Uncategorized

პაატა შამუგია – გეოპოლიტიკური ჩიტები. შიზოგადოება

2 poema

2 პოემა

გეოპოლიტიკური ჩიტები

[პატივისცემის ნიშნად ეძღვნება ორ ჩიტს, რომლებიც ჩემს აივანზე მოდიან ხოლმე]

ჩიტებს აქვთ თავიანთი პოლიტიკა,

რომელიც განსხვავდება ადამიანის პოლიტიკისგან.

ყველას ესმის, რომ პოლისის ჩიტური გაგება

არ ჰგავს პოლისის ანტიკურ იდეას,

მათი პლატფორმა წმინდად ჩიტურია,

ყოველდღიური ფრენა-ფრენით მოპოვებული,

მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი,

რაც ცხოვრების ღერძს ამყარებს.

ჩიტებმა ხანგრძლივი ინტელექტუალური გალობა-შრომის შედეგად

მოიპოვეს უფლება, აღარაფერს წარმოადგენდნენ,

გარდა საკუთარი თავისა,

და ზოგჯერ, ამასაც კი აღარ წარმოადგენდნენ,

(განსაკუთრებით მაშინ, თუ ცივა და საკუთარ ბუმბულებში შეყურსულებს

ქარი ეხლებათ,

ან მაშინ თუკი დიდ ქვაბში იხარშებიან),

ესე იგი, მხოლოდ ჩიტები იყვნენ,

თავიანთი ჩიტობით შემოსაზღვრულები.

განსხვავებით ადამიანისგან,

რომელსაც საკუთარი არსებობის დასამტკიცებლად

ბევრი არაადამიანური საგნის მოშველიება უწევს

უამრავ კომპრომისზე უხდება წასვლა,

ჩიტი მხოლოდ თავისი ჩიტობით ჩიტობს

კაცი ვერ კაცობს თავის კაცობით

თუ არა აქვს სახელფასო დანამატი,

პოპულარობა და 8-საათიანი ძილი.

კაცობრიობა ბაძავს ჩიტობრიობას,

ფრთებს იმაგრებს ზურგზე, ცდილობს იფრინოს,

მაგრამ მთავარი ფრენის სურვილი არაა,

მთავარია პოლიტიკა,

რომელსაც ჩიტობრიობა ახორციელებს

და რომელსაც ადამიანი ვერ ახორციელებს,

ისტორია ამძიმებს.

არავინ იცის ჩიტების პოლიტიკა დაზუსტებულად,

ადამიანი კი რა ჩიტიცაა, ვინ არ იცის?!

ჩიტების დასახელება შეუძლებელია,

ჩიტები რომ დაასახელო,

უნდა იცოდე ჩიტების პოლიტიკა,

მაგრამ ადამიანი ვერ დაასახელებს,

რადგან ჩიტების პოლიტიკა არ იცის,

თავის მხრივ, ვერც ჩიტი ვერ დაასახელებს,

რადგან ჩიტის მეტყველება არ ცნობს დასახელებას,

როგორც თვითიდენტიფიკაციის მომგებიან ფორმას.

ამიტომ ჩიტი ჯერჯერობით რჩება დასახელების გარეშე.

და ის რომ მათ ჩიტებად მოვიხსენიებთ,

ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ზედაპირზე ვსრიალებთ,

ხოლო მისი პოლიტიკა ვერ გაგვიგია.

ეს ნიშნავს, რომ „ჩიტის“ წარმოთქმისას,

ჩვენს სულში არსებული შინაარსები

არ გადალაგდება იმნაირად,

რომ მან ჩიტის ხატი შექმნას.

ამიტომ ჩიტები მოუხელთებლებად რჩებიან.

მათი მომწყვდევა მხოლოდ ჩიტურ კანონმდებლობას შეუძლია.

დამნაშავე ჩიტები გადიან რესოციალიზაციას,

ისინიც კი, რომელთაც ბრალი შეეფარდათ

ჩიტობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის,

ელოდებიან თავიანთ რიგს.

ჩიტების სამართლებრივი ბაზა მიამიტურია

და, ჩემი მოკრძალებული აზრით, სახიფათოც.

მაგრამ მასზე საუბარი საჭიროა.

როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ რამეზე, არაფერი იცვლება, რამეც კი.

მაგრამ როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ რამეზე,

მაშინ, ის, რაზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ,

თავად იწყებს ლაპარაკს იმაზე, რაზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ,

ლაპარაკობს და უჩვენებს ჩიტი.

