პროზა (თარგმანი)

ჯონ აპდაიკი – ჭორი

john-updike 64565

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

ფრენკი და შერონ ვიტიერები ცინცინატიდან ჩამოვიდნენ. ქალის მემკვიდრეობითა და კაცის მამისგან ნასესხები ფულით, ვესტში, ორმოცდამეჩვიდმეტე ქუჩაზე, ვიწრო შენობის მეოთხე სართულზე, პატარა სამხატვრო გალერეა გახსნეს. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ – მათი ოჯახები ცინცინატიში ერთი კლუბის წევრები იყვნენ. 1971 წელს იქორწინეს, როცა ფრენკს ობერლინი ახალი დამთავრებული ჰქონდა, ცხრამეტი წლის შერონი კი სოფომორში ცეკვას სწავლობდა. როცა ექვსი წლის შემდეგ ნიუ-ორკში გადმოვიდნენ, უკვე ორი პატარა ჰყავდათ. მესამე შვილის დაბადებამ წყვილს  ბინისა და ქალაქის ყოველდღიური ბრძოლების დათმობა და ჰასტინგში, დაბალ, ფართოსახურავიან სახლში გადასვლა გადააწყვეტინა, საიდანაც მასიურ წიფლებს შორის, ეზოს ბოლოში, მდორედ მოლივლივე რუხი ჰადსონი მოჩანდა. ეჭვი არაა, თავს ბედნიერად გრძნობდნენ. მშრალი, შუადასავლური გემოვნება ჰქონდათ, იმპრესიონისტი მხატვრებისა და აბსტაქციონისტ მოქანდაკეთა ერთგულები დარჩნენ და ოთხმოციანი წლების სიმახინჯეს თავი აარიდეს – არ მოსწონდათ faux graffiti, ნეო-გერმანული ესპრესიონიზმი, ეკოლოგიური საპროტესტო თრეშ ხელოვნება, – და ძნელბედობის ჟამს მეოთხე სართულის ოთახებში საკუთარი, სადა, მაგრამ დახვეწილი, ოთხმოცდაათიანების ეკლექტიკური ოაზისი შექმნეს. საქმე კარგად წაუვიდათ. მათი ბიზნესი ყვაოდა, უმცროსი უკვე თორმეტის ხდებოდა, ხოლო უფროსი კოლეჯის საბუთებს აგროვებდა, როცა შერონმა გაიგო ჭორი, რომლის მიხედვითაც, ფრენკმა ის ერთი ახალგაზრდა ჰომოსექსუალის გამო, რომელთანაც მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, მიატოვა. ქალმა გულიანად გადაიკისკისა – მიტოვება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, რადგან ფრენკი მასთან ერთად კაბინეტში იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა.

„რაღაც არა მგონია, ევის, „ უპასუხა გრაფიკოსს ტელეფონის მეორე მხარეს. „ფრენკი ახლა აქაა, ჩემს გვერდით, თუ გინდა, დაელაპარაკე“. შერონისთვის ჭორის ასე ერთი ხელის მოსმით უარყოფა განსაკუთრებით ტკბილი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამ რამდენიმე წლის წინ (როგორც თავად ვარაუდობდა), ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობა გაიბა მის ქმარსა და ახლა მასთან დამრეკს შორის, რომელსაც წითელი თმა, ამოზნექილი ღაწვები და წინწამოწეული ნიკაპი დრამატულ იერს აძლევდა. ევისი აპროპრიატიონისტების მეორე ტალღას წარმოადგენდა, ის ხელოვნების სახელმძღვანელოებიდან შედევრების ფერად ასლებს იღებდა და შემდეგ მათზე თავის ხელმოწერას ტოვებდა მელნით, რომელშიც საკუთარ სისხლსა და შარდს ურევდა. როგორ შეიძლება მან, ვინც ფრენკთან წოლილა, ასეთი გროტესკული რამ წარმოიდგინოს?

ხმამ ტელეფონში თითქოს შვებისა და სიამოვნებისგან ამოისუნთქა. „ვიცი, აბსურდია, თანაც ზღვარგადასული, მაგრამ უკვე ორი ადამიანისგან გავიგე, და ორივე ერთსა და იმავეს ამბობს“.

„ვინაა ის ორი ადამიანი?“

„ეჭვი მეპარება, სურდეთ, რომ შენ მათი სახელები გაიგო, მაგრამ ერთი ედ ჯეფრია, და კიდევ ის ბიჭი, ვოლტონ ფორნეისთან ერთად რომ ცხოვრობს… რას ამბობს, რა მქვიაო? აი, ის, მადონას მსგავსი – ჰო, ჯოჯო“.

„კარგი, თუ ასეა“, დაიწყო შერონმა.

„და სხვებიც იმავეს იმეორებენ“, თავისას არ იშლიდა ევისი. „მთელი ქალაქი ლაპარაკობს – ჰაერში ტრიალებს, ხომ გესმის. არ შეიძლება, შენ და ფრენკმა რამენაირად წერტილი დაუსვათ ამ ჭორებს, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა?“

„თუ?“ შერონს მოთმინების ფიალა აევსო. როცა ყურმილი დაკიდა, ფრენკს მიუბრუნდა. „ევისი ამბობს, რომ შენს ჰომოსექსუალ საყვარელთან ერთად გაიქეცი.“

„არანაირი ჰომოსექსუალი საყვარელი არ მყავს“, თქვა ფრენკმა მეტისმეტად მშვიდად, და ჟურნალიდან აუქციონის რეკლამა ამოხია.

„როგორც ევისი ამტკიცებს, ეს ამბავი უკვე მთელ ნიუ-იორკს მოედო“.

