ესე (თარგმანი),  რეცენზია

ცვეტან ტოდოროვი – ზემოქმედებანი

Tzvetan_Todorov-sontag1

სიუზენ ზონტაგის “სხვათა ტკივილის შესახებ

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ფოტოგრაფიული ან კინემატოგრაფიული გამოსახულებები უფრო შთამბეჭდავი და ინფორმაციულია, ვიდრე სიტყვიერი ტექსტები, რომლებიც უფრო ნიღბავს ჭეშმარიტებას, ვიდრე – ააშკარავებს მას. ეს თვალსაზრისი სრულიად უმართებულოა: ფოტოსურათმა შეიძლება შეგვზაროს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგდებისას ის უშინაარსო ხდება. დასახიჩრებული გვამის ფოტოსურათი აგაღელვებთ და შეგძრავთ; მაგრამ მხოლოდ ფოტოსურათიდან გამომდინარე, ვერ შეიტყობთ, ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ მოკლეს ის, ვინ იყო მკვლელი; შესაძლოა, მკვლელობა ჩადენილ იქნა შურისძიების ან, პირიქით, მშვიდობის ჩამოგდების მიზნით, ან იქნებ, იმისთვის, რომ გავიცნობიეროთ, რაოდენ ადვილადაა შესაძლებელი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. სიტყვიერ ტექსტში წინადადებები შეიცავენ ქვემდებარესა და შემასმენელს, ანუ მათში გამოიყოფა თემა და, მეორე მხრივ, პრედიკატი, რომელიც ახასიათებსAამ თემას. გამოსახულებებში წარმოდგენილია მარტოოდენ ქვემდებარე – ქვემდებარე შემასმენლის გარეშე. ფოტოსურათზე რაიმე მოვლენა შეიძლება შთამბეჭდავად იქნას ასახული, მაგრამ ის, თავისთავად, არ გვაუწყებს, რა უნდა ვიფიქროთ ამ მოვლენის შესახებ.

სიუზენ ზონტაგის პატარა წიგნში, მრავალი სხვა თვალსაზრისის გარდა, შემოთავაზებულია ზემომოყვანილი შეხედულებაც. მაგრამ თვით ეს წიგნი, გარკვეულწილად, თავის საგანს, ფოტოგრაფიულ გამოსახულებას გვაგონებს: უფრო ინფორმაციულია, ვიდრე – შემფასებლური. ზონტაგი ასახელებს ფაქტებს და მოჰყავს მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები, მაგრამ არ ჩქარობს არგუმენტების ჩამოყალიბებას. ის ხშირად სვამს შეკითხვებს, რომელზეც პასუხები ჩვენ უნდა გავცეთ; ან წინდაწინვე უარყოფს ყველა პასუხს, რომლებიც კი შეიძლება მოგვაფიქრდეს.

ესე მეცნიერულ ჟანრებს არ მიეკუთვნება. მისი მთავარი პრობლემა ჩამოყალიბებულია მისსავე სათაურში: რატომ გვანიჭებს სიამოვნებას სხვათა ტანჯვის ხილვა? და, თუ მართლაც გვანიჭებს, ხომ არ იწვევს ჩვენი ეს თვისება გარკვეულ პოლიტიკურსა და მორალურ პრობლემებს? ამ მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრებული ზონტაგი საკუთარ დაკვირვებებს გვთავაზობს. მისი წიგნის კითხვა ზოგჯერ ხანგრძლივ გულითად საუბარს წააგავს, ოღონდ ისეთს, როდესაც ჩვენ მხოლოდ ერთი მონაწილის თვალსაზრისს ვეცნობით. ზონტაგი კარგად იცნობს განსახილველ საკითხს, საკუთარ შეხედულებებს კი დახვეწილი ფორმით გამოხატავს. ის კარგად ერკვევა ფოტოგრაფიისა და ფერწერის ისტორიაში და არასოდეს ავლენს პედანტიზმს, იმას კი არ ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს საკუთარი წარმოდგენები, არამედ გვაიძულებს დავფიქრდეთ, და სათანადოდ გავიაზროთ საჭირბოროტო საკითხების მთელი რიგი.

