ესე,  პოეზია

გიორგი კეკელიძე – ორიათასიანელთა ვირტუალური ხიბლი


ტიციან ტაბიძემ ერთხელ დაწერა: ,,გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს’’. არავინ იცის, ეს დასავლურ-აღმოსავლური ესთეტიკის სინთეზის მცდელობა იყო (ამაზე საუბრობს ლევან ბრეგაძე ესეში ,,ევროპა ვართ თუ აზია’’) თუ აზიურობის კომლექსით დაავადებული ქართველის ბებერი კონტინეტისკენ სწრაფვა. ,,ორივენიცა’’ – იტყვის ალბათ ლუარსაბი, მიუხედავად საკუთარი მკვეთრად განსაზღვრული ორინეტაციისა და მეც დავეთანმხები. თუ XX საუკუნის დასაწყისის სამამულო მანიფესტებსა თუ ანალიტიკურ წერილებს გადახედავთ, ხშირად წააწყდებით წინადადებას, რომელიც ლამის იდიომადაც კი იქცა – ,,ევროპული ხაზით გამართვა’’. დასავლეთისკენ სწრაფვა ქართული ლიტერატურის, ოდესღაც ალბათ ლატენტური, მერე და მერე კი გაცნობიერებული ვნება გახლდათ. თეიმურაზე მეფის ,,მუსიკობას’’ თუ არ ჩავთვლით, ეს ლტოლვა ყველგან იგრძნობა. რამდენად თანმიმდევრულნი ვიყავით – ცალკე და მთავარი საკითხია.

ცხადია – აცდენა მეტი იყო, ვიდრე თანხვედრა. რადგანაც ჩვენი თემაა პოეზია, მოდი მასზე ვთქვათ, სად რა მიმდინარეობებს ვსწვდით კუდში, სად გაგვექცა, სად გავექეცით (ეს უკანასკნელი, ისე, სიტყვის მასალად აღვნიშნე). საერთოდ, პოეტურ ნიმუშებს, ლიტერატურის თეორიტიკოსები სახელს ძნელად არქმევდნენ, თუმცა არსებობდა რაღაც მკვეთრად განსაზღვრული კონტექსტი, რომელიც გარკვეულ მიჯნას თვითონვე ავლებდა და ვთქვათ, შანდორ პეტეფსა და ტრისტან ცარას სხვადასხვა კალათაში ათავსებდა.

საქართველოში, ჰიმნოგრაფიასა და ფოლკლორს რომ თავი დავანებოთ (პირველი რელიგიური ინსტრუმენტი, მეორე კი მეტ-ნაკლებად სპონტანური ნარატივია), შუასაუკენიბიის საერო ლიტერატურა მთლიანად აღმოსავლური ლიტერატურიითაა დავალებული (ამ მინიშნებებს ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მე სპარსული ან არაბული პოეზია არ მიყვარდეს – სრულიად პირიქით – უბრალოდ ,,ევროპული ხაზის’’ ამბავს ვაგრძელებ). დღეს მკველავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ადრერენესანსული ტექსტია, რაინდული რომანისთვის დამახასიათებელი სამკუთხედებითა და ანტიკური აზროვნებისი ნაკადით, მაგრამ ევროპული ლიტერატურისთვის მისი მიკუთვნება, ცოტა თამამი გადაწყვტილებაა, რადგან ,,შაჰ-ნამესი’’ გაცილებით მეტია მასში, ვიდრე, ვთქვათ, უფრო გვიანდელი ,,ღვთაებრივი კომედიის’’. საუკუნეების მერე იყო გურამიშვილი, ახალი ვერსიფიკაციული ვარიაცებით და გენიალური ,,ვესელა ვესნას ხმაზე ნამღერლებით’’, მაგრამ რაიმე სახის თანმიმდევრულობაზე იმდროინდელ კონტინეტურ ჰავაზე აქ საუბარი გაჭირდება ფრაგმეტულობის გამო.

ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ,,ევროპელი კოლეგის’’ პარალელურად წარმოიშვა და თანაარსებობდა, ქართული რომანტიზმია. ეს ის შემთხვევაა, როცა ექსპორტირებული ესთეტიკა (რუსულის გზით) და ადგილობრივი პრობლემატიკა ერთმანეთს ისე შეერწყა, რომ ტიპური ლიტერატურული სკოლა მივიღეთ.