„თუ ასეა, შენ რას დაუჯერებ, მთელს ნიუ-იორკს თუ საკუთარ თვალებს? ვერ ხედავ, აქ ვზივარ, თავსაც არ ვიმართლებ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, თუ როგორც ამბობენ, სულ ორი დღის წინ ერთად არ ვიწექით?“

ქალისთვის ალბათ სამხილი უნდა ყოფილიყო, რომ ფრენკს მათი სასიყვარულო აქტი ასე ზუსტად ახსოვდა, თითქოს ჰეტეროსექსუალური ქცევები მისი ქმრისთვის მოვალეობად ქცეულიყო და მათ შესრულებას თავისთვის სკურპულოზურად ინიშნავდა. აგერ უკვე ოცდახუთი წელია, რაც შერონი ფრენკს იცნობდა, და ის არ იცვლებოდა: ის იყო თხელი, ქერა მამაკაცი, თითქმის ექვსი ფუტის სიმაღლის, წვრილი თავით, თმას ყოველთვის მოკლედ იჭრიდა, იმ წლებშიც კი, როცა მოდაში გრძელი თმა შემოვიდა; რძესავით მქრქალი ცისფერი თვალები სლავურ თუ ნორვეგიულ იერს აძლევდა. პირი მუდამ კუშტად ჰქონდა შეკრული, რომ წვეტიანი, ყვითელი კბილები დაემალა. ღიმილი არ უყვარდა, თითქოს, რაღაცის გაცემას ერიდებაო, თავს ხერხემალზე აკრული მუცლით იწონებდა და ლამაზი აღნაგობით. ყოველ დილით სააბაზანოში სასწორზე თავის წონას ამოწმებდა, და თუ ერთი ფუტით ზედმეტი აღმოჩნდებოდა, ვიდრე წინა დღეს, ლანჩს არ მიირთმევდა. საკუთარი თავის მიმართ გაფაციცებული ყურადღება ლამის ფანატიზმში გადასდიოდა – და ეს პირველად დაინახა ასე თვალნათლივ მან – ქალმა.

„კარგად იცი, ის, რაც ამ ბიზნესში არასოდეს მომწონდა, ცისფერებია“. განაგრძო კაცმა. „უბრალოდ, მივეჩვიე და ახლა, აღარც კი ვფიქრობ, ვინაა გეი და ვინ არა“.

„ევისი კარგად გაერთო“, თქვა შერონმა“. ასეთი რამ როგორ იფიქრა?“

ფრენკს ერთი წამი დასჭირდა, რომ ამ შეკითხვაზე დაფიქრებულიყო და გაეაზრებინა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მის პასუხს ქალისთვის. გაღიზიანება შეეტყო. „რას უცდი, ჰკითხე, როგორ იფიქრა“, თქვა მან. „თუ რეალურად ჩემი და ევისის უაზრო და მოკლე ურთიერთობა გაინტერესებს, ამას რაღაცნაირად გავიგებ, მაგრამ რაც მაოცებს და ნერვებს მიშლის, თუ ამას ასე დავარქმევთ, ისაა, რომ სულელური ჭორი ასე სერიოზულად მიიღე.“

„მე არა, ფრენკ“, დაიწყო ქალმა, – „მაგრამ, რატომ მოედო ეს ხმები ქვეყანას? იქნებ საფუძველი არსებობს? და რადგან ეს თემა წამოიჭრა, გეტყვი, რომ ისე ახლოს აღარ ვართ ერთმანეთთან, როგორც ადრე, ჩავთვალოთ, რომ ეს ბუნებრივია, მაგრამ დაფიქრდი, თუ მე არ შემიძლია ხოლმე შენთან ერთად ქალაქში წამოსვლა, მთელი თექვსმეტი საათით იკარგები…“

„კი, მაგრამ, შერონ, – თქვა კაცმა, ისე, როგორც მასწავლებელი ამბობს ხოლმე, როცა კლასში დისციპლინის აღდგენას ცდილობს, თან ნუშისებური, ლამის უფერო წამწამებიანი თვალებიდან საკითხავი სათვალე მოიხსნა. „ხომ მიცნობ? ხომ მას შემდეგ მიცნობ, რაც ტბასთან ვიცეკვეთ, როცა თექვსმეტი წლის იყავი“.

 

ქალს გახსენებაც არ უნდოდა. მათი ადრეული სექსი მისთვის მარტივი არ იყო. ფრენკის ნებას არა იმდენად იდეალისტური, არამედ უფრო სოციალური მიმზიდველობის გამო დაჰყვა. გრძნობდა, რომ მხოლოდ ერთად ეყოფოდათ ძალა, ცინცინატიდან გამოეღწიათ, ხოლო მარტო, ან სხვებზე დაქორწინების შემთხვევაში, ამ შანსს ორივე დაკარგავდა. „კარგი“, თქვა ქალმა. მიუხედავად იმ მღელვარებისა და უსიამოვნო მოგონებებისა, რაც ამ ჭორმა მასში გამოიწვია, სიამოვნებდა, რომ შესაძლებლობა მიეცა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაღრმავებოდა ქმართან ურთიერთობას. “იცნობს კი ადამიანი საკუთარ მეუღლეს? ხალხი მუდმივად ტყუვდება. მაგალითად, პეგი ჯაქობსონი ავიღოთ, როცა ჰენრი თავის ფიზიოთერაპევტთან გაიქცა, პეგის არ სჯეროდა, მაშინაც კი, როცა ფაქტები ცხვიწინ ეწყო“.