ჩიტი ტელევიზორია. ტელევიზორი მეტაფორაა,

რომელმაც ჩიტი უნდა გამოთქვას.

რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში,

რომელშიც მხოლოდ ტელევიზორს შეუძლია გამოთქვას,

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავადასტუროთ,

დავაამინოთ,

დასტური ვცეთ იმას,

რასაც ტელევიზორი გამოთქვამს.

ის კი, რასაც ტელევიზორი არ გამოთქვამს,

არც არსებობს,

ისტორიაში არ რეგისტრირდება

და მეხსიერების პერიფერიაზე ირიყება.

ეს კი სირცხვილის აქტია, რომელიც ჩვენს შუბლებზე იწერება,

და რომლითაც ჩვენი არსებობა სათუო ხდება.

არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ჩიტები არ არსებობენ,

მაგრამ როგორ შეიძლება ჩიტები არ არსებობდნენ,

როდესაც ისეთი იდიოტიც კი არსებობს,

როგორიც ალექსია ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“.

და თუ არსებობს ალექსი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“,

ეს გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ჩიტი კიდევ უფრო არსებობს,

ძალიან არსებობს,

გადაჭარბებულადაც კი.

როგორც მწერალმა-ქადაგმა თქვა,

თუ ჩიტი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია…

და თუ ყველაფერი დასაშვებია, მაშინ ჩიტის არსებობა შეუვალი ხდება.

ჩიტი უნდა დაინახო.

უოლეს სტივენსმა 13 სხვადასხვა მხრიდან დაინახა ერთი ჩიტი,

თუმცა სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ მან ჩიტი კი არა,

თავისი შთაბეჭდილება დაინახა ჩიტის შესახებ,

ხოლო ჩიტი ამ შთაბეჭდილების მიღმა ისე არხეინად სკლინტავდა,

ვითომც აქ არაფერი.

მაგრამ ეს ჩიტების კეთილშობილ ხატს არ ცვლის.

ჩიტი არ გვიყურებს საკუთარი სოციალური კეთილდღეობის

ბოლო საფეხურიდან.

ჩიტი ბუდეს იკეთებს, ადამიანი კარიერას,

ამიტომ ჩიტი ბედნიერია,

ადამიანი – ხანდახან.

უხეირო ყვავიც კი სწვდება

ცხოვრების მრავალ გამოწვევას

და ის, რასაც ბიოლოგიის წიგნები მასზე გვიამბობენ,

შავი პიარის ნაწილია,

მტრებმა რომ შეუთხზეს.

მისი მაღალი პოლიტიკური ცნობიერება

ამხელს საგანთა მკაცრ ლოგიკას:

როცა ის რამე კურკოვანს ნახავს,

ჯერ უკანალზე მოიზომებს,

აქაოდა, თუ გამომეტევაო,

და მხოლოდ ამის შემდეგ გიახლებათ ეს წინდახედული არსება.

თუმცა არსებობენ გულსაკლავად მიამიტი ჩიტებიც,

ცხოვრებას ალღო რომ ვერ აუღეს:

დედალ მტრედებს მარტოობაში არ შეუძლიათ კვერცხის დადება,

ამისათვის მამალს უნდა უყურონ.

მოშინაურებულ მტრედებს ხშირად ასე ატყუებენ:

დაუდებენ წინ სარკეს,

უყურებს მტრედი და ჰგონია სარკიდან თავისი

საყვარელი შემოსციცინებს

და დებს და დებს კვერცხებს.

მარტოობა ევოლუციურად წამგებიანი მოცემულობაა,

აი ამას ნიშნავს ეს ისტორია.

 

ჩემს მუცელში ცხოვრობენ ჩიტები

და როცა შეყვარებული მეფერება,

ისინი ფრთხიალს იწყებენ

და რაც უფრო მეფერება,

მით უფრო და უფრო ფრთხიალებენ

და ძალიანძალიან თუ მეფერება,

ისინიც ძალიანძალიან ფრთხიალებენ.

ბოლოში სწრაფად ფრთხიალებენ.

უფრო სწრაფად ფრთხიალებენ,

სწრაფად ფრთხიალებენ,

სწრაფად…

ჰო…

ასე…

 

როცა ვეცემი,

შუბლზე ამომდის ფანჯარა, რომელიც ღიაა,

და შემოდიან ჩიტები,

იკეთებენ ბუდეებს

და საუბრობენ ჩიტურ პოლიტიკაზე,

რომელიც არაა რთული,

უბრალოდ, უნდა მოუსმინო.

