ესე (თარგმანი)

ჯონ აპდაიკი – მწერლის ზამთარი

ახალგაზრდაა თუ ხანდაზმული, მწერალი სამყაროს წიგნს უგზავნის, და არა საკუთარ თავს. ავტორებს შორის “ვეტერანთა შეხვედრებიც” არ იმართება, გოლფის მოედანზე 20 იარდით შემოკლებული მანძილით, ურიკის გამოყენების უფლებით, სხვა შეღავათებით. არც კრიტიკოსების გულმოწყალების იმედად ყოფნა ღირს – მათ ხომ ახალბედა მწერლის დანდობაც კი არ სჩვევიათ. ალბათ გრძნობს კიდეც ეს უკანასკნელი, როგორ სტაცებენ მის წილ სივრცესა და ჟანგბადს დღევანდელი თმაშევერცხლილი მწიგნობრები სულ უფრო დაპატარავებულ წიგნის სამყაროში. ასაკოვან მწერლებს უპირატესობა აქვთ, დამკვიდრებული სახელებითა და მოპოვებული პატივისცემით ისარგებლონ. კოლეჯში სწავლისას როგორ ვაღმერთებდით და გვშურდა ჩვენი კერპების – ჰემინგუეისა და ფოლკნერის, ფროსტისა და ელიოტის, მერი მაკკარტის, ფლანერი ო’კონორის, იუდორა უელთის! მათ ღვთაებრივი შარავანდედით გაბრწყინებულ, ამაღლებულ კვარცხლბეკზე შემომსხდარ ნეტარ და უმანკო არსებებად წარმოვიდგენდით ხოლმე, როგორც იმ ანგელოზებს, მარადისობის წიაღში რომ გალობენ.
ახლა მე ვარ მათი ხნის – რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანზე უფრო ხანდაზმული – და იმ უპირატესობის ჯეროვნად შეფასება შემიძლია, მწერლის სიყმაწვილესა და ჩრდილში ყოფნას რომ ახლავს. თქვენთვის იარლიყი ჯერ არავის მოუწებებია. შეგიძლიათ შორიდან გულგრილად ათვალიეროთ მთელი ლიტერატურული სცენა. უამრავი მასალა გაქვთ: ოჯახი, მეგობრები, თქვენი მხარე, თქვენი თაობა – ეს ცოცხალი შთაბეჭდილებებია, რომლებიც მკითხველამდე დაუყოვნებლივ მიტანას ითხოვს. ვერანაირი ნასწავლი უნარ-ჩვევები იმ განცდას ვერ შეცვლის, როცა ძალიან ბევრის თქმა გინდა, როცა ახალ სიტყვას ამბობ. მოგონებები, განცდები თუ შთაბეჭდილებები, სიცოცხლის პირველი 20 წლის მანძილზე რომ გროვდება, მრავალი მწერლისთვის უმთავრეს მასალას წარმოადგენს – მერე ცოტა რამ თუ იქნება ასეთივე მძაფრი და შთამბეჭდავი. ალბათ 40 წლისთვის უკვე მიაგენით ამ ძვირფასი საბადოს უწმინდეს მადანს, რის შემდეგაც შემოქმედებითი ძიების გაგრძელება ნარჩენების გადამუშავებას ჰგავს. ასეა, თამაში მოგინდათ და თეორეტიკოსობა დაიწყეთ, გაგრძელებებს თხზავთ, ისტორიულ რომანებსაც კი ეპოტინებით. ამგვარად შექმნილი რომანები თუ მოთხრობები შესაძლოა, წინა ტექსტებთან შედარებით უფრო დახვეწილი, მახვილგონივრული, ჰუმანისტურიც კი იყოს. თუმცა ვერავის გამოუვა ისეთი სულისშემძვრელი ნაწარმოები, რომელიც ჰოთორნმა – აჩრდილთა ქვეყნის მკვიდრმა მწერალმა, “სადაც ნამდვილი და გამოგონილი ერთმანეთს ერწყმოდა” – ენტონი ტროლოპის რომანების ქებისას ასე დაახასიათა: “იმ ვეება ბელტივით რეალური, რომელიმე დევკაცს მიწიდან რომ ამოეგდო და ვიტრინაში მოეთავსებინა”.