„საშინელ შეურაცხყოფას მაყენებ“. – გააწყვეტინა ფრენკმა, პირი მოკუმული ჰქონდა, ასე მაშინ იცოდა ხოლმე, როცა ხუმრობდა და კბილების გამოჩენა კი არ უნდოდა. „ჩემს მამაკაცობას აყენებ შეურაცყოფას”. თუმცა, ბრაზს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ჟურნალისთვის კიდევ ერთხელ დაეხედა; ხელი რეკლამისკენ წაიღო, თითქოს უნდოდა, კიდევ ამოეჭრა რაღაც, რაც მათ ბიზნესს წაადგებოდა. ინტიმურ საკითხებს ის ყოველთვის გამოჰყავდა მდგომარეობიდან. ქალი დანებებას არ აპირებდა და უიმედოდ განაგრძო „ევისმა მითხრა, რომ ამას ორი სხვადასხვა ადამიანი იმეორებს“.

„მაინც ვინ?“

როცა ცოლმა სახელები დაუსახელა, კაცმა ქალის პასუხი გაიმეორა. „კარგი, თუ ასეა“ და დაამატა „მშვენივრად იცი, როგორები არიან ცისფერები. ღვარძლიანები. მავნებლები. ფული და დრო მათ ხელშია“.

„ისე ლაპარაკობ, თითქოს გშურს მათი“. როცა შერონი ხედავდა, თუ როგორ ეკამათებოდა ქმარი, ეჭვი უჩნდებოდა, რომ თუმცა ეს ჭორი აღმაშფოთებელი იყო – რაც სრული სიმართლეა, ეს ხმები მართლაც დამამცირებელი იყო ფრენკისთვის, – მასში მაინც იმალებოდა სიმართლის მარცვალი.

მომდევნო დღეებში, შერონი ჰაერში ამ ჭორის არსებობას გრძნობდა და ის ყველგან ეჩვენებოდა – მათი თანამშრომლების მშვიდ სახეებზე, მხატვართა აგენტების დელიკატურ ტონში, მუდმივი კლიენტების გულითად საუბარში, თვით მხატვრების უხეშ, ეგოცენტრულ და აბდაუბდა მონოლოგებშიც კი. ეჩვენებოდა, რომ ხალხს მათ ერთად დანახვაზე თავზარი ეცემოდა: გალერეაში ადმინისტრატორი და მცველი დილის ტრადიციულ კინკლაობას წყვეტდნენ, რესტორანში, ორმოცდამეცხრამეტეზე, სადაც აგერ უკვე რა ხანია დადიოდნენ, მიმტანები განსაკუთრებული რუდუნებით ეპყრობოდნენ. ადამიანები ხელს ჩვეულებრივზე დიდხანს ართმევდნენ, ქალები კოცნიდნენ და გულმხურვალედ ეხუტებოდნენ; შერონი გრძნობდა, როგორ ეხვეოდა მდუმარე სიბრალულის სიფრიფანა ბადეში.

ფრენკი მის უხერხულობას ხედავდა და ამით უცნაურ ბოროტ სიამოვნებას იღებდა. თვითონ თავის უმწიკვლობას ამტკიცებდა, ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა და გულგრილი დარჩენილიყო გავრცელებული ხმების მიმართ. მის ირგვლივ შექმნილ აბსურდულ გარემოში თავი ღირსეულად ეჭირა, – სხვა რა გზა ჰქონდა, თუ ხელოვნების პატივმოყვარე სამყარო გროტესკულ ამბებს გააფთრებული თხზავდა, – მთელი გულისყური საქმეზე გადაიტანა და უფრო მომთხოვნი გახდა ნამუშევრების მიმართ, ბოლომდე მიენდო საკუთარ გემოვნებას. სწორედ მისი დახვეწილი გემოვნების დამსახურება იყო, რომ მათი გალერეა გადაურჩა მოდის ცვლილებებს, ხელოვნების სხვადასხვა ტალღებს, გემოვნების, რომელიც ისეთი გამძლე აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ ცეცხლს გაუძლებდა, რომლის გამოც ვერ აიტანა ნახევრად სამხრეთული, კომფორტული, თვითკმაყოფილი, პურიტანული ცინცინატი და აქ, საბედისწერო თავისუფლების მეტროპოლისში გამოიქცა. ჭორმა გაამხიარულა, ისიც ართობდა, რომ სასოწარკვეთილი ცოლი აკვირდებოდა, ის თვალს ახლა ახალგაზრდა კაცებს ხომ არ აყოლებდა, როგორც ჩვეულებისამებრ, გოგონებს აყოლებდა ხოლმე. ქალი ქმრის მოძრაობებსაც ეჭვის თვალით უყურებდა – მუდამ გადაჭარბებულად ნატიფი და მანერული ეჩვენებოდა – და მის ხმაშიც ფარულ კოდს ეძებდა, რაიმე ნიშანს, რაც სქესის უხილავ ცვლილებაზე მიანიშნებდა.

 

ქალის პაწაწინა ნაწილს უნდოდა კიდეც ჭორი გამართლებულიყო, და ამით წარსულში მათ შორის მომხდარი მთელი რიგი უსიამოვნებების მიზეზი ეპოვა. ფრენკი თავს ვერ იკავებდა და მის ნერვებზე თამაშობდა. დაჟინებით უყურებდა ცოლს, თუ, ვთქვათ, სექსუალური მიმტანი გოგონა ემსახურებოდათ, სახლშიც, საძინებელში, ახლა, როცა ქალს მის მიმართ გულგრილობას ატყობდა, უფრო უხეშად ეძალებოდა, ვიდრე საერთოდ ჩვეოდა. არაერთხელ, სულ მარტო, ნიუ-იორკის საზოგადოების უამრავი ცნობისმოყვარე თვალისგან მალულად, სახლში, შუადასავლური ფართოდგაშლილი ცაცხვების ჩრდილქვეშ, შარონი ცრემლებად დაღვრილა და ქმარს გაბუტვია, უფრო სწორად, მის გასაცოფებელ, შეუვალ, აშკარა უდანაშაულობას. კაცი ჰგავდა ფოტოგრაფიული სიზუსტით დახატულ შიშველ სხეულს, უზადო ნამუშევარს, რომელსაც, მიუხედავად სრულყოფილებისა, როცა უყურებ, მაინც გეუფლება განცდა, რომ ის უტიფრად იჩემებს ნამდვილობას, თუმცა იცი, რომ ის რეალური ადამიანი არაა და არც მისი ფოტოა. „ჩემგან შორს ხარ“, ადანაშაულებდა ქმარს. “ყოველთვის ასე იყო“.

