“თავგადასავალი” ზაზა თვარაძის რიგით მეორე პროზაული კრებულია და პირველი მისი გარდაცვალების შემდეგ. პროზაული ნამუშევრების გამოქვეყნება 1993 წლიდან დაიწყო, თუმცა, სიცოცხლეში მხოლოდ ერთი კრებულის (1999) გამოცემას მოესწრო. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, მისი ნიჭის დაფასება სიცოცხლეში ნაკლებად მოხდა. იმის გამო, რომ საჯარო პერსონა არ იყო და არც ლიტერატურულ თავყრილობებზე უყვარდა გამოჩენა, ზაზა თვარაძის შემოქმედება მკითხველთა დიდი ნაწილის თვალთახედვის მიღმა აღმოჩნდა. არადა, მისი ნაწერები ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას.
როდესაც ავტორი ერთდროულადაა პროზაიკოსიც და პოეტიც, ცოტა არ იყოს, რთულია ამოიცნო, რომელი ჭარბობს მასში. ზაზა თვარაძე, უპირველესად, ალბათ, პოეტი იყო და მისი შინაგანი ტრაგიზმი, საკუთარი თავის შეცნობისა და ცხოვრების საზრისში წვდომის სურვილი, ადამიანების მიმართ სიყვარული და მიტევების უნარი ყველაზე კარგად ლექსებში გამოიკვეთა. იგივე შეიძლება ითქვას მის პროზაულ ტექსტებზეც. ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს წიგნში წარმოდგენილი მოთხრობები და რამდენიმე მცირე ზომის რომანი, რომელთა უმეტესობასაც პირველად გაეცნობა.
ყველა დროის 20 საუკეთესო ქართული მოთხრობა, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2008.
ეს წიგნი ყველა თქვენგანის საოჯახო ბიბლიოთეკას დაამშვენებს, იმდენად, რამდენადაც ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. კრებული ეპოქების მიხედვითაა დაყოფილი და ქართული მწერლობის მთელ სპექტრს მოიცავს: დაწყებული ილია ჭავჭავაძითა და ალექსანდრე ყაზბეგით – კოტე ჯანდიერისა და აკა მორჩილაძის ჩათვლით.
საზოგადოდ, ანთოლოგიის შედგენა მეტად სარიკო და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ყველას თუ არა, ყოველ მეორეს თავი გენიოსი ჰგონია, თუმცა, კრებულის შემდგენლები სირთულეებს არ შეუშინებია. თავდაპირველად თეა ქიტოშვილს, ბაკურ სულაკაურსა და მალხაზ ხარბედიას საუკეთესო ოცეულის საკუთარი ვერსიები ჰქონდათ, საიდანაც საბოლოოდ დარჩა ის, რაც წიგნში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორთა კონკრეტული ჯგუფის გემოვნება შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რომლის შედეგითაც გემოვნებიანი ქართველი მკითხველი ისიამოვნებს.
გელა ჩქვანავა, დაუმთავრებელი ამბავი, თბ, “დიოგენე”, 2008.
“კოლორიტებისა” და “ტორეადორების” შემდეგ გელა ჩქვანავა “დაუმთავრებელ ამბავს” გვთავაზობს. კრებულს, რომელიც, მისი წინა წიგნების მსგავსად აფხაზეთის ამბებს ეხება.
“ომი სიზმარს ჰგავდა, უსიუჟეტოსა და დამღლელს”. ეს სიზმარი გელა ჩქვანავასთვის დიდი ხანია გრძელდება. წლების წინ განცდილი კოშმარი მოსვენებას არ აძლევს და მოგონებათა სიმძიმემ რომ არ გასრისოს, წიგნის ფურცლებზე ცდილობს მათ გადმოტანას. ფურცელი უტყვია და ყველაფერს იტანს, თუმცა, ამბები, რომლებსაც მათი ავტორი მოგვითხრობს, გულისგულამდე აღწევს და ამ ადამიანთა ბედის მოზიარედ გვხდის.