 

მე მინახავს ჰიპსტერი ჩიტები,

გამოყოფილები საზოგადოებრივ რუტინას,

განსხვავებულები, უდროოები, ლამაზები…

და იქვე: დაბოღმილი ჩიტებიც,

ყოველი უცხო გალობა ბოროტებად რომ ეჩვენებათ,

„ჩიტობას გვართმევენ, ეჰეჰეიიი!“ – გაჰგალობენ ისინი გამუდმებით

და გულზე ფრთას იბრაგუნებენ

უმრავლესობის ზუზუნის ზონაში უსაფრთხოდ შეხიზნულები.

ჩიტი გვარზე ფრენს, მათი ბარტყებიც

აგრძელებენ დაუღალავ ფრენას ქარის მიმართულებით.

 

არიან ალტერნატიული ჩიტები,

რომლებიც თემის დაწესებულ ნორმებს უჯანყდებიან

და ციცქნა ბარიკადებზე დაძვრებიან

და ციცქნა ფრთებს

ციცქნა დროშებივით აფრიალებენ

და ისეთი გამკივანი ხმით გალობენ

მტრების წინააღმდეგ,

ჩიტის გულიც ვერ მოითმენს.

წმინდა არს ყოველი მეამბოხე ჩიტი,

მაგალითად, კოლიბრები,

რომელთაც უკუღმა ფრენაც შეუძლიათ

და ამის გამო, არაერთხელ გადაუციათ ანათემაზე

შავსამოსიან ყვავ-ყორნებს.

 

არსებობენ პოპულისტი ჩიტები,

რომლებიც დემაგოგიურ გალობას ეწევიან

და ამით აუდიტორიის გულებს იოლად ინადირებენ,

მაგალითად, ბულბულები,

მათ დათაფლულ ნოტებში

მუდმივად მომგებიანი თემები ისმის.

ამ დროს ბეღურების ერთგული კვნესა

ჰაერში ისე იფანტება,

თითქოს არც ყოფილიყოს.

სამყარო სავსეა უსამართლობით.

რამე უნდა იღონონ ჩიტებმა.

რამე უნდა იღონონ ადამიანებმაც.

სამყარო სავსეა განსაცდელით.

რას იზამენ ჩიტები,

როდესაც რუსეთი ბირთვულ იარაღს აამოქმედებს?

ვერაფერს, დაიხოცებიან.

და რას იზამენ ადამიანები,

როდესაც რუსეთი ბირთვულ იარაღს აამოქმედებს?

ვერაფერს, ისინიც დაიხოცებიან.

სწორედ ესაა განსხვავება.

 

არ არსებობს შემთხვევითი სიკვდილი,

ადამიანი მხოლოდ მაშინ კვდება,

როდესაც ამისთვის მზად არის.

ადამიანი კვდება, არაფერში შეჯამდება,

ორიოდე ცრემლი და დავიწყებაც მოდის.

ასე მითხრა სევდიანმა ჩიტმა

და განაგრძო მონოტონურად:

არ არსებობს შემთხვევითი სიკვდილი,

ყველა მაშინ კვდება, როდესაც ამისთვის მზად არის.

 

რა იციან ორნიტოლოგებმა,

თუ რა ნაღველს იტევს ჩიტი…

 

შიზოგადოება

 

ლიტერატურა გახდა შეუძლებელი,

როგორც მრგვალი ოთხკუთხედი.

იქნებ ყოველთვის ასე იყო?

ექო მიამინებს.

ვინ აუმუშავებს გრამატიკას გულს?

მკვდარი ლექსები ჩამოაქვს მდინარეს.

დაწერე, რამდენიც გინდა,

ერთ ლექსში ორჯერ მაინც ვერ შეხვალ.

მცივა და მოგონებების იმპორტს ვეწევი პოეზიაში,

იქნებ სითბო ენაში მაინც ჩამიდგეს,

ვცდილობ, შემოვზიდო სტრიქონებში მერცხლები,

ჩიტები,

მოკლეკაბიანი გოგონები,

პარკში მჯდომი წყვილი.

რატომ ვცდილობ, შემოვზიდო სტრიქონებში მერცხლები,

ჩიტები,

მოკლეკაბიანი გოგონები,

პარკში მჯდომი წყვილი?

შეიძლება თუ არა კითხვების მატერიალიზაცია?

ვწერ ჩიტს და ვგრძნობ, რომ

მისი ფრთა სავსეა ფრენის შესაძლებლობით.

