთიანი სიტყვებით მიმართა: „ცხენებისმხედნელი, მამაცი ტიდევსის ძეო, რამ შეგაშინა, რას მიშტერებიხარ ბრძოლის ველს? ასე ცახცახი არ უყვარდა ტიდევსს, არამედ ძვირფასი მეგობრების ბევრად უფრო წინ ებრძოდა მტრებს, როგორც ამბობდნენ, ვისაც კი საქმეში უნახავს; მე თავად პირისპირ არასდროს მინახავს, მაგრამ ამბობენ, ყველას აღემატებოდაო. ერთხელ იგი, ომის გარეშე, მიკენს ეწვია, ღვთისდარ პოლინიკესთან[15] ერთად ხალხს აგროვებდა; ისინი მაშინ თავს უნდა დასხმოდნენ თებეს წმინდა კედლებს და ითხოვდნენ სახელოვანი მოკავშირეების მიცემას. მათ უნდოდათ, მიეცათ და დაეთანხმნენ თხოვნას, მაგრამ ზევსმა ავისმომასწავებელი ნიშნები გამოუჩინა და გადააფიქრებინა. ისინი მაშინ წავიდნენ და იმავე გზას დაადგნენ, მაღალლერწმიანი მდინარე ასოპოსის ნაპირს მიადგნენ და იქიდან მაცნედ კვლავ ტიდევსი გაგზავნეს აქაველებმა. მარტო წავიდა და მრავალი კადმოსელი[16] იპოვა, რომლებიც ნადიმობდნენ მძლავრი ეტეოკლესის[17] სახლში. იქ მხედარი ტიდევსი სტუმრად კი იყო, მაგრამ არ შეშინდა, მარტო შევიდა მრავალ კადმოსელთან, ყველას შეჯიბრში იწვევდა და ყველა დაამარცხა იოლად, ისეთ შემწედ ჰყავდა ათენა. მასზე განრისხებული ცხენთამხედნელი კადმოსელები უკან წამოსულს ჩაუსაფრდნენ, ორმოცდაათი ბიჭი გააგზავნეს; მათ ორი ხელმძღვანელი ჰყავდათ: მეონი – ჰემონის ძე, უკვდავთა მსგავსი და ავტოფონოსის ძე, ბრძოლაში უკანდაუხეველი პოლიფონტესი. ტიდევსმა მათაც სასტიკი ხვედრი არგუნა, ყველა ამოხოცა, მხოლოდ ერთი გაუშვა სახლში, ღმერთების ნიშნებს დაუჯერა და მეონი გაგზავნა. ასეთი იყო ეტოლიელი ტიდევსი, მაგრამ ვაჟი გაუჩნდა: ბრძოლაში უარესი და ლაპარაკში უკეთესი“.

ასე თქვა და არ უპასუხა მძლავრმა დიომედემ, მეფის გაკიცხვა ღირსეულად მიიღო, მაგრამ სახელოვანი კაპანევსის ძემ გასცა პასუხი: „ატრევსის ძეო, ნუ ამბობ ტყუილს, როცა სიმართლე იცი! ჩვენ ვამაყობთ, რომ მამებს დიდად აღვემატებით. ჩვენ თებეს სიმაგრე შვიდკარიბჭიანი ავიღეთ, როდესაც ნაკლები ხალხით მივადექით არესის გალავანს, მივენდეთ რა ღმერთების სასწაულებსა და ზევსის დახმარებას. ისინი კი საკუთარმა უსამართლობამ დაღუპა. ასე რომ, მამების პატივს ჩვენსას ნუ შეადარებ!“