„უბრალოდ ასე მოხდა, თავადაც არ მინდოდა. შენ კი ეს არასოდეს გაწუხებდა, ბუნებრივად იღებდი“.

„მე ერთი თინეიჯერი გოგო ვიყავი. შენზე მინდობილი და დამოკიდებული“.

„ვერაფერს ვიზამთ, ახლა ყველაფერი ისეა, როგორცაა“, შენიშნა ფრენკმა გულგატეხილი ხმით და ხელები ასწია, თითქოს უარს ამბობდა მის გარშემო ყველაფერზე, – მათ ოთახზე, მათ ძვირადღირებულ სახლზე, საერთო კარიერაზე, ბიზნესზე. „შენ რა განაღვლებს, შერონ? გეშინია, არ დამკარგო? თუ ქალური პატივმოყვარეობა შეგებღალა? ის ხალხი, ვინც ეს ამბავი გამოიგონა, ქალს საერთოდ არ აღიარებს. ქალი მათთვის მხოლოდ ხმაურია უკანა პლანზე“.

„და მაინც, ეს ამბავი სასაცილო არაა – რომც იყოს, რატომ არ წყდება ეს მითქმა-მოთქმა, იმისდა მიუხედავად, რომ ყველგან ერთად ვჩნდებით?“

იმისთვის, რომ ცოლი დაეწყნარებინა, და ჭორისთვისაც საფუძველი გამოეცალა, ფრენკმა მარტო სიარული შეწყვიტა და ქალი სულ თან დაჰყავდა, არ დაგიდევდათ, თუ ზოგჯერ ბავშვები სახლში უმეთვალყუროდ რჩებოდნენ.

ფრენკმა ცოლს შეკითხვით უპასუხა. „და ვინ ლაპარაკობს? მე არასოდეს გამიგონია, არც ერთხელ, მითხარი, ვინმეს უხსენებია ამ ბოლო დროს?“

„არავის“.

„ჰოდა, რაღას დარდობ“. ფრენკს სახეზე ღიმილი გადაეშალა, ტუჩები ფართოდ გახსნა და დაგრეხილი კბილები გამოაჩინა, თახვივით ყვითელი კბილები.

„ნაბიჭვარო!“ ამოხეთქა შერონმა. „რაღაც საშინელი საიდუმლო გაქვს!“

„არაფერიც არ მაქვს,“ უშფოთველად, სანახევროდ იტყუებოდა ფრენკი.

 

ამ ჭორს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. ფრენკი საკუთარ თავს ეკითხებოდა, ამ ჭორში რაღაც ჭეშმარიტება ხომ არ არისო, არა ფაქტობრივი სიმართლე, არამედ უფრო მაღალი, შინაგანი? მას, თხელი აღნაგობის, ხელოვნებით დაინტერესებულ მამაკაცს, ხომ არ ჰქონდა აკვიატებული შიში, რომ ჰომოსექსუალად ჩათვლიდნენ? ბარებსა და გასახდელებში, ჰომოსექსუალურ უვერტიურებს გადაჭარბებული სიფრთხილითა და ანტიპათიით ხომ არ პასუხობდა? მისი ადრეული ქორწინება და ათი წლის შემდეგ დაწყებული თავაშვებული მექალთანეობა ხომ არ იყო გაქცევა რაღაც უფრო უსაფრთხო, საზოგადოებისთვის მისაღებ კუთხეში? როცა სექსუალურ ფანტაზიებში გადაიჭრებოდა, ან პორნო ფილმს უყურებდა, მამაკაცის ორგანო ხომ არ ხდებოდა მისთვის მთავარი გმირი, ყოველი სცენის მთავარი ფიგურა? ხომ არ შურდა ქალების, ფალოსს დაუფარავად რომ ეთაყვანებოდნენ? თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ საკითხს ორივე მხრიდან თუ შევხედავთ, ნუთუ შესაძლებელია, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობა სრულიად თავისუფალი იყოს ჰეტეროსექსუალურისგან? ისიც სხეულის ავხორცი გზნების, კაშკაშა ოცნების, პირველსაწყის საშოში დაბრუნების მცდელობის ვარდისფერი ნაგავი ხომ არ არის?

