ესე (თარგმანი)

ფილიპ როთი – მალამუდის სურათები

bernard malamudi 11

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

"ყველამ რომ იცოდეს, - თქვა ჩეზარემ, - რა მძიმედ გადასატანია დარდი, ნაკლები ადამიანი დაიხოცებოდა". 
ბერნარდ მალამუდი "სიკვდილს სიცოცხლე სჯობს"

1961 წლის თებერვალში აიოვა-სიტის უნივერსიტეტში მწერლებს სემინარი ჩავუტარე და ჩემს მეორე წიგნზე მუშაობა დავასრულე, შემდეგ კი დასავლეთში გავემგზავრე, რათა მონმუთის (ორეგონის შტატი) კოლეჯში წამეკითხა ლექცია ამერიკული ლიტერატურის შესახებ. იქ ჩემმა ახლო მეგობარმა, ყოფილმა თანაკურსელმა მიმიწვია. ამ მიწვევაზე დავთანხმდი არა მარტო იმის გამო, რომ შევძლებდი მენახა ჩემი მეგობრები – ბობ და იდა ბეიკერები მათი შვილებითურთ, არამედ – იმის გამოც, რომ ბეიკერი დამპირდა, ბერნარდ მალამუდს          შეგახვედრებო.
ბერნარდი იქვე, სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა. ცხოვრობდა ქალაქ იუჯინში (მოსახლეობა 5000 კაცი), მას შემდეგ, რაც დატოვა ნიუ-იორკი (მოსახლეობა – 8 000 000 კაცი), სადაც 1949 წლამდე საღამოს სკოლაში მუშაობდა. შემდეგ თორმეტი წლის განმავლობაში შორეულ დასავლეთში ასწავლიდა ორეგონელ სტუდენტებს ინგლისური ლიტერატურის საფუძვლებს და წერდა შესანიშნავ რომანს ბეისბოლის შესახებ (“თანდაყოლილი ნიჭი”) – შედევრს, სადაც მოვლენები ვითარდება პირქუშ ბრუკლინში; აქვე დაწერა “თანაშემწე” და ოთხი თუ ხუთი საუკეთესო ამერიკული ნოველა, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს (ან წავიკითხავ). არც სხვა ნაწარმოებები ჰქონდა ურიგო.

ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში Partisan Review-სა და Commentary-ში გამოქვეყნებისთანავე ვკითხულობდი მალამუდის მოთხრობებს (რომლებიც მოგვიანებით კრებულად გამოიცა, “ჯადოსნური კასრი”). იმხანად ვფიქრობდი, რომ ის არანაკლებ შთამბეჭდავად აღწერდა ებრაელთა და, განსაკუთრებით, იმიგრანტ ებრაელთა ტანჯულ ცხოვრებას, ვიდრე სემუელ ბეკეტი – მოლოისა და მელოუნის ტრაგიკულ სულიერ განცდებს. ორივე მწერალმა, რომლებიც განუყოფლად იყვნენ დაკავშირებულნი თავიანთი ხალხის ცხოვრებასთან, ასახვის საგნად აქცია არა ფართომასშტაბიანი სოციალური და ისტორიული მოვლენები, არამედ – თავიანთი თანამემამულეების უსიხარულო ყოფა. მათი ნაწარმობები გამსჭვალულია ძალზე პესიმისტური ფილოსოფიური შინაარსით.

   ბეკეტის მსგავსად, მალამუდი წერდა საკუთარი ენით: ინგლისურით, რომელშიც ჩართულია ებრაული იმიგრანტული მეტყველებისთვის დამახასიათებელი იდიომები, ინვერსიები, დიალექტური გამოთქმები და დანაწევრებული სიტყვები, რომლებსაც არავინ იყენებდა (ბორშჩის სარტყლის[1] კომიკოსებისა და ნოსტალგიით პროფესიული მოვაჭრეების გარდა), სანამ მალამუდი თავის ადრეულ მოთხრობებში მათ თავის ნაღვლიან მელოდიაზე არ ააჟღერებდა. ამასთან, თვით ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მალამუდის პროზა ზედმიწევნით პარაბოლურია, მისი მეტაფორები ფრაზეოლოგიზმების წრეს არ სცილდება. ნაწარმოებებში, რომლებშიც თითქოს სენტიმენტალური კილოთი თხრობაა მოსალოდნელი, მალამუდი “პროზაული” შტრიხების მეშვეობით აგვიწერს მოვლენებს და პოეტურ ეფექტს აღწევს: “სურდა, რამდენიმე ალერსიანი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ენა პირში ისე დაეკიდა, როგორც ხეზე ჰკიდია ხოლმე გამხმარი ნაყოფი, გული კი ჩაბნელებულ ფანჯარას მიუგავდა”.