არის ჩიტის ფრთა სავსე ფრენის შესაძლებლობებით,

როდესაც ვწერ, რომ

ვწერ და ჩიტის ფრთა სავსეა ფრენის შესაძლებლობით?

მნიშვნელობებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია

სანამ ტუჩის კიდეს გადმოცდებიან.

ენა მკაცრი მებაჟეა,

ზოგ მნიშვნელობას საზღვარზე ტოვებს.

ვსვამ არაყს – იდენტობას მიძლიერებს,

დღეს ძალიან პაატა შამუგია ვარ,

გუშინ ცოტათი პაატა შამუგია ვიყავი,

ვწერ. ვწერვწერვწერ

ჩემი ტვინის ორივე ნახევარსფერო ჩემი ცხენებია,

მარცხენა ცხენმა არ იცის თუ რასა იქმს მარჯვენა ლაფშა.

აღვირი მიჭირავს, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ,

მე გახლეჩილი ვარ,

ორ-ორი ვარ,

ბინარული ვარ,

მინორული ვარ,

მე ვწერ შიზოგადოებას.

მილორადმა „ხაზარულ სიტყვისკონაში“ აღნიშნა, რომ

ამბავი, საერთოდ, ორჯერ უნდა ითქვას.

მეც ვიმეორებ დაუსრულებლად:

„უნდა გვესმოდეს, ზოგიერთი რამ,

კერძოდ კი – ყველაფერი.

უნდა გვესმოდეს, რომ

პოეზია საგნებისთვის ადგილის შეცვლაა,

და როცა მეტს ვთხოვთ,

ხდება კიდეც უფრო მეტი,

მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია.“

პოეზია ლოჯისტიკური სამუშაოებით კმაყოფილდება,

გადაიტანე A საგანი A1 სივრცეში.

მე ვწერ, რაც ნიშნავს,

რომ ჩემში მყოფი ყველა მნიშვნელობა დასრულდა

და მათში განვითარების შესაძლებლობა

დასასრულის აგონიამ ამოავსო.

მნიშვნელობები დამთავრდნენ,

მიაღწიეს გამოხატვის იდეალურ წერტილს

და ახლა გაქვავებული ექსპონატები არიან,

დავათვალიეროთ „სიყვარული“ (მტვერი დასდებია)

ან კონსპირაციულად ნათქვამი „მეშენმიყვარხარ“…

ცნობიერების ქალწული ტერიტორიები ათვისებულია,

პირველი ღამის უფლება ჩამოერთვა რეალობის ქმარს – ადამიანს –

და რეკლამას გადაეცა.

ადამიანის ცნობიერებას ახლა რეკლამა ჟიმავს.

დალიე „ფანტა“, იყავი სანტა.

ავეჯის გადაზიდვის სერვისი გთავაზობთ საგნების ექსტრაპოლაციას

ინტელიგიბელურ წიაღში.

ბევრი უცხო სიტყვა, არც ერთი ჭკვიანი სიტყვა.

ლაპარაკობს და უჩვენებს ტელევიზორი.

სკანდალი.

სირცხვილი.

სიკვდილი.

საინფორმაციო კრიმინალური ქრონიკა.

მკვლელები კლავენ.

მკვლელებსაც კლავენ.

მეორდება ისტორია,

როცა ძველ სამყაროში  ბიჭი სახელად აბელი მოკლა ძმამ

(რომლის სახელს უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო

შეგნებულად არ ვასახელებ).

 

კიბერ-დედავ, გვაწოვე შენი რკინის ძუძუ,

გაამთელე გადაჭრილი ნეირო-ჭიპლარი

და ხელახლა გამოგვიბი. სამყარო სავსეა ხიფათებით,

ჩვენ, კიბერ-თეზევსები გაცილებით სუსტები ვართ,

ვიდრე ჩვენი ანტიკური ასლები.

არიადნე გერმანიაშია, მოხუცს უვლის.

გებრალებოდეს, კიბერ-დედავ,

შენი კიბერ-შვილები,

ცივილიზაციის პიკზე მდგომები,

მაგრამ ველურის ცნობიერებით.

 

რა არის კიტჩი? – კითხულობს მეგობარი აფრიკიდან,

რომელმაც სოლოლაკში სპილოს ძვლის საფლავი ნახა.

და ფილოსოფოსი იქვე პასუხობს:

კიტჩი ესაა იდეალურის შექმნის მცდელობისას განცდილი მარცხი.

 

რა უნდა მოგვცეს პოეზიამ?