მაგალითად, მეოცე საუკუნის ისტორიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია (თუმცა კი უშუალოდ არ მიემართება წიგნის ძირითად თემას), რომ საომარი ქმედებების კანონიერებაში არავის ეპარებოდა ეჭვი, როდესაც ისინი მიმართული იყო შორეული და ეგზოტიკური კოლონიზებული მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ ევროპაში მიმდინარე ომებს ყოველთვის სამხედრო ბოროტმოქმედებებად მიიჩნევდნენ. მაგალითად, გენერალმა ფრანკომ 1920 წელს ბრძანა მაროკოელი “მტრების” განადგურება, რასაც ევროპელი მოსახლეობის პროტესტი არ გამოუწვევია; მაგრამ 1930-იან წლებში ესპანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. სამხედრო-საჰაერო ძალების ახალგაზრდა მეთაური, არტურ ჰარისი 1924 წელს ანადგურებდა ერაყის “ამბოხებულ” სოფლებს, როდესაც “ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში მოზრდილი სოფელი შეიძლებოდა სრულიად აღგვილიყო პირისაგან მიწისა, ხოლო მის მცხოვრებთა მესამედი დახოცილიყო ოთხი ან ხუთი მანქანის მეშვეობით”. ჰარისი ასევე მოიქცა 1945 წლის 13 თებერვალს, როდესაც ბრძანა მუსრი გაევლოთ დრეზდენის “ასი ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრებისთვის, რომელთა სამ მეოთხედს ქალები შეადგენდნენ”, მაგრამ სამოცი წლის შემდეგ ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ამ სასაკლაოს ლეგიტიმურობას. “ჩვენ” და “ისინი” ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარ შეფასებას იმსახურებს, როდესაც საქმე ეხება ფოტოგრაფიულ გამოსახულებებს: “ჩვენ” გამოსახულებებზე პიროვნებების სახით წარმოგვიდგებიან და, მათ ხშირად საკუთარი სახელებიც მიემართება; ფოტოსურათებზე, რომლებზეც “ისინი” არიან გამოსახულნი, მხოლოდ სიტუაცია, დამოკიდებულება, ემოციები აისახება.

ამავე დროს, ადამიანს აქვს მეხსიერებაში აღბეჭდილი ხატების აღდგენის უნარი, რომელიც გაცილებით უფრო ორაზროვანია, ვიდრე მიცვალებულთა შესახებ გამოთქმული თვალსაზრისები. ერთი მხრივ, წარსულის ხშირი გახსენება ჭრილობებს გვიახლებს, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ. “ძალზე ბევრის (მაგალითად, ძველი წყენისა: სერბები, ირლანდიელები) გახსენება უარყოფით ემოციებს იწვევს, – შენიშნავს ზონტაგი. – “მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია წარსულის დავიწყება”. მეორე მხრივ, მეხსიერება, ჩვეულებრივ, ემსახურებაOსაკუთარი თავის გამართლებას საპატიებელი, მაგრამ არა სანაქებო საქმიანობის გამო. ადამიანს მოსწონს თავისი თავის, როგორც გმირის ან მსხვერპლის წარმოდგენა, მაგრამ ის არ იხსენებს სიტუაციებს, როდესაც არცთუ სახარბიელო როლს ასრულებდა. ამასთან დაკავშირებით ზონტაგი წერს, რომ “მუზეუმი, რომელშიც შეკრებილი იქნება იმ უდიდესი ბოროტმოქმედების დამადასტურებელი საბუთები, როგორიც იყო აფრიკელთა მონობა ამერიკის შეერთებულDშტატებში, გვაიძულებს გავაცნობიეროთ, რომ აქ ბოროტებას სჩადიოდნენ. ამერიკელები ამჯობინებენ იფიქრონ, რომ ბოროტებას ყოველთვის სჩადიოდნენ სადღაც, მაგრამ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში”.