რაღაც მანამდეც და მერეც გამოვტოვეთ და რეალიზმს მივადექით – ფრანგული სიმბოლიზმის ფუძემდებალთაგანმა შარლ ბოლდერმა ,,ბოროტების ყვავილები’’ მაშინ გამოსცა, როცა ქართული რეალიზმის ფუძმედებელთაგანი ილია ჭავჭავაძე სრულიად არაბოროტული სახით პეტერბურგის უნივერსიტეტის კარს აღებდა (1857). ისე, ეს რეალიზმი დიდი მცოცავი კია, დროში ვერ განსზაღვრავ – უბრალოდ თავსართად ხან კრიტიკულს ირქმევს და ხან მაგიურს. მერე იყო ტიციანის ხსენებული სიტყვები და ცისფერი ყანწები, ქართული დადა და გრიგოლ ცეცხლაძე, H2SO4 და ქართული ფუტურიზმი, კომეტა-გალაკტიონი, მაგრამ თემატიკა, ხარისხის მიუხედავად ევროპულ მოვლენებს წლებით ისევ ჩამორჩებოდა. საბჭოთა პერიოდში შედევრებიც იქმნებოდა, მაგრამ ჟანრი ვერ იყო იმდროინდელი მსოფლიოს ასაკის. ეს უკვე შეგნებულად, რკინის ფარდის და სხვა მანქანების მეშვეობდა, თუმცა ემიგრანტი ავტორებიც კი, რომელთაც დიდი ინფორმაცია და სულ სხვა გარემო ჰქონდათ, მაინც საოცრად სეპარატულები დარჩნენ და ნოვატორული ძიებები, გნებავთ ფორმალური, გნებავთ თემატური კუთხით, მათთვის უცხოა. საქართველოში კი, უფრო სწორად საბჭოეთში, ყველაზე თვთმყოფადი ჟანრი პროლეტპოეზიაა, თუმცა მისი ხარისხი და ბრუტალურობა ცალკე საკითხია. წითელი 70-წლეულის მოდერნულობაზე (20-30 წლების ავნგარდულ მცდელობების გამოკლებით, ესეც ხელოვნების სხვა დარგებში უფრო) რა უნდა ვთქვათ, როცა 60-წლებში ვერლიბრის დამკვიდრება მკრეხელობად მიიჩნიეს და ერთი-ორი ავტორი ანათემას გადასცეს, მოგვიანებით კი მუხრან მაჭავარიანს უიტმენის ლექსწყობის დამნერგავად მიიჩევდნენ.

რაღაც დიდის გამოტოვების შეგრძნება, განსაკუთრებით ცხადად, ქართველი 90-ნელების ბიტ-თაობით გატაცებისას გამოჩნდა. თავისუფლების შემოტანამ ინფორმაცია მოიყოლა, ახალგაზრდა ქართველი ავტორების ნაწილისთვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამბოხის, სიტყვის თავისუფლების (რაგინდარა გაგებით) წყურვილის გამო 50 წლით ,,ბებერი’’ გინზბერგისა და კერუაკის ტექსტები აღმოჩნდა ახლოს. 90-იანების მეორე ნახევარში, ეს ვნება ნელ-ნელა დაიწმინდა და თუ პოეზიის მოყვარულები ამ არაპოეტური ტერმინის გამო არ დამძრახავენ – საშუალო სტატისტიკური ლექსი (კარგი ავტორის) სადღაც ბროდსკისა და სტრენდის შორის მერყეობდა.

არავინ იცის, როდის იყო ქართული პოეზია ევროპულთან ასე თანმიმდევრულად ახლოს, როგორიც დღესაა. ეს უნებლიე პროცესია და ინტერნეტმა განაპირობა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა როგორც ინფორმაციის მიღების, არამედ გავრცელების კუთხით. შესაბამისად ჩემს ნათქვამში ირონია უფრო დაძებნთ, რადგან ძველი ინერცია ისევ არსებობს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობენ – წიგნებს გამოსცემენ, პრემიებს იღებენ და სხვა. ინტერენტი კი საკუთარი გზით მიდის – მისი არსებობდა დღითიდღე გვაეჭვებს ,,ხარისხის ნიშნის’’ სამომავლო არსებობაში. ეს მგონი უკვე არც კლასიკური პოსტმოდერნის ნიშანი აღარ არის – მაღალსა და დაბალს შორის ზღვარის წაშლაზე მეტი ხდება, ჯერ კიდევ სახელდაუქმეველი ამბავია. ის, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს განსხვავებული ფილტრი ახარისხებდა – მთავარი ,,მარეგულირებელი’’ კი კრიტიკა იყო.

ჩემი თაობა (მათ შორის მეც) ყველაფერზე ვწერთ, ათასნაირ გაცვეთილ ფორმას ვიყენებთ, ვწერთ განსხვავებულად, სხვადასხვა ნიჭისანი ვართ (თუმცა ერთსა და იმავე ჯილდოებს გვაძლევენ და ა.შ.).

მთავარი მომხარებელთა (წარსულში – მკითხველი) მიერ მათი ტექსტების ნახვების რაოდენობაა, სხვა – ინტელექტურია ის თუ გრაფომანული, ინტერტექსტუალური ძიებებია თუ გაცვეთილი დიმპიტაური-დამპიტაური, მითოლოგიური თემების დამუშავება, ურბანული მოტივების სიჭარბე, სკაბრეზული ლექსი თუ უფლის სადიდებელი, რომანტიკული, დაუმთავრებელი დითირამბებია თუ სტერილური ჰაიკუები, შაირით დაწერილი ლექსები თუ ეულბეკის მდორე ვერლიბრის მსგავსი ნაწარმოებები.

თუმცა თავს აღარ შეგწყენთ, რამდენიმე მისამართს მოგცემთ (lib.ge, literatura.ge, urakparaki.ge, ასევე სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები) და თქვენვე გაერთეთ.

გართობამდე გაითვალისწნეთ – შორს არაა დრო, როცა პოეზიის ხარისხი fb-like-ების რაოდენობით განისაზღვრება. გარდაუვალი საქმეა, ამის ერთადერთი ფარი მრავალგზის ნაძაგები სნობიზმია. მე სნობების მხარეს ვარ.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

Facebook Comments Box