ის არ აწარმოებს ბედნიერებას

არ ამრავლებს დროს  და არ ყიდის მას.

რა უნდა მოგვცეს პოეზიამ?

ის არაა ბანკი,

არაა მევახშე,

მას მხოლოდ საკუთარი თავის დასახელება შეუძლია,

და ისიც – გაჭირვებით.

რატომ უნდა მოგვცეს პოეზიამ რამე?

 

რიტორიკულ კითხვებში ვვარჯიშობ.

მივდივარ ნინოსთან, თემქის მეათე კვარტალში.

კარგი იქნებოდა, ახლოს ეცხოვრა.

მეგობარი ახლოს უნდა ცხოვრობდეს.

ვდგავარ ავტობუსის სუნში,

როგორც მდინარეში,

ქალაქის შედედებული სიმყრალეც აქვე უხერხულად ჩამომდგარა,

როგორც შვილის ხელცქვიტობას წასწრებული დედა.

არ ვიმჩნევთ ერთმანეთს.

საფანტივით მეყრება გვერდით მდგომის ოფლის წვეთები,

დინება მოდენის პენსიონერს,

რომელსაც ადგილს არავინ უთმობს,

ორი ნაცნობი უკვე ჩამოატარა ოფლის ნიაღვარმა.

მე ვფიქრობ შენზე.

მე ვწერ შენზე,

მაშინაც კი, როცა მე ვწერ სხვაზე, მე ვწერ შენზე.

მაშინაც კი, როცა პრინციპულად არ ვწერ შენზე, მე ვწერ შენზე.

შენ როცა გისმენ,

თავში იდეების ტყე მიშრიალებს,

სიბნელიდან ყვავები მოფრენენ

და ტოტებზე თავს ითაგავენ.

ყვავიან ყვავები…

ჩემი სიტყვები აყვავდნენ და

დაიბუდეს უცხო ხალხის ყურებში.

საოჯახო ჭურჭელივით უბრალოა ჩემი სიტყვები,

ჩემი სიტყვები უბრალოა, როგორც ჭურჭელი

საოჯახო. შესაკრებთა გადანაცვლებით

ვსიმულირებ განწყობის შეცვლას

ასე ვებრძვი მოწყენილობას,

დეპრესიას,

მარტოყოფნას.

მე მომწონს შენი უბრალო სახლი,

„მადონას“ სერვიზი და რაფაელის „მადონა“ ერთ ჭერქვეშ

გამოხატავენ იდეების სწორხაზოვან სვლას –

როგორც „თუნუქის დოლში“,

სადაც ჰიტლერის და ბეთჰოვენის სურათები

ერთმანეთს დაბოღმილები შეჰყურებენ

როგორც მე და შენ –

როცა ერთმანეთის წარმოსახვის

გლუვ ზედაპირზე ფეხს ვერ ვიკიდებთ

და ასე უსინდისოდ ვიტყუებით,

რომ სიყვარული მარტოობაში ვარჯიშია

და ეს კარგია.

ეს ცუდია, უნდა შევთანხმდეთ,

და შეგვიძლია ამაშიც ღმერთს დავდოთ ბრალი.

მაგრამ ის გამოცდილი დემაგოგია

და ყოველთვის ექნება ალიბი,

რომ ჩვენი შექმნისას არ არსებობდა.

ეს სიმღერაა, ხეებიდან დაძრული, კვირტების ენა,

ეს ტკივილია, ეს სიხარული.

ეს ქართველი ჟურნალისტია,

თუმცა გულის სიღრმეში – მწერალი.

ეს სარეკლამო პაუზაა – 25 60 60…

ეს სარკეა,

მე იქ არასდროს ვიხედები.

 

ჩემი ტვინის ორივე ნახევარსფერო ჩემი ცხენებია,

მარცხენა ცხენმა არ იცის თუ რასა იქმს მარჯვენა ლაფშა.

აღვირი მიჭირავს, მაგრამ ვერ ვიმორჩილებ,

მე გახლეჩილი ვარ,

ორ-ორი ვარ,

ბინარული ვარ,

მინორული ვარ,

მე ვწერ შიზოგადოებას.

 

შენ ვინც ყოველ დილით შენს გამხდარ თითებს ჩემს თმებში თესავ

შენ ვინც თრთოლას ამწიფებ ჩემს ტანზე

და ჟრუანტელს კრეფ ჩემი ხერხემლიდან,

როგორც ალუბლებს.

მე მინდოდა, ეს პოემა მომეძღვნა შენთვის.

© არილი

Facebook Comments Box