ბოლო ციტატამ – მწერალი რომ იმ ღირსებას აქებს, რაც თვითონ არა აქვს – მეტად მომხიბლა, როცა პირველად წავიკითხე და ის ადრეც მოვიყვანე სხვა ადგილას. რამდენიმე სურათი, დაუვიწყარი სახე თუ ძვირფასი ფრაზა ხანდაზმულ მწერალს კოღოების ჯარივით თავს დასტრიალებს, როცა ეს უკანასკნელი მწუხრის ჟამს ზაფხულის ტყეში დასეირნობს. მოგვიანებით იგი მოზუზუნე კომპიუტერს მიუჯდება და მომლოდინე ეკრანის წინ თვალს უსწორებს იმ მეტად სავარაუდო ალბათობას, რომ უკვე თქვა, რის თქმასაც კიდევ ერთხელ ცდილობს.
ასაკოვანი მწერლის მეტოქეებს შორის მისი უმცროსი, ენამოსწრებული ორეულიც არის – იმ წლების შვილი, როცა ის თავხედი ახალბედა იყო.
ჩემი ტექსტური პროცესორი – ეს ტერმინი მეც შესანიშნავად მახასიათებს – უკანასკნელია თვითგამოხატვის იმ ინსტრუმენტებიდან, რომელთა ათვისებაც ბავშვურ მუჭში ჩაბღუჯული ცარცითა და ფერადი ფანქრებით დავიწყე. გაზრდილი ხელებით ჯერ დედაჩემის საბეჭდი მანქანის კლავიატურა მოვსინჯე, მერე პორტატული “რემინგტონი” და ბოლოს საკუთარ მანქანაზე, კრემისფერ “სმიტ-კორონაზე” დავხელოვნდი, რომელიც მოსიყვარულე მშობლებმა კოლეჯისთვის მიყიდეს. შემდეგ საოფისე მოდელი მქონდა “ნიუ-იორკერის” შენობაში, ლითონის სადგამზე ამაღელვებლად რომ წამოიმართებოდა ხოლმე. ნიუ ინგლენდში მწერლის სახელით დაბრუნებულმა კი ელექტრო-მოწყობილობა შევიძინე, რომელიც ასოებს პირდაპირ თითებიდან მტაცებდა, გამაყრუებელი, უდროოდ ატეხილი ტკაცა-ტკუცით. შავ ლენტთან ერთად მასში თეთრიც იდო, რომლითაც უამრავი შეცდომის გასწორება შემეძლო. ამ ჭკვიანურად მოწყობილმა მექანიზმმა დიდი ხნის წინ დაუთმო გზა ბევრად უფრო დახვეწილ მოწყობილობას – პირველი თაობის ტექსტურ პროცესორ “Wang”-ს, რომელზეც საოცარი სისწრაფითა და სიზუსტით შეიძლებოდა ბეჭდვა. მომდევნო მანქანის, “IBM”-ის ფონზე, “Wang” უკვე ნელი და მოუხერხებელი ჩანდა. თავის მხრივ, ის “Dell”-მა ჩაანაცვლა, რომელიც ათობით შრიფტსა და ინტეგრირებულ ორთოგრაფიულ შემსწორებელს შეიცავს. მთელი ამ უმოწყალოდ დახვეწილი ტექნოლოგიის მეშვეობით ადამიანის გონება სულ უფრო ცოტა ნეირონს იყენებს იმგვარი სურათ-ხატებისა თუ ნარატივების შესაქმნელად, მიწიდან ბელტებს რომ ამოყრიან და წიგნის სამყაროს ვიტრინაში მოათავსებენ.
