რეცენზია

ანდრო ბუაჩიძე – შელოცვათა წიგნი

andro-besik

ბესიკ ხარანაული, ლექსები (2003-2013). თბ. „ინტელექტი“, 2014.

წიგნს უბრალო სათაური აქვს: 2003 – 2013. ლექსები. ბესიკ ხარანაული წერდა ლექსებს და სკივრში ინახავდა. ეს ის პოეტია, რომელმაც  „ხეიბარი თოჯინა“  დაწერა.  და არა მარტო „თოჯინა“, არამედ  „რა წერია სუფთა ქაღალდზე“, „მიკარნახე, ანგელინა!“ და სხვა პოემები და ლექსები. ბესიკ ხარანაული. ეს კაცი უკვე სამოცდათხუთმეტი წლის მოიყარა. თითქოს თვითონვე ეხამუშება თუ უკვირს ეს ასაკი:  „შორით მოვიდა ამბავი, / მთვარეს დაასწრო, მზესაო,/ შენ დაბერება მეუწყა,/ ხარანაულო ბესაო./ გავიგე უარესიცა,/ ლექსებს ვეღარა ჰკვესაო.“/  არადა, არც დაბერებულა და ლექსებსაც ჰკვესავს. აი, ვთქვათ, ამ წიგნში ერთი ასეთი სტროფია: „მგელი არ მოშლის მგლობასა,/ არწივი არწივობასა,/ პოეტი პოეტობასა,/ წუთისოფლისა გმობასა“.
ეს ქილიკობა და წუთისოფლის გმობა თავიდანვე გამოარჩევდა პოეტს. „ქილიკობა“ მარტივად ნათქვამია და მოჭარბებულ ირონიას აღნიშნავს.
ბესიკ ხარანაულს ამგვარი ირონია იმთავითვე დაჰყვა. ეს იყო ლირიკული სუბიექტის თავისუფალი მოძრაობა სივრცეში. ეს სივრცე რაღა იყო? ამ სუბიექტის ადგილსამყოფელი.  ჩვენ ვცხოვრობდით ამ სივრცის შიგნით, მაგრამ იმდენად ვიყავით მასთან შესისხლხორცებული, რომ ვერ ვხედავდით  მას. ბესიკ ხარანაულმა პროზაული რეალიები შეიტანა პოეზიაში და ამით თავისი პოეზიის კარი შეხსნა და შეუძღვა მკითხველს. პროზაული რეალიები მოქნილობას ანიჭებს პოეტურ ენას, გარემოს აცოცხლებს და ლირიკული სუბიექტის სახესაც გამოკვეთს. პროზაული რეალიების მეშვეობით კონკრეტიკა ენიჭება სამოქმედო სივრცეს და ხელშესახებად მჟღავნდება ყოველი მოვლენა. ბესიკ ხარანაულმა  70-იან და 80-იან წლებში ოსტატურად განაზავა პოეტურ სუბსტანციაში პროზა და ამით თავისი პოეზია გაქვავებული კლიშეების და სტერეოტიპების საპირისპირო ნიშნით წარმართა.
პოეტურ ოსტატობაზე საუბრისას ჩვენ მეტწილად კანონიკურ ლექსს ვგულისხმობთ და ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რა მარჯვედ ფლობს პოეტი მეტრიკას, სტროფიკას, რითმას და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოსტატობა სხვადასხვანაირი არსებობს.
ბესიკ ხარანაულმა თვითგამოხატვის ფორმად თავისუფალი ლექსი აირჩია და აქ გამოვლინდა მისი ოსტატობა. უფრო ზუსტად, მისმა სათქმელმა  ბუნებრივად, ძალდაუტანებლად გამოძებნა ფორმა, თითქოს მდინარემ თვითონ გაკვალა კალაპოტი. მთავარი კი ისაა, რომ თავისუფალი ლექსის შიგნით პოეტმა თავის ინტონაციას მიაგნო, დასვა თავისი აქცენტები, იმდენად ბუნებრივად მოირგო ეს ფორმა, ვრცელი მონოლოგებიც კი „წარმოთქვა“. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბესიკ ხარანაულმა თავისუფალი ლექსის „მცირე ნასხლეტებიც“ ოსტატურად გააწყო. გავიხსენოთ თუნდაც „წუთები და წამები“ და სხვა ლექსები.
თავისუფალი ლექსი საყრდენებს აცლის პოეზიას და ძალიან ხშირად მას პირწმინდა პროზის „ერესში“ აგდებს. უარეს შემთხვევაში პროზა იწერება ლექსის ფორმით და იქვე იბადება კითხვა: რატომ არის ეს პოეზია და არა პროზა? ეს, რა თქმა უნდა, ბესიკ ხარანაულს არ ეხება. ბესიკ ხარანაულმა 70-იან და 80-იან წლებში უკვე ისეთი ხელწერა შექმნა, რომელიც მიუბაძველი იყო. თავისუფალი ლექსის სივრცეს ბესიკ ხარანაული თანდათან იპყრობდა. ოღონდ ეს არ იყო ზოგადად თავისუფალი ლექსის სივრცე, ეს მისი, ბესიკ ხარანაულის სივრცე იყო. თითქოს მან თავის მკაფიო ხელწერით, მჭიდრო სახეობრივი აზროვნებით შემოსაზღვრა საკუთარი „ტერიტორია“, რომლის შიგნით შეღწევა შეუძლებელი გახლდათ. ბესიკის მიმბაძველები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან მიუბაძველ პოეტს ვერ მიბაძეს, თავისუფალი ლექსის სივრცეში საკუთარი საყრდენები ვერ აღმართეს და ამიტომაც დეკლარაციული პროზის და მშრალი რიტორიკის ავტორებად იქცნენ. მათი „პოეზია“ თვალსა და ხელს შუა გაქრა. მაგრამ ისეთებიც  იყვნენ, რომლებსაც გუმანმა უკარნახა, რომ თუ საკუთარ საყრდენებს არ დაეყრდნობოდა, სიცარიელე შთანთქავდა. ზოგს აღმოაჩნდა  უნარი საკუთარ თავს დაყრდნობოდა, ზოგი კი ჰაერში მოფარფატე სიტყვების ამარა დარჩა.
