ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ
ჟან ეშნოზის რომანმა “მივდივარ” 1999 წელს საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო – გონკურის პრემია დაიმსახურა. ეს ინტერვიუ 1999 წლის 28 ოქტომბერს ჟენევიევ ვინტერმა, პასკალინ გრიტონმა და ემანუელ ბარტელემ საგანგებოდ გამომცემლობა “ბრეალისთვის” ჩაიწერეს და 2000 წელს დაიბეჭდა.
რატომ ვწერთ? ვისთვის ვწერთ? როგორ გამოვცეთ? როგორ იწერება რომანი? როგორ მუშაობს მწერალი? შეუძლია მას თავისი კალმით იცხოვროს? – აი, კითხვები, რომლებსაც ჟან ეშნოზი პასუხობს და ჩვენ თვალწინ ანგრევს ყბადაღებულ მითს “ღვთაებრივი შთაგონების” შესახებ.
მთარგმნელი
ბრეალი: მოდით, თავიდან წერის პროცესზე ვისაუბროთ, უფრო სწორად იმაზე, თუ რა უძღვის წინ ნაწარმოების დაბადებას, პერიოდზე, სანამ სამუშაო მაგიდას მიუჯდებოდეთ და ჩანაფიქრის უშუალოდ ქაღალდზე გადატანას შეუდგებოდეთ. როგორ იბადება რომანის დაწერის იდეა? რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის მასალის შესწავლა, პირველწყაროებთან ზიარება, თუ შეიძლება ითქვას, ინფორმაციის შეგროვება?
ჟან ეშნოზი: რომანის ასაგებად მე ყოველთვის მჭირდება რამდენიმე ელემენტი. არ არის აუცილებელი ეს ელემენტები ერთგვაროვანი იყოს, კონსტრუქციისთვის დიამეტრულად განსხვავებულ მასალას ვიყენებ. უფრო ხშირად ეს ის თემებია, რომლებიც ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავენ, გულთან ახლოს მიმაქვს, ხშირად ვერც კი ამიხსნია, თუ რატომ. აი, მაგალითად, ჩემი ბოლო წიგნისთვის “მივდივარ” ერთდროულად ორ სიუჟეტზე მუშაობის სურვილი გამიჩნდა. პირველი გახლდათ ხელოვნების ნიმუშთა ბაზარი, მეორე კი – პოლარული რეგიონები, ანუ რასაც “დიდ ჩრდილოეთს” უწოდებენ. და რატომ ხელოვნების ბაზარი? სინამდვილეში ყველაფრის თავი და თავი სიტყვა “სახელოსნო” იყო.
და რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა?
ჩემი წინა რომანის ბოლოში, რომელიც მოცულობით მომდევნოსთან შედარებით ბევრად უფრო პატარაა და “ერთი წელიწადი” ჰქვია, მოულოდნელად ჩნდება ერთი პერსონაჟი, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში საღ-სალამათია და ბოლოს, მეორე, ყველას ცოცხალი რომ ჰგონია, სინამდვილეში ცოცხლებში უკვე აღარ წერია.
ჩემთვის ეს გარემოება სულაც არ ქმნის რამენაირ პრობლემას. ყოველ შემთხვევისათვის, რომანში, მაგრამ აი, რა მოხდა. ჩემს გამომცემელს რამდენიმე მკითხველი გამოეხმაურა, მათგან ორი თუ სამი წერილი მიუვიდა, ბევრი ნამდვილად არა, ამ მკითხველებმა მიიჩნიეს, რომ დასასრული სრულიად უჩვეულო და დამაბნეველი იყო. სწორედ ეს იქცა ჩემთვის ერთგვარ ბიძგად, ათვლის წერტილად, თუ შეიძლება ითქვას. მაშინ ჩემთვის ვთქვი: უნდა დავწერო რომანი, რომელიც პირველისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა, ამავდროულად ამ პირველს ერთგვარი ახსნა-განმარტებითი კოდის როლი უნდა ეტვირთა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ყველა წიგნი დამოუკიდებელია, თითოეული მათგანი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს. აქაც სულაც არ მსურდა, რომ გაგრძელება გამომსვლოდა. უფრო კონტრაპუნქტი უნდა ყოფილიყო. თუმცა მათ შორის პატარ-პატარა შეხების წერტილებიც უნდა შემენარჩუნებინა, მინდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ გამოდგა ადვილი საქმე… მოკლედ, იმ მკვდარზე, პირველ გვერდზე რომ ჩნდება და ბოლოში ცოცხალი მოევლინება მკითხველს, არაფერია ნათქვამი, გარდა იმისა, რომ სახელოსნოში აპირებდა სიარულს. აი, სწორედ ეს სახელოსნო იქცა იმ ელემენტად, რომელიც ერთგვარი ყალბი თუ მოჩვენებითი თავსატეხის აგებაში უნდა დამხმარებოდა. სწორედ ამ სიტყვის გარშემო დალაგდა მთელი ამბავი. დაიწყო სახელოსნოთი და დასრულდა მხატვრით, უფრო სწორად, ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრით. ასეთი წამქეზებელი მიზეზი, რომელიც მთელი თხრობის მანძილზე ძალიან ზოგად ხასიათს ინარჩუნებს, უნდა შექმნა რაც შეიძლება ზუსტი, ნათლად გამოკვეთილი საყრდენი. წარმოიდგინეთ ფოტოაპარატი: ორიენტირს მოინიშნავ და მერე ზუსტად და თანმიმდევრულად მუშაობ. აი, ამის შემდეგ შეიძლება გადაეშვა ინფორმაციის ნიაღვარში. შეიძლება ისეთი რაღაცები მოაქუჩო, რომლებსაც დიდი არაფერი აქვს საზიარო საწყის ბიძგთან. ერთი სიტყვით, ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება ყოველ ჯერზე სტრატეგია უცვლელი იყოს, მაგრამ რაც შეეხება თხრობის აწყობას, შედეგი მაინც ყოველთვის განსხვავებულია. ძალიან რთულია განზოგადება. მე ისევ დავუბრუნდები ჩემს ნაბოლარას – “მივდივარ” და ვიტყვი, რომ დასაწყისში შემიპყრო ერთდროულად ჟინმა და აუცილებლობის განცდამ, დიახ, აუცილებლობამ, მემუშავა მხატვრებზე და განსაკუთრებით ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრეებზე.
აუცილებლობა?