სავალალოდ, ხშირად სწორ სიტყვას ვერ ვპოულობ. არადა, ვიცი – ეს სიტყვა არსებობს. თვალწინ მიდგას მისი ფორმა, მისი კონტური, რომლითაც ინგლისური ენის თავსატეხში საკუთარ ადგილს იკავებს. თვითონ სიტყვა კი, ზუსტი მოხაზულობითა და უნიკალური მნიშვნელობით, ჩემი ცნობიერების მონისლულ კიდეზე დაბარბაცებს. საბოლოოდ, გაცვეთილი ლექსიკონისა თუ გერმანულ ენციკლოპედიაში ნაპოვნი სტატიის დახმარებით, სიტყვის ზუსტად განსაზღვრას ვახერხებ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ, სამწუხაროდ, მეზობელ სიტყვას ერითმება წინადადებაში. ამასობაში რითმასაც ვკარგავ და ის აზრიც მეფანტება, რომელსაც ვაყალიბებდი, აბზაცი კი (ამ აბზაცივით) სულ სხვა მიმართულებით გარბის.
როცა ოცი-ოცდაათი წლის წინანდელ საკუთარ პროზას საღი გონებით ვკითხულობ, მხიბლავს მისი სილაღე და სიმსუბუქე, მკვახე ტონი, ცოტა ზღვარგადასული სითამამეც კი, რაც ალბათ მერე თანდათან დავკარგე. ყმაწვილკაცური უბრალოებით გამორჩეული ავტორი ჯადოქრის შეგირდივით გამოიხმობს უხილავ ძალებს – მოქნილი ენის უჩვეულოდ მდიდარ პოტენციალს. პროზა წყალივით უნდა მოედინებოდეს, მძლავრ იმპულსს გაძლევდეს, ყურში საამოდ გეღვრებოდეს.
ხანდაზმულ მწერალს აინტერესებს, დასრულებული ნაწარმოების, მისი მრავალმხრივი მიმართებების მთლიანობაში აღქმის უნარი ხომ არ დაკარგა. გამომწვევი დასაწყისი და დასასრული, რის გარეშეც არაფერი გამოვა, ალბათ მოფიქრებული ექნება. თუმცა ბოლოს იქნებ ჩიხშიც აღმოჩნდეს, მოსათხრობად გამზადებული ამბის ჩონჩხი ფრაგმენტებად მიმოიფანტოს მის ზურგს უკან. აი, ნაქსოვი ჩაირღვა. რწმენის ტალღამ, რომლითაც ყოველი ნარატივი იწყება, ის შორეულ უსაფრთხო ნაპირზე კი არ გამორიყა, არამედ შუაგულ ოკეანეში დააბზრიალა. ფინალის ჩავარდნა ბევრად უფრო თვალშისაცემია აგათა კრისტისნაირ მწერალთან, რომლის ბოლო იდუმალ ამბებშიც ყველა გამოცანის პასუხს ვერ ვპოულობთ, ვიდრე აირის მერდოკისნაირ ზღვარგადასულ მეოცნებესთან, ვისთვისაც გამოცანები ადამიანური არსებობის ნაწილია. თუმცა ყველაზე გაფანტულ ნარატივშიც კი ნაკუწები მაინც ერთმანეთს ეწებება.
მთლიანი სურათის შექმნის უნარი თითქმის ათლეტურ ძალას ითხოვს, ამტანობასა და ხელმარჯვეობასთან ერთად, ტვინის ის ხვეულებიც უნდა გაგეზარდოს, მათემატიკოსებსა და მუსიკოსებს სიყმაწვილეში რომ უვითარდებათ. ძალიან ცოტაა ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული მწერალი, ვისთვისაც წერა ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია. სამწუხაროდ, ამერიკელებისთვის დასაწყისში მიღწეული წარმატება და მომდევნო წლებში ხელის მოცარვა უფრო ნაცნობი ამბავია. ტვინის ხვეულები დუნდება, პირველი ცოცხალი შთაბეჭდილება ხუნდება. საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ: ყოველთვის გულმოდგინედ ვშრომობდი, მაგრამ ძირითადად მაინც ადრეული ნაწარმოებებით მიცნობენ და ჩემს ბოლო წიგნებს მათ სრულიად უადგილოდ ადარებენ ხოლმე. ასაკოვანი მწერლის მეტოქეებს შორის ხომ მისი უმცროსი, ენამოსწრებული ორეულიც არის – იმ წლებიდან, როცა ის თავხედი ახალბედა იყო.