ბესიკ ხარანაული თავისუფალ ლექსებთან ერთად წერდა ხალხურ კილოზე გაწყობილ ლექსებს: /“ნისლს დაუძირავს მამკოდა,/ უტირებია გულითა,/ მე ისიც გამახარებდა,/ თუ ზვავი გადაუვლიდა,/ მანდ მოკლეს დედიძმაჩემი/ ლამაზი ტანის შურითა“. ამ ლექსს რომ კითხულობ, გრძნობ ხალხური კილოკავის და ლექსის დამათრობელ ძალას, მაგრამ ფინალი ბესიკისეულია, მკაცრი და მოკვეთილი, თითქოს ყველაფერი ორ სტრიქონში ითქვა და მთელი ლექსი ამ ორი სტრიქონისთვის იყო დაწერილი. შეუძლებელია არ დაგიდგეს თვალწინ ლამაზი, ასხლეტილი, ვაჟკაცურად ჩამოქნილი ტანი, რომელმაც შური აღძრა და რომლის გამოც მოკლეს პოეტის დედისძმა. ვინ იცის, რამდენი ასეთი ვაჟკაცი მოუკლავთ უზადო ტანის გამო.
ბესიკ ხარანაული ახლაც წერს ხალხურ კილოზე გაწყობილ ლექსებს, წერს ჩვეულებრივ, მკაცრი სისადავით აღბეჭდილ კონვენციურ ლექსებსაც. მან თავი მოუყარა 2003 წლიდან 2013 წლამდე დაგროვილ ნაწერებს. აქ ფიქრებია, ლექსებად ამოთქმული და გაელვებული ფიქრები. არის ეჭვი, ქილიკი, ღიმილი, გაოცება, მდურვა, თვითირონია. ამ ლექსებს რომ კითხულობ, თითქოს პოეტის სახე გიდგას თვალწინ. ეს სახე მყისიერად იცვლის გამომეტყველებას, ხან რას გამოხატავს და ხან რას. მხოლოდ პოეტის თვალები რჩება ერთნაირად ნაღვლიანი. აბა, როგორ არ იქნება ნაღვლიანი, როცა ასეთ ლექსს ამოთქვამს: „ბედაური ვარ ავბედი, / ვაი, რა ცუდად დავბერდი,/ ისე ვიკიდებ წყენასა,/ როგორც ნაპერწკალს აბედი“. იქნებ წყენაა, რომ აწერინებს პოეტს ლექსებს? პოეტი მართლაც ავბედი ბედაურია, რომელიც აბედივით იკიდებს წუთისოფლის წყენას.
ამ წიგნში ბესიკ ხარანაულმა იმ ლექსებს მოუყარა თავი, რომლებიც ბუნებრივად ამოეთქმევინა. იქნებ სხვანაირად არც იწერება ლექსი, მაგრამ ეს ნაწერები ამ თვალსაზრისით მაინც განსაკუთრებულია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ლექსები თავისთავად დაიბადა და აეკვიატა პოეტს. იქნებ არც აპირებდა ჩაწერას, მაგრამ რომ გათავისუფლებულიყო მათგან, ჩაიწერა. ჩაიწერა და განთავისუფლდა კიდეც. ასე რომ, მთლიანად წიგნი „2003-2013. ლექსები“, ზეპირსიტყვიერი პოეზიის წიგნია. და თუ პოეტმა მაინც ჩაიწერა ალალბედზე ეს ლექსები, ესეც მოულოდნელობას ან ნაუცბათეობას უნდა მივაწეროთ. აქა-იქ მშვენიერი, გულშიჩამწვდომი ღაღადისიც გაიბრწყინებს. აგერ,  ვთქვათ, გურამიშვილის რემინისცენცია: „აადეო, ადეო, წასვლას გაემზადეო, აეცალე საწოლსა/, ტანი აიწვადეო, გეფლიდება სიცოცხლე: – ერთხელაცა მცადეო!/ – შენ არ იყავ, ცოცხალს რომ სული ამომხადეო!/  ხელი უკარ სიცოცხლეს, ძველი არის ბადეო…/ აადეო, ადეო, წასვლას გაემზადეო,/ განა დაყუდებისთვის, გზისთვის დაიბადეო“.
ზოგჯერ ბავშვობა, სიყმაწვილე ან სიჭაბუკე გამოანათებს და თიანეთის ყოფა ახსენდება ბესიკს, ზამთრის კარნავალური საღამოები ამოტივტივდება მეხსიერებაში: „ როცა აცივდებოდა, მთები თოვლს დაიტყობდა,/ დედაჩემი რატომღაც „ვის ო რამინს“ იტყოდა,/ ყველა შევიცვლებოდით, უცებ, რაღაცნაირად,/ კარადის თავზე გვედო გამართული დაირა,/ და ვუკრავდით დაირას და ვმღეროდით აი, რას:/“ნეტავ ახლა სად არის ბერიკიანთ ზაირა!
ეჰ, ვინ იცის, მართლაც სად არის ახლა ბერიკიანთ ზაირა!..
აქ იწყება პოეზია, იწყება მაშინ,  როცა  ვიღაც ან რაღაც სამუდამოდ ქრება. ახლა აღარც ბერიკიანთ ზაირაა და აღარც ის დაირა, მაგრამ დარჩა ლექსის მთქმელი და, რაც მთავარია, თვითონ ლექსი, რადგან ვიღაც ან რაღაც უნდა დარჩეს, როგორც მომგონებელი, როგორც მხსოვნელი.
ძალზე შთამბეჭდავია ლექსი „ნამდვილი ამბავი“. ბესიკი თავდაპირველად იესოს მოუხმობს, მერე მუჰამედს და ორივეს ატყობინებს თავის საიდუმლოს, რომელიც ჯერ არავისთვის გაუმხელია. გაუმხელელი საიდუმლო კი ასეთია: „ყოველ დღე ღამის ოთხ საათზე მეღვიძება და – მეშინია“. ამავე დროს, პოეტი მუჰამედს ასე მიმართავს! „ხედავ, რა ცოტაა ჩვენ შორის სხვაობა, საერთო კი ბევრია: ადამიანობა… “.