მას ქვემოდან შეხედა მძლავრმა დიომედემ: „მამა, მდუმარედ იყავი და ჩემს სიტყვას ერწმუნე! მე ვერ გავკიცხავ აგამემნონს, ხალხთა მწყემსს, რომ საბრძოლოდ აღაგზნებს ლამაზსაბარკულიან აქაველებს; რადგან სახელი დაუმკვიდრდება მას, თუკი აქაველები ტროელებს დახოცავენ და წმინდა ილიონს აიღებენ, მაგრამ უდიდესი მწუხარება ელის, თუკი აქაველები დამარცხდებიან. მაშ მოდი, ჩვენ ორმა თავად გავიხსენოთ დაუოკებელი სიმამაცე!“

ასე თქვა და ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე. საშინელი ხმა გამოსცა სპილენძმა აღგზნებული მეუფის მკერდზე, გულმაგარ კაცსაც კი ძრწოლა აიტანდა.

როგორც ძეფიროსის აღძრული ტალღები ერთმანეთის მიყოლებით მიილტვიან ზღვის მრავალხმიანი სანაპიროსკენ, ჯერ ზღვაში აღიმართებიან, შემდეგ კი ხმელეთს საშინელი ზათქით ეხეთქებიან და ნაწილებად იმსხვრევიან, რკალად უვლიან კონცხს და ამოანთხევენ ზღვის ქაფს, ასევე ერთმანეთის მიყოლებით, შეუჩერებლად მიისწრაფვოდნენ დანაელთა საბრძოლო რიგები ომისკენ; თითოეულ რიგს ბრძანებას აძლევდა ბელადი, მეომრები კი უსიტყვოდ მიდიოდნენ. არ იტყოდი, რომ ამდენ ხალხს, რომელიც მათ მიჰყვებოდა, მკერდში ხმა ჰქონდა, მდუმარედ სცემდა პატივს მეთაურებს; ყველას უბრწყინავდა ჭრელი აბჯარი, როცა მწყობრად მოძრაობდა. ტროელები კი, როგორც ცხვრები ძალიან მდიდარი კაცის ეზოში, უთვალავნი დგანან, თეთრი რძით სავსენი და უსასრულოდ ბღავიან, როდესაც კრავების კიკინი ესმით, ასეთი ყიჟინა იდგა ტროელთა მთელ ვრცელ ლაშქარში, თანაც ყველას ხმაური და სიტყვა ერთნაირი არ იყო, მათი ენები ერთმანეთს ერეოდნენ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოხმობილი ვაჟკაცები.

აღძრავდა იმათ არესი, ამათ კი – თვალსხივოსანი ათენა, ძრწოლა, შიში და მუდმივად გაშმაგებული შუღლი – კაცთა მმუსრავი არესის და და მეგობარი, რომელიც თავიდან პატარაა, მაგრამ მაღლა მიიწევს, ბოლოს ცას აწვდენს თავს და მიწაზე დადის, ლაშქრებს შორის დადიოდა, ორმხრივ მტრობას აღვივებდა და ადამიანთა კვნესას ამრავლებდა.

და როდესაც ერთ ადგილას მოიყარეს თავი, ერთმანეთს შეეჯახა ფარები, შუბები და სპილენძისაბჯრიან მებრძოლთა მრისხანება; შუაბუნიკიანი ფარები შეასკდა ერთმანეთს და გრუხუნი აღიძრა. იქ ისმოდა გოდებაცა და გამარჯვების ყიჟინაც, გამანადგურებელთა და განადგურებულთა ხმები, სისხლით მოირწყო მიწა. როგორც ადიდებული მდინარეები მთებიდან მოედინება, ხეობაში ერთმანეთს ერთვის მძლავრი ნაკადებით და ღრმა უფსკრულისკენ მიექანება, ხოლო მათი ყრუ ხმა შორს მთებში ესმის მწყემსს, ასე ისმოდა ერთმანეთს შეტაკებული მეომრების ბრძოლის ხმა. პირველმა მაშინ ანტილოქოსმა მოკლა ტროელთა მეწინავე მებრძოლთაგან საუკეთესომუზარადიანი ვაჟკაცი ექეპოლოსი, თალისიოსის ძე. მას ცხენისძუიანი მუზარადის კოპში ჩასცა, თვალებშუა გაუარა და ძვლები შელეწა სპილენძის შუბმა და მისი თვალები წყვდიადმა მოიცვა; დაეცა, როგორც კოშკი – მძიმე ბრძოლაში. დაცემულს ფეხებში სწვდა მეუფე ელეფენორი, ქალკოდონის ძე, დიდგულოვანი აბანტების მეთაური და მოაცილა ისრებს, რათა სასწრაფოდ აეყარა მისთვის აბჯარი, მაგრამ მისი მცდელობა მოკლე აღმოჩნდა. რომ დაინახა, გვამს მიათრევდა, დიდგულოვანმა აგენორმა დახრილს, ფარისგან დაუცველ ფერდში ატაკა სპილენძის შუბი და სიცოცხლეს გამოასალმა. როგორც კი იგი დატოვა სულმა, მის ირგვლივ აღიძრა ტროელებისა და აქაველების სასტიკი ბრძოლა: როგორც მგლები, ისე დააცხრნენ ერთმანეთს და კაცი კაცს შეასკდა.