   46 წლის კაცი, რომელსაც 1961 წელს მონმუთში, ორეგონის შტატში, ბეიკერების პატარა სახლში შევხვდი, არ წააგავდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო დაეწერა ამგვარი სტრიქონები – არც იმხანად და არც ჩვენი ნაცნობობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ერთი შეხედვით, ბერნარდი შეიძლებოდა მიგეჩნიათ მამაჩემის კოლეგად – სადაზღვევო აგენტად, რომელსაც 30-40-იან წლებში ნიუარკის საქმიან ცენტრში ნახავდით. როდესაც ჩემი ლექციის შემდეგ ვიხილე ბეიკერების სახლის ჰოლში შემოსული მალამუდი, რომელიც ნოხზე სველ კალოშებს იხდიდა, ის წააგავდა თავაზიან, კეთილსინდისიერ, ბანქოს თამაშის მოყვარულ ებრაელს, იმათგან, რომელთა მომაბეზრებელი რჩევა-დარიგებები მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში მესმოდა. ამგვარ შეუპოვარ, მრავალნაცად, შავ ქუდსა და შავ პალტოში გამოწყობილ სადაზღვევო აგენტებს არ აშინებთ ძაღლების ყეფა ან ბავშვების ყვირილი, როდესაც ისინი საღამოობით მრავალბინიანი შენობის კიბეებზე დადიან და თან დააქვთ შავი მოგრძო დავთრები, რომლებიც ბიჭობისას პატარა კუბოებს მაგონებდა – რათა ღატაკ ოჯახებს ორმოცდაათ-ორმოცდაათი ცენტი დაცინცლონ. ისინი არც საშიშნი არიან და არც სასაცილონი – მხოლოდ და მხოლოდ სადაზღვევო აგენტები არიან, რომელთაც ვერაფერი მოერევა, სიკვდილის გარდა.

მალამუდმა კიდევ ერთი თვისებით გამაკვირვა. იშვიათად იცინოდა. საუბრებში არ ავლენდა იუმორის გრძნობას, რომელიც აცისკროვნებს თვით ყველაზე ღარიბული და გაყინული ბინების მცხოვრებთა არსებობას მის მოთხრობებში, თუ არაფერს ვიტყვით შთამბეჭდავ კლოუნადაზე, რომელიც “თანდაყოლილი ნიჭის” ხიბლს წარმოადგენს. მალამუდის ისეთ მოთხრობებში, როგორებიცაა “ანგელოზი ლევინი”, მოგვიანებით კი “ებრაელი ფრინველი” და “მოლაპარაკე ცხენი”, – იუმორი თითქოს სცილდება კიდეც ხელოვნების საზღვრებს, ხოლო ხელოვნება, უბრალოდ, საშუალებაა იუმორისტული აღწერებისთვის. და მაინც, ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს, ოცდახუთზე მეტი წლის განმავლობაში, მალამუდი მიყვებოდა ორად ორ ანეკდოტს. ეს იყო, ებრაული დიალექტზე ძალზე ოსტატურად მოყოლილი ანეკდოტები და სხვა არაფერი – ოცდახუთი წლის განმავლობაში მოყოლილი ორი ანეკდოტი.