წარსულის გახსენება ემოციებს აღვიძებს, რაც, თავისთავად, შესაბამისი რეაქცია როდია: ყოველთვის უმჯობესია არა მარტო ვიგრძნოთ, არამედ – გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ კიდეც. თანაგრძნობა ვერ ჩაენაცვლება აქტიურ მოქმედებას. ანალიზი კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ უნდა უკუვაგდოთ ეგოცენტრული აზრები. ამასთან დაკავშირებით ზონტაგი იხსენებს ძალზე მრავლისმეტყველ ანეკდოტს სარაევოს მცხოვრებთა შესახებ, რომლებმაც გააპროტესტეს იმგვარი გამოფენის მოწყობის ინიციატივა, რომელშიც ერთობლივად იქნებოდა ნაჩვენები მათი ტანჯვა და სომალიში განხორციელებული ანალოგიური სასტიკი ქმედებები:L”აუტანელია, როდესაც ერთი ხალხის ტანჯვას სხვა ხალხის უბედურებასთან აკავშირებენ”, – ამბობდნენ ისინი. დიახაც აუტანელია; მაგრამ ეს აუცილებელია იმათთვის, ვისაც სურს გაიაზროს მოვლენები და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ემოციური რეაქციით.

ბოლოს – თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი საკითხი გვაქვს განსახილველი – გამოსახულებები და, კერძოდ, ფოტოგრაფიული გამოსახულებები საგანგებო თავისებურებებით გამოირჩევა. რაში მდგომარეობს მათი სპეციფიკა? იქნებ, სიტყვებისა და, ასევე, ფერწერული გამოსახულებებისგან განსხვავებით, ისინი ავთენტიკურად წარმოგვიდგენენ რეალობას და, ამ გზით, უშუალოდ გვაზიარებენ ჭეშმარიტებას? რა თქმა უნდა, არა. ალბათ, საჭირო არაა მოვიხსენიოთ მრავალი შემთხვევა, რომლებშიც ფოტოსურათები რეტუშირებულია, ან, კიდევ უფრო ხშირად, მეტი ეფექტის მისაღებად შეცვლილია ობიექტების განლაგებაO(ასე იქცეოდნენ, მაგალითად, როჯერ ფენტონი, მეთიუ ბრედი, რობერტ კაპა, ევგენი ხალდეი, როდესაც საომარ სცენებს იღებდნენ). ამგვარ შემთხვევებში ფოტოგრაფი თვითონ ირჩევს, რა უნდა გადაიღოს და რა – არა. “გამოსახულება ყოველთვის ვიღაცის მიერაა შერჩეული”, შენიშნავს ზონტაგი; “ფოტოსურათი ყოველთვის არასრულად, გამორიცხვის პრინციპით ასახავს რეალობას”. ამის გამო ფოტოგრაფიული გამოსახულება სუბიექტურია, ისევე, როგორც ნახატი ან ნარატივი – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში გამოსახულების საზრისი იმდენად მკაფიოდ არაა გამოხატული, როგორც ამ უკანასკნელში. ფოტოგრაფიული გამოსახულების სპეციფიკა მდგომარეობს არა გარესამყაროს გადმოცემის სიზუსტეში, არამედ -P ფიზიკურ კონტინუუმში ასახულ ობიექტსა და სუბიექტს შორის. ამიტომაა, რომ ერთგვარ დისკომფორტს განვიცდით, როდესაც გადაღებული სცენა განსაკუთრებით სასტიკია: როდესაც უყურებ ლინჩის წესით გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის ამსახველ ფოტოსურათებს, ეკითხები თავს, იქნებ ჯობდა, რომ ფოტოგრაფი, სურათის გადაღების საუკეთესო კუთხის ძებნის ნაცვლად, დაძგერებოდა ჯალათებს და განეიარაღებინა ისინი.