ფრენკს ეჭვები ღრღნიდა, ამ საკითხის უფრო ფართოდ გაშლას ცდილობდა და თავისთვის მსჯელობდა: ხომ სიმართლეა, რომ მამასთან უფრო მოხერხებულად გრძნობდა თავს, ვიდრე დედასთან? თავისთავად ეს ფაქტი ხომ არ წარმოადგენდა ავისმომასწავლებელ ბიოლოგიურ ცვლილებებს? იქ, ოჰაიოს მაღლობზე, მამამისი მაღალი საზოგადოების დახვეწილი წარმომადგენელი გახლდათ, პროფესიით ადვოკატი, მეოთხე ქუჩაზე მუშაობდა, მისი კლიენტებიც იმავე საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ, იმავე ცხოვრებისეული აქცენტებით, ვიწრო ინტერესებითა თუ მისწრაფებებით. მამა უფრო შავგვრემანი იყო, ისეთივე გრძელი კბილები და მუდმივად კუშტად შეკრული პირი ჰქონდა, რაც მთავარია, მას ადვოკატისთვის აუცილებელი, – დუმილის ნიჭი და კეთილგონივრული თავშეკავების უნარი დაჰყვა. თუ მისი ვაჟის მეხსიერებაში გაფანტულ ისეთ ქრონიკებს დავუჯერებთ, როგორიცაა ქალაქის ცენტრში ფრენკისთვის პირველი კოსტიუმის საყიდლად ტრამვაით წასვლა, ყოველ ზაფხულს ერთი ან ორი ექსკურსია, ძველ Crosley Field მოედანზე Reds-ის თამაშზე დასწრება, – მამა თითქმის არ ლაპარაკობდა. მისი დაძაბული თავშეკავება, რის გამოც პატარა ფრენკს ძალიან ბევრი რამ უთქმელი და გაუცნობიერებელი რჩებოდა, ერთგვარი შვება იყო დედამისის ყოველდღიური, მისკენ უწყვეტ ნაკადად მიმართული სიტყვებისა და რჩევების ფონზე. როცა წამოიზარდა, როგორც ახლა იხსენებს, სტოიკური ტიპის კაცები მოსწონდა, მასზე მაღლები, თვალებში გამოუთქმელი სევდით; კოლეჯში მისი უახლოესი მეგობარი შავბნელი ტიპი იყო, ხოლო ჰესთინგში, ჩოგბურთის მეწყვილესთან და იმ ხელოვანებთან მეგობრობდა, რომლებიც განსაკუთრებით მოსდიოდა თვალში და ხელსაც უწყობდა; ესენი იყვნენ მხატვრები, ხრიოკ, გვალვიან პეიზაჟებს რომ ხატავდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით, გაუნათლებელი სკულპტორები – თავით ფეხებამდე თავიანთ პროფესიაში და ჯიუტ აკვიატებებში ჩაფლული ადამიანები. ასეთი კაცების გარემოცვაში მოხვედრილი ფრენკი მათზე ლამის ცოლივით ზრუნავდა და ზედ ისე ეფოფრებოდა, რომ შერონი ძლივსღა ცნობდა.

ფრენკის დედა, ლუისვილში ერთ დროს ცნობილი პრანჭია, თვალში მოსახვედრი, დაუდგრომელი, გესლიანი, მერყევი, მომთხოვნი, წუწუნა და მოსიყვარულე ქალი იყო. მისგან ფრენკს „არტისტული“ თვისებები დაჰყვა, და ასევე, მშვენიერი ქერა თმა, თუმცა ამის გამო ის დედას დიდად არ ემადლიერებოდა. როგორც ერთი ცნობილი ფორმულა გვასწავლის, რომელზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ბავშვობაში – ნაკლები შეიძლება იყოს მეტი. დედამ ქალის შესახებ კომპლექსური აზრი ჩამოუყალიბა: რთული, მორთულ-მოკაზმული, მიმზიდველი, მაგრამ მუხანათი, მის ხელში ნაზი ყვავილის ფურცელი წამში შეიძლება ბასრ დანად გადაიქცეს. ფრენკის ყურადღება შერონის სევდიანმა ფერმიხდილობამ და უიმედო თვალებმა მიიპყრო, მაგრამ მალე მისი მარტოსული სამყაროს ბრწყინვალების ხიბლი უკვალოდ გაქრა და მერე იგივე ნიშნები ფრენკს შერონს აშორებდა. სხვა ქალებს უფრო მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ, ვიდრე მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა. ამისათვის მათ ჰყავდათ სხვა, მასზე დიდი, მასზე გულთბილი კაცები, და ეს ფრენკმა კარგად იცოდა. შერონისთვის ის მისი მხსნელი პრინცი იყო, რომელმაც დაგრეხილი ოჰაიოს ბოროტი ურჩხული დაამარცხა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ჭორის უფრო უტყუარი, და უფრო დამანგრეველი მტკიცებულება, ვიდრე ცოლის სურვილი, ეს ამბავი მართალი აღმოჩენილიყო? ის ხომ ფრენკს ყველაზე კარგად იცნობდა და მისგან ყველაზე მეტად იყო დავალებული. ქალს ინსტინქტურად სჯეროდა ევისის, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გვერდით ეჯდა, თვალწინ, და როგორ შეიძლება, ვიღაც ბიჭთან ერთად გაქცევაზე ყოფილიყო ლაპარაკი?

ფრენკს შერონი არასწორად აღიქვამდა, არარეალურადაც კი. საბოლოოდ იმედგაცრუებული ფრენკი ამ დასკვნამდე დიდი გულისტკივილით მივიდა. როგორც კი ჭორის აჩრდილი თავს წამოადგათ, ამდენი წლის ერთგული თანაცხოვრება, ამდენი სასიყვარულო ღამე, სახლის საქმეებში მუხლჩაუხრელად გატარებული ამდენი დღე აი, ასე უმადურად შთაინთქა, უცებ ყველაფერს ხაზი გადაესვა. მეორე მხრივ კი, რაც ეს მითქმა-მოთქმა დაიწყო, ფრენკი ჟოსესთვის, გალერეის დაცვის სამსახურის ამ ახალგაზრდა, ელეგანტური თანამშრომლისთვის უფრო რეალური გახდა. ის უწინდებურად დაუდევრად აღარ ესალმებოდა, მის დანახვაზე ბიჭს შავ თვალებში ონავარი ჭინკები უჩნდებოდა და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის აუცილებელი თავაზიანობით მისჩერებოდა. ჯენიფერიც, სამოციანი წლების ვარცხნილობის, შარფებისა და კაშკაშა ფერების მოყვარული თვალწარმტაცი ადმინისტრატორი, ახლა მას გაცილებით თავისუფლად ექცეოდა, შეიძლება ითქვას, უცერემონიოდაც. მან ფრენკთან სასაუბრო შინაურული ლექსიკონიც კი შეიმუშავა – „ბოსი აქ იყო, მაგრამ ახლა „ბერგდორფში“ გავიდა, რაღაცის გასაცვლელად“. ისე ეტყოდა, თითქოს ორივე „ბოსის“ უმოწყალო ტყვეობაში იტანჯებოდნენ. თავიდან ფრენკი ინსტინქტურად რჩებოდა შერონის ერთგული, ის მისთვის ერთადერთი ქალი იყო, მაგრამ შემდეგ მეტისმეტად მოეშვა, თითქოს მისი ილუზორული კაცი-საყვარელი და არაფრისმთქმელი, სკანდალური ცხოვრება, რომლითაც ის ვითომ ამ ბოლო დროს ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა, ის ჯილდო იყო, რომელიც ამ ქალაქისგან თოთხმეტი წლის წინ ჩამოსულ, მუშაობით ქანცგაწყვეტილ, ბავშვებით დახუნძლულ წყვილს ერგო – გლამურის ერთგვარი შარავანდედი.