ბერნარდი არ აღიარებდა არავითარ პასუხისმგებლობას, გარდა პასუხისმგებლობისა ხელოვნების წინაშე. არავის უხსნიდა გულს და არც მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ საუბარს მიიჩნევდა აუცილებლად, მით უმეტეს – შემთხვევით გაცნობილ ადამიანთან. გულის გადახსნა არ შეეძლო იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საკმარისად მხიარულ განწყობილებაზე იყო, რათა ასე მოქცეულიყო, და ეს კიდევ უფრო უმძიმებდა ცხოვრებას. პროფესორი ს. ლევინი, რომელიც ჩაპლინის პერსონაჟებს წააგავს (რომანში “ახალი ცხოვრება”), კოლეჯში ფართოდ გადახსნილი შარვლით დადის, ხალისიანი და მხიარულია, მაგრამ ბერნარდი ასეთი არ იყო. კაფკა უფრო მეტად როდი წააგავდა მწერს, ვიდრე მალამუდი – ლევინს, კომიკურ პერსონაჟს, რომელიც ეროტიკული მარცხის შემდეგ, ნახევრადშიშველი, მთაგორიანი ორეგონის ჩაბნელებულ გზებზე ღამის სამ საათზე მალულად მიეშურება შინისკენ, ხოლო მისი სანჩო პანსა ბარის ოფიციანტი ქალია, მხოლოდ ფეხსაცმელი და ბიუსტჰალტერი რომ აცვია. ყოფილი ლოთი სეიმურ ლევინი და მწერადქცეული გრეგორ ზამზა თვითგარდასახვის აქტს გენიალურად განასახიერებენ. მისი საშუალებით ორივე მწერალი ასახავს ერთგვარ მაზოხისტურ გათავისუფლებას აკრძალვებისგან, რომლებიც უწინ მათი გაწონასწორებული ქცევის ქვაკუთხედი იყო. მალამუდთან, ისევე, როგორც ბევრ სხვა მწერალთან, თვითირონია შეიძლებოდა ასახულიყო მხოლოდ იმ ხერხით, რომელსაც ჰაინე Maskenfreiheitს (შენიღბვის მეშვეობით მოპოვებულ თავისუფლებას) უწოდებდა.

ეს სევდიანი მემატიანე ადამიანის მოთხოვნილებისა, დაძლიოს ცხოვრების უკუღმართობა განათლების, ამაღლებული გრძნობების, მცირეოდენი იმედის მეშვეობით (“ბავშვი იმისთვის ისვრის ბურთს, რათა თვალი შეავლოს მკრთალი ცის ნაფლეთს”), უკიდურესად გულჩათხრობილი იყო. ეს მოთხოვნილება მასში იმდენად მძლავრი იყო, რომ ახლაც კი მზარავს მალამუდის მტკივნეული სულიერი განცდების მასშტაბის წარმოდგენა. მას, აგრეთვე, აინტერესებდა სინდისის ქენჯნით გამოწვეული განცდები. ადამიანი, რომელიც გარეგნულად სადაზღვევო აგენტივით ვნებათუქონელი იყო, ულმობელ მორალისტად წარმოგვიდგებოდა კლაუსტროფობიულ მოთხრობებში იმის შესახებ, რომ “ვერაფერი გამოისყიდის წარსულს”. “თანაშემწეში” ქურდბაცაცა და მაწანწალა ფრენკ ელპაინი ინანიებს, რომ ერთხელ მონაწილეობა მიიღო მაღაზიის გაქურდვაში და ფიქრობს: “მთელი იმ ხნის განმავლობაში, როდესაც უზნეოდ ვიქცეოდი, თავი მაღალზნეობრივი ადამიანი მეგონა”. ვფიქრობ, ახალგაზრდობაში ბერნარდსაც ეგონა, რომ მაღალზნეობრივი პიროვნება იყო, რომელსაც შეეძლო ემოქმედა მხოლოდ ისე, როგორც მოქმედებდა.

1961 წლის თებერვალში ორეგონში ჩვენი პირველი შეხვედრით დაწყებული და გასულ ზაფხულს ბენინგტონში (ვერმონტის შტატი) ბერნარდის სახლში ჩვენი უკანასკნელი შეხვედრით დამთავრებული, მას წელიწადში ორჯერ ვხვდებოდი. რამდენიმე წლის განმავლობაში – როდესაც ის გააღიზიანა New York Review of Books-ში ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა ესემ ამერიკელ ებრაელ მწერალთა შემოქმედების და, კერძოდ, მალამუდის “ფიდელმანის სურათებისა” და “შუამავლის” შესახებ – საერთოდ არ გვინახავს ერთმანეთი. სამოციანი წლების შუა ხანებში ხანგრძლივად ვცხოვრობდი იადოს მხატვართა კოლონიაში – სარატოგა-სპრინგსში, ნიუ-იორკში, ბენინგტონის მახლობლად, და მარტოობისგან თავის დასაღწევად შემეძლო რამდენიმე საათით თავი შემეფარებინა ბერნარდისა და მისი ცოლის, ენის ოჯახისთვის; სამოცდაათიან წლებში, როდესაც ორივენი იადოს მმართველობის წევრები ვიყავით, ერთმანეთს ყოველწლიურ შეხვედრებზე ვხვდებოდით; როდესაც მალამუდების ოჯახი ვერმონტის ცივ ზამთრებს გაექცა და თავი მანჰეტენს შეაფარა, იმხანად ჯერ კიდევ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, და ზოგჯერ ერთად ვვახშმობდით; ხოლო როდესაც ბერნარდი და ენი ეწვივნენ ლონდონს, სადაც დროდადრო ვცხოვრობდი, ისინი ჩემს სახლს სტუმრობდნენ ხოლმე.