სიყმაწვილეში არაერთი ნახატი, ლექსი თუ მოთხრობა გავუგზავნე “ნიუ იორკერს”, თუმცა ყველაფერი უკან მიბრუნდებოდა პაწია ფურცელზე დაბეჭდილი თავაზიანი უარით. პირველი გარღვევა კოლეჯში სწავლის ბოლო წელს მოხდა, როცა მოთხრობა, რომელიც პარკინსონის დაავადებით გაწამებული ბებიაჩემის ნელ სიკვდილზე დავწერე, უკან დამიბრუნდა, ფურცლის ქვედა ნაწილში ფანქრით მიჩხაპნილი შენიშვნით. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასე ეწერა: “იცი რა, მისავათებული ბებრების ამბები არ გვაინტერესებს, მაგრამ სხვა დროს ისევ შეგვეხმიანე”.
ახლა მხოლოდ “მისავათებული ბებრების ამბები” მაქვს მოსათხრობი. ჩემი ერთადერთი ახალი გამოცდილება ხომ სიბერეა, ხანში შესულებს კი სულაც არ ეხალისებათ ასეთი რამეების კითხვა. გამოქვეყნებულ რომანებს თუ გადავხედავთ, გამოდის, რომ ჩვენ გვინდა, წიგნები ვიკითხოთ ნამდვილ ცხოვრებაზე, სიყვარულისა თუ ომის პერიპეტიებზე, ბრძოლის ველზე დატრიალებულ ამბებზე, უბედურ ბავშვობაზე, პიკანტურ ისტორიებზე, საშინელ ღალატზე, დიდ გარიგებებზე, სკანდალებზე, სექსუალურ და პროფესიულ ასპარეზზე მოღვაწეთა კრიზისზე. პირველ რომანში მოხუცების ცხოვრებაზე ვყვებოდი. მთავარი გმირი 90 წლის ბერიკაცი იყო. ბავშვობა ხანდაზმულ ბებიასა და ბაბუასთან გავატარე, რის გამოც სიბერეს გაცილებით მძაფრად, ფერადოვნად და შთამბეჭდავად წარმოვიდგენდი ხოლმე, ვიდრე ახლა შემიძლია მისი აღწერა.
არ მინდა ვიწუწუნო. სიბერე მწერლებს საკმაოდ თავაზიანად გვეპყრობა. არც პენსიაზე გასვლასა და ოფისის დატოვებას გაიძულებს ვინმე, არც სპორტსმენივით მოისმენ გულისმომკვლელ ფრაზებს იმის შესახებ, რომ შენთვის თამაში სამუდამოდ დამთავრდა. თანამედროვე პირობებშიც კი, 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელი კარიერას ვეღარ გააგრძელებს და ამავე ასაკის მსახიობი ქალი იძულებულია, რომანტიკული როლები უფრო ახალგაზრდას დაუთმოს. მწერლის თაყვანისმცემლები, განსხავავებით როკ ვარსკვლავის ფანებისაგან, მოწიფული ადამიანები არიან და დროის იარების მიმართ შედარებით შემწყნარებელნიც ბრძანდებიან. გული გამისკდა, როცა წავიკითხე, რომ ფეხბურთის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, შესვენების დროს “როლინგ სტოუნსის” გამოსვლისას ერთ-ერთი მოზარდი გაოცებით კითხულობდა, ეს გაძვალტყავებული ბებრუხანა (მიკ ჯაგერი) რატომ იქნევს პერანგს და აქეთ-იქით დახტისო. დაახლოებით ასეთივე შეკითხვა დასვეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა, რომლებმაც ბოლომდე ჩაიკითხეს ჰემინგუეის ერთ-ერთი უკანასკნელი, გულწრფელობით გამორჩეული რომანი “მდინარის პირას, ხეების ჩრდილში”.