ჰასტინგში, წვეულებაზე, სადაც ფრენკი და შერონი მიიწვიეს, არც ისე სახარბიელო სურათი დაიხატა. ფრენკს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სხვა წყვილები მათ ერთად დანახვაზე შფოთავდნენ და ერთობ დაბნეულები შესცქეროდნენ. მამაკაცები გაურბოდნენ, ხოლო ქალები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ზედმიწევნით სერიოზულად დაეჭირათ თავი და ბავშვების კოლეჯში ჩაბარების პროცედურების, ადგილობრივი გეოგრაფიული ზონებისა თუ ვოლ სთრითზე სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ ყოვლად უაზრო საუბარს იწყებდნენ. შერონის მიმართ სუსტი სქესის წარმომადგენლები, როგორც ფრენკი ხედავდა, ცხოველის ინსტინქტური მოძრაობებით შემოიფარგლებოდნენ, მასთან ახლოს მიდიოდნენ და მკლავზე თუ მხარზე ეხებოდნენ, რითაც სოლიდარობასა და თანაგრძობას გამოხატავდნენ, და ამასთან ერთად, თითქოს დაცვასაც სთავაზობდნენ.

ფრენკს უეს რობერტსონი, ჩოგბურთში მისი მეწყვილე მიუახლოვდა და ბუზღუნით ჰკითხა:

„როგორ მიდის საქმეები?“

„მშვენივრად“, უპასუხა ფრენკმა და უესს მიაჩერდა, თან იმედი ჰქონდა, რომ თვალები ზედმეტად არ უბრწყინავდა. უესს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა ორმოცდაათი წელი, ავარიიდან დარჩენილი ნაიარევი ეტყობოდა ნიკაპზე, ეს იყო პატარა ვარდისფერი პიგმენტური ლაქა, მამაკაცისთვის დამახასიათებელი, საკუთარი თავის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების ერთგვარი ნიშანი.

ფრენკმა პასუხი გააგრძელა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ უესს აინტერესებდა. „ბიზნესში პრობლემები გვაქვს, ალბათ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. თუმცა, იაპონელები ასე თუ ისე უმკლავდებიან. მე თუ მკითხავ, იაპონელების პრობლემა, ჩემი, პატარა გალერეის მფლობელის გადმოსახედიდან, ისაა, რომ რისკი აკლიათ, დიდ მოგებაზე მუშაობენ, ძვირფას ნივთებზე გიჟდებიან, გარანტიებს ითხოვენ, ხელოვნებაში არაფერი გაეგებათ, ინტუიცია საერთოდ არ აქვთ, არ ესმით, რომ ხელოვნებაში ფასი გარკვეული თვალსაზრისით სუბიექტურია და რომ ეს ასეც უნდა იყოს. დაუკვირდი, მათთან ყველაფერი სტანდარტიზებულია. ვინმე არჩევს ერთმანეთისგან ჰიროშიგესა და ჰოკუსაის? იცი რას მივხვდი? მთელი მათი საზოგადოება, პროგრესი, მხოლოდ ერთმანეთის მსგავსებაზეა აგებული, ისეთი რამ უნდა შექმნა, რაც ყველას მოეწონება, ხელოვნება, როგორც ბრძოლა, აზარტი, ეგზისტენციალური პრობლემების დინამიკური გამოხატვა, მათთვის მიუღებელია”. ფრენკი გრძნობდა, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. უესის ნაღვლიანი, ნაიარევი სახე, ალკოჰოლიკის უხეში სხეული, რომელსაც ჩოგბურთის ჩოგნის მოხდენილად მოქნევის უნარი ისევ შესწევდა, რაღაცნაირად ჟინს უღვიძებდა და ფლირტაობის სურვილს უღვივებდა.

უესს სახე დაეჯღანა და ფრენკი პირქუშად შეათვალიერა. „კვირას მოხვალ თამაშზე?“

აინტერესებდა, ისევ მათთან იყო თუ არა.

„რა თქმა უნდა, რატომაც არა?“ ფრენკი შეეცადა მხნეობა არ დაეკარგა და ლაპარაკიც შეეწყვიტა. სახეზე ალმური იგრძნო და ენის ბორძიკით ამოთქვა „როგორც ყოველთვის, თერთმეტს რომ თხუთმეტი აკლია, არა?“

უესმა თავი დაუქნია. „ჰო, ეგრე“.

ფრენკმა ისევ დაიწყო: „მოდი, მეხუთე მოედანი ავიღოთ, აი, იმ ტიპებმა, მეორე მოედანზე რომ ვარჯიშობდნენ, იმ დღეს ჭკუიდან გადამიყვანეს. მთელი დრო მათი ბურთის დევნაში გავიდა. და თან ენა არ გაუჩერებიათ, სისულელეებს ბოდავდნენ“.