თუმცა მე და ბერნარდი ამ შეხვედრების დროს ლიტერატურაზე ვსაუბრობდით, მაგრამ არც ერთხელ არ გვიხსენებია ერთმანეთის ნაწარმოებები და არასოდეს სერიოზულად არ განგვიხილავს ისინი. ვიცავდით რომანისტებსა და სპორტსმენებს შორის გავრცელებულ გონივრულ დაუწერელ კანონს, რომელიც ითვალისწინებს, რამდენად ფაქიზია კოლეგიალობის გრძნობა, რომელიც სისხლით ნათესაობაზე უფრო ახლო კავშირს ემყარება, და ერთმანეთისადმი როგორი ღრმა პატივისცემა უნდა გამოძრავებდეთ ასეთი მსჯელობების დროს. ბლეიკის თქმით, “პაექრობა ჭეშმარიტი მეგობრობაა”. ეს ბრძნული აზრი თითქოს ამართლებს დაპირისპირებულ აზრთა გამოთქმას და, შესაძლოა, ზოგადად, სასიკეთოა, მაგრამ პაექრობა მწერლებს შორის იწვევს წყენას, აღშფოთებას, ეჭვებს, რაც შეიძლება დინამიტზე უფრო საშიში იყოს. დაპირისპირებას თავაზიანობა უნდა ამჯობინოთ, თუკი გსურთ, რომ თქვენს მეგობრებს შორის მწერლები იყვნენ. თვით ის მწერლებიც, რომლებიც პაექრობის მომხრენი არიან, ჩვეულებრივ, ყოველდღიური მუშაობის შემდეგ იქ დადიან, სადაც მათ აფასებენ.

1974 წელს New York Review-ში გამოქვეყნებული ესეს შემდეგ პირველად სწორედ ლონდონში შევთანხმდით შევხვედრილიყავით და, ასევე, წერილობით გამოგვეთქვა ჩვენი აზრი ამის შესახებ, რითაც უნდა შეგვეჯამებინა ჩვენი ურთიერთობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მისი წერილი ლაკონიური გახლდათ. ეს ერთი წინადადება, შესაძლოა, ნაკლებად გამაღიზიანებელი ყოფილიყო, ვიდრე გამოიყურებოდა თეთრ ფურცელზე, წვრილი ასოებით გამოყვანილი. ის, რაც დაწერეთ “ფიდელმანისა” და “ოსტატის” შესახებ, – მატყობინებდა მალამუდი, – თქვენი პრობლემაა და არა ჩემიო. მაშინვე მივწერე, რომ დროთა განმავლობაში უნდა მიმხვდარიყო – ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ სწორედ ისეთი იყო, როგორიც უილიამ ბლეიკმა დაახასიათა თავის აფორიზმში. თავხედობა არ მეყო, ბლეიკი მეხსენებინა, მაგრამ მივანიშნე, რომ ჩემი ესე მის მიმართ პატივისცემით იყო ნაკარნახევი. ამ მიწერ-მოწერის დროს დიდსულოვნება არც ერთ ჩვენგანს არ გამოუჩენია, მაგრამ მანვე შეგვარიგა. იმავე დღის რვის ნახევარზე კლერის სახლში ზარის ხმა გაისმა. მალამუდები გვეწვივნენ. კარის თავზე მიმაგრებული ნათურის შუქზე დავინახე ენი, რომელსაც გადავეხვიე და გადავკოცნე, შემდეგ კი, გაწვდილი ხელით, მივუახლოვდი ბერნარდს, რომელიც ასევე გაწვდილი ხელით მომიახლოვდა. თითოეულ ჩვენგანს სურდა პირველს ეპატიებინა მეგობრისთვის – ან, შესაძლოა, პირველი ყოფილიყო პატიებული. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავკოცნეთ, სწორედ ისე, როგორც საწყალი ხაბაზი ლები და კიდევ უფრო უიღბლო კობოცკი იქცევიან “კრედიტის” დასასრულს. მალამუდის ეს ებრაელი პერსონაჟები – იმიგრანტები – ერთმანეთს ხვდებიან ურთიერთობის გაწყვეტიდან მრავალი წლის შემდეგ და ლების მაღაზიის უკანა სათავსში ერთმანეთს უყვებიან გადატანილი ვაი-ვაგლახის შესახებ. შედეგად ლებს დაეწვება ღუმელში გამოსაცხობად შეწყობილი პური. მოთხრობა ასე მთავრდება: “ღუმელში შეწყობილი პურები შავ აგურებად, დანახშირებულ გვამებად იქცა. კობოცკი და მეფუნთუშე ერთმანეთს გადაეხვივნენ და ოხვრით დაემშვიდობნენ გარდასულ ახალგაზრდობას. შემდეგ ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს და სამუდამოდ დაშორდნენ”. ჩვენ კი სახლში შევედით გემრიელი კერძების მისართმევად და სამუდამოდ მეგობრებად დავრჩით.