პრობლემა, რომლის შესახებაც ზონტაგი მსჯელობს, ახალი როდია. უხსოვარი დროიდან ცნობილია, რაოდენ მიმზიდველია სხვების უბედურება. ზონტაგს მოჰყავს ცნობილი პასაჟი პლატონის “რესპუბლიკიდან”, რომელსაც შეიძლება დავამატოთ ლუკრეციუსის სიტყვები: “რაოდენ სასიამოვნოა, როდესაც ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს, შენ კი ნაპირიდან უმზერ სხვათა განწირულ მცდელობებს”. მონტენის თქმით, “სხვა ადამიანთა ტანჯვის ხილვა სიბრალულთან ერთად ნიშნის მოგების ტკბილ-მწარე გრძნობასაც განგვაცდევინებს”. ლაროშფუკო წერდა: “ჩვენ საკმარისად ძლიერნი ვართ იმისთვის, რომ ავიტანოთ სხვათა ტანჯვა-წამება”. ასევე ფიქრობდნენ ბერკი, ჰეზლიტი და ბალზაკი. ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოსს, ჟორჟ ბატაის სიამოვნებას ანიჭებდა ჩინეთში გადაღებული ფოტოსურათების ხილვა, რომლებზეც ასახული იყო, თუ როგორ აძრობდნენ ცოცხალ ადამიანს ტყავს. ისმის კითხვა: რატომ? რას იძლევა ამგვარი სადისტური სურათების ხილვა? რატომაა, რომ დასავლურ ფერწერაში ესოდენ ხშირად გამოიყენებოდა ისეთი სიუჟეტები, როგორებიცაა ჩვილთა დახოცვა, მარსიასის გატყავება ან ლაოკოონის აგონია და, მით უმეტეს, იესოდ წოდებული კაცის ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი?

იქნებ, კომერციული თვალსაზრისით, ამგვარი სიუჟეტები უფრო მომგებიანია, ვიდრე – ბედნიერების ამსახველი სურათები? მაგრამ ეს ვარაუდი სრულიად უსაფუძვლოა. წარსულის მორალისტებმა ჩამოაყალიბეს პირველი პასუხი ზონტაგის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც შეიძლება ასე განვაზოგადოთ: სხვა ადამიანთა უბედურების ხილვა იმიტომ გვსიამოვნებს, რომ ჩვენ ეს უბედურება აგვცდა. არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე; ნებსით თუ უნებლიეთ გამუდმებით ვადარებთ ხოლმე საკუთარ თავს სხვებს და მათი უბედურების ხილვა ამძაფრებს ჩვენს ბედნიერებას, ისევე, როგორც მათ ტრიუმფს შეუძლია მელანქოლია აღგვიძრას. რატომ გაუღიმა ბედმა მათ და არა ჩვენ?

მაგრამ ამგვარი განმარტება არადამაჯერებელია, როდესაც საქმე ეხება ჯვარცმული მესიის დასისხლიანებულ სხეულს, რომელსაც მორწმუნეები საუკუნეების განმავლობაში უმზერენ. შესაძლოა, ეს თვალსაზრისი არადამაჯერებელად მოგვეჩვენოს, როდესაც გვინდა მივაკვლიოთ მიზეზებს, რომელთა გამო ბატაის სიამოვნებას ანიჭებდა წამებული ჩინელი პატიმრების ფოტოსურათები. როგორც ჩანს, ქრისტეს წამების ამსახველი სურათები იმიტომაა შთამბეჭდავი, რომ ის მორწმუნე ქრისტიანთათვის განასახიერებს ადამიანის არსებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს: სწორედ ამ მსხვერპლის წყალობით გახდა შესაძლებელი კაცობრიობის ხსნა. რა თქმა უნდა, ქრისტე საშინლად ეწამა, მაგრამ ამის მეშვეობით აღასრულა ღვთაებრივი ჩანაფიქრი, რის გამოც მისი მადლიერნი უნდა ვიყოთ. თუ რელიგიის სფეროს გავცდებით, ფოტოსურათებმა, რომლებზეც ასახული არიან ლინჩის წესით გასამართლებული აფროამერიკელები, ან იაპონელები – ატომური ბომბის მსხვერპლნი, ან კიდევ – ნაპალმის აალების შედეგად დასახიჩრებული ვიეტნამელები – შესაძლოა, სიამოვნებას არ მოგვანიჭონ, მაგრამ ისინი აშკარად მიმზიდველია ჩვენთვის. სწორედ ამგვარი შემთხვევების განხილვისას შეიძლება ჩავწვდეთ ადამიანის სიღრმისეულ ბუნებას ან, თუნდაც, მისი ქცევის განმაპირობებელ მიზეზებს. მათი მიმზიდველობის მიზეზი ისაა, რომ ამგვარი გამოსახულებები გვახსენებენ ბოროტებას, რომლის ჩადენა შეუძლია უკლებლივ ყველა ადამიანს. სწორედ ისინი არღვევენ ჩვენს ფარისევლურ წარმოდგენას, თითქოს თავდაუზოგავად ვიღვწით საყოველთაო სიკეთისათვის.