ბესიკ ხარანაულის ლექსებში ყველაზე მნიშვნელოვანი აზროვნების თავისუფლება იყო. ასეა ახლაც. ის ახლაც იმაზე წერს, რასაც ფიქრობს და გრძნობს. წერს უშეღავათოდ, უცერემონიოდ. მხოლოდ ადრე მისი სახეობრივი აზროვნება მდიდარიც იყო და უბრალოც. ახლა კი, თუ ამ წიგნის მიხედვით ვიმსჯელებთ, უბრალოა და მარტივი. მხოლოდ ახალი თვისებაც შეიძინა – პუბლიცისტური პირდაპირობა. იქნებ პოეზიას არ შეშვენის ეს თვისება? ამას არად დაგიდევს პოეტი. უნდა თქმა და ამბობს.
ლექსში „ნატვრა ლამაზ თვალებისა“ თითქოს პარადოქსულად ამეტყველებული განცდა თუ აზრია გამოხატული – ლამაზი თვალები წაიშალა, გაქრა. ქართველი ქალების თვალებში სევდამ, ჯავრმა, დარდმა დაიბუდა. ასეთი აზრიც კი გაიელვებს: „მე წავართვი ხალისი, თუ ჩემმა პაპის პაპის პაპამ…“ არავინ იცის, როდის აღმოიფხვრა ამ თვალებში გამჭვირვალება, სილაჟვარდე, ხიბლი და გაჩნდა სიმძიმე, უძრაობა, უმეტყველობა, კიდევ ერთი ფრაზა: „რამ ჩაუქრო თვალში სხივი, ცრემლის ღვრამ თუ ცრემლის ყლაპვამ?“ ამავე ციკლის ლექსებია  „არის დრო, ადამიანი…”,  “ბოდიშს გიხდი, საქართველოვ!..“  „რატომა გქვია სამშობლოვ, ასეთი მწარე სახელი“. ბესიკი სიბერეზეც წერს და სიკვდილზეც. ეს ლექსებიც ხალხურ კილოზეა დაწერილი და ყოფნა-არყოფნის ფოლკლორულ ვარიაციებს ეხმაურება, მაგრამ მაინც სხვა არის, მაინც ბესიკისეულია. ამ ტრადიციულ და მრავალგზის გახმიანებულ ინტონაციაში პოეტი უეცრად ისეთ სათქმელს შემოაცურებს, ისეთი მიმართულებით წარმართავს ლექსის მდინარებას, რომ ზოგჯერ ალბათ თვითონვე გაკვირვებული რჩება.  „ორი შელოცვა“ – ასე დაურქმევია ბესიკს სიბერესა და სიკვდილზე დაწერილი ლექსებისათვის. ამ ლექსების ლექსიკა ისეთი ხისტია და  „ზეპირსიტყვიერი“, რომ მართლაც შელოცვისეულია. ეს წიგნიც ერთი გაბმული შელოცვის ტექსტია.

© არილი

Facebook Comments Box