1985 წლის ივლისში, ინგლისიდან დაბრუნებული კლერი და მე კონექტიკუტიდან ბენინგტონში გავემგზავრეთ და მალამუდებს ვესტუმრეთ. წინა ზაფხულს მათ ორ საათ-ნახევარი იმგზავრეს, რათა ერთი დღე-ღამე გაეტარებინათ ჩვენთან, მაგრამ ბერნარდს ახლა მგზავრობა არ შეეძლო. შუნტირებისა და სამი წლის წინ გადატანილი ინსულტის მძიმე შედეგებმა დაასუსტა. ცდილობდა, არ შეპუებოდა თავის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც ძალზე თრგუნავდა. როდესაც მათ სახლთან მივედით, შევამჩნიე, როგორი დაუძლურებული იყო. ის, ამინდისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის გზაზე გვხვდებოდა. ახლაც ქუჩაში დაგვხვდა თავის პოპლინის ქურთუკში, მაგრამ როდესაც თავი დაგვიკრა, ეტყობოდა, რომ ფეხზე დგომა უჭირდა. ცალ მხარეს იხრებოდა და ცდილობდა, ნებისყოფის დაძაბვით თავი შეეკავებინა, თითქოს ოდნავი მოძრაობაც კი ძირს დასცემდა. ფლეგმატურ, შეუპოვარ სადაზღვევო აგენტს უკვე აღარ ჰგავდა. 46 წლის წინ დასავლეთში დასახლებული თმაშეთხელებული ბრუკლინელი, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა და რომლის თავაზიანი გამომეტყველება რკინისებრ ნებისყოფას ნიღბავდა, ახლა სუსტი, საპყარი ბერიკაცი გახლდათ, რომლის სიმტკიცე უკვე გატეხილი იყო.

ბერნარდი ინფარქტმა და მედიკამენტებმა გაანადგურეს, მაგრამ მის ძველ მკითხველებს ეგონათ, რომ ის, თავისი მრავალი პერსონაჟის მსგავსად, კვლავინდებური შემართებით იბრძოდა ცხოვრების გასაუმჯობესებლად P- და იმარჯვებდა. მას ჩემთვის ბევრი არაფერი მოუყოლია საკუთარი ბავშვობის შესახებ, გარდა იმისა, რომ დედა ადრე გარდაეცვალა, მამამისი სიღარიბეს თავს ვერ აღწევდა, ხოლო თვითონ ხეიბარ ძმაზე უნდა ეზრუნა. ვხვდებოდი, რომ ძალზე ადრეულ ასაკში დააწვა ცხოვრების ტვირთი, ადრე ჩამოყალიბდა მამაკაცად. და ახლა ის აცნობიერებდა საკუთარ მდგომარეობას როგორც ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო მამაკაცი. ვფიქრობდი მის მოთხრობაზე “სიბრალული” და იმ დაუვიწყარ დიალოგზე დავიდოფსა და როზენს შორის, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე ტრაგიკული იგავია, რომელიც მალამუდს დაუწერია. როდესაც დავიდოფი კითხულობს, თუ როგორ მოკვდა უბედური ებრაელი დევნილი, როზენი პასუხობს: “მასში რაღაც გატყდა. ჰოდა, მოკვდა”. – “რა გატყდა?” – “ის, რაც ტყდება ხოლმე”.