ბოჩოს, ზოროს, კონჭის, სიორდიას, კორკელიას, ჯამბულის, ანაიდას ისტორიები ტრაგიკულია და შემაძრწუნებელი, თუმცა, მსგავსი ამბები აფხაზეთის ომის დროს მრავლად ხდებოდა. გელა ჩქვანავას მოგონებების ხურჯინი ჯერ არ დაუცლია. სათქმელი, ჯერჯერობით, ბევრი აქვს, ამიტომ “დაუსრულებელ ამბავს” გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება.
გიორგი კეკელიძე, ოდები, თბ. “სიესტა”, 2008
ვერ გეტყვით, არის თუ არა ძველი ბერძენი პოეტი, პინდაროსი გიორგი კეკელიძის მასწავლებელი ან სულიერი მამა. ვეჭვობ, დიდი ოდების მამისგან ფორმის გარდა რამე აეღო, რადგან მის ლექსებში არც ხოტბაა და არც დიდება, ეს უფრო ფორმებისა და ჩარჩოების მსხვრევაა. როგორც თავად ამბობს, “და მე დავლეწე ლექსებიდან დაწნული ღობე”-ო. მისი პოეტური ენა მეტაფორულია. პოეტური ფიგურები, გრამატიკული სტრუქტურები, ალუზიური პარალელები და წიაღსვლები დაფიქრებისა და ანალიზისაკენ განგაწყობთ. ეს არ არის მარტივი, ადვილად გასაგები პოზია, იგი აღსავსეა ძიებებით, რომელიც მკითხველსაც ითრევს სიტყვათა მორევში.
“გიორგი კეკელიძის ოდები ქართული ვერლიბრის ახალი გზაა. ესაა გზა სცილასა და ქარიბდას შორის – დაუსრულებელ წყალ-წყალა პროზაულ რიტორიკასა და არამოტივირებულ ტოტალურ მეტაფიზიკას შორის. გიორგი კეკელიძის მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან საკუთარი ვერლიბრი “ფოლკლორს” შეუზავა და დაამყნო” – ასე აფასებს პოეტის შემოქმედებას ლიტერატორი ზაზა შათირიშვილი.
რაბინდრანათ თაგორი, “ბენგალია”. მთარგმნელები: თამაზ ჩხენკელი, ნუნუ ხომერიკი. თბ. “ინტელექტი”, 2008.
მწერლის შესახებ ყველაზე კარგად თავად მწერალი მოგვითხრობს. “ბენგალიაში” რაბინდრანათ თაგორი საკუთარი თავის შესახებ გვიყვება. ეს არ არის ავტობიოგრაფია მისი კლასიკური გაგებით, თუმცა, “ბენგალიის” წაკითხვით ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობთ არა მხოლოდ ავტორის ყრმობისა და სიჭაბუკის, ზოგადად, ინდოეთის ყოფისა და კულტურის შესახებაც. თაგორის ლიტერატურული წერილები და მოგონებები ამ საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანის პიროვნულ შტრიხებსაც გვაცნობს და მკითხველისთვის უფრო ახლობელს ხდის.
მას ინდოეთის სინდისს უწოდებდნენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ინდოეთის ღირსების სიმბოლოცაა. როდესაც ინგლისის მთავრობამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვრიტა, თაგორმა უარი თქვა მათ მიერ მინიჭებულ “რაინდის” წოდებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროზაული ნაწარმოებისა და პიესის ავტორია, მისი ნიჭი სრულად მაინც პოეზიაში გამოვლინდა. სწორედ 1912 წელს გამოცემულმა პოეტურმა კრებულმა “გიტანჯალი”-მ გამოიწვია მსოფლიო ლიტერატურული საზოგადოების ინტერესი და ნობელის პრემიაც მოუტანა. კაცი, რომელმაც “დააახლოვა აღმოსავლეთი და დასავლეთი” – ამბობდნენ მასზე თანამედროვენი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ მშობლიური ინდოეთი ხიბლავდა, იზიდავდა და ასაზრდოებდა. სწორედ ინდოეთის სიყვარულით არის აღსავსე ეს კრებულიც.
მარკ ლევი, ეს რომ მართალი იყოს…, ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა. თბ. “აგორა”, 2009.