მაშასადამე, ამ შემზარავ გამოსახულებებს გარკვეული სარგებლობა მოაქვთ. “სასიკეთოა, – ვარაუდობს ზონტაგი, – იმის ცოდნა, თუ რამდენ ბოროტებას სჩადის ადამიანი სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ”. მაგრამ ეს დასკვნა მრავალ კითხვას წარმოშობს. იქნებ, ამ სურათების მრავლობითობა აღქმის ავტომატიზებას იწვევს? ამდენი უბედურების ხილვა მათ მიმართ განურჩეველ დამოკიდებულებას ხომ არ წარმოშობს? ზონტაგი ფიქრობს, რომ ასე არაა. ყოველ შემთხვევაში, ძნელია მსოფლიოს ყველა ტელეარხის გაკონტროლება, და ისინი, სავარაუდოდ, ყოველდღიურად აჭარბებენ სისასტიკის გარკვეულ ნორმას. საინტერესოა, აგრეთვე, გამონაგონისა და რეალობის, ვირტუალური წარმოდგენებისა და რეალური ომების ურთიერთმიმართება: საშინელებათა ამდენი ფილმის, ამდენი მკვლელობის ხილვის შემდეგ ხომ არ გაგვიჭირდება გადაადგილება ჩვენსავე საკუთარ ქალაქში? ზონტაგის აზრით, ეს საფრთხე გაზვიადებულია – ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ საღად აზროვნებს და ფანტაზიას რეალობად არ მიიჩნევს. “საუბარი იმის შესახებ, რომ რეალობა შეიძლება ფანტაზიას შეერიოს, გულუბრყვილოა”, მართებულად ასკვნის ის. “ამგვარი წარმოდგენა, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს მცირერიცხოვან მდიდარ მოსახლეობას… გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი მაყურებელია. მისი ზეგავლენით შეიძლება წარმოიშვას ილუზია, თითქოს სამყაროში არ არსებობს არავითარი რეალური უბედურება… მაგრამ ტელემაყურებელთა უმრავლესობა ტელეეკრანზე ნანახს რეალობად მიიჩნევს. ისინი თავს ვერ მისცემენ იმის ფუფუნებას, რომ რეალობის რეალურობა უგულებელყონ”.

უბედურებისა და ტანჯვის ამსახველი სურათები სხვა საფრთხესაც შეიცავს: ისინი ხშირად ესთეტიკურად მიმზიდველია. ეს უცნაური სიამოვნება გარკვეულ უხერხულობას განგვაცდევინებს. ამას ხშირად საყვედურობენ სებასტიანო სალგადოს და, კერძოდ, მის მიერ მოსახლეობის მიგრაციებისადმი მიძღვნილი ფოტოსურათების სერიას. დანაშაული აქ ესთეტიზმია: ზნეობრივ კრიტერიუმებს აქ ესთეტიკური კრიტერიუმები ენაცვლება და შეფასება დაიყვანება ამგვარ მსჯელობაზე: “ეს ლამაზია”, “ეს კი არაა ლამაზი”, მაშინაც კი, როდესაც ვუყურებთ იმგვარი ამაზრზენი მოვლენების ფოტოსურათებს, რომელთა შესახებ უნდა გვეთქვა: “ეს ბოროტმოქმედებაა”. როდესაც რომი იწვოდა, ნერონი ვიოლინოზე უკრავდა, უკრაინელი მეცნიერები კი აივნებიდან აღტაცებით უმზერდნენ ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გამოწვეულ “ფოიერვერკს”.