მაშინ აიას ტელამონის ძემ დასცა ჭაბუკი სიმოესიოსი, ანთემიონის ვაჟი, რომელიც ოდესღაც იდის მთიდან, მშობლებთან ერთად, თავისი ჯოგის სანახავად ჩამოსულმა დედამ შვა სიმოეისის[18] ნაპირებთან, რის გამოც დაარქვეს სიმოესიოსი, მაგრამ საყვარელ მშობლებს ვეღარ დაუბრუნა სამაგიერო გაწეული ამაგისთვის, ხანმოკლე აღმოჩნდა დიდგულოვანი აიასის შუბით ძლეული მისი სიცოცხლე. წინ მიმავალს მარჯვენა ძუძუსთან დასცა და ბეჭამდე გაუტარა სპილენძის შუბი და ისიც მიწაზე, მტვერში დაეცა ალვის ხესავით, რომელიც დაბლობზე, დიდ ჭაობში გაიზარდა, მოისხა მაღალი ტოტები და მას ეტლის მკეთებელი ოსტატი გასხეპს მოელვარე რკინით, რომ თავის ეტლს ბორბალი გაუკეთოს და ისიც უსიცოცხლოდ ლპება მდინარის ნაპირას, – ასე აჰყარა აბჯარი ანთემიონის ძე სიმოეისიოსს ზევსის შობილმა აიასმა, მას ელვარე ჯავშნიანმა ანტიფოსმა, პრიამოსის ძემ ხალხის შუაგულში სტყორცნა ბასრი შუბი, ასცდა, მაგრამ მუცელში მოხვდა ლევკოსს, ოდისევსის საუკეთესო მეგობარს, რომელიც მოკლულის ცხედარს მიათრევდა; დაეცა თვითონაც და ცხედარიც გაუვარდა ხელიდან. მისმა სიკვდილმა მეტად განარისხა ოდისევსის სული, მებრძოლთა წინა რიგი გაიარა მოელვარე სპილენძის მუზარადით შემკულმა, ახლოს მივიდა, დადგა, ირგვლივ მოავლო მზერა და სტყორცნა მოელვარე შუბი, უკან დაიხიეს ტროელებმა შუბის მტყორცნი კაცის წინაშე, მან კი არ გააცუდა ნატყორცნი, პრიამოსის ბუშს, დემოკოონს მოარტყა, რომელიც სწრაფი ცხენებით განთქმული აბიდოსიდან ჩამოვიდა. მას, მეგობრის გამო, განრისხებულმა ოდისევსმა შუბი საფეთქელში მოარტყა, მეორე საფეთქელთან გამოვიდა სპილენძის შუბი და მისი თვალები მოიცვა წყვდიადმა. ხმაურით დაეცა და გაიჟღრიალა აბჯარმა დაცემულზე. უკან დაიხიეს მეწინავეებმა და სახელოვანმა ჰექტორმა, არგოსელებმა კი დიდი ყიჟინით გაათრიეს ცხედრები და წინ დიდად გაიწიეს, განრისხდა აპოლონი, რომელიც ყველაფერს პერგამოსიდან[19] ხედავდა და ხმამაღლა შესძახა ტროელებს: „აღიძარით, ცხენთამხედნელო ტროელებო, ნუ დაუთმობთ ბრძოლის ჟინს არგოსელებს, მათ არც ქვის ტყავი აქვთ, არც რკინის, რომ აისხლიტონ მჭრელი სპილენძის დარტყმები. ლამაზკულულებიანი თეტისის ძე, აქილევსი ხომ არ იბრძვის, ხომალდებთან ნაღვლიან გულისტკივილს მისცემია“. ასე ბრძანა ქალაქიდან საშინელმა ღმერთმა, მაგრამ აქაველებს აღაგზნებდა ზევსის ასული სახელგანთქმული ტრიტოგენეია[20], რომელიც ხალხის გუნდებთან ჩნდებოდა, თუკი უკანდახეულებს დაინახავდა.