უესს წინა თამაშის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს, უწინდებურად მელანქოლიურად აქნევდა თავს. უცებ ფრენკი მიხვდა: აი, ის იყო, რაც ასე ძლიერ მოსწონდა კაცებში – მინიმალიზმი ურთიერთობაში, გენდერზე დამყარებული ცნობიერება, რომ ცხოვრების კარადა, ხატოვნად რომ ვთქვათ, თითქმის ცარიელია. არსად ჭაჭანებდა ის დაუღალავი, მოსაბეზრებელი, იმედით თვალებანთებული ქალი, მუდმივად რომ გეპირფერება.

ერთხელ, წლების წინ, ბერმუდაში, გოლფის ტურნირზე, ის და უესი ერთ ოთახში აღმოჩნდნენ. ოთახში ორი საწოლი იდგა, როგორც კი დაწვა, უესმა მაშინვე ხვრინვა ამოუშვა და საწყალ ფრენკს მთელი ღამე ძილი დაუფრთხო. მთვარით განათებულ საწოლზე მძინარე მამაკაცის სხეულის თვალიერებისას ფრენკს თვალში ეცა მისი ფორმების ტრაგიზმი, თითქოს საფლავზე ქვის რაინდი იფშვნებაო – ნაცრისფერი სილუეტი, მხვრინავი პროფილი, მასიური მეომრის უძრავი სხეული ისეთივე უმწეო ეჩვენებოდა, როგორც მისი სუნთქვა, რომელიც ძილის ფაზიდან ფაზამდე, ღრმა ძილიდან თითქმის ღვიძილამდე იბრძოდა და შიგადაშიგ, სიჩუმის ორიოდე კურთხეული წუთი მოჰქონდა. მეორე დილას უესმა აუხსნა ფრენკს, რომ, როგორც კი ხვრინვა შეაწუხებდა, მძინარე კარგად უნდა შეენჯღრია, როგორც ამას მისი ცოლი აკეთებდა. მაგრამ მე ხომ შენი ცოლი არ ვარო, გაიფიქრა მაშინ ფრენკმა, თუმცა იმ ღამით საკუთარი გულის უცნაური მოძრაობები იგრძნო, მათ შორის ფრთხიალიც, მისმა გულმა მთელი ის გზა გაიარა, რასაც ქალის გული გადის, როცა მდედრი მამრის ჩამოქუფრულ ნაცრისფერს გადალახავს და წვიმის შემდეგ გაჩენილ ცისარტყელას, ანუ სიყვარულს მისწვდება.

 

ნედ ფორშმაიერის გამოფენის გახსნაზე. ფორშმაიერი, მორცხვი, ხეპრე, ჯიუტი და უკვე არც ისე ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც ძირითადად კონექტიკუტის ჩაის ფერად პეიზაჟებს ხატავდა, ფრენკის ნებიერა გახლდათ. მართალია, ვერავინ იტყოდა, რომ ის მოდაში იყო, მაგრამ მის ტილოებზე მოთხოვნა მაინც მაღალი რჩებოდა. იმ საღამოს ვოლტონ ფორნეის გარდა ფრენკთან საუბრის სურვილი არავის გასჩენია. ის თეთრი ღვინითა და უცნაური, ჩაუქრობელი თვითკმაყოფილებით განათებული მრგვალი სახით მიუახლოვდა. „მისმინე, ფრენკ, ძმაო, მგონი ბოდიში უნდა მოგიხადო. ჩარლი ვითფილდი ხომ იცი, ის ტიპი, მერვე ქუჩაზე ჩარჩოების მაღაზია რომ აქვს, შენ კი არა, ბიჭის გამო ცოლი მან მიატოვა; ბიჭები მექსიკაში გაიქცნენ, როგორც მერე აღმოჩნდა, ჩარლის მთელი ქონება დაუგირავებია და ასობით ტილო ჩარჩოში ჩასასმელი დაუტოვებია. ალბათ იმან დამაბნია, რომ ჩარლიც ოჰაიოდანაა, კოლუმბუსიდან თუ კლეველენდიდან, ზუსტად არ მახსოვს. ეს იყო ჩემი, რას ეძახიან? ფროიდისტული წამოცდენა, აი, როცა რაღაცას გაუცნობიერებლად წამოროშავ, ალბათ გასაგებია, ერთმანეთში რატომაც ამერიეთ. ევის ვასერმენმა მითხრა, შერონმა ეს ჭორი არად ჩააგდოო, და შენ კი ალბათ აზრზეც კი ვერ მოხვედი, რა ხდებოდა“.

„ამ ხმებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია“, თქვა ფრენკმა უფრო მტკიცე ხმით, ვიდრე საერთოდ ჰქონდა. „ამაზე მაღლა დავდექით“. ვოლტონი რამდენიმე ინჩით დაბალი იყო ფრენკზე, თუმცა უფრო დიდი თავი ჰქონდა. მბზინავ, თხელკანიან სახეზე ლოყები ღაწვებიდან ეწყებოდა, პრიალა ქვედა ტუჩი ლამის ნიკაპზე ეკიდა, ფრენკს თავისი ახლომხედველი თვალებით უყურებდა და ცდილობდა, სახეზე მის მიერ მიყენებული ზიანი და ფრენკის უკმაყოფილების დონე ამოეკითხა, „mea culpa, mea culpa, ძმაო, მაგრამ მე არ დამივალებია იმ ჯოჯოსთვის და შხამიანი ედ ჯეფრისთვის, რომ ეს ამბავი მთელი ქვეყნისთვის მოედოთ“.