ეს ძალზე სევდიანი საღამო იყო. სადილის მოლოდინში სასტუმრო ოთახში ვსაუბრობდით; ბერნარდი დაინტერესდა კლერის ქალიშვილის საოპერო კარიერით, შემდეგ ისინი საუბრობდნენ მომღერლებისა და მუსიკის თაობაზე. ბერნარდი გვიამბობდა სხვადასხვა ამბებს თავისი ორი შვილის შესახებ. კონცენტრაცია ძალზე უჭირდა, და ვხვდებოდით, რაოდენ უძნელდებოდა მეგობრებთან საუბარი.

როდესაც სასტუმრო ოთახიდან გავედით, რათა უკანა ეზოში, ღია ცის ქვეშ გვესადილა, ბერნარდმა შემოგვთავაზა, ჩვენთვის მოგვიანებით წაეკითხა ახალი რომანის შავი ვარიანტის პირველი თავები. უწინ ჩემთვის არასოდეს არაფერი წაუკითხავს და არც დაინტერესებულა ჩემი თვალსაზრისით დაუმთავრებელი ნაწარმოებების შესახებ. ამდენად, მისმა თხოვნამ გამაკვირვა. ცოტათი შევშფოთდი კიდეც და და სადილის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს რომანი, რომლის მძიმედ დაავადებულ ავტორს ახლა, როგორც ჩანს, გამრავლების ტაბულაც კი არ ახსოვდა და რომელსაც მხედველობა ინსულტის შედეგად ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ყოველ დილას პირის გაპარსვა, მისივე თქმით, “სახიფათო ავანტიურად” წარმოუდგებოდა.

ყავის შემდეგ ბერნარდმა თავისი კაბინეტიდან გამოიტანა შესანიშნავად დაბეჭდილი და კოხტად აკინძული ფურცლების თხელი დასტა. ენს ზურგის ტკივილი აწუხებდა და ბოდიში მოგვიხადა, ცოტა ხნით დავისვენებო. ბერნარდი მაგიდას მიუჯდა და თავისი წყნარი ხმით კითხვა დაიწყო. მსმენლები მხოლოდ კლერი და მე ვიყავით.

როდესაც დაჯდა, მისი სკამის ირგვლივ პურის ნამცეცები დაცვივდა – ტრემორის გამო სადილობაც სახიფათო ავანტიურად ექცა. და მაინც, დაწერა ეს გვერდები, კიდევ ერთხელ მკაცრად გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. გამახსენდა “თანაშემწის” დასაწყისი – როგორ დაათრევს ბებერი მებაყლე მორის ბობერი ნოემბერში, დილის ექვს საათზე რძით სავსე კონტეინერებს. გამახსენდა, ასევე, მისი სიკვდილის მიზეზი – ფინანსური კრახის შემდეგ და ავადმყოფობის მიუხედავად, ბობერი ღამით სახლიდან გავიდა, რათა ტროტუარიდან ნიჩბით აეფხიკა ექვსი დუიმის სიმაღლის თოვლი. შინ დაბრუნებისას გადავიკითხე ის გვერდები, რომლებზეც აღწერილი იყო მებაყლის ცხოვრების უკანასკნელი წამები.

“მისდა გასაკვირად, ქარმა გაყინულ ქურთუკში შეაღწია და წინსაფარსაც ხმაურით ურტყამდა ფეხებზე. ეგონა, რომ მარტის ბოლოს, უფრო თბილი საღამო იქნებოდა… კიდევ ერთი ნიჩაბი თოვლი აიღო ტროტუარიდან. ესეც უკეთესი ცხოვრებაო, წაილუღლუღა”.