აქ ამარინკევსის ძე – დიორესი – შებოჭა ბედისწერამ: წვეტიანი ლოდი მოხვდა მარჯვენა ფეხის კოჭში: ესროლა თრაკიელ კაცთა მეთაურმა პეიროს იმბრასოსის ძემ, რომელიც აინოსიდან ჩამოვიდა. ურცხვმა ქვამ ორივე მყესი და ძვალი სრულიად დაულეწა და მტვერში დაეცა, ორივე ხელი საყვარელი მეგობრებისკენ გაიშვირა, სული ერთმეოდა; აქ მოირბინა პეიროოსმა და ჭიპში ჩასცა შუბი, მთელი შიგნეული მიწაზე დაიყარა, თვალებს კი წყვდიადი გადაეფარა. ეტოლიელმა თოასმა პეიროოს ჩასცა შუბი მკერდში, ძუძუსთავს ზემოთ, ფილტვებს მისწვდა სპილენძი. ახლოს მოდგა თოასი და მძლავრი შუბი ამოჰგლიჯა მკერდიდან, ბასრი მახვილი ამოიღო, შუა მუცელში ატაკა და სული ამოაცალა. აბჯარი ვერ აჰყარა, რადგან ირგვლივ შემოეწყვნენ კეფაზე მოშვებულთმიანი თრაკიელი მეგობრები, ხელში გრძელი შუბებით და თუმცა დიდიც იყო, მძლავრიც და სახელოვანიც, გამოაძევეს, ისიც შედრკა და უკან დაიხია. ასე მტვერში გვერდიგვერდ იწვნენ მართლაც თრაკიელებისა და სპილენძისსამოსიანი ეპეიელების წინამძღოლები და უამრავმა სხვამაც დალია სული.

მაშინ თუ ვინმე მებრძოლს, რომელიც ბრძოლას არ შეუშინდებოდა, ვისაც ჯერ არ მოხვედროდა ისარი და ვინც ჯერ არ დაეჭრა ბასრ სპილენძს, ათენა პალასი ჩასჭიდებდა ხელს, წაიყვანდა და ისრებს ანაზდად ააცდენდა, იგი დაინახავდა, რომ იმ დღეს უამრავი ტროელი და აქაველი მტვერში პირჩაღმა ჩავარდნილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იწვა.

 


[1] პიგმეები – უკიდურეს სამხრეთში, ოკეანოსთან მცხოვრები ქონდრისკაცების მითოსური ტომი; მათ ყოველწლიურად ეომებიან სამხრეთში გადამფრენი წეროები.

[2] ალექსანდროსი  – სიტყვა-სიტყვით, „კაცთა მომგერიებელი“, პარისის მეტსახელი.