არსებობს ამ პრობლემის რამდენიმე ასპექტი. ერთ-ერთი მათგანი ფოტოგრაფის როლს უკავშირდება: ფოტოსურათის ხილვისას იმგვარი შთაბეჭდილება არ უნდა შეგვექმნას, თითქოს ფოტოგრაფს შეეძლო უბედურების Yთავიდან აცილება, მაგრამ თავი შეიკავა ამისგან შთამბეჭდავი ფოტოსურათის გადაღების ან მძაფრი შეგრძნებების განცდის მიზნით. შეიძლება გაგვაოგნოს სალგადოს ზოგიერთი სურათის არა სრულყოფილებამ, არამედ განზოგადებულობამ – სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტთა ფოტოსურათების გაერთიანების შედეგად ისინი განიძარცვა კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტებიდან – და სუბიექტთა ანონიმურობამ, რაც მათ უბედურების სიმბოლოებად აქცევს. “მნიშვნელოვანია”, – შენიშნავს ზონტაგი, – რომ აქ ადამიანთა უმწეობა ფოტოსურათთა სათაურებში არ აისახება”.

მეტიც, კატასტროფების ფოტოსურათებით (ისეთებით, რომელთა შესახებაც ამბობენ, იმდენად ლამაზია, რომ ნამდვილი ვერ იქნებაო) გამოწვეული უხერხულობის გრძნობა გამომდინარეობს ესთეტიკური – არა ეთიკური – თვალსაზრისიდან. მათ შინაგანი სიმწყობრე არ ახასიათებთ. თუკი ამგვარი ფოტოსურათების მიზანს უბედურების აღქმის გამძაფრება წარმოადგენს, მაშინ უეჭველია, რომ თვით სურათების სილამაზე ყურადღების გასაფანტავადაა განკუთვნილი. ხოლო თუ მათი დანიშნულება ისაა, რომ მათმა სილამაზემ აღგვაფრთოვანოს, მაშინ რატომ აღბეჭდავენ ხოლმე ამგვარ სურათებზე ჩამოძონძილ ბავშვებს ან გაძვალტყავებულ ადამიანებს? ის, რასაც სურათის დამაჯერებლობას ვუწოდებთ – და რაც არ დაიყვანება იმაზე, რომ ფოტოსურათის ობიექტი მართლაც არსებობს – ამავე დროს, მისი სილამაზეცაა; ხოლო თუკი ჭეშმარიტება და სილამაზე სხვადასხვა რამაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარ ფოტოსურათებში ორივე მათგანი იბღალება.

სხვა ადამიანთა ტანჯვის ამსახველი ფოტოსურათები არც საკუთარი დანაშაულებრიობის შეგრძნებას და, რა თქმა უნდა, არც სიამაყეს არ განგვაცდევინებენ. ამიტომ სიტყვა ისევე აუცილებელია, როგორც გამოსახულება. ეს უკანასკნელი წარმოსახვაზე (რომელიც ყოველთვის ძალზე მგრძნობიარეა) ზემოქმედებს. უფრო მეტიც: თვით საუკეთესო რეპრეზენტაციაც კი ვერ ჩაენაცვლება გამოცდილებას. ვერცერთი კინორეპორტაჟი ვერ შეგვიქმნის ადეკვატურ წარმოდგენას ჭეშმარიტი დაბომბვის შესახებ, როდესაც ახლობელთა გვამები ნანგრევებიდან ამოგვაქვს ხოლმე. როგორც ჩანს, ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ომები კაცობრიობის ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხდება. მათ მიზეზებს სათანადოდ ვერასოდეს გავიაზრებთ.

© The New Republic, 2003

თარგმანი © არილი

Facebook Comments Box