აღმოჩნდა, რომ ხელნაწერის ყოველი გვერდი ნაკლული იყო, ხოლო პირველი თავების ვარიანტები – ძალზე მოკლე. ვერ ვიტყვი, რომ მოსმენილი ტექსტი არ მომეწონა – იქ მოსაწონი ან არმოსაწონი არაფერი იყო, მაგრამ რომანის დასაწყისი არ ვარგოდა, ბერნარდის მცდელობათა მიუხედავად. თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს ბნელ გამოქვაბულში ვიმყოფებოდითYდა ვლამობდით, ჩირაღდნების შუქზე გაგვერჩია გამოქვაბულის კედელზე აღბეჭდილი მალამუდისეული ნაწარმოები. მოწიწებას აღგვიძრავდა არა თვით ეს ნაწერი, არამედ ხელოვნების ძალმოსილება, რომელსაც ამგვარი მარტივი ნიშნები ააშკარავებდა.

არ მსურდა, მეცრუა, მაგრამ როდესაც შევხედე ამ გაძვალტყავებულ კაცს, რომელსაც ფურცლების თხელი დასტა ეკავა, ჩემი ჭეშმარიტი თვალსაზრისი ვერ გავაცხადე, თუმცა ბერნარდი სწორედ ამას მოელოდა. უბრალოდ, ვუთხარი, ისეთი დასაწყისია, როგორიც, ჩვეულებრივ, ნებისმიერი ნაწარმოებისა-მეთქი. ეს არ უნდა სწყენოდა 71 წლის მწერალს, რომელმაც გამოაქვეყნა თორმეტი ყველაზე ორიგინალური მხატვრული ნაწარმოები ამერიკულ ლიტერატურაში ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში. ვცდილობდი, კონსტრუქციული ვყოფილიყავი და ვივარაუდე, რომ შესაძლოა, თხრობა ძალზე ნელა ვითარდებოდა და რომ ბერნარდს შეეძლო ამ ხარვეზის გამოსწორება მომდევნო თავებში. “შემდგომ რა ხდება?”, ვკითხე იმ იმედით, რომ შევძლებდი საუბრის გადატანას ნაწარმოების სხვა ნაწილებზე, ისე, რომ არ გვემსჯელა მოსმენილის შესახებ.

მაგრამ მას სწორედ იმაზე მსჯელობა სურდა, რაც წამიკითხა. და წყნარი ხმით, რომელშიც გულისწყრომა იგრძნობოდა, მითხრა: “რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდება შემდგომ?”.

ჩამოვარდნილ სიჩუმეში, სანამ კლერი ფრთხილად წამოიწყებდა საუბარს რომანის მთავარ (ავტორის ჩანაფიქრის თანახმად) პერსონაჟზე, ბერნარდი, მგონი, გაღიზიანდა, რადგან ვერ ახერხებდა თვალსაჩინოდ აეხსნა ჩემთვის, როგორ ესახებოდა ეს ნაწარმოები, რომლის შესახებ დადებითიYთვალსაზრისი არ გამომითქვამს. სურდა, რომ მისთვის მეთქვა, ის, რასაც ასეთი ვაი-ვაგლახით წერ, უფრო უკეთესია, ვიდრე გგონიაო. ისე იტანჯებოდა, რომ ეს უნდა მეთქვა. და თუ ამას ვიტყოდი, დამიჯერებდა.

შემოდგომაზე ინგლისში გამგზავრება დავაპირე და ამის შესახებ ბერნარდს მივწერე. შევთავაზე, რომ ის და ენი, მომდევნო ზაფხულს კონექტიკუტში ჩამოსულიყვნენ. პასუხი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ ლონდონში მივიღე, ჩვეულებისამებრ, ლაკონიური იყო. სიამოვნებით გეწვევითო, მწერდა ბერნარდი, მაგრამ “მომდევნო ზაფხულამდე ხომ უნდა მივაღწიო”.

ბერნარდ მალამუდი გარდაიცვალა 18 მარტს, გაზაფხულის დადგომამდე სამი დღით ადრე.

© “არილი


[1]“ბორშჩის სარტყელი”ანუ “ებრაული ალპები” – ამ სასაუბრო ტერმინით აღნიშნავენ კეტსკილის (ნიუ-იორკის შტატი) მთიან საზაფხულო კურორტებს, რომლებიც ნიუ-იორკელ ებრაელთა პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო 1920-1970-იან წლებში.

Facebook Comments Box