“რაც ახლა უნდა გითხრათ, მოსასმენად ძნელია, წარმოსადგენად შეუძლებელი, მაგრამ თუ ჩემი ამბის გაგება გსურთ, თუ გინდათ მენდოთ, ალბათ, საბოლოოდ დამიჯერებთ კიდეც” – ასე იწყებს თავისი დაუჯერებელი ამბის მოყოლას ლორენ კლაინი, მარკ ლევის რომანის მთავარი გმირი.
“ეს რომ მართალი იყოს…” ფრანგი მწერლისა და არქიტექტორის, მარკ ლევის პირველი რომანია, რომელიც მწერლის ცოლისდამ მის უჩუმრად გააგზავნა გამომცემლობა რობერ ლაფონში. წიგნი 2000 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტესელერად იქცა. იმავე წელს სტივენ სპილბერგმა ფილმის გადასაღებად საავტორო უფლებები შეიძინა. ამჟამად ლევი ნიუ იორკში ცხოვრობს და ყოველ წელს ახალ რომანს სთავაზობს მკითხველს. მისი ნაწარმოებები დღეისთვის ოცდაათ ენაზეა ნათარგმნი.
ლორენი ექიმ-ინტერად მუშაობდა საავადმყოფოში. ექვსი თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა. აპარატზე მიერთებული სხეული ინსტიქტების დონეზე ცოცხლობს, სული კი დამოუკიდებლად არსებობს. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც კონტაქტში შედის, არტურია, რომელიც ლორენის აჩრდილს შემთხვევით გადააწყდება. როგორ ვითარდება ამ არაორდინარული ნაცნობობის ისტორია, წიგნიდან შეიტყობთ.
თამაზ ლეჟავა, ივანე მარგიანი, ცხოვრება და მოღვაწეობა, “აგორა”, 2008.
ეს წიგნი ცნობილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს, დეკანოზ იოანეს (ივანე მარგიანს) ეძღვნება. ღირსეულ ქართველს, რომლის ღვაწლის შესახებ პროფესიონალთა ვიწრო წრის გარდა, ფაქტობრივად, არავისთვისაა ცნობილი.
ივანე მარგიანი საქართველოსთვის მეტად მძიმე პერიოდში მოღვაწეობდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX ს პირველი მეოთხედში, ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ეროვნული მუხტის გაღვივება უდიდეს საფრთხესთან იყო დაკავშირებული, თუმცა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ივანე მარგიანმა ეს მისია ღირსეულად შეასრულა. ბაბუის საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ მასალები მისმა შთამომავალმა, თამაზ ლეჟავამ მოიძია. კვლევის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ივანე მარგიანის ღვაწლი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ფიქრობდნენ. იგი აქტიურად იღვწოდა მშობლიური კუთხის სოციალური მდგომარეობის, სწავლა-განათლების დონის ასამაღლებლად, ქრისტიანული რწმენის განსამტკიცებლად. მის წერილებში თავმოყრილია უნიკალური ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალა სვანეთის შესახებ.
1928 წელს ივანე მარგიანმა ზემო სვანეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დააარსა. მოიძია, თავი მოუყარა და დაკარგვას გადაარჩინა მრავალი ძველქართული (სვანური) ცეკვა და სიმღერა, მათ შორის, საგალობლები.
წიგნს თან ერთვის 1928 წ. მოსკოვში ჩაწერილი სიმღერები, რომელთა ფონოჩანაწერებს მოსკოვის ცენტრალურ არქივში მიაკვლია ანზორ ერქომაიშვილმა.
კრიტიკა, N 3, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008.
შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი მკითხველს ალმანახ “კრიტიკის” მესამე ნომერს გვთავაზობს. იმ ფონზე, როდესაც ქართული ლიტერატურული პერიოდიკა დიდი მრავალფეროვნებით ვერ დაიტრაბახებს, თითოეულ ასეთ გამოცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კრიტიკის თვალსაზრისით.
ალმანახის სარედაქციო საბჭო ცდილობს, მრავალმხრივი და საინტერესო მასალა შემოგვთავაზოს. ნომერში გაეცნობით კრიტიკულ და ანალიტიკურ წერილებს თანამედროვე ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე, მასალებს XX საუკუნის თეორიული აზრის ისტორიიდან, მოსაზრებებს ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის თანამედროვე პრობლემატიკის შესახებ, ლიტერატურულ წერილებს და ა.შ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“