დიახ, აუცილებლობა, და სწორედ სიტყვა “სახელოსნოს” გამო, რომელმაც მთელი ეს მანქანა აამოძრავა… ზოგადად ჩემი რომანები თამამად შეიძლება მოგზაურ, გნებავთ, გეოგრაფიულ რომანებად მოინათლოს. სანამ “მაღალ ქერათმიან ქალებს” დავწერდი, ორიენტირების მოსაძიებლად მთელი ერთი თვე ინდოეთში ვიწოწიალე. ინდოეთს, თუ სტერეოტიპულად შევხედავთ, ჩემთვის გამრავლების, სიმრავლის, მასის და მრავალფეროვნების ეგზოტიკის ელფერი დაკრავს. კულტურები, ენები, ფერები, ბგერები, სუნები, სურნელებები, ფლორა, ფაუნა… და მე სრულიად საპირისპირო ეგზოტიზმზე განვიზრახე მუშაობა. ეს ეგზოტიზმი მეტწილად თეთრი და ცივი უნდა ყოფილიყო ფლორისა და ფაუნის უკიდურესობამდე შეზღუდული ელემენტებით, დეტალების სიმწირით. მოკლედ, ხელოვნების ბაზრის არაფერი გამეგებოდა, არქტიკულ რეგიონებზე ხომ საერთოდ, მაგრამ რატომღაც იქ გამგზავრება და ყველაფრის ადგილზე მონახულება არ მომინდა. არა იმიტომ, რომ მცივანა ვარ. არ წავედი სულ სხვა მიზეზის გამო. გამახსენდა ჩემი ხეტიალი ინდოეთში. მთელი ის სამუშაო, რომელიც პირველწყაროებთან ზიარებისა და ინფორმაციის დაგროვების მიზნით ჩავატარე, ვინ ამბობს, რომ ჩემი მეცადინეობა უსარგებლო და ფუჭი იყო, პირიქით, ფასდაუდებელი სამსახური გამიწია – უზარმაზარ მასალას მოვუყარე თავი; უამრავი რამ ჩავინიშნე. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მოგზაურობამ ყველა სიკეთესთან ერთად საგრძნობლად შეზღუდა ფიქციის ველი. ნაკლები ადგილი დამიტოვა წარმოსახვისა და თავგადასავლებისთვის. რეალობის არტახებში მოვემწყვდიე, თითქოს მისი ჩარჩოებიდან ვერ გავდიოდი… ამგვარად, “დიდ ჩრდილოეთთან” ზიარება და გათვითცნობიერება გადაუადგილებლად გადავწყვიტე. ვეცადე, მაქსიმალურად მეტ მასალას გავცნობოდი ამ რეგიონებზე. გადავაბულბულე მკვლევართა ჩანაწერები, ტოპოგრაფიული რუკები, ეთნოგრაფიული ნაშრომები… არ გამომიტოვებია არც ერთი სატელევიზიო გადაცემა, ვუყურებდი და ვინიშნავდი, ვესტუმრე მედიათეკასაც და ვნახე ფილმებიც, ვუსმინე ჩანაწერებსაც, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბგერებთან შეჩვევაც. შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა და ეს ადგილები უკვე მოენახულებინათ. ვეწვიე ფოტოგამოფენასაც, რომელიც საგანგებოდ “დიდ ჩრდილოეთს” მიეძღვნა. ჩავიწერე თანამედროვე ფოტოგრაფების გვარ-სახელები. შინ რომ დავბრუნდი, მინიტელში ვეძებე, მთელი სია იდო. მალევე დავადგი თვალი რეპორტიორს, რომელიც იქ უკვე იყო ნამყოფი. თავაზიანად დამთანხმდა შეხვედრაზე და შემპირდა, ყველაფერს წვრილ-წვრილად მოგიყვებიო… მსგავსი ტიპის ინტერვიუზე პატარა მაგნიტოფონით აღჭურვილი მივდივარ ხოლმე. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ვალაპარაკო, ეს შეიძლება ერთი-ორი საათი გაგრძელდეს, ზოგჯერ მეტიც. შემდეგ ვბრუნდები შინ; ჩანაწერს ვშიფრავ და ყველაფერს ვბეჭდავ სიტყვის გამოუტოვებლად. ყველაფერში ასე ვემზადები.
ერთგვარ სინოფსისს წერთ თუ სცენარს?
დიახ, მასალების მოძიების პარალელურად გამუდმებით ვინიშნავ ჩემთვის საინტერესო დეტალებს, თუმცა შეიძლება ზოგიერთი არც არაფერში გამომადგეს. თანდათანობით იწერება სცენარი, რომელსაც არც ვბეჭდავ; ვიგონებ და მეხსიერებაში ვინახავ. შეიძლება პატარ-პატარა გეგმებიც მოვხაზო. არც ვაკეთებ სინოფსისს, ამ სიტყვის პროფესიული გაგებით, უფრო რაღაც მას მიმსგავსებულს, სახეცვალებადს. ეს უფრო მონახაზებია, ჩანიშვნები მუდმივად რომ სწორდება და დღიდან დღემდე იხვეწება.
იცით, რა არის გასაოცარი თქვენს პასუხებში? თქვენთვის ყველაფერი იწყება იძულებიდან, რომელსაც თქვენ ემორჩილებით, მხედველობაში მაქვს იძულება ინფორმაციის დაგროვებისა, ინფორმაციული გათვითცნობიერება. ეს, ასე ვთქვათ, “დოკუმენტაცია” უამრავ ნაკვალევს ტოვებს თქვენს მეხსიერებაზე, კვებავს თქვენს წარმოსახვას; ერთგვარ “ექოს” ეფექტთან გვაქვს საქმე… და არა საკუთრივ ინტრიგასთან თუ წმინდა წყლის სცენართან.
დიახ, ჩემი ამოსავალი წერტილი მაინც წადილია…
და ეს საწყისი წადილი თქვენ ან გეოგრაფიულ ან წარმოსახვით ადგილებში გადაგისვრით, სადაც შემდეგ ჩაისახება სინოფსისიც.
ყოველ ჯერზე განსხვავებულად ხდება. ცხადია, ეს შეიძლება ადგილები იყოს, მაგრამ ასევე პერსონაჟებიც… პრაქტიკულ და ერთად თავმოყრილ ტექნიკურ მასალაზე და ყველა საჭირო ელემენტზე დაყრდნობით ვიწყებ ძებნას, რა შეიძლება ჩემთვის რომანული თვალსაზრისით იყოს მიმზიდველი და საინტერესო. აქ, ცხადია, ერთპიროვნულად ვიღებ გადაწყვეტილებას. საინტერესო დეტალების გვერდით ყოველთვისაა უინტერესოც, შეიძლება ამ სიმრავლეში რომანის მთავარ ღერძს გამოვკრა ხელი ან ერთ მარტივ დეტალს, რომლის გარშემო ყველაფერი აეწყობა. ისე დაგროვილი მასალიდან, მონათხრობიდან შეიძლება ყველაზე ბევრი, ორი პროცენტი გამოვიყენო. აქ იმ ორ პროცენტში ვხედავ ნარატიულ ფუნქციას. რაც შეეხება ხელოვნების ბაზარს, ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მაშინ, როცა “დიდი ჩრდილოეთისთვის” ვემზადებოდი, ანუ წავედი და მხატვრები დავკითხე მათ ურთიერთობაზე ნახატებით მოვაჭრეებთან. გავესაუბრე ნახატებით მოვაჭრეებს მათ კონტაქტებზე ფერმწერებთან. დავინტერესდი შედევრების ბიზნესითაც. რაც შეეხება კოლექციონერებს, წიგნში მათი გამოგონება ვამჯობინე.
აი, ასე ნება-ნება გამოიკვეთა “მივდივარ”. რომანის კონსტრუქციას ბაზა სიტყვამ ჩაუყარა; ყოველ შემთხვევაში, რომანის მსუყე ნაწილს. ერთ-ერთ ჩემს წინანდელ რომანს დასაბამი სათაურმა დაუდო. დაიწერა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: “ერთ მშვენიერ დღეს დავწერ რომანს, რომელსაც “მაღალი ქერათმიანები” დაერქმევა. რატომაც არა ვითომ? მოკლედ, მას საფუძვლად დაედო ყბადაღებული მითი ქერათმიან ქალებზე. რაც შეეხება რომანს “მივდივარ”, სათაურს დასრულებამდე ორი თვით ადრე მივაგენი.
როგორ მუშაობთ კონკრეტულად? ინფორმაციულ კართოტეკას ქმნით თუ რვეულში იწერთ ყველაფერს?
იყო დრო, როცა ბარათებზე ვინიშნავდი ყვერლაფერს… ყოველ თავს ცალკე ფერადი ბარათი გამოვყოფოდი. გავშლიდი ასე კარტივით და ნათლად ვხედავდი ამა თუ იმ ფერის გამოყენების სიხშირეს, რაც თავისთავად გამორიცხავდა პერსონაჟების თვალთახედვის არედან დაკარგვის რისკს. ახლა ამ მეთოდს შევეშვი. თუ თითოეულ ელემენტზე საკმარისი მასალა დამიგროვდა, ანუ ყველაფერი, რაც მაინტერესებდა, თუ სცენარი შემუშავებული და თხრობის მთავარი ღერძი გამოკვეთილია, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით უკვე ვიცი, როგორ წარიმართება თხრობა, თუნდაც არასრული წარმოდგენა მაქვს ყოველ პერსონაჟზე, სხვა რაღა უნდა მინდოდეს კიდევ? ისღა დამრჩენია, თხზვას შევუდგე. და ვწერ წიგნს, ამას პირველ ვარიანტს ვეძახი. ვბეჭდავ და ჩემგან მოშორებით მაგიდაზე ვდებ. ამის შემდეგ თავიდან ვიწყებ წერას. ეკრანზე კორექტურები არც კი შემაქვს. ხელახლა ვბეჭდავ, შეიძლება ერთი ტექსტი ოთხჯერ ხუთჯერ დავბეჭდო. ორასგვერდიანი ხელნაწერისთვის დაახლოებით ათასამდე გვერდის დაბეჭდვა მიწევს. აი, ეს გახლავთ ჩემი მუშაობის მანერა. ცხადია, ამაში განსაკუთრებული და ორიგინალური არაფერია. სხვა მწერლები, პირიქით, ვერაფრით ვერ გადადიან მომდევნო ფრაზაზე, სანამ წინა ზედმიწევნით არ შეესატყვისება იმას, რისი მიღებაც სურდათ. მე კიდევ ვიცი, რომ აუცილებლად დავუბრუნდები, თანაც არა ერთხელ.
თქვენთვის მუშაობისას მთავარია, რომ თხრობის პროცესმა წინ წაიწიოს?
უწინარეს ყოვლისა, მე მსურს ხელთ მეჭიროს მთლიანი, დასრულებული ტექსტი. ცხადია, ვმუშაობ, ვხვეწ ყოველ ფრაზას, ყოველ პარაგრაფსა და თავს – მაგრამ თავიდან ეს დროებით ხასიათს ატარებს; მეორე ვერსია უსათუოდ უფრო ზუსტი იქნება, მესამე წინაზე უფრო მკაფიო, მხოლოდ მეოთხე ან მეხუთე ვერსიაზე მეუფლება განცდა, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ნელ-ნელა და არა ერთბაშად იხვეწება და ზუსტდება ადგილების აღწერა, პერსონაჟების პროფილი, სიტუაციები, დიალოგები.
კონკრეტულად როგორ მიმდინარეობს ეს გაუთავებელი გადაწერის პროცესი, ერთი ვერსიიდან მეორეზე გადასვლა. ამ ვერსიებს ერთმანეთს უპირისპირებთ?
ო, არა, არა, მათი დაპირისპირება ან გადაბმა არასდროს ხდება.
მაგრამ თქვენ ხვდებით, როდის მიადგექით სასურველ ვარიანტს?
რაღაც მომენტში გეჩვენება, თითქოსდა ყველაფერი აეწყო, შენი ნაამაგარი შეესატყვისება იმას, რაც გინდოდა, ყველა თვალსაზრისით. შეიძლება მართებულად, შეიძლება სრულიად უსაფუძვლოდ საკუთარ თავს ეუბნები: “კეთილი, არა უშავს. ეგეც შენი პროექტი, გამოვიდა!” მხედველობაში მაქვს თხრობაც და ფორმაც ერთგვარად “მატრიოშკას” რომ წააგავს. ასევე: ფრაზების, პარაგრაფების, თავების გამართულობა, კავშირები თავებს შორის, სიმეტრია ანუ პარალელები ნაწყვეტებს შორის… როცა ეს ყველაფერი აწყობილია, მეჩვენება ან ვფიქრობ – ეს ისაა, რაც სავსებით მაწყობს, აი, ამის შემდეგ წიგნი გეზს გამომცემლისკენ იღებს.
ადამიანებს, ცხადია, აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმ სამუშაოებზე, რომელსაც მწერალი ასრულებს. ასევე იმ შავად ნაწერზე, რომელიც ყოველ დასრულებულ ვარიანტს უძღვის წინ. მაგრამ ახლა მუშაობის თქვენეული მანერის აღწერა თავდაყირა აყენებს მწერლის ტრადიციულ იმიჯს. ერთი ვერსია, მეორე ვერსია, მესამე, მეოთხე და ა.შ. ამას არაფერი აქვს საერთო მწერლის შავად ნაწერთან, გადახაზულ–გადმოხაზულთან… ასრულებთ თუ არა მაინც ამ ეგრეთწოდებულ შავ სამუშაოს?
ბევრი რამ შეიცვალა. თავიდან რვეულებში ვწერდი, რომლებსაც დღემდე ვინახავ… ეს არის ნამდვილი შავი ნაწერები, გადახაზულ-გადმოხაზული, ჩასწორებული. მოგვიანებით ტრადიციულ მანქანაზე ვბეჭდავდი, “ოლივეტიზე”, კომპიუტერის წინამორბედზე, არაელექტრონულზე, რომელიც ათი წელი მემსახურა. ბოლო ათი წელია ყველაფერი კომპიუტერში შემყავს. დღეს ერთგვარი ნოსტალგიით ვიხსენებ ძველ დროს. მშვენივრად მაქვს გააზრებული, რომ კომპიუტერმა ყველაფერი შეჭამა. ხელნაწერის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. კი, ბატონო, მაქვს დღიურებიც, სადაც დრო და დრო რაღაც-რაღაცებს ვინიშნავ, მაგრამ როგორც კი შინ ვბრუნდები, იმწუთასვე ტექსტის აკრეფას შევუდგები ხოლმე.
თქვენ ბრძანებთ, რომ კომპიუტერმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნუთუ რომანზე მუშაობის თქვენი მანერაც შეიცვალა?
არა, შეიცვალა ტექნიკა, სამუშაოს ორგანიზების ფორმა იგივეა, არც პროექტებს განუცდია ცვლილება. რვეულში დაწერილი ვარიანტი, რომელსაც მერე ვბეჭდავდი, გაქრა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი რვეულები ახლა მაინც და მაინც რამეში მადგებოდეს. შენახვით კი ვინახავ. ყველაფერი ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ამ ბარათების გადატანა-გადაგზავნა, ნაწილის ამოჭრა და სხვაგან მიწებება… მე შევინახე ძველი პროგრამა, რომელიც კი არ შლის სიტყვებს, არამედ ხაზს უსვამს.
მიშელ ბიუტორი ამბობს, ორთოგრაფიულ კორექტორს არასდროს ვიყენებ, დროს გაკარგვინებსო. თქვენ?
დიდ სამსახურს ვერასდროს გაგიწევს, თუმცა ბეჭდვის დროს დაშვებულ შეცდომებს გაგასწორებინებს, სულ ეს არის. პირადად მე, როგორც გაჯეტს ვიყენებ, იმიტომ რომ ჩემს კომპიუტერში არც ერთი თამაში არ მაქვს ჩატვირთული… ჩემთვის ეს კორექტორი უფრო თამაშია. ზოგჯერ, როცა მოვიწყენ, თავს ვიკატუნებ ხოლმე, ვითომ ვმუშაობ, ან როცა არაფერი გამომდის და საქმე წინ ვერ წამიგდია, მაგრამ არ ვეშვები და ყოველ ცისმარე დილას ვმუშაობ, საკუთარ თავს ვეუბნები: მოდი ერთი შევასწოროთ, რა დავწერეთ…
თქვენ ამბობთ: “ყოველ ცისმარე დილას”. მუშაობის ზუსტი განრიგი გაქვთ? დისციპლინა, რომელსაც ემორჩილებით?
შეიძლება ამას დისციპლინა ეწოდოს, თუმცა მუშაობის მსგავსი მანერა იძულებად სულაც არ მესახება. ეს არც რიტუალია. უბრალოდ ასე ვმუშაობ და მორჩა… დილით ვდგები, ვიმზადებ ჩაის, ვიღებ შხაპს და ვრთავ ტექნიკას. ყოველ დილით ვმუშაობ ცხრა-ათიდან პირველამდე ან ორის ნახევრამდე.
რა დროიდან მიუძღვენით თავი მთლიანად წერას?
მას შემდეგ, რაც მწერლობით თავის რჩენის შესაძლებლობა მომეცა, ანუ 1984 წლიდან მოყოლებული, როცა “ჩეროკი” გამოვეცი, ჩემი პირველი წიგნი. “გრინვიჩის მერიდიანი” კომერციული თვალსაზრისით სრული კრახი აღმოჩნდა. თუმცა ამას იმხანად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, წიგნი რომ დავბეჭდე, საერთოდ გადამავიწყდა, რომ ის უნდა გაყიდულიყო. მაგრამ ჩემი გამომცემელი საწინააღმდეგო აზრისა გახლდათ. მეორე შედარებით წარმატებული გამოდგა და იქიდან მოყოლებული, როგორც იტყვიან ხოლმე, წავიდა და წავიდა…
წერით თავის რჩენის შესაძლებლობამ ხომ არ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება მწერლობისადმი?
დიახ, უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ეს ერთბაშად ხელობად გარდაიქმნა. სულაც არ მაწუხებს ეს მეტამორფოზა. მე მიყვარს წერა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ მხრივ ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი. შეუძლებელია ყოველდღე ყველაფერს ვარდისფერ ფერებში აღიქვამდე. პერიოდულად საშინელი სასოწარკვეთილება მიპყრობს. მწერლის საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში ბუნებრივად შემოვიდა. ვწერდი, ვწერდი თავდაუზოგავად… მერე დაიბეჭდა წიგნი, რომელიც ასე თუ ისე კარგად გაიყიდა. მერე დადგა მორიგის დაწერის აუცილებლობა… ასე და ამგვარად აეწყო ყველაფერი…
აი, ზუსტად, გამომცემლობაზე მინდოდა მეკითხა… გამომცემლობა იდუმალებას როდია მოკლებული, როგორ მყარდება პირველი კონტაქტი. როგორ შეიძლება ავტორი დაიბეჭდოს?
ეს ადვილზე ადვილია. აგზავნი ხელნაწერს ფოსტით, გამომცემელი ცივი უარით გისტუმრებს. შენ არ ჩერდები, უგზავნი მეორეს, რომელიც ასევე უარს გეუბნება, მერე მესამეს, მეოთხეს და ასე უსასრულოდ. ასე გრძელდება გარკვეული პერიოდი. მე რატომღაც “მინუის” დავადგი თვალი და მსურდა ჩემი პირველი წიგნი იქ დაბეჭდილიყო, რომელიც იმხანად, – ეს ხდებოდა 1978 წელს, – ძალიან პირქუში, მკაცრი და უაღრესად სერიოზული გამომცემლობის რეპუტაციით სარგებლობდა. “მინუი” ჩემთვის უკავშირდებოდა ბეკეტს და ფრანგული გამოცემის ყველაზე ლამაზ ყდებს. ჩემ თავს ვუთხარი: “ისინი შენს წიგნს ზედაც არ შეხედავენ, ჩათვლიან, რომ სერიოზულობა აკლია…” მოკლედ, “მინუისგან” თავი შევიკავე და იერიში სხვებზე მივიტანე. ერთდროულად დავცხრილე “გალიმარი”, “ფლამარიონი”, “სოი” – ხუთ-ხუთ ასლს ვაგზავნიდი ყველგან. არც ვიცი, საერთოდ გამომრჩა თუ არა რომელიმე უყურადღებოდ. როცა უარს ვიღებდი, – რაც სისტემატურ ხასიათს იღებდა, ხუთ-ხუთ ასლიან ფუთებს უკვე პატარ-პატარა გამომცემლობებს ვუგზავნიდი. საბოლოო ჯამში უარების არაჩვეულებრივი კოლექცია გამომივიდა. ბოლოს გავიფიქრე, მოდი “მინუისაც” გავუგზავნი, ბარემ სრულყოფილი კოლექცია მექნება-მეთქი! გამომცემლებისგან პასუხს მინიმუმ ორი-სამი თვე მაინც უნდა ელოდო. მათ კიდევ მყისიერად კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს და მეორე თუ მესამე დღეს დამიბარეს. ყველაფერი ფოსტით მოგვარდა. ბევრი ამას ვერც იჯერებს, ამბობენ, გამომცემლობასთან საქმე რომ გაიჩარხოს აუცილებლად ნაცნობი უნდა გყავდესო.
გამომცემელი თუ აძლევს ავტორს შენიშვნებს ან უზიარებს საკუთარ მოსაზრებებსა და წინადადებებს თანხმობის შემდეგ?
ეს ძალიან ცვალებადი რამააა, გააჩნია ავტორებსა და გამომცემლებს. ჟერომი და ირენ ლინდონები ჩემი გამომცემლები გახლავთ და ჩემს საქმეში თითქმის აღარ ერევიან. შეიძლება მძიმეებზე და ტავტოლოგიაზე მიმითითონ, რომელიც მე გამეპარა. რაც შეეხება მძიმეს, მე ყოველთვის ხალისით ვთანხმდები მის ამოღებაზე. ჟერომი, რომელიც პირდაპირ შეყვარებულია მძიმეებზე, ყოველთვის მზადაა, სადღაც ერთი- ორი გააკვეხოს. თანხმობას მოლაპარაკებით ვაღწევთ. ეს პროცესი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, მაშინაც კი, როცა ერთი კინკილა მძიმის აუცილებლობაზე ცხარედ ვკამათობთ… ეს, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო ტექნიკური დეტალებია. რომანის კონსტრუქციაზე დავა კი საერთოდ არ მოგვდის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა. როგორ არა, მოხდა, როცა “ჩვენ სამნი” უნდა დაგვებეჭდა. ჟერომმა თქვა: “თუ გნებავთ, შეგვიძლია ასე გამოვცეთ, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ დასასრული ცოტა…?” მე ცხვირი ჩამოვუშვი. ავიღე ჩემი ტექსტი და შინ დავბრუნდი. ცამდე მართალი იყო ჟერომი. ფინალში ნამდვილად იყო პატარა პრობლემა. რა თქმა უნდა, გადავაკეთე და რიკოშეტის ეფექტმაც არ დაახანა. უამრავი ელემენტი შეიცვალა მთელ წიგნში… ამ შემთხვევაში გამომცემლის თვალი ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა. პირველი ვერსია ბევრად უფრო ელიპტიკური იყო, ვერაფერს გაიგებდი. მე კი ამ ამბავში თავით ფეხებამდე ვიყავი გადაშვებული. კი მესმოდა, მაგრამ ვაღიარებ, რაღაცა ნამდვილად აკლდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გამომცემელი სერიოზულად ჩაერია ხელნაწერში. მქონია ხელნაწერი, რომელიც არასდროს გამოქვეყნებულა და ძალიანაც კარგი, ვაღიარებ, არც იმსახურებდა, ცუდი იყო. მერე კი მივუბრუნდი, იქნებ რამე ეშველოს-მეთქი, მაგრამ პირდაპირ ხელიდან მივარდებოდა, ისეთი მოსაწყენი იყო.
პირველი რომანის წერისას თუ ფიქრობდით უკვე მომავალ მკითხველზე, გამომცემელზე?
ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ გამომცემელს ვიპოვიდი. არც ვიცოდი საერთოდ, როგორ მემოქმედა. მსგავს შემთხვევაში არც იცი, რა როგორ აეწყობა. ისე, პირველი რომანი საკმაოდ მხიარულმა და თავისუფალმა დავწერე. ვმუშაობდი ჩემთვის. მსურდა გამერკვია, გამომივიდოდა თუ არა საერთოდ რამე… პარადოქსული ის გახლავთ, რომ მერე ხდება ყველაფერი ბევრად უფრო ძნელი, თუმცა სრულიად ლოგიკური ჩანს, ადამიანმა დაწყებულის გაგრძელება ისურვოს. მით უმეტეს, როცა ეს დებიუტი ადვილად შედგა. ჩემი მეორე რომანი “ჩეროკე” რამდენიმე ჯოჯოხეთურ მომენტთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ფაქტობრივად გოლგოთას მთაზე ასვლა. მახსოვს, დედაჩემს ვეუბნებოდი ხოლმე და ვეუბნებოდი: “ამას მოვრჩები და მერე მწერლობას საერთოდ ვანებებ თავს. ეს ისეთი წამებაა”.
და შემდეგ “ბედმა არ გაგიმართლათ”. თქვენ ხელი გამოჰკარით მედიჩის პრიზს და ფეხი მოიკიდეთ ისეთ სერიოზულ ინსტიტუციაში, ლიტერატურა რომ ჰქვია. თქვენი მკითხველთა აუდიტორია სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. წარმატებამ ხომ არ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება ლიტერატურისადმი?
არა, ერთი წამითაც კი. გადავრჩი, რადგან აცრა მე თვითონ გავიკეთე. როცა “ჩეროკემ” მედიჩის პრიზი აიღო, ჩემთვის გადავწყვიტე, მორიგი რომანის უახლოეს მომავალში დაბეჭდვისაგან თავი შემეკავებინა. პაუზა უნდა დამეცვა.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მწერლის ხელობაზე, მის სამუშაოსა და სიძნელეებზე. ხელობის მიღმა არსებობს ნება, წერის მოთხოვნილება… რაში მდგომარეობს თქვენი მოტივაცია, რა ბადებს სურვილს, მოკლედ, რატომ წერთ?
ყოველთვის მქონდა წერის სურვილი, ლამის ბავშვობიდან მოყოლებული. გასაკვირი ამაში არაფერია – მე მიყვარს წერა. არაფერი აღმაგზნებს და მაღელვებს წერაზე მეტად. ასევე არაფერი მთრგუნავს და მაფრთხობს წერაზე მეტად. იმიტომ, რომ ეს მოთხოვნილება მუდამ ჩემთანაა, ჩემი მოუცილებელი თანამგზავრია. წერა იყო ჩემი სურვილიც და საზრუნავიც ერთდროულად. წერა ჩემი ყოფის განუყოფელი ნაწილია; ნაწილი იმდენად ინტიმური, რომ თავს ცხოვრების გარკვეული ნირიც მომახვია. მომიწია სხვადასხვა სოციალური თუ ოჯახური არჩევანის გაკეთება. წერა რომ არა, მათზე ალბათ არც ვიფიქრებდი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, კიდევ რომელ ხელობას მივუძღვნიდი თავს.
თუ ცდილობთ თქვენს წიგნში რაიმე გზავნილი ჩააქსოვოთ?
არა მგონია, ეს ჩემი პირველადი მოწოდება იყოს. ჩემი მოწოდება, ჩემი სურვილი, პატარ-პატარა მანქანა-დანადგარების შექმნაა – რომანების, დანადგარების, ხელსაწყოებს რომ ჰგვანან, ჩემთვის მექანიკა და ესთეტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გზავნილი. არ ვარ დაბადებული თეორიების შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში რომანებს კი არა, ნარკვევებს დავწერდი.
რა უნდა დარჩეს თქვენი აზრით? რა უნდა აღძრას რომანმა მკითხველში?
შეიძლება ემოციები. ემოცია და სიამოვნება, რაც თავისთავად უკვე კარგი რამაა…
თქვენ თხრობის განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, უჩვეულო მანერა გახასიათებთ. გიჩნდება სურვილი, ილაპარაკო თქვენს რომანებზე, ნარატიული ხერხების გამოყენებისას თქვენთვის ნიშნეულ გადახრებზე…
ჩემი პირველი პროექტები, თუ შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი მცდელობა ამა თუ იმ ლიტერატურული ჟანრის მორგებისა. მხედველობაში მაქვს დეტექტიური და სათავგადასავლო რომანები, რომანები ჯაშუშობაზე… მსურდა რომანის სხვადასხვა აღჭურვილობა მომერგო, მეცვალა სიტუაციები, სტერეოტიპები და პერსონაჟები… ეს გახლდათ უფრო ერთგვარი შეთამაშება ისეთ ჟანრებთან, – ცხადია, პატივის მიგებაც, -უმნიშვნელოდ რომ მიიჩნევენ და არავითარ შემთხვევაში მათი პაროდირება. მოგვიანებით, როცა ამ ჟანრით გატაცებამ გამიარა, მეტი თავისუფლებაც ვიგრძენი და სხვა ბილიკებზე გავლაც ვცადე, თუმცა მიჯაჭვულობა რომანის ამ განსხვავებულ ფორმასთან, რომელსაც მე «ექშენის» ჟანრის რომანად მოვნათლავდი, მაინც შემომრჩა. შეიძლებოდა მისთვის სხვა სახელიც მომეძებნა. მაგალითად რომანი ორმაგი მოქმედებით. მოქმედება, რომელსაც ვყვებით და მოქმედება, რომელსაც ვაწვეთებთ თხრობის მანერაში, თითოეული ფრაზის დინამიკაში… ეს სხვა არაფერია, თუ არა ზრუნვა რიტმზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმ სიყვარულთან, რომელიც მე მიჩნდება ადგილების, გადაადგილებების ზოგადად გეოგრაფიის მიმართ. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი კინემატოგრაფიული რიტორიკით გატაცება.
როგორ აისახება თქვენს რომანებში კინემატოგრაფიით მონიჭებული სიამოვნება?
დღეს ნაკლებად ბეჯითი მაყურებელი ვარ, ვიდრე უწინ, მაგრამ ეფექტურობა, რომლითაც კინო ფიქციას იპყრობს, დღემდე ცხოველ ინტერესს აღძრავს ჩემში. ხშირად ვფიქრობ, რომანი კინემატოგრაფიული ელემენტებით გავაძლიერო. შევქმნა მოძრაობა ნაწერით, ასევე თხრობა რაც შეიძლება ვიზუალური და რაც შეიძლება ხმოვანი, მჟღერი გავხადო. მივაგნო ტრანსპოზიციებს ნაცვალსახელებისა და დროების გამოყენებით. ფიქციაში ნაცვალსახელის შეცვლა რამდენიმე კამერით გადაღების ტოლფასია… იგივე შეიძლება ითქვას გრამატიკულ დროებზეც. მაგალითად, ნამყოში დაწერილი ტექსტი ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც წარსულის წარსულში, წარსულ დაუმთავრებელში ან აწმყოში. ერთი დროიდან მეორეში გადასვლა მოქმედების რიტმის შეცვლის ეფექტს იძლევა. სინამდვილეში გრამატიკული დროები მანქანის სიჩქარეების გადაცემის კოლოფს შეიძლება შევადაროთ – თითოეული შესაბამისი რიტმითა და სპეციფიკური ეფექტურობით ხასიათდება.
ნაცვალსახელის შეცვლით, ისევე, როგორც ოპერატორი გადავიდოდა, მაგალითად, ერთი კამერიდან მეორეზე, ისეთი განცდა გვეუფლება, რომ თვალს უპაჭუნებთ მკითხველს, თითქოსდა ცდილობთ თანამონაწილეობისა და ერთსულოვნების ატმოსფერო დაამყაროთ მკითხველსა და შემთხვევის მიხედვით ნარატორს ან ავტორს შორის და, რაც ყურადსაღებია, ზოგჯერ ეს თქვენი პორსონაჟების საზიანოდ ხდება.
ზოგჯერ ეს ძალიან მართობს და ამ სიამოვნებას საკუთარ თავს ვერ მოვაკლებ, ვერ გადავკეთდები… რაც მთავარია, ეს არა მარტო თვალის ჩაკვრაა, არამედ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებაც. რომანში “მივდივარ” ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი მომაკვდინებლად მოსაწყენი მომეჩვენა. შემეძლო თავი მომეკატუნებინა, ვითომ ვერ ვამჩნევ მის მოსაწყენობას, არ მიმექცია მისთვის ყურადღება ან საერთოდ გამექრო. ვამჯობინე, ჯიბრში ჩავდგომოდი, მოსვენება არ მიმეცა, მეწუწუნა ტიპზე, რომელიც ცხოვრებაში არც არაფერს ამბობდა საინტერესოს და არც არაფერს აკეთებდა. მსგავს შემთხვევებში მირჩევნია პერსონაჟზე მეტი აქცენტი გავაკეთო, გამოვხატო მისი დაბნეულობა და ფორიაქი. შედეგად ქრება მისი მოსაწყენობა და სცენაც მეტ დინამიზმს იძენს და ავტორს, ნარატორსა თუ მკითხველს შორის გაკვეხებით უფრო აღმგზნები ხდება. ეს მხოლოდ დეტალებია, მაგრამ ეს დეტალები მუშაობს, როგორც ნარატიული შეუსაბამოებები და უადგილობები – გამოლაპარაკება მკითხველთან, მისი ნარატივში ჩათრევა, რომელიც თავისი უჩვეულობით მთლიანად რიტმს ტონუსურსა და თვალსაჩინოს ხდის.
ნარატიული შეუსაბამოებების ძიებას – თუ დავესესხებით თქვენს გამოთქმას, –მივყავართ საგანგებოდ შექმნილ ორაზროვნებასთან. თქვენ ლაპარაკობთ ავტორს, ნარატორსა და მკითხველს შორის ჩადგომაზე. საბოლოოდ ვინ ამბობს “მე”-ს თქვენს რომანებში?
სურვილი მაქვს, გიპასუხოთ, რომ არსებობს ერთგვარი თამაში ამ “მე”-ზე. არ არის გამორიცხული რამდენიმე “მე” იყოს. “je“ – მე – ნარატორის პირის ნაცვალსახელი და მეორე j.E – ჩემი გვარ-სახელის ინიციალები. შეიძლება მესამე პირის “მეც” იყოს და მიდი და იპოვე, რომელ მოწმეს გაუჩნდება ყბედობის სურვილი. ისე, რატომაც არა ვითომ…
ეს თამაში, რომელიც გარკვეული გაგებით შეიძლება აღვიქვათ, როგორც უარი გადამჭრელი სიტყვის წარმოთქმაზე, ხომ არ ნიშნავს, ისევე, როგორც თქვენი გამუდმებული ზრუნვა ადგილზე და მოძრაობაზე, უფრო მასშტაბურ უარს. უარს ფსიქოლოგიური ხასიათის მინიშნებების გაკეთებაზე.
რაც მართალია, მართალია, ჩემი პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის გადმოცემას მათი ქცევის აღწერა მირჩევნია. მათ პროფესიას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ფსიქოლოგიას. მეტ ინტერესს მათი პროფესიული საქმიანობისადმი ვიჩენ. რომანისთვის “მივდივარ” ეს ფიქციის მთავარი მამოძრავებელი ძალაც კია. იდეალური იქნებოდა, პერსონაჟის ფსიქოლოგიის განსაზღვრა მისი სამყაროსადმი, ადგილებისადმი, სხვა პერსონაჟებისა და საგნებისადმი მატერიალური და კონკრეტული დამოკიდებულებით რომ დგინდებოდეს. პირადად მე, როგორც მკითხველს, უფრო ფსიქოლოგიური ლიტერატურა მხიბლავს: ჰენრი ჯეიმსი, პრუსტი, დოსტოევსკი… როგორც ავტორს, ეს საერთოდ არ მიზიდავს. შეიძლება ეს დეტექტიური რომანების ზეგავლენის შედეგი იყოს.
პერსონაჟების შექმნაში რამე კონკრეტული რეფერენციები გეხმარებათ? შეიძლება თუ არა რეალური ადამიანი თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს?
მე ვარ გამოუსწორებელი მძარცველი, შეიძლება საქმეს სხვა კუთხიდან შევხედოთ, მაგალითად სარკის მიღმეთიდან. დავუშვათ, რომ ყველაფერი ავტობიოგრაფიულია. სინამდვილეში კი არაფერი გადმხოდომია… საქმე გვაქვს მონტაჟთან გამოგონებებზე დაყრდნობით.
ამას ემატება ჩემი ჩანიშვნები ფრაზებზე, ჟესტებზე, პოზიციაზე, დამოკიდებულებაზე, სიტუაციაზე…… ვემსგავსები კანიბალს – სისხლისმწოველს. ყველაფერს ერთმანეთში ვურევ.
ხშირად იგრძნობა თქვენს ტექსტებში დაცინვაც…
ეს არ არის დაცინვა, უფრო ირონიას დავარქმევდი. ჩემ მიერ მოთხრობილი ამბები არ არის მხიარული, მაგრამ ვცდილობ, რიტმს მაინც შემოვატანინო მხიარულება.
ხშირად თქვენს რომანებში მიმობნეულია უიშვიათესი სიტყვები… გიყვართ ლექსიკონები და ენციკლოპედიები?
ვერ ვიტყვი, რომ იშვიათი სიტყვები ჩემი გატაცებაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ზოგჯერ რომელიმე სიტყვა საიდანღაც გამომიტყვრეს საჭირო დროს, საჭირო ადგილას, როცა ის მჭირდება. რასაკვირველია, მისი მნიშვნელობა უნდა შეესატყვისებოდეს საჭიროებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მისი, ასე ვთქვათ, ფიზიკური მხარეც უნდა მაკმაყოფილებდეს… ბგერა, ჟღერადობა… მნიშვნელობის მიღმა ფიზიკურმა მხარემაც და ფორმამაც უნდა მომხიბლოს… ხომ არის რაღაც მომნუსხველი ფორმაშიც, არა? იშვიათ სიტყვას სისტემატურად არ ვეძებ. ეს სრული იდიოტობა იქნებოდა. თუმცა ლექსიკონს მუდმივად ვიყენებ. ჩემთვის წარმოუდგენელია მუშაობა, თუ ის გვერდით არ მიდევს. სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაში ხომ უნდა დავრწმუნდე ? ან გადავამოწმო სიტყვა, რომელიც ჩემი გამოგონილი მგონია, – რაც უზომო სიამოვნებას მგვრის, – ხომ არ არსებობს უკვე. ვიქექები «ბეშერელის ლექსიკონში», რომელიც გასაოცარი ლექსიკური სიმდიდრით გამოირჩევა. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ჩემს «გამოგონებას», ჩემს ეგრეთ წოდებულ ნეოლოგიზმს მე-19 საუკუნეში გამოცემული ლექსიკონის სიღrმეებში სძინავს… ვფიქრობ, ეს ყველაფერი ენის ლოგიკით უნდა აიხსნას.
“სიტყვის ფიზიკურობა”, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ხშირად ჟღერს თქვენი პერსონაჟების საკუთარ სახელებში: სუპენი, რეპარაზი – ეს ის ჟღერადობაა, სადაც იგრძნობა ლხენა, ზეიმი, მკითხველის ნამდვილი განცხრომა… ავტორისაც, რასაკვირველია. თქვენ მათ იგონებთ თუ ტელეფონების წიგნში იქექებით?
იყო დრო, როცა სიტყვების გამოგონებით ვიყავი გატაცებული. შემდეგ შევეშვი, ძნელია ასახსნელად, თუ რატომ. ვერ ვგრძნობდი თავს გემოზე ჩემ მიერ შეთხზულ სიტყვებთან. ასე რომ, დღეს მხოლოდ იმ სიტყვებს ვიყენებ, რომლებიც ჩემს მოგონებებთან არის დაკავშირებული ან სადღაც მომიკრავს ყური. საკუთარ სახელებზე მუშაობას უზარმაზარ დროს ვწირავ. დიდხანს ვეძებ, პერსონაჟებიც ხშირად იცვლიან სახელებს. რეპარაზი ბუნებისმეტყველების მასწავლებელს ერქვა. ახლა გამახსენდა, პირველ ვერსიებში რეპარაზს სულ სხვა სახელი ერქვა. ხედავთ, ის უკვე არის ერთგვარი შეკეთებისა და აღდგენის აღმნიშვნელი. წინა სახელი კი ნგრევასთან იყო დაკავშირებული. შეუძლებელია აიხსნას, რატომ მოხდა ასე, თუმცა ეს მოგვიანებით გავისიგრძეგანე. რაც შეეხება ინსპექტორ სუპენს, გამორიცხულია არსენ ლუპენი არ გაგახსენდეს, რაც თავისთავად ძალიან მომწონს, მაგრამ ამას გარდა სიტყვა “სუპინ” ლათინურ გრამატიკაში “ბრუნვას” ნიშნავს, თუ სწორად მახსოვს, რა თქმა უნდა.
თქვენი რეფერენციები, მოდელები ძალიან საგრძნობია არა თქვენს შემოქმედებაში? და რა კვალს ტოვებთ მასში პირადად თქვენ, როგორც მკითხველი?
ცხადია, რეფერენციების და მოდელების არსებობა საგრძნობია, შეიძლება ითქვას, უწყვეტია, მაგრამ მე მაინც არ ვცხოვრობ ფანტომებით გარშემორტყმული. აუტანელი იქნებოდა მწერლისთვის ზურგზე მოკიდებული ფანტომებით ცხოვრება და მუშაობა. მოდი ასე ვთქვათ, მე მათ ხანდახან ვიძახებ ამა თუ იმ მიზეზით, ან სრულიად უმიზეზოდ, დიახ, ასეც ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალი მსურს ჩავუკრა, შეიძლება ამას პატივის მიგების რიტუალი დაერქვას. ჩემს ბოლო რომანში “მივდივარ” ორ ძირითად ფანტომს ვეხმიანები – ფლობერსა და ჟარის. ფლობერს ძალიან ცნობილ ფრაზას დავესესხე “გრძნობების აღზრდიდან,” ავიღე და პირდაპირ ჩემთან გადმოვსვი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი რეფერენციაა, ყველაზე დიდი საყრდენი. ეს ის ავტორია, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვუბრუნდები. ჟარისგან ციტატა ვისესხე, ოდნავ სახეცვლილი “უბუ მეფიდან”. ამით ბავშვობისადმი ერთგულება გამოვხატე. უბუ მეფესთან მართლაც არის ჩემი პირველი ლიტერატურული ემოციები დაკავშირებული, რვა წლის თუ ვიქნებოდი მაშინ. არაჩვეულებრივი წიგნია “მეფე უბუ”. წარმოიდგინეთ, მსგავსი პათოსით გადმოცემული ისტორია, მერე ეს უხეში მეფე უბუ, ნამდვილი მონსტრი… ამ ნაწარმოების წაკითხვისას მივხვდი, რომ წიგნი მარტო თხრობა, ისტორია კი არ არის, არამედ ლიტერატურული ეფექტებიც, რომელსაც მე “მწვანე ბიბლიოთეკაში” ვერ ვპოულობდი. შეიძლება იყო კიდევაც, მაგრამ ვერ ვხვდებოდი. “უბუმ” ეს ეფექტები გამომიქანა და პირდაპირ სახეში შემათხლიშა… ახლა გესმით, ალბათ, ჩემი ციტირებაც.
თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლის ასაკში რომელმა ავტორებმა “შემოგათხლიშეს” ტექსტები, როგორც ეს ბევრად უფრო ადრე “მეფე უბუმ” ჩაიდინა?
მე გამიმართლა და გავიზარდე ისეთ სახლში, რომელიც წიგნებით იყო გამოძეძგილი. გულმოდგინედ ვმეცადინეობდი ოჯახურ ბიბლიოთეკაში, ვიქექებოდი, ვიზუთხავდი… ავტორები, რომლებითაც ადრე ვიყავი გატაცებული უკვე აღარ შეესატყვისებიან ჩემს დღევანდელ გატაცებას: კამიუ, სარტრი, სანდრარსი…
უკვე წერდით 15-16 წლის ასაკში?
დიახ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ უხსოვარი დროიდან ვწერდი. მაგრამ თავიდან, – ამას ახლა ვხვდები, – ამ საქმიანობას უფრო თავშესაქცევი ხასიათი ჰქონდა, თითქოსდა ვცდილობდი წერაში ხელის გავარჯიშებას. ვწერდი ჩემთვის ლექსებს, პატარ-პატარა მოთხრობებს, სადაც ჩემს ოცნებებს ვაქსოვდი, ფრაგმენტებს დღიურისათვის, მონახაზებს ფიქციისათვის; ეს ის ტექსტებია, რომლებსაც ხელმეორედ გადაწერა არასდროს ღირსებიათ, მათ გასწორებაზე და დამუშავებაზე არც ვფიქრობდი, ბევრი დაუმთავრებელი მრჩებოდა. ჩემთვის ეს მოვლითი, მაგრამ მაინც საქმიანობა იყო. მოგვიანებით დადგა მომენტი, დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში, როცა მივიჩნიე, რომ მოვიდა დრო, როცა ჩემი სურვილი და წერით გატაცება რომანის სამსახურში უნდა ჩამეყენებინა.
და დაგეწყოთ მუშაობა, რათა შეგექმნათ ნაწარმოები?
დიახ, შევდგომოდი მუშაობას, ეს უეჭველია. ახლა რაც შეეხება ნაწარმოებს, როგორ გითხრათ, ჩემთვის ეს ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ცნებაა. ამბები, რომლებსაც ვყვები, დაახლოებით ერთი და იგივეა, მაგრამ სწორედ ეს “დაახლოებით ერთი და იგივეა” ჩემთვის მნიშვნელოვანი. სინამდვილეში ამბავი ერთი და იგივე მაინც არ გამომდის, მაშინაც კი, როცა მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული, რომ არსებობს თემები, რომლებსაც გამუდმებით ვუბრუნდები. ნუ მკითხავთ მიზეზს, თუ რატომ. მაინც ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ ასე ხდება. ეს არ არის სურვილი, ჩემდა უნებურად, ყურადღების მიუქცევლად, თავისთავად ხდება, თუმცა ერთი რამ ცხადზე უცხადესია. ახალი წიგნი წინას გათვალისწინებით, თუ შეიძლება ითქვას, მის საწინააღმდეგოდ იწერება, ერთგვარ ოპოზიციაში უდგება მას, მორიგით კი არ აძლიერებ წინას, არამედ ებრძვი მას. არ ვიცი, ნამდვილად ასე იგება თუ არა ნაწარმოები, როგორც ვამბობ. პარადოქსულია, მაგრამ ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება – იბადება წიგნი პირველის საწინააღმდეგოდ და არა მეორე პირველის შემდეგ, ასე ვფიქრობ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ შორის ნათესაურ კავშირებს მაინც ვპოულობ, სხვანაირად არ გამომდის. მეოთხე რომანს როგორც კი მოვრჩი, მივხვდი, რომ გამუდმებით ერთ თარგზე გამოჭრილ, ერთნაირად მოვარაყებულ, ერთნაირი არშიებითა და სირმებით გაწყობილ ამბებს ვყვებოდი. ერთხელ ირლანდიაში ვიყავი წასული დასასვენებლად. ერთ საღამოს საკუთარ თავს ვუთხარი: მორჩა, მომავალ წიგნს ეს ვარაყი აღარ ექნება, არც არშიები. მოვრჩი ეს მეხუთეც და რას ვხედავ: ახალი რომანი მეტი დაჟინებითა და თავგამოდებით ჰყვება არშიამოვლებულ ამბებს. მესმის ავტობიოგრაფიული ყოფილიყო, ან მე ვიყო თვითონ ასეთი ტიპი – “მოვარაყებული”. მოკლედ, არსებობს ერთგვარი რეციდივი, შექცევითობა. ჩემთვის ეს, უწინარეს ყოვლისა, მოძრაობა, გადაადგილება, ყოფნა-არყოფნა, უთაურობა, უარყოფა და ძალდაუტანლობაა… ეს ყველაფერი გამუდმებით მიბრუნდება.
© არილი