[3] ქვის პერანგს ჩაგაცვამდნენ  – ქვებით ჩაგქოლავდნენ.

[4] სკაიეს კარიბჭე – ქალაქ ტროის დასავლეთის კარიბჭე.

[5] კასტორი და პოლიდევკესი – ზევსისა და ლედას შვილები, დიოსკურები; ჰელენესა და კლიტემნესტრას ძმები. ბერძნული მითოლოგიის ტრადიციით, ღმერთები იყვნენ, მაგრამ ჰომეროსთან ადამიანებად არიან წარმოდგენილი.

[6] ტრადიციულად პარისს, როგორც მოისარს, მძიმე აღჭურვილობა არ სჭირდებოდა, ამიტომ აიღო ახლა ძმის ბექთარი, „რომელიც მოერგო“.

[7] ჰებე – ზევსისა და ჰერას ასული, სიყმაწვილის ქალღმერთი, რომელიც ოლიმპოსის მთაზე ღმერთებს ნექტარსა და ამბროსიას მიართმევდა.

[8] ფიცი გატეხონ – ფიცის გატეხვით ტროელები თავის ქალაქს დასაღუპავად გასწირავენ, ეს ცოდვა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა.

[9] აისეპოსი – ტროადის შვიდიდან ერთ-ერთი მდინარე.

[10] ქამარს – იგულისხმება საბრძოლო ქამარი სპილენძის წინა ფირით, რაც ბექთართან ერთად ორმაგ ჯავშანს ქმნიდა.

[11] სარტყელი – შიდა სარტყელი, სპილენძის ფირფიტებიანი სქელი სახვევი.

[12] ეთერი – სივრცე ატმოსფეროსა და ზეცის კამარას შორის, „ზედა სუფთა ჰაერი“. მოკვდავები ჰაერს ჩაისუნთქავენ, ხოლო უკვდავები ეთერს.

[13] ქირონი (ქეირონი) – უზენაესი კენტავრი, ცნობილი როგორც ბრწყინვალე პედაგოგი, რომელმაც აღზარდა ჰერაკლე, იასონი, აქილევსი და ზოგიერთი სხვა გმირი. მისი სფეროები იყო მედიცინა, მუსიკა, მშვილდოსნობა, ნადირობა და წინასწარმეტყველება.

[14] კოშკი – საბრძოლო წყობის ერთ-ერთი სახეობა.

[15] პოლინიკესი – ოიდიპოსის ვაჟი, რომელსაც, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, მეფობა არ დაუთმო ძმამ; საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ უცხოების ლაშქარს გამოუძღვა და ბრძოლაში დაიღუპა.

[16] კადმოსელი – თებელი (თებე კადმოსმა დააარსა და მის აკროპოლისს კადმეია ეწოდებოდა).

[17] ეტეოკლესი – ოიდიპოსის ვაჟი, თებეს მეფე. დაიღუპა ძმასთან, პოლინიკესთან და მის მიერ ჩამოყვანილ ლაშქართან ბრძოლაში (ძმებმა ერთმანეთი დახოცეს).

[18] სიმოეისი – ტროადის მდინარე, პერსონიფიცირებულად – ოკეანოსისა და ტეთისის ვაჟი.

[19] პერგამოსი — ქალაქ ტროის ციტადელი ანუ აკროპოლისი.

[20] ტრიტოგენეია – ქალღმერთ ათენას ეპითეტი, რომლის მნიშვნელობაც ბუნდოვანია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ათენას ზღვიურ წარმომავლობაზე მიუთითებს; მეორე ვერსიით, ათენა არის „სამგზის შობილი“ ან „მესამედ შობილი“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ათენა ზევსის მესამე შვილია არტემისის და აპოლონის შემდეგ. „სამგზის შობილს“ კი განმარტავენ როგორც მეტისისგან, ზევსისგან და საკუთარი თავიდან შობილს.

© “არილი

Facebook Comments Box