დრო მაინც გულმოწყალედ ნელა მიიზლაზნება მწერლობის ძველმოდურ სამყაროში. 88 წლის დორის ლესინგმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. 80 წელს გადაცილებული ელმორ ლეონარდი და ფილის დოროთი ჯეიმსი ისევ ბესტსელერებს წერენ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნები უფრო სწრაფად ინაცვლებენ გამომცემლობებიდან მაღაზიის თაროებზე, კითხვის რიტმი საკმაოდ შენელებულია. რჩევები თუ რეკომენდაციები ზეპირი გზით ვრცელდება, იმ წიგნებსა და ავტორებს კი, ოდესღაც გონებაში რომ მოინიშნეს, მკითხველები წლების შემდეგ თუ “მიაკითხავენ”. ფილმმა რამდენიმე კვირაში უნდა მოახერხოს მაყურებლის მოზიდვა, სატელევიზიო შოუები ერთი საათით გაიელვებენ და ქრებიან, წიგნები კი ფიზიკურად გამძლენი არიან, საჯარო თუ პირად ბიბლიოთეკებში დაცულნი თაობიდან თაობას გადაეცემიან. დავიწყებული სახელები, როგორც ჰერმან მელვილის შემთხვევაში მოხდა, აკადემიურ წრეებში გამოანათებს ხოლმე. კორმაკ მაკკარტისნაირი ცნობილი ავანგარდისტებიც სიცოცხლის ბოლოს მაინც ხვდებიან ბესტსელერთა სიასა და “ოფრა უინფრის შოუში”.
მომავლის განჭვრეტის შეუძლებლობის შესახებ გავრცელებული ხმები ყველაზე ჩამოწერილ მსურველსაც კი აიმედებს ლიტერატურულ ასპარეზზე. წარმატება ერთადერთი საზომით იზომება. თხელმა პოეტურმა კრებულმა, რომელიც ათას ცალზე ნაკლები გაიყიდა და რამდენიმე დადებითმა რეცენზიამ შეიძლება ავტორი სიამაყით აავსოს და მიღწეული წარმატებით გაახაროს, რასაც უფრო ანგარიშიანი მომწერლო ტიპები არ აღიარებენ. რაც შეეხება უარყოფით რეცენზიებსა და ცუდ გაყიდვებს, შეგვიძლია ეჭვშეუვალი ჰიპოთეზა დავუშვათ: რეცენზენტები და წიგნის მყიდველები მეტად შტერები არიან იმისთვის, რომ სრულყოფილება სათანადოდ დააფასონ. დროთა განმავლობაში ბევრი წიგნი ძალიან სწრაფად ყვავილობს და შემდეგ უკვალოდ ქრება, მხოლოდ რჩეული უმცირესობა იშლება აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ და კლასიკად იქცევა.
ხანდაზმულ მწერალს არც თუ მცირე კმაყოფილება ეუფლება წიგნებით დამძიმებული თაროს გამო, რომელსაც ამქვეყნად ტოვებს და რომელიც თითქოს იდეალურ მკითხველებს ელის – წიგნები ხომ მასზე დიდხანს იცოცხლებენ. მწერლური სიამოვნება: შთაგონების პირველი ნაპერწკალი, განუწყვეტელ ძიებასა და სიუჟეტის დახვეწაში მოთმინებით გატარებული თვეები, ლაზერულ დისკზე ჩაწერილი საბოლოო ვარიანტი, ნიუ-იორკელ გამომცემლებთან სირბილი, სანიმუშო ეგზემპლარები, ყდის ესკიზები, კორექტურა და ბოლოს, სტამბიდან მოტანილი ყუთები, მოტკბო სიმძიმითა და წებოს სურნელით – აი, ეს არის მისთვის შემოქმედების თავბრუდამხვევი ნეტარება. იმ შემცირებულ ნეირონებს შორის კი ირაციონალური იმედი კრთება: იქნებ ბოლო წიგნი საუკეთესო იყოს.

ნოემბერი – დეკემბერი, 2008

ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box