„მადლობელი ვარ, რომ მითხარი, ვოლი“. ფრენკი ახლა საკუთარ თავს ათლეტურ, ბრგე და წარმოსადეგ კაცად ხედავდა, მაგრამ თუ ისეთი კაცის გვერდით იდგა, როგორიც უესია, მაშინ თავს გამხდარ და დამფრთხალ ადამიანად გრძნობდა. როცა დარბაზს ჩურჩულმა გადაუარა, შერონმა სისხლის სუნი იგრძნო და მაშინვე მათთან გაჩნდა. ფრენკი ვოლსონს სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა, და ამიტომ სასწრაფოდ აცნობა ცოლს, „ვოლიმ ამ წუთას აღიარა, რომ ის ჭორი მან გაავრცელა, რადგან ჩარლი ვითფილდში ავერიე, აღმოჩნდა, რომ ჩარლიც ოჰაიოდან ყოფილა, მგონი ტოლეროდან, როგორც მახსოვს. რეალურად, ჩარლი გაქცეულა თავის შეყვარებულ ბიჭთან ერთად“.

„ის ჭორი?“ იკითხა შერონმა და თითქოს წამწამები ერთმანეთზე მიეწებაო, თვალები ძლივს დაახამხამა, „აღარც კი მახსოვდა. ისედაც, ამას ფრენკზე ვინ დაიჯერებდა?“

„როგორც ჩანს, ყველა“. მიუგო ფრენკმა. თუ ქალების უცნაურ ბუნებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, შერონმა მართლაც დაივიწყა და მართლა აღარც კი ახსოვდა მაშინ, როცა ფრენკი ტვინს იჭყლეტდა ამ ჭორის შესაძლო ძირეულ სიმართლეზე. ამ ხმების გაქრობა – და ვოლტონი კი აუცილებლად მოუყვებოდა ყველას ამბავს თავისი ფროიდული წამოროშვის შესახებ, როგორც კიდევ ერთ კურიოზს საკუთარ თავზე, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო, და ყველა გაიგებდა, რომ ის მოთქმა-მოთქმა რეალობას მოკლებული იყო, – ფრენკს ბოლომდე გაანადგურებდა, ის დაკარგავდა იმ პატარა, სადისტურ ძალას, რითაც ის ცოლს აიძულებდა დაკვირვებოდა, როგორ უყურებდა მიმტანებს რესტორანში, და თან გაჰყოლოდა ყველგან, როგორც მისი მხლებელი. მისთვის კასტრაციის ტოლფასი იქნებოდა, თუ შერონი აღარ იფიქრებდა, რომ მას რაღაც საშინელი საიდუმლო აქვს. იმავე საღამოს, მასთან ვოლტონ ფორნეის ბიჭი, ჯოჯო მივიდა. ის, აბაზანის ონკანის საკეტის ზომის საყურისა და გაუფერულებული თმის ყვითელი ზოლის მიუხედავად, ფრენკისთვის მოულოდნელად, თავმდაბალი და ინტელიგენტი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც პატიება სიტყვაძუნწად სთხოვა და გასაყიდად გამოფენილი ჩაის ფერი პეიზაჟები შეაქო. „ვფიქრობ, ჩემი ნახატები უფრო ტრადიციული ხომ არ გავხადო. აბსტრაქციამ მგონი ჩიხში შემიყვანა“. ბიჭს თხელ, მწუხარე სახეზე, თვალის ქვეშ, მოვერცხლისფრო ნაიარევი ეტყობოდა, თითქოს თავის თავში დარწმუნებული არ არისო, ჩქარ-ჩქარა ბუტბუტებდა, გეგონება, მის ცხოვრებაში ის წუთი დამდგარიყო, როდესაც მიმართულების მითითება სჭირდებოდა. იმ გასიებულ უტვინო ფორნეის ნამდვილად არ შეეძლო მისთვის სწორი რჩევის მიცემა, და ფრენკს რატომღაც სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ ჯოჯო ამას უკვე ხვდებოდა.

როცა ის და შერონი ჰადსონში მიმავალ გზას დაადგნენ, ერთმანეთთან ძველებური სიახლოვე იგრძნეს. მანქანაში გამათბობელი მთელი ძალით უბერავდა. „თავიდან თითქმის დაიჯერე“. შეახსენა კაცმა ცოლს.

„ევისი ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა… მაგრამ შენ დამარწმუნე, რომ სისულელეა“.

„როგორ?“

შერონმა ხელი წელზე დაადო და თითები შარვალში ჩაუყო „შენ თვითონ იცი“, თქვა მან ხმადაბლა, სურდა ხმისთვის მეტი სექსუალურობა მიენიჭებინა, მაგრამ გამათბობლის ხმაურში თითქმის არაფერი ისმოდა.

„ამას ვერ ენდობი“. უთხრა კაცმა, „სულ ამით ტყუვდებიან ქალები“.

„ეგ ვინ გითხრა?“

„ყველა ამას ამბობს, წიგნები, პრუსტი. ადამიანი ასეთი მარტივიც არაა“.

„ადამიანი საკმაოდ მარტივია“. თქვა შერონმა, ნეიტრალური, თუმცა თავდაცვითი ტონით, და ხელი მოაშორა.

„რადგან შენ ასე ამბობ“, უპასუხა ფრენკმა მშრალად, გონებით კი სხვაგან ქროდა. ის მოვერცხლისფრო ნაიარევი ჯოჯოს მარცხენა თვალის ქვეშ… თეთრი კანის ქვეშ დაბურთული კუნთები… მანსარდები… ჰალენიკის სტიპენდია, სავარჯიშო დარბაზი…. არაორაზროვანი საუბრები… თანაწორთა შორის მარტივი გარიგებები… შესაძლოა ის ჭორი სამყაროში უკვე მოკვდა, მაგრამ მასში ახლა გაცოცხლდა.

© არილი

